სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?

2013 წლის 13 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქვეყნის საგარეო კონცეფციას. წინა - 2008 წელს იყო მიღებული. რუსი ექსპერტების მიხედვით, ეს კონცეფცია არის მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოს კონცეფცია, რომელიც მიმართულია ქვეყნის შიდა განვითარებისკენ, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ, საბაზრო ეკონომიკისკენ. კონცეფციამ ხელი უნდა შეუწყოს სასარგებლო საგარეო პირობების ჩამოყალიბებას ქვეყნის შიდა განვითარების უზრუნველყოფისთვის.
კონცეფციის მიზანია, მსოფლიოში რუსეთისთვის, როგორც თანამედროვე გავლენიანი ცენტრისთვის მყარი პოზიციების მოპოვება - არა დომინირებით, სხვისთვის საკუთარი სურვილების თავსმოხვევით, არამედ საკუთარი მომხიბლველობით, თანამშრომლობით, თანაფარდობის პრინციპზე დაფუძნებით, სხვის საქმეში ჩაურევლობით. კონცეფციაში არც ერთი სახელმწიფო არ არის განხილული მტრობის და არაკეთილი სურვილების პრიზმიდან. არც ერთი სახელმწიფო არ არის მოხსენებული რუსეთის მტრად.
კონცეფცია გარკვეულ იმედს ბადებს - საქართველოს პრობლემების გადაჭრისათვის, ამასთანავე გვახსენებს, რომ პრობლემები სიღრმისეულია და მას სხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება. სხვაგვარ მიდგომაში, უპირველესად, სხვაგვარი აზროვნება იგულისხმება და რაც მთავარია სხვაგვარი რიტორიკა, თავშეკავება, რეალური განსჯა.
დღემდე არსებულმა პოლიტიკამ - საქართველოს მხრიდან წარმოებულმა, კრახი განიცადა, ქვეყანა გაუსაძლის პირობებში ჩააყენა. იქნებ გვეცადა სხვა? იქნებ სხვა გზა აგვერჩია? იქნებ რეალურად შეგვეფასებინა განვლილი 23 წელი - დასავლური ცრუ დაპირებებით აღსავსე და პრაგმატული პოზიცია აგვერჩია?
კონცეფციაში მოხსენებულ ქვეყნებს შორის საქართველოცაა - მასთან თანამშრომლობის სურვილით იმ სფეროებში, რომლებში საქართვველო არის მზად და იმის გათვალისწინებით, რა რეალობაცაა დღევანდელ კავკასიაში. ამ ჩანაწერის მიხედვით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ურყევია.
ურყევია საქართველოს პოზიციაც - საქართველოს პარლამენტის ანალოგიურ დოკუმენტში დაფიქსირებული. უფრო მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს არავითარი პოლიტიკური ურთიერთობა არ ექნება რუსეთთან, ვიდრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოები და სამხედროები იქნებიან. საქართველოს პოზიცია ერთობ ხისტია და წინასწარ განწირული მარცხისთვის. მარცხი კი არსებულ ვითარებასთან შეგუებაა. არ დალაპარაკება, ზემოთმოყვანილი პირობების დაკმაყოფილებამდე, უფრო შეგუებაა, ვიდრე საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრა.
პარლამენტის, ქართული პოლიტიკის შემყურეს, უმალ დაებადება აზრი, რომ ქართულ მხარეს მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, რომ მან არ იცის, როგორ ილაპარაკოს, რომ მას ეშინია რუსეთთან ლაპარაკის, ამიტომაც გამუდმებით ახსენებს ჟენევის ფორმატს, სადაც ქართველი და რუსი სხვისი (მესამე მხარის) თანდასწრებით ლაპარაკობს.
როგორც ჩანს, ქართულ მხარეს ნაკლები არგუმენტები აქვს რუსეთისთვის მომზადებული (ან აქვს კი?) საქართველოს ხელისუფლებას, როგორც წინას, ისე დღევანდელს, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს - სხვამ, ამ შემთხვევაში დასავლეთმა, მოუგვაროს საქმე, მაგრამ ეს, რომ ასე არ ხდება.
კონცეფციის მიხედვით, რუსეთი ისეთი სახელმწიფო უნდა გახდეს, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებს „სოფტ პაუერის“ (რბილი ძალით) მოაგვარებს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან უნიკალური სარესურსო პოტენციალი გააჩნია. რუსეთი, მსოფლიო საგანძურია, უშუალო სიახლოვეს ისეთ მზარდ ეკონომიკებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ინდოეთი, უდიდეს ბაზრებთან, იმათთან, ვისაც წყალივით სჭირდებათ წიაღისეული სიმდიდრეები.
რუსეთი მდიდარია ნავთობით, ოქროთი, გაზით, ხე-ტყით, წყლით, ინტელექტუალური პოტენციალით. ცნობისთვის - ორას ათასზე მეტი რუსი მეცნიერი ამდიდრებს ამერიკულ მეცნიერებას. რუსეთთან კონსტრუქციული ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს ყველა, მათ შორის ისეთებიც, ვინც დღეს არ კარგავენ რუსეთის სალანძღად.
ჩვენ რაღა დაგვემართა? მეზობელს არაფრად ვაგდებთ და ცხრა მთასა და ზღვის იქით ვცდილობთ ახლობლის მოძებნას. არადა ახალი „ახლობელი“ თავისი აზროვნებით, რომ შორსაა ჩვენი აზროვნებიდან, გაგონება არ გვინდა. არც იმის გაგონება გვინდა, იქაური პრაგმატიზმი, რომ დღევანდელი საქართველოსთვის შეუფერებელია.
იქ არსებული აზროვნების ქართულ ტვინებზე მორგებას თაობები დასჭირდება. საბოლოო ჯამში კი მივიღებთ ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე ქართველს - დაკარგული ეროვნულობით, თვითმყოფადობით, გადაგვარებული აზროვნებით. ბევრი ასეთი „ქართველია“ ამერიკაში, თურქეთში, სხვაგან.
რუსეთში მცხოვრებ ქართველს სხვა იერსახე აქვს, რაშიც მეორე სამშობლოს ანუ რუსეთის წვლილიც არის. „გრუზინი“ მაინც გამორჩეულია. მის მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულებაა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამტკიცებული, ნათესაური კავშირებით გამაგრებული, რელიგიური ერთობით გაღრმავებული. „გრუზინი“, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა, დღესაც ისე აღიქმება, როგორც გუშინ - თავისებური, ვაჟკაცური, გამორჩეული.
მიუხედავად ოცწლიანი გაუცხოებისა, ორი ქვეყნის პოლიტიკოსთა, განსაკუთრებით საქართველოს, მცდელობისა, ვერ მოხერხდა ქართველისა და რუსის ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდება, ვერ მოხერხდა ორ ერს შორის საყოველთაო სიძულვილის გაღვივება. ნაციონალური ხელისუფლების მცდელობამ ვერ გამოიღო ის შედეგი, რომელსაც ნაცები ელოდნენ და არა მარტო ისინი, არამედ მათი ოკეანისგადაღმელი პარტნიორები.
საქართველოს მოსახლეობას შემორჩა რუსეთის ნოსტალგია. არსად სხვაგან „გრუზინზე“ ისეთი ნოსტალგია არ არის, როგორც რუსეთში. არსად სხვაგან არ იხსენებენ ქართულ ღვინოს და „ბორჯომს“, როგორც რუსეთში. და ეს გახსენება არ არის გამოწვეული ღვინის ან მინერალური წყლის მონატრებით, ის ქართველის, საქართველოს მონატრებითაა გამოწვეული - ქართული ხელოვნების, ქართული მწერლობის, თუნდაც ქართველი სტალინის და ბერიას (ცნობისთვის, ლივადა ცენტრის მიერ ჩატარებული საყოველთაო გამოკითხვის მიხედვით, სტალინის პოპულარობამ 47%-ს გადააჭარბა).
ღვინისა და „ბორჯომის“ ნოსტალგია კომპლექსშია საქართველოს ნოსტალგიასთან, თორემ საუკეთესო უცხოური პროდუქტით გაჯერებულ რუსულ ბაზარს, ფრანგულ-იტალიურ-ესპანურ ღვინოებითა და ფრანგული „ევიენითა“ და „პერიეთ“ აღსავსეს, რად უნდა ახსენდებოდეს ქართული პროდუქცია?
ღვინო, პროდუქტია ვაზისა. ვაზი, ნახარები მიწისა, ქართული მიწისა. მინერალური წყალი - ქართული წიაღიდან ამოხეთქილი, იმ წიაღიდან, საქართველო რომ ჰქვია. ქართული მიწა უქართველოდ, ტრადიციების გარეშე, ამერიკული ინგლისურით მოლაპარაკე, ყავარზე კუდგადებული, მეტიჩარა ქართველით, წარმოუდგენელია.
ქართული ღვინო წარმოუდგენელია დაკოჟრილი ქართველი გლეხის ხელში მოქცეული თიხის ფიალის გარეშე, მამა-პაპური სადღეგრძელოების, ქართული სუფრის დოვლათის, „მრავალჟამიერო“-ს, „ჩაკრულო“-ს, „კრიმანჭული“-ს გარეშე. ეს იცის რუსმა. იცის და პატივს სცემს. იცის და ტანში საამო ჟრუანტელი უვლის გახსენებისას, ისე, როგორც კრემლის ყრილობათა სასახლეში, „ერისიონის“ მიერ ჩატარებული კონცერტების დროს.
არც ერთ მეზობელს ისეთი განცდა არ აქვს საქართველოსა და ქართველისადმი, როგორც რუსეთს და რუსს. არც ერთ ჩვენს ახალ „მეგობარს“, სტრატეგიულ პარტნიორს არ აქვს ქართველისადმი რუსის მსგავსი განცდა, მითუმეტეს ნოსტალგია. არც ერთი ამერიკელი ან ევროპული „ფასეულობებით“ (მაინც რას ნიშნავს ეს ამოჩემებული „ფასეულობა“?) დახუნძლული ევროპელი თავში არ გაივლებს „სულიკოს“ ან „თბილისოს“ სიმღერას, ვინაიდან მათ არაფერი აკავშირებთ არც სიმღერასთან და არც ხალხთან. რაც მათ აკავშირებთ, „ახალი“ ქართველებისთვის გაცემული გრანტები და დახმარებებია - ნაწილის უკან დაბრუნებით.
კლასის დამრიგებლისა და გონებაჩლუნგი მოსწავლის ურთიერთობას ჩამოჰგავს მათი ქართველთან ურთიერთობა - ჭარბი მენტორული ტონით, დამცინავი ღიმილით. მსგავსი ურთიერთობა არ იძლევა აღსაზრდელის კულტურის გამოვლენის და მისი ჯეროვნად შეფასების შანსს.
გსმენიათ ამერიკელის ან ევროპელის მიერ ნამღერი „სულიკო“? რუსის - მსმენია. გსმენიათ ამერიკაში „ჯორჯენის“ შესახებ, ისე, როგორც რუსეთში „გრუზინის“? ცხადია, კარგი გაგებით. მავანი შემედავება, გვაცადეთ ბატონო, ჯერ ოცი წელი გავიდა. ერთი იმდენიც გავა და ამერიკელიც იმღერებს „სულიკოსო“. ამერიკელის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველი რომ საკუთარ სიმღერას დაივიწყებს და ამერიკულად ამღერდება, ეჭვი არ მეპარება.
ამერიკელი არასდროს იმღერებს „სულიკოს“, ვინაიდან მას ქართველთან ერთად არ გაუვლია საუკუნეთა ქარტეხილები, არ უბრძოლია ფაშიზმის წინააღმდეგ, არ უშენებია დანგრეული სამშობლო, არ განუცდია შიმშილი, სიცივე, სიდუხჭირე.
მე არ შევხვედრივარ ამერიკელს, რომელსაც მექსიკური „კუკარაჩა“ ემღეროს, არადა მეზობელი მექსიკა, თავისი მოსახლეობით, ათასჯერ და მეტად აღემატება საქართველოს. ამერიკელი არასდროს გაუყადრებს თავს მექსიკელს, მითუმეტეს ქართველს ან სხვა პოსტსაბჭოელს. ის ყოველთვის დარჩება ჩვენთვის და ჩვენისთანებისთვის მიუწვდომელ მწვერვალად.
დასავლეთს აქვს ინტერესი საქართველოსადმი, როგორც ტერიტორიისადმი, სატრანზიტო დერეფნისადმი, ირან-რუსეთზე ჯაშუშური დაკვირვებისა და კონფლიქტის შემთხვევაში პლაცდარმად გამოყენებისადმი. ქართველებისადმი ინტერესიც აქვს, როგორც ტექნიკური პერსონალისადმი - მძღოლის, მიმტანის, მეძავის, ფეხის გულების დამფხანისადმი. ეს ინტერესიც მარტივი მიზეზით არის განპირობებული - დასავლეთიდან ტექნიკური პერსონალის ჩამოყვანა ძვირი ჯდება. რა სჯობს, ადგილობრივ მუქთასა და იორღას.
სამყარო ისეა აწყობილი, მუდამ იქნება დიდსა და პატარა ქვეყნებს შორის დაპირისპირება, და არა მარტო დიდსა და პატარას, არამედ პატარასა და პატარას, დიდსა და დიდს შორის. დიდის მიერ, მეორე დიდის წინააღმდეგ პატარის გამოყენებას. საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის პატარების პრიალა საჩუქრებით მოხიბლვას.
ჭრელა-ჭრულა საჩუქრებით მოქრთამულმა საქართველომ თავი ისე დაკარგა, რომ ზომა-წონაც დაივიწყა და საუკუნეობრივ მეგობრობას უმალ ხაზი გადაუსვა. დიდი ურჩხულის იმედი ჰქონდა მას, ამიტომაც გაჰყვიროდა ვაჟკაცურად, ამიტომაც ეკვეთა მტერს პირველი - იმის მოიმედე, რომ ურჩხული მას მოჰყვებოდა, მაგრამ გადამთიელი მიხვდა, რომ მეორე ურჩხულთან შებმას, სიცოცხლის დასრულება მოჰყვებოდა. ამიტომ შედგა ურჩხული, მეორის მყისიერი პასუხით გაოგნებული. რაც მართალია, არ მოელოდა ამას. შედგა და . . . წაქეზებული პატარა ყვინჩილა, მეორე ურჩხულის ხელში გამომწყვდეული აღმოჩნდა.
ეს ამბავი „ქატო იქა, ფქვილი აქა“-ს ზღაპარივით დასრულდებოდა, რომ არა გადამთიელის მიერ მომზადებული მედიური ომის გეგმა. დამარცხებულ ყვინჩილას თავზე ხელიც გადაუსვა, ფულიც აჩუქა, ვაჟკაცობაც შეუქო, სასმელი წყლითა და ტუალეტის ქაღალდითაც მოამარაგა, „აქაოდა შიშმა კუჭის აშლა იცისო“. და რაც მთავარია, ისეთი PR-კამპანია გაახურა, რუსულ დათვისა და უმანკო ქართული კრავის შესახებ, რომ ავ თვალს არ ენახებოდა.
„კბილებამდე შეიარაღებულმა რუსეთმა დაარღვია მსოფლიოში არსებული ყველა კანონი, გადალახა რა მეზობელი პატარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურსო“. ერთ ხმაში გაჰყვიროდნენ საქართველო და მისი დასავლელი მამობილები ამ ამბავს.
რუსეთის აგრესიის გამათრახებისა და საბოლოო გაშავების მიზნით ევროკავშირმა სასწრაფოდ შექმნა 2008 წლის ცხინვალის ომის საგამოძიებო კომისია ქალბატონ ტალიავინის მეთაურობით. მიზანი ერთი იყო - რუსულ გაზზე ჩამოკიდებული ევროპის რევანში, რუსეთის წელში გატეხვა, საბოლოო ჯამში ფასების დაკლება.
2008 წლის მოვლენების პირველსავე დღეებში ბრიუსელმა მოსკოვთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. უარი თქვა დაგეგმილ კონსულტაციაზე და ეს ყველაფერი წინასწარ, საკუთარი კომისიის გამოძიების დამთავრებამდე. ეს ნაბიჯი თავისებური მინიშნება იყო კომისიისთვის, რა გზით ევლო.
დიდი თავის მტრევა დასჭირდა კომისიას მოსკოვის დასადანაშაულებლად, მაგრამ ფაქტს გვერდი ვერ აუარა. ფაქტი კი ასეთი იყო - პირველი საქართველომ გაისროლა, არა ფილთა თოფი, არამედ „გრადი“ მძინარე ცხინვალზე. „გრადს“ სატანკო შეტევა მოჰყვა და ცხინვალის აღება. ის-ის იყო სააკაშვილი, თბილისიდან წაღებულ ტრიბუნაზე, გამარჯვების აღსანიშნავად სიტყვისთვის უნდა ასულიყო, რომ რუსეთის მხრიდან დაგვიანებული კონტრშეტევა განხორციელდა. რუსული საზოგადოება დაგვიანებაში მაშინდელ პრეზიდენტ მედვედევს დებს ბრალს.
ტალიავინის დასკვნის დანარჩენი ნაწილი ისეა ჩამოყალიბებული, რომ მტყუან-მართლის გარჩევა ჭირს. თითქოს ომამდე არსებულმა რუსულმა პროვოკაციებმა აიძულეს საქართველო გადაედგა ასეთი ნაბიჯი.
2008 წლის ცხინვალის ომის რეანიმაციამ გაახელა გუშინდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი. არ ცხრება მათი მხრიდან ხელისუფლების გაკილვა, თან იმის ხსენებაც, რომ იმჟამინდელის გახსენება, თანაც ხელისუფლების ინტერპრეტაციით დააზიანებს საქართველოს სახელს, საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ყოველივე სასიკეთოს, რაც დასავლეთიდან მოდის და ა.შ.
გუშინდელთა ყბადაღებულმა, ანტისახელისუფლებო ყაყანმა იმოქმედა ხელისუფლებაზე, რომელიც აცხადებს, რომ გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ რიგი საკითხების დასაზუსტებლად უნდა ჩატარდეს და არა საქართველოს საზიანოდ, რომ რუსეთის აგრესიას ვერაფერი გაამართლებს და მასთან ერთად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
არავინ სვამს კითხვას - რატომ მოხდა აგრესია, რატომ გადმოლახა რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი, რატომ აღიარა საქართველოს ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა რუსეთმა. უპირველესად, ეს კითხვები უნდა დაისვას და არა ის, რაც დღეს ისმება. რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია დსთ-ს სივრციდან მხოლოდ საქართველოში? ამ კითხვებს არც საქართველოში და არც დასავლეთში სვამენ - არ აწყობთ და იმიტომ.
ომის დამთავრებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ტენდენციური დასავლური მედია ზედმიწევნით წარმატებით უხვრიტავდა თავს მსოფლიოს, ბნელი და აგრესორი რუსეთის მიერ საქართველოს „გაუპატიურებაზე“, მაგრამ შემდეგ სიმართლე ვეღარ დაიმალა. არაერთი მეცნიერის, პუბლიცისტის, მწერლის, პოლიტოლოგის ნაშრომი, წიგნი, სტატია მიეძღვნა ამ თემას. მათ შორის აღსანიშნავია ებრაელი პუბლიცისტის ლევ გუნინის ნაშრომი - ფაქტებზე დაფუძნებული, 2008 წლის ომამდე, ომისდროინდელი და ომის შემდგომი პერიოდის ფოტოგრაფიული სიზუსტით აღბეჭდილი.
„ორი წლის მანძილზე საქართველო ინტენსიურად აგროვებდა იარაღს, ტანკებს, ვერტმფრენებს უკრაინიდან და დასავლეთიდან. ამერიკელი და ებრაელი მრჩევლები წვრთნიდნენ ქართულ ჯარს. რუსეთი აფრთხილებდა საქართველოს და აშშ-ს, თავი დაენებებინათ სამხრეთ ოსეთის ავანტიურისთვის. ისრაელი და აშშ-ი ღრმად ჩაერთნენ კონფლიქტში და სრულიად უჭერდნენ მხარს საქართველოს ბრუტალურ დიქტატურას“, - წერს გუნინი ნაშრომში: „კავკასია, როგორც ისრაელის ტერიტორიის ნაწილი“.
თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ბარამიძემ ბრძანა - ბოლოს და ბოლოს სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორია იყო და იქ შესვლა სულაც არ ნიშნავდა აგრესიასო. მთავრობა, რომელიც თავისი ქვეყნის ტერიტორიის დასამორჩილებლად მძიმე სამხედრო ტექნიკას იყენებს და ომს აჩაღებს - საერთაშორისო სამართლის მიხედვით უმკაცრესად ისჯება.
გარდა ამისა, არსებობდა ხელშეკრულება და მისი მიხედვით, სამხრეთ ოსეთის სიმშვიდე გარანტირებული უნდა ყოფილიყო, როგორც ქართველი, ისე რუსი მშვიდობის მყოფელებით. რეგიონის უსაფრთხოების საქმეში ეუთოც იყო ჩართული. სააკაშვილმა ყოველივე ამას ხაზი გადაუსვა და „გრადის“ წვიმა დააყარა ცხინვალს.
მაგრამ ვითომ მარტო სააკაშვილმა გადადგა აგრესული ნაბიჯი? ცხადია არა! ამ საქმეში უდიდესი წვლილი დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს მიუძღვის. ნაცები და სხვებიც მტკიცედ ამბობენ - გამოიძიეთ! თუ ვინმე დაზარალდა - საქართველოაო. მათი განცხადებით, ისე გამოდის - სიმართლის დადგენის შემთხვევაში (არადა ეს სიმართლე კარგა ხანია დადგენილია) დასავლეთი საქართველოსკენ აღარ გამოიხედავს.
ცდებით, ბატონებო, დასავლეთმა ისედაც კარგად იცის, ვინ არის დამნაშავე და მიუხედავად ამისა, აქეთკენაც იყურება და ფულსაც იძლევა, რაც საკუთარი დანაშაულის თუ „შეცდომის“ კომპენსაციაა.
გამოძიებით რუსეთს მოეხსნება აგრესორის დამღაო - აცხადებენ ნაცები. აგრესორის დამღას რუსეთს არავინ მოუხსნის, ვინაიდან ასეთი რუსეთი ხელს აძლევს დასავლეთს. და კიდევ ერთი რამ, არანაკლებ მნიშვნელოვანი - დანაშაულის არ აღიარება და სხვაზე აკიდება, როგორ ჯდება ქრისტიანულ, მართლმადიდებლურ სულისკვეთებაში? რამდენი წელი უნდა ატაროს ქართველობამ ესოდენ მძიმე ტყუილის ტვირთი? განა უმჯობესი არ არის დანაშაულის აღიარება, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბოდიშის მოხდა, შენდობის თხოვნა?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
20/04/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.