საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით

საქართველოს უახლესი ისტორია, რომელიც 1991 წლის დეკემბრიდან იწყება, აღსავსეა მოულოდნელობებით, გაუთვლელი სახელმწიფო პოლიტიკით, შიდა და გარე ცხოვრებაში შეუსაბამო მოქმედებით, სახელმწიფო თანამდებობისადმი ზღვარგადასული ტრფიალით, უკიდეგანო კორუფციით, ერთმანეთისადმი უზნეო, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, სხვა მრავალი ნეგატიური თვისებით, რამაც თითქმის გამოუსწორებლობის ზღვრამდე მიიყვანა ქვეყანა - ერთობ მცირე ტერიტორიითა და მცირე მოსახლეობით.
საქართველოს უახლეს ისტორიაში - დამოუკიდებლად ცხოვრება რომ ჰქვია, იმდენ უარყოფით მოვლენას ჰქონდა და აქვს ადგილი ერთად აღებულ რამდენიმე დიდ სახელმწიფოსაც რომ ეყოფა.
გაივლის წლები, შეიძლება ათეული და იმჟამინდელი თაობა გაოცებით წაიკითხავს ბედკრული ქვეყნის დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყოსის ისტორიას. წაიკითხავს და გაოცდება - რანი ვყოფილვართო - იტყვის. იტყვის მაშინ, თუ ნამდვილი და არა შელამაზებული ისტორია ექნება წასაკითხად და რაც მთავარია, თუკი მანამდე გაძლებს ქვეყანა.
21-ე საუკუნე, გლობალიზაციით გაჟღენთილი, არათუ პატარებისთვის, დიდი სახელმწიფოებისთვისაც მძიმე გამოცდის საუკუნე იქნება. გაუჭირდება ყველას, ვისაც ეროვნული თვითშეგნების, საკუთარი სამშობლოს მოჭარბებული სიყვარული არ ექნება, ვინც საქმით და არა ლიტონი სიტყვით, ხელს არ შეუწყობს სამშობლოს სიმტკიცეს.
თავდავიწყებული კონკურენციის, პოლიტიკური ალღოს, სამხედრო-ეკონომიკური და კულტურული პაექრობის, ახალი იდეების, პრაგმატიზმის, ტექნოლოგიური დახვეწილობის საუკუნეში მოუწევს ცხოვრება ახალ თაობას. გაართმევს თავს ყოველივე აღნიშნულს ქვეყანა, რომელსაც ერთობ არასახარბიელო 20 დამოუკიდებელი სასტარტო წელი ჰქონდა?
ისტორიული თვალსაზრისით 20 წელი, ერთი გაელვებაა, მაგრამ ეს იმჟამინდელ ისტორიაში. ამჟამინდელში, კომუნიკაციებით აღსავსეში, არათუ 20 წელს, ერთ კვირასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ნაბოძები დამოუკიდებლობის წლები საქართველომ უარყოფითად განვლო, იმდენად უარყოფითად, რომ დადებით მომავალზე ფიქრიც, მითუმეტეს ოცნება ჭირს. წინა ხელისუფალთა წყალობით, ქვეყანამ მიიღო ახალგაზრდობა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი, დასავლეთისკენ მაყურებელი, წარსულის უცოდინარი, ადრეულ ასაკში სახელმწიფო თანამდებობის სიკეთის, მაღალი ანაზღაურების, ხელფასზე დანამატის, პრემიებს ნაზიარები.
სახელმწიფომ მიიღო მთავრობის მიერ ფულით მოსყიდული ახალგაზრდა მოხელეები, რომელთა პროფესიონალიზმი, წინა ხელისუფალთა თვალში ციცინში გამოიხატებოდა. შეძლებს ასეთი თაობა 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი ქვეყნის შექმნას, გაუძლებს ის შიდა და გარე გამოწვევებს?
წინა ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა კორუფციის გაახალგაზრდა-ვებისთვის, ადრეულ ასაკში დაუმსახურებელი, უშრომელი ფულის მიღების პროცესთან შეგუებისთვის. ვერც ერთი მშობელი ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი შვილი მრუდე გზით, თითქმის უმწიფარ ასაკში, ესოდენ მომხვეჭელი გახდებოდა.
საზოგადოების ხრწნის პროცესი, ნაბოძებ დამოუკიდებლობაზე გაცილებით ადრე დაიწყო. საშუალო და მეტი ასაკის ხალხს ემახსოვრებათ საბჭოთა მწერლის ასტაფიევის ნაშრომი საქართველოს იმჟამინდელი ახალგაზრდების შესახებ. მოყვარეს პირში უთხარის და არა კრიტიკის პოზიციიდან ნათქვამმა, იმდენად გაანაწყენა საქართველოს საზოგადოება, რომ საკავშირო მწერალთა ყრილობაზე დამსწრე საქართველოს მწერალთა დელეგაციამ დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი.
არადა ასტაფიევი გულდათუთქული წერდა ისტორიულად გმირი ქართველების სავალალო ტრანსფორმაციაზე, მოშვებულ მუცლებსა და უკანონო შემოსავლებით ნაყიდი ავტომანქანის გასაღების თითზე ტრიალზე. „შენი წონა ფული მაქვს, გესვრი და წაგაქცევ“ - მიღებული ფრაზა იყო გადაგვარების გზაზე დამდგარ საზოგადოებაში, რასაც დიდის სიზუსტით აღწერს თავის რომანებში გურამ ფანჯიკიძე. ალბათ ისიც გახსოვთ, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტში ბიზნესმენი სიორიძის მიერ კოლეგა პარლამენტარისთვის ნათქვამი - ჩემთან პაექრობას არ გირჩევ, მძიმე წონისა ვარ.
გამხდარი სიორიძის სიტყვების მნიშვნელობა დიდი ფულის პატრონობას გულისხმობდა, რასაც სხვაში, მის მიმართ, რიდი და მორჩილება უნდა გამოეწვია. დღევანდელი თაობა, ცხადია ყველა არა, ხომ ასტაფიევის პერსონაჟების შვილები და შვილიშვილებია?!
გუშინდელ სპეკულიანტს - დღეს ბიზნესმენი ჰქვია. ფულმა დაიმონა საზოგადოების დიდი ნაწილი. ფულმა ჩაახუტა ერთ დროს პატრიოტი ქართველი ამერიკას, თურქეთს, ევროპას, გახადა რა ის გლობალისტი - ცუდი გაგებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილში ჩამოყალიბებული მოსაზრება - ხელისუფლების საზოგადოებრივ კონტროლთან დაკავშირებით, ბევრ კითხვას ბადებს. მათ შორის ისეთ მარტივს, როგორიცაა - რამდენად შესაძლებელია არაობიექტური, გაუნათლებელი, მომხვეჭელობაზე მომართული საზოგადოების მიერ მთავრობის კონტროლი?
წერილის ავტორი მიიჩნევს, რომ მზადაა ობიექტური, დემოკრატიული საზოგადოების ასაშენებლად ძალ-ღონე არ დაიშუროს, მაგრამ ერთი კაცი, თუნდაც მილიარდერი, შეძლებს ამ უზარმაზარი ტვირთის აწევას? საზოგადოების ჩამოყალიბება ხომ არ დაემსგავსება მთავრობის ჩამოყალიბების იმ გზას, ივანიშვილის გარდა, არავის რომ არ მოსწონს?
ბოლო პრეს-კონფერენციაზე პრემიერმა შეაქო მთავრობა და ამით თავიც შეიქო, პროფესიონალი კადრების მოზიდვისთვის - „ჩვენს მთავრობაში არიან კარგი მინისტრები და უფრო კარგებიო“, - ბრძანა მან. თუ ასეთი კარგები არიან, რატომ არის საქმე ცუდად - სვამენ შეკითხვას. არაუშავს, ისწავლიან, გაერკვევიან მუშაობაშიო - იყო პასუხი მისი.
თბილისის „დინამოს“ მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა ჟურნალისტის ნათქვამს - რატომ არ ზრდით ფეხბურთელს თბილისის „დინამოში“, - მიუგო, თბილისის „დინამოში“ გაზრდილი ფეხბურთელი უნდა მოვიდეს და არა აღსაზრდელიო. ხელისუფლებაში გამოცდილი, პატიოსანი, პატრიოტი, პროფესიონალი უნდა იყოს და არა გამოუცდელი და გასაზრდელი უვიცი, თანაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის.
უნივერსიტეტის ახალი რექტორისადმი მიმართვაში „ტვირთი უფლისგან“ - იოსებ ჭუმბურიძე იხსენებს რეზო თაბუკაშვილის ნათქვამს: „როცა დათიკო ჩხიკვიშვილი დანიშნეს უნივერსიტეტის რექტორად, მივედი და ვუთხარი, ივანე ჯავახიშვილის სავარძელში რომ ჯდებოდი, რას ფიქრობდი - მეთქი“.
დამოუკიდებლობის წლებმა ბევრი ცუდი რამ შესძინა ხალხს, მათ შორის თავხედობა, საკუთარი შესაძლებლობების შეუფასებლობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა. ცხადია, ეს მანკიერება სააკაშვილის დროს ზემოდან იყო წახალისებული - მორჩილი მოხელის მიღებისთვის, რამაც გამოუსწორებელი შედეგი მოუტანა საზოგადოებას - სახელმწიფო თანამდებობების დევალვაცია. უვიცი თინეიჯერის თანამდებობაზე დანიშვნამ ობიექტური გულისწყრომა გამოიწვია მსგავს უვიც თინეიჯერთა შორის - ის თუ დანიშნეს, მე რატომ არ მნიშნავენო.
ხელისუფლების გაახალგაზრდავების თითქმის ათწლიანმა კურსმა - სტრატეგიული პარტნიორის მიერ მხარდაჭერილმა და წახალისებულმა, იმედგაცრუება და რაც მთავარია, გულაცრუება გამოიწვია სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ. „არაფრის გამკეთებლები არიან და რაზე უნდა მივმართოთო“, - ამბობს ხალხი.
ხელისუფლებასაც ეს უნდოდა და ყოველგვარი ქვემოდან კონტროლის ან გამომაფხიზლებელი შეძახილის გარეშე დარჩენილი, მიეცა განცხრომას, საკუთარი უსაქმურობის „დასაფასებლად“ მაღალი ხელფასებისა და ყოველთვიური პრემიების გამოწერას, უცხოეთში გამუდმებულ მივლინებას და ა.შ.
დამოუკიდებლობის 20-მა წელმა, განსაკუთრებით ბოლო ათმა, მძიმე ვითარება შექმნა, რომლის გამოსწორებას მრავალი წელი, შესაძლოა ათეულიც არ ეყოს. გამოსწორებისთვის ბრძოლაში საჭიროა არა მარტო საზოგადოების აქტიური ჩაბმა, არამედ ხელისუფლებისაც და რაც მთავარია, მათი ერთობლივი მოქმედება. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საზოგადოების არსებობა, მისი შესაძლებლობა, მისი კომპეტენტურობა, მაგრამ არის კი მზად ის ამისთვის?
ნებისმიერ ხელისუფალს საკუთარი თავი ყველაზე მცოდნე ჰგონია, საზოგადოება კი - უვიცი, ამდენად მას გაუჭირდება საკუთარი არასრულყოფილების ბარიერის დაძლევა. გარდა ამისა, ტრადიციისდა მიხედვით, საზოგადოებაც ისეთია, თანამდებობიდან წასულს რომ არცკი ესალმება.
თანამდებობიდან წასული, თანამდებობაზე მყოფისთვისაც „პერსონა ნონ გრატაა“. ასეთის რჩევას „ზემოთ“ არავინ გაიზიარებს. არათუ არ გაიზიარებს - სათქმელადაც არავინ მიუშვებს. სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი რეალობა. რაღა შორს წავიდეთ - პრემიერ-მინისტრობამდე კარგა ხნით ადრე, ბიზნესმენ ივანიშვილს გაუჭირდა, თუნდაც ხუთი წუთით, საზოგადოებაში ცნობილი და დაფასებული პიროვნების ალექსანდრე ჩიკვაიძის მიღება.
საზოგადოებას აღზრდა, ჩამოყალიბება რომ ესაჭიროება, ეჭვგარეშეა, მაგრამ რამდენად შესაძლებელი და რეალურია ჩამოუყალიბებელი ოჯახებით, სკოლით, უმაღლესი სასწავლებლებით ამ კეთილშობილური საქმის კეთება?
წერილში აღნიშნულია შემდეგი: „ისეთი საზოგადოების ფორმირება, რომელიც არა მხოლოდ აკრიტიკებს, არამედ თავადაც ჩაებმება, აღზრდის და ამით ხელს შეუწყობს ევროპული ყაიდის, დემოკრატიული, მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოყალიბებას“.
ის, რომ ევროატლანტიკური სივრცე წინა და დღევანდელ ხელისუფალთა სანუკვარი ოცნებაა, ეჭვს არ იწვევს, მაგრამ რამდენად რეალურია მხოლოდ საკუთარ პიროვნებაზე და არა საზოგადოებაზე ორიენტირებული ხალხისთვის ამის კეთება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იმ დასავლეთსაც იმდენი ლაქა აღმოჩნდა, მისაბაძიც რომ არაფერია?
დღეს, ყველა დემოკრატობას იჩემებს, ევროპელიც და აზიელიც, აფრიკელიც და ამერიკელიც. ყველა მათგანს მიაჩნია, რომ მისი დემოკრატია სხვისას სჯობს. დემოკრატიის დასაცავად, ნაცვლად დიალოგისა, იგივე დასავლეთი სისტემატურად მიმართავს ძალისმიერ პოლიტიკას, ეშმაკურ თამაშს, გაუმართლებელ, ცინიკურ გარიგებას, თუნდაც ისეთთან, დემოკრატიის ნიშანწყალიც რომ არ გააჩნია.
მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდიდან დაწყებული, დასავლური პოლიტიკური „თამაშები“ და ეშმაკობა გერმანიის ფაშიზმის მოძლიერების და საბოლოო ჯამში მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების საბაბი გახდა.
„ჩემი შეხედულებით, საბჭოთა მთავრობა მზად იყო ინგლის-საფრანგეთთან ხელშეკრულების მოწერისთვის. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმოწერამდე მარშალმა ვოროშილოვმა უთხრა საფრანგეთის მისიის ხელმძღვანელს, რომ საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება მრავალი წელია გამოკიდებულია ჰაერში. გასულ წელს, როდესაც დაიღუპა ჩეხოსლოვაკია, ჩვენ ველოდით სიგნალს საფრანგეთიდან, მაგრამ ვერ მივიღეთ. ჩვენი ჯარი მზად იყო. საფრანგეთმა და ინგლისმა ერთობ გაჭიმეს პოლიტიკური და სამხედრო მოლაპარაკებები. მეორე დღეს რიბენტროპი ჩავიდა მოსკოვში.
ძნელია იმის თქმა, ვის უფრო გულს ურევდა 1939 წლის 23 აგვისტოს ხელმოწერილი თავდაუსხმელობის პაქტი - ჰიტლერს თუ სტალინს. ორივეს შეგნებული ჰქონდა, რომ ეს იყო დროებითი ღონისძიება, გამოწვეული შექმნილი ვითარებით. ანტაგონიზმი ორ იმპერიას შორის იყო მომაკვდინებელი. სტალინი ფიქრობდა, რომ დასავლეთთან ომის შემდეგ ჰიტლერი ნაკლებად საშიში მტერი იქნებოდა მისთვის. ჰიტლერი კი მისდევდა თავის ნაცად მეთოდს - ერთი მეორის მიყოლებით.
ის ფაქტი, რომ მსგავსი ხელშეკრულების გაფორმების პირობები გაჩნდა, არის ინგლისისა და საფრანგეთის პოლიტიკისა და დიპლომატიის სიღრმისეული ჩავარდნა. საბჭოეთის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა გერმანიის ჯარების რაც შეიძლება დასავლეთში ყოფნას, იმისთვის, რომ რუსებს ძალა მოეკრიფად. საჭირო იყო ბალტიისპირა სახელმწიფოების და პოლონეთის საკმაო ნაწილის ოკუპირება. მათი პოლიტიკა ცივად იყო გათვლილი, ამისთანავე იმ დროისთვის უმაღლესი ხარისხით რეალური“, - წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.
სწორედ ორმაგმა სტანდარტმა დაღუპა მაშინდელი მსოფლიო და აქცია ის ათეული მილიონი ადამიანის სასაკლაოდ. რამდენად ცინიკოსი უნდა იყოს ომისშემდგომი დასავლეთი, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაჩენას მხოლოდ სტალინს აბრალებდეს.
ნეგატიური ისტორიის მატარებელი დასავლეთი, მუდამ სხვისი დამადანაშაულებელი თანამედროვე ცხოვრებაშიც, ნაცად გზას მიჰყვება, რამაც მსოფლიოს მრავალ კუთხეში სიცოცხლე გაუმწარა ხალხს - დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით. სხვის საქმეში ხელის ფათური წესად იქცა ამერიკა-ევროპისთვის. გავიხსენოთ იუგოსლავია, ერაყი, ავღანეთი, ლიბია. ამჯერად მიზანში სირიაა. სულ ცოტაც და ვაშინგტონში „შეკერილი“ დემოკრატიული დროშა გადაეფარება სირიას „ტომაგავკებისა“ და სხვა მომაკვდინებელი ბომბების სახით.
ცინიზმით არის გაჟღენთილი აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას განმარტება სირიის სამოცდღიანი დაბომბვების თაობაზე. აშშ-ს მოსახლეობის დასამშვიდებლად ის ამბობს, რომ ამერიკელი ჯარისკაცი ფეხს არ დაადგამს სირიის მიწაზე.
„ბაშარ ასადს ჭკუა უნდა ვასწავლოთ, რომ მომავალში ქიმიური იარაღი არ გამოიყენოსო“, - ამბობს ობამა. თითქოს, ამერიკელთა მასირებული სამოცდღიანი დაბომბვით, მხოლოდ სირიის ხელისუფლება განადგურდება. დაბომბვებით ასჯერ და ათასჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება, ვიდრე ქიმიური დაბომბვის დროს, რასაც დაუსაბუთებლად აბრალებენ ბაშარ ასადს.
ამერიკა, სუპერ სახელმწიფოა, თანაც დიდი „დემოკრატი“. მხოლოდ მან უნდა დაამყაროს მსოფლიოში წესრიგი და ამ პროცესში თუ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, მსოფლიომ თვალი უნდა დახუჭოს, ვინაიდან მას უფლება აქვს, სხვას არა.
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ (4-10 სექტემბრის ნომერი) აქვეყნებს სენსაციურ ინტერვიუს ამერიკელ ჟურნალისტ ჯეფრი სილვერმანთან, სადაც საუბარია საქართველოდან სირიაში „ბოევიკებისთვის“ ქიმიური იარაღის გატანის თაობაზე: „ეს ინფორმაცია გორდონ დაფმა მომაწოდა. იგი სანდო წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ქიმიური იარაღი გემით საქართველოდან გაჰქონდათ სირიაში. მე ხელისუფლებას ის დაფარული საიდუმლო ჩანაწერები მივაწოდე, რომლებიც მოვიპოვე, მათ შორის იყო საქართველოში იარაღის თაობაზე, გარიგებებთან დაკავშირებული მასალები.
სირიაში ქიმიური იარაღის მიწოდება გარედან, თურქეთის გავლით მოხდა. 2010 წელს საქართველოში მძიმე მასალები შემოვიდა, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც მიწისქვეშა ბუნკერების, ასევე სპეციალური მიწისქვეშა ქიმიური, ბიოლოგიური ან სულაც ბირთვული კვლევითი დაწესებულებების მოსაწყობად“, - აცხადებს რესპონდენტი.
ქარხანა, რომელიც თბილისში „ბიოლოგიური კვლევითი ლაბორატორიის სახით“ გახსნეს ამერიკელებმა, 300 მილიონი დოლარი დაჯდა და ამერიკელი ჟურნალისტის ვრცელი მონათხრობით, საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს.
ამ და სხვა მაგალითების (2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით) შემხედვარემ, ვინც არ უნდა იყოს ის - ივანიშვილი თუ პეტრიაშვილი, როგორ უნდა ამტკიცოს დასავლური „დემოკრატიის“ სიკეთეებზე ან თუნდაც ნაცების ნიჭიერებაზე და ხალხის მიერ მათ შენდობაზე. სააკაშვილმა ისეთი მძიმე „საჩუქარი“ დაუტოვა ბედკრულ ქართველობას, თუნდაც ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის სახით, რომ ამ „ძღვენისგან“ მრავალი თაობა ვერ განთავისუფლდება.
როგორც ჩანს, „ზედემოკრატიულმა“ ამერიკამ ისეთ „დემოკრატიას“ აზიარა ქართველობა, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. ამერიკელთა მარჯვენას ეკუთვნის საქართველოს მწამებელი ხელისუფლების გამოჩხრეკა, სააკაშვილის გაღმერთება და გაკოჰაბიტირება.
დასავლური დემოკრატიის სიკეთეებზე, მათ შორის ერთსქესიან ქორწინებასა და სხვაზე, ბევრი შეიძლება ითქვას, მაგრამ გაზეთი ვერ დაიტევს. დასასრულს კი ვიტყვი, თანაც ივანიშვილისთვის რჩევის სახით - იქნებ თავი დაგვენებებინა „დასავლურის“ გამუდმებულ ხსენებას, მითუმეტეს, რით არის ის უკეთესი მრავალსაუკუნოვან ჩინურ, ინდურ, იაპონურ, ირანულ კულტურაზე? იქნებ ჩვენ, ჩვენი შეგვექმნა - მდიდარ წარსულზე დაფუძნებული.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
06/09/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.