ელჩების დანიშვნა-არდანიშვნით გამოწვეული კინკლავი

„საუკეთესოა მთავარი, რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რომ არსებობს იგი. შედარებით ცუდია ის მთავარი, ხალხს რომ უყვარს და განადიდებს. ძლიერ ცუდია ის მთავარი, რომლისაც ხალხს ეშინია, ხოლო მთავარი, რომელსაც ხალხი დასცინის, ყველაზე უარესია“, - ეს სიტყვები ჩინელ ფილოსოფოსს ლაო ძის ეკუთვნის და სრულიად ასახავს ხელისუფლებისა და ხალხის საუკუნოვან ურთიერთობას, მათ შორის არსებულ დამაკავშირებელ ხიდებსა და ასეთის არარსებობას, ერთმანეთს შორის ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას და დამოკიდებულების დეფიციტით შექმნილ სიძულვილს, გაუგებრობას, დაცინვას.
საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო ისე ემოღვაწა, როგორც ამას ლაო ძი მიუთითებს დასაწყისში ანუ „ მთავარი, რომლის შესახებ ის ვიცით, რომ ის არსებობს“, დანარჩენი, თავის ზურგზე გამოსცადა საქართველოს მოსახლეობამ და ისეთ პოზიციაში გადავიდა, მთავარის დაცინვა რომ ჰქვია. მაგრამ არც მთავარია გულხელდაკრეფილი - ისიც თავის მხრივ დასცინის ხალხს.
პრეზიდენტის ყოველდღიური ქმედება და განცხადება, სწორედაც რომ დაცინვის ამსახველია. სხვას ვერაფერს უწოდებთ პრეზიდენტის ნათქვამს - უცხოეთში, განსაკუთრებით შორეულ და მიკროსკოპიულ ქვეყნებში, თანაც ეკზოტიკურში, იმიტომ დავდივარ, აფხაზეთ-სამხრეთ-ოსეთი რომ არ აღიარონო, თუ ჩემი არ გჯერათ, ვინმე გამომაყოლეთ საგარეო სამინისტროდანო.
და გადაწყვიტეს - ძველმა და ახალმა „ვინმეს გაყოლება“. აწ და სექტემბრის ბოლომდე პრეზიდენტს უცხოურ ვოიაჟებში საგარეო სამინისტროელი წაჰყვება. სწორედ ეს ერთადერთი და მე ვიტყოდი „უნიკალური“ გადაწყვეტილება იყო მიღებული - ქვეყნის უშიშროების საბჭოს ბოლო სხდომაზე, რის შესახებაც გვამცნო მარკო პოლოდ ქცეულმა მოგზაურმა მინისტრმა ფანჯიკიძემ.
მოგზაურობის დარგში გამოვლენილი მადით ის არაფრით ჩამოუვარდება პრეზიდენტს, რომ იტყვიან, მათ უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთს. ჰენრი კისინჯერის კისინჯერობის დროს ამერიკელები ხუმრობით ამბობდნენ, როგორ ასწრებს ეს კაცი ამდენ ქვეყანაში ჩასვლას, ალბათ კისინჯერს ხუთი ორეული ჰყავსო. რა გაეწყობოდა - პირველი ქვეყნის დიპლომატია მოითხოვდა ამას და კისინჯერი ლამის ხუთად კი არა, ათად რომ გაჭრილიყო, ისიც არ იქნებოდა საკმარისი.
აქ რა სჯის კისინჯერად (მხოლოდ მოგზაურობებით) ქცეულ მაიას, მითუმეტეს მთავრობას, ესოდენ გადაღალოს ის. შეინდეთ - ქალია.
ხალხის დაცინვა არ ჰქვია, როდესაც პრეზიდენტი საზოგადოებას შესჩივის - მოგზაურობებში საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ მომყვებაო. პრეზიდენტს, რომელსაც ისიც არ შეუძლია სალაღობო მოგზაურობაში დიპლომატი გაიყოლოს, პრეზიდენტი არ უნდა ერქვას, მაგრამ სცადა ოდესმე მან მსგავსი წინადადებით მიემართა საგარეო უწყებისადმი? ვგონებ, არა! წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტის სასახლესთან მოგზაურობის მოტრფიალე დიპლომატთა რიგი დადგებოდა, მინისტრის თამადობით.
დაცინვის საგნად ქცეულმა პრეზიდენტმა დაიტრაბახა - საქართველოში დღეს უფრო მეტი ქართველი ჩამოდის, ვიდრე მიდისო. მისი მიხედვით, საქართველოს დაუბრუნდნენ უცხოეთში ნასწავლ-განათლებულები. დაუბრუნდნენ თუ არა, გასარკვევი თემაა, მაგრამ დავუშვათ დაბრუნდნენ - დაეტყო რამე ქვეყანას? არც არაფერი. ცხოვრება იმაზე უარესია, ვიდრე გუშინ, ან რა უნდა დატყობოდა ტყუილსერტიფიკატიანი „სპეციალისტებით“? ვინც რაღაცას მიაღწია, ის აქ არ ჩამოვა - აუწყობელ ქვეყანაში.
პოლიტიკური სპექტრისა და მედიის წყალობით საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მეორეხარისხოვან საკითხებზე გადადის - ყოველდღიური ცხოვრებისგან დაშორებულზე. ჩანს, წინას და დღევანდელ ხელისუფალთ აწყობთ მსგავსი რამ. მათთვის მთავარი პრობლემების მოგვარება კი არ არის, არამედ ამ პრობლემებიდან ხალხის ყურადღების სხვა ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადატანაა, ეს კი თავისთავად ხელისუფალთა განცხრომით ცხოვრების გახანგრძლივების საწინდარია.
თავის გადარჩენის იოლი გზაა, ისეთ თემებზე ლაპარაკი, როგორებიცაა „თალიბთა“ მიერ დამზადებული ვიდეო-კლიპები ან საზღვარგარეთ ელჩების დანიშვნა და სხვა. რომ არა ეს და მსგავსი საკითხები, რომლებიც ტვინს უმღვრევენ მოსახლეობას, ივანიშვილი კი არა, 10 ივანიშვილი ვერ გაუძლებდა მოსახლეობის სამართლიან სოციალურ შეტევას.
ამდენად სჯობს თალიბებზე, მოსალოდნელ ტერაქტებზე, ელჩების დაუნიშნაობით გამოწვეულ დიპლომატიურ კრიზისზე ლაპარაკი, ვიდრე მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, გაფრენილ ფასებზე, წყლის, გაზის, ელექტროენერგიის გახშირებულ გათიშვაზე, მოუწესრიგებელ ტროტუარებზე, გაპარტახებულ სადარბაზოებზე, უპატრონოდ დარჩენილ კომუნალურ მეურნეობაზე, აუწყობელ, ამორტიზებულ საქალაქო ტრანსპორტზე და სხვა.
საქართველო ის ქვეყანაა, დაგებული ასფალტი მეორე დღესვე რომ იშლება, სადაც გზის პატარა მონაკვეთს ხანგრძლივად არემონტებენ და მოსახლეობას არაფრად აგდებენ. მოსახლეობასაც ჰგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სხვა პირობებში მას არ უცხოვრია. მისთვის დედის რძესავით არის ქუჩიდან ავარდნილი მტვერი, უამინდობის დროს ტალახი და წუმპეები. მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი რამ არის ჩაბინძურებული, ტუალეტად ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები. მოსახლეობა მიეჩვია სუპერმარკეტების ზღვარგადასულ ფასებს, მდარე კვების პროდუქტებს, არაკვალიფიციურ მომსახურეობას, ბანკებში რიგში დგომას, ბანკებში კომპიუტერული სისტემის წამდაუწუმ გამორთვას, სამედიცინო მუშაკთა დაბალ კვალიფიკაციას, ექიმთან დალაპარაკების მიზნით რეგისტრაციაში გატარებას და ამისთვის 50-60 ლარის გადახდას.
მოსახლეობა მიეჩვია უხარისხო პურს, მეორე დღეს რომ აზელილ ბათქაშა ჰგავს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე, ხილზე კატასტროფულ ფასებს. მოსახლეობა მიეჩვია, რომ ხილის ქვეყნად წოდებულ საქართველოში ვაშლზე 12 თვის განმავლობაში ფასები (5-6 ლარი კილოგრამზე) არ იცვლება. საქართველო ის უნიკალური ქვეყანაა, სადაც ხუთი ღერო ქინძი და ოხრახუში 15-20 თეთრია, ხოლო 5 ცალი მწვანე წიწაკა 1 ლარი.
საყოფაცხოვრებო საკითხები, უაღრესად დაბალი პენსიები (თუნდაც დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით) და ხელფასები, უმუშევრობა, არარსებული დარგობრივი პროგრამები, გაურკვეველი საშინაო პოლიტიკა, არანაკლებ გაურკვეველი საგარეო, ოპტიმიზმის ნაკლებ საშუალებას იძლევა.
ეს ისეთი პრობლემებია, ნებისმიერ ქვეყანაში რომ ხალხს ქუჩაში გამოიყვანდა, მაგრამ საქართველო სხვაა. ის არ იწუხებს თავს სოციალური საკითხების მოსაგვარებლად მიტინგების და დემონსტრაციების გამართვით. ის, ამ საკითხებზე გულს სამზარეულოში ლაპარაკით იფხანს. მას ჰგონია, რომ ამ თემებზე ხმამაღლა ლაპარაკი სირცხვილია. არადა მთელი მსოფლიო რომ ამ თემებზე ამახვილებს ყურადღებას, ის ამას არ უყურებს.
მეზობელ თურქეთში სახალხო გამოსვლები სტამბოლის პარკის გაჩეხვის გეგმას მოჰყვა. თბილისში ისე გაიჩეხა ვაკის პარკი და იქ საელჩოები და საცხოვრებელი სახლები ჩაიდგა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ანალოგიური რამ დაემართა წყნეთის გზაზე, გასული საუკუნის 50-იან წლებში ხელოვნურად გახარებულ ნაძვებს. ისინი სახლებმა ჩაანაცვლეს. არავისთვის უკითხავთ, პლეხანოვის პროსპექტზე მრავალწლიანი ხეების ამოძირკვა, ბაღებისა და სკვერების ხეებეისგან „განთავისუფლება“.
ეს და სხვა საკითხები ხალხისგან რეაგირებას საჭიროებს და ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა ისეთ „სერიოზულ“ თემებზე ყურადღების გადატანა, როგორიცაა ვთქვათ საზღვარგარეთის ქვეყნებში ელჩების დანიშვნა.
პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს ელჩის კანდიდატურას წარუდგენს საგარეო უწყება. პრეზიდენტი განიხილავს მას და თავის მხრივ დასამტკიცებლად გაუგზავნის პარლამენტს, რომელიც, კომიტეტებში გასაუბრების შემდეგ, განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტის სხდომაზე.
საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა ინტენსიურად ლაპარაკობს, რომ პრეზიდენტი შეგნებულად არ იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დასანიშნი ელჩების სიას და არ უგზავნის მას პარლამენტს, რითაც აფერხებს დიპლომატიის მუშაობას, ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკის წარმოებას.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამ რაოდენობის საელჩოები და დიპლომატიური მისიები არ ესაჭიროება. საელჩოს შენახვა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მითუმეტეს ისეთი გაპარტახებულის, როგორიც საქართველოა, გაუმართლებელი ფუფუნებაა. არც ერთი ქვეყანა არ გახსნის სხვა ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას - სერიოზული, ფუნდამენტური შესწავლა-ანალიზის გარეშე. განხილვისას ყურადღება ექცევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ ინტერესს, დიასპორის არსებობას, სხვა საკითხებს.
სამწუხაროდ, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე ხდებოდა. ამ მოსაზრების ავტორი, ქვეყნის პრეზიდენტი იყო. სამწუხაროდ, პრეზიდენტის ამბიციების დასაკმაყოფილებლად ხდებოდა საელჩოს გახსნა და არა ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე.
თითქმის ტრადიციად იქცა თანამდებობის პირის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ ელჩად გამწესება (რომ არ განაწყენებულიყო). ერთი ასეთი მაგალითი იყო ბეგაშვილის ჩინეთში ელჩობა. სხვა უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება.
სამწუხაროდ, ახლადგამომცხვარმა „დიპლომატებმა“ ცუდის მეტი არაფერი მოუტანეს ქვეყანას. არასერიოზულია საქართველოში მოარული მცნება დიპლომატიასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატობა ყველას შეუძლია და ამისთვის სპეციალური სასწავლებლის დამთავრება სულაც არ არის საჭირო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სხვა ქვეყნებს რაში სჭირდებათ სახელმწიფო დიპლომატიური სასწავლებლები?
23 წელიწადია საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო დონეზე არც არავის უფიქრია სახელმწიფო დიპლომატიიური სასწავლებლის დაარსების თაობაზე. საქართველო უაღრეს სიმწირეს განიცდის დიპლომატიური კადრების თვალსაზრისით. და ასეთ დროს - საზღვარგარეთ გახსნილია უამრავი საელჩო.
საპარლამენტო უმრავლესობა ადანაშაულებს პრეზიდენტს - დიპლომატიაში გვაფერხებსო, თითქოს დანიშნული ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში მთებს აბრუნებდეს, მასპინძელი ქვეყნის დიპლომატებსა და პოლიტიკოსებზე რამე ზეგავლენით სარგებლობდეს. ერთი სიტყვით, ჩვენი „პოლიტიკოსები“ საქართველოში არსებულ ვითარებას, ჩვენი დიპლომატების საზღვარგარეთ მუშაობას ადარებენ.
რა ვითარებაა საქართველოში ამ მხრივ? საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატს, მითუმეტეს ელჩს გახსნილი აქვს კარი პრეზიდენტთან, პრემიერთან, ნებისმიერ მინისტრთან, პარლამენტთან და ა.შ. მათ რიგში არავინ აყენებს, განსაკუთრებით აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის ელჩებს. აშშ-ს ელჩი თავს ისე გრძნობს საქართველოში, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ის მოურიდებლად ერევა როგორც საშინაო, მითუმეტეს საგარეო საკითხებში. ერთი სიტყვით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიიები თავს სამოთხეში გრძნობენ, რასაც ვერ ვიტყვით საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებზე.
ნებისმიერ ქვეყანაში (დსთ-ა არ მყავს მხედველობაში) საქართველოს ელჩის საგარეო საქმეთა მინისტრთან ან მოადგილესთან შეხვედრა წინასწარ მრავალდღიანი შეთანხმების გზით, ძლივ-ძლიობით თუ მიიღწევა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან ან პრეზიდენტთან შეხვედრას - თუ ელჩობის ვადის (3-4 წელი) განმავლობაში ერთხელ მაინც მოხდა, დიდი მიღწევაა. მცდარია ის მოსაზრება, რომ ელჩმა დაურეკოს ადგილსამყოფელი ქვეყნის პრეზიდენტს ან პრემიერს და მათაც უმალ მიიღონ. მსგავსი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება და ისიც აშშ-ს ელჩისათვის.
იმ ქვეყანაში, სადაც ჯერ-ჯერობით საქართველოს საელჩოები უელჩოდ მუშაობენ, საზღვარგარეთის ქვეყნების გაცილებით მეტი საელჩოებია, ვიდრე საქართველოში. აქედან გამომდინარე, წარმოვიდგინოთ ერთი რამ, შეძლებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი ყველა ქვეყნის ელჩის მიღებას?
ის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვგონია მსოფლიო მნიშვნელობის, ხშირ შემთხვევაში, ადგილსამყოფელ ქვეყნებს ასე არ ჰგონიათ. ასე რომ, უელჩობა სულაც არ ნიშნავს, რაიმე სერიოზულ შეფერხებას.
დიპლომატიური მისიისთვის აუცილებელია მიზანი, რას ემსახურება ის. ამდენ ხანს ჩვენი საელჩოების მთავარი მიზანი იყო ერთი - რუსეთის გინება, ტერიტორიული მთლიანობა და ა.შ. დღეს რა დატვირთვა აქვთ? იმის ძახილი ხომ არა - ახალი ხელისუფლება უკეთესია და ძველი ცუდი? ან თავის მართლება - წინა ხელისუფლების დაპატიმრებულ მოხელეებთან დაკავშირებით?
დიპლომატიას სჭირდება იდეოლოგია - როგორი ქვეყნის წარმომადგენელია, რას აშენებს ეს ქვეყანა, რა მიზნებს ემსახურება მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ა.შ. და კიდევ ერთი რამ, ელჩის დანიშვნის პროცედურა უნდა მიმდინარეობდეს ყოველგვარი ხმაურის, საჯაროობის გარეშე. მსოფლიოში არსებული პრაქტიკა ამის დამადასტურებელია.
უცხოეთში, ელჩის ამა თუ იმ ქვეყანაში დანიშვნა მხოლოდ დიპლომატიურ პერიოდიკაში (უწყებაში) ქვეყნდება. მოსახლეობას ამ საკითხით არავინ აწუხებს. საქართველოში კი ერთი ამბავია ატეხილი. ელჩობის კანდიდატის ვინაობა წინასწარ ხდება ცნობილი. კანდიდატს მასპინძელი ქვეყნის თანხმობაც (აგრემანი) არ აქვს მიღებული და პარლამენტში ამტკიცებენ. დავუშვათ, რომ დამტკიცებული ელჩი არ მიიღო მასპინძელმა ქვეყანამ, რაც არცთუ იშვიათად ხდება დიპლომატიაში, მერე რა ვქნათ?!
მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ჯერ ხდება ადგილსამყოფელ ქვეყანასთან ელჩობის კანდიდატის შეთანხმება, ხოლო შემდეგ საშინაო პროცედურის განხორციელება. ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა, რითაც უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ მასპინძელ სახელმწიფოს - მე დავნიშნე და შენ უნდა მიიღოო. იმ ანეკდოტისა არ იყოს - ჩემი ასო კიტრია და უნდა ჭამოო.
საერთაშორისო ცხოვრებაში, როდესაც მასპინძელ ქვეყანას, წარმდგენი სახელმწიფო ელჩის კანდიდატურას წარუდგენს, თანხმობის მიღების გაჭიანურების შემთხვევაში აღარ შეახსენებს, ვინაიდან წარმდგენი ხდება, რომ მასპინძელს არ აწყობს წარდგენილი კანდიდატურა. ასეთ დროს არსებობს გამოსავალი - ახალი კანდიდატურის წარდგენა. ეს პროცედურა სრული საიდუმლოებით ხორციელდება ორივე მხარის მიერ.
ყოველივე აღნიშნული მოწმობს იმას, რომ საქართველო, მიუხედავად „დამოუკიდებლად“ არსებობის 23-წლიანი გამოცდილებისა, დიპლომატიაში ერთობ გამოუცდელი სახელმწიფოა. გამოუცდელია თუნდაც იმიტომ, რომ გამუდმებით ლაპარაკობს ელჩების დანიშვნა-არდანიშვნაზე, თითქოს ელჩი მთებს აბრუნებდეს. მთავრობას ვერაფერი გაუკეთებია და ელჩმა რა უნდა გააკეთოს, მითუმეტეს იმან, ვინც რაღაც „დამსახურებისთვის“ მიიღო საზღვარგარეთ ხანგრძლივი, უდარდელი ცხოვრების შესაძლებლობა - კარგი ანაზღაურებით და ნაკლები თავისმტრევით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
14/06/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.