საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ახალი ქალაქი „თბილისის ზღვაზე“?

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

ბოლო დროს გახშირებულმა ლაპარაკმა „თბილისის ზღვის“ ათვისებასთან დაკავშირებით მიბიძგა მკითხველის ყურადღება მივაპყრო უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელმაც შესაძლოა კარდინალურად შეცვალოს თბილისის იერსახე - გაუარესების თვალსაზრისით.
სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ერთი თაობის მიერ განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტები, შემდგომი თაობის ძალისხმევით, მიწასთან სწორდება „ზემოთ“, ვიღაცის აკვიატებული მოსაზრების შედეგად. იმ გრანდიოზულ მშენებლობათა შორის, რომლებიც გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების თაობის სხარტ გონებას და ოსტატურ მარჯვენას განეკუთვნება - არის „თბილისის ზღვის“ მშენებლობა.
იდეა ამ პროექტისა სტალინის სახელს უკავშირდება, რომელმაც არა მარტო გადახრიკული ტერიტორიის მიწები ააყვავა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დედაქალაქის კლიმატზე.
„თბილისის ზღვა“ მარტო მდინარე იორისთვის კალაპოტის შეცვლას არ გულისხმობდა. ყამირი მიწების მორწყვას, ათვისებას და ათვისებულ ტერიტორიებზე საბჭოთა მეურნეობების შექმნასაც გულისხმობდა და რაც მთავარია ქ.თბილისის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას. შეივსო რეზერვუარი, აშენდა სარწყავი სისტემები, არხები და ერთ დროს ყამირი, მწირი მიწები ხეხილის ბაღებმა და ვაზმა დაამშვენა.
ჩემი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ „თბილისის ზღვის“ წყლის სიკეთით გაფურჩქნული ვარკეთილისა და სამგორის საბჭოთა მეურნეობები, რომლებიც ხილს, ბოსტნეულს, ყურძენს აწვდიდა დედაქალაქს თითქმის მთელი წლის განმავლობაში.
ვარკეთილის საბჭოთა მეურნეობა, თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურით, უცხოელი სტუმრების დასათვალიერებელი ობიექტების სიაში მოწინავე ადგილს იკავებდა. არაერთხელ მიმიყვანია იქ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, მართლაცდა სანიმუშო მეურნეობის სანახავად. მეურნეობა, თავისი ფეხბურთის და კალათბურთის მოედნებით, საცურაო აუზით, პოლიკლინიკით, სკოლით, კინოთეატრით, კულტურის სახლით და რაც მთავარია უგემრიელესი ხილით, ბოსტნეულით, ღვინით უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე.
სამგორისა და ვარკეთილის მეურნეობებმა სხვა თაობის კომუნისტების შემოტევას ვეღარ გაუძლეს და პოზიციების დათმობა დაიწყეს. გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, ვიღაცის „გენიალურმა აზრმა“ გადაწყვიტა ვარკეთილის და სამგორის მეურნეობების ტერიტორიებზე თბილისის ახალი საცხოვრებელი კვარტლების აშენება. ასედაამრიგად, ერთი თაობის კომუნისტების მარჯვენით გაშენებული საბჭოთა მეურნეობები განადგურდა. გაიჩეხა ხეხილის ბაღები, აიჩეხა ვაზი და მათ ნაცვლად წამოიჭიმა უსახური საცხოვრებელი სახლები - ერთფეროვანი, მდარედ ნაშენი. გაჩნდა ახალი დასახლება - „ვარკეთილი“, რამაც უდავოდ ხელი შეუწყო უბინაო თბილისელთა პრობლემების მოგვარებას. მაგრამ ნუთუ ძნელი იყო სხვა ადგილის - შიშველის, მწვანე საფარისგან დაცლილის გამოძებნა ბინათმშენებლობისთვის? ასეთი ხომ დღესაც იოლად მოიძებნება თბილისის შემოგარენში? მაგრამ არა - უფრო იოლი იყო ხელით ნაშენი მეურნეობების დანგრევა.
ეს სავალალო ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ დღესაც იგივე გრძელდება. გაუმაძღარი დეველოპერები არაფრად აგდებენ მწვანე ნარგავებს, ქუჩის სივიწროვეს და ლამის სახლის-სახლზე მიშენებით ცდილობენ საკუთარი მოჭარბებული მადის დაკმაყოფილებას. დეველოპერთა სურვილს სალ კლდესავით უნდა შეხვდეს ქალაქის მერია, მაგრამ ვაგლახ რომ ამას ადგილი არ აქვს - უთავობის, გამოუცდელობის, საკუთარი კუჭის დაკმაყოფილების გამო.
თვალი შეავლეთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიას, ვაკის პარკის გაყოლებაზე, ირან-უკრაინის საელჩოების ზემოთ აშენებულ საცხოვრებელ სახლებს - გაჩეხილი, ხელით დარგული, ხეების ადგილას. მერედა, ვინ არის ამის მთქმელი - არც არავინ, ვინაიდან ისე, როგორც წინათ, საბჭოთა ხანაში, დღესაც რაღაცის, ვიღაცის გვეშინია; დღესაც, ისე, როგორც წინათ, ვიღაცას ანგარიშს ვუწევთ, არ გვინდა ვაწყენინოთ და აინუნშიც არ ვაგდებთ, რომ ჩვენივე თავშეკავება სავალალო შედეგით უკანვე გვიბრუნდება.
„თბილისის ზღვამ“ ბევირი რამ დაკარგა და როგორც ჩანს, ჩვენი „მოხერხებული“ დეველოპერების წყალობით, საბოლოოდ თავსაც დაკარგავს, მასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემას შექმნის. დღენიადაგ ჩაგვძახიან „თბილისის ზღვის“ ირგვლივ ახალი ქალაქის გაშენების შესახებ და რახან ჩაგვძახიან, განახორციელებენ კიდეც, ვინაიდან პროტესტი ერთობ სუსტი და უსუსურია, ისეთი - „ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის“, რომ დაშვენდება.
ანალოგიური დამოკიდებულებაა „სამთავრობო ქალაქთან“ დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა თქვა და ვიღაცას ეგონა, რომ „უბრალოდ თქვა“, მაგრამ პრემიერი უბრალოდ ხომ არ იტყოდა? ეს, რომ ასეა, წყალი არ გაუვა.
„თქმიდან“ მოყოლებული, მედია დაბეჯითებით ახმოვანებს ამ „გენიალურ პროექტს“ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუებში. ერთ-ერთი ახლახანს ვიხილეთ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 28 აპრილის ნომერში - ცნობილ არქიტექტორ გიგა ბათიაშვილთან.
აი, რას აცხადებს ბატონი გიგა: „რაც შეეხება დაანონსებულ განცხადებას სამთავრობო რაიონის შექმნის თაობაზე, დროულად და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუმცა ორთაჭალა, ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი არ არის“. უდავოდ მებადება კითხვა - ორთაჭალა საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ სხვა უბანი საუკეთესო ვარიანტი იქნება?
მიუხედავად ჩემი, ბატონი გიგასადმი პატივისცემისა, ვერ დავეთანხმები „სამთავობო უბნის“ მშენებლობას. აღნიშნულის თაობაზე მე უკვე დავწერე, მაგრამ გავიმეორებ - „სამთავრობო უბნის“ მშენებლობა დიდ სახელმწიფო ხარჯებთან არის დაკავშირებული, რის საშუალებაც ამ ქვეყნის ბიუჯეტს არ აქვს და როგორც ვხედავ, არც მომავალში ექნება. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან გამომდინარე, „სამთავრობო უბნის“ მშენებლობის მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ გაუმჯობესდეს ერთ ადგილას თავმოყრილი სამინისტროებისა და უწყებების ოპერატიული მუშაობა, არამედ ამ სამინისტროების მიერ დაკავებული შენობების გამონთავისუფლებაა.
მიზანი - უცხოელი ინვესტორისთვის მიყიდვა, ვითომდა სასტუმროებად გადასაკეთებლად. სამინისტროს ყოფილი რამდენი შენობა გააუბედურეს და ლამის დანგრევის პირას მიიყვანეს? მარტო კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა რად ღირს?!
შენობის დაცლასა და ინვესტორის შოვნას შორის მრავალწლიანი ზღვარია, რისი აშკარა მაყურებლები ვართ თბილისელები. გარდა ამისა, „სამთავრობო უბანი“, მე მას უფრო გეტოს დავარქმევდი, რომელ ქვეყანაში ნახეს ამ იდეის ავტორებმა?!
არაერთ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი „საოცრება“ არსად მინახავს. იდეის თვალსაზრისით, საპარლამენტო უბნის მშენებლობის თემა გაჟღერდა მოსკოვში, ხელისუფლების მხრიდან და მას საფუძვლად დუმის წევრების ნორმალური მუშაობის პირობების შექმნის საფუძველი ჰქონდა დადებული და არა დუმის არსებული შენობის სასტუმროდ გადაკეთება. მოსკოვის ცენტრიდან, გვარიან მანძილზე დაშორებით უნდა აშენებულიყო საპარლამენტო ქალაქი და არა სამთავრობო, თავისი სასტუმროებით, რეკრეაციული ზონებით, სპორტული კომპლექსებით.
საპარლამენტო ქალაქი უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი უნდა ყოფილიყო და არა ფარღალა შენობების ნაკრები, რის გაკეთებასაც თბილისში აპირებენ, ვინაიდან პარლამენტის შენობა სახეა ქვეყნის, ისევე, როგორც ნებისმიერი სამინისტროს შენობა. პროექტი ვერ განხორციელდა უფულობის გამო.
ვაშინგტონის სტუმრებს ხიბლავთ კაპიტოლიუმის, სამინისტროების ფუნდამენტური, სოლიდური შენობები. ასეა რომში, ბერლინში, სხვა დედაქალაქებში. გარდა ამისა, წინასწარ, ვინ განსაზღვრავს, რა სახის სამინისტრო უნდა იყოს? გასული საუკუნის დასაწყისში, ვის მოუვიდოდა თავში „შერიგების“ სამინისტროს შექმნის იდეა? ბატონი გიგა აცხადებს, რომ „იქ უცხო ქვეყნების საელჩოებიც უნდა გაშენდესო“. კეთილი, მაგრამ საქართველოს ბიუჯეტმა უნდა ააშენოს უცხო ქვეყნების საელჩოები? დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, მხოლოდ სამმა ქვეყანამ - აშშ-ა, ირანმა და უკრაინამ, ააშენეს საელჩოები თბილისში. საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოები, საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, აშენებული შენობების გარკვეულ ფართზეა განთავსებული, ზოგი სად და ზოგიც სად. მათ ერთ ადგილზე თავმოყრას ვერვინ დაავალებს, ისე, როგორც აშენებულ შენობაში შესვლას - საელჩოს მოთხოვნების სპეციფიკიდან გამომდინარე. საელჩოს გარდა, მხედველობაშია მისაღები ელჩის რეზიდენციაც - ანუ ცალკე შენობა. ასე, რომ, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვეჭვობ „სამთავრობო უბნის“ ტერიტორიამ დააკმაყოფილოს დიპკორპუსის მოთხოვნები.
„დედაქალაქის განვითარების ყველაზე საუკეთესო ადგილია თბილისის ზღვის გადაღმა ნაპირის ტერიტორია. ამ ადგილის მიზანმიმართულობა ისიცაა, რომ თბილისის ზღვა ქალაქის ცენტრში მოექცევა“, - წერს ბატონი გიგა.
აგაშენა ღმერთმა - ისევ არსებულის განადგურება?!
თუ ამას მართლაც ექნა ადგილი, მალე აღარც ზღვა იქნება და აღარც თბილისელთა დასვენების ადგილი, რომელიც ესოდენ საჭიროა ქალაქისთვის და მრავალი წლის განმავლობაში ისე ვერ განვითარდა, როგორიც სახელისუფლო დაპირებები იყო.
დარწმუნებული ვარ, ზღვის ირგვლივ დაწყებული მშენებლობები მიწასთან გაასწორებს იმ მცირედ გაკეთებულს - რეკრიაციასთან დაკავშირებით და სამშენებლო მასალების ნაგვად გადააქცევს ზღვის ტერიტორიას, დააბინძურებს სასმელ წყალს, ხოლო მშენებლობების დამთავრების შემდეგ, თუკი ამას ოდესღაც ექნა ადგილი, საყოფაცხოვრებო ნაგვის მასა წალეკავს მას.
და კიდევ ერთი რამ - ვისთვის ვაშენებთ ახალ ქალაქს?
გაეროს მონაცემებით, საქართველოს უსეროზულესი დემოგრაფიული პრობლემები აქვს. მისი მიხედვით, საქართველოში დარჩენილი მოსახლეობა, უკვე განახევრებული, კიდევ უფრო შემცირდება, ვინაიდან ჯანღონით სავსე ქალ-ვაჟები, ისე, როგორც განვლილი 20 წლის განმავლობაში, უცხო სახელმწიფოებს მიაკითხავენ სამუშაოს მოსაძებნად. ქვეყანას, რომელსაც დასაქმების პრობლემის მცირედი ნაწილიც არ აქვს შესრულებული, შეძლებს საკუთარი მოსახლეობის სამშობლოში დაკავებას? განვლილი 20 წელიწადი გვიკარნახებს, რომ ვერ შეძლებს! მაშ, ვისთვის უნდა აშენდეს „თბილისის ზღვის“ ქალაქი?
პასუხი მარტივია - იმ ბობოლა ფულიანებისთვის, რომლებსაც უკვე არაერთი სახლი, ბინა, აგარაკი აქვთ პირად მფლობელობაში და „თბილისის ზღვისასაც“ დაუმატებენ. „ოჯახი ხრამია“ - რომ იტყვიან, ვინ იცის, როდის გამოადგებათ. ასეთთა რაოდენობა ერთ პროცენტსაც არ სცდება. დანარჩენებს იქ აშენებულ ბინებზე ან სახლებზე ხელი არ მიუწვდებათ. აი, იმ უდიდესმა უმრავლესობამ უნდა სვას, ერთი პროცენტის მიერ დაბინძურებული „თბილისის ზღვის“ წყალი?
თბილისი გაიზარდა და ვეღარ იტევს მოსახლეობას, ტრანსპორტს და ამისთვისაა საჭირო ახალი ქალაქის აშენებაო?
რა პრიმიტიული დასკვნაა! თუ დემოგრაფიას მოვიშველიებთ - საქართველოს მოსახლეობის შემცირებასთან ერთად, შემცირდება დედაქალაქის მოსახლეობაც. ნაცვლად ამ ყოვლად მახინჯი იდეის განხორციელებაში ფულის ხარჯვისა, უმჯობესი იქნებოდა დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად ჩაგვედო თანხები, თორემ ძველი და ახალი ქალაქები მოგონებად დაგვრჩება. ამ ორივეში ფულიანი მეზობლები იცხოვრებენ. ისინი გახდებიან ბატონ-პატრონნი და არა თბილისელები.
გარდა ამისა, საჭიროა სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურის განვითარება, ფაბრიკა-ქარხნების აშენება, რათა იმ ქალაქების მაცხოვრებლებმა არც თბილისში და არც საზღვარგარეთ არ ეძებონ სამუშაო ადგილები. ამ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ ხელოვნურობას, ისეთს, რასაც ადგილი აქვს დღეს - ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად გადაკეთება. სააკაშვილს, როდესაც პარლამეტი ქუთაისში გადაჰქონდა, წამითაც არ უფიქრია ქუთაისის განვითარებაზე. ამ იდეის მიზანი იყო მარტივი - თბილისის პარლამენტის შნობის წინ მუდმივი მიტინგების აღკვეთა. სააკაშვილის ბოროტმა გადაწყვეტილებამ მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა ქვეყნის ბიუჯეტს. შეაფერხა აუცილებელი კონტაქტები საკანონმდებლო-აღმასრულებელ ხელისუფლებათა შორის.
ახლახანს ინტერნეტში თვალი მოვკარი ერთ-ერთ ასეთ პროექტს - თბილისის ზღვაში ფალისივით შეჭრილს, ორი ტესტიკულით და თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. პროექტმა რაღაცით არაბული საამიროები გამახსენა. იქ ხომ მოდაშია ზღვაში მიწის და ქვების ჩაყრა, ხელოვნური ნახევარკუნძულების, კუნძულების შექმნა და საცხოვრებელი ვილების აშენება - მაგრამ ნამდვილ ზღვაში, რომელიც ამას იტანს და არა ხელოვნურ რეზერვუარში, თანაც სასმელი წყლის ფუნქციასაც რომ ასრულებს. სამშენებლო ვოლუნტარიზმი გაგრძელდება და მას ვერც ქალაქის გენგეგმა შეაჩერებს, ვერც თითო-ოროლა გულმოკლული ადამიანის მოწოდება. ფული წყვეტს ყველაფერს - პროექტის დამტკიცებასაც, მშენებლობასაც და აშენებულის სარფიანად გაყიდვასაც. თბილისის განვითარების გენგეგმაც რომ იყოს, ვითომ ვერ მიაღწევენ საწადელს მადამოსული ინვესტორები, დეველოპერები, მერიის მესვეურები?
ქვეყნის დედა კანონს - კონსტიტუციას თუ უძებნიან „ხარვეზებს“, გენგეგმას ვერ მოუძებნიან? ანდა განა ნორმალურად მოაზროვნე დეველოპერს თავში აზრად უნდა მოსდიოდეს პარკებში, სკერებში, თბილისის ზღვაზე მშენებლობის გაშლა? სიტყვით, ყველა ისინი პატრიოტები არიან, საქმით კი - დედაქალაქისა და ქვეყნის მტრები. პარპაშობენ ისინი, ვინაიდან ნორმალურად მოაზროვნენი თავიანთ გულისტკივილს საკუთარი ოჯახის წევრებს თუ გაუზიარებენ და ისიც სამზარეულოში. საპროტესტო აქციას რომ თავი დავანებოთ, ვინაიდან ქალაქის უმსგავსო მშენებლობებისთვის თავს არავინ შეიწუხებს, არც ხმას იღებენ და თუ იღებენ, გუნდრუკს უკმევენ ყოველივე საშინელებას. არადა იმ ევროკავშირში, საითაც ვითომ მივდივართ, ვინმე გაბედავს მსგავს თავნებობას?
გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მერიამ გადაწყვიტა რკინიგზის ისტორიული სადგურის აღება და მის ნაცვლად თანამედროვე შენობის აშენება. შტუტგარტელებმა იხუვლეს და ისეთი პერმანენტული მიტინგები მოაწყვეს, მერია იძულებული გახდა პროექტზე უარი ეთქვა. აქ კი რა ხდება?
სოლოლაკში, ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, საკრებულოს უკან, იმ ვიწრო სივრცისთვის უდავოდ შეუფერებელი აგურის შენობა აშენდა მე-19 საუკუნის უნიკალური შენობა - ნაგებობების გვერდში. მისი მოშორებით, ერთ დროს ენერგეტიკის სამინისტროს შენობის ადგილას კი თანამედროვე შენობა - აშკარად ამოვარდნილი ძველი ლანდშაფტიდან. ვინმემ ამოიღო ხმა? არც არავინ!
ვინმემ ამოიღო ხმა სააკაშვილის მიერ ძველ ქალაქში აშენებული უფუნქციო და შეუფერებელი ნაგებობების გამო? არც არავინ!
ზოგი მეტიჩარა იმასაც ამბობს, თავის დროზე, როდესაც პრეზიდენტმა მიტერანმა ახალი თანამედროვე ქალაქი „დეფანსი“ ააშენა პარიზელები უკმაყოფილები იყვნენ, მაგრამ დღეს, „დეფანსი“ ორგანულად არის შერწყმული ძველ პარიზთანო. გეთანხმებით, მაგრამ „დეფანსი“ მოშორებით აშენდა და არა მონმარტრზე, პიგალზე, პარიზის ცენტრში. გაშლილმა სივრცემ შთანთქა ის.
პლეხანოვის, რუსთაველის, სოლოლაკის, თბილისის ზღვის დაკარგვის შემთხვევაში დავკარგავთ თბილისის ისტორიას, მის სულს და ყოველივე იმას, რაც ამ ქალაქის თავისებურებას უკავშირდება, ყველას რომ იზიდავს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
04/05/2017

სტატიების არქივი