სურვილი ერთია, რეალობა სხვა

Hamlet Chipashvili - politologi

საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანად პოლიტიკას რომ შანტაჟით ლაპარაკი დასჩემდა, ფაქტია. ძველი თუ ახალი „პოლიტიკოსები“ ნაცვლად შესაბამისი დასკვნების გაკეთებისა, მუდამ თავის მართლებაში და სხვის დადანაშაულებაში არიან, მიუხედავად იმისა - ბევრ შემთხვევაში სწორედ მათი ბრალია, რომ დასავლეთმა არ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნები, კატეგორიული მოთხოვნები, ულტიმატუმის ენით ლაპარაკი და არ გვიბოძა ნატოში შესასვლელი გასაღები - მაპის სახით ან თუნდაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა.
თუ წინათ ქართული პოლიტიკის მუდმივი ლანძღვის საგანი რუსეთი იყო, დღეს მას დასავლეთიც დაემატა. უკმაყოფილო ქართველობა უკვე დაუფარავად, საჯაროდ აცხადებს დასავლელთა „დაუმსახურებელ“ შემოტევაზე „კრავი“ საქართველოს მიმართ და საერთაშორისო არენის სხვადასხვა დონეზე თავდავიწყებით, განაწყენებული ტონით „აკვალიანებს“ ე.წ. პარტნიორებს - თუ ანგარიშს არ გაგვიწევთ და ჩვენს თხოვნებს არ დააკმაყოფილებთ, ქვეყნის მოსახლეობა რუსეთისკენ გაიხედავსო.
ამ პოლიტიკურ არენაზე ისეთი ევროპელებიც მოიძებნებიან, რომლებიც ქართველ „პოლიტიკოსთა“ ნათქვამს თავისას უმატებენ, როგორც ცეცხლზე ნავთს - იმედით, რომ ძლიერი ევროპული ქვეყნების ლიდერები გაითვალისწინებენ ქართველ პოლიტიკოსთა „სამართლიან“ მოთხოვნებს. ასეთ ევროპელებთან მრავალწლიანი „მუშაობა“ ქვეყნის წინა და დღევანდელ ხელისუფალთა დამსახურებაა, რომლებიც მათთვის მსუყე მასპინძლობის სიმბოლოა, როგორც საქართველოში, ისე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.
მსუყე მასპინძლობა მარტო ფეშენებელურ ევროპულ რესტორნებში გამასპინძლებით არ შემოიფარგლება, მას სხვაც, უფრო სერიოზული ულუფაც ახლავს, რაც კარგად მოეხსენება კარლ ბილდტს, სხვა დასავლელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ამერიკელ მაკკეინს. ისინიც თავს არ ზოგავენ საქართველოს დასაცავად, განსაკუთრებით მისი „ნაცური“ გუნდის.
მაგრამ დასავლეთში არიან ისეთებიც, რომლებიც რეალურად აფასებენ საქართველოში, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და დაუფარავად აცხადებენ იმ მცდარი პოლიტიკის თაობაზე, რასაც საქართველოს გუშინდელ-დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებს. როგორც ჩანს, მათ ჯერ არ მიუღიათ ის წამახალისებელი სიკეთეები, როგორებიც ბილდტმა, მაკკეინმა, ბრაისამ, სხვებმა მიიღეს. საინტერესოა - მიღების შემდეგ შეცვლიან პოზიციას?! ვიდრე ამას ექნება (ან არ ექნება) ადგილი, გაგაცნობთ ერთ-ერთ „ამნაირის“ მოსაზრებას და ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას არ აყვეს მსგავს „სისულელეს“, არ გაითვალისწინოს ყოველდღიურ საქმიანობაში პოლიტიკური „დეზორიენტაციის“ შემცვლელი მოსაზრება - ფრთხილად ქართველო ხელისუფლების წარმომადგენლებო - ყური არ დაუგდოთ ამ ექსპერტის ნათქვამს, მერე რა, რომ ის ამერიკელია, განა ყველა იქაური კარგად არის განწყობილი ჩვენს მიმართ?
მისი განცხადებიდან გამომდინარე, სრულიად მოსალოდნელია, რომ ის „გაზპრომის“ ფულით იყოს მოსყიდული. კარგად გაიხსენეთ „ნაცთა“ მინისტრის იაკობაშვილის ჭკუის დარიგება და ანტიქართული სტატიების გამომქვეყნებელი გერმანული პრესის გინება შემდეგი განმარტებით - ისინი „გაზპრომის“ მიერ ფინანსდებიან.
იაკობაშვილი კარგა ხანია აშშ-ი ცხოვრობს - აქ მოხვეჭილი ფულით და შესაფერის მომენტს ელის კვლავ მოსახვეჭად, ისე, როგორც იმჟამინდელი „ნაცური“ ხელისუფლების წარმომადგენლები - უცხოეთში გადახვეწილნი. აი, მაშინ, რომ იაკობაშვილის „შეგონებანი“ არ გაეთვალისწინებინა ქვეყანას, უდავოდ უკეთესი ვითარება იქნებოდა. მაგრამ რა იცოდა მან (ქვეყანამ), რომ ქვეყანა გადაბრუნდებოდა, ისე, როგორც ურემი და გზაც კარგად გამოჩნდებოდა, თანაც არა ისეთი ნათელი, როგორსაც „ნაცები“ ხატავდნენ?
რა გაეწყობა, ის, რაც მოხდა, უკვე ისტორიას ჩაბარდა, ისე, როგორც საქართველოს ძირძველი ტერიტორიები. არადა, ქართულ პოლიტიკას, რომ ჩვენი თუ არა, გონებაგახსნილი დასავლელი ექსპერტების აზრი გაეთვალისწინებინა, იქნებ გადარჩენილვიყავით საკუთარ თავზე გრდემლის დატრიალებას?! საერთაშორისო ურთიერთობების ცნობილი ამერიკელი თეორეტიკოსი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მიარშაიმერი (John J. Mearsheimer) აცხადებს: „თუ საქართველო ხარ და ესაზღვრები ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, მის ინტერესებს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციო. რუსეთმა ჩათვალა, რომ ნატოს გაფართოება და ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ 2008 წელს და უკრაინამ 2014 წელს გადადგეს, ამ ინტერესებს საფრთხეში აგდებდა და ამის გამო, რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია გადაწყვიტა. ის შეხედულება, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში შესვლის უფლება აქვთ, ძალიან საშიში და სულელური წარმოდგენაა საერთაშორისო ურთიერთობების პრინციპებზე. თუ ფიქრობ იმას, რომ ნატოში გაწევრიანების უფლება გაქვს იმის მიუხედავად, რას ფიქრობს რუსეთი, საკუთარ თავს დიდ პრობლემებს შეუქმნი“.
ამერიკელი ექსპერტის საფუძვლიან განცხადებას საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს. განსაკუთრებული, ერთობ აგრესიული პოლიტიკის მატარებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი თვლის, რომ რუსეთის შიშით ანუ მგლის შიშით ტყეშიც უნდა შევიდეთ და ნატოშიც. „სანამ რუსეთის შიშით ვხელმძღვანელობთ, მსოფლიოში კარგი არაფერი მოხდება“.
მიარშაიმერის მოსაზრებას არც საქართველოს „კეთილმოსურნე“ ამერიკელი ყოფილი სახელმწიფო მოხელე იზიარებს, მაგალითად სტივ ბიგანი, რომელიც თვლის, რომ ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში სტაბილური, მშვიდობიანი, კეთილგანწყობილი სახელმწიფოები შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ევროპის, არამედ რუსეთის უსაფრთხოებაშიც დიდ როლს თამაშობენ.
თუ რა „მშვიდობიან“ როლს თამაშობენ, ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი ვიტყვი, რომ ეს ორი მოსაზრება ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა გამოაქვეყნა, რაც მისასალმებელია, მაგრამ მკითხველისთვის უმჯობესი იქნებოდა ორი დაპირისპირებული მოსაზრების არა ერთ მასალაში გამოქვეყნება, არამედ ცალ-ცალკე, მითუმეტეს მიარშამიერის მოკლე, მაგრამ საფუძვლიანი გამონათქვამის, საწინააღმდეგო ვრცელი მოსაზრებით შემორკალვა.
რა გამოვიდა - საქართველოს პოლიტიკოსთა დასაფიქრებელი ამერიკელი მიარშაიმერის მცირედი ნათქვამის სხვა ამერიკელის ზღვა მოსაზრებებით გაბათილება? დიახ! ასეცაა. გაზეთმა საკუთარი „დემოკრატიულობა“ მიარშაიმერის მათქვამის გამოქვეყნებით „გამოხატა“, მაგრამ ანტიმიარშაიმერული მოსაზრებების „ზღვაში“ დაახრჩო, რითაც მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფალთა (გუშინდელთა და დღევანდელთა) მცდარ პოლიტიკურ კურსს.
არადა, გზააბნეული ქართული საზოგადოების დასაკვალიანებლად სწორედ მედია უნდა იბრძოდეს - მიუმხრობელი, ნეიტრალური, ქვეყნის ინტერესების და არა ხელისუფლების სასიკეთო პოზიციებისთვის ხელის შეწყობით.
რაც შეეხება მიარშაიმერის ოპონენტ სტივ ბიგანს და მის ნათქვამს, რომ „ნატომ თურმე აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობიანი სახელმწიფოები შექმნა, რომლებიც რუსეთის უსაფრთხოებაშიც დიდ როლს თამაშობენ“ - აშკარა პროვოკაციული განცხადებაა, მოკლებული სინამდვილეს.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ და მასში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ჩართვამ უკიდურესად დაძაბა საერთაშორისო ვითარება, გამოიწვია ხელოვნური დაპირისპირება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ერთმანეთს გადაჰკიდა არა მარტო ევროპის ქვეყნების მოსახლეობა და რუსეთი, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობა და რუსები. დაპირისპირება მარტო სიტყვებით არ გამოიხატება, მას სამხედროც ახლავს - საქართველოს, მოლდოვის, უკრაინის სახით.
ნატოს ექსპანსიურმა პოლიტიკამ მიიტაცა ბალტიის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და ანტირუსული პოლიტიკის, ახლა კი სამხედრო დაპირისპირების პლაცდარმად აქცია. ნატოს პროპაგანდამ თავის ქსელში ჩაითრია ერთ დროს ვითომ ნეიტრალური უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.
აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობა მტკიცე ნატოურ პროგრამებს დაუკავშირდა, რომელთა მიხედვით ზემომოყვანილი სამი ქვეყანა ნატოს წევრობის კანდიდატები გახდნენ. მრავალ მიზეზთა გამო ჯერ-ჯერობით ისინი ნატოს კართან მიაბეს (სხვა მიმართულებით რომ არ გაიხედონ) და ასე ეყოლებათ მანამდე, ვიდრე ვაშინგტონს და ბრიუსელს აწყობს. ამასობაში საქართველოში იხსნება ნატოს სამხედრო-სასწავლო ცენტრი, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ვაშინგტონ-ბრიუსელის მიერ წამოწყებულ სამხედრო ავანტიურებში და ა.შ.
საქართველო ვერ შევიდა ნატოში, მაგრამ ნატო შემოვიდა საქართველოში. ამ ორ ცნებაში დიდი განსხვავებაა. ნატოში შესული საქართველო ნატოსთვის პასუხისმგებლობაა ანუ კონფლიქტის შემთხვევაში ნატოს მხრიდან საქართველოს დაცვა ანუ კონფლიქტში თავით გადაშვება. უნდა, გამაძღარ ნატოს თვითმკვლელობა?
ნატოს საქართველოში შემოსვლა კი არავითარი პასუხისმგებლობით არ არის დატვირთული. დაიწყებს ქარაფშუტა ქვეყანა ომს რუსეთთან, ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, და დაიწყოს, ნატოს რა? არც არაფერი - ტრაფარეტული სიტყვებით შემოიფარგლება.
ნატოს და ვაშინგტონის პოლიტიკოსთა წაქეზებით უკრაინა ანტირუსულ არენად იქცა - ფაშიზმის აღორძინებით, აშკარა ანტირუსული პროპაგანდით და ქმედებით, რითაც სერიოზული საფრთხე შეექმნა, როგორც რუსეთს, ისე უკრაინას. იყო თუ არა დასავლელთა მიერ გადადგმული ნაბიჯი სპონტანური, გაუთვლელი და წამიერი წარმატების მატარებელი?
არამცდაარამც. საქართველოს, უკრაინის მოვლენები, განსაკუთრებით უკრაინის, შორსმიმავალი მზაკვრული გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის, ნატოს სამხედრო ძალით შემორკალვას, მის დასუსტებას და შიდა პროცესების ისე წარმართვას, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი, საბოლოო ჯამში კი რუსეთის დაშლას. ამ გრძელვადიანი პროექტის შესასრულებლად ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, თვით ნატოს სამხედრო სტრუქტურის განმტკიცებას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა პროპაგანდისტული მანქანის ისე ამუშავება, რომ საკუთარი გადასახადის გადამხდელი დარწმუნდეს რუსეთის აგრესიაში.
„რუსეთი არც ერთ ევროპის ქვეყანას არ ემუქრება. დიახ! რუსეთი იჩენს აგრესიულ პოლიტიკას, აცხადებს, რომ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს ლოკალურ კონფლიქტში, აფართოებს თავის სარაკეთო პოლიტიკას, გამანადგურებელ ავიაციას და შეიარაღებულ ძალებს - საკუთარ საზღვრებთან ნატოს მოქმედების საპასუხოდ.
არის თუ არა რუსეთის სამხედრო ძალთა მობილიზება ნამდვილი საფრთხე ამერიკა-ნატოსთვის? ვაშინგტონი სამხედრო საქმეში 650 მილიარდ დოლარს ხარჯავს, მაშინ როდესაც რუსეთი, მხოლოდ 84 მილიარდს. აშშ-ს 19 ავიამზიდი ჰყავს, რუსეთს მხოლოდ ერთი“, - წერს ამერიკელი ექსპერტი მაიკლ კერტისი.
ნატოს მომავალი სამიტი, რომელიც პოლონეთში გაიმართება ა.წ. 8-9 ივლისს, ნატოს გენერალური მდივნის იანს სტოლტენბერგის განცხადებით წარიმართება „რუსეთის აგრესიის ფონზე, რომელიც საფრთხეს უქმნის თავის მეზობლებს და ძალით ცვლის არსებულ წესებს“. სტოლტენბერგის მიხედვით, იკითხება მთავარი - რუსეთისგან საფრთხობელის შექმნა, ამასთანავე ამ მიზეზით ნატოს ბლოკის არსებობის გადარჩენა.
ამ „კეთილშობილურ“ საქმეში ნატოს წისქვილზე მოჭარბებული რაოდენობის წყალს ასხამს საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი, რომელმაც ვაშინგტონში, უკვე მერამდენე ვიზიტის დროს, მოუწოდა დასავლეთს „აჩვენოს რუსეთს, რომ ის არ წყვეტს ნატოს დღის წესრიგს და საქართველო უნდა მიიღოს ნატოში. თქვენ უფრო მეტად უნდა იყოთ საქართველოს ნატოში მიღებით დაინტერესებული, ვიდრე საქართველო. საქართველო, თქვენ უფრო მეტად გჭირდებათ, ვიდრე ჩვენ ნატოს წევრობა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო გაძლევთ შანსს დაუმტკიცოთ რუსეთს, რომ არ აქვს ვეტოს უფლება; რომ ის არ წარმართავს თქვენს პოლიტიკას; ის არ ღებულობს გადაწყვეტილებას თქვენს ნაცვლად. ამ დარბაზში მყოფებმა და მის გარეთაც კარგად იციან, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ნატოს წევრი არ არის, არის ის, რომ რუსეთს არ სურს ეს“.
არის თუ არა ზემომოყვანილი „ბრძნული“ აზრები შანტაჟი?
ქართულ პოიტიკაში უაზრო ტიტინს მიჩვეული ხიდაშელი უცხოეთშიც ისე იქცევა, როგორც აქ, მაგრამ იქ რომ გაცილებით მცოდნე, დიდი ინფორმაციის მქონე, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე აქ, ვინმეს ეჭვი ეპარება?
რატომღაც ხიდაშელმა, საერთოდ საქართველოს ხელისუფლებამ კოლექტიურად, ჩათვალა, რომ დასავლეთთან სწორედ ამ ენით უნდა ილაპარაკოს. რა სწრაფი ფერიცვალებაა - სულ ახლახანს უკანალს ულოკავდნენ, ახლა კი ჯიქურ აწვებიან, თანაც ვინ, საქართველოს პოლიტიკოსები, რომლებიც დეტალურად ჰყავს შესწავლილი იმავე დასავლეთს.
დიდი ვერაფერი პოლიტიკაა ერთი უკიდურესობიდან (უკანალის ლოკვა), მეორე უკიდურესობაში (შანტაჟში) გადავარდნა. ვერც ისაა შეღავათი, როდესაც 25-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ და საერთაშორისო არენაზე ტრიალმა ელემენტარული დიპლომატიური წესები, დიპლომატიური ტერმინოლოგია ვერ შეგვასწავლა.
ის დასავლეთი, რომ გაღიმებული გვეუბნება - ნატოს კარი ღიაა და ვიზალიბერალიზაციის მიღების შანსი გაქვს, მაგრამ ... და ამ „მაგრამს“ ისეთს აყოლებს, უდავოდ საწინააღმდეგო რომ არის. განა ძნელია ამის მიხვედრა?
საქართველოს ხელისუფლება დღესაც დაბეჯითებით ატყუებს მოსახლეობას - მალე მივიღებთ ვიზალიბერალიზაციასო, მაშინ, როდესაც თვით ევროპელი პოლიტიკოსების განცხადება - „ამ ეტაპზე, უახლოეს დღეებში, თვეებში ამის გაკეთება შეუძლებელია (კაზნიოვი, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი)“ რას ნიშნავს? მოცემას თუ არ მოცემას?
ვითომ ვიზალიბერალიზაციაზეა ჩამოკიდებული ჩვენი ბედი? იქნებ დადგა დრო იმისა, რომ სხვისი მოიმედეობა საკუთარი შრომით და გარჯით ჩავანაცვლოთ? 25 წელია სულ სხვისკენ ვიყურებით - ხან დასავლეთისკენ, ხან ჩრდილოეთისკენ, მეტადრე დასავლეთისკენ. არც ერთი გამოვიდა და არც მეორე. არც გამოვა, მარტივი მიზეზის გამო - იშვიათობაა, როდესაც დიდი სურვილი იოლად სრულდებოდეს. ასეთს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც აწყობილი, წელში გამართული, მდგრადი ქვეყანა ხარ და არა მაშინ, როდესაც სხვის ხარჯზე აპირებ საკუთარი ბედნიერების მოწყობას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
17/06/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.