საქართველოს მთავარი პრობლემა მოსმენებია?

hamlet chipashvili-politologi

ვუსმენ, ვუყურებ, ვკითხულობ რა ქართულ მედიას და პრესას, მეტადრე ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო სხვა პლანეტაზე მდებარეობს, დანარჩენი ქვეყნები სხვაზე. ზემოთმოყვანილთა აზროვნება სხვაა და იმათი, ვინც „სხვა“ პლანეტაზე ცხოვრობს - სხვა. ეს შეგრძნება მაშინ გამიძლიერდა, რაც ძალაუნებურად იძულებული გავხდი პირველი კომენტარი მომესმინა მოსმენებთან ანუ მიყურადებასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ ლამის ერთი წელიწადი გავიდა და ნაცვლად იმისა, ზემოთჩამოთვლილებს რეალობისთვის მოეხმოთ და „პლასტინკა“ გადაებრუნებინათ, პირიქით, გაააქტიურეს ლაპარაკი და იმ ზომამდე მიიყვანეს, პარლამენტმა რომ სანუკვარი „უიკენდი“ მოსმენების თემაზე დახარჯა.
ერთი სიტყვით, ისე დაიძაბა ვითარება, მედიამ ისე წარმართა თავისი მუშაობა, რომ ცოტა დააკლდა საზოგადოებას ერთმანეთს შებმოდა, თანაც ისეთ საკითხში, რომელიც, დღევანდელი საქართველოს პირობებში, სულაც არ უნდა იქცევდეს ესოდენ მოჭარბებულ ყურადღებას. ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად დიდი დეფიციტი აქვს სახელმწიფოს განვითარებისთვის საჭირო კანონმდებლობის თვალსაზრისით, უამრავ დროს ფლანგავს იმაში, რასაც “მოსმენების“ კანონი ვერც ვერასდროს დაარეგულირებს.
არის თუ არა ყოველივე ეს გულუბრყვნილობა ზემოთჩამოთვლილთა მხრიდან? არა! ეს, უფრო მზაკვრობა, საკუთარი მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი.
როდესაც ქვეყნის ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია, ლარის კურსი სხვა ვალუტებთან შედარებით - დაცემული; როდესაც კვების პროდუქტებზე კატასტროფულად იზრდება ფასები; როდესაც ხელისუფლება, წინა ხელისუფლების მიერ სამათხოვრო 20 ლარსაც ვერ იმეტებს ზამთრის თვეების გადასატანად და 10 ლარს აკლებს მას; როდესაც განუკითხაობას აქვს ადგილი თითქმის ყველა სფეროში;
როდესაც თბილისის მერი მამალ ტყუილს უგორებს ზოგიერთი ქუჩის მცხოვრებთ - რეკონსტრუქცია ოქტომბერში დავიწყეთ და ნოემბრის ბოლოს დავამთავრებთო (ჯერაც არ არის დამთავრებული), არადა რეკონსტრუქცია ივნისშია დაწყებული; როდესაც, ვისაც ფული აქვს, ტროტუარზე აშენებს მცირე არქიტექტურის ნაგებობებს კაფეების, ბარების, მაღაზიების, აფთიაქების სახით და მერია თვალს ხუჭავს ამ უწესობაზე;
როდესაც აღმასრულებელ-საკანონმდებლო ხელისუფლება მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობითაა დაკავებული, რაც არა მარტო ხელფასების გაზრდაში, ხელფასებზე დანამატების დაწესებასა და პრემიების მიღებაში გამოიხატება, არამედ ძვირადღირებული პერსონალური ავტომანქანების, მობილური ტელეფონების, პლანშეტების შეძენაში; როდესაც ხელისუფალთა გამუდმებულ უცხოურ მივლინებებში ასეულ-ათასობით დოლარი იხარჯება, უკანონო თუ კანონიერი მოსმენების თემით ჟონგლიორობა საძრახი საქმეა.
საქართველოს საკანონმდებლო-აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ოქროს დრო დახარჯა იმ საქმის მოსაწესრიგებლად, რომლის მოწესრიგება შეუძლებელია. და შეუძლებელია რატომ? იმიტომ, ძვირფასო იმანოებო, რომ კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ნაღვაწს, რასაც მიყურადება ჰქვია, ვერც ერთი არასამთავრობო, მითუმეტეს ხელისუფლება წინ ვერ აღუდგება.
რა არ იღონა კაცობრიობამ ერთმანეთის მოსმენის დასახვეწად და ამ საქმეში ისეთი „ნოუ-ჰაუს“ ჩასადებად, მამაზეციერი რომ ვერ მოიფიქრებდა. მოიფიქრეს! და არა მარტო მოიფიქრეს, ცხოვრებაშიც დანერგეს და ასე და ამრიგად ვუსმენთ ერთმანეთს, სხვადასხვა საბაბით, ხშირად უსაბაბოთ.
ირანის ერთ-ერთი შესანიშნავი, შუასაუკუნეების ძეგლის დათვალიერების დროს, ერთ-ერთ დარბაზში, კედლებზე დატანებულმა ღრმულებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და როდესაც მასპინძელს ვკითხე მათი დანიშნულების შესახებ - ყური მიმადებინა და ჰოი, საოცრებავ, დარბაზიდან შორს არსებულ ოთახში მყოფთა ლაპარაკი მოვისმინე. დარბაზსა და ოთახს (ოთახებს) ერთმანეთთან კედლებში დატანებული მოსასმენი არხი ჰქონდა.
მას შემდეგ მრავალმა საუკუნემ განვლო, განვითარდა მეცნიერება, ელექტრონიკა და მათთან ერთად მოსმენის ტექნოლოგია. მიყურადება, მოსმენა ნიშნავს ინფორმაციის მიღებას, თანაც ისეთის, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელია. ადამიანი გაცილებით გულახდილია სახლში, ოჯახურ გარემოში ან ნაცნობ-მეგობრებში, ინტიმურ კომპანიაში, რაც თავისთავად ბადებს სწორედ იმ სანუკვარ ინფორმაციას, რომლის მიღებაც უმნიშვნელოვანესია მეორე ადამიანისთვის.
მოსმენებს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ცხოვრებაში - მტკიცება არ სჭირდება. ქვეყნები უსმენენ ერთმანეთს, ისე, როგორც ერთი ქვეყნის პოლიტიკოსები, მეორე ქვეყნის პოლიტიკოსებს.
ცნობილი ამბავია - ვენაში, აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს, საბჭოთა კავშირის ლიდერს ბრეჟნევს მოსასმენ-დიაგნოსტიკური აპარატურა დაუმონტაჟეს სასტუმროს იმ ნომერში, სადაც ის ცხოვრობდა. მოსასმენ-დიაგნოსტიკური აპარატურა იყო მიერთებული საწოლზე, უნიტაზზე, აბაზანაზე. მიზანი მოსმენისა იყო - გენერალური მდივნის ჯანმრთელობის შესწავლა და იმის დადგენა, კიდევ რამდენ წელიწადს იცოცხლებდა ის. ამერიკელთა გამოკვლევა ზუსტად დაემთხვა სინამდვილეს - ბრეჟნევი იმ ვადებში „ჩაეტია“, რაც აპარატურამ ივარაუდა.
ერთობ გახმაურებული თემა იყო მოსკოვში აშშ-ს საელჩოს რეკონსტრუქცია, რომელიც ადგილობრივმა სამშენებლო ორგანიზაციამ განახორციელა. შენობის ექსპლუატაციაში გადაცემის წინ, ამერიკის სპეცსამსახურებმა შეამოწმეს შენობა და ჰოი, სასწაულო - შენობის ყველა კედელში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს. ამ ამბავს დიდი „სკანდალი“ მოჰყვა. ამერიკელები იძულებული შეიქმნენ თავიდან ჩაეტარებინათ რემონტი.
გავიხსენოთ 1943 წლის თეირანის „დიდი სამეულის“ - აშშ-ს, საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების კონფერენცია. იმჟამინდელი თეირანი ფაშისტური გერმანიის ჯაშუშებით იყო სავსე. დაზვერვის სამსახურების მიხედვით, იგეგმებოდა ლიდერებზე ტერორისტული თავდასხმა. კონფერენციის გამართვა დაგეგმილი იყო საბჭოთა საელჩოში, რომელიც მოცულობით გაცილებით დიდი იყო, ვიდრე აშშ-ს და ინგლისის, თან გაცილებით კარგად დაცული.
აშშ-ს პრეზიდენტ რუზველტს საბჭოთა საელჩომდე მისასვლელად თეირანის ვიწრო ქუჩებში უნდა გაევლო, რაც თავისთავად გაუადვილებდა გერმანელ ტერორისტებს მასზე თავდასხმას. მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით, სტალინმა რუზველტს, საცხოვრებლად საბჭოთა საელჩოს ის ფლიგელი დაუთმო, სადაც თვით ცხოვრობდა. თვითონ შედარებით პატარა ფლიგელში განთავსდა. როგორც ამბობენ, მასპინძლობას სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა - მოსმენა. რუზველტის სათავსებში უმალ ჩამონტაჟდა მოსასმენი აპარატურა.
თანამედროვე ტექნიკა ისეთ დონეზეა განვითარებული, რომ ერთმანეთის მოსმენა გაცილებით იოლია, ვიდრე თუნდაც 5-10 წლის წინათ. ასანჟისა და სნოუდენის ინფორმაციებმა ახალი სინათლე მოჰფინა აშშ-ს როლს მსოფლიოს მოსმენის საკითხში.
აშშ-ს სპეცსამსახურები 24-საათიან რეჟიმში უსმენენ არა მარტო მეტოქე ქვეყნების პოლიტიკოსებსა და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, არამედ მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკოსებს, რაც თავისთავად იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მოსმენილთა შორის, თუმცა ამით დიპლომატიური ურთიერთობა არ გაწყვეტილა. გერმანიის კანცლერმა მერკელმა გულდაწყვეტით თქვა - უმჯობესი იქნებოდა ნამდვილი, სასიკეთო საქმეების კეთება, ვიდრე მოსმენაო. ეს იყო და ეს.
ჩვენთვის კარგად ცნობილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ნულანდმა ყოველგვარი რევერანსის გარეშე ბრძანა - „დიახაც, უნდა მოვუსმინოთ მერკელს, სხვა მოკავშირეებს, რადგან უნდა ვიცოდეთ, რით სუნთქავენ ისინიო“. თან ამ ნათქვამს საყვარელი სიტყვა - “fuck” დაუმატა.
2008 წელს გამოვიდა აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გორის წიგნი „შეტევა აზროვნებაზე“, სადაც ის წერს: „მოქმედი ადმინისტრაცია (ბუშ უმცროსი) აცხადებს თავის უფლებას, გახსნას ნებისმიერი წერილი, რომელსაც თქვენ იღებთ აშშ-ს ფოსტით; მოუსმინოს თქვენს სატელეფონო ლაპარაკს, თუკი ჩათვლის მიზანშეწონილად.
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამას მხოლოდ „უკიდურესი აუცილებლობის“ შემთხვევაში განახორციელებს, მაგრამ რა არის „უკიდურესი აუცილებლობა“, როდესაც მას ადმინისტრაცია წყვეტს - არ ეკითხება რა სასამართლო ინსტანციებს. პრეზიდენტმა შექმნა დოკუმენტი, რომელიც აძლევს მას უფლებას გასცეს განკარგულება, გაიხსნას ნებისმიერი წერილი, სასამართლო ორგანოების თანხმობის გარეშე. თუ ფედერალურ მთავრობას სურს - მას შეუძლია ინტერნეტ-საიტების გაკონტროლება, ელექტრონული ფოსტის ნახვა, სატელეფონო საუბრების მოსმენა“.
კანონი „პატრიოტიზმის“ შესახებ მიღებულ იქნა 2001 წლის 11 ოქტომბერს. მან გააიოლა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე კონტროლი - სატელეფონო საუბრებზე, დაავადებათა ისტორიის გაგებაზე, თუნდაც იმაზე, რა წიგნები გამოაქვს მოსახლეობას ბიბლიოთეკებიდან. კანონით შეიძლება უცხოელთა დაკავება ერთი თვით და მეტით და მათთვის დახურული სასამართლოს მოწყობა.
ჩვენი „პოლიტიკოსი“ „გოგო-ბიჭების“ განცხადებით, აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. და თუ ნამდვილად ასეა (მე ეჭვი მეპარება), მაშინ რატომ არ იქცევი ისე, როგორც ის?
სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს - ყველა საკითხში პარტნიორობას და არა შერჩევით. ეს კარგად იცოდა სააკაშვილმა და მისმა ბანდამ, რომელთა დაკვეთით და ამერიკელთა დახმარებით (აპარატურა, ტექნოლოგია) თანამედროვე მოსმენის სისტემებით აღიჭურვა საქართველო.
ძნელად შეხვდებით დედამიწის ზურგზე ქვეყანას, რომელსაც საკუთარი ან სხვისი ხალხის მოსმენით არ იყოს დაკავებული. ის, ვინც ამას არ აკეთებს, უბრალოდ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ასე რომ ე.წ. პოლიტიკოსთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა მოჭარბებული ჟივჟივი მოსმენებთან დაკავშირებით ჭიქაში დატრიალებული ქარიშხალია და მეტი არაფერი, რომლის მთავარი მიზანი - უმნიშვნელოვანესი საკითხებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანაა.
მეორე საკითხი, რაც აგერ უკვე 20 წელიწადია ყურს ხვდება - საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებაა. თემა იმდენად მომაბეზრებელია, რომ საზოგადოებაში კარგა ხანია გულის რევას იწვევს, თუმცა ვინც ამ მდგომარეობას უნდა მიაქციოს ყურადღება, ანუ ხელისუფლება, ნაცვლად რაღაცის შეცვლისა ან რიტორიკის შენელებისა, პირიქით მოქმედებს. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ობამა იტყვის, რომ საქართველოსთვის ნატოში შესვლა ნაადრევია, ის აღარ უნდა გადაამოწმო სხვა პოლიტიკოსებთან, თუნდაც სენატორ მაკკეინთან და ისე უნდა იმოქმედო, როგორც დიდმა „ბატონმა“ დაგმოძღვრა.
საქართველოს ხელისუფლება კი, როგორ იქცევა? პირიქით, არათუ ცვლის რიტორიკას, ისე აჩვენებს საზოგადოებას, თითქოს ევროკავშირიც და ნატოც სულ იმაზე ფიქრობს, როდის შევა საქართველო “ღია კარში“.
როგორც ჩანს, აშშ-ს პრეზიდენტის ნათქვამი ჩვენს ხელისუფლებას ნაბახუსევზე წამოსროლილი ფრაზები ჰგონია და ამიტომაც ვერ ამუხრუჭებს რახანია დიდი სისწრაფით მქროლელ ვერბალურ თუ ეპისტოლარულ განწყობას, PR-ი რომ ჰქვია - საბოლოო ჯამში - ხალხის ტყუილებით გაბერვა, გამოთაყვანება და დაჩმორება.
მეტი რაღა უნდა ითქვას, რაც ობამამ თქვა? არც არაფერი.
შეიცვალა მას შემდეგ რამე ხელისუფალთა რიტორიკაში? არც არაფერი. და არა მარტო ხელისუფლების, არამედ ე.წ. ექსპერტების რიტორიკაშიც არაფერი შეცვლილა. ჩვენ, ისევ ვამტვრევთ ნატოსა და ევროკავშირის კარს იმის მოლოდინით, რომ ვინმე გაგვიღებს. გაგვიღო კიდევაც, ოღონდ არაშესაპატიჟებლად, არამედ იმის სათქმელად, რომ ნაადრევი სტუმრობა მოგივიდათ და ჯერ-ჯერობით მასპინძლობას ვერ გაგიწევთო.
სულ ესესაა ორი მაღალჩინოსნის განცხადება მოვისმინეთ - ერთი ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგია და მეორე გერმანიის ვიცე-კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი. პირველმა თქვა უკრაინაზე - ამაოა ამ ქვეყნის ხელისუფალთა მცდელობა ნატოში შესვლასთან დაკავშირებითო და უკრაინას საქართველოც მიაყოლა, როგორც რაღაც დანამატი.
სტოლტენბერგი ახალი კაცია, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველ ვაი პოლიტიკოსთა მხრიდან უკვე იმდენად გაბეზრებული, ცხადია არანაკლებად უკრაინელთა მხრიდან, რომ დიპლომატიურ ეთიკეტს შეეშვა და პირდაპირ გვაჯახა - არაო!
მაგრამ მერე რა? ჩვენმა ხელისუფლებამ ხომ არ „იჯახა“. ის, როგორც პიტალო, სალი კლდე, ნატოს სადარაჯოზე მყოფი, თანაც ნატოს წევრებზე მეტად, ისევ ძველ „პლასტინკას“ ატრიალებს - ძველებური მოთხოვნით - ავღანეთში რომ ვომობთ, ეს იმისთვის, რომ ნატოში რომ შეგვიშვათო, თხოვნაში, კატეგორიული მოთხოვნის ჩართვით. არაო, გვითხრეს, ჩვენ კი, როგორ თუ არაო, ვაცხადებთ.
ცხადია გულდასაწყვეტი იყო შტაინმაიერი - მისი ნათქვამიდან გამომდინარე, ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროკავშირის წევრობას ვერ ეღირსება. არადა რა „შალახო“ ავაჟღერეთ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალზე; რა ცრემლები აღვარღვალა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ - ამ ისტორიულ დღეს მოვესწარიო, რომ გაჰკიოდა.
მაინც რა უმადურები არიან ბრიუსელელი პოლიტიკოსები - ასეთი „შალახოს“ შემდეგ, უმალ როგორ არ უნდა გაეწევრებინათ საქართველო ევროკავშირში?
ხუმრობა იქით იყოს და საღი თვალით შევხედოთ თითოეულმა უკრაინელმა და ქართველმა ჩვენს თავს - ვართ ევროკავშირში შესვლის ღირსნი?
უკრაინის ამბებმა, დატრიალებულმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ევროპას გაახსენა ფაშიზმი და მისი „სიკეთეები“. გაახსენა ისიც, რომ უკრაინის მიღება ზემოთხსენებულ ორგანიზაციებში ევროპის განსაცდელში ჩაგდებაა.
რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს - უკრაინა ევროპისთვის ძნელად ასაწევი ტვირთია. უკრაინის დაცემული ეკონომიკის ფეხზე დასადგომად ყოველწლიურად 25 მილიარდი ევროს გამოყოფა იქნება საჭირო, რასაც ვერც ევროკავშირი და ვერც რომელიმე კავშირი, თანაც ერთად აღებული ვერ შეძლებს.
დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა საქართველოსადმი. არც საქართველოს ეკონომიკას აქვს ის ნიშნები, ევროპას რომ გამოადგეს. საქართველოზე ათჯერ განვითარებული, თანაც ევროპაში მდებარე ბულგარეთ-რუმინეთს, ბალტიისპირა ქვეყნებს არაფერი ეშველათ ევროკავშირში ყოფნის შედეგად და რაღა საქართველოს ეშველება?
ასე ფიქრობენ პრაგმატული ევროპელები. ისინი, იმასაც ფიქრობენ, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველოში ჩაყრილმა გრანტებმა, სხვადასხვა სახის ფინანსურმა „ოყნებმა“ დიდი ვერაფერი შედეგი გამოიღო - გარდა ერთისა, შეიქმნა მმართველი პოლიტიკური ელიტა, წურბელათა გუნდი, რომელიც საკუთარ ხალხსაც წოვს სისხლს და უცხოელსაც. ევროკავშირს ჰყავს ასეთი წევრები, საბერძნეთის, ზემოთმოყვანილი ქვეყნების სახით, რაც სრულიად საკმარისია სიმწარის განცდის მოსაგვრელად. რატომ უნდა აიტკივოს თავი გერმანიამ, ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებულმა ქვეყანამ ან ვთქვათ ბელგიამ საქართველო-უკრაინის შეყვანით ევროკავშირში და მათი გამოკვებით.
პრაგმატიკოს ევროპელს უჭირს იმის გათავისება, რომ ვიღაც უკრაინელის და ქართველის გამო მან უნდა გაიუარესოს თავისი სოციალური ყოფა. ბელგია ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტის წარმოებით მსოფლიოში მე-14-ე ადგილზეა. სიღარიბის ზღვარად ითვლება თვიურად 900 ევროზე ნაკლები შემოსავალი. საშუალო ხელფასი 2-3 ათასი ევროა. 30 წელზე მეტი ასაკის ბელგიელი, რომელიც არ ცხოვრობს საკუთარ სახლში, წარუმატებლად ითვლება.
ევროპელები მართლებიც არიან და მტყუანებიც. მართლობაზე უკვე ვთქვით, რაც შეეხება მტყუანობას, ვიტყვი, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე - შეგვაცდინეს. პოლიტიკური მიზნები, ამერიკელთა მიერ ჩამოყალიბებული, რუსეთთან მეტოქეობაა, რუსეთის მტრულად განწყობილი ქვეყნებით შემორკალვაა.
კარგად მახსენდება ევროკავშირის ყოფილი შეფის ბაროზუს განცხადება - პატარა საქართველოს გზა ეხსნება დიდი ევროპული ბაზრისკენო და. ა.შ. მაშინ არავის დაუსვამს კითხვა, რას შექმნიდა საქართველო ისეთს, ევროკავშირში რომ გაეტანა გასაყიდად. სერიოზულად არც არავის უფიქრია და დღესაც არავინ ფიქრობს, რომ ასოცირებული წევრობა გრძელი, მრავალწლიანი რიგში დგომაა, რომელსაც ან გაუძლებ, ან არა.
ევროპამ მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით მიიბა საქართველო და უკრაინა საკუთარ ზღურბლთან, რომ არ შევსულვიყავით ევრაზიულ კავშირში. ევროპამ „გადაგვაგდო“ ანუ მოგვატყუა, თუმცა ამის გამოსწორება შეუძლებელი არ არის. ოღონდ ერთია გამოსწორებისთვის - სხვა ხელისუფლებაა საჭირო და ხალხის სურვილი, ისე შეხედოს მოვლენებს, როგორც დედამიწაზე მცხოვრებმა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
05/12/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.