საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


რომელი ვექტორი სჯობს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

საქართველოს პარლამენტისთვის ბრძოლის დამახასიათებელ თვისებათა შორის, რაც არჩევნების მარათონის პროცესში გამოვლინდა, საგარეო პოლიტიკის ცალმხრივი, დასავლური ორიენტაციაა. ყველა პარტია, ვინც მონაწილეობას იღებს არჩევნებში, ხაზგასმით გაჰყვირის ევროატლანტიკურ ვექტორზე. ყველა ერთხმად ჰპირდება ქვეყანას ნატოში და ევროკავშირში მიღებას.
არჩევნებში მონაწილე თითო-ოროლა პარტია ნახევარხმაში აცხადებს ქვეყნის სხვა ორიენტაციას, მაგალითად ნეიტრალურს, თუმცა არც დასავლეთთან ურთიერთობას არ გამორიცხავს. ერთადერთი პარტიაა კომუნისტური, რომელიც სწორებას რუსეთზე აკეთებს, რასაც დანარჩენი პარტიები ცინიკურად, დაცინვით ხვდებიან, თითქოს რაღაც შეუძლებელს, წარმოუდგენელს, ჯერ არნახულს და არგაგონილს ჰქონდეს ადგილი.
არადა, ჩემი დაკვირვებით, კომუნისტების მიერ ამორჩეული გზა დაცინვას ნამდვილად არ იმსახურებს, უფრო მეტიც, ეს გზა არა ხვალინდელი, ზეგინდელია. მას საზოგადოების მხრიდან არსებული ვითარების სიღრმისეული გაანალიზება ესაჭიროება, რასაც შესაბამისი დრო დასჭირდება.
25-წლიანმა დასავლურმა პროპაგანდამ შეცვალა საზოგადოების მსოფმხედველობა და ისეთად აქცია, რასაც დასავლეთი მოითხოვდა მისგან - დამჯერი, ევროატლანტიკური ბრძანებების უყოყმანო შემსრულებელი, ისეთივე გულქვა, დაუნდობელი და დაუნახავი, როგორიც დასავლური პოლიტიკაა.
საქართველოს მოსახლეობა ხვდება, რომ გზა, რომელიც პოლიტიკოსებმა შესთავაზეს, ის არ არის, რასაც ისურვებდა, მაგრამ მან არ იცის, რა გზას დაადგეს. არცოდნის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის მთავარი, გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობაა. ყოველდღიური ომი ლუკმაპურის მოსაპოვებლად არ იძლევა სიღრმისეული დაფიქრების შანსს, რაც ერთის მხრივ კარგიც არის საზოგადოების გამოსაფხიზლებლად.
გამოფხიზლება გაცილებით ადრე მოხდებოდა, ჟურნალისტებს რომ არსებული ვითარება შესაბამისად გაეშუქებინათ, მინიმალური ყურადღება რომ სოციალური პრობლემებისთვის დაეთმოთ. ჟურნალისტიკამ, რომელიც თავს მეოთხე ხელისუფლებად ნათლავს, არ იცის, რა ხილია სოციალური პრობლემები; რა არის საჭირო მის გამოსამზეურებლად; როგორი უნდა იყოს კრიტიკა, თუ მას იმსახურებს ხელისუფლება, ბიზნესი თუ ნებისმიერი ორგანიზაცია.
არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია დასავლეთისკენ მიდის, გარდა კომუნისტებისა და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს ამ უკანასკნელთა გზა, უფრო პრაგმატულია იმ აბსტრაქტულთან შედარებით, რომელიც დანარჩენებმა ამოირჩიეს - უმთავრესად ერთმანეთის წაბაძვით და იმის შიშით, რომ მოწინააღმდეგეს პრორუსულობაში არ დაედანაშაულებინა.
რაც არ უნდა თქვას საქართველოს პოლიტიკამ და მედიამ თავისუფალი, დემოკრატიული ვარო, ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს, რაც არაერთხელ გამოსცადა თქვენმა მონამორჩილმა საკუთარ თავზე. თვითცენზურამ ჩაანაცვლა საბჭოთა პერიოდში არსებული ცენზურა. ასე იყო შევარდნაძის დროს, უფრო მკაცრად სააკაშვილის დროს, ასეა დღესაც - „დემოკრატიისა“ და „თავისუფალი“ სიტყვის ზეობისას.
დიდ იშვიათობას წარმოადგენს იმ ანალიტიკური მასალის გაზეთში გამოქვეყნება, სადაც ქვეყნის უგვირგვინო ბატონ-პატრონი ივანიშვილია გაკრიტიკებული. გაკრიტიკებული და არა გალანძღული. თუ ამას რომელიმე პოლიტიკოსი ან ექსპერტი ბედავს ელექტრონული მედიის პირდაპირ ეთერში, მას უმალ პირში უვარდებიან ბიძინასთვის თავდადებული ჟურნალისტები, ხოლო მეორე დღეს, ბიძინური გაზეთები ქოქოლას აყრიან შერისხულ, უკვე „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებულ ექსპერტს ან პოლიტიკოსს.
ცხადია, ასეთ ვითარებაში ზედმეტია სიტყვის თავისუფლებაზე, მითუმეტეს დემოკრატიაზე საუბარი, მითუმეტეს იმის განცხადება, რომ საქართველოს სხვადასხვა ხელისუფალთა მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზა უტოპიური და წამგებიანია, ვიდრე ის, რასაც კომუნისტები იჩემებენ.
ვიდრე შევეხებოდეთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, უპირველესად უნდა განვიხილოთ მარტივი საკითხი - არის თუ არა აღნიშნული სტრუქტურები (ნატო, ევროკავშირი) საქართველოს მიღებისთვის მზად. ჩემი პასუხი მარტივია - არა!
ნატო არ მიგვიღებს თავის რიგებში, ვინაიდან პრობლემები გვაქვს მეზობლებთან, უპირველესად რუსეთთან. საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ, ნატო ვალდებული იქნება ჩვენი პრობლემები გაითავისოს და მუდმივ კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთთან. ნატო ის ორგანიზაცია არ არის, რომელიც წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ საკითხებს აგვარებდეს.
ნატოში მიღების ფერმკრთალ შანსს იძლევა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. დღეს, აღიარების საკითხი უტოპიურად მიმაჩნია. დავუშვათ, ოფიციალურმა თბილისმა აღიარა ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა, საქართველოს უმალ მიიღებენ ნატოში? პასუხი მარტივია - არა. და რატომ? აღიარებას უნდა მოჰყვეს სახელმწიფო საზღვრების გავლება (დემარკაცია, დელიმიტაცია) ჩვენსა და მათს შორის, რაც დიდ დროს და შრომატევად პროცედურებს მოითხოვს.
აქვე, ცნობისთვის მოგახსენებთ - საქართველოს არც რუსეთთან, არც სომხეთთან და აზერბაიჯანთან არ აქვს გავლებული საზღვრები, რაც თავისთავად ხელშემშლელი ფაქტორია ნატოში შესვლის გზაზე. სხვა ნეგატიური საკითხების ჩამოთვლით მკითხველის ყურადღებას არ დავძაბავ.
გაცილებით რთულია ევროკავშირში შესვლა, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა არც ერთი პარამეტრით ახლოსაც ვერ მიდის ევროკავშირის ეკონომიკასთან. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ეკონომიკა კლანურ-ქურდულ პრინციპებზეა დაფუძნებული. ქვეყანაში არ არის ანტიმონოპოლიური სამსახური და ბიზნესი მოკლებულია ყოველგვარ კონტროლს, რაც ერთობ აუცილებელია საბაზრო ეკონომიკის გზაზე ახალშემდგარი ქვეყნისთვის.
ქართული ბიზნესი, თავისი მსოფმხედველობით და შეგნებით მტაცებელია. მისთვის უმთავრესია ფულის მოხვეჭა და თანაც ბევრის, თუნდაც ნებისმიერი გზით. ამ ბიზნესის უდიდესი ნაწილი უცხოეთში პროდუქტის, თანაც ვადაგასულის, დაბალ ფასებში შეძენა და სამშობლოში სამჯერ-ოთხჯერ მომატებულ ფასებში გაყიდვაა. მაგალითების მოყვანა უხვად შეიძლება - დავასახელებ საწვავს, მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს და ა.შ.
საქართველოში უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის ბიზნესი, რომელიც წარმოებას ეფუძნება. თუ არის, მასაც დიდი პრობლემები ექმნება „კოლეგა“ იმპორტიორი ბიზნესის მხრიდან. გახსოვთ ალბათ ავსტრიელი მეწარმის შირნჰოფერის სავალალო თავგადასავალი. ეს, ის მეწარმე იყო, ვინც ძეხვეულის, ხორცის, სხვა ხორცპროდუქტების საწარმოების გახსნას გვპირდებოდა, თან ქართველ ფერმერთა დასაქმებას. მისი გათვლით, საქართველოში 1 კგ ხორცის ფასი 5 ლარს არ ასცდებოდა. შირნჰოფერის გეგმა მარტო საქართველოს არ მოიცავდა. მას თავისი პროდუქციის გასაღების ბაზრად მეზობელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ბაზარი მიაჩნდა. არ მოიწონეს ქართველმა იმპორტიორებმა შირნჰოფერის პროექტი და ისეთ დღეში ჩააგდეს, ლამის ავსტრიაშიც კი ხელი ააღებინეს ბიზნესისგან.
ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ უცხოელი ბიზნესმენი, მეზობელი ქვეყნების, განსაკუთრებით რუსეთის ბაზრის ათვისებას შეძლებს. დღევანდელობა კი უდავოდ ნეგატიურ სურათს უსახავს ნებისმიერ ბიზნესმენს ამ კუთხით, ვინაიდან საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ვითარება ისეთია, უარესს რომ ვერ ინატრებდა კაცი. ვიდრე რუსეთთან არ დათბება ურთიერთობა, დიდი ინვესტიციების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. არც ერთი პოლიტიკური პარტია აღნიშნულს სერიოზულად არ აღიქვამს, გარდა კომუნისტებისა.
დავუშვათ, შეგვიყვანეს ევროკავშირში, რას მივიღებთ ამით? პასუხი მარტივია - იმას, რაც მიიღეს ბალტიისპირა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, სხვებმა. ამ ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო პოტენციალი - საბჭოეთის არსებობის დროს ერთობ მაღალი, გაქრა. ევროკავშირში შესვლამ გამოიწვია ამ ორივე დარგის სრული დეგრადაცია და უმუშევრობა. ეს ქვეყნები დაიცალა მოსახლეობისგან. უმუშევრად დარჩენილი მილიონობით ბალტიისპირელი, ბულგარელი თუ რუმინელი, ევროკავშირის შეძლებულ ქვეყნებს მიაწყდა, რამაც მასპინძლებში გარკვეული უკმაყოფილება შექმნა.
თავისუფალი ევროპული ბაზარი, რასაც ევროპა ჰპირდება საქართველოს - უტოპიაა, ვინაიდან საქართველოს, გარდა ღვინისა და მინერალური წყლებისა არაფერი აქვს საექსპორტო. არის თუ არა შესაძლებელი ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც გავა ევროპულ ბაზარზე და გაუძლებს იქაურ კონკურენციას? ცხადია არის, მაგრამ ამას საკმაო დრო და სახსრები სჭირდება. ქართულმა ბიზნესმა არ იცის რა ესაჭიროება ევროპას. მას არც სარეკლამო ფული აქვს. რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციას, მას კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი ესაჭიროება და გასაღების ბაზარი. ქართული ბაზარი მოსახლეობის სიმცირიდან და დაბალი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ იქნება საკმარისი. ერთადერთი რაც მას დააინტერესებს რუსეთის ბაზარზე გასვლაა. საქართველოს უცხოური ინვესტიციისთვის აქვს თავისი ხიბლი - იაფფასიანი მუშახელი, მაგრამ მას სწავლა დასჭირდება, რაც ფულთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას, სრული შესაძლებელია ევროპულმა პროდუქციამ დაიპყროს ქართული ბაზარი და უკვე შინ შეუქმნას ქართულ პროდუქციას პრობლემები, მათ შორის ღვინოსა და მინერალურ წყლებსაც კი.
კომუნისტებმა კარგად იციან ზემომოყვანილი საკითხების თაობაზე და იმიტომაც გვთავაზობენ ევრაზიულ კავშირს. ეს ის სივრცეა, სადაც ახსოვთ ქართული პროდუქცია, სადაც, ძველი სახელიდან გამომდინარე, მას მიიღებენ გაცილებით ნაკლები პრობლემებით, ვიდრე ევროკავშირი.
ევრაზიული სივრცე უდავოდ პერსპექტიულია, ვინაიდან ის მოიცავს არა მარტო რუსეთს, ბელორუსს, სომხეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, არამედ ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა ჩინეთი, პაკისტანი, ინდოეთი, პერსპექტივაში ირანი. არის თუ არა ესოდენ უკიდგანო გასაღების ბაზარი საკმარისი ქართული პროდუქციისთვის? ცხადია არის. უფრო მეტიც - მარტო რუსეთის ბაზრის დაკმაყოფილებისთვის მოუწევს საქართველოს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა.
და კიდევ ერთი რამ, რაც უდავოდ გასათვალისწინებელია ყველა იმათ მიერ, ვინც ევროატლანტიკური სივრცისკენ იყურება. მენტალური პრობლემები და დასავლეთთან თავსებადობის საკითხები. ევროპელსა და ქართველს შორის გარეგნული განსხვავება თითქმის არ არსებობს. ფასადურად ჩვენც ისე გამოვიყურებით, როგორც ისინი, მაგრამ გარეგნული იერსახე არ არის მთავარი. მთავარი მენტალიტეტია. მიუხედავად 25-წლიანი დაახლოებისა, საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტი განსხვავებულია ევროატლანტიკურისგან, რაც ჩემის აზრით კარგია, მაგრამ მათი აზრით - ცუდი. სწორედ ამ „ცუდის“ გამოსწორების მიზნით, უფრო სწორად გადაგვარების, ბევრს აკეთებს დასავლეთი - აქ შექმნილი საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით.
დასავლეთს არაფრად მიაჩნია ადგილობრივი კულტურა, ისტორია, ადათ-წესები. მისი სურვილია იყო ისეთი, როგორიც მას უნდა ანუ სააკაშვილი, ბოკერია, თევზაძე, ხოშტარია, რამიშვილი, სხვები და სხვები. მას უნდა, რომ ქართველმა თქვას ის, რაც თევზაძემ ბრძანა - ინგლისური მშობლიური ენა უნდა იყოსო. მას უნდა, რომ შენ ყველაფერში მას ბაძავდე, აღმერთებდე, მის დავალებებს უყოყმანოდ ასრულებდე, მოგწონდეს და მხარს უჭერდე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, გიყვარდეს ყოველივე ამერიკული და ა.შ.
ნაწილობრივ მისი სურვილები შეასრულეს ზემომოყვანილმა პირებმა და სხვებმაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის ძირფესვიანი გადაგვარებისთვის. დიახ! დღეს, თითქმის ყველა პარტია გაიძახის ევროატლანტიკურ სივრცეს, ვინაიდან მათ უკვე გადალახეს ის მორალური ბარიერი, შუბლის ძარღვის გაწყვეტა რომ ჰქვია. მათთვის ისეთივე მისაღებია დასავლური ქცევა, როგორც დასავლელისთვის, თორემ ვინმეს მაინც გაუჩნდებოდა საწინააღმდეგო მოსაზრება იმ ქმედებიდან გამომდინარე, რასაც აშშ-ი და მისი ევროპელი სატელიტები სჩადიან.
გავიხსენოთ სააკაშვილის ჟამი და ის პროვოკაციული აქტები, რომლებსაც მაშინდელი ხელისუფლება სჩადიოდა და შემდეგ რუსეთს აბრალებდა. მაშინ, ჩვენ გვეგონა, რომ ეს თაღლითობა ამერიკელებმა არ იცოდნენ. ვერაფრით წარმოვიდგენდით, რომ „იდეები“ ვაშინგტონიდან მოდიოდა. ჩვენ ყოველივე ასეთი მაშინ გავიგეთ, როდესაც ანალოგიური, უკრაინაში გამეორდა.
ჩამოაგდებ სამოქალაქო თვითმფრინავს და რუსეთს დააბრალებ. გადაატრიალებ ლეგიტიმურ ხელისუფლებას და იტყვი - ხალხმა გადაატრიალაო. სირიაში დაბომბავ ჰუმანიტარულ ტვირთს და რუსეთ-სირიას დააბრალებ - ყოველგვარი ლოგიკის და ფაქტების გარეშე. იმასაც არ მიიღებ მხედველობაში, რომ გაეროს 71-ე სესიის დაწყების წინ მაინც რატომ დაბომბავდა ჰუმანიტარულ ავტოკოლონას რუსული ავიაცია? იმისთვის ხომ არა, რომ მაზოხისტია და მსოფლიოს ლანძღვა სიამოვნებს?
დასავლეთის პროპაგანდის მიხედვით, რუსი ჰაკერები ტეხენ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საიტს და იქაურ საიდუმლოებას აცნობენ მთელს მსოფლიოს; რუსი ჰაკერები ტეხენ მსოფლიო დოპინგის ორგანიზაციის საიტს და ყველას სამსჯავროზე გამოაქვთ „ვადას“ (WADA) თანხმობა ცნობილი სპორტსმენებისთვის დოპინგის მიღების თაობაზე, მაშინ, როდესაც WADA-მ ვითომ დოპინგის მიღებისთვის (ყოველგვარი ფაქტების გარეშე) პარაოლიმპიური თამაშებიდან მოხსნა რუსეთის ოლიმპიური ნაკრები. როდესაც ერთი ლიდერი ქვეყანა, მეორეს (რუსეთს) საკუთარ დანაშაულს აჰკიდებს და თან PR-ით გაამაგრებს, რას გიზამს შენ?
აშშ-სთვის საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა პარტნიორი და არა რეალობაში, რაც კარგად უნდა იცოდეს ქართულმა პოლიტიკამ. ამერიკა, პრეზიდენტის პირით აცხადებს, რომ ის არის გამორჩეული ქვეყანა, ყველა დანარჩენზე მაღლა მდგომი. ის, ყველა ქვეყნისგან მოითხოვს მორჩილებას და იმის აღიარებას, რომ ის განსაკუთრებულია. ასეთი, არასდროს გაიზიარებს შენს პრობლემებს. ასეთი, მუდამ გაგაკეთებინებს იმას, რაც მას სურს, შემდეგ დაღეჭილ საღეჭ რეზინისავით გადმოგაფურთხებს. ასეთთან ჩახუტება სახიფათოა, რაც კარგად იციან კომუნისტებმა, ამიტომაც მოგვიწოდებენ ისინი სხვა მიმართულებით მზერას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
24/09/2016

სტატიების არქივი