„ირანის ფაქტორი“ და თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა

hamlet chipashvili-politologi

როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა დასავლეთის ქვეყნების და აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამოქალაქო ომი, მოსკოვ-ვაშინგტონს შორის შექმნილი დაძაბულობა, „ისლამური სახალიფოს“ მიერ წარმოებული ომი და სხვა სერიოზული პრობლემები, უმალ წინა პლანზე გამოდის ირანის ისლამური სახელმწიფოს როლი ზემოთმოყვანილ საკითხებში და არა მარტო მათში, არამედ ისეთში, როგორიცაა თუნდაც საქართველოს რკინიგზის იმ მონაკვეთის აღდგენა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს დაინგრა და განადგურდა.
მავანი იკითხავს - რა შუაშია ირანი აფხაზეთის რკინიგზის დანგრეული მონაკვეთის აღდგენაშიო. დღეს, ცხადია ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვის რკინიგზის ამოქმედება ირანთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ მისი (რკინიგზის) აღდგენის შემთხვევაში სულაც არ იქნება უცხო ისეთი თემის გააქტიურება, როგორიცაა სომხეთ-ირანის რკინიგზის გარკვეული მონაკვეთის მშენებლობა. ცხადია, მშენებლობა საკმაო თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ პერსპექტივაში ის უდავოდ მოიტანს არა მარტო ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ რეგიონის ხალხთა ურთიერთობის გააქტიურებას, მათ მჭიდრო დაახლოებას, როგორც ტვირთბრუნვიდან გამომდინარე, ისე მგზავრთა გადაადგილების თვალსაზრისით.
მაგრამ ვიდრე ამ საკითხებს ჩავუღრმავდებით, შევეხოთ უფრო რეალურ საკითხს, რასაც სოხუმ-თბილისის რკინიგზის აღდგენა ჰქვია და რაც თავისთავად ნიშნავს ერევან-თბილის-სოხუმ-მოსკოვის რკინიგზის აღდგენას. ეს თემა რახანია, ანუ დანგრევის დღიდან არსებობს, თუმცა ჯერაც პასუხგაუცემელი, სადღაც, პოლიტიკური თაროს კუნჭულში მიტოვებული. დროდადრო ხან მოსკოვი (მეტადრე ის), ხან ერევანი ცდილობს საკითხის რეანიმაციას, თუმცა უშედეგოდ. მიზეზი მარტივია, თბილის-სოხუმის ნეგატიური დამოკიდებულება თემისადმი, თბილისის მხრიდან კატეგორიული უარი. ასეთივე - სოხუმის მხრიდან, თუმცა ოდნავ შერბილებული.
თბილისის პოზიცია თავიდან-ბოლომდე პოლიტიკას უკავშირდებოდა და უკავშირდება, ანუ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში. სოხუმის წინადადებაც ულტიმატუმის ელემენტებს შეიცავს და ასე გამოიყურება - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება არა მარტო თბილისის მხრიდან, არამედ დაინტერესებული ერევნის მხრიდანაც.
„აფხაზეთი წინააღმდეგი არ არის სარკინიგზო კავშირის პროექტის ამოქმედების, მაგრამ ეს იდეა მხოლოდ მას შემდეგ განიხილება, რაც სომხეთი ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას“, - ასეთი იყო აფხაზეთის პარლამენტის პასუხი აფხაზეთში მცხოვრები სომხური დიასპორისთვის, რომელიც აქტიურად აჟღერებს რკინიგზის აღდგენის თემას.
ამ პასუხიდან დღემდე დიდი დრო არ გასულა, მაგრამ აფხაზეთში კარდინალურად შეიცვალა ვითარება: ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო სულ ახლახანს ხელი მოეწერა აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. აფხაზეთის პოლიტიკურ სცენაზე ძველი-ახალი სახეების მიერ - პრეზიდენტიდან დაწყებული, უმაღლესი და მაღალ-დაბალი თანამდებობის დაკავებამ, ახლების სხვაგვარმა, მე ვიტყოდი პრაგმატულმა მიდგომამ საკითხებისადმი, შეცვალა აფხაზთა დამოკიდებულება რკინიგზის აღდგენის თემისადმი.
პრეზიდენტი ხაჯინბა დადებითად იხილავს რკინიგზის ამოქმედების საკითხს: - „ვთვლი, რომ რკინიგზა უნდა აღდგეს, და ეს იქნება უპირველესად კარგი აფხაზეთისთვის, აფხაზი ხალხისა და სახელმწიფოსთვის. ეს, იქნება სარგებლიანი რუსეთისთვის, საქართველოსთვის და ცხადია სომხეთისთვის“.
ახალი პრეზიდენტის პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ აფხაზ პოლიტიკოსთა განცხადებებისგან, რასაც ჰქონდა ადგილი. ცხადია, ისინიც მიესალმებიან რკინიგზის აღდგენით მიღებულ დივიდენდებს, მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოება მათთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე დივიდენდები.
აფხაზთა შიში არ იყო უსაფუძვლო, ვინაიდან კომუნიკაციის, ტრანსპორტის ისეთი საშუალება, როგორიც რკინიგზაა, თავისთავად იწვევს კავშირების დამყარება-გაფართოებას, გარკვეულ გავლენას, ხალხთა მიმოსვლას და ა.შ., რაც მათი აზრით, სხვაგვარად იქნებოდა გამოყენებული საქართველოს მიერ.
ახალი პრეზიდენტი ხაჯინბა, როგორც ჩანს, არ უშინდება ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს. რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას გარკვეული უსაფრთხოების მექანიზმები უზრუნველყოფილი აქვს და ეკონომიკაზე ფიქრობს - მის აღმავლობაზე. მარტო მოსკოვ-სოხუმ-თბილის-ერევნის სარკინიგზო მარშრუტის აღდგენა დიდი შემოსავლების მომტანია სომხეთის-საქართველოს-აფხაზეთისა და რუსეთისთვის. ტვირთბრუნვის სისწრაფე ერთი-ორად გაიზრდება. გაიოლდება აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეთა გადაადგილება და არა მარტო ყოფილ საბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპაშიც, ცხადია რუსეთის გავლით.
პროექტის რეალობად ქცევის შემთხვევაში კუთხეში მოქცეული სომხეთი გამოცოცხლდება. მას მიეცემა სტრატეგიული მოკავშირე რუსეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური და სამოქალაქო კავშირების დამყარების შესაძლებლობა. სომხეთი, თურქეთ-აზერბაიჯანის მხრიდან ორმხრივ ბლოკადაში მოქცეული, რკინიგზის აღდგენით დაუკავშირდება ევრაზიის კავშირს, რომლის წევრიც ის 2015 წლის 1 იანვრიდან ხდება.
პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილის მიხედვით, რკინიგზა ხელს შეუწყობს სამხედრო კავშირებსაც, რაც არ არის გამორიცხული. რკინიგზის ამოქმედებით, რუსეთს მიეცემა საშუალება უფრო ფართოდ გაშალოს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები კავკასიაში და არა მარტო ეკონომიკური, პოლიტიკურიც. მისთვის უფრო ხელმისაწდომი იქნება სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრიში განლაგებული რუსულ სამხედრო ბაზასთან კავშირურთიერთობა.
ვის არ აწყობს რკინიგზის აღდგენა?
უპირველეს ყოვლისა აშშ-ს, რომელიც უკვე 20 წელიწადია შემოსულია კავკასიაში და სხვადასხვა გზებით ცდილობს პოზიციების გამაგრებას, რაც მთავარია უკონკურენტოდ ყოფნას. რუსეთი მისი მთავარი კონკურენტია და რკინიგზის აღდგენით კონკურენციის ხარისხი რუსეთოს სასარგებლოდ იღაღადებს.
აშშ-ს კავკასიაში არ აქვს სამხედრო ბაზები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნატოს სასწავლო-საწვრთნელ ბაზას, რომლის გახსნასაც საქართველო ჰპირდება მას. რუსეთს კი სამი სამხედრო ბაზა აქვს - აფხაზეთში, სამხრეთ-ოსეთსა და სომხეთში. აშშ-ი მაქსიმალურად შეეცდება ყველაფერი იღონოს, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლაც, აღნიშნული რკინიგზის აღდგენის პროექტის დაკონსერვებისთვის.
პროექტის წინააღმდეგ ანკარა-ბაქოს გამოსვლაც არ იქნება გასაკვირი, ვინაიდან, მათი აზრით, სოხუმ-თბილისის რკინიგზა, როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით (მთიანი ყარაბახის სადავო საკითხი) არ არის მიზანშეწონილი. გარდა ამისა, ეს პროექტი კონკურენციას გაუწევს თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის მშენებარე რკინიგზას. თუმცა ჩემის აზრით, პირდაპირი კონკურენციის ნიშნების არსებობა ძნელი დასამტკიცებელია.
რაც შეეხება საქართველოს, ურომლისოდაც ამ პროექტის ამოქმედებას პერსპექტივა არ აქვს, წინააღმდეგია აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების და იმ პოზიციაზეა, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია. ამისათვის ის მზად არის უკუაგდოს მრავალმილიონიანი შემოსავალი, რომელსაც ადგილი ექნება რკინიგზის აღდგენის შემთხვევაში.
თბილისი, უდავოდ გაითვალისწინებს აშშ-ს ნეგატიურ პოზიციას და არანაკლებ ნეგატიურს ბაქო-ანკარის მხრიდან. თურქეთ-აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორები არიან. გაზის იმპორტის 85% აზერბაიჯანზე მოდის. რკინიგზის ამოქმედება გამოიყვანს სომხეთს აზერბაიჯან-თურქეთის ბლოკადიდან, რაც თავისთავად გამოიწვევს ამ ორი ქვეყნის უკმაყოფილებას. საქართველოს შეუძლია წავიდეს ასეთ რისკზე, თუ რუსეთი დათანხმდება აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთის დაბრუნებაზე, მაგრამ ეს ხომ უტოპიაა?
ოფიციალური თბილისისთვის შესაძლოა მომხიბლველი იყოს ამ პროექტში ირანის ჩართვა, ანუ სომხეთ-ირანის მონაკვეთის სარკინიგზო მშენებლობის შედეგად და ირანის რკინიგზის მეშვეობით სპარსეთის ყურეში გასვლა. დიდი ფანტაზია არ სჭირდება იმის მტკიცებას, რომ ყოველივე ეს შესაძლებელია. მხარეთა დაინტერესების შემთხვევაში (მოსკოვი, ერევანი, თეირანი) პროექტისთვის ფრთების შესხმა არ გაჭირდება, მოგება კი უდავოდ დიდი იქნება, ვინაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ოკეანიის ქვეყნებიდან ზღვით წამოსული ტვირთების ნაკადი სპარსეთის ყურეში მდებარე ირანის საზღვაო პორტების გავლით რკინიგზაზე გადავა და არა მარტო სომხეთ-საქართველო-რუსეთისკენ აიღებს გეზს, არამედ დსთ-ს წევრი სახელმწიფოებისა და ევროპისკენ.
სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტის შემქმნელი ირანი (ეს მარშრუტი რახანია მოქმედებს სპარსეთის ყურიდან დაწყებული, ირანისა და კასპიის ზღვის გავლით რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ) უეჭველად დაინტერესდება ახალი მარშრუტით.
ცნობისათვის - სულ ახლახანს, გაიხსნა რკინიგზა, რომელიც აკავშირებს ყაზახეთ-თურქმენეთს და ირანს. რკინიგზა არის ნაწილი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა, რომელსაც ჰქვია სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტი. ამ გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო.
რახან ირანის შესახებ აღვნიშნეთ, ისიც ვთქვათ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა, როგორც მსოფლიოსთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის. 30 წელიწადზე მეტია „ირანის ფაქტორი“ მსოფლიოს ერთ-ერთ პოლიტიკურ რეალობადაა ქცეული, რომელსაც ანგარიშს უწევენ არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. მიზეზი ამისა არის - ნამდვილი დამოუკიდებლობა, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო საკითხებში.
მსოფლიოსთვის რახანია მნიშვნელოვნად იქცა „ირანის ფაქტორი“. რა არის ამის მიზეზი და რამ გამოიწვია ირანის ესოდენ განსხვავებული პოზიცია?
უპირველეს ყოვლისა საკუთარ ძალებზე დაყრდნობამ. 30 წელიწადზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობამ დაამხო (1979) პროამერიკული შაჰის რეზა ფეჰლევის რეჟიმი და სრულიად ახალ ცხოვრებას დაუდო საფუძველი.
აშშ-ს მარჯვენა ხელი და რეგიონში ამერიკელთა ჟანდარმის როლის შემსრულებელი შაჰის რეჟიმის დამხობა, ამერიკის პოლიტიკის დამხობის ტოლფასი იყო. ამერიკისა და მისი მოკავშირეების მიერ ეკონომიკურ-პოლიტიკურ ბლოკადაში მოქცეულმა ირანმა, ყველა გარე გამოწვევას გაუძლო - ერაყთან 8-წლიან ომს, გარედან მოწყობილ არაერთ ტერორისტულ აქტს, მწვავე კრიტიკას და მუდმივ ლანძღვას საერთაშორისო მედიაში, გაეროს უშიშროების საბჭოს, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს, სხვა უამრავ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ზეწოლას და გაუძლო ისე, რომ წამითაც წარბი არ შეუხრია, არ გადაუხვევია იმ გზიდან, რასაც დამოუკიდებელი პოლიტიკა ჰქვია.
დღეს, ძნელად შეხვდებით ქვეყანას (შეხვდებით კი?), რომელსაც ისეთი სუვერენიტეტი აქვს მოპოვებული, როგორიც ირანს. ყველგან იგრძნობა აშშ-ს ხელი. ავიღოთ თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ყველა მათგანს, მათ შორის გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას, ესპანეთს, სხვებს თავმოყვარეობა აქვთ დაკარგული და აშშ-ს ადმინისტრაციის თუნდაც მესამეხარისხოვანი მოხელე ვიქტორია ნულანდის - დიდაქტიკურ ტონსა და თითის ქნევას ეთანხმებიან.
დასავლეთის და არა მარტო დასავლეთის „მოლაქუცე ფინიური“ დამოკიდებულება „დიდი“ ბატონის, უფრო სწორად პატრონის მიმართ - კარგად გამოჩნდა ვაშინგტონ-მოსკოვის დაპირისპირებაში. ლონდონი, ბერლინი, პარიზი მზადაა უკანალი აულოკოს ვაშინგტონს, თუნდაც ამ ალოკვამ განუკურნებელი სნეულება შეჰყაროს. ოღონდ ვაშინგტონი იყოს კმაყოფილი და ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან საკუთარი ეკონომიკის გაუარესების ხარჯზე, გაამწვავონ ურთიერთობა მოსკოვთან.
ანალოგიურს ჰქონდა ადგილი ირანთან მიმართებაშიც. მაშინ მიხვდა ირანი, რომ კბილის პასტიდან დაწყებული ბირთვული კვლევებით დამთავრებული ყველაფერი მას უნდა გაეკეთებინა. და გააკეთა.
დღევანდელი ირანი არის განვითარებული მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის, კულტურის ქვეყანა. ქვეყანა, რომელმაც ყველაფერი საკუთარი ხელითა და ტვინით შექმნა - თან იზოლაციაში მყოფმა. ვგონებ ურიგო არ იქნებოდა რუსეთს, ირანის მაგალითი გაეზიარებინა. და რატომ მარტო რუსეთს, იქნებ ჩვენც - სხვისი ხელის შემყურეს!
ირანი ერთადერთი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელმაც ქედი არ მოიხარა აშშ-ს წინაშე, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიცაა ბირთვული კვლევები. განა „დიდი ექვსიანის“ ფორმატის შექმნა, ირანთან მოლაპარაკებების წარმოების საბაბით, არ ნიშნავს მსოფლიოში ირანის მზარდ როლს?
ირანის ბირთვული კვლევის საკითხი ხომ ბოლო წლების საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია? სულ ახლახანს, ვენაში დასრულდა „ექვსეულ“-ირანის (გაეროს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია) მოლაპარაკება, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო.
„დღეს, მსოფლიოში არავის შეუძლია თქვას, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები გასამკაცრებულია. დღეს, ყველა ამბობს, რომ საჭიროა მეტი დრო, მეტი ლაპარაკი, რათა საბოლოო შედეგი იქნას მიღებული“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა როუჰანიმ.
მოლაპარაკების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ხელმოწერა დოკუმენტისა, რომელიც ა.წ. 25 ნოემბერს უნდა გამართულიყო - გადაიწიოს მომავალი წლის ივნისის ბოლოს.
ირანმა მიაღწია შეთანხმებას, რომ ის მიიღებს უცხოეთში გაყინული საკუთარი თანხების ნაწილს - თვეში, 700 მილიონ დოლარს. ირანმა დასვა დასავლური სანქციების ერთბაშად მოხსნის საკითხი, თუმცა „ექვსეული“ ვერ დაიყოლია. „ექვსეულის“ აზრით, ეს პროცესი თანდათანობით უნდა განხორციელდეს, თან ირანის ბირთვული ობიექტების მონიტორინგით.
ირანის როლი საერთაშორისო საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონულში, წლიდან-წლამდე იზრდება. ირანი გვევლინება მშვიდობის დამცველ ქვეყნად ტაჯიკეთში; ჩრდილოეთ ავღანეთში მცხოვრები შიიტების დამხმარედ; პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასის“ და ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლას“ პოზიციების მხარდამჭერად.
ირანი აქტიურად თანამშრომლობს და მხარს უჭერს სირიისა და ერაყის ხელისუფლებებს. ირანი არა მარტო ეწინააღმდეგება ტერორისტულ ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა „ჯებხატ ან-ნუსრა“, „ისლამური სახალიფო“, სალაფიტური ორგანიზაციები, არამედ აქტიურად იბრძვის მათ წინააღმდეგ.
ირანი ეწინააღმდეგება ისრაელის გეგმას ერაყის გაყოფის თაობაზე. ირანმა აქტიური წვლილი შეიტანა „ისლამური სახალიფოს“ არმიისგან ერბილ-ბაღდადის დაცვის საქმეში.
ირანის აქტიური პოზიცია სირიისა და ერაყის მიმართ არ არის გამოწვეული მარტო იქ მცხოვრები შიიტებისა და ალავიტების დაცვით, არამედ საერთოდ რეგიონში სტაბილურობის დაცვით. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს პოლიტიკას ერაყსა და სირიაში - ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა უწოდა და დაადანაშაულა ამერიკა ვაჰაბიტური ბანდების ჩამოყალიბებაში.
სირიისა და ერაყის მიმართ ირანის პოზიცია გეო-ეკონომიკური ინტერესებითაც არის განპირობებული. საიდუმლოებას არ წარმოადგენს ისიც, რომ ომის გაჩაღებით, აშშ-ა ჩაშალა ირან-სირიის ხელშეკრულება გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლითაც მოხდებოდა გაზის გატანა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.
დააკვირდით, სად იბრძვიან „ისლამური სახალიფოს“ მეომრები - მოსულიდან დაწყებული სირიის ჩრდილოეთით დამთავრებული. ზუსტად ამ ტერიტორიებზე უნდა გაევლო ირან-სირიის გაზსადენს.
ირანს პრაგმატული ურთიერთობები აქვს რუსეთთან. მან უკვე მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელების თაობაზე. პირველი წყება - ბუშერის ბირთვული სადგური, სწორედ რუსეთის დახმარებით აშენებული, უკვე შევიდა ექსპლუატაციაში. მიღწეულია შეთანხმება რკინიგზის დარგში თანამშრომლობის საკითხებში, რაც ითვალისწინებს არა მარტო რეკონსტრუქციას, არამედ მშენებლობას.
„ირანის ფაქტორს“ დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისთვის. წელს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი ეწვია თეირანს, ისევე, როგორც ირანის პრეზიდენტი როუჰანი ბაქოს. ირანი კატეგორიულად მოითხოვს, რომ კავკასიის საკამათო, საკონფლიქტო საკითხებში არ იყოს ჩართული არარეგიონული მხარე.
სომხეთ-რუსეთიც წინააღმდეგნი არიან რეგიონში არარეგიონული ძალების გამოჩენის. ირანმა, რუსეთთან ერთად, არაერთხელ გააფრთხილა ამიერკავკასიის ქვეყნები და მათ შორის საქართველო, რომ არ დაუშვებს დესტაბილიზაციას რეგიონში და მთელი ძალებით შეეწინააღმდეგება შეიარაღებულ კონფლიქტს.
ირანმა ასევა მკაცრად გააფრთხილა ანკარაც. თეირანის გაფრთხილება ანკარის მისამართით მაშინაც გაჟღერდა, როდესაც აქტიურად ალაპარაკდნენ თურქეთში აშშ-ს მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებაზე. თვით თურქეთი რიდით ეპყრობა მეზობელ ირანს.
ირანის წინადადებით შემუშავებული იქნა ირან-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი საბჭო - რეგიონში, ერთმანეთთან შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედებებისთვის.
ირანის მიმართ საქართველოს ხელისუფალთა დამოკიდებულება ზომაზე მეტად არასერიოზულია, რაც არაერთხელ დამტკიცდა „საოცნებო“ ხელისუფლების გადაწყვეტილებებით - ერთობ ანტიირანულით და პრიმიტიულით. არადა „ირანის ფაქტორის“ გათვალისწინება კავკასიაში, კერძოდ საქართველოში არ აწყენდა საქართველოს ხელისუფლებას. თუ „ირანის ფაქტორს“ დიდი სახელმწიფოები ითვალისწინებენ, რას წარმოადგენს მტკაველი და სუსტი საქართველო?
საქართველო, დასავლეთ-აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ-სამხრეთს შორის გადებული ქვეყანა, ვერ იარსებებს მარტო ევროატლანტიკური სივრცით, რამეთუ ის ტერიტორიულადაც და მენტალურადაც შორს დგას იმ აზროვნებისგან, რაც იქ და არა აქ, საქართველოში, კავკასიაში არის გამჯდარი. თითო-ოროლა მეტიჩარა ქართველი „პოლიტიკოსის“ ევროატლანტიკური წყალდალეულობა კი ვერ უშველის იმ რეალობას, რაც სუფევს კავკასიაში.
მოსკოვ-სოხუმ-თბილის-ერევანს, შემდგომში თეირანს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენა საერთაშორისო თანამშრომლობის, ბიზნესის, ხალხთა დაახლოების უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა. მისი ხელიდან გაშვება არ უნდა შედიოდეს რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოს, სომხეთის და ირანის ხალხთა ინტერესებში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
30/11/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.