რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ ბევრი ითქვა და დაიწერა, ამდენად არ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება, მითუმეტეს, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შორს არის იმისგან, რითაც წინა პრეზიდენტები იყვნენ აღჭურვილნი და რასაც საქართველოს მოსახლეობა იყო შეჩვეული დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებიდან დღემდე.
კანონის მიხედვით, ახლადარჩეული პირველი პირის პირველობა რომ გვარიანადაა შეცვლილი, თვალშისაცემია, მაგრამ როგორი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფალთა შორის ფუნქციების განაწილება და რაც მთავარია მათი დემონსტრირება დაგვანახებს, რა დოზის დემოკრატიულ მშენებლობასთან გვაქვს საქმე.
შეძლებენ პრეზიდენტი, პრემიერი, სპიკერი ან უფრო სწორად, თანამდებობიდან გამომდინარე - პრემიერი, პრეზიდენტი და სპიკერი ან კიდევ უფრო სწორად - პრემიერი და სპიკერ-პრეზიდენტი (ერთ რანგში) ქვეყნის ინტერესებისთვის, ვიწროუწყებრივი ინტერესებისგან თავის შეკავებას?
ამ ეტაპზე ამის დადგენა ძნელია. ყოველივე, პრაქტიკული ცხოვრებიდან გამოჩნდება. ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერი და ერთწლიანი გამოცდილების მქონე სპიკერი, როგორ შეეგუებიან ერთმანეთს ან შეეგუებიან თუ არა, მომავალი გვიჩვენებს. ავტორიტეტის თვალსაზრისით, სასტარტო პერიოდში, სამივენი ნამდვილად ვერ იკაშკაშებენ. მათ მუყაითი შრომით უნდა მოიპოვონ ავტორიტეტი.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ახალ ფაზაში შედის, რასაც კარგახნის განმავლობაში თან გაჰყვება საზოგადოების ეჭვიანი განწყობა პოლიტიკასა და სახელმწიფო მართვის საქმეში გამოუცდელი, ნაკლებად ავტორიტეტული ხელმძღვანელების მიმართ. ჩატარებული ექსპერიმენტი, ეკონომიკურ-პოლიტიკური თვალსაზრისით წელგამართული ქვეყნისთვისაც უსერიოზულესი გამოწვევა იქნებოდა, არათუ არშემდგარი, სუსტი ქვეყნისთვის.
23-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ უამრავი არასახარბიელო მომენტი გააჩინა, რომელმაც ნეგატიურად იმოქმედა ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. დამოუკიდებელი ცხოვრების უცოდინრობამ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაფერისი კადრების დეფიციტმა, სახელმწიფო სტრუქტურებში, არასამთავრობო სექტორში (სახელმწიფო სტრუქტურების კადრების სამჭედლოში) მომუშავე მუშაკთა დაბალმა პროფესიონალიზმმა, სხვათა ცხოვრებისადმი ზედაპირულმა მიძაბვამ, საკუთარი წარსული ცხოვრების გამოცდილებაზე უარის თქმამ, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში ნაკლებად მოიძებნება ქვეყანა, რომელმაც ესოდენ დიდი დანაკლისი განიცადა. დანაკლისი ტერიტორიული თვალსაზრისით, დანაკლისი ადამიანური რესურსის თვალსაზრისით (მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ლუკმაპურის საშოვნად უცხო ქვეყნებს მიაშურა) და რაც მთავარია, დანაკლისი მორალური თვალსაზრისით.
თითქმის ყველა დარგში განცდილმა მარცხმა, მოსახლეობაში არასრულყოფილების გრძნობა გააჩინა. მან განსაკუთრებით იჩინა თავი სააკაშვილის თითქმის ათწლიანი ბატონობის ჟამს.
წინა წლებში მიღებულმა მძიმე ფიზიკურ-სულიერმა ტრავმებმა მოდრიკა ერთ დროს ამაყი საზოგადოება, რომელიც ჯეროვნად ვეღარ შეებრძოლა ახლადგაჩენილ ჭირს - სააკაშვილ-ნაცების სახით და მიუხედავად შინაგანი ნეგატიური განწყობისა მის მიმართ, თავი ჩაღუნა - ჩათრევას, ჩაყოლა ამჯობინა. მისთვის ძნელი გამოდგა, როგორც საკუთარ ჭირთან, სააკაშვილ-ნაცთა სახით, ისე გარე ჭირთან შერკინება. მითუმეტეს, როდესაც გარე ჭირს ხელში მახვილის ნაცვლად კამფეტი ეჭირა.
უცხოური ცხოვრებისგან შორს მდგომმა საზოგადოებამ, რატომღაც მიიჩნია, რომ მომღიმარი დასავლეთი მხოლოდ სიკეთის მომტანია. უცხოურ ორმაგ სტანდარტებში გაუთვითცნობიერებელმა საზოგადოებამ, ოკეანისგადაღმელის სახეზე აღბეჭდილი ღიმილი არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად მიიჩნია. ის, ვერ მიხვდა, როდესაც დასავლელი ღიმილით ამბობს - მობრძანდით თქვენთვის (ნატოს) კარი ღიაა, სინამდვილეში ღია კი არა, ჩარაზმულია.
ის, ვერ მიხვდა, რომ, როდესაც დასავლელი გეუბნება თქვენს საშინაო ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ გვაქვს, სინამდვილეში არათუ ერევა, არამედ თვით მართავს სიტუაციას.
ვერ მიხვდა, რომ საკუთარი ხელისუფლება ნამდვილი კი არა, სუროგატია, რომ ქვეყნის პირველ პირთან ერთად ქვეყანას აშშ-ს ელჩი მართავს, ხშირად არათუ ერთად, ერთპიროვნულად. ვერ მიხვდა, რომ დამოუკიდებლად არსებობის გზა სხვაზე, ამ შემთხვევაში აშშ-ზე დამოკიდებულებაზე გადის. ვერ მიხვდა, რომ სამოცდაათწლიანი დამოკიდებულების შემცვლელი დამოუკიდებლობა, ისეთივეა, როგორც 70-წლიანი, ოღონდ ოდნავი სახეცვლილებით.
დიახ! ასე ეგონა და ჰგონია საზოგადოებას, მაგრამ ვინ არის დამნაშავე ამაში? ფართო გაგებით - ყველა ჩვენგანი, რომელმაც ვერადავერ ვისწავლეთ პოლიტიკური აზროვნება, ალღო ვერ ავუღეთ საერთაშორისო ცხოვრებას, ვერ გავარჩიეთ შავი, თეთრისგან ან პირიქით, დღენიადაგ ვერ ვიკითხეთ ჟურნალი „ტაიმი“, გაზეთები „ნიუ-იორკ ტაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“, ბრიტანული თუ რუსული პრესა, ვერ ჩავუჯექით „სი-ენ-ენს“, „ბი-ბი-სის“, „როსია-24“, „ევრონიუსს“, სხვა ტელეკომპანიებს, პერიოდულ გამოცემებს.
ვერ ჩავუჯექით, ვინაიდან არც ამის დრო გვქონდა და არც განწყობა. როდესაც ენაგადმოგდებული დადიხარ საკუთარი და უცხო ქვეყნების ქუჩებში ლუკმაპურის საშოვნად, თვითგანვითარებისთვის დრო აღარ გრჩება. ეს საკითხი ჩვენ, თქვენ მოგანდეთ, პოლიტიკოსებო, საზოგადო მოღვაწეებო, ექსპერტებო, ვიგულისხმეთ რა შრომის განაწილების საუკუნებრივი წესი - მეწაღე რომ წაღებს კერავს, მეპურე რომ პურს აცხობს, პოლიტიკოსი რომ ხალხს ანათლებს - უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად.
საზოგადოება ვერც იფიქრებდა, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ იმიტომაა ამ პროფესიის - პირადი ცხოვრება მოიწყოს, მრავალი ათეული წლით უზრუნველყოს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა, ცხადია საზოგადოების ხარჯზე.
საზოგადოება ვერ წარმოიდგენდა, რომ მისგან გათამამებული, მასვე შემოუბრუნდებოდა - დაცინვით, ლანძღვით, შეურაცხყოფით.
„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . .
ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ ის „პამპულობას“ თამაშობს.
ქართველი გამოიყურება ემოციურად, იმპულსურად, მაგრამ სინამდვილეში არის ინფანტილური, რადგანაც მას რაციონალური აზროვნების სუსტი საფუძველი აქვს“, - წერს პატივცემული მარგველაშვილი თავის ფილოსოფიურ ტრაქტატში.
ნეტავ რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით? შეძლებს ამ ფილოსოფიური აზროვნების მატარებელი პრეზიდენტი ქვეყნის მართვაში ან უფრო სწორად ქვეყნის „აღზრდაში“ ისეთი წვლილის შეტანას, რაც ნამდვილად წაადგება ქვეყანას? ხომ არ იქნება მისი „სასიკეთო ზრახვანი“ ერის გაკეთილშობილებისთვის, ისეთივე „სასარგებლო“, როგორც სააკაშვილ-ბოკერია-ჭიაბერაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის და მათ მსგავსთა სადარი?
როგორც ჩანს მარგველაშვილის ფილოსოფიური მოსაზრებები, არაერთხელ შეჯერებულ-გავარჯიშებული ფილოსოფიით შეპყრობილ ივანიშვილთან - ქართველი ერის რაციონალური აზროვნების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რაც საშური საქმეა. მაგრამ მიიღებს კია საზოგადოება დაძალებულ რაციონალიზმს ანუ ისეთს, დასავლეთში რომ არის?
შესაძლოა, 20 წელი მცირე დროა ერის სრული გადაგვარებისთვის ანუ ისეთად გახდომისთვის, როგორებიც აშშ-ი ან სხვა ქვეყნებში დიდი ხნით მცხოვრები ქართველებია. განსაკუთრებით მეორე, მესამე თაობა - იშვიათად, მხოლოდ გვარიღა რომ აქვთ შემორჩენილი. ნაცურმა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა ასეთთა რაოდენობის გასაზრდელად.
გლობალიზაციის ეპოქაში მსგავსი, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ დამღუპველი პატარა და ჯერაც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერისთვის. ჩამოყალიბებას კი დრო, შესაბამისი გარემო და რაც მთავარია ეროვნულ ნიადაგზე მდგარი განმანათლებლები ესაჭიროება - განსწავლული ექსპერტები, რომლებმაც კარგად იციან ქვეყნის შიდა ცხოვრება და ქვეყნის გარეთ მიმდინარე პროცესები, იქაური რაციონალიზმი და აქაური ეროვნული სულისკვეთება, სად და რა დროს უნდა მოხდეს მათი თანხვედრა.
არის თუ არა საჭირო „გარაციონალება“? ყველას გარაციონალება ხომ უინტერესოს გახდის მსოფლიოს? ინტერესი ხომ მრავალფეროვნებაშია და არა ერთფეროვნებაში?!
პოლიტიკაშიც ხომ ასეა - ერთპარტიულობას, მრავალპარტიულობას ამჯობინებენ, თუმცა აქაც განსხვავება არსებობს, ერთპარტიული ჩინეთის სახით. ამ ქვეყანამ ერთი მმართველი პარტიით სასწაულებს მიაღწია. ან რას ვუწუნებთ ნაკლებად რაციონალურ ინდოეთს?
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა უინტერესო იქნებოდა ცხოვრება ირანში, ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, რუსეთში, თურქეთში, სხვაგან და სხვაგან ამერიკული ცხოვრება რომ ყოფილიყო?
სხვისი ცხოვრების გადმოღებას გადაყვა საქართველო, განსაკუთრებით ბოლო დეკადაში. რა ქვეყნად გადაკეთებას არ გვპირდებოდნენ ჩვენი „პატივცემული“ წინამძღოლები - ხან ამერიკად, ხან ბელგიად, ხან სინგაპურად, ხან დუბაიდ, ხან კიდევ რად. არც ერთს არ დასცდენია - წარმატებულ, თვითმყოფად საქართველოდ.
მარგველაშვილის ფილოსოფიურ ტრაქტატში ჩახედებისთვის მადლობა ელიზბარ ჯაველიძეს, რომელმაც ფართო სტატია მიუძღვნა ნაშრომს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“. რომ არა ის, ვინ მიაქცევდა ყურადღებას ფილოსოფოსის ნაცოდვილარს?
თუმცა არ მგონია პატივცემულ ბიძინას ყურადღება არ მიექცია ესოდენ „ღრმა“ აზროვნებისთვის. მიაქცია და იმიტომაც შეუწყო ხელი მის გაპრეზიდენტებას, ჩათვალა რა, რომ „ზრდადაუსრულებელ“ ერს სწორედ ასეთი აღმზრდელი ესაჭიროება. ოღონდ ერთი რამ არის საეჭვო - შეძლებს ბიძინას რჩეული „დებილი“ ქვეყნის „გარაციონალებას“ - პრეზიდენტობის ხანმოკლე ვადაში?
და კიდევ ერთი რამ, მარგველაშვილი ქვეყნის გაუბედურებაში ლოთ მამასაც დებს ბრალს ანუ რუსეთს.
რუსეთის ლოთობის თემა არახალია თანამედროვე ქართულ „მეცნიერებაში“. მარტო „ღრმადგანსწავლული ისტორიკოსის“, სიმონ მასხარაშვილის კვლევები რად ღირს. მამა ლოთი, ჭიაბერაშვილის მიხედვით დედა გადაგვარებული, ერი, გონებრივად ჩლუნგი. შეიძლება ასეთის აღზრდა-გარაციონალება? მარგველაშვილის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს შეიძლება, სწორედ ამიტომაც გადაწყვიტა პრეზიდენტობა. ბოლოსდაბოლოს თუ არ გამოუვა, საკუთარ შესაძლებლობებს (ფილოსოფიურს) ხომ მოსინჯავს?
შევარდნაძიდან დაწყებული ეს ქვეყანა ექსპერიმენტების პოლიგონია.
ისე, კაცმა რომ თქვას, ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანას რა უნდა ჰქონდეს ლოთი მეზობლისგან სასწავლი? ისტორიის მიხედვით, ღვინის დაყენებაც და სმაც აქ მრავალი საუკუნით ადრე დაიწყო, ვიდრე რუსეთში.
„არსად იმდენს არ სვამენ, რამდენსაც რუსეთში“, - წერს საქვეყნოდ ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა და თან ამატებს - „თუ საქართველო არ მივიღეთ მხედველობაში. საინტერესო იქნებოდა რუს და ქართველ ღვინისმსმელთა შეჯიბრება. შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ დალეულ ბოთლთა რიცხვი თითო ადამიანზე თორმეტამდე ავა, მაგრამ წინასწარ ვერ ვიკისრებ იმის თქმას, თუ ვის დარჩება გამარჯვება“.
სწორედ „ლოთი“ მამის წყალობით ქართული ინტელიგენცია ეზიარა რუსულ და ევროპულ კულტურას. პეტერბურგსა და სხვა რუსულ ქალაქებში სწავლას ნაზიარებმა ქართველობამ ხელი შეუწყო მთელი ერის განათლებას. „ლოთ“ ერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ექვსი ლაურეატი ჰყავს.
რომ არა რუსეთის თანმიმდევრული პოლიტიკა იმჟამინდელ ჩრდილო კავკასიაში, არავინ იცის რა ბედი ეწეოდა ამიერკავკასიას, კერძოდ საქართველოს ჩრდილოელთა გაუთავებელი შემოსევებით, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ქართველთა გატაცებებით და სხვა.
„უნდა გამოვტყდე, როცა თბილისში მოვდიოდი, მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს, რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს, მაგრამ უფრო დიდს, თუმცა ვცდებოდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელიც უმთავრესად პარიზული მკერავებისა და მოდისტკებისგან შედგება, ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და განდის ბულვარის მოდას მისდიონ, მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით.
ამჟამად, თბილისში 75000 მცხოვრებია. მას აქვს სამოცი ფუტის სიგანის ქუჩები, სასახლეები, ქარვასლები, ბაზრები, თეატრი და ეკლესია, რომლებიც თავადი გაგარინის წყალობით ხელოვნების შედევრებს წარმოადგენენ. უნდა ითქვას, რომ, რაც თბილისი რუსეთის მფარველობის ქვეშ მოხვდა და დაცულია სპარსელებისა და თურქების შემოსევებისგან, სამმა პიროვნებამ, განსაკუთრებით ბევრი გააკეთა მის საკეთილდღეოდ - გენერალმა ერმილოვმა, გრაფმა ვორონცოვმა და თავადმა ბარატინსკიმ“, - წერს დიუმა.
წარსულის გახსენების დროს ცუდთან ერთად კარგიც არ უნდა დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უმადურობაში დაგვდებენ ბრალს. უმადურობა კი მძიმე, განუკურნელი სენია.
იმავე გაზეთში პოლიტოლოგი გულბაათ რცხილაძე დაბეჯითებით მოუწოდებდა პრეზიდენტობის კანდიდატებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით. და მართლაც წარმოუდგენელია ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების აღდგენა-გამოსწორება მარტო მწვანილით, ღვინით და მინერალური წყლით.
პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რომელიც უდავოდ წაადგება ეკონომიკასა და კულტურულ ცხოვრებას. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება არავინ გაიზიარა. რა იქნება მომავალში, ძნელი სამარჩიელოა, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსს ღრმად ააქვს თავში ჩადებული რუსეთის „ლოთობა“, საქმეს ნამდვილად არ ეშველება.
საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ცხოვრება იწყება, ახალი ექსპერიმენტით. თუ რას მოგვიტანს ის, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მოთმინებით დაველოდოთ შედეგებს, ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა ექსპერიმენტების დროს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
26/10/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.