„ღობის“ იქით არსებული დემოკრატის ნამდვილი სახე

hamlet chipashvili-politologi

ბოლო თვეებში დიდი სახელმწიფოების მოქმედება, უდავოდ, იწვევს მინიმუმ ორ კითხვას - ნუთუ ასე უნდა იქცეოდნენ ისინი და რა შედეგი ექნება მას მსოფლიოსთვის?
საბედნიეროდ, დიდები, რომლებიც გავლენას ახდენენ დანარჩენ მსოფლიოზე, ბევრნი არ არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი კინკლავი ელვისებურად დაუსვამდა წერტილს არა მარტო ეკონომიკურ წინსვლას, არამედ პლანეტის არსებობასაც. თუმცა, რაც არიან, საკმარისია გაძაღლებული ცხოვრებისა და მსოფლიო სიცოცხლის ყოფნა-არყოფნის სასწორზე შემოდებისთვის.
ქვეყნის ეკონომიკური ყოფა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას სხვა ქვეყნებისადმი. აღმავალია ეკონომიკა და აღმავალია ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა. მტკიცეა ქვეყნის პოლიტიკური ყოფა და მტკიცეა მისი თავდაჯერებულობა ახალი ეკონომიკური სიმაღლეების დაპყრობისთვის.
ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა აღარ უნდა იყურებოდეს სხვათა დასაჩაგრად, დასათრგუნად; არ უნდა ცდილობდეს ისეთი ღონისძიების გატარებას, სხვას რომ პრობლემებს შეუქმნის. პირიქით, წარმატებული წარუმატებელთან უნდა თანამშრომლობდეს მსოფლიო დოვლათის შექმნა-განვითარებისთვის.
მაგრამ, კეთილი სურვილები მხოლოდ ზღაპრებშია, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდით 23 წლის დამოუკიდებლად არსებობის პერიოდში. ამ, არცთუ მოკლე, ისტორიული მონაკვეთის დროს ჩვენი წარმოდგენა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში მკვეთრად შეიცვალა, თანაც უარესობისკენ.
დასავლეთის მიერ საბჭოთა კავშირისა და მისი სატელიტებისთვის ჩამოფარებული “რკინის ფარდის“ მიღმა მყოფთათვის, ღობის გადაღმა ცხოვრება მარტო პროდუქტებით დახუნძლული მაღაზიებით იზომებოდა. საბჭოელთათვის განათებული მაღაზიების ვიტრინები ყოველთვის იწვევდა იქაურის მიმართ აღფრთოვანებას, თაყვანისცემას, საკუთარისადმი დამცინავი, ზიზღის თვალით შეხედვას.
„ღობის“ იქით არსებული სამყარო, უდავოდ იწვევდა ნებისმიერ ჩვენგანში იქაურთა ზედემოკრატიულობის, კეთილშობილების, ჰუმანურობის შეგრძნებას. ჩვენთვის ის საზოგადოება, მიუწვდომელი და საარაკო, ასეთად დარჩებოდა, რომ არა მსოფლიო ისტორიის ჩარხის სხვაგვარი დატრიალება. ეს ჩარხი 23 წელიწადია ტრიალებს და სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს - მანამდე უცხოს ნებისმიერი ჩვენგანისთვის, დაუჯერებელს.
დღეს, უკვე სხვაგვარად ვუყურებთ იქაურ ცხოვრებას, ვინაიდან „იქაური“ აქაური გახდა, დაგვიახლოვდა და თან ისე ჩაგვეხუტა ლამის სული ამოგვხადოს. ჩახუტებით სუნთქვაშეკრულს თუ ამოსუნთქვის შანსი მოგვეცა, უმალ იმაზე ვფიქრობთ, სად არის ის ბედნიერება, რომელსაც „ღობის“ შიგნიდან ვუმზერდით? და თუ ის ბედნიერება ესაა, დღეს რომ ვცხოვრობთ, შემცდარვართ.
დადებითის და უარყოფითის დადგენაში შემოგვეცალა 23 წელიწადი. არც სამომავლო ოპტიმიზმი იგრძნობა. ან რა ხვალინდელ ოპტიმიზმზეა ლაპარაკი, როდესაც დღეს გიჭირს ლუკმა-პურის შოვნა, დასაქმება.
მსოფლიო კი, თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ „ღობეში“ მომწყვდეულებიც შევუერთდით იმ ცხოვრებას. კარგახსნილობამ, ინფორმაციის პერმანენტულობამ და გლობალიზაციის მოთხოვნებმა მკვეთრად შეცვალეს ჩვენი არსებობა. ჩვენ უკვე შევეგუეთ იმას, რომ ხალხის და ქვეყნის ხარჯზე გამდიდრებულები, კიდევ უფრო მდიდრდებიან, უმრავლესობა კი ღარიბდება.
კატასტროფულად მატულობს ზღვარი ერთ მუჭა მდიდრებსა და მრავლობით რიცხვში მყოფთა შორის. შევეგუეთ იმას, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს (ან გაამარჯვებინებენ) ის, ვისაც ფული აქვს. ისინი, ვისაც ფული აქვთ, ფულის კეთებასთან ერთად, პოლიტიკას მიჰყოფენ ხელს, ცხადია საკუთარი სიმდიდრის დასაცავად.
დიდი ფული, დიდ პოლიტიკასაც ატრიალებს, რის არაერთი მაგალითი გვაქვს, როგორც აქ, ისე იქ. ამერიკელი, ლიბერტარიანელი ძმები კოხები, რომლებიც მოითხოვენ ცსს (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს) და ფბრ-ს გაუქმებას, პენსიებზე და გადასახადებზე უარის თქმას, პროსტიტუციისა და ნარკოტიკების ლეგალიზაციას, მიზნად ისახავენ „სოციალისტი“ ობამას განადგურებას. ამ ბრძოლაში ისინი არაფერს ერიდებიან.
ძმებმა გამოიყენეს თავიანთი მილიარდები ქვეყნის საბიუჯეტო კრიზისის პროვოცირებისთვის, რასაც გასული წლის ბოლოს ჰქონდა ადგილი. ძვირი დაუჯდა ეს პროვოკაცია ქვეყანას, მის ეკონომიკას და არა მარტო მას, არამედ მსოფლიოს. მაშინ პრეზიდენტი გადაურჩა შანტაჟს, თუმცა მის წინააღმდეგ გამოხდომები გრძელდება.
ჩვენთვის, „ღობის“ შიგნით მყოფთათვის, ეს რომ ეთქვათ, არ დავიჯერებდით, უმალ საბჭოთა პროპაგანდას მივაწერდით. არ დავიჯერებდით იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენდით, რაოდენ ჩახლართული, მრუდე, ფარისევლური, გაუტანელი ცხოვრების წესი არსებობდა ჩვენს გარე სამყაროში.
ჩვენ ნელ-ნელა ვხდებით მოწმენი იმ იშვიათი ისტორიული პერიოდისა, როდესაც მსოფლიო მოვლენები განისაზღვრება არა ხალხთა რაციონალური აზროვნებით, არამედ რაღაც მაგიური, უცნობი ძალით, რომელსაც მივყავართ ისეთ შედეგამდე, არავინ რომ იფიქრებდა. უკრაინის მოვლენები ამის დასტურია, განსაკუთრებით მალაიზიის თვითმფრინავის დაღუპვა. ნათელია, რომ ამ ამბვებმა აქტიურად ჩართეს რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციაში. შანსი მას, გაუძლოს გამოწვევას, გაცილებით ცოტა აქვს, ვიდრე ეს ჰქონდა „ღობის“ შიგნით მყოფ საბჭოთა კავშირს.
მიუხედავად თავისი მანკიერებისა, საბჭოთა კავშირი მანათობელი ვარსკვლავი იყო პლანეტის გარკვეული ნაწილისთვის. ბევრი ქვეყნის ხალხი გულწრფელად ოცნებობდა ისე ეცხოვრათ, როგორც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ბევრი რამ ხიბლავდა მას - ექსპლუატაციის არ არსებობა, უფასო განათლება და ჯანდაცვა, მოწინავე მეცნიერება, მაღალი სოციალური მობილურობა. ყოველივე აღნიშნული ალტერნატივა იყო კაპიტალიზმისთვის.
რუსეთს, მიუხედავად 14-წლიანი წინსვლისა, არ შეუძლია იმჟამინდელი საბჭოეთის როლზე პრეტენზიის განცხადება. არც ის არის გასაკვირი, რომ მსოფლიოში მას არ ჰყავს იდეოლოგიური მოკავშირეები, რომლებიც მძიმე ჟამს დახმარების ხელს გაუწვდიან, საკუთარი ინტერესების საზიანოდ.
რუსეთის ეკონომიკა, გაცილებით მგრძნობიარეა დასავლური სანქციების მიმართ, ვიდრე საბჭოთა ეკონომიკა. დასავლეთს შეუძლია რუსეთის წინააღმდეგ განავითაროს ეკონომიკური ზეწოლა, საფინანსო საერთაშორისო ბაზრიდან მოწყვეტა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებაზე უარის თქმა, რაც გამოიწვევს რუსული კომპანიების კაპიტალიზაციის დაქვეითებას, ყველა დონის ბიუჯეტის შემცირებას. რუსეთი, სულ უფრო ხშირად იქნება წარმოდგენილი მსოფლიოში, როგორც ბოროტების იმპერია.
სანქციებმა, გარდა პირდაპირი ეფექტისა, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი რამ, რაც კარგად არ წაადგება დასავლეთს, მსოფლიოს. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ეკონომიკური პროგრამა იყო ლიბერალური და მიმართული რუსეთის დასავლეთთან დაახლოებაზე: საერთაშორისო საფინანსო ცენტრის შექმნა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში თანამშრომლობა, დასავლურ სტანდარტებთან რუსული ინსტიტუტებისა და ტექნოლოგიების დაახლოება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შერჩეული იყო გუნდიც - ორიენტირებული დასავლურ ფასეულობებზე.
დღეს, ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. დასავლეთთან დაპირისპირებამ გამოიწვია სრულიად საწინააღმდეგო მოთხოვნა - უარი ითქვას ეკონომიკის ლიბერალურ კურსზე. და თუ ეს განხორციელდა, რას მოუტანს მსოფლიოს?
საბჭოთა კავშირის დაშლიდან განვლილი წლები, სერიოზული ქარტეხილებით აღსავსე, ახალი გამოცდილების დაგროვების წლებიც იყო. სწორედ, ახალმა გამოცდილებამ ათქმევინა ბევრ ყოფილ საბჭოელს, რომ ნანატრი დასავლური დემოკრატია და სიკეთე მირაჟია; რომ იმ დასავლეთსაც უამრავი შავი ლაქები აქვს, რომელთა შორის გამოირჩევა დაუნდობელი ბრძოლა პირველობისთვის; ახალ-ახალი გასაღების ბაზრების მოპოვება; ერთმანეთის ჩაძირვა; ჩასაძირად, თუნდაც უსუსური საბაბის გამოძებნა - უკრაინის სუვერენიტეტი რომ ჰქვია და ა.შ.
მაინც რაში გამოიხატება უკრაინის ან ნებისმიერი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სუვერენიტეტი? ან რა მტკიცება უნდა დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტს? დამოუკიდებელი, ავტომატურად უნდა იყოს სუვერენული.
„ჩვენ არ შევეგუებით უკრაინის სუვერენიტეტის დაკარგვასო“, - აცხადებს ოფიციალური ვაშინგტონი.
ვინ აკარგვინებს 45-მილიონიან ქვეყანას სუვერენიტეტს? არც არავინ. სუვერენიტეტის დაკარგვა არ არის საბაჟო კავშირში შესვლა. რატომ არ იბღალება ევროკავშირის ასოცირებული თუ ნამდვილი წევრობით ქვეყნის სუვერენიტეტი და რატომ იბღალება საბაჟო კავშირში შესვლით?
არის თუ არა სუვერენიტეტი შებღალული, მაგალითად ევროკავშირის წევრ ბულგარეთში, როდესაც ბრიუსელის კი არა, ვაშინგტონის თითის ქნევის შემდეგ, რაც გასაოცარია, უარი ითქვა „სამხრეთის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობაზე? სწორედაც, სუვერენიტეტის არქონამ დააშინა სოფია რუსეთთან ხელმოწერილი პროექტის განხორციელებაზე.
რა დემოკრატიაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც „გადატვირთვასთან“ ერთად, ოღონდ მალულად, რუსეთში აფართოებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის დაფინანსებას, ხოლო უკრაინაში აღორძინებ ნეოფაშიზმს, ბანდერას პორტრეტებს ქუჩებში აკრავ და წამლავ უკრაინელებს ანტირუსული „აბებით“?
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დიდძალი ფული ჩაიდო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკული ცხოვრების პროპაგანდა-თაყვანისცემისთვის. ვაშინგტონმა ასწავლა და დააფინანსა ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკების ახალგაზრდობა და რომ იტყვიან, ყველა ისინი, უმწეო ბავშვებივით, ქვედა-ბოლოზე (კაბის) მიიბა და ამ პროცესს სუვერენიტეტი უწოდა.
როდესაც აშშ-ს პოლიტიკოსები, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ლამობენ, ცხვირთან მუშტის მიტანით, გაიძულონ იყო „სუვერენული“, ტრაგედიაა და არა მარტო პატარა საქართველოს, არამედ სუპერ ამერიკისთვის. სენატორების წერილი, გამოგზავნილი ჩვენი ბედშავი ხელისუფლებისთვის, ამის დასტურია.
სუვერენულს ვერ უწოდებს საკუთარ თავს ქვეყანა, რომელსაც საკუთარი დამნაშავის გასამართლებაც არ შეუძლია. სად იყვნენ ამერიკელი სენატორები 2008 წლის აგვისტოს ომის დასაწყისში, რატომ არ მიმართეს მათ წერილობით სააკაშვილს? მოჩვენებითი „სუვერენიტეტისთვის“ ხომ არ დაიგეგმა საქართველო-უკრაინის 2008, 2014 წლების მოვლენები?
პოლიტიკა ეკონომიკისთვის და შებრუნებით წარმატებით არის გამოყენებული აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ, თუმცა მას არავითარი კავშირი არ აქვს არც დემოკრატიასთან და არც სიკეთესთან. ერთადერთი, რასთანაც მას კავშირი აქვს - ჰეგემონიზმია, მეტოქის გარეშე არსებობა.
პრეზიდენტი ობამა სიხარულით ხელებს იფშვნეტს - ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას ვძირავო.
ვალში არც პრეზიდენტი პუტინი დარჩა. მის მიერ შემოღებულმა ანტისანქციებმა ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ლამის მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და ხილი დაალპოს.
ფუჭდება საქონელი, იძაბება ვითარება და რაც არანაკლებ საყურადღებოა ობამასთვის, იზრდება მისდამი უკმაყოფილება არა მარტო რუსეთში, არამედ „მოკავშირე“ ევროკავშირში, სხვაგან. ვაშინგტონის დუდუკზე აცეკვებული ევროკავშირი ხვდება, რომ ამერიკული მუსიკის ჰანგები სულაც არ შეესაბამება საცეკვაო რითმს, მაგრამ ცეკვავს, ვინაიდან სწორედ ის სუვერენიტეტი აქვს დაკარგული, რისთვისაც ესოდენ მწვავედ იბრძვის ამერიკა უკრაინაში.
უსახო და სუვერენიტედდაკარგულმა ევროკავშირის ქვეყნებმა და არა მარტო მათ, ვაშინგტონის დაძალებით სანქციები დაუწესეს რუსეთს. ექსპერტთა აზრით, ამ ღონისძიებით რუსეთი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის ზარალს იგემებს, მაგრამ თვით ევროკავშირი - იმდენივეს. რა შეიძლება ეწოდოს ამას, თუ არა გაუაზრებელი ჰარაკირი?
ობამას ემისრები ისეთ ქვეყნებს სტუმრობენ, რომლებსაც აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები აქვთ რუსეთთან. ვიზიტის მიზანი ერთია - ააღებინონ ხელი მათ მსგავს კავშირებზე. ობამამ პირადად შეაქო იაპონიის პრემიერ-მინისტრი, როდესაც ამ უკანასკნელმა სანქციები დაუწესა რუსეთს.
პირველი სახელმწიფოს ბრმა მიბაძვამ, კუდის ქიცინი დამღუპველია, როგორც მოქიცინეთათვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის, რამეთუ სანქციური ომი არა მარტო რამდენიმე ქვეყანას ეხება, არამედ მთელს მსოფლიოს. ამ გაუგებარ და ერთობ მზაკვრულ ჭიდილში მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება - არავითარ სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ. გაუძლებს ხელისუფლება „მეგობართა“ ზეწოლას, მომავალი გვიჩვენებს.
მთელს მსოფლიოში მოხეტიალე სააკაშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების პოზიცია. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რა დღეში ჩავარდებოდა რუსეთის მიმართ სანქციებდაწესებული საქართველო?
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პრაგმატული გადაწყვეტილება, უდავოდ იმსახურებს მხარდაჭერას, რამეთუ ამით თვით საქართველო გადაურჩა მოსალოდნელ ეკონომიკურ საფრთხეებს.
სხვანაირი ყოფილა ის დემოკრატია, რომელსაც „ღობის“ შიგნიდან ვუყურებდით. იმასაც ჰქონია ხარვეზები, თანაც როგორი. მაგრამ, რა გაეწყობა - ძველისკენ მიბრუნება შეუძლებელია, ისევ ახალში უნდა ვეძიოდ გადასარჩენი გზა, თანაც ყოველგვარი კუდის ქიცინისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარეშე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
10/08/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.