ქართული "დემოკრატიის" ზეობა

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენა - საზოგადო ტრანსპორტი და აქედან გამომდინარე პრობლემები იყო. სამარშრუტო ტაქსების გაფიცვამ თავიდან ბოლომდე გააშიშვლა საკითხი, რომელსაც საარჩევნო „დემოკრატია“ ჰქვია. სამარშრუტო ტაქსებისა და მერის დაპირისპირება ცხოვრებისეული სავალალო ნიუანსია, თანაც ისეთი, კერძო მესაკუთრისა და მერიის მტაცებლურ, მომხვეჭელურ ბუნებას რომ მთელი სიგრძე-სიგანით გვიჩვენებს.
„არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ - გვეუბნება ქართული ანდაზა და ცხოვრებისეული ფაქტებით გვიმტკიცებს, რომ „დემოკრატია“ საქართველოში ჯერ-ჯერობით მჟავე ხილია. ქართული მენტალიტეტი, რომ შორს არის მისგან, არაერთხელ გამოჩნდა ოცწლიანი თავისუფლების დროს. სიტყვიერი დემოკრატიის ზეობას ვეზიარეთ ამ ოცი წლიდან, ბოლო ცხრა წელიწადში. და არა მარტო ვეზიარეთ, როგორც ნაციონალები და მათი დასავლელი აღმზრდელები გვიმტკიცებენ, სისხლხორციელად შევითვისეთ კაცობრიობის მონაპოვარი.
რა არ ითქვა ამ ცხრა წლის განმავლობაში ქართველთა უზომო დემოკრატიულობის თაობაზე, მათი ლიდერის დემოკრატიის შუქურობაზე, იმაზე, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა და ა.შ. მაგრამ შეიძლება ყოველგვარი ფუნდამენტის გარეშე დემოკრატიის აშენება? შეიძლება, რომ ზემოდან წამოსულმა დემოკრატიამ ისეთივე ნაყოფი გამოისხას, როგორც ბუნებრივმა?
ბოლო მოვლენებმა გამოავლინა, რომ ხელისუფლების მიერ თავსმოხვეული, დაძალებული დემოკრატია უმწიფარი ხილივითაა და მას არაფერი აქვს საერთო არც დასავლურ და არც აღმოსავლურ დემოკრატიასთან. ძალით გადემოკრატება შეუძლებელია და რაც არ უნდა ამტკიცონ არასამთავრობოებმა - საქართველო დემოკრატიის აკვანია, შედეგი სავალალოა. „ოკეანედალეულმა“ არასამთავრობოებმა უნდა ამტკიცონ, რომ ბოლო ცხრა წელიწადში საქართველო „დემოკრატიის“ ნაკრძალად იქცა. მათ ასე უნდა თქვან და ამით გაამართლონ ამერიკელთა და სხვა გადამთიელთა მიერ მათზე დახარჯული ათასების ეფექტიანობა.
იქ „გამოტრენინგებული“ ენჯეოების მთავარი დავალება ხომ ხალხის „გამოტრენინგებაა“. გაწვრთნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, რაც მათ და ნაცურმა ხელისუფლებამ მოახერხეს - გამოთაყვანებაა. დემოკრატიანაზიარები საქართველო, ისეთივე დემოკრატიულია, როგორც ავღანეთი ან სხვა აფრიკული ქვეყანა. ნაცური ბანდისთვის კი - „დემოკრატია“ საბურთაო სიტყვა - მხოლოდ ქვემდგომთა შესასრულებელი. ასე და ამრიგად ნაცებმა შექმნეს დემოკრატია, თავისებური, მჟავე და მიუღებელი სხვათათვის.
ქართულ, მითუმეტეს ნაცურ დემოკრატიას არაფერი ესაქმება ნამდვილ, დასავლურ დემოკრატიასთან, რაც არ არის გასაკვირი. დედამიწის ზურგზე იშვიათად თუ იპოვით ქვეყანას, რომელიც თავს დემოკრატიულს არ უწოდებდეს. ყველას თავისი დემოკრატია აქვს. ყველა იმის მტკიცებაშია, რომ მათი დემოკრატია სჯობია სხვისას. ასეა საქართველოც.
მაგალითად, ამერიკელები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ მათი დემოკრატია გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე ევროპული ან აზიური. ევროპელები კი თვლიან, რომ ისინი უფრო დემოკრატიულები არიან, ამერიკელებზე. ორივენი ერთად აძაგებენ რუსულ დემოკრატიას, უფრო სწორად ანტიდემოკრატიულობას. დასავლეთი, დემოკრატიის უქონლობის გამო, აკრიტიკებს ჩინეთს, ირანს, სხვებს და აქებს საქართველოს. გახსოვთ ამერიკელი სენატორის მაკკეინის „მამაშვილური“ რჩევა რუსეთის ხელისუფლებისთვის - დემოკრატია საქართველოდან ისწავლეთო.
ევროატლანტიკური სივრცე წიხლავს რუსეთს, ჩინეთს, ირანს, სხვებს არადემოკრატიული საზოგადოების შექმნისთვის. ეს უკანასკნელნი კი ევროატლანტიკურ სივრცეს მიკერძოებისთვის, ორმაგი სტანდარტებისთვის, შერჩევითი დემოკრატიისთვის და ა.შ. აშშ-ს ადმინისტრაცია დღესაც აკრიტიკებს რუსეთს არადემოკრატიული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის. აქებს საქართველოს ნაცურ ხელისუფლებას ნამდვილი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.
და საქართველოს სჯერა, რომ ეს ასეა. რაც მთავარია, იმ დასავლეთსაც სჯერა, რომ ასეა. არადა ობიექტურობის გრძნობამ თუ არ გვიღალატა, უმალ დავინახავთ, რა მძიმე, დანაშაულებრივ ვითარებას ჰქონდა ადგილი საარჩევნო მარათონის პერიოდში. მსგავსს რომ ადგილი ჰქონოდა რუსეთში ან ბელორუსში, ამერიკელ პოლიტიკოსებს რა დააკავებდა?
არადა სიმართლე მოითხოვს ვაღიაროთ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებული, უნიკალური ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა გაცილებით სამართლიანი და გამჭვირვალეა, ვიდრე ამერიკული საარჩევნო სისტემა.
ნომერ პირველ ქვეყანას ერთიანი ფედერალური საარჩევნო ცენტრი არ გააჩნია. ყველა შტატს საკუთარი, ერთმანეთისგან განსხვავებული სისტემა აქვს. ამერიკაში, არჩევნების დღესაც მიმდინარეობს ამომრჩევლების სატელეფონო თუ სხვა სახის აგიტაცია, ამომრჩევლის გადაბირება. ამერიკის არჩევნებისთვის ჩვეულებრივი რამაა ამა თუ იმ პარტიის მიერ დაქირავებული ავტობუსებით ამომრჩევლების საარჩევნო ყუთთან მიყვანა.
სხვა არადემოკრატიული მაგალითების მოყვანაც შეიძლება, თუმცა ესეც კმარა. ამერიკაში მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა ამერიკელთა თვალთახედვით ზედემოკრატიულია, სხვასთან ჩატარებული არჩევნები, საქართველოს გამოკლებით, არადემოკრატიული.
არის თუ არა ამერიკული არჩევნები დემოკრატიული - საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა შეაფასონ. მსგავსი რამ ამერიკამ მხოლოდ ბოლო წლებში დაუშვა და ისიც ზედაპირულად. როგორც მოგახსენეთ, ყველა შტატს თავისი წესი აქვს და ვაშინგტონიც, რომ „ჩაერიოს“, ის ამ წესს არ შეცვლის. სისტემატური ხასიათი აქვს საერთაშორისო დამკვირვებლების არათუ საარჩევნო უბანზე დაუშვებლობას, არამედ თვალსაწიერზე გაჭაჭანებასაც კი. და ასეთი „დახვეწილი“ საარჩევნო სისტემის ანუ დემოკრატიის ქვეყანა სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით დსთ-ს სივრცეში, მიმდინარე არჩევნებს აკონტროლებს, თანაც „ავტორიტეტულად“ აფასებს არჩევნების ავკარგიანობას.
რა გაეწყობა, დიდმა ქვეყანამ მიითვისა „დემოკრატიის“ ბარომეტრობა და სურვილისდამიხედვით ჭრის და კერავს. ამ ჭრა-კერვაში მასზე შეყვარებულ საქართველოს „დემოკრატიის“ ტანსაცმელი შეუკერა, რითაც ისე გაათავხედა ნაცური ხელისუფლება, რომ თავი მართლაც დემოკრატად აგრძნობინა. აქაოდა ვაშინგტონის ნაქები, ნამდვილი დემოკრატები ვართო. ციხეები პოლიტპატიმრებით გაავსეს, შებრუნებული სიტყვისთვის სამსახურებიდან დაითხოვეს „ქვეშევრდომი“ საქართველო, მასმედია სალაღობო შოუებით გამოტენეს - საამური ცხოვრებაა დემოკრატიულ საქართველოშიო.
დასავლეთიც პირმცინარი შეჰხაროდა სანაქებო ქართულ ანუ ნაცურ დემოკრატიას - ეს რა ვნახეთო, დროის მცირე მონაკვეთში, მსგავსი ფერიცვალება დაუჯერებელიაო, მხოლოდ სააკაშვილის სიბრძნე და შემართება თუ მოახერხებდა ამასო და ა.შ. რა პოლიტპატიმრები, რის პოლიტპატიმრები - სააკაშვილმა გამოუსწორებელი კრიმინალები ჩაყარა ციხეებშიო.
სინამდვილე კი სხვა იყო და ამ სინამდვილეს საქართველოში არსებული არც ერთი დასავლური საელჩო არ ამჩნევდა. საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებით იყო გადაჭედილი, მაგრამ უცხოური დიპლომატიური მისია დუმდა, მაშინ, როდესაც რუსეთსა და ჩინეთში თითო-ოროლა ე.წ. პოლიტპატიმარზე სახეს იხოკავდა. რა გაეწყობა ამერიკისთვის რუსეთ-ჩინეთი პოტენციური მეტოქეებია, საქართველო კი ნაშვილები ქვეყანა, რუსეთის გამაღიზიანებელი დავალებით.
თუ რუსეთში, არჩევნების გზით, ხელისუფლების ცვლას, ამერიკა, არასრულ დემოკრატიად თვლის, ჩინეთში, ყოველ ათ წელიწადში განხორციელებულ სახელისუფლებო როტაციას აბსურდად, არადემოკრატიად მიიჩნევს. არადა, მილიარდნახევრიან გიგანტ ჩინეთში ათწლიანი ცვალებადობის ციკლი გაცილებით მისაღებია, ვიდრე არჩევნებით გამოწვეული ქაოსი. ჩინეთი ჯერ არ არის მზად საყოველთაო, ევროპული არჩევნებისთვის. გავა დრო და ალბათ იქაც ისე იქნება, როგორც სხვაგან. ამ ეტაპზე კი საარჩევნო ციებ-ცხელება ძვირად დაუჯდება, როგორც ჩინეთს, ისე მსოფლიოს.
აღმოსავლეთში სხვა დემოკრატიაა და არავინ იცის, ამერიკული დემოკრატია სჯობს თუ აღმოსავლური. იქნებ ის უფრო უპრიანია, როდესაც ერთი პარტია, ცხადია პატიოსანი გზით აშენებს ქვეყანას? ჩან კაიშის მატერიკიდან, კუნძულ ტაივანზე განდევნიდან დაწყებული, 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, ტაივანს, ერთი პარტია მართავდა, რომელმაც არათუ ფეხზე დააყენა ოცმილიონიანი რესპუბლიკა, არამედ თითით საჩვენებელი გახადა მთელს მსოფლიოში.
დასავლური საზომით სინგაპური შორს არის დემოკრატიისგან. მას თავისი დემოკრატია აქვს, აღმოსავლური, გონივრული, დისციპლინაზე დაფუძნებული, ისეთი, რომლითაც ამ პატარა ქვეყანამ საარაკო მიღწევებს გამოჰკრა ხელი. სინგაპური ის სახელმწიფოა, სადაც უბინაო მოქალაქე არ არსებობს, სადაც გვერდიგვერდ, თანაბრად ცხოვრობს ჩინელი, ინდოელი, მალელი, სხვა ერის წარმომადგენელი. ეს ქვეყანა მოწინავეა არა მარტო თანამედროვე ცხოვრებით, არამედ მდიდარსა და ღარიბს შორის არსებული მინიმალური ზღვარით. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი, სააკაშვილის „სინგაპურიზაციით“ გაბეზრებული, სინგაპურს აუგად იხსენებს - არადემოკრატიულიაო. ნეტავ ისეთი არადემოკრატიულები ვიყოთ.
ჩინეთი, სინგაპური, ჰონ-კონგი, ტაილანდი, ტაივანი დასავლური დემოკრატიით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ, რა დემოკრატიაც აქვთ, შესაფერისი ქვეყანა და ცხოვრებაც გააჩნიათ. ტყუილად არ ჰქვიათ ამ ქვეყნებს „ეკონომიკური ვეფხვები“. მათი ეკონომიკური წარმატებები, დინამიური განვითარება, მართლაცდა 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი ცხოვრება, ბევრი ევროპელისთვისაც სანატრელია. და ეს ყველაფერი ყბადაღებული ამერიკული დემოკრატიის გარეშე, იმ დემოკრატიისა, უპირველესად ფასადურისა, რომელსაც ეტრფის საქართველოს პოლიტიკა.
„ტრფობა“, დემოკრატად გადაქცევის სურვილით არ არის გამოწვეული, ის უფრო მერკანტილური გრძნობების ნაყოფია. ამერიკას უყვარს აღსაზრდელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დემოკრატიაზე ლაპარაკი - „ნახეთ, რა სწრაფად აღვზარდეთ, მსგავს დემოკრატიას ვერ შეხვდებით ყოფილ საბჭოთა სივრცეში“, - სიამაყით ამბობენ ისინი და თვალს ხუჭავენ აშკარა არადემოკრატიულ მოვლენაზე - ასობით პოლიტპატიმარზე, პატარა ქვეყნისთვის სრულიად შეუფერებელ გადაჭედილ ციხეებზე, ხელისუფლების დესპოტურ მართვაზე, ნებისმიერი დონის გაყალბებულ არჩევნებზე, ერთი კაცის მიერ ერის დამონებაზე და სხვა.
ამერიკელთა წყალობით საქართველომ ვერც დემოკრატია ააშენა და ვერც ქვეყანა. სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც მან ამერიკელების უშუალო მონაწილეობით ააგო, მიუსადაგებელია ქართულ მენტალიტეტთან და როდესაც ლაპარაკია სააკაშვილის გადაყენებაზე, პარალელურად უნდა იყოს მოთხოვნა ჩანერგილი ამერიკული სახელმწიფო სისტემის გაუქმებაზე.
სახელმწიფო მართვის სისტემა და აქედან გამომდინარე კანონმდებლობა, აქ უნდა შეიქმნას - ქართული მენტალიტეტის, ცხოვრების წესის, ისტორიის, ტრადიციების გათვალისწინებით და არ უნდა მოდიოდეს სხვა ქვეყნიდან, თუნდაც ამერიკიდან. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკული სისტემა სპეციალურად საქართველოსთვის არ არის გამიზნული, უბრალო ტრაფარეტია ნებისმიერი აფრიკული სახელმწიფოსთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველომ ვერც დემოკრატია შექმნა და ვერც ასატანი სოციალური ყოფა. ის, რაც მან მოახერხა სიცრუე, ხელისუფლების მიერ ხალხის ჩაგვრა, საყოველთაო შიშის ფაქტორის დამკვიდრებაა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს მატრაკვეცა ოპოზიციონერების დაბეჯითებული მოთხოვნა - ყველა დონის არჩევნების ჩატარებაზე, მათ უსაფუძვლო იმედი ჰქონდათ გამარჯვებისა. მწარედ შეცდნენ, ვერ მიხვდნენ, რომ სააკაშვილი არც ერთ რგოლს არ დათმობდა.
ნაცებმა გაითვალისწინეს ოპოზიციის თხოვნა - დასავლეთსაც თვალში ნაცარი შეაყარეს. იმანაც უმტკივნელოდ მიიღო ყოველივე, რამეთუ ერთობლივი პროპაგანდის ნაყოფი იყო და დაინიშნა ყველა დონის, მათ შორის ქალაქების მერების არჩევნები. ეჭვი არავის ეპარებოდა ნაცთა გამარჯვებაში. მათ გამარჯვებაც იზეიმეს და ადგილობრივ ხელისუფლებაში სამარადისო ყოფნის გეგმაც დასახეს. შემთხვევით არ გაუმართლდათ, თორემ დღესაც ნაცთა ზეობა იქნებოდა.
საპარლამენტო არჩევნებმა წყალი შეუყენა ნაცებსა და მათ გეგმებს, თუმცა ადგილობრივ დონეზე ძვრა ვერ უყო. ნირწამხდარი ნაცები, იხტიბარს არ იტეხენ და ნაცვლად იმისა, საქმე აკეთონ, კრიჭაში უდგანან ახალ მთავრობას. მაგალითად თბილისის მერიაც კმარა. მან და მისმა თავმა კარგა ხანია დაივიწყა პირდაპირი მოვალეობა - ქალაქის მოვლა და ხელისუფლების კრიტიკაზე გადავიდა. ჩაოხრებული ქალაქი, მეურნე მერის ხელს მოითხოვს. მერი კი ნაცვლად დაკისრებული მოვალეობისა პოლიტიკური განცხადებებით ირთობს თავს.
„არჩეული“ მერი არავის ეპუება, მითუმეტეს ივანიშვილის მთავრობას. მერი სხვა პარტიისაა ანუ ოპოზიციაში მყოფი ნაცების. ამდენად მისთვის არაფერს ნიშნავს სამარშრუტო ტაქსების გაფიცვა, უტრანსპორტობით გამოწვეული თბილისელთა დისკომფორტი. ერთ კვირაზე მეტი მიმდინარეობდა გაფიცვა, მაგრამ მძღოლთა სამართლიან მოთხოვნებს საშველი არ დაადგა ერთი მიზეზის გამო - ჭარბ ჭამას მიჩვეული მერი ვერაფრით დასჯერდა მძღოლთათვის შეწერილი ულუფის შემცირებას. მას არ აღელვებს თბილისელთა გაძაღლებული გადაადგილება, არც ის, რომ აუტანელი მგზავრობით დატანჯული ადამიანების შრომის ნაყოფიერება ნულის ტოლია.
რას აკეთებდა მთავრობა? აკადემიური სიმშვიდით შეჰყურებდა თბილისელთა ტანჯვას. მან ვერაფერი მოუხერხა „არჩეულ“ მერს. ესეც თქვენი დემოკრატია! არჩეული, მაგრამ სხვა პარტიის წარმომადგენელი მერი პრობლემად ექცა არა მარტო მმართველ მთავრობას, არამედ ამომრჩევლს და ეს იმიტომ, რომ „არჩეული“ მერი თავის ამომრჩეველს მონად მიიჩნევს.
საპარლამენტო არჩევნების სამი თვის თავზე აშკარად გამოჩნდა მერის არჩევნების შეუთავსებლობა ქართულ მენტალიტეტთან. საქართველო მზად არ არის ყველა დონის არჩევნებისთვის. მერი უნდა ინიშნებოდეს. მისი მთავარი მოვალეობა, ისე, როგორც ნებისმიერი მოხელის - ხელდაკაპიწებული შრომა უნდა იყოს და არა პოლიტიკური ლაქლაქი, მითუმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია - სადაც ქალაქის მეურნეობის ნებისმიერი რგოლი მოშლილია.
სხვას, რომ თავი დავანებოთ, ვილაპარაკოთ სატრანსპორტო მომსახურებაზე. მომსახურებას ვამბობ, თორემ იმას, რაც ამ დარგში ხდება, მომსახურება არ ჰქვია. კომფორტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ჯერ იყო და ამორტიზებული ჰოლანდიური ავტობუსებით აავსეს თბილისის ქუჩები, შემდეგ, როდესაც ყველამ ერთად სული განუტევა, ახალი, მაგრამ ერთობ არაკომფორტული უკრაინული ავტობუსებით ჩაანაცვლეს ისინი. საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ განახლება არ ჩანს. უკვე მორყეული, მოჯაღჯაღე, მინაჩამტვრეული ავტობუსები რის ვაი-ვაგლახით დადიან ქუჩებში.
მერიამ ისიც ვერ მოიფიქრა ავტობუსებისთვის, გარდა საქარე მინისა, სხვაგანაც გაეკეთებინა ნომრები. რაც მოახერხა - მორბენალი რეკლამაა ანუ სარეკლამო დოლბანდში გახვეული ავტობუსები.
კერძო ავტომანქანებით გადატვირთული ქალაქისთვის ერთადერთი გზა განტვირთვისა საქალაქო ტრანსპორტის განვითარებაა.
სუფთა, გამართული, ზუსტად მომუშავე საქალაქო ტრანსპორტი თუ მიიზიდავს კერძო ტრანსპორტის მფლობელებს, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ევროპის ქვეყნებში.
თბილისის მერი კი დიდი პოლიტიკითაა დაკავებული. ის პოლიტიკოსია და თავისუფალ დროს მერობით იქცევს თავს. მერი არჩეულია და ასეთს ბუზსაც ვერ აუფრენ. რა გაეწყობა, ასეთია ქართული „დემოკრატია“.
განუკითხაობის, სახელმწიფო ქონების ქურდობის აშკარა მაგალითია „არჩეული“ მერის მიერ 740 ნაცი აქტივისტის, მათ შორის კოორდინატორებისთვის, მერიის სხვადასხვა სამსახურებში გაფორმება - არა მუშაობისთვის, არამედ ხელფასის მიღებისთვის. საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული ნაციონალებისთვის სერიოზული პრობლემა გახდა - მხარდამჭერთა დასაქმება. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ნაცთა ლიდერმა და მისმა კორუმპირებულმა წრემ გადაწყვიტეს საკუთარი მხარდამჭერების იმ რგოლებში გაფორმება, რომლებიც ჯერ-ჯერობით მათ ხელშია. ამ მხრივ თბილისის მერიის სამსახურები შესანიშნავი ნავსაყუდელია.
თბილისის მერის დანაშაული სახეზეა და არა მარტო მისი, არამედ ნაცი პრეზიდენტის, ნაცი საპარლამენტო უმცირესობის, სხვა ბობოლა ნაცების. ნაცთა წაგებამ გამოავლინა დანაშაული, რომელსაც ფართო საზოგადოება ვერც ვერასდროს გაიგებდა, მათი გამარჯვების შემთხვევაში.
„არჩეულმა“ მერმა, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, უკმეხად განაცხადა - დიდი სიამოვნებით ყველას დავასაქმებდიო, თითქოს თბილისი მისი კერძო დუქანი იყოს. არადა კაცმა რომ თქვას, არ არის თბილისი უგულავას დუქანი? არის და მერე როგორი. თუ 9 წლის განმავლობაში საქართველო იყო სააკაშვილის დუქანი, რა დააშავა უგულავამ? ისიც ხომ არჩეულია?
ასე იცის დემოკრატიულ არჩევნებთან კეკლუცმა. არ არის საქართველო იმ დონეზე, რომ მერების არჩევნები ჩაატაროს. დანიშნული მერი უფრო მორჩილი იქნებოდა და თუ არა, მისი დათხოვნა ჩვეულებრივად მოხდებოდა, როგორც ნებისმიერი მოხელის.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის გაფლანგვის დანაშაული არა მარტო მერის კისერზეა, არამედ ყველა იმ 740 კაცის, ვინც რძესავით შეირგო ხალხისათვის წართმული ფული. არადა, რამდენ ასეთს ჰქონდა ადგილი 9 წლის განმავლობაში? თითქმის შვიდასი ათასი ლარი დაიხარჯა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი „გულშემატკივრის“ მივლინებაზე. მშრომელი ადამიანის ფული იხარჯებოდა კიკაბიძე-ბრეგვაძის უცხოურ გასტროლებზე. ამ პატივისცემის შემდეგ კიკაბიძე სააკაშვილს რომ დავით აღმაშენებელს შეადარებდა, გასაკვირი იყო? მიკვირს, რომ ნაპოლეონს არ შეადარა.
აი ასე ხარობდნენ, უფრო სწორად „გულაობდნენ“ ერთ მუშტად შეკრული ერი და ბერი. ისე, ბერებმაც „იგულავეს“ სახელმწიფო ხაზინიდან შეძენილი ჯიპებით. ის, რაც უგულავამ ჩაიდინა - დანაშაულია, მაგრამ მიიღებს ის შესაბამის სასჯელს? ახალი ხელისუფლების შემხედვარე, ძნელად დასაჯერებელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
02/02/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.