დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებული სამინისტრო?

hamlet chipashvili-politologi

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 21 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოში ფილიპინების რესპუბლიკის საპატიო კონსულთან თემურ ჭიჭინაძესთან, რომელმაც ჩემში, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს საკონსულო სამსახურის შემქმნელში, შესაბამისი ინტერესი და რეაქცია გამოიწვია. ინტერვიუს სათაური და შინაარსი „რატომ დაერია მაია ფანჯიკიძე საპატიო კონსულებს?“ - აშკარად ასახავს იმ მანკიერ ვითარებას, რასაც აღნიშნულ სამინისტროში ჰქონდა და აქვს ადგილი - არა მარტო საპატიო კონსულებთან, არამედ საერთოდ, დიპლომატიასთან მიმართებაში.
თავიდანვე ვიტყვი, რომ ვეთანხმები ბატონის მოსაზრებას საპატიო კონსულებთან დაკავშირებით, ამასთანავე გულდაწყვეტით აღვნიშნავ მის, როგორც არაპროფესიონალი დიპლომატის უფრო მეტ გათვითცნობიერებას საკონსულო სამსახურის ერთ-ერთ ისეთ დარგში, საპატიო საკონსულოს საქმიანობაში, „პროფესიონალ“ დიპლომატთან, ყოფილ მინისტრთან შედარებით.
25 წელიწადია საქართველო „დამოუკიდებლად“ ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე ვერაფრით მოახერხა ისეთი დიპლომატიური სამსახურის ჩამოყალიბება, რომელიც წაადგებოდა სახელმწიფოს. რატომღაც საზოგადოების დიპლომატიასთან დამოკიდებულება მაგონებს ფეხბურთთან დამოკიდებულებას - ყველამ, რომ ყველაფერი იცის, მაგრამ საბოლოო ჯამში - არაფერი.
არადა, დასაწყისი არცთუ ურიგო იყო. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობისთანავე მაშინდელმა ტრიუმვირატმა - სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი რაც გააკეთა ის იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრად ცნობილი საბჭოთა დიპლომატი ალექსანდრე ჩიკვაიძე მოიწვია, რომელიც იმჟამად საბჭოთა კავშირის ელჩად მუშაობდა ნიდერლანდების სამეფოში. მიზანი მისი მოწვევისა იყო საქართველოს დადებითად (განსაკუთრებით ძალისმიერი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ) წარმოჩინება საერთაშორისო არენაზე და ახალ ვითარებაში ქვეყნის ურთულესი და უფაქიზესი სამსახურის ჩამოყალიბება.
საქართველოს, საბჭოთა კავშირის დროსაც ჰქონდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ იმჟამინდელი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ერთობ მოკრძალებული. სამწუხაროდ, ჩიკვაიძის გეგმას საგარეო უწყების შექმნასთან დაკავშირებით სერიოზული წინაღობა შეხვდა საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის მხრიდან. შევარდნაძე-ჩიკვაიძის დაპირისპირება, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან იღებდა სათავეს, ახალი ძალით გაიშალა, რამაც უარყოფითად იმოქმედა დარგის განვითარებაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩიკვაიძემ მოახერხა სამინისტროს ფუნდამენტის ჩაყრა და ის-ის იყო პირველი სართულის მშენებლობას შეუდგა, რომ შევარდნაძის სუბიექტური გადაწყვეტილებით შორს მოისროლეს ქვეყნიდან - ელჩად საბერძნეთში.
მას შემდეგ საგარეო უწყებას მინისტრად, პროფესიონალი დიპლომატი არ ღირსებია, თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე პერიოდს, როდესაც ამ ორგანოს თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. იყო სხვაც, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართულ დიპლომატიას თავი ვოლუნტარისტ-დიქტატორად დაამახსოვრა - დიპლომატიისთვის აშკარად შეუფერებელი კადრების, მეტადრე საკუთარი და ქმრის ნათესავების ელჩებად დანიშვნით; ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე საქართველოს ყველა ელჩის ერთ დღეში გათავისუფლებით; ელჩის თავიდან მოშორების მიზნით ქვეყანაში (ავსტრია) საქართველოს საელჩოს დახურვით - მასპინძელი მხარის გაუფრთხილებლად; დიპლომატების ჩოხებით შემოსევით და ა.შ.
საქართველოს ხელისუფლებას ნაცვლად იმისა, რომ ამ ახალი დარგისთვის საჭიროზე მეტი ყურადღება დაეთმო, პირიქით მოიქცა და ისიც არ მოახერხა, რომ შესაფერისი შენობა გამოეყო მისთვის. საქართველოს ხელისუფლება ვერც დღეს ხვდება, რომ მთის კორტოხზე, ძველ, ამორტიზებულ შენობაში განთავსებული „დიპლომატია“ მისასვლელადაც მოუხერხებელია და ქვეყნის თუნდაც „ფასადური“ სახისთვის, შეუფერებელი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე როგორც დროშა, გერბი და ჰიმნი ქვეყნის სიმბოლოა და არა სამასხარაო საქმე. როდესაც საქართველოს ელჩად ჩინეთში ბეგაშვილს გაგზავნი და არა მარტო მას, არამედ სხვასაც, დღეს რომ „წარმატებით“ „მოღვაწეობენ“ ამათუიმ ქვეყანაში, მასხარაობაა და დიპლომატიისგან კარგს არაფერს უნდა ელოდე.
1991 წლის დეკემბერში, როდესაც საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დაშლა გვაუწყა, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელის უპირველეს ამოცანად იქცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამოყალიბება. ბევრმა მათგანმა თხოვნით მიმართა რუსეთის საგარეო უწყებას იქ მომუშავე დიპლომატებისთვის სამშობლოში დაბრუნების ნების დართვის თაობაზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა სამშობლოში დაბრუნებულ დიპლომატებს მაღალი ხელფასებიც დაუნიშნა და შესაბამისი დახმარებაც გაუწია ყაზახეთის დიპლომატიური სამსახურის შექმნისთვის. აქ კი - მინისტრ ჩიკვაიძის ხელფასი 5 დოლარის ექვივალენტი იყო, მოგვიანებით - 160 ლარი. რომ არა საკონსულო შემოსავლები, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასზე ვუმატებდით, ქართულ დიპლომატიას შიმშილით სული ამოხდებოდა.
ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, მიუხედავად დამოუკიდებელი სასტარტო ცხოვრების გაუსაძლისობისა, შეძლო სახელმწიფო დიპლომატიური სასწავლებლის დაარსება, რითაც ხელი შეუწყო დიპლომატიური კადრების აღზრდა-ჩამოყალიბებას. საქართველომ ეს საქმე არასერიოზულად მიიჩნია. ჩიკვაიძეს ჰქონდა სურვილი ამისა, დაიწყო კიდევაც, მაგრამ მისი ელჩად გამწესების შემდეგ, თვით სამინისტრომ „ანტისწავლების“ ისეთი ქარბუქი დააყენა - უარესს რომ ვერვინ ინატრებდა. მინისტრის მოადგილეები რომ თავს უფლებას მისცემდნენ ეთქვათ ისეთი აბსურდი, როგორიცაა - „საქართველოს არ სჭირდება დიპლომატიური სკოლა ან აკადემია, ვინაიდან ყველა ქართველი დაბადებიდან დიპლომატიაო“ - მეტი რაღა უნდა თქვა.
ურთულესი პროფესიისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რაც გვაქვს. ამგვარმა დილეტანტიზმმა გახადა მაია ფანჯიკიძე მინისტრად. მართალია, მას თავი პროფესიონალი დიპლომატი ჰგონია და ხშირად ამბობს - 16 წელი ვიმუშავე გერმანიაში საქართველოს საელჩოშიო, მაგრამ იმ 16 წლის განმავლობაში რომ მხოლოდ ყავის მოდუღებით იყო დაკავებული და ნაკლებად დიპლომატიით, ამას არც თვითონ და არც სხვა აღარ იხსენებს.
რატომღაც საქართველოს საზოგადოებაში დიპლომატია ყავის სმასთან და „ტკბილ“ საუბართან არის ასოცირებული და არა 24-საათიან ტვინის ჭყლეტასთან. მახსოვს, თხოვნით მოსული ნაცნობი - „ბიჭის“ სამსახურში მოწყობაზე. „შესახედავად კარგია, ყავის სმაც უყვარს და ლაპარაკიც ეხერხებაო“, - ახასიათებდა მამა. უარი ვუთხარი, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, რამდენიმე წლის შემდეგ სამინისტროს დიპლომატიურ თანამდებობაზე ვიხილე.
და ამრიგად გახდა ქართული „დიპლომატია“ - ნათესავ-მეგობარ-თანამდებობა ჩამორთმეულ პირთა მიერ გაჯერებული, რომელთაც დიპლომატიასთან არც უწინ და არც დღეს არ ჰქონდათ შეხება - შესაბამისი შეცდომებით, ხშირ შემთხვევაში უხეშით, დიპლომატიისთვის მიუღებელი საქციელით.
დიპლომატია არ ჩანს. ამ დარგის ავკარგით ჟურნილისტიკა არ ინტერესდება, ვინაიდან მან არ იცის მარტივი რამ, რაც დამოუკიდებელი ქვეყნის ჟურნალისტმა უნდა იცოდეს დიპლომატიასთან დაკავშირებით. დიპლომატიაზე ნაკლები იწერება. არადა, მოქნეული სიტყვა, კრიტიკა, აუცილებელია საღათას ძილში მყოფი ქართული „დიპლომატიისთვის“, იქნებ გაიღვიძოს.
ხანდახან ყურს მოჰკრავ დიპლომატიისთვის ერთობ მიუღებელ თემას - კონკურსს სამინისტროს პირველი მდივნის თანამდებობაზე. არადა, პირველი მდივანი - დიპლომატიური რანგია და ის არსებული დებულების მიხედვით ენიჭება. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური სკოლის (აკადემიის) არსებობის შემთხვევაში არავითარი კონკურსის ჩატარება არ იქნებოდა საჭირო. სასწავლებელში აღზრდილები შეავსებდნენ სამინისტროს ვაკანტურ ადგილებს. ახლა კი ქუჩიდან მისულები ავსებენ და არა მარტო სამინისტროს კადრებს, არამედ პირდაპირ, საელჩოებს - ისე, როგორც თავის დროზე ფანჯიკიძემ „შეავსო“ საქართველოს საელჩო გერმანიაში - რიგითმა სკოლის მასწავლებელმა, ოღონდ ცნობილი მწერლის შვილმა.
ქალბატონ მაიას დიპლომატიის რაღაც კურსები რომ გაევლო, თავს უფლებას არ მისცემდა შეევიწროებინა საპატიო კონსულობა.
საპატიო კონსულებისა და მათი საკონსულო დაწესებულებების პრივილეგიები და იმუნიტეტები სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული წესია. ისე ეპყრობიან საპატიო კონსულებს, როგორც შტატიანებს. ვენის, 1963 წლის კონვენციის მიხედვით, განსაზღვრულია წესები, რომლებიც ეხება საპატიო კონსულებს. მათი საქმიანობა ფართოვდება და არ ვიწროვდება და დადებითად აისახება საქართველოს დამოკიდებულებაზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საპატიო კონსული წარმოადგენს.
საპატიო კონსული ადგილსამყოფელი ქვეყნის (ამ შემთხვევაში საქართველოს) ბიუჯეტზე არ არის ჩამოკიდებული არც შტატით, არც საკონსულო შენობის დაქირავების ხარჯებით, არც სხვა ხარჯებით. პირიქით, რის შესახებაც ამბობს თემურ ჭიჭინაძე, მაგრამ იცოდა ამის შესახებ ფანჯიკიძემ? დარწმუნებული ვარ ვენის ორივე კონვენციისთვის (1961, 1963) მას ხელიც არ შეუვლია, რომ შეევლო, სავალალო გადაწყვეტილებამდე არ მივიდოდა.
თვალში მომხვდა ჟურნალისტის კითხვა - ამერიკის მოქალაქემ მანქანით გაიტანა ჩვენი ახალგაზრდა, ამის გამო იგი არავინ დაიჭირა, ამ დროს ჩვენმა დიპლომატმა ანალოგიური შემთხვევის გამო ამერიკული ციხე „ხეხაო“. ამერიკის მოქალაქეს და არა მარტო დიპლომატს, იმუნიტეტი იცავს. მას ხელს ვერავინ ახლებს, რაც არ უნდა ჩაიდინოს.
ეს, პრივილეგია კარგახანია საქართველოს პარლამენტმა მიანიჭა, როდესაც განიხილა ამერიკელი სამხედრო სპეციალისტების საქართველოში ყოფნის საკითხი. რაც შეეხება მახარაძეს - მას შევარდნაძის განკარგულებით უმალ მოუხსნეს დიპლომატიური იმუნიტეტი, რასაც მის მიერ ციხის „ხეხვა“ მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლებამ არ დაიცვა საკუთარი დიპლომატი და ნაცვლად სამშობლოში გასამართლებისა, ამერიკელებს გაასამართლებინა, რითაც აშკარად დაამტკიცა საკუთარი თავის უპატივცემულობა და უსუსურობა.
საქართველოს 100-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, რაც ნებისმიერ ეკონომიკურად წელგამართულ ქვეყანას შეშურდება. თუმცა ვტყუი, ეკონომიკურად წელგამართული ქვეყანა ისაა, ვინც ზედმეტად არ ხარჯავს სახელმწიფო ბიუჯეტს, ყაირათიანად ექცევა მას და ისეთ „სიმსუბუქეს“ არ ავლენს, რასაც საქართველოს ხელისუფლება.
საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების დასაფუძნებლად ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სააკაშვლიმა, თუ ამას ფასდაუდებელი ჰქვია. სააკაშვილი ის პრეზიდენტი იყო, რომელიც უდავოდ ვერ ეტეოდა საქართველოს საზღვრებში. მას სხვა - უფრო დიდი და ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტობა უნდოდა, მაგრამ რა გაეწყობა, გაზრდის ნაცვლად, ყველაფერი იღონა მისი ტერიტორიის შესამცირებლად.
მოჭარბებული ამბიციების დასაკმაყოფილებლად და იმისთვის, რომ საქართველოზე ვინმეს ელაპარაკა - ყველგან საელჩოების გახსნა გადაწყვიტა. ასე და ამრიგად, ისეთ „ეკზოტიკურ“ ქვეყნებში გაიხსნა საქართველოს საელჩოები, რომელთანაც საქართველოს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ურთიერთობა არ აქვს.
არადა, უცხოეთში საელჩოს გახსნა იოლი საქმე არ არის - არც ფინანსური თვალსაზრისით და არც დიპლომატიაში გარკვეული კადრების სიმწირიდან გამომდინარე. გარდა ზოგიერთი ქვეყნისა, დანარჩენ ქვეყნებში მომუშავე ქართულ დიპლომატიას, რომ ვერაფრით დაუსაქმებია თავი, ცნობილი ფაქტია და ყურადღებას არ გავამახვილებ. იქ, სადაც საქმით არის დაკავებული, უბრალოდ არც პროფესიონალიზმი და არც შრომის მარტივი დისციპლინა არ აძლევს ხელს ქვეყნისთვის იღვაწოს.
რახანია კანადის ელჩი საქართველოში, ტერიტორიულად ქ.ანკარაში ზის. ის, თურქეთში, კანადის ელჩია და ითავსებს საქართველოში ელჩობას. ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ არ ხსნის კანადა საქართველოში საელჩოს, ელჩმა მიპასუხა - ძვირი ჯდებაო.
დააკვირდით, მდიდარ კანადას საქართველოში საელჩოს გახსნა ძვირი უჯდება, ჩვენ - არა?! ჩვენ, პირიქით, ფულიც გვაქვს საელჩოების შენახვისთვის და დიპლომატებიც გვყავს - საელჩოების შტატების შესავსებად. ვაი, უმეცრებავ და უყაირათო ფულის ხარჯვავ!
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი დიპლომატები თავს იმით იმართლებენ - ეს, იმიტომაა საჭირო, რომ იმ ქვეყნებმა არ ცნონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაო. ამ „შესანიშნავ“ მოსაზრებას თბილისელი „პოლიტიკოსებიც“ და „დიპლომატებიც“ იზიარებენ. ვაი, ჩვენს თავს.
ლათინურ ამერიკაში რომ საელჩოს ხსნი, იქიდან უნდა დაიცვა ტერიტორიული მთლიანობა? იქნებ სჯობდა ყურის ძირში, სოხუმისა და ცხინვალის, თუნდაც მოსკოვის მონახულება, ამ საკითხის გადასაჭრელად და არა მეხიკოში, ოტავაში, ბრაზილიაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო, სამარადისო ყოფნა?
„მე , ისეთი ქვეყნის პრეზიდენტობა მინდა, რომელსაც საელჩოები ექნებაო“, - ბრძანა ერთხელ მარგველაშვილმა. კეთილი, მაგრამ იმ რაოდენობის, ნათესავებიც რომ აღარ გყოფნით საელჩოს შტატების შესავსებად?
დიპლომატიაში არსებული მდგომარეობა ქვეყნის ხელმძღვანელობის სერიოზული განხილვის საგნად უნდა იქცეს - დაწყებული შესაბამისი შენობით, დიპლომატიური სასწავლებლის დაარსებით, დიპლომატიური წარმომადგენლობების შემცირებით და მინისტრად გამოცდილი, პროფესიონალი მინისტრის, მოადგილეების შერჩევით, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება ის, რაც გვაქვს - საქმეთა გარეშე სამინისტრო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
24/01/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.