სუფრაზე მოლაქლაქე "პატრიოტები"

მაინც რა მაგრები ვართ ქართველები! განსაკუთრებით ყანწით ხელში ან ჭიქით (რა მნიშვნელობა აქვს), როდესაც სამშობლოს სადღეგრძელოს ვსვამთ - მჭერმეტყველურად, ფეხზე მდგომი. რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ! ეს „ჭეშმარიტება“ სიღრმისეულად არის გამჯდარი ყველა ჩვენგანში, თანაც ისე, რომ კორექტირებას ვერ იტანს.
ქართველები შევეჩვიეთ ფსევდოპატრიოტულ რიტორიკას და რაც მთავარია, რიტორიკით მონიჭებულ წუთიერ სიამოვნებას. გადის წუთი, ამ წუთის, სასმელით მიღებული „კაიფი“ და . . . წინ გვიდგება ყოველდღიური დისკომფორტი - თითოეული ქართველის ან საქართველოში მცხოვრების „კეთილსაქმიანობის“ ნაყოფი.
წინ გვიდგება და მერე როგორ, რა ძალით, თავს რომ დაგაკარგვინებს, პერმანენტულ ნეგატივზე დაგაყენებს. ასეთ დროს, ხსნა ერთია - ქართული სუფრა, ავანსად ნათქვამი - ჩვენს სამშობლოს, ჩვენს წინაპრებს გაუმარ-ჯოს! მეც გეთანხმებით - გაუმარჯოს! მაგრამ ამით გვეშველება რამე?
ძნელი დასაჯერებელია. განვლილი დამოუკიდებელი 23 წელი ამის აშკარა დასტურია! ეს იცის ყველამ, იმანაც, ვინც სადღეგრძელოებს წარმოთქვამს და მწყურვალე ფურივით ყურძნის ნაწურს ეტანება. იმანაც, ვინც ჰიპერტონიის გამო ალკოჰოლს ერიდება, მაგრამ „პატრიოტულ“ სადღეგრძელოებს მთელი სულით და გულით ეტრფის.
ქართული სუფრა, მითუმეტეს ჭარბი, ხანგრძლივი სადღეგრძელოებით - დღეს, დოპინგია - რთული, გაუსაძლისი ყოფიდან, თუნდაც დროებითი ჩამოშორებისთვის. ეს, ერთი „კაიფი“ შემოგვრჩა და ამასაც აუგად ახსენებო! - წყრომით შემეკამათება მკითხველი.
არა, მე ამას ვერ შევბედავ ქართულ სუფრას, რასაც შევბედავ, ისაა - რეალისტები ვიყოთ. მრავალ სადღეგრძელოში ერთი მაინც გამოვურიოთ საქმიანი და მერე ამ საქმიან სადღეგრძელოს ნამდვილი საქმე მოვაყოლოთ. თორემ რა გამოდის? სადღეგრძელო, თავისი „პატრიოტული“ სულისკვეთებით, ცალკე და გასაკეთებელი საქმე, ცალკე?!
არადა, გასაკეთებელი საქმე იმდენია - ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა, თუნდაც თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურად რომ ვაშავებთ და ყურადღებასაც არ ვაქცევთ. ჩვენ რომ ყოველდღიურად ვაშავებთ - ის არ დავაშავოთ - ესეც საქმეა, თანაც დიდი.
ერთის წუთით გვერდზე გადავდოთ ხელისუფლება, სისტემა, მათგან გამოწვეული პრობლემები და ნაცვლად იმისა ხელი ვაწმინდოთ მათ, ვიფიქროთ, ჩვენ რა ვაკეთოთ ჩვენით, ჩვენივე თავისთვის უკეთესი პირობების შექმნისთვის. ის, რომ სიგარეტის ნამწვავს, მოურიდებლად ქუჩაში არ დააგდებ, ან ყველას დასანახად, ყელამოწმენდილ ნახველს ქუჩას არ მოაფრქვევ - ესეც დიდი საქმეა.
დიდი საქმეების კეთება პატარა საქმიდან იწყება. მაგალითად, ისეთის, დიდი ბიზნესი რომ ჰქვია. როდესაც ინვესტორი, თავში იმას გაივლებს - გაზრდილ-გახარბებულ მრავალწლიან ხეებს გავჩეხავ და მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ავაშენებო, ცუდათ არის მისი და ჩვენი საქმე.
საბაზრო ეკონომიკამ, წვიმის შემდეგ, სოკოებივით მოამრავლა მსგავსი ბიზნესმენები - არც ხეს, არც გარემოს და არც ხალხს რომ არაფრად აგდებენ. მთავარია ფული, ჯიბის გასასქელებლად, ხელისუფლების მოსახიბლად (ისიც რა ძნელი მოსახიბლია? ფული მიეცი და საკუთარ მშობლებს გაყიდის). უბედურია ასეთი ბიზნესმენი. დღეს ნაშოვნი მილიონები, ცხადია დიდი საქმეა მისთვის, მაგრამ ხვალ, ხვალ ხომ ცუდად დაუბრუნდება მას?
მავანი მეტყვის, ის და მისი ოჯახი ხვალ აქ არ იცხოვრებს, საზღვარგარეთ წავლენო? გეთანხმებით, მაგრამ რა შუაშია სამშობლოს ან მომავლის სადღეგრძელო - ესოდენ პათოსით წარმოთქმული ქეიფის დროს?
არის ასეთი სიმღერა - „ტყე შეუნახე შვილებსა. . .“, ნეტავ იციან ამის შესახებ ჩვენმა ბიზნესმენებმა ან ქალაქის მესვეურებმა? ვეჭვობ, იცოდნენ! მოუსმენიათ ალბათ, მაგრამ სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევით. ან რატომ უნდა მიექციათ, როდესაც ის მათ არ ეხებათ? სხვას ეხება - ასე თვლიან ისინი. და რადგან ასე თვლიან, ცხოვრებაც შესაბამისია - გაუსაძლისობის თვალსაზრისით.
სულ ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ასათიანის ქუჩაზე მიწასთან გასწორებული ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა იგეგმება. ინვესტორმა შეისყიდა ტერიტორია და საცაა საძირკველსაც გაჭრის, თან გადაუვლის ხელოვნურად დარგულ-გახარებულ ხეებს - იმ უბნის ფილტვებს და დასვენების ადგილს.
„ხეებს ხელს არ ვახლებთ - პირიქით, სახლებსაც ავაშენებთ და პარკსაც გავმართავთო“, - უმტკიცებს საპროტესტო მიტინგად ქცეულ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს ინვესტორი. არ დაიჯეროთ! მსგავსი დაპირება უწინაც ყოფილა, მაგრამ დაპირებად დარჩენილა. გაიხსენეთ იპოდრომი. მშენებლობის საპროტესტო გამოსვლებიც გაიხსენეთ. გაიხსენეთ ხიდაშელის „ღრმადპატრიოტული“ სიტყვები არჩევნების წინ. სახლები მშენებლობის დამთავრების პროცესშია, ხიდაშელი კი - პარლამენტში. ორივე კმაყოფილია - ინვესტორიც და პროტესტანტიც, ვინც უკმაყოფილოა იმ რაიონის მოსახლეობაა, მაგრამ მერე რა?
ვერავინ დამაჯერებს, რომ ამ იდეის მატარებლის მიერ სუფრაზე წარმოთქმული სამშობლოს სადღეგრძელო იოტისოდენა სინამდვილეს შეიცავს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მერიის თანამშრომლების მიერ სამშობლოს „სიყვარულით“ შესმული სადღეგრძელო, ნამდვილი სიყვარულის გამომხატველი იყოს, ვინაიდან ფსიქიატრიული საავადმყოფოს დანგრევა, მისი სხვადასხვა საავადმყოფოებში დანაწევრებული შეტენა, შემდეგ მოსწორებული ტერიტორიის ინვესტორისთვის მიყიდვა - საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის - „პატრიოტიზმია“. ეს, ბანდიტიზმია და მეტი არაფერი!
თუ რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს - უპირველესად ფსიქიატრიული საავადმყოფოებია. დამოუკიდებლობის 23 წელმა, მათ შორის ნაცთა ცხრაწლიანმა გაუსაძლისმა მმართველობამ, ლამის მთელი ქვეყანა ფსიქიატრიულ პაციენტად აქცია - შენ კი (მერია) ფულის მოხვეჭისთვის, არსებულს ანგრევ - ნაცვლად გარემონტებისა და თანამედროვე პირობების შექმნისა.
გარდა ამისა, რამდენად გამართლებულია, ისედაც მჭიდროდ განაშენიანებულ ზონაში, დამატებით, მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა? სამწუხაროდ, აღნიშნულ საკითხს მერია საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, არადა განაშენიანებულ ზონაში თითოეული ახალი სახლის გაჩენა სერიოზულ პრობლემებს ქმნის კომფორტული გარემოს თვალსაზრისით (ეკოლოგია, ავტომანქანების დასაყენებელი ადგილების არ არსებობა, 1 კვ. მეტრზე ადამიანთა სიმჭიდროვე და სხვა).
ასეთ ზონებში ნებისმიერი ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ყველა პარამეტრით უნდა იყოს შესწავლილი, რაც სამწუხაროდ, არც გუშინ და არც დღეს არ კეთდება. რაც კეთდება - გადატვირთული ზონების, ხელოვნური გადატვირთვაა.
მერიის ღორმუცელა მოხელეთა ხელშეწყობით, დამოუკიდებლობის პერიოდში, უამრავ უჭკუო, მავნე პროექტების განხორციელებას ჰქონდა და აქვს ადგილი. თბილისელთა სამწუხაროდ, შენდება სახლები, რომლებიც არქიტექტურული თვალსაზრისით უაღრესად შორს არის მსოფლიო არქიტექტურისგან.
მშენებლობის დამთავრების შემდეგ - ექსტერიერი, რომ აღარაფერი ვთქვათ ინტერიერზე - მოძველებულია, გარდა ამისა შორს არის ფუნქციონალური დანიშნულებისგან. შენობები არამგრადია, სწრაფად იბზარება და საშიშია მაცხოვრებლებისთვის. აღნიშნულის შესახებ არაერთხელ გვაუწყა ანზორ საკანდელიძემ. ამას წინათ ცნობილმა არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ აღნიშნა: „არქიტექტურის უპირველესი დანიშნულება ისიცაა, რომ იგი სივრცის მაორგანიზებელი იყოს და სივრცის კულტურული ფენომენი გადმოსცეს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ეს კომპონენტი დაცული არ ყოფილა, რიყეზე ჩადენილი დანაშაულით დაწყებული, ბათუმის მთელი რიგი შენობებით დამთავრებული“.
გამოვყოფ რამდენიმე შენობას - მათ შორის იუსტიციის სახლს სანაპიროზე. მისი ინტერიერი, შექმნილი სივრცე არცთუ სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე. გარდა ამისა, ყოვლად გაუმართლებელია საჯარო რეესტრის ერთ შენობაში თავმოყრა და ამით მოქალაქეთათვის პრობლემების შექმნა (ტრანსპორტირება, ავტომანქანის სადგომის ძებნა და სხვა). გაცილებით მოსახერხებელი იქნებოდა ამ სამსახურის თბილისის რაიონებში განთავსება. ნაცვლად კომფორტისა, მოსახლეობამ მიიღო დისკომფორტი, ხოლო სანაპირომ გაუთავებელი საცობები.
შენობა, ექსპლუატაციის თვალსაზრისით, ძვირი და მოუხერხებელია. მისი გათბობა-გაცივება ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ხოლო შემინული კედლების წმენდა - პრობლემა.
არანაკლები თავსატეხია ძვირადღირებული, უფუნქციო ხიდი - ჩადგმული ძველ ქალაქში. ის, რომ თანამედროვე არქიტექტურა დომინირებს ძველ უბანში ნარიყალის, მეტეხის, სიონის, სხვა კულტურის ძეგლების თავზე - დანაშაულია.
დანაშაულია გამალებული ტემპით მშენებარე ვეება მილების მსგავსი 2 შენობა, რომელიც თურმე თეატრი უნდა იყოს. დავუშვათ, ყველაფერი კარგია - არქიტექტურაც, შენობისთვის შერჩეული ადგილიც და ა.შ., რა ვუყოთ ბარათაშვილის აღმართს, თეატრში გამართული ღონისძიების დროს? სად გაჩერდება ავტომანქანები? გადაიკეტება თუ არა ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალი?
ეს კითხვები სერიოზული თავსატეხი გახდება. უკვე თავსატეხია გმირთა მოედნის ესტაკადები. ამ პროექტში დიდი ფული ჩაიყარა, მაგრამ მან შვება ვერ მოუტანა სატრანსპორტო სისტემას.
დედამიწის ზურგზე ვერსად ნახავთ ესტაკადას, რომლის გამოყენებისთვის გრძელ რიგში უნდა იდგე. ვერსად ნახავთ ესტაკადას, სადაც ავტომანქანები კუს ნაბიჯით მოძრაობენ. გმირთა მოედნის „შედევრმა“, ნაცვლად მოძრაობის გაიოლებისა, მოძრაობა გააუარესა.
ის, რომ ინვესტორი უდიერად ეპყრობა ქალაქს - ცნობილი ფაქტია, მაგრამ არანაკლებ უდიერად იქცევა ხელისუფლებაც. მისი სულელური გულუხვობით ირანისა და უკრაინის საელჩოებს შიგ ვაკის პარკში მიეცათ საელჩოების აშენების უფლება, რამაც ათასობით დარგულ-გახარებული ხის გაჩეხვა გამოიწვია. უფრო მეტიც, როდესაც მოსახლეობამ ხმა ამოიღო, ქალაქის მერიამ უმალ შეამცირა ვაკის პარკის საზღვრები, აქაოდა ის, რაც შენდება პარკის გარეთ შენდებაო და პარკის ზონაში წამოჭიმა საცხოვრებელი სახლები. რატომ? სხვა ადგილი ვერ გამოინახა?!
იმიტომ, რომ ქართველები ვართ. სუფრისა და „ტრადიციების“ მიმდევარნი, პატრიოტული სადღეგრძელოების მთქმელნი. ასე და ამრიგად განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლო მეურნეობა - ხეხილის ბაღებითა და ვენახებით, ვარკეთილის და სამგორის მეურნეობები და ა.შ.
ჩამოთვლილი მაგალითები ზღვაში წვეთია არსებულთან შედარებით, რაც იმის მაუწყებელია, რომ დეფიციტია ერისა და ქვეყნის მოჭირნახულე ქართვეისა. რისი დეფიციტიც არ არის - საქართველოს ბედნიერებაზე მოლაქლაქე ქართველია - ჭიქით ხელში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.