ახლო აღმოსავლეთი - მშფოთვარე რეგიონი

სულ ახლახანს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ტერორისტების მიერ აფეთქებულმა ბომბმა ირანის საელჩოს საგრძნობი ზარალი მიაყენა. დაზიანდა შენობის ფასადური ნაწილი, დაიღუპა ირანის საელჩოს კულტურის ატაშე, დაიჭრა ტექნიკური პერსონალი და რიგითი ლიბანელები. ტერორისტული აქტი განახორციელა ლიბანში არსებულმა „ალ-ქაიდას“ ფილიალმა. ტერორისტული აქტის მიზანი იყო - ირანისა და ლიბანში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ შეთანხმებული პოლიტიკა სირიასთან მიმართებაში.
რახანია ბეირუთში ირანის საელჩო ფუნქციონირებს, მაგრამ არასდროს ჰქონია ადგილი მასზე თავდასხმას. ტერორისტული აქტი სერიოზული გაფრთხილებაა ირანის მიმართ, რომელიც არა მარტო ორგანიზაცია „ჰესბოლას“ უჭერს მხარს, არამედ სირიის ხელისუფლებასაც.
ტერორისტულმა აქტმა მთელი სიგრძე-სიგანით წამოსწია ახლო აღმოსავლეთის მშფოთვარე პრობლემები. ძნელად თუ მოიძებნება დედამიწაზე რეგიონი, სადაც ახლო აღმოსავლეთის მსგავს ჩახლართულ პრობლემებს ჰქონდეს ადგილი. რას არ ნახავთ აქ - რელიგიურ თუ პოლიტიკურ დაპირისპირებას, ბრძოლას ლიდერობისთვის, პალესტინა-ისრაელის პერმანენტულ ომს - შესვენებებით, დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშს გავლენის სფეროთა გაფართოებისთვის, ნავთობისა და გაზის საკითხებში დივიდენდების მოსაპოვებლად ბრძოლას და ა.შ.
არაბულმა გაზაფხულმა ახალი თავსატკივარი გაუჩინა ისედაც პრობლემებით გადატვირთულ რეგიონს, სირიის ომმა კი მთელი მსოფლიო ჩართო ურთულესი საკითხის პერიპეტიებში. ისრაელ-პალესტინის დაუსრულებელ პრობლემას ახალიც დაემატა - სირიის ომის სახით. სირიის ომმა თავისთავად დააჯგუფა მსოფლიოს ქვეყნები, სირიის ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მომხრეთა შორის მოიაზრებიან ისეთი მძიმეწონიანები, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი.
მოწინააღმდეგეთა შორის არანაკლები წონიანები - აშშ-ს, ევროკავშირის, საუდის არაბეთისა და რეგიონის პატარა ქვეყნების სახით. პოლიტიკური დავა, კინკლავი სისტემატურად მიმდინარეობს ხან ერთი, ხან მეორე მხარის უპირატესობით. ომი კი მიდის, შესაბამისი მსხვერპლით, ნგრევით, უდანაშაულო ადამიანების ხოცვით, ლტოლვილებით.
სირიის ომი ისეთ სახეს იღებს, სრული შესაძლებელია საკუთარი ქვეყნის საზღვრები გადალახოს და მეზობელ ქვეყნებსაც მოედოს. მსგავსს რომ ადგილი არ ჰქონდეს, გაერო, რუსეთ-აშშ-ი ცდილობენ საომარი პროცესის შეჩერებას საერთაშორისო კონფერენციის მეშვეობით, თუმცა მისი გამართვის შანსი არცთუ მაღალია. და თუ გაიმართა, რა შედეგს მოიტანს - ძნელი სავარაუდოა. დაპირისპირება იმდენად ძლიერია, რომ ერთი კონფერენციის ჩარჩოებში მისი მოგვარება შეუძლებელია.
სირიის ფრონტზე იბრძვიან ექსტრემისტული ისლამის სხვადასხვა დაჯგუფებები, „ალ-ქაიდას“ ბოევიკები, ევროპასა და აზიაში, მათ შორის საქართველოში გამოზრდილი მებრძოლები. მათ, ბაშარ ასადის ხელისუფლების სიძულვილი და სხვადასხვა ქვეყნიდან მიწოდებული ფული აერთიანებთ, გარდა ამისა სუნიტური რწმენა და შიიზმთან მრავალსაუკუნოვანი ქიშპი.
ბაშარ ასადის დასაცავად იბრძვის სირიის არმია და უცხოეთიდან ჩასული შიიტი მეომრები. შიიტურმა ირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ დაუშვებს სირიის ხელისუფლების დაცემას, სირიაში ანტიშიიტური ძალების გაბატონებას, დასავლეთ-ისრაელის ბატონობის განხორციელებას.
სირიასთან მიმართებაში ვითარებამ კულმინაციას ა.წ. სექტემბერში მიაღწია, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა გადაწყვიტა ძალის გამოყენებით სირიის განეიტრალება. საბედნიეროდ, პოლიტიკურ პროცესებში რუსეთის აქტიურმა ჩართვამ იხსნა სირია, რეგიონი და მსოფლიო ფართომასშტაბიანი ომისგან, თუმცა „მცირე“ ომს წერტილი ვერ დაუსვა. დასავლეთის იარაღით, საუდის არაბეთის, ყატარის, არაბული საამიროების ფინანსებით უზრუნველყოფილი ოპოზიციური ძალები აგრძელებენ ომს, თუმცა მათი პოზიციები დღითიდღე ვიწროვდება.
სირიის ომის საკითხმა თითქოს მეორე პლანზე გადაიწია, მას შემდეგ, რაც დაიწყო სირიის ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი. სირიის მთავრობის გადაწყვეტილებით, უაღრესად მოკლე დროის განმავლობაში მოხდა ქიმიური იარაღის წარმოების საშუალებების განადგურება. პროცედურა, გაეროს სპეციალისტების ძალისხმევით განხორციელდა. არსებული იარაღის განადგურებისთვის მუშავდება გეგმა. როგორც ჩანს, მომავალი წლის ზაფხულისთვის ქიმიური იარაღის განადგურება დასრულდება.
სირიის პრობლემების მოგვარების დადებით ტენდენციას, ირანის ბირთვული პროგრამის პოზიტიურად გადაწყვეტის საკითხიც დაემატა. გაეროს გენერალური ასამბლეის ბოლო სხდომიდან დაწყებული, ირანის ბირთვული კვლევის თემამ კვლავ მიიქცია მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. ირანის ახალი პრეზიდენტის ჰასან როუჰანის გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულმა კონსტრუქციულმა სიტყვამ, გაალღვო ვაშინგტონის „გამყინვარება“. პრეზიდენტმა ობამამ ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტს. ასეთს ადგილი არ ჰქონია 1979 წლის შემდეგ.
იმ წელს ისლამურმა რევოლუციამ არა მარტო ამერიკის მარჯვენა ხელი - ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი დაამხო და გააძევა ქვეყნიდან, არამედ თეირანში არსებული აშშ-ს საელჩო მრავალი თვის განმავლობაში მეამბოხეთა ალყაში მოაქცია, რასაც მოჰყვა ორ ქვეყანას შორის, როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე სხვა კავშირების გაწყვეტაც.
აშშ-ს ირანი ნომერ პირველ მტრად გადაიქცა, ხოლო ირანისთვის ამერიკა - ნომერ პირველ „სატანად“. იქიდან მოყოლებული აშშ-ს ძალა არ დაუშურებია ირანის რევოლუციური ხელისუფლების ჩამოსაგდებად. ის იყენებდა როგორც ღია, ისე ფარულ ტერორისტულ აქტებს, აქეზებდა სადამ ჰუსეინის ერაყს ირანთან ომის გაჩაღებაში, ომის დროს ეხმარებოდა ერაყს და ა.შ.
ისლამური ირანის წინაშე მთელი სიგრძე-სიგანით დაისვა ქვეყნის გადარჩენის საკითხი. ენერგეტიკული დამოუკიდებლობის თემა პირველი იყო იმ საკითხთა შორის, რომლის განხორციელებას შეუდგა ირანი. ბირთვული ენერგეტიკა, მეცნიერების განვითარება, ბირთვული კვლევების წარმოება-გაფართოება ამ ქვეყნის მოსახლეობის უპირველეს ოცნებად, ეროვნულ იდეად გადაიქცა.
დროის მოკლე პერიოდში ირანმა შექმნა მაღალეფექტური ბირთვული კვლევითი ლაბორატორიები, დაცული ყოველგვარი სარაკეტო თავდასხმისგან. ირანის ბირთვული ლაბორატორიები მთების ძირში, ღრმად, მიწაში არის განთავსებული, ქვეყნის სხვადასხვა ადგილას, რაც შეუძლებელს ხდის მათი საჰაერო თავდასხმის გზით განადგურებას.
რომ არა ირანელთა წინდახედულება, ისრაელი დიდი ხნის წინათ მოსპობდა ლაბორატორიებს. მიწის სიღრმეში, მთების ძირში, თანაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ობიექტების განადგურება დიდ პრობლემასთან არის დაკავშირებული, რაც კარგად იცის ისრაელმა, მითუმეტეს აშშ-ა. საჰაერო დარტყმით შესაძლებელია ლაბორატორიებისთვის ზიანის მიყენება, მაგრამ განადგურება - შეუძლებელი. ზიანი, დროებით შეაფერხებს ურანის გამდიდრების პროცესს, მაგრამ ვერ აღკვეთს.
ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის განცხადებით, ირანული ლაბორატორიების ფიზიკური განადგურება შესაძლებელია, მაგრამ ტვინის - შეუძლებელი. ბირთვული პროგრამა ირანელი მეცნიერების ტვინშია და მისი ამოძირკვა წარმოუდგენელია. არის ერთი გზა - მეცნიერთა განადგურება, რასაც არაერთხელ მიმართა აშშ-ისრაელის სპეცსამსახურებმა, თუმცა ამ მზაკვრულმა პროცედურამ შედეგი არ მოიტანა.
ფარული ომის გარდა აშშ-ი ღია ომსაც მიმართა - ირანისთვის ეკონომიკურ-საფინანსო სანქციების სახით. ბოლო წლების განმავლობაში მან გაეროს უშიშროების საბჭოს 4 სანქცია მიაღებინა. გარდა ამისა, თვით დაუწესა სანქციები ირანს. ცხადია, ყოველივე ამან მძიმედ იმოქმედა ირანის მოსახლეობის სოციალურ ყოფაზე, მაგრამ ვერაფერი დააკლო ბირთვული კვლევების პროგრამას. არ გამართლდა ამერიკულ-ებრაული ვარაუდი - მშიერი ქვეყანა ვერ შექმნის ბირთვულ ბომბს.
ბირთვული ბომბის აჩრდილი აფრთხობს ისრაელს, ზოგიერთ არაბულ ქვეყანას, აშშ-ს და მის მოკავშირეებს. ისინი, თავიანთი მენტალიტეტიდან გამომდინარე უდგებიან ბირთვულ კვლევებს. მათთვის ურანის გამდიდრების ზღვარის აწევა - ბომბს ნიშნავს და არა სამედიცინო კვლევებს. მათ არ სჯერათ ირანის ხელისუფლების, ქვეყნის სულიერი ლიდერისა და მმართველის აიათოლა ხამენეის მიერ გამოცემული ფეტვის, რომელიც კრძალავს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნას.
რა მოუტანა ირანს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობამ? უპირველეს ყოვლისა მეცნიერების განვითარება, განსაკუთრებით ისეთი დარგების, როგორებიცაა ენერგეტიკა, მედიცინა. ბირთვულმა კვლევებმა და, რუსეთის დახმარებით, აშენებულმა ბირთვულმა ელექტროსადგურმა ირანს მოუტანა ელექტროენერგია, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
ბევრი მიიჩნევს, რომ ბირთვული ელექტროენერგია სულაც არ სჭირდება ირანს - მდიდარს ნავთობითა და გაზით. ირანის ხელისუფლება მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ნავთობი და გაზი ეროვნული სიმდიდრებია და მათ თვალის ჩინივით სჭირდება გაფრთხილება, ყაირათიანი მოხმარება. ენერგომატარებლების ექსპორტით მოგებული ფულით კი - ქვეყნის განვითარება.
კვლევებმა, თავისთავად, გააჩინა ირანისადმი რიდი, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანას ან ამ იარაღის შექმნასთან ახლოს მდგომთან დამოკიდებულება თავშეკავებულია. ასეთს აგდებულად არავინ მიმართავს. სამყარო ისეა შექმნილი, რომ „შიში შეიქმს სიყვარულსა“ - თეორია აქტუალურია და ასე იქნება მომავალშიც.
ცხადია, ყოველივე აღნიშნული ართულებს ცხოვრებას, იწვევს მტრულად განწყობილთა ბანაკის გაფართოებას. ირანის დამოუკიდებელი პოლიტიკა, მასთან ერთად ბირთვული პროგრამა, არა მარტო ისრაელ-აშშ-ს და მათ მოკავშირეებს არ მოსწონთ, არამედ არაბულ ქვეყნებს, ისეთებს, როგორებიცაა საუდის არაბეთი, ყატარი, არაბული საამიროები.
მავანი იტყვის, რას წარმოადგენენ ეს ქვეყნები, რომ მათ მოსაზრებას ანგარიში გაეწიოსო.
ნავთობპროდუქტებით გამდიდრებული ქვეყნები, აშშ-ს მოკავშირეები, სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. დიდია მათი ინვესტიციები, როგორც აშშ-ი, ისე ევროკავშირის ქვეყნებში. ამ ქვეყნების ფულით მოხიბლული ლობისტები წარმატებით მუშაობენ აშშ-ი, ევროკავშირის ქვეყნებში, განსაკუთრებით საფრანგეთში. ცნობილი გამონათქვამი - ფული სამოთხის კარსაც აღებს, სწორედ ამ ქვეყნებზეა ნათქვამი.
საუდის არაბეთის ინვესტიციებმა აიძულეს საფრანგეთის მთავრობა რადიკალურად საწინააღმდეგო პოზიცია დაეკავებინა ჟენევაში, „ექვსეულ“-ირანის მოლაპარაკებებზე, ნოემბრის 10-ში. და როდესაც თითქმის ყველაფერი მზად იყო, ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერისთვის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაბიუსმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ირანის ნდობა არ შეიძლებაო და მოითხოვა ირანისგან ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა, რაც მიუღებელია თეირანისთვის.
ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა. საფრანგეთის პოზიცია უმალ გაიშიფრა, როგორც შინ, ისე გარეთ. მემარჯვენე პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა ოლანდის მთავრობას „პუტანკა“ უწოდა, რომელიც არაბულ ფულზე იყიდება.
საუდის არაბეთის პოზიცია გასაგებია. მას არ მოსწონს ირანი, რეგიონში მისი მზარდი როლი, მისი მხარდაჭერა ბაშარ ასადის ხელისუფლებისადმი. საუდის არაბეთი თავს, ახლო აღმოსავლეთის ლიდერად მოიაზრებს. მას მიაჩნია, რომ შიიტური ირანი ხელს შეუშლის პირველობისთვის ბრძოლაში. საუდის არაბეთის მეფე აბდალამ განაცხადა, რომ თუ ირანი შექმნის ბირთვულ ბომბს, საუდის არაბეთიც შექმნის ასეთს.
საუდის არაბეთი არ მიესალმება აშშ-ირანს შორის ურთიერთობას. ის, თვლის, რომ ირანმა ბოლომდე უნდა დაიჩოქოს ეკონომიკური სანქციებით. საუდის არაბეთის პოზიცია ემთხვევა მტერი ისრაელის პოზიციას, რომელიც საყვედურობს აშშ-ს ირანთან დიალოგის დაწყებისთვის.
თელ-ავივი რახანია მოუწოდებს აშშ-ს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისკენ. როგორც საუდის არაბეთს, ისე ისრაელს მიაჩნია, რომ ამერიკა-ირანის ურთიერთობა თავისთავად გამოიწვევს მათ მეორე პლანზე გადაწევას, რაც მიუღებელია. ისრაელს სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთი, ოლანდის ვიზიტი ისრაელში ამის დასტურია.
ჟენევის მოლაპარაკება ახლო აღმოსავლეთისთვის ახალ პერსპექტივას სახავს, რომელშიც აშშ-ს შეცვლილი პოლიტიკა მოსჩანს. ამ პოლიტიკის მიხედვით, სულაც არ არის გამორიცხული, ვაშინგტონ-თეირანის დაახლოება. სხვადასხვა დარგებში კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც თავისთავად გამოიწვევს ამჟამინდელი მოკავშირეების საუდის არაბეთისა და ისრაელის როლის გაფერმკრთალებას.
ახალი პოლიტიკა რუსეთის ეჭვსაც აღძრავს, რის შესახებაც უკვე განაცხადეს რუსმა ექსპერტებმა. მათი აზრით, ირანში ფეხგადგმული ამერიკა დიდი მუქარა იქნება რუსეთისთვის. ცხადია, აშშ-ი შეეცდება ირანში პოზიციების გამყარებას, მაგრამ რამდენად მოახერხებს ის ამას, ძნელი სავარაუდოა. ირან-ამერიკას შორის მაღალი, გამყოფი, იდეოლოგიურ-პოლიტიკური კედელია აღმართული, რომლის გადალახვა ან დანგრევა უახლოეს პერსპექტივაში წარმოუდგენელია.
მიესალმებიან თუ არა ამერიკელები და ირანელები ურთიერთობების გაუმჯობესებას? ერთი შეხედვით თითქოს დადებითად უნდა იყვნენ ისინი განწყობილნი, მაგრამ მხოლოდ ერთის შეხედვით. ორივე ქვეყნის ხელისუფლებას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს და მათი ძალა საგრძნობია.
ობამას, რესპუბლიკელები მოუწოდებენ არა ურთიერთობისკენ, არამედ სანქციების დაწესებისკენ. ანალოგიური ვითარებაა ირანშიც. ირანელთა ნაწილს არ სურს მტერ ამერიკასთან ურთიერთობა.
ასეთ არასახარბიელო ფონზე იქმნება ახლო აღმოსავლეთის ახალი პოლიტიკა, რომელიც თავისთავად უნდა იწვევდეს საქართველოს ხელისუფალთა ინტერესს. შეძლებენ ისინი სათანადო დასკვნების გაკეთებას, ძნელი სავარაუდოა. არადა აუცილებელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
23/11/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.