მსოფლიო და საქართველო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ გასული კვირა სირიული ციებ-ცხელებით აღინიშნა. იშვიათად მოიძებნება ქვეყანა, რომელიც გაფაციცებით არ ადევნებდეს თვალს სირიას და ამ ქვეყნიდან გამომდინარე აშშ-ს, მისი ევროპელი თუ ახლო აღმოსავლელი მოკავშირეების და მოწინააღმდეგების პოზიციას. იშვიათ გამონაკლისთა შორის საქართველოა და ალბათ მისი მსგავსი ზოგიერთი აფრიკული სახელმწიფო, თუმცა მათი პოზიცია, გეოგრაფიული სიშორიდან, პოლიტიკური „სიმწიფიდან“ გამომდინარე, გასაგებია.
რაც შეეხება საქართველოს, მის მედიას და პოლიტიკოსობას არაფერი ეტყობათ აღელვების, არადა სირიული ეპიცენტრი საკმაოდ ახლოა, ხოლო პოლიტიკური - კარს მიღმა. როდესაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, სესიაშვილი თავს უფლებას მისცემს თქვას, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, საქართველო „ცივილიზებული მსოფლიოს“ მხარეზე დადგება - ყველაფერი ნათელი ხდება.
პარლამენტარის აზრით, „ცივილიზებული მსოფლიო“ მარტო აშშ-ია, ვინაიდან დანარჩენმა მსოფლიომ, ანუ აშშ-ს მოკავშირეებმა, მტკიცე უარი განაცხადეს სირიის წინააღმდეგ ომში ჩაბმაში. შთამბეჭდავი იყო ინგლისის პარლამენტის გადაწყვეტილება - არავითარი ომი, თუნდაც მაშინ, თუ გაეროს უშიშროების საბჭო გადაწყვეტს ამას. ნატოს გენერალური მდივნის, რასმუსენის განცხადებით, არც ნატო მიიღებს საომარ გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს გარეშე.
სირიის საკითხმა ამერიკა-მოკავშირეებს შორის სერიოზული აზრთა სხვაობა გააჩინა. როგორც ჩანს, ევროპის ქვეყნებს მობეზრდათ სხვის ომში ყოფნა, თანაც პერმანენტულად, მრავალი წლის განმავლოაში. ევროპის ქვეყნების მთავრობები საკუთარი ხალხის მხრიდან მუდმივ კონტროლს განიცდიან და ამდენად არ სურთ თბილი სავარძლების დაკარგვა სირიისთვის, მითუმეტეს, როდესაც საკითხი თითიდან გამოწოვილია.
ევროპელთა 62%-ი წინააღმდეგია სირიის ომის გაჩაღების. ანალოგიური ვითარებაა აშშ-ც, სადაც მოსახლეობის 60% გამოდის ომის წინააღმდეგ. მარტო აშშ-ს ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ობამაა მზად სირიის ხელისუფლების დასასჯელად. ობამას სირიის დაბომბვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, მაგრამ აუცილებლად მიიღებს, ვინაიდან, მისი აზრით, ბაშარ ასადი დამნაშავეა.
ბაშარ ასადის სადამსჯელო ოპერაციას, საჰაერო თავდასხმის სახით, რომ სირიელები შეეწირებიან, თანაც არანაკლები, ვიდრე ქიმიური თავდასხმის დროს, ვაშინგტონს არ აღელვებს. როგორც ჩანს, მას არც ის აღელვებს, რომ საჰაერო თავდასხმამ შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს - ირანის კონფლიქტში ჩართვით. არც ისაა გამორიცხული, რომ გამწარებულმა სირიამ ისრაელს შეუტიოს - როგორც აშშ-ს მოკავშირეს და ა.შ.
ამერიკელთა წყალობით, მსოფლიო უსერიოზულესი გამოცდის წინაშეა. თუ აშშ-ი შეძლებს საკუთარი ამბიციების მოთოკვას - მსოფლიო გადაურჩება განსაცდელს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჭირდება ხვალინდელი დღის პროგნოზირება. სწორედ ეს გაიაზრა ინგლისის პარლამენტმა, რომელიც ყოველთვის იზიარებდა აშშ-ს პოზიციას - არჯენტიიდან დაწყებული გასულ 30 აგვისტომდე.
მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, პირველი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ რუზველტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს შორის ნიუფაუნდლენდის არჯენტიის წყნარ ყურეში, სამხედრო გემზე გაიმართა. ერთ-ერთი საუბრის დროს, გაშვერილი საჩვენებელი თითით, ჩერჩილმა ხელი აიქნია და თქვა: „თქვენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხართ და თქვენ (უეცრად მას ხმა გაებზარა) იცით, რომ ჩვენ ეს ვიცით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიცით, რომ უთქვენოდ ჩვენი იმპერია ვერ გაძლებს. ჩერჩილის მხრიდან ეს იყო აღიარება, რომ მსოფლიო გავლენის მოპოვება მხოლოდ აშშ-ს პირობების საფუძველზე შეიძლება“, - წერს ფრანკლინ რუზველტის შვილი, ელიოტ რუზველტი, რომელიც მამას ახლდა როგორც ადიუტანტი.
ა.წ. 30 აგვისტოს ინგლისის პარლამენტის ნეგატიურმა გადაწყვეტილებამ მოულოდნელი დარტყმა მიაყენა მოკავშირე აშშ-ს. იქნებ ამან მაინც გამოაფხიზლოს ვაშინგტონი?!
მოკავშირეებშემოცლილი აშშ-ი სიტყვას არ უხვევს და ასადის დასჯისთვის ემზადება. ამ საქმეში მას გვერდში დაუდგებიან თურქეთი, ყატარი, საუდის არაბეთი და შესაძლოა საფრანგეთი. ყველა მათგანს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს და რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში ლიდერობის მოპოვება. თუ რას წარმოადგენს „ზედემოკრატიული“ ფეოდალური ყატარი და საუდის არაბეთი, ცნობილია, მაგრამ უცნობია ერთი რამ, რა უნდა აკავშირებდეს, ვითომდა დემოკრატიულ ამერიკას ამ მონარქიულ რეჟიმებთან ისეთი, რომ მათი რჩევით გადაწყვიტოს მსოფლიოს ბედიღბალი?
რაც შეეხება თურქეთს - აქაც ბევრი რამ გაურკვეველია, უპირველესად ამ დიდი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. სულ რამდენიმე წელია თურქეთი შეცვლილი (უფრო აქტიური) საგარეო პოლიტიკით მოქმედებს, თუმცა მისთვის ერთობ წარუმატებლად, რაც არა მარტო საერთაშორისო სარბიელზე ჩანს, არამედ ქვეყნის შიგნითაც. „რბილი ისლამის“ მატარებელი ხელისუფლება არათუ საკუთარი პოზიციების განმტკიცებას ცდილობს, არამედ ოსმალეთის იმპერიის მონაპოვარისთვის ხელის გამოკვრასაც.
თურქეთის აქტიურობის ზონად იქცა „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნები. არაბული რევოლუციებისთვის სამაგალითო გამოდგა თურქული სისტემა. ერდოღანმა მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ეგვიპტის პრეზიდენტ მურსისთან და მის პარტია „ძმებ მუსლიმანებთან“. ერდოღანი ის პოლიტიკოსია, რომელიც კატეგორიული ნეგატიური განწყობით შეხვდა მურსის გადაყენებას. ის, დღესაც ამათრახებს ეგვიპტელ სამხედროთა მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მურსი უნდა დააბრუნონ ხელისუფლებაში.
თურქეთის ამბიციური გეგმები არც ჩვენთვის უნდა იყოს უცხო. ამ ქვეყანასთან ბოლო ათწლიანმა „თანამშრომლობამ“ თავისი ნეგატიური შედეგები გამოიღო, რაც არაერთხელ აღვნიშნე ჩემს სტატიებში, თუმცა შიდა კინკლაობაში გაბმულ ხელისუფლებას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე, როგორც არ მიაქციეს ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს „დრო და სივრცის“ ხელმძღვანელის თენგიზ ჩხიკვაძის სტატიებსა და განცხადებებს.
გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 30 აგვისტოს ნომერში, სათაურით „მიზანმიმართული, სწრაფი და ჩუმი ქარიშხალი მზადდება“ - სტატიაში ავტორი ღიად მიუთითებს იმ ვითარებაზე, რასაც ადგილი აქვს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობაში. „თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერდოღანის განცხადება იმის თაობაზე, რომ აჭარა, კერძოდ ბათუმი, უნდა გახდეს თურქეთის განუყოფელი ნაწილი“ - სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან. თუმცა ავტორის არაერთი მიმართვის მიუხედავად, გარდა ზერელე პასუხებისა, სხვა არაფერი ჩანს. თურქეთი კი თანმიმდევრულად და მტკიცედ დგამს მისთვის სასარგებლო და ჩვენთვის საზიანო ნაბიჯებს.
„ამის მტკიცებულება მრავლადაა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს-დღეობით, აჭარისა და არა მარტო მისი, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი თურქული კაპიტალის მიერ იმართება. ბათუმში კი ზოგჯერ თურქულის გარდა სხვა ენა არც ისმის“, - წერს ავტორი.
ის, რაც აჭარაში ხდება და მთლიანად საქართველოში, მარტო ნაციონალთა ცხრაწლიან თარეშს ვერ დაბრალდება. აქ, სხვასთან, უფრო სერიოზულთან გვაქვს საქმე - საზოგადოების ზერელეობასთან, მის შემგუებლურ სულთან, ხელისუფალთა მიმართ მოჭარბეულ ლოიალურობასთან, სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან, რამაც საშუალება მისცა სააკაშვილსა და მის თურქოლოგ დედას თავისუფლად ეტრიალებინათ ხელი ქართულ ისტორიასა თუ თანამედროვეობაში.
თურქული ექსპანსიისთვის ხელის შეწყობის მიზნით საზოგადოებას რუსული საფრთხე დაუყენეს წინ. მართლმადიდებლური ქვეყანა, საქართველოსთვის ყველაზე დიდ მტრად გადაააქციეს, მუსლიმანური თურქეთი კი - პირველ მეგობრად. სააკაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში თავს უფლება მისცა ეთქვა, რომ თურქეთი არასდროს ყოფილა ჩვენი მტერი.
თურქული სასწავლებლები, უნივერსიტეტები, საწარმოები, მაღაზიები, სასტუმროები, საზკვების ობიექტები არა მარტო აჭარაშია მრავლად, არამედ დანარჩენ საქართველოშიც. საქართველოს საზოგადოება მძიმედ განიცდის რუსული კაპიტალის აქ არსებობას, მაგრამ არაფერს ამბობს თურქულთან მიმართებაში.
ეკონომიკურ ფეხგადგმას რელიგიურიც მოსდევს თან, განსაკუთრებით აჭარაში. წესად არის ქცეული ახალგაზრდების შერჩევა და თურქეთის სასულიერო სასწავლებლებში მიწვევა. დუხჭირი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხელმოკლე ოჯახები შეგნებულად თვალს ხუჭავენ მსგავს „სელექციაზე“, რაც ერთი მტკაველა საქართველოსთვის მძიმედ შეიძლება დასრულდეს.
მედრესედამთავრებული და თურქული რელიგიური ორგანიზაციების კმაყოფაზე მყოფი ქართული ოჯახები, რომ ერის სიმტკიცის საპირწონე საქმეა და მეზობელი თურქეთის პოზიციების განმტკიცებას ემსახურება, ეს კარგად უწყის თურქეთის ხელისუფლებამ. ჯაბა იოსელიანის მოსწრებული ნათქვამივით - „რუსული თეთრი ძუძუ გამოვიღეთ პირიდან და შავი თურქული ასო ჩავიდეთო“ - არის ჩვენი საქმე, თუმცა ეს არავის ანაღვლებს.
მალე ბათუმს ახალი მეჩეთიც დაამშვენებს, რაშიც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარ წვლილს შეიტანს, ვინაიდან ტოლერანტია. სწორედ „ტოლერანტობა“ მოითხოვს მუდამ წელში მოხრას, ზოგ შემთხვევაშიც დაჩოქებას. თურქეთი კი თავის საქმეს აკეთებდა, აკეთებს და გააკეთებს, ვინაიდან დარწმუნებულია საქართველოს საზოგადოების სისუსტეში, არამდგრადობაში.
თურქული ფენომენი კარგად ჰქონდა გააზრებული ასლან აბაშიძეს, რომელსაც ამ საკითხში მუდამ პულსზე ეჭირა ხელი. ერთხელ ვკითხე - რატომ იყო წინააღმდეგი თურქეთის რკინიგზის (აჭარის გავლით) რუსეთის რკინიგზასთან შეერთების. „საკმარისია შემოიყვანო, აქედან ვეღარ გაიყვანო“, - იყო მისი პასუხი.
ასლან აბაშიძის მიერ დაწესებული წესების შედეგად 2004 წლის 6 მაისამდე მოვიდა აჭარა თურქული ექსპანსიის გარეშე. შემდეგ რაც მოხდა, მკითხველისთვისაც კარგად არის ცნობილი.
თურქეთმა შესანიშნავად გამოიყენა ყარსის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პუნქტები და ისე აამოქმედა ის, თითქოს გუშინ იყოს მიღებული. თუმცა ყარსის ხელშეკრულების რეანიმაციის წარმატებული მცდელობა იყო საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულების პრეამბულაში ყარსის ხელშეკრულებაზე სწორების აღნიშვნა. ამ ჩარჩო ხელშეკრულებას შევარდნაძის სახელმწიფოს მეთაურობის დროს მოეწერა ხელი და ყარსის ხსენებაც თურქული მხარის დაბეჯითებული მოთხოვნით ჩაიწერა დოკუმენტში.
„მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებული ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებით. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის. მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.“ - 1992 წლის 30 ივლისი.
ახლა, რაც შეეხება თვით ყარსის ხელშეკრულებას -„ერთი მხრივ, სომხეთის სსრ, აზერბაიჯანის სსრ და საქართველოს სსრ და მეორე მხრივ, თურქეთს შორის, დადებული რუსეთის სფსრ მონაწილეობით ყარსში“, ხელმოწერილ იქნა 1921 წლის 13 ოქტომბერს. დოკუმენტის მე-5 მუხლის მიხედვით: „თურქეთი თანმხდება დაუთმოს საქართველოს სიუზერენიტეტი ქალაქსა და ნავსადგურ ბათუმსა და ტერიტორიაზე, რომელიც ამ ხელშეკრულების IV მუხლით მითითებული, საზღვრის ჩრდილოეთით დევს და შეადგენს ბათუმის ოლქის ნაწილს იმ პირობით, რომ მოსახლეობა ამ ადგილებისა, რომლებიც ამ მუხლშია მითითებული, ისარგებლებს ფართო ადგილობრივი ავტონომიით, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, რაც უზრუნველყოფს თითოეული თემისთვის მის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს. . .
თურქეთისთვის უზრუნველყოფილი იქნება ყოველგვარი საქონლის თავისუფალი ტრანზიტი, რომელიც გაიგზავნება თურქეთში და თურქეთიდან, ბათუმის ნავსადგურის გავლით, უბაჟოდ, რაიმე შეფერხების გარეშე და ყოველგვარი გადასახადით, მათ დაუბეგრავად, თურქეთისთვის ბათუმის ნავსადგურის სარგებლობის უზრუნველყოფით ამაზე სპეციალური გამოსაღების გადაუხდელად“.
ყარსის ხელშეკრულებას ფაქტიურად არ უმოქმედია საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, მაგრამ, როგორც კი 1991 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი, უმალ მოხდა საქართველო-თურქეთის (თურქეთის ინიციატივით) ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება - ყარსის ხელშეკრულების მოხსენებით.
1992 წელს უმძიმეს პირობებში ჩავარდნილ საქართველოს ნაკლებად შეეძლო თურქეთთან დადებული ხელშეკრულების სერიოზული გააზრება, არადა აუცილებელი იყო. მაშინდელმა პარლამენტმა, რატიფიკაციის დროს კი ამოიღო ხმა, მაგრამ შევარდნაძის მომხრეებმა იძალეს და რატიფიკაციაც მოხდა.
აღნიშნული მაგალითი კიდევ ერთხელ ნათელჰყოფს ნებისმიერ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან ზედმიწევნით ყურადღებით მოკიდებას, ასჯერ და ათასჯერ აწონას, თუმცა ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა, გამოცდილოება და პროფესიონალიზმიცაა საჭირო.
სამწუხაროდ მსგავსი თვისებები ჯერაც არ შეგვიძენია. სწორედ ამის შედეგია თურქული ექსპანსიის წაყრუება, სირიის უსერიოზულესი საკითხის უგულებელყოფა და ა.შ. და რაც მთავარია საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა, რომ იტყვიან საკუთარ წვენში ხარშვა - სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც შენს ყურის ძირში ომი შეიძლება გაჩაღდეს, შენ კი რაღაც პროვინციულ საშინაო ამბვებზე ამახვილებ ყურადღებას.
სალომე ზურაბიშვილი ჩამოვიდაო - მთელი მედია გუგუნებს, თითქოს ღვთისმშობელი მოვლენოდეს ბედკრულ საქართველოს. ევროკავშირის წარმომადგენელსა და აშშ-ს ელჩს შეხვდაო - გვაუწყებს მედია. და არავინ კითხულობს - რა უნდოდა პრეზიდენტობის მაძიებელ ზურაბიშვილს დიმიტროვთან და ნორლანდთან? ის ხომ არა, რომ მათი ზეწოლით შეიცვალოს კონსტიტუცია სალომეს სასარგებლოდ, რათა მან, როგორც ორმაგმა მოქალაქემ, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა?
საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველი, დასავლური ძალის გამოყენებით, აპირებს საქართველოსთვის საკუთარი პერსონის თავსმოხვევას. დაფიქრდით! ასეთი წაადგება ქვეყანას?!
საქართველოს საზოგადოებას გონივრული განსჯა ესაჭიროება გარე და შიდა პრობლემების გადასაწყვეტად. ამ პროცესში ქარაფშუტობა, ზერელეობა, პირადი ინტერესები მიუღებელი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ ამოვა იმ ღრმა ორმოდან, რომელშიც წინა ხელისუფლებებმა მოაქციეს საქართველო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
01/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.