ხომ არ აჯობებდა აშშ-ნ მორიგ შტატად მიერთება?!

ოქტომბრის ბოლოს არჩევნებია. რისთვის და ვისთვის?!
არჩევნები საჭიროა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავის ცხოვრებას განაგებს. განაგებს დღევანდელი საქართველო თავის ბედს? ვგონებ, ნაკლებად.
საქართველოს წინა ორი ხელისუფლების წყალობით, ქვეყნის მმართველობა სხვის ხელშია. სამართავი პულტი შორს საქართველოდან, ატლანტიკის ოკეანის იქითა ნაპირზეა, თუმცა სიშორის კომპენსაციას ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის საელჩო ახდენს - სახელმწიფო კანცელარიიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე.
აშშ-ს საელჩო საქართველოში ქვეყნის საშინაო და საგარეო ცხოვრების სადავეებსაც ფლობს და მსხვილმან-წვრილმანი საქმეებსაც იხილავს, ხშირად ისეთსაც, ხელისუფლებამაც რომ არ უნდა განიხილოს. მსგავსი რამ საბჭოთა ქვეყნის მმართველობის პირობებშიც არ ყოფილა. ვინ წარმოიდგენდა მაშინ საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის ჟურნალისტების ეთერში ყოფნა-არყოფნის საკითხი კრემლს განეხილოს?
დღეს, სხვა ვითარებაა კონტროლის თვალსაზრისით, მაგრამ სიტყვა „კონტროლი“ ამ შემთხვევაში შეუფერებელია. ვითარებას, რომელიც დღესაა შექმნილი, უფრო უხეში ჩარევა ჰქვია, თანაც, მე ვიტყოდი ერთობ უხერხული.
საელჩომ შეიძლება აკონტროლოს მთავრობის საგარეო კურსი ან საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა - კონფიდენციალურად, დისტანციურად. საკუთარი აზრის მთავრობაზე თავსმოხვევის გარეშე. თუმცა ასეთიც, ნორმალურ ქვეყანაში მიუღებელია. მაგრამ ის, რომ ელჩმა არჩიოს ნაცმოძრაობის ორი აგიტატორის, ჟურნალისტებად რომ მოაქვთ თავი, თოკ-შოუების წაყვანის თემა, დაუჯერებელია.
აშშ-ს ამჟამინდელი ელჩის დამოკიდებულება საქართველოსა და მისი ხელისუფლებისადმი, არაფრით განსხვავდება მის წინამორბედთა ქცევისგან. როგორც ჩანს, ვაშინგტონიდან გამომგზავრების წინ, ყველა ისინი, ისეთ დავალებას იღებენ - ქვეყნის საშინაო თუ საგარეო საკითხებში ხელის ფათური რომ ჰქვია.
დღევანდელი ელჩი, ნორლანდიც, დავალების შესრულებას ხელს არ აკლებს. ხან ქუთაისშია, ხან სახელმწიფო კანცელარიაში, ხან ზუგდიდში და ხან სად. და სადაც არის, ყველგან თავის „ავტორიტეტულ“ მოსაზრებას გამოხატავს, რაც უდავოდ მანიშნებელია ერთისა - აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას დებილ ბავშვად აღიქვამს, რომლის აღზრდა-ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, მანამდე კი საელჩომ უნდა ითავოს ქვეყნის მართვა.
ამ პოლიტიკამ სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არხეინობა შესძინა, ფაქტია. ბუს დიდი თავი აქვსო - ფიქრობდა ის, ამიტომაც თითქმის ათი წლის განმავლობაში მას არაფერი უკეთებია. და თუ გააკეთა, ყველგან საკუთარი სარგებლის გამორჩენის მოტივით. ვაშინგტონს ამერიკაში ნატრენინგები უმეცარი გოგო-ბიჭები სჭირდებოდა, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ხმას არ შეუბრუნებდნენ, ისე, როგორც გამოცდილი, ასაკოვანი პროფესიონალები.
როდესაც პაიჭაძე-კვესიტაძის საქმე აშშ-ს საელჩომდე მიდის, რა საჭიროა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?! იქნებ პირდაპირ მივუერთდეთ აშშ-ს მეორე ჯორჯიად. ხელის შემშლელ ფაქტორებს ვერ ვხედავ. აშშ-ს დროშას, ჰიმნს და ჰიმნის დროს გულზე ხელის დადებას, გერბს, ამერიკული ცხოვრების წესს ისეთ პატივს ვცემთ, ბევრ ამერიკელს რომ შეშურდება. მაშ, რატომ ვაყოვნებთ, გადავდგათ ეს ნაბიჯი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის უმრავლესობა ამ აზრს არ გაიზიარებს, მაგრამ ვინ კითხავს უმრავლესობას?! მთავარია ამერიკას, „ოცნებას“ და „ნაცებს“ უნდოდეს და უმრავლესობას მოევლება - უმცირესობად გადაკეთებით. აღარც საგარეო საქმები შეგვაწუხებს და აღარც ოსების მხრიდან საზღვრის გადმოწევა; აღარც აბაშიძეს მოუწევს კარასინთან სალაპარაკო, მესამეხარისხოვანი თემების შესარჩევად, ტვინის ჭყლეტა; აღარც ფანჯიკიძეს დავღლით უსაგნო შეხვედრა-მოლაპარაკებების წარმოებით.
ხუმრობა საქმე ხომ არაა, მინისტრმა ქალმა, თითზე ჩამოსათვლელ დღეებში, ნიუ-იორკში, სამოცი შეხვედრა გამართოს? ექვსი თქვა თუ სამოცი? იქნებ მომეყურა? არა, ნამდვილად სამოცი თქვა, რითაც გვამცნო - ნახეთ რა თავდადებული ვარ ქვეყნისთვის, სამოც მოლაპარაკებას ვვმართავო.
სამოცი მოლაპარაკება კი არა, სამოცი ხელის ჩამორთმევაც ვერ ახერხებენ ერთად აღებული რამდენიმე ქვეყნის საგარეო მინისტრები. ჩვენი კი ახერხებს! ყოჩაღ! ქალიც ამას ჰქვია. რა მნიშვნელობა აქვს შედეგს, მთავარია რაოდენობა და ხალხის დაბოლების ხარისხი. როგორც ჩანს, ფანჯიკიძეს ჰგონია, რომ შეხვედრების რაოდენობით ყოყოჩობა ქართული საგარეო პოლიტიკის ნოვაციაა.
ცდება ქალბატონი მაია. ათი წელი გაჰყვიროდა სააკაშვილი გაეროსა და თეთრი სახლის „ორღობეებში“, შემთხვევითი შეხვედრების, მოლაპარაკებად წარმოჩინებაზე. ეს, უკვე განვლილი ეტაპია. ახალი ტყუილის გამოგონებაა საჭირო, თუმცა ამაზე თავის ტეხას, არ სჯობს აშშ-ი მორიგ შტატად შესვლა?
აი, რომ მიგვიღონ, მაშინ ნახეთ, რა მოწიწებით დაგვიწყებენ ყურებას ჩვენი მეზობელი ქვეყნები და თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოში მცხოვრები უცხოელები - ლიბანური წარმოშობის, ფადი ასლის მსგავსნი?! ეს ბიზნესმენი რახანია საქართველოში ცხოვრობს. ქართველ ცოლსაც ეზიარა, ფარულავას სახით, შემდეგ გაეყარა, მაგრამ საქართველოზე დადებითი არამც და არამც არ წამოსცდება.
ეს ქვეყანა მისთვის ისეთივე მეწველი ძროხაა, როგორც საქართველოში მცხოვრები უცხოელი „სპეკულიანტებისთვის“, თავს რომ ბიზნესმენებად ასაღებენ და არანაკლები გაიძვერა ადგილობრივი ბიზნესმენებისთვის - დღენიადაგ იმის ფიქრში რომ არიან, რა წაგლიჯონ ამ უბედურ ქვეყანას.
ზოგი რას არ იგონებს და ზოგიც რას - თბილისის შემოვლითი რკინიგზაო, ხუდონჰესიო, ტრამვაის აღდგენაო და ა.შ. თითქოს ყველა პატრიოტულად ჟღერს, ისეთად, ქვას რომ გახეთქავს, მაგრამ სინამდვილეში დიდი ფულის გაკეთების მახეა და მეტი არაფერი.
ავიღოთ ხუდონჰესის ყბადაღებული პროექტი. როგორც ივანიშვილმა ბრძანა - ქვეყნის განვითარებას სჭირდებაო. ბრძანა და ამით მხარი დაუჭირა მის მოადგილე კალაძეს. მთა და მისი მოსახლეობა, რომ იტყვიან ქუდზე კაცი, წინააღმდეგია პროექტის და ეს წინააღმდეგობა უბრალო ახირება არ არის. აშენების შემთხვევაში, წყალქვეშ მოექცევა ათეულობით სოფელი, კულტურის ძეგლები, სასაფლაოები. ქვეყნის განვითარებას წაადგებაო, კეთილი - მაგრამ ქვეყანა ხალხისგან არ შედგება? და თუ ის წინააღმდეგია, ჯიქურ რატომ ვაწვებით მას?!
ბიძინა წასვლას აპირებს. მას მშენებლობის საკითხი და ვადები აღარ შეაწუხებს, ცხადია, აღარც ხარისხი. არავინ იცის მშენებლობა როდის დამთავრდება. იქ მცხოვრებს კი სიცოცხლე გაუმწარდება. გარდა ამისა, შეძლებს, დღევანდელი არაპროფესიონალი საქართველო, გრანდიოზული მშენებლობის განხორციელებას?
დამოუკიდებლობის ჟამს მსგავსი მშენებლობა საქართველოს არ უწარმოებია. მავანი მეტყვის, უცხოელები ააშენებენო. კეთილი, მაგრამ პარლამენტის შენობა და თბილისის აეროპორტიც უცხოელებმა ააშენეს, მაგრამ პატარა ნიავი და წვიმა ისე მოქმედებს მათზე, როგორც ცუნამი.
გრანდიოზული ნაგებობები, მითუმეტეს ელექტროსადგურები, საბჭოთა კავშირის პერიოდისაა - სწორედ იმ ჟამისა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა რომ ზეობდა. დღევანდელთა მარჯვენას ისეთი ნაგებობები ეკუთვნის, როგორებიცაა გმირთა მოედნის ე.წ. ესტაკადა, შუაში აღმართული სვეტით. ესთეტიკურად ერთიც სიმახინჯეა და მეორეც.
რაც შეეხება ესტაკადას - მისი აშენების უმთავრესი მიზანი ავტოტრანსპორტის უსაცობო მოძრაობა უნდა ყოფილიყო. ესადაგება ამ მოთხოვნებს ესტაკადა? ესადაგება, ოღონდ შუა ივლისიდან, შუა აგვისტომდე, თანაც შაბათ-კვირას, როდესაც ქალაქის მოსახლეობა, ქალაქიდან გაკრეფილია. სხვა დროს ესტაკადაზე ასვლას, „ზემოთ“ ჩაწყობა სჭირდება.
აღარაფერს ვამბობ ძველ ქალაქში გადებულ უფუნქციო ხიდზე ან მშენებარე გაუგებარ ლითონის ვეება მილებზე. ამ გამოცდილების „სპეციალისტები“ ჰიდროელექტროსადგურს ვერ ააშენებენ.
ქართველ „ბიზნესმენებსა“ და „სპეციალისტებზე“ საუბარმა ისე გამიტაცა, ლამის ფადი, ჩვენი სიძე, გადამავიწყა. მაგრამ არა, მან ისეთი რამ ბრძანა თავის „მეწველ ძროხა“ საქართველოზე, რა დამავიწყებს?! - „საქართველო ლამაზი ქალია, რომელსაც კარგად გათხოვება უნდა, მაგრამ მამა მაფიოზი ჰყავს, ძმა - ნარკომანი, დედა საკუთარი სხეულით ვაჭრობს და როგორ იპოვოს ქმარი?“
ხომ „შესანიშნავი“ დახასიათებაა, თანაც უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნებული. მას, უდავოდ „ხელი უნდა შეეწყო“ დასავლური ინვესტიციების შემოდინებისთვის, მითუმეტეს ეს ნათქვამი კარგა ხნისაა. „სიძე“, რომ ასეთ რეკლამას გაგიწევს, თანაც უცხოელი, სხვაზე რა გვეთქმის?!
მაგრამ ეს მოსაზრება ბატონ ფადის საქართველოში ჩამოსვლისთანავე არ გასჩენია. მრავალი წლის ცხოვრების შედეგად გაუჩნდა და გაუჩნდა ქართული გარემოცვის წყალობით; შეძენილი ე.წ. ახლობლებისა და მეგობრების წყალობით; ქართველი ბიზნესმენების წყალობით, რომელთა აზროვნებაში მხოლოდ ერთია - ბევრი ფულის შოვნა, სხვისი სიცოცხლის ფასადაც კი, ქართველი პოლიტიკოსების წყალობით, რომელთა დევიზია - ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა ფულის კეთებისთვის.
და როდესაც ასეთი „წარმტაცი“ სურათის მაყურებლები ვართ, ხომ არ აჯობებდა აშშ-ნ მორიგ შტატად მიერთება?! მაშინ ხომ ფადის და მისი მსგავსი გარემოცვის ადამიანები უბატონოდ სიტყვას არ დაძრავდნენ საქართველოს მისამართით?!
დღეს კი, ვისაც არ ეზარება, ყველა გვლანძღავს, ხან რას გვაბრალებს და ხან რას - ქიმიური იარაღს აწვდისო სირიელ მეამბოხეებს; ბაშარ ასადის წინააღმდეგ ბოევიკებს წვრთნისო; რეაქციულ ამერიკულ წრეებთან ისეთ გეგმებს ადგენს, მოყვარეს რომ თვალს დაუყენებსო და ა.შ.
მაგრამ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ისეთი „წარმატებული“ პერიოდიც ხომ იყო, როდესაც სენატორი მაკკეინი რუსეთის ხელისუფლებას მიუთითებდა - რეფორმები საქართველოდან გადაიღეო. რუსეთის ხელისუფლებამ არ გაიზიარა „კეთილისმსურველის“ რჩევა, რითაც გადაარჩინა ქვეყანა გამოუსწორებელი ნგრევისგან. სააკაშვილის ამერიკელი მეგობრების მაკკეინის, ლუგარის და სხვების წყალობით საქართველომ პოლიტიკურ-ეკონომიკური კრახი განიცადა.
სხვა სიტყვას, „კრახის“ გარდა, ვერ მიუსადაგებ ვითარებას, რომელიც საქართველოშია შექმნილი. ამის შემხედვარე ერთ ივანიშვილს კი არა, ათს აუცრუვდებოდა გული. ამერიკულმა შეგონებებმა, საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებში ჩანერგილმა ამერიკელმა ექსპერტებმა იმდენად გააუკუღმართეს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება, უარესს რომ ვერ ინატრებდა მეზობელი რუსეთი.
ვიღას ახსოვს „წარმატებული რეფორმები“ ან ქართული დიპლომატიის მიერ პოლიტიკური ჯომოლუგმების დაპყრობა?! რაც არ იყო, უფრო სწორად მხოლოდ ქაღალდზე რომ იყო, რა დარჩებოდა?! თავის წიგნში „აღსარება ეკონომიკური მკვლელისა“, ამერიკელი ეკონომისტი და სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ჯონ პერკინსი დაწვრილებით აღწერს აშშ-ს მიერ ნაშვილები, საქართველოს მსგავსი უბადრუკი ქვეყნების „ეკონომიკურ“ წარმატებაზე და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „წარმატებულობის“ სცენარის მიხედვით ხორციელდება PR-კამპანია. პრესა დაბეჯითებით წერს მიღწეული „გამარჯვებების“ თაობაზე, რეალურად კი ქვეყანაში სტაგნაცია ვითარდება, რასაც ქვეყნის გაკოტრება მოჰყვება.
საქართველო სწორედაც რომ ამ სავალალო მდგომარეობის წინაშე დგას. მაკკეინმა და მისმა კოლეგებმა კარგად იცოდნენ „წარმატების“ შედეგების შესახებ. ისიც იცოდნენ, რომ ასეთი ქვეყანა თავისუფლად აღმოჩნდებოდა ვაშინგტონის სრულ დაქვემდებარებაში.
მაკკეინი არც ამჯერად ცხრება, ცხადია რუსეთის მისამართით. მისი წერილი რუს ხალხს, რომელიც გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა პუტინისა და მისი ხელისუფლების ლანძღვა-გინების ოდაა, ამასთანავე მოწოდება რუსი ხალხისადმი, რომ ის უკეთეს მთავრობას იმსახურებს.
სენატორის წერილი, რუსეთის პრეზიდენტის წერილის პასუხი იყო. იმ წერილისა, რომელიც ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაიბეჭდა და რომელმაც ამერიკელებში არა მარტო მოწონება დაიმსახურა, არამედ ამერიკელებს ობამასადმი მოწოდების ხელმოწერების შეგროვებისკენ უბიძგა - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობა, რუსეთის პრეზიდენტს გადაეციო.
პუტინის წერილი, რომელიც სირიის საკითხებს ეხებოდა „ვალდაის კლუბის“ ტრადიციული შეხვედრის მსჯელობის საგანიც გახდა. ეს თემა თვით დასავლელმა პოლიტიკოსებმა წამოსწიეს. მათ ქება არ დაუშურებიათ ორგვერდიანი წერილის ავტორის მისამართით. ასეთი აღიარების ფონზე, მაკკეინის წერილი, საერთო ეზოში მუდამ მაჩხუბარი ანჩხლი დედაკაცის ლანძღვას უფრო ჰგავს, ვიდრე დიდი ქვეყნის, სენატორის ბრძნულ მოსაზრებას.
ვერ გეტყვით, გაიზიარა თუ არა რუსმა მკითხველმა სენატორის შეგონება ან რა აზრი გაუჩნდა მას ამ „შედევრის“ წაკითხვის შემდეგ, მაგრამ სენატორის შეგონებას ქართველი ხალხისადმი რომ ნეგატიური შედეგი მოჰყვა - ფაქტია.
სირიის მოვლენებმა და რუსეთის პრეზიდენტის თანმიმდევრულმა სამშვიდობო პოლიტიკამ რომ დიდი ქულები შესძინა მას, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ პუტინის ძალიხმევით, საერთაშორისო საკითხებში მეორე პლანზე მყოფი რუსეთი პირველ პლანზე გადავიდა. ასეთ რუსეთთან პაექრობა დონ-კიხოტობის მომასწავლებელია, მითუმეტეს ისეთი პატარა და სუსტი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
როგორც ჩანს, კარდინალური ზომების გატარებაა საჭირო საგარეო პოლიტიკაში. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითქოს ყოველივე ამას თავი უნდა მობმოდა, მაგრამ ამერიკელთა წყალობით, ისევ ძველ ადგილს ვტკეპნით.
ჰოდა, საგარეო საქმეთა მინისტრიც, დვანში საზღვრის გავლების ფაქტს, ცხადია რუსეთის თავხედობის ხაზგასმით, მთელს მსოფლიოს ეტყვის. მას არც სააკაშვილი ჩამორჩება. თუ იტყვის, სწორედ ის იტყვის - მისთვის ჩვეული ტერმინოლოგიით, მაგრამ ეშველება რამე ამ ქვეყანას? ვეჭვობ, რუსეთის ასეთმა „მხილებამ“, საქართველოს მიმართ მსოფლიო ფორუმის სიბრალული გამოიწვიოს, მითუმეტეს შედეგი. სათქმელი უნდა ითქვას, მაგრამ აკადემიურად და არა დუჟმორეული წივილ-კივილით, სამარცხვინო ლექსიკით.
გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში საქართველოს ორი დელეგაცია იღებს მონაწილეობას - სააკაშვილის და „ოცნების“, ფანჯიკიძის სახით. საგარეო საქმეებში მათი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ „ნაცთა“ და „ოცნებელთა“ კინკლაობა, რომელსაც აქ აქვს ადგილი, იქაც გამოჩნდება და ამ არასასიამოვნო პროცესს სააკაშვილი უდირიჟორებს. ის, ძალას არ დაიშურებს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური კურსის გასაშავებლად.
ერთი კვირის განმავლობაში მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, ვისაც სააკაშვილი ან ფანჯიკიძე მიეჭრება, „საინტერესო“ ჭორ-მართლის მსმენელი გახდება, თანაც ქვეყნისა, რომლის შესახებ მას ნაკლები ან საერთოდ არაფერი სმენია. ორივეს სალაპარაკო თემა საწყალი საქართველო იქნება, თუმცა არც ერთ მათგანს საქართველო არ სტკივა, ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო და დღეს რა ღმერთი გაუწყრებათ?
საქართველო, სიტყვის მასალაა. ორივეს მთავარი მიზანი - საქართველოს გავლით, საკუთარზე ზრუნვაა, ესოდენ დაფასებულზე თანამედროვე საქართველოში.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
24/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.