უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ

მონოტონურად დაწყებული 2014 წელი, ისეთი დინამიზმით გამოირჩევა, სწრაფი რეაგირებისა და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობასაც არ იძლევა. მიუხედავად ამისა, „ცდა ბედის მონახევრეას“ - პრინციპიდან გამომდინარე, შევეცდები საკუთარი სუბიექტური მოსაზრება გაგანდოთ.
ჩემი მცდელობა სულაც არ არის გამიზნული სუბიექტური მოსაზრება ობიექტურად მოგაჩვენოთ - უბრალოდ ფაქტებზე დაფუძნებულ მოსაზრებას გაგანდობთ, დასკვნები კი თავად გააკეთეთ.
ჩემის შეხედულებით, 2014 წელს დასავლეთ-აღმოსავლეთის კულუარული დაპირისპირება ისეთ ფაზაში შევა, კულისებს გასცდება და საერთაშორისო პოლიტიკურ სცენაზე გადმოინაცვლებს. ერთი-ორად გააქტიურდება ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებული რუსეთ-ამერიკის დაპირისპირება; აშშ-ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ-პოლიტიკური კინკლავი, რასაც უკრაინის მძიმე საკითხიც დაემატება; სირიის ომი და აქედან გამოწვეული პრობლემები; ირანის თემა და წინასწარი ხელშეკრულების პუნქტების შესრულებისთვის ორივე მხრიდან (ირან-დასავლეთის) გადადგმული ნაბიჯებით გამოწვეული ვნებათა ღელვა; ჩინეთის და მისი მეზობელი ქვეყნების დავა ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით და სხვა.
აღნიშნული საკითხებიდან ზოგიერთი პირდაპირ თუ არა, ირიბად საქართველოზეც იმოქმედებს, მათ შორის გამოვყოფდი უკრაინას - ჩვენი ქვეყნის პარტნიორ ქვეყანას. უკრაინის შიდა პოლიტიკური დაპირისპირება კარგა ხანია მიმდინარეობს. განსაკუთრებული სიმძაფრე მან ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიძინა, როდესაც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი იუშჩენკო-ტიმოშენკოს ხელისუფლებამ კრახი განიცადა. ხელისუფლების სთავეში მისული ვიქტორ იანუკოვიჩი არც არასდროს სარგებლობდა დასავლეთის მხარდაჭერით. იქ იანუკოვიჩს „კრემლის კაცად“ აღიქვამდნენ.
იანუკოვიჩი, ვითარების შესაცვლელად, შეეცადა ვაშინგტონ-ბრიუსელის მუსიკაზე ცეკვას, რამაც იანუკოვიჩი და უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. ცნობილმა გამოთქმამ - „ის ჯარისკაცი, ჯარისკაცი არ არის, ვინც გენერლობაზე არ ფიქრობს“ - პირდაპირი გავლენა იქონია იანუკოვიჩზე, რაც არ არის გასაკვირი, რამეთუ იშვიათად მოიძებნება პოლიტიკოსი, მითუმეტეს პრეზიდენტი, რომელიც მეორე ვადით გაპრეზიდენტებას არ შეეცდება.
იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების სურვილი ნამდვილად არ იმსახურებს კრიტიკას ან საყვედურს, მაგრამ ევროკავშირის გზით გაპრეზიდენტება მრავალ კითხვას სვამს. უპირველესად ასეთს - ევროკავშირთან დაახლოებული უკრაინა შეძლებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას?
თანამედროვე უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ლამის სამოთხეში მოხვედრად აღიქმება. იუშჩენკო, ტიმოშენკო, იაცენიუკი, თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი, მათ შორის იანუკოვიჩიც ევროპას ხატად მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რაც სუბიექტური და არა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. სუბიექტური კი ნიშნავს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამტკიცებას, ხელისუფლებაში ყოფნას, ხელისუფლების სათავეში მოქცევას და იმ დავალებების უყოყმნო შესრულებას, რასაც ვაშინგტონ-ბრიუსელი მოითხოვდა და მოითხოვს უკრაინისგან.
მაგრამ რუსეთი? ქვეყანა, რომელთანაც უკრაინას ბევრი რამ აკავშირებს? თუ იუშჩენკო-ტიმოშენკოს ხელისუფლება იოლად დაეთანხმა დასავლურ წინადადებებს და ვაშინგტონის კარნახით თვალი დახუჭა ექსტრემისტი უკრაინელების ანტირუსულ გამოსვლებზე, იანუკოვიჩი დაფიქრდა, ვინაიდან ულტრანაციონალისტური ქმედება წააგავდა გასული საუკუნის ორმოციანი წლების უკრაინელი ფაშისტების ქმედებას.
მისთვის ნაკლებად სასიამოვნო იყო იმჟამინდელი ფაშისტი ლიდერების სახელებისა და საქმეების აღორძინება, ულტრანაციონალისტების მასობრივი დემონსტრაციები და ყოველგვარი ზღვარსგადასული მოწოდებები.
იანუკოვიჩი დაფიქრდა, მაგრამ მხოლოდ. რადიკალური ქმედებისთვის მას არ მიუმართავს, ისე, როგორც ევროპას. ეს უკანასკნელი, ყოველგვარი რეაქციის გარეშე, შეჰყურებდა უკრაინელი ფაშისტების გამოსვლებს. პირიქით, ევროპას გულში უხაროდა კიდევაც, ვინაიდან უკრაინელი ფაშისტების, ულტრანაციონალისტების პირველი სამიზნე რუსები და რუსეთი იყვნენ.
და დაიწყო იანუკოვიჩის გაურკვეველი მოგზაურობა ბრიუსელ-მოსკოვს შორის. ორჭოფობამ დაძაბა ვითარება და უკრაინის ოპოზიციას, ერთობ სუსტს და ულიდეროდ დარჩენილს, ახალი სული შთაბერა. ვილნიუსის სამიტი იყო ის, რამაც წინ წამოსწია უკრაინის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ევროკავშირის ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელისმოწერა უკრაინისთვის ნიშნავდა უმუშევრობას, ქარხანა-საწარმოების დახურვას, სოციალური პირობების გაუარესებას, საბოლოო ჯამში რევოლუციას, იანუკოვიჩის დამხობას.
ევროკავშირს თავშიც არ გაუვლია უკრაინისთვის საკომპენსაციო მილიარდების გამოყოფის თაობაზე. რომ ეფიქრა, ვერ შეასრულებდა, თვით ეკონომიკურ კრიზისში მყოფი. უკრაინის ჩავარდნილი ეკონომიკის ამოსაწევად იანუკოვიჩმა მოსკოვს მიმართა, რომელმაც უკრაინის ხელისუფლების ორპირობის მიუხედავად, დახმარების ხელი გაუწოდა უკრაინას. უკრაინამ ხელი არ მოაწერა ვილნიუსის დოკუმენტს, მაგრამ სიხარულით მიიღო მოსკოვის მიერ მიცემული დახმარება, რამაც გააცოფა ამერიკა-ევროპა და დაიწყო ახალი ანტირუსული კამპანია, იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფლების გავლით.
კვლავ უხვხალხიანად გადაიქცა კიევის მოედნები. ანტისამთავრობო გამოსვლებმა და მიტინგებმა ახალი დასავლური დაფინანსება შეირგეს, ისე, როგორც მორალური დახმარება. აშშ-ა და ევროკავშირმა ყველაფერი იღონეს იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფლების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი მოძრაობის გასაშლელად - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდის მიერ კიეველი პროტესტანტებისთვის ფუნთუშების ჩამორიგებით დაწყებული, მსუყე ფინანსების მიცემით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ანტისამთავრობო პროპაგანდაზე.
დასავლეთმა მთელ მსოფლიოს გააგებინა, ვინ არის უკრაინის „სისხლისმღვრელი“ პრეზიდენტი იანუკოვიჩი. ესეც თქვენი დასავლურ „სინამდვილეზე“ აგებული უკრაინული ამბავი.
იანუკოვიჩი კი დუმს, ისე, როგორც მოკრივის სავარჯიშო „მსხალი“, რომელსაც გამეტებით ურტყამენ ულტრამემარჯვენე ყმაწვილები რკინის ჯოხებს, ქვებს, ესვრიან ცეცხლმოდებულ ბენზინისა და ნავთის ბოთლებს და ა.შ.
მაინც სადამდე უნდა აცემინოს უკრაინის პრეზიდენტმა და მთავრობამ მილიციელები? სადამდე უნდა იდგნენ ისინი უმოქმედოდ ცეცხლმოკიდებული საბურავების ალყაში? ერთ დღესაც, რომ ხელი ჩაიქნიონ და განწირული უმოქმედობის ნაცვლად სხვა გადაწყვეტილება მიიღონ, ანუ პროტესტანტთა მხარეზე გადავიდნენ? გადავიდნენ კიდევაც. ოთხმა „ბერკუტელმა“, პროტესტის ნიშნად, დატოვა „ბერკუტის“ რიგები.
იანუკოვიჩი დუმს. ზოგს ჰგონია, რომ დუმილით ის დიდ ტაქტიკურ სვლას აკეთებს - ღლის დემონსტრანტებს. დაიღლებიან ყვირილით, ქვების სროლით, „ბერკუტისა“ და მილიციელების ცემით და ჩაწყნარდებიან. ჩაწყნარდებიან? დასავლეთი ჩააწყნარებს?
არამც და არამც. დასავლეთმა რახანია დიდი ფული ჩადო უკრაინის რევოლუციაში და ესოდენ კულმინაციურ მომენტში უკან დაიხევს? ოპოზიციური სამეული - კლიჩკო, იაცენიუკი, ტიაგნიბოკა, ისე არიან აღგზნებული, მარტო ვადამდელ არჩევნებს თუ დათანხმდებიან. დასავლეთი კი კატეგორიულად ითხოვს იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილი კანონების გაუქმებას. სწორედ იმის, რასაც წესრიგი უნდა აღედგინა უკრაინის დედაქალაქში. ანტიჰუმანური კანონებიაო - აცხადებს დასავლეთი, არადა ზუსტად იმის მსგავსია, რაც კარგა ხანია მოქმედებს ევროპა-ამერიკაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა და დასავლეთის დამოკიდებულებამ უნებლიედ არ შეიძლება არ გაგახსენოთ თბილისში, პოლიციის მიერ, პარლამენტის შენობის წინ მომიტინგეთა უმოწყალო დარბევა და მასთან ერთად აშშ-ს აშკარა მხარდაჭერა სააკაშვილის ხელისუფლებისთვის. ამერიკელთა მაშინდელი ქცევა აშკარად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს „მეგობარ“ ამერიკას ქართველი მომიტინგეები სულაც ფეხებზე ეკიდა, ვინაიდან ისინი საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
რაც შეეხება უკრაინის მომიტინგეებს, ისინი პრორუსული იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვიან, ამდენად მათ „სამართლიან“ საქმეს უჭერს მხარს ამერიკა. მას არ აინტერესებს უწესრიგობა, არეულობა, სისხლისღვრა. მას აინტერესებს ხელისუფლების დამხობა. აშშ-ს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში მკაცრად აკრიტიკებს კატოს ინსტიტუტის (Cato institute) ყოფილი თანამშრომელი დუგლას (დუგ) ბანდოუ ჟურნალ „ფორბსში“ გამოაქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია ბრუნდება?
საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ამერიკის ადმინისტრაცია მის წინააღმდეგ, რომ ისე ამხედრებულიყვნენ ულტრარეაქციული ძალები, როგორც უკრაინაში? აღადგენდა წესრიგს, თანაც ისე, როგორც კანონით არის გათვალისწინებული - იმის მსგავსით, უკრაინამ, რომ მიიღო. აღადგენდა მთელი სიმკაცრის დაცვით, რკინის ხელით, ტანკითა და მახვილით და არა უაზრო ლოდინითა და მაზოხიზმით, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი.
გახსოვთ ალბათ, როდესაც ეგზალტირებულმა ჩინელმა ახალგაზრდებმა - დასავლური „ბაცილით“ დაავადებულებმა, რევოლუციის მოწყობა გადაწყვიტეს პეკინის ტიანანმენის მოედანზე, რეფორმატორმა დენ სიაოპინმა ტანკებით „დააშოშმინა“ მოჭარბებული „ტემპერამენტი“. ბევრი იჟივჟივა დასავლეთმა. იჟივჟივა და გაჩერდა. სხვა მეტი რაღა უნდა ექნა უზარმაზარი ჩინეთის საწინააღმდეგოდ?
ტიანანმენმა დღემდე იმოქმედა და კარგა ხანს იმოქმედებს. მან გადაარჩინა ჩინეთი დაშლას და დეგრადაციას, პერმანენტულ რევოლუციებს და ყოველივე საშინელებას. ან ავიღოთ მოსკოვის „ბოლოტნაიას“ არეულობა, ვინ იცის, რა შეიძლება მოჰყოლოდა მას, პუტინს რომ სწრაფად და მკაცრად არ ემოქმედა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მოქალაქეები შეშფოთებით უყურებენ, თან ფიქრობენ, რომ არა ხელისუფლების სწრაფი რეაგირება, ხომ შეიძლება უკრაინული სცენარით განვითარებულიყო „ბოლოტნაია“?
დასავლეთის წყალობით, სამი წელიწადია არაბულ ქვეყნებს მშვიდი ცხოვრების საშუალება აქვთ მოსპობილი, მაგრამ აწუხებს ეს ვინმეს ვაშინგტონში ან ბრიუსელში?
იანუკოვიჩი კი დუმს. ეს დუმილი ძვირად შეიძლება დაუჯდეს, როგორც მას, ისე ქვეყანას. უკვე არის მსხვერპლი და არავინ იცის, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა სანადირო თოფით განხორციელდა. მილიციას რომ სანადირო თოფები არ აქვს?
წინასწარ დასკვნების გაკეთება ჭეშმარიტების დადგენას ხელს არ შეუწყობს, მაგრამ დაცვაში ჩამდგარ უკრაინის მილიციას, მომიტინგეთა საბრძოლო ტყვიებით „გამასპინძლება“ რომ ნდომოდა, არა 2 (ოფიციალური მონაცემებით), არამედ 5-ზე (არაოფიციალური მონაცემებით) მეტი დაიღუპებოდა.
დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე ჩასულმა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა - უკრაინაში არსებული რეაქციული ძალები ცდილობენ არჩეული ხელისუფლების დამხობას და ამისთვის ძალისმიერი გზით იკავებენ ადმინისტრაციულ შენობებს, ხელს უშლიან ხელისუფლებას მუშაობაში. მან ისიც თქვა, რომ სამწუხაროდ, რეაქციულ ძალებს დიდ დახმარებას უწევენ ქვეყნის გარედან.
თუ ვინ - კარგადაა ცნობილი. თვალი გადაავლეთ ბოლოდროინდელ პრესას, აშშ-ს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლების განცხადებებს, მუქარას, უკრაინის ხელისუფალთა მიმართ, იანუკოვიჩის მთავრობის დაგმობას - მომიტინგეთა მშვიდობიანი მიტინგების საწინააღმდეგო ძალის გამოყენებისთვის.
არადა, შებრუნებით ვითარებასთან გვაქვს საქმე. კიევის მიტინგები რახანია გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩარჩოებს და უკიდურესი აგრესიული სახე შეიძინა.
რომ იტყვიან, ყველაფერს აქვს საზღვარი, მაგრამ ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკოსთა ქმედებას საზღვარი არ აქვს.
დიახ! მათ არ სურთ იანუკოვიჩის ლეგიტიმური ხელისუფლება.
დიახ! მათ სურთ მისი დამხობა და პროდასავლური პოლიტიკოსებით ჩანაცვლება. ამისთვის ისინი უკან არ დაიხევენ, ვინაიდან იანუკოვიჩის გაგდებით, დიდი გეოპოლიტიკური საკითხი გადაიჭრება - რუსეთის ხელისუფლებას წყალი შეუდგება.
უკრაინის „ნარინჯისფერი რევოლუცია-2“-ის მიზანი უკრაინის, მოსკოვის ორბიტიდან მოწყვეტა და დასავლეთისთვის მიერთებაა. გარდა ამისა, პუტინის მიერ ჩამოყალიბებული ერთიანი საბაჟო კავშირის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევაა. დასავლეთი კატეგორიული წინააღმდეგია არა მარტო საბაჟო კავშირის, არამედ ევრაზიული სივრცის შექმნის. მან კარგად იცის, რომ უკრაინის გარეშე ამ სივრცის არსებობა გაჭირდება.
უკრაინის გადაბირებით, ევროკავშირს, რუსეთთან საზღვარი აღმოსავლეთით გადააქვს. ეს პროექტი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებით უნდა განხორციელებულიყო. არ გამოუვიდათ. მის ნაცვლად, რუსეთის ისტორიულმა „კეთილისმსურველმა“ ქვეყნებმა, შვედეთმა და პოლონეთმა ახალი პროექტი, „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ შეიმუშავეს. პროექტით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, კავკასიის ქვეყნები და ბელორუსი (ამ უკანასკნელთან, ლუკაშენკოს წყალობით არაფერი გამოსდით) ევროკავშირის ასოცირებული წევრები გახდებიან, რითაც ასცდებიან საბაჟო კავშირში შესვლას.
და როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გამოთქვა თავისი მოსაზრება ორივე კავშირთან თანამშრომლობის თაობაზე, ევროკავშირმა კატეგორიული უარი განაცხადა - ან ევროკავშირი, ან საბაჟო კავშირიო. იანუკოვიჩმა არც ერთი აირჩია და არც მეორე. ორჭოფულ პოზიციაზე დადგა, რითაც ისარგებლა დასავლეთმა და უკრაინის ოპოზიციის, ექსტრემისტული ძალების გამოყენებით, პერმანენტული მიტინგები აუგორა ოფიციალურ კიევს.
რომ იტყვიან, რისკი - კეთილშობილური საქმეა, თუმცა იანუკოვიჩმა ვერ გარისკა, ვინაიდან არ ისურვა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესება, არც ოპოზიციასთან დაპირისპირება ისურვა. ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობდა და ამ ფიქრს, დღევანდელი პოლიტიკური სტაბილურობა გადააყოლა. ძნელია იმის განჭვრეტა, როგორ დასრულდება მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ან შეძლებს თუ არა მასში მონაწილეობას იანუკოვიჩი?
დღევანდელობით თუ ვიმსჯელებთ, მისი პოზიციები სერიოზულად არის შერყეული. გარდა ამისა, ვინ იცის, იქნებ ოპოზიციამ დაიყოლიოს პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებზე? და თუ ეს მოხდა, იანუკოვიჩის დამარცხება გარანტირებულია, ისე, როგორც ოპოზიციის გამარჯვება. ყოველივე ამას კი დიდის გულმოდგინებით ხელს შეუწყობს ვაშინგტონ-ბრიუსელი.
თუ ეს მოხდა, მოსკოვის გეოპოლიტიკური თამაში მარცხით დასრულდება, და მასთან ერთად დაიწყება ახალი შეტევა რუსეთის ხელისუფლებაზე. გააქტიურდება აშშ-ს მიერ დაფინანსებული რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. გამძაფრდება ანტირუსული პროპაგანდა. კვლავ წინა პლანზე გადმოინაცვლებენ ნემცოვები, კასიანოვები, კასპაროვები, სხვები და სხვები და დაიწყება რუსეთის შიდა დუღილი, „ბოლოტნაიას“ მსგავსი და უარესიც.
რა შეიძლება მოჰყვეს პუტინისა და რუსეთის ხელისუფლებისთვის ამ ერთობ არასასიამოვნო სცენარს? კარგი არაფერი. კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული სახელმწიფოს შფოთი, რომ უდიდეს თავისტკივილს გამოიწვევს მსოფლიოში, ცხადია. მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ არეულობა ჩვენზეც იმოქმედებს და იმოქმედებს მძიმედ, სერიოზულად.
სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკას, უპირველესად, ჭარბი გამოუცდელობით, საერთაშორისო საკითხებში ჩაუხედავობით, ჰგონია, რომ რუსეთის შიდა დუღილი, დაქუცმაცება საქართველოს არ შეეხება. არ შეეხება იმიტომ, რომ საქართველო ღმერთისა და ევროკავშირ-აშშ-ს წილხვედრი ქვეყანაა.
ცდება! და თანაც სერიოზულად, ისე, როგორც ყოველთვის, დამოუკიდებლად არსებობის 23 წლის განმავლობაში. ცდება, როგორც უკრაინის საკითხთან მიმართებაში. მხოლოდ შემცდარი გააკეთებს ისეთ დასკვნებს, როგორც საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, ამის ნათელი მაგალითია.
დოკუმენტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ხელისუფლების (უკრაინის და რუსეთის) მიმართ გამოთქმული მოსაზრება სცდება ნორმალური დიპლომატიური ენის ჩარჩოებს და ერთს (უკრაინას) ადანაშაულებს საკუთარი ხალხის მიმართ მკაცრი ზომების გამოყენებაში, ხოლო მეორეს (რუსეთს) ძალისმიერი გზით უკრაინელი და ქართველი ხალხის ევროპული გზიდან ჩამოშორების მცდელობაში. კაცმა რომ თქვას, უკრაინის დოკუმენტში, რა შუაშია საქართველო და მისი დასავლეთისკენ სწრაფვა?
არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უკრაინის მოვლენებს იმდენ ყურადღებას არ უთმობენ, როგორც საქართველოში. რით არის ეს გამოწვეული? რით არის გამოწვეული ის ისტერია, რაც ქართულ მედიაშია - დამთავრდება სოჭის ოლიმპიადა და რუსეთი გადაგვივლისო? რა დგას ამ მართლაც და ვაი პროპაგანდის უკან? უპირველესად, რუსეთის მიმართ ქართული საზოგადოების ზომაზე მეტად ნეგატიურად განწყობა.
ახალი ხელისუფლების დროს შეიცვალა რამე ამ მხრივ? არც არაფერი. რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ლანძღვა გრძელდება და ამ „საშურ“ საქმეს ისევ ნაციონალები თავობენ. სწორედ მათი ინიციატივა იყო პარლამენტის განცხადების მიღება, თანაც მეორედ. რომ იტყვიან, სამგლე გოჭებივით ვართ ატეხილი, თანაც დაიმედებული - თუ რამე მოხდება, ვაშინგტონი დაგვეხმარება. დაგვეხმარება, ისე, როგორც 2008 წელს. ჯერ-ჯერობით სხვა დახმარებას ის ვერ გაგვიწევს. რა იქნება შემდეგ, ვინ იცის?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
25/01/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.