ფალსიფიცირებული, ტენდენციური ინფორმაციით გაჟღენთილი მედია

hamlet chipashvili-politologi

მსოფლიოს პოლიტიკური მოვლენები რომ ელვის სისწრაფით იცვლება, ფაქტია. ერთმანეთს ენაცვლება ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის, ევროპისა და რუსეთის, და რაც მთავარია, აშშ-ს მოვლენები. ყოველივე აღნიშნული კი ჩვენამდე, ანუ რიგით მოქალაქეებამდე ელექტრონული მედიისა და ბეჭვდითი საშუალებების მეშვეობით მოდის. ჩვენც ვიღებთ ინფორმაციას, უკიდეგანო ოკეანის სახით და საკუთარი ინტელექტიდან გამომდინარე ვახარისხებთ ჩვენსავე ტვინებში. შემდეგ ვცდილობთ ერთმანეთს გავუზიაროთ მედიის მიერ მოწოდებული პროდუქცია, საკუთარი ინტერპრეტაციით, საკუთარი სიტყვებითა და მეტნაკლები დაშორებით იმისგან, რაც მედიისგან მივიღეთ, რითაც ჩვენც ინფორმაციის წყარო ვხდებით.
არადა, მედიაც ხომ - პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, არცთუ იშვიათად, არაზუსტად გადმოცემს ორიგინალს?
ეს, რაც შეეხება უცხოურ მედიას. აი, რაც შეეხება ქართულს, შედარებით რბილ შეფასებას, „არცთუ იშვიათად“ ვერ გამოვიყენებთ, რამეთუ საინფორმაციო სატელევიზიო გადაცემები და მათზე დამატებული პოლიტიკური „თოქ-შოუები“ ზედმიწევნითი ცალმხრივობით არის გაჯერებული - ხშირად სიცრუეში გადასული და შეურაცხმყოფელი.
ქართული ტელესივრცე სისტემატურად იყენებს უცხოეთიდან მიღებული მასალების დამახინჯებულად ინტერპრეტაციის „ხელოვნებას“, რასაც ტექსტთან ერთად თან ახლავს ტელეჟურნალისტთა ცინიკური ჩაღიმება, ისეთი სახის დაჭერა, თითქოს მხოლოდ მათ ბაგეთაგან გადმოღვრილი ცილისმწამებლური ღვარცოფი უკანასკნელი ჭეშმარიტება იყოს.
უსმენს და უყურებს ყოველივე ამას რიგითი მოქალაქე და ჰგონია, რომ სწორი ინფორმაცია მიიღო. გადასამოწმებლად თავს არ იწუხებს სხვა არხებზე, ცხადია არაქართულზე, გადართვით, ვინაიდან ეს მისი საქმე არ არის - ის ხომ ექსპერტობას ან პოლიტოლოგობას არ ჩემულობს? რაც მოისმინა, იმითაც ივსება. კმაყოფილია თუ არა, სხვა საქმეა.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტოლოგიას - მისი უპირველესი სურვილი უნდა იყოს ინფორმაციის დახარისხება, სანდოს და არასანდოს, ცრუს და ნაკლებად ცრუს, ობიექტურის და ნაკლებად ობიექტურის ღრმა გაანალიზება და საბოლოო შედეგის მოსახლეობისთვის მიწოდება, ცხადია ისევ მედიის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კარგად უნდა მოქმედებდეს მექანიზმი - „კარგ მთქმელს, კარგი გამგები უნდა“. ეს პრინციპი სამწუხაროდ ხშირად ირღვევა კორესპონდენტების, ჟურნალისტების მხრიდან, რომლებიც რესპონდენტის ნათქვამს „საკუთარი“ აზრებით „ამდიდრებენ“, რაც საბოლოო ჯამში მკითხველისთვის არა ისეთი შთაბეჭდილების შექმნით თავდება, რასაც რესპონდენტი გულისხმობდა.
ჟურნალისტ-რესპონდენტის, მედიისა და მკითხველის ურთიერთობის ურთულეს საკითხებს ვერავითარი კანონი ვერ მოაგვარებს. ერთადერთი მომწესრიგებელი არის საკუთარი ჟურნალისტური პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, ცოდნა, გამოცდილება და პატიოსნება. ის, ვინც ამ თვისებებიდან ვერც ერთს ვერ ფლობს, როგორც პოლიტიკური, ისე საკუთარი მოსაზრების გამო, შეგნებულ შეცდომებს (მას ეს არც შეცდომად მიაჩნია და მითუმეტეს, არც შეგნებულად) უშვებს, წამლავს საზოგადოებას, სხვა, ცხადია არაჭეშმარიტ ორიენტაციას აძლევს, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოების, ქვეყნისთვის სავალალო შედეგით თავდება.
თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა, ისე, როგორც პოლიტიკური სისტემა, გამართული ჭკუა-გონებით არ გამოირჩევა. ცხადია, არიან უაღრესად საინტერესო, გამოცდილი და კალმის მფლობელი ჟურნალისტები, მაგრამ, უამრავ მდარე ნაწილთან შედარებით, მათი ხმა ისე არ ისმით, როგორც საჭიროა. მათ მიმართაც ისე მკაცრად არის ჩარაზული ე.წ. „პრესტიჟული“ ტელეკომპანიების კარი, როგორც ზოგიერთი პოლიტოლოგისთვის. და ტელეეკრანებიდან, პრესიდან საზოგადოება იღებს ერთი და იგივე ინფორმაციას - მიკერძოებულს, ტენდენციურს, ხშირად ყალბს.
მსგავსი ინფორმაცია, რომ მსგავს მოსაზრებას ჩამოაყალიბებს საზოგადოებაში - ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ ამ მდარე პროდუქციით ვიკვებებით 20 წელიწადზე მეტია. ფალსიფიკაცია ყველგან - მთავრობაში, ოპოზიციაში, არასამთავრობო სექტორში, საერთოდ პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაში, მედიაში - მჭიდრო კავშირშია ბაზარზე კვების პროდუქტების ფალსიფიკაციასთან, ხარისხთან და ა.შ. საერთო ჯამში საქმე გვაქვს ფალსიფიცირებულ საზოგადოებასთან - თითო-ოროლას გამოკლებით, ქვეყანასთან, სადაც ინფორმაცია საშინაო თუ საგარეო, შორს არის სინამდვილისაგან.
ამას წინათ, ტელეკომპანია „ობიექტივში“ ცნობილ პოლიტიკოს და ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიასთან ერთად გამოსვლის დროს ეთერში შემოსულმა რესპონდენტმა თხოვა ბატონ ვალერის გამოეთქვა საკუთარი მოსაზრება საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე, ევროკავშირის ასოცირებულ წევრად ხელშეკრულების გაფორმების ჭრილში.
მან პირდაპირ, ცალსახად თქვა, რომ საქართველოს გზა არის ერთადერთი - ევროპა; და რომ საქართველოს გზა არ არის რუსეთი, ვინაიდან რუსეთი განუვითარებელი, კორუმპირებული ქვეყანაა. და ეს ყველაფერი განამტკიცა იმ ტრაფარეტული მოსაზრებითა და სიტყვებით, რასაც საქართველო ისმენს დამოუკიდებლობის წლებში.
არის თუ არა მსგავსი აზროვნება მედიის ფალსიფიცირებული შრომის ნაყოფი?
ცხადია, არის. მედია, რომელიც წლების განმავლობაში ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას, უდავოდ ხარობს ჩვენი რესპონდენტის გამოზრდით. და ასეთები ბევრნი არიან, ანუ მედიის გამოზრდილნი, რომლებიც ახლა უკვე სხვას ზრდიან.
რესპონდენტმა, საკუთარი არგუმენტების, ცხადია ანტირუსულის, გასამყარებლად ისიც თქვა, რომ რუსეთში მხოლოდ ორი ქალაქია - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი, სადაც გაჭირვებით, მაგრამ მაინც ცხოვრობს ხალხი, სხვაგან კი უკიდურესი სიდუხჭირე და გაუსაძლისობაა. და აქედან გამომდინარე საქართველოსთვის უმჯობესია იყოს ევროკავშირთან, აშშ-ნ, ვიდრე დუხჭირ, აგრესორ რუსეთთან.
რესპონდენტის ნათქვამი არ გამკვირვებია, ვინაიდან მსგავსი აბრაკადაბრით წალეკილია მედია და არა მარტო მედია, მედიის გავლენით საზოგადოება. გამიკვირდა ერთი, რატომ ასე ცალსახად - ან ევროპა, ან რუსეთი?
თუმცა არც ესაა გასაკვირი, ვინაიდან ფართო საზოგადოებაც ასე მსჯელობს. როდესაც რუსეთთან დაკავშირებულ ინფორმაციას „რუსთავი-2“-ით იღებთ; როდესაც რუსეთისკენ სერიოზულად არ გაგიხედავს ბოლო 15-20 წლის განმავლობაში; როდესაც ზედაპირულად ან საერთოდ თვალს არ ავლებთ რუსულ ტელესივრცეს (აქ, ბევრი რამ მთავრობის უსინდისობაზეა დაფუძნებული), ძნელია ილაპარაკო მასზე, ობიექტურად.
მე, არ მოვყვები თუნდაც 21-ე საუკუნეში მიღწეულ რუსულ წარმატებებზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებში; არც იმაზე მოვყვები, თუ რამდენად უსწრებს რუსეთი, სოციალური თვალსაზრისით, არა მარტო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. მე არ მოვყვები იმაზე, რა დიდი აღტყინებით იბრძვის საქართველოს მოქალაქე, რუსეთის მოქალაქედ გახდომისთვის და ამ გზით იქ არსებული პენსიის მიღებისთვის, რომელიც რამდენჯერმე აღემატება საქართველოს პენსიას. მე არც იმას ვიტყვი, თუ რამდენად დაფასებულია რუსეთში მუყაითი, მშრომელი, პატიოსანი ქართველი სპეციალისტი, რომელმაც ვერაფერს მიაღწია საქართველოში და თავი რუსეთს შეაფარა.
დიახ, რუსეთს აქვს პრობლემები და თანაც არაერთი, მაგრამ ჰყავს პრეზიდენტი და მთავრობა, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო ტერიტორიის ერთ მეექვსედზე მყოფი ხალხისთვის მისაღები ცხოვრების დონის შექმნას. ბევრი რამ გამოსდით, ბევრიც არა, მაგრამ მცდელობა ხომ არის? რასაც საქართველოში ვერ ვხედავთ? არადა, კაცმა რომ თქვას, რუსეთისთვის, დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს, დიდი პრობლემები რომ არ შეექმნა, რომელთა დაძლევას მილიარდები სჭირდება, დღეს, რუსეთი თითით საჩვენებელი სანიმუშო ქვეყანა იქნებოდა.
გეოპოლიტიკურმა ამბიციებმა, დასავლურმა ეგოიზმმა, რომელმაც საბჭოეთის დაშლის შემდეგაც ვერ შეიგუა კაპიტალისტური რუსეთი, უმძიმესი თავსატკივარი გაუჩინა რუსეთს. მარტო უკრაინა რად ღირს? ხუმრობა ხომ არ არის აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთში გადასული თითქმის ნახევარი მილიონი უკრაინის მოქალაქის დაბინავევა, დაპურება, დასაქმება? და ყოველივე ეს აშშ-ს დაუღალავი მეცადინეობით - უკრაინის „გადემოკრატებისთვის“დახარჯული მილიარდებით, უკრაინელთა ამხედრება რუსების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ფაშისტურად გამოზრდილი ახალგაზრდებისა.
უკრაინის „არმია“, „მარჯვენა სექტორის“ სადამსჯელო ბრიგადები, გადასროლილი უკრაინის აღმოსავლეთში, ვითომდა ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, მუსრს ავლებენ დონეცკის, ლუგანსკის, კრომოტორსკის, სლავიანსკის, სხვა ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, არ აძლევენ მათ წყალს, მედიკამენტების შეტანის, პურის გამოცხობის შესაძლებლობას.
დასავლეთი დუმს. და ნაცვლად იმისა, რომ კიევის ოფიციოზის მოქმედება, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაგმოს - პირიქით, აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას, რომელიც გაჯერებულია ნეოფაშისტური იდეოლოგიით, აქვს უფლება აღადგინოს წესრიგი, თუნდაც რაკეტებით, ტანკებით, ბომბდამშენებით, სადამსჯელო სამხედრო ოპერაციებით.
უკრაინის ხელისუფლებას აქვს უფლება აღადგინოს წესრიგი, მაგრამ ასეთი უფლება არ აქვს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს; არ ჰქონდა ლიბიის ლიდერს მოამარ კადაფის და იუგოსლავიის პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, სხვებს.
ობიექტურად იბადება კითხვა - რატომ უკრაინას და სხვებს არა?
პასუხიც მარტივია - იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფალნი ამერიკის „ძაღლის შვილები“ არიან. აი, რუსეთიც, რომ ასეთი ყოფილიყო, ანუ პუტინი, მაშინ მუდამ რუსეთის ქება იქნებოდა მედიაში. დღეს კი ლანძღვაა არა მარტო დასავლურ, უკრაინულ ან ქართულ მედიაში, არამედ თქვენ წარმოიდგინეთ, რუსულშიც, თუ მათ რუსული შეიძლება ვუწოდოთ. როდესაც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებ - მუსიკასაც ისეთს უკრავ, მას რომ ესიამოვნება. და უკრავენ ტელეკომპანიები RTVI, „Дождь“- ი, რადიო „Эхо Москвы“ დასავლეთისთვის საამურ ჰანგებს, რუსეთის - „შავ“ სიმფონიას. და ჩვენი მედიაც - დახარბებული რუსული ტენდენციური მედიის პროდუქციაზე, თავდავიწყებით გვაწვდის მათ მიერ შეთხზულ ფალსიფიკაციას.
საშუალება მაქვს სისტემატურად მოვისმინო “BBC”-ის და “CNN“-ის, „ევრონიუს“-ის, რუსული ტელეარხებისა და უკრაინულის პოლიტიკური გადაცემები, ინფორმაცია, რაც მაძლევს საშუალებას მეტნაკლებად გამოვიცნო ობიექტურობას მიახლოებული აზრი.
ცხადია, ობიექტურობას ნაკლებად აქვს ადგილი დასავლურ მედიაში, მაგრამ იშვიათად მაინც წააწყდებით პოლიტიკურ გადაცემას, სადაც იქაური, ამ შემთხვევაში ამერიკელი ექსპერტები, საზოგადო მოღვაწეები, დაუფარავად ამხელენ აშშ-ს ადმინისტრაციის უაღრესად სახიფათო, უნიათო პოლიტიკას.
რატომღაც ქართული მედია გვერდს უვლის მათ განცხადებებს, ნაცვლად ამისა, ხარბად იყენებს უკრაინულ ტელევიზიებში გასულ მასალებს, რომლებზედაც სიტყვა „ფალსიფიკაცია“ არ ითქმის. მათ შეიძლება ვუწოდოთ კუბში აყვანილი ფალსიფიკაცია, „ობერ“ ფალსიფიკაცია. იმასაც მოხერხება უნდა - დაბეჯითებით რომ თქვა, შავი, თეთრია.
ამას წინათ, რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა მოუწოდა თავის უკრაინელ კოლეგას - გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ნათქვამს მაიც ნუ დაამახინჯებთო. პან გი მუნმა მოიწონა უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს სამშვიდობო გეგმა, მაგრამ არაფერი უთქვამს უკრაინა-რუსეთს შორის 10 კილომეტრიანი სიფართის სასაზღვრო ზოლის შექმნის თაობაზე.
2000 კილომეტრზე გაჭიმული სასაზღვრო ზოლი, მაღალვოლტიანი დენით, ტანკსაწინააღმდეგო ორმოებითა და ვიდეო-კონტროლით - ბიზნესმენ კოლომოისკის გეგმაა, ცხადია, არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სახელმწიფოს ჯიბიდან. თითქოს, მას აკლდეს ფული, მაგრამ გაქნილმა ებრაელმა ბიზნესმენმა და ავანტიურისტმა კარგად იცის, რომ საკუთარს კიდევ უფრო გამდიდრება სჭირდება.
ეს, ის პიროვნებაა, რომელიც აფინანსებს აღმოსავლეთ უკრაინაში სადამსჯელო ოპერაციას და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, ვიდრე იქ არ დაამყარებს „წესრიგს“, ანუ არ ამოხოცავს ან არ განდევნის საკუთარი სამშობლოდან რუსული წარმოშობის ადამიანებს.
ქართულმა მედიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ობამა-პუტინის ბოლო სატელეფონო საუბრის თაობაზე - საკუთარი ინტერპრეტაციით - ობამამ უთხრა პუტინს - პოროშენკოს გეგმას თუ მხარს არ დაუჭერ, სანქციებს დაგიწესებო.
დაახლოებით ანალოგიურ ჭრილში იყო გადმოცემული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიგის განცხადებაც. არადა, როდესაც ისმენ ორიგინალს, იტყობ რომ ფალსიფიკაციასთან გვაქვს საქმე.
ობამა-პუტინის სატელეფონო საუბარი, პირველის ინიციატივით განხორციელდა და მასში სულ სხვა მომენტი იყო ჩადებული, ანუ პირველ პლანზე ერაყის საკითხი იდგა, ასევე, ერაყიდან გამომდინარე, სირიის. ხოლო რაც შეეხება უკრაინას - ობამა მას გვერდს ვერ აუვლიდა და გამოიყენა ხიდად, ერაყის თემაზე გადასვლის მიზნით. მან ახსენა სამშვიდობო გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინი გაიზიარებს მას, თუ არადა, შესაძლოა მას საინქციები მოჰყვეს.
სანქციების საკითხი ლაპარაკის შუა ნაწილში იყო მოხსენიებული და არა კულმინაციურ ნაწილში, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინული თემა, ერაყის თემაზე გადასასვლელად, მარცხს განიცდიდა.
როგორ წარმოგიდგენიათ, მკითხველო, საუბრის თავში, როგორც ეს ჩვენმა ტელევიზიებმა „გვახარეს“, სანქციების შემოღებაზე ლაპარაკი და შემდეგ გაღიზიანებული პუტინისთვის ერაყის თემის განხილვის შეთავაზება?
ის, რომ ქართული მედია ცოდავს, ფაქტია. მაგრამ არანაკლებად ცოდავენ „პოლიტიკოსები“ და „პოლიტოლოგებიც“. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში გამოქვეყნებულ მიხეილ დარახველიძის სტატიაში ვკითხულობთ: „აშშ-ა, გერანიამ, საფრანგეთმა პუტინს წაუყენეს ულტიმატუმი - იგი დაუყოვნებლივ უარს ამბობს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევაზე ან უკვე ივნისის ბოლოდან მის წინააღმდეგ ამოქმედდება უსასტიკესი სანქციები, რაც სავარაუდოდ გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. . .
აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები თავს უფლებას ვერ მისცემდნენ მსოფლიოს გასაგონად დადებული პირობა არ შეასრულონ. მოკლედ, როგორც რუსები ამბობენ, „ვოპროს სტოიტ რებრომ“, რუსები სასწრაფოდ შეწყვეტენ უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს ან მიიღებენ ახალ სანქციებს, რაც საბოლოოდ დაასამარებს რუსეთის ეკონომიკას“.
რას იტყვით, უმკაცრესი ვერდიქტია, თანაც ჩვენი „ობიექტიველი“ რესპონდენტისეული დაჯერებულობით, მაგრამ სინამდვილიდან შორს მყოფი. უპირველეს ყოვლისა რუსეთს ამ ტონით, თითის ქნევით არც ერთი ჩამოთვლილი დასავლელი ლიდერი არ ელაპარაკება, მეორეც - რუსეთის ეკონომიკას ვერავითარი სანქციები ვერ დაანგრევს და თუ დაანგრევს, დაინგრევიან ისინიც, რაც კარგად მოეხსენებათ იქაურებს, ჩვენგან განსხვავებით.
კიდევ ერთი რამ, რუსეთი არც გამოცხადებულ და არ გამოუცხადებულ ომს არ აწარმოებს უკრაინაში. ის, მორალურად, დისტანციურად უჭერს მხარს აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის ბრძოლას ფაშისტური ხელისუფლების წინააღმდეგ და თვლის, რომ ეს საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაიჭრას და არა მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდით.
რაც შეეხება რუსეთის ჯარის საკუთარ ტერიტორიაზე გადასვლა-გადმოსვლას - კრემლის პრეროგატივაა. არ დაიწყებდა აშშ-ი აღმოსავლეთ ევროპის ბომბდამშენების მიწოდებაზე და იქ ახალი ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების თემაზე ლაპარაკს, უკრაინის საზღვართან არავითარი რუსული ჯარის კონცენტრაცია არ მოხდებოდა.
რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრა ნდომოდა, გაცილებით ადრე განახორციელებდა ამ ამოცანას და არ დაელოდებოდა მსოფლიოს ქვეყნებისა და მედიის მოჭარბებულ კრიტიკას. არადა რახანია რუსეთის პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება ითხოვს პუტინისგან კარდინალური ზომების მიღებას, რათა წერტილი დაესვას ფაშისტური ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაციას რუსებით დასახლებულ აღმოსავლეთ უკრაინაში.
სადამდე შეუძლია მოითმინოს პუტინმა და რუსეთის ხელისუფლებამ ის დანაშაულებრივი ქმედება, რასაც უკრაინის სახელისუფლებო ჯარი ახდენს აღმოსავლეთ უკრაინაში?
სადამდე შეუძლია გვერდი აუაროს საკუთარი კონსტიტუციის მოთხოვნას - დაიცვას რუსი ყველგან, ყველა კუთხეში, მათ შორის საზღვარგარეთ. როდესაც აშშ-ს ადმინისტრაცია ერთი კაკალი ამერიკელის გულისთვის გრენადაში შევარდება, ხოლო დიდი ბრიტანეთი, არგენტინასთან მდებარე ფოლკლენდის კუნძულების ბრიტანელი მოქალაქეების დასაცავად (რამდენიმე ასეულის და არა 8 მილიონის, როგორც დონეცკსა და ლუგანსკში) სამხედრო-საზღვაო არმადას აგზავნის და არგენტინას ეომება, სხვა მაგალითებზე არაფერს ვიტყვი - ეს დემოკრატიული ნაბიჯებია, ხოლო რუსეთის ქმედება - გამოუცხადებელი ომი.
რა გაეწყობა, რუსეთი, ისე, როგორც 2008 წლის ცხინვალის ომში, აგებს ინფორმაციულ ომს. ობამამ ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ისეთი ანტირუსული პიარი გაახურა მთელს მსოფლიოში, რუსეთს სერიოზული პრობლემები შეექმნებაო.
ობამა მართალია, მან მთელი სიგრძე-სიგანით აამუშავა ანტირუსული პროპაგანდა და ჩვენც მის მონებად გადავიქეცით. ჩვენც, განსაკუთრებით ჩვენი მედია ხარობს - ამერიკელებს ვეხმარებითო, უკრაინელები ჩვენი ძმებიაო, რუსები კი ჩვენი მტრებიო და ა.შ.
და გაისმის საქართველოს, უკრაინის, დასავლეთის მედიაში - ერაყის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის - „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“. საინტერესოა, სად, რომელ რუკაზეა მოსაზღვრული ამ სახელმწიფოს საზღვრები. და თუ იქ მებრძოლი სუნიტი მოჯახედები, „ალ-ქაიდას“ ადგილობრივი მებრძოლები „სახელმწიფოს“ შეიარაღებულ ძალებად არიან მოხსენიებული, რატომ არ შეიძლება დონეცკისა და ლუგანსკის დამცველები მოხსენიებული იყვნენ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ძალებად, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ ეს სახელწოდება და მასთან ერთად დამოუკიდებლობა საყოველთაო რეფერენდუმით გადაწყვიტეს?
პრორუსი სეპარატისტები და ტერორისტები - ასე მოიხსენიებს მათ დასავლური ელექტრონული და ბეჭდვითი მედია და ჩვენიც, მუდამ მზადყოფნაში რუსთა დასაწიხლად. გაყალბებული პოლიტიკური მოვლენები, ტენდენციურობა ახალი ამბების მიწოდებაში, თავისთავად ითრევს საზოგადოებას, ახდენს მასზე ზეწოლას, ზომბირებულ ადამიანებად აქცევს მათ, რაც მეტად სახიფათოა მსოფლიოსთვის.
მედიის კარნახით, რესპონდენტმა მხოლოდ დადებითი უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებაზე, მის საშინაო და საგარეო კურსზე, ჩვენს „სტრატეგიულ პარტნიორ“ აშშ-სა და ევროკავშირზე - აქილიკოს და ლანძღოს რუსეთი, აქოს უკრაინა და მისი ფაშისტური ხელისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მედიური კარი ჩაირაზება.
„სტრატეგიულ პარტნიორს“ არ აწყობს მოაზროვნე, შემოქმედი ქვეყანა. მას ბრიყვი, დამჯერი საზოგადოება მოსწონს. ასეთზე იოლია ბატონობა. ფალსიფიცირებული ინფორმაციით გაჟღენთილი ქვეყანა იოლი სამწყემსია, როგორც ადგილობრივი სახელისუფლებო ბედოვლათებისთვის, ისე, „სტრატეგიული“ პარტნიორისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
27/06/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.