პროვინციალიზმით შეპყრობილი ერი

hamlet chipashvili-politologi

„პროვინციალიზმით შეპყრობილია ყველა, ვისაც მართლა გულწრფელად სჯერა, რომ საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია; რომ საქართველოს გაბრწყინება, რუსეთის დაბნელებაზე ჰკიდია; რომ მიშა მაგარია და თურქი საქართველოს ისტორიული მეგობარია, ...“.
რა მოსწრებულად, სხარტად არის ნათქვამი ცნობილი ჟურნალისტის თეიმურაზ ქორიძის მიერ სტატიაში „PROVINCIA“, რომელიც ა.წ. 18 თებერვალს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში.
ავტორი სხვასაც ბევრს აღნიშნავს - დამაფიქრებელს, კრიტიკულს, მაგრამ ეშველება რამე მართლაცდა პროვინციულად მოაზროვნე საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს? ალბათ ნაკლებათ, ვინაიდან ჩაბეტონებული პროვინციული აზროვნების შეცვლა, მითუმეტეს ამოძირკვა ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული - უპირველესად სწორ აღზრდაზე, განათლებაზე, შესაბამის გარემოზე.
ქართულ აზროვნებას თავისი „მზრუნველი“ ხელი დაატყო 25-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“, ძველის სწრაფმა ცვლამ, დასავლურმა ფინანსებმა და პროპაგანდამ. პროვინციალიზმი, ერთის შეხედვით უმტკივნეულო მოვლენა, მტკივნეულად ექცა ქვეყანას და მისი ყოფნა-არყოფნის არასასურველი პერსპექტივა წარმოგვიჩინა.
პროვინციალიზმი რა კავშირშია ქვეყნის ყოფნა-არყოფნასთანო - მკითხავს მავანი. შუაში კი არა, თავშია და თუ დროულად არ მოხდა მისი დამარცხება, ქვეყანა დამარცხდება.
პროვინციალიზმთან ბრძოლა ურთულესი საქმეა, მითუმეტეს საზოგადოებაში, სადაც ღრმად აქვს მას ფესვი გამდგარი. ყველგან უწიგნურება, ზერელეობა, თავხედობა, ბრიყვული თვითდაჯერება, არაპროფესიონალიზმი სუფევს - ბიზნესში, ხელისუფლებაში, პოლიტიკაში, კულტურაში.
როდესაც ყმაწვილი, უცხოეთის რომელიღაც უნივერსიტეტის ხანმოკლე „სწავლას“ ნაზიარები, ვიღაც აქაური გავლენიანი ნათესავის მიერ აღმოჩენილი და რეკომენდაციაგაწეული, დიდი „ხვეწნა-მუდარის“ შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებული (ვითომცდა მხსნელად), კაბინეტში, დიპლომს მიაბამს კედელს - პირწმინდა პროვინციალიზმია, ისე, როგორც აფთიაქების კედლებზე ჩამოკიდებული უცხოური სერტიფიკატები, რომლებიც ვერ შველიან კუჭის შესაკრავი წამლის ნაცვლად, საფაღარათოს გაცემას.
პროვინციალიზმია, როდესაც ერთი თვის განმავლობაში, განუწყვეტელ რეჟიმში, მედია ტვინს უბურღავს დამშეულ, სოციალური გაუსაძლისობით დამძიმებულ ხალხს ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებული ამბვებით. პროვინციალიზმია, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უმტკიცებენ, ვინ მეტი ევროატლანტელია. პროვინციულობაა დავით ბერძენიშვილის განცხადემა ევროატლანტიკური ორიენტაციის „ყველაზე წარმატებული მინისტრის“, თანაპარტიელი თინა ხიდაშელის დასაცავად გაკეთებული. მითუმეტეს მტკიცება იმისა, თუ რა კარგი ურთიერთობა აქვს თინას რასმუსენთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, პოლიტიკოსებთან.
მერე რაში წაადგა ან წაადგება მინისტრის „დაქალობა“ ამერიკა-ევროპის მაღალჩინოსნებთან ქვეყანას? იმაში ხომ არა, მილიონებს (80 მილიონი) რომ გადაიხდის ფრანგულ ჰაერსაწინააღმდეგო სისემებში?!
პროვინციალიზმია, როდესაც „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კუდით ქვას ასროლინებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქადაგიძეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის გამო. არადა, რაც მან თქვა სიმართლეა და ლანძღვის ნაცვლად დაფიქრებას მოითხოვს. „მიდის, და ახლა გაბედა თქმაო“, - ბრძანა ზოგიერთმა „მეოცნებემ“. ვითომ ასეა?
რაც ლარის „ავადმყოფობა“ დაიწყო, იმ დღიდან ამბობს ქადაგიძე - ტურიზმის გაზრდაა საჭიროო, რისთვისაც ხელისუფლების მიერ შემოღებული მკაცრი სავიზო რეჟიმი უნდა გაუქმდესო. 100 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა ბიუჯეტს ირანთან და ჩინეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებამო. შეცდა? მოგვატყუა? მაშ, რატომ აკრიტიკებენ პროვინციელები? უბრალოდ იმიტომ, რომ თავის დროზე ის „ნაცებმა“ მოიყვანეს, თორემ „ოცნებელი“ რომ ყოფილიყო, ხმას არვინ გასცემდა.
გასცა ვინმემ ხმა ბუნების მოჭირნახულე მინისტრ აგულაშვილს იმ „ფილოსოფიური“ წიაღსვლების გამო, რასაც ხის „ა“ წერტილიდან „ბ“ წერტილში გადარგვა ჰქვია. უკეთეს „სიბრძნეს“ ვერვინ იტყოდა. მან თქვა, ვინაიდან იძულებული იყო ეთქვა. სიმართლე რომ ეთქვა, საკუთარი კოალიციის შემქმნელს უნდა დაპირისპირებოდა. ვერ გარისკა.
ბუნების დამცველმა, ნაცვლად დაცვისა „ა“ და „ბ“ წერტილები მოიგონა და ლამის 200-წლიანი ხის გადარგვა კანონზომიერად ჩათვალა. საინტერესოა, ოპოზიციაში რომ ყოფილიყო, იგივე „ფილოსოფიით“ გამოვიდოდა?
პროვინციალიზმის აშკარა გამოხატულობა იყო რადიო „მაესტროს“ ეთერში ამ თემასთან დაკავშირებული რესპონდენტების პასუხები - რა მოხდა, ხომ არ ჭრის, გადარგავსო. ამ კაცმა კეთილი საქმეები აკეთა და 2 ხეს ვამადლითო?
ვაი, ჩვენს თავს, ისიც ვერ შეგვიგნია, რომ ხანდაზმული, ლათინური ამერიკიდან ჩამოტანილი, უნიკალური ხის გადარგვა გაახმობს მას და ესეც რომ არ იყოს, რა აუცილებლობას წარმოადგენს ხის გადარგვა? სამწუხაროდ, ასეთი აჩემებაა პროვინციალიზმი. და ყოველივე ეს ხდება მშიერ-მწყურვალე ქვეყანაში, უამრავი პრობლემებით დახუნძლულში.
პროვინციალიზმია პოლიტიკოსების მიერ მოყვანილი უსუსური არგუმენტი - „ნაცებმა“ ხე-ტყე გაჩეხესო. დიახ! გაჩეხეს, მაგრამ მაშინ ხმა არც ოპოზიციას ანუ დღევანდელ ხელისუფლებას და არც ხალხს არ ამოუღია, არვინ გამოსულა საპროტესტოდ. და ეს არ იყო გამოწვეული მარტო შიშით. ინდიფერენტიზმით, პროვინციალიზმით იყო გამოწვეული.
დიახ! „ნაციონალები“, რომლებიც დღეს ხეების გადარგვას აპროტესტებენ, თვით ჩეხდნენ ხეებს, მაგრამ დასაჯა ვინმემ ისინი ამ საქმისთვის? მათ, ქვეყანა გაჩეხეს და არვის დაუსჯია, პირიქით, ვისაც უნდა დაესაჯა, „კოჰაბიტაციურად“ ჩაეხუტნენ.
ნაციონალებმა ბევრი ცუდი რამ აკეთეს, რაც დასაგმობია, მაგრამ ვგმობთ?! პირიქით, ვაკეთებთ იგივეს, რისი დასტურიც ხის (ხეების) გადარგვაა.
საერთოდ, ხე-ტყესთან, ბუნებასთან დამოკიდებულება “ოცნებასაც“ ისეთივე აქვს, როგორიც „ნაცებს“, უფრო მეტიც, „სახელოვან“ წინაპრებს. არც ერთ მომხდურს ისე არ „გაუპარსავს“ თბილისი და მისი შემოგარენი, როგორც პატრიოტი კომუნისტების შთამომავალმა ვაი-პატრიოტმა კომუნისტებმა. თუ ერთმა თაობამ, მართლაც პატრიოტებმა ფრთები შეასხეს სტალინის გეგმას და სამგორის სარწყავი სისტემა, თბილისის „ზღვა“ შექმნეს, ირგვლივ ხელოვნური საბჭოთა მეურნეობებით, მისმა მემკვიდრეებმა უმოწყალოდ აჩეხეს რის ვაივაგლახით გახარებული ვაზი, მსმხმოიარე ბაღები, სამგორის, ვარკეთილის მეურნეობები, დიღმის საცდელი მეურნეობა და მათ ნაცვლად უგვანო რკინა-ბეტონის საცხოვრებელი კოლოფები წამოჭიმეს. არადა, ეს საბჭოთა მეურნეობები ამარაგებდნენ დედაქალაქს ხილით, ბოსტნეულით, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით, გარდა ამისა ქმნიდნენ მიკროკლიმატს დედაქალაქის ირგვლივ.
ზოგი შემედავება - აუცილებლობა მოითხოვდა ახალი მასივების აშენებასო. ჯერ ერთი, სულაც არ იყო საჭირო თბილისის უზომო გაზრდა და მეორეც განა თვით ქალაქში არ იყო უამრავი ამორტიზებული სახლი, რომლის ახლით ჩანაცვლება სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა. რა გამოდის? ერთი თაობა რგავს, ახარებს, მეორე - ჭრის და ხის ნაცვლად უსახურ რკინა-ბეტონის ნაგებობებს „რგავს“.
ეს „საშური“ პროცესი დღესაც გრძელდება, რისი დასტურია ვაკის პარკის გაყოლებაზე საელჩოებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროვინციალიზმმა იცის ეს. პროვინციელთა მიერ პოლიტიკის დაპყრობამ.
ხელისუფლებაში მოკალათებული პროვინციალიზმი რომ გზას უკეტავს საღ აზრს, ფაქტია. პროვინციალიზმია „პანორამა თბილისის“ აჩემება და უნიკალური „სოლოლაკის“ უპატრონოდ მიტოვება. პროვინციალიზმია ძველ თბილისში ფეხით მოსიარულე ხიდის გადება, ორი რკინის გაუგებარი ნაგებობის ჩათხრა, გმირთა მოედნის შუაგულში უგემოვნო მემორიალის აღმართვა, სასტუმრო „რედისონთან“ ველოსიპედის ქანდაკების დადგმა, დავით აღმაშენებლის ძეგლის განდევნა და ველოსიპედის „ძეგლის“ მოპირდაპირე მხარეს მინის უსახური შენობის აგება.
პროვინციალიზმია, როდესაც ქალაქის შუქნიშნების მუშაობის დასარეგულირებლად უცხოელებს იწვევენ და გაწეულ „სამუშაოში“ ათასობით დოლარს უხდიან. პროვინციალიზმია IBRD-ის კონფერენციის მონაწილეთათვის 60 ავტომანქანის შეძენა. პროვინციალიზმია, როდესაც პრეზიდენტს მოუწოდებ დატოვოს პრეზიდენტის სასახლე და ა.შ.
დავუბრუნდეთ უაზრო ფულის ხარჯვის თემას, რის შესახებაც ბრძანა ქადაგიძემ - სამინისტროებია შესამცირებელიო. დიახ, შესამცირებელია, ვინაიდან პარალელიზმთან, პროვინციალიზმთან გვაქვს საქმე. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, დიასპორის, შერიგების, ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროები უნდა გაუქმნდეს და საგარეო უწყებაში უნდა შევიდეს სამმართველოების სახით. კულტურის სამინისტრო დეპარტამენტად უნდა გადაკეთდეს, ამასთანავე უნდა გაეზარდოს ფუნქციები. მან მუზეუმების მართვის კოორდინაცია მაინც უნდა გასწიოს.
უნდა შემცირდეს საზღვარგარეთ არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით „ეკზოტიკური“ ქვეყნების ხარჯზე, რომლებთან საქართველოს არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური კავშირი არ აქვს.
უნდა გაუქმდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო სტრუქტურები , რომელთა არსებობას ნეგატივის გარდა არაფერი მოაქვს - „ნამდვილ“ აფხაზებთან და ოსებთან სალაპარაკოდ ისინი არ გამოდგებიან, მათ მიმართ ნეგატიური განწყობის გამო. ვიცი, ჩემი წინადადება რისხვას გამოიწვევს მათში, მაგრამ ის პროვინციალიზმის გამოვლინება იქნება. ამ სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები ლტოლვილთა და განსახლების დეპარტამენტში (და არა სამინისტროში) უნდა გამოვიყენოთ.
პროვინციალიზმია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ორგანოები პოლიტიკური ნიშნით არსებობენ. სადამდე უნდა ვიტყუოთ თავი? პოლიტიკური ნიშანი დიალოგს ნიშნავს იმასთან, ვისთანაც პრობლემები გვაქვს და არა სირაქლემას პოზაში დგომას.
პროვინციალიზმია, როდესაც ელექტრონულ მედიაში მოკეკლუცე გოგო-ბიჭები, აქაოდა ინგლისური ისე ვიცით, ქართულში გვერევაო, ინგლისურით „ამდიდრებენ“ ქართულ ენას - „ივენტებს“ (Events-ღონისძიებები) მოგიწყობთო, გვთავაზობენ. სამწუხაროდ ამ დაავადებით პოლიტიკოსები და ამერიკულ ფულზე გაზრდილი არასამთავრობოებიც არიან.
პროვინციალიზმია, როდესაც პატარა მაღაზიას ანუ ქართულად „მარკეტს“ ინგლისურთან ერთად ქართულასოებიანი წარწერა ამშვენებს - „იოურ ვაინ“, „პეთს ქორნერ“ და სხვა.
პროვინციალიზმია იმის მტკიცება, რომ ევროპაში „ვბრუნდებით“. დაბრუნება, ნიშნავს იმას, რომ იქ ვიყავით და ვბრუნდებით, მაგრამ რომ არ ვყოფილვართ?
პროვინციალიზმია გრცხვენოდეს შენი წარმომავლობის, მიწის, სადაც გაჩნდი და ფეხი აიდგი და ნაცვლად იმისა, მას სცე პატივი, სხვას ეთაყვანები. ჩვენ გვრცხვენია იმ გეოგრაფიული მდებარეობისა, სადაც დავიბადეთ და ნაცვლად ევროპელობას ვიჩემებთ. ადამიანს, რომელსაც თავისი არ უყვარს, ვერც სხვისას შეიყვარებს.
პროვინციალიზმია მტკიცება იმისა, რომ ღმერთის წილხვედრი ქვეყანა ვართ და გადავრჩებით. ხელის განძრევის გარეშე ჯერ არვინ გადარჩენილა. პროვინციალიზმი იყო განცხადება, რომ „ბორჯომი“ და ღვინო გადაგვარჩენს. გადაგვარჩინა?!
პროვინციალიზმმა, ხელისუფლებაში ღრმად ფეხგადგმულმა გადაგვადგმევინა საბედისწერო ნაბიჯები, დაგვაკარგვინა ტერიტორიები, სუვერენიტეტი და „ბედნიერი“ ევროატლანტიკური სივრცის მონად გვაქცია.
ერთის შეხედვით, თითქოს უწყინარი პროვინციალიზმი ერის, მითუმეტეს ესოდენ მცირის სერიოზული პრობლემაა, რომელმაც მძიმე შედეგი შეიძლება მოიტანოს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
21/02/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.