საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ვიზალიბერალიზაცია - „ისტორიული“ აქტია?

Viza

საქართველოს ხელისუფლება ზეიმობს - არანაკლებ, მასზე მიტმასნილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ესაოდა ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება მოგვცეს და მალე ევროკავშირის წევრადაც მიგვიღებენო.
ხარობს საპარლამენტო უმრავლესობა. ხარობს „ნაცური“ ოპოზიცია. ორივენი დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, ვის უნდა უმადლოდეს საქართველოს მოსახლეობა ამ საშური საქმის წარმატებით დასრულებაში. სახელდახელოდ გამართულ ბრიფინგზე „ნაცმა“ „სპოუკსმენმა“ ხაზგასმით განაცხადა, რომ მათ დაიწყეს ამ საკითხზე ლაპარაკი ევროკავშირთან და ეს 2006 წელს მოხდა. მისი თქმით, მაშინ არც არვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს „ვიზალიბერალიზაციას“ არგუნებდნენ. „დღესაც არვინ დაიჯერებს, რომ საქართველოს ევროკავშირში მიიღებენ, მაგრამ ეს უდავოდ მოხდება“, - თქვა მან.
თქვენს პირს შაქარი, პატრიოტო „ნაცებო“, მაგრამ იქნებ აგვიხსნათ, როდის ექნება ამას ადგილი? თვით ევროკავშირში შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ არათუ ახალი წევრებით ამ კავშირის „გამდიდრებაა“ მოსალოდნელი, არამედ პირიქით. დიდი ბრიტანეთის მაგალითი არის ამის მიმანიშნებელი.
ორგანიზაციას, რომელსაც მისი წევრები დიქტატურაში ადანაშაულებენ და მისი სტრუქტურის გადახედვას მოითხოვენ, მთლად დალაგებულად არ უნდა ჰქონდეს საქმე. როდესაც ევროპარლამენტის წევრები საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, სხვა ქვეყნებიდან დაუფარავად აცხადებენ, რომ ევროკავშირი თუ საფუძვლიანად არ გადაკეთდება, ისინი დატოვებენ ამ ორგანიზაციას. როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი - ევროპარლამენტის წევრი, დაბეჯითებით აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის საფრანგეთს ევროკავშირიდან გამოიყვანს, ევროკავშირს მთლად დასამშვიდებლად არ უნდა ჰქონდეს საქმე.
და ბოლოს, არცთუ უმნიშვნელო რამ - აშშ-ს პრეზიდენტის ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირთან და მისი ამ კავშირის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, რასაც ბრიუსელელთა კრიტიკა ახლავს თან. უდავოდ უპრეცედენტო მოვლენასთან გვაქვს საქმე - აშშ-ს „გოშია“ ევროკავშირი აუგად მოიხსენიებს საკუთარ პატრონს, რომლის გარეშე ა.წ. 20 იანვრამდე (აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაცია) სიტყვასაც არ ძრავდა. ძვირად დაუჯდება ევროკავშირს ტრამპის გინება.
აშშ-ი უძლიერესი ქვეყანაა - ფინანსურად, ეკონომიკურად, სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით, რაც მხედველობიდან გამორჩა ბრიუსელელ ტუსკს. ტრამპის პოზიცით შეწუხებული ევროკავშირელი მოხელეები, შიშის თვალით უყურებენ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ქმედებას. განსაკუთრებით აფიქრებთ ტრამპის ნათქვამი - ყველასთან ცალკე ურთიერთობა ანუ არა კავშირთან, რაღაც კოლექტიურ ორგანოსთან, არამედ მის წევრებთან - იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და ა.შ.
ცხადზე უცხადესია, რომ ტრამპს ევროკავშირთან არავითარი „თავისუფალი ბაზარი“ არ ექნება. და კიდევ ერთი რამ - ჩვენზე ადრე ვიზალიბერალიზაციით „გაბედნიერებული“, ჩვენსავით ევროკავშირთან ასოცირებული მოლდოვას პრეზიდენტის დოდონის განცხადება - საპარლამენტო არჩევნებში მისი მომხრე სოციალისტების, გამარჯვების შემთხვევაში, მოლდოვა უარს იტყვის ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე.
დოდონი პრაგმატული პოლიტიკოსია, ხოლო მისი ნათქვამი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საყურადღებო. „ორ წელზე მეტია გვაქვს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ მას ქვეყნისთვის არაფერი მოუტანია“, - თქვა მან. მე კი ჩემის მხრიდან დავამატებ, რომ ეს საკითხი უდავოდ არ არის ის, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა რომ „ისტორიულად“ მონათლოს.
„დღეს, მართლაც დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის“.
რა შედეგებზეა ლაპარაკი ძნელი გასაგებია. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი - მაშინ, როდესაც „ვიზალიბერალიზაცია“ამოქმედდება.
საქართველოს რადიოების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ჩანს, რომ მოსახლეობამ არ იცის რაზეა ლაპარაკი. მას ჰგონია, რომ ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს ევროპაში უპრობლემო შესვლა-გადაადგილებას, ისე, როგორც თბილისიდან, მცხეთაში. რესპონდენტთა საკმაო ნაწილი აცხადებს, რომ ევროპაში კი არა, გლდანიდან ვაკეში ვერ გადაადგილებულან უსახსრობის გამო და ევროპაში როგორ წავლენ, რაშიც ვეთანხმები.
ვინ ისარგებლებს ამ შეღავათით? ყველა ის, ვინც აქამდე სარგებლობდა - მრავალჯერადი, მრავალწლიანი ვიზის მიღების შემთხვევაში. ეს, ის კატეგორიაა, ფულიც რომ აქვს და შესაბამისი გავლენაც; გარდა ამისა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები, რომელთა ხელფასი საარაკოა, უბრალო მომაკვდავებთან (მოსახლეობის 90%) შედარებით.
მშიერი კაცის ევროპაში მოგზაურობა ისეთივე დაუჯერებელი რამ არის, როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრება. მაშ, რა ახარებს ხელისუფლებას - ის ხომ არა, თავისი მოსახლეობა სამშობლოში ვერ დაასაქმა და ევროპაში უპირებს დასაქმებას?
ამას ცხადია ხელისუფლება ხმამაღლა ვერ იტყვის, ვინაიდან კატეგორიულად შეეწინააღმდეგება „ვიზალიბერალიზაციის“ მოთხოვნებს. ხელისუფლებამ რაღაც გააკეთა და ალბათ ამით ხარობს. არის სხვა ვარაუდებიც, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება არ უნდა ზეიმობდეს, მაგრამ ის ზეიმობს - აყრის რა მტვერს ხალხს თვალში - ნახეთ, რაოდენ დიდი საქმე გაგიკეთეთ, ქართველებოო - აცხადებს ის და ერთი წუთითაც არ ფიქრობს ევროკავშირის „ხელგაშლილობაზე“, რომელმაც არა მარტო „ვიზალიბერალიზაცია“ გვარგუნა, არამედ ასოცირებული წევრობაც.
ნუთუ ხელისუფლებას მართლა ჰგონია, რომ ევროკავშირის დავალებების შესრულების გამო მივიღეთ ასოცირება და უვიზო მიმოსვლა? როგორც ჩანს, არათუ ჰგონია, დარწმუნებულიცაა აღნიშნულის ჭეშმარიტებაში და ერთი წუთითაც არ ფიქრობს იმ მზაკვრული გეგმის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა აღმოსავლეთ ევროპულმა (პოლონეთი), სკანდინავიურმა ქვეყანამ (შვედეთი) და სხვებმა შეიმუშავეს რუსეთის გავლენის სფეროდან უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, ბელარუსის გამოსაყვანად. ბელარუსთან არ გაუვიდათ - ლუკაშენკოს მტკიცე პოზიციის გამო, მაგრამ დანარჩენ სამთან გაუვიდათ, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ასოცირების ხელშკრულებაზე ხელის მოწერაზე. მან კარგად იცოდა, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა დააქცევდა უკრაინას.
იანუკოვიჩმა ბრიუსელს სთხოვა ხელმოწერამდე სამთა - უკრაინა, რუსეთი, ევროკავშირის მოლაპარაკების გამართვა, მაგრამ ევროკავშირის მაშინდელი შეფი ჟოზე ბაროზუ იყო შეუვალი - ან რუსეთი, ან ევროკავშირიო - მიახალა იანუკოვიჩს. იანუკოვიჩმა ხელმოწერისგან თავი შეიკავა, რაც ძვირი დაუჯდა. სახლში დაბრუნებულს აშშ-ევროკავშირის მიერ აგორებული „მაიდანი“ დახვდა, რასაც მისი ხელისუფლების მოძალადური დამხობა მოჰყვა.
უკრაინის მაგალითი უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ ასოცირება და პლიუს „ვიზალიბერალიზაცია“ ანტირუსული პოლიტიკის ნაყოფია და არა ევროკავშირის ფართო ჟესტი ქართველთა კარგად ყოფნისთვის გადადგმული. ევროპასთან უკრაინის ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში დღესაც გრძელდება. აშშ-ს ყოფილმა ადმინისტრაციამ და ევროკავშირმა გაითამაშეს რუსეთის საწინააღმდეგო კარტი, რაც „მუდამ ცხელ“ უკრაინას გულისხმობდა.
საბჭოთა კავშირის ყველაზე მოწინავე რესპუბლიკა, შემდეგ დამოუკიდებელი უკრაინა, ობამასა და მისი ადმინისტრაციის ფინანსურ-პოლიტიკური მხარდაჭერით, „ყავისფრად“ შეიღება. ფაშისტური იდეების მატარებელი ულტრა ნაცები მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათთან ერთად ქურდი ოლიგარქები. ისინი რუსეთის მოსისხლე მტრებად იქცნენ, რითაც პირნათლად შეასრულეს აშშ-ს ყოფილი ადმინისტრაციის დავალება.
დღეს, სხვა ვითარებაა. აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის განცხადებიდან გამომდინარე, ეს ქვეყანა აღარ ჩაერევა სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში; აღარ მოაწყობს ე.წ. ფერად-ფერად რევოლუციებს. მაგრამ რა ეშველება ასოცირებულ, დაქცეულ, ტერიტორიებდაკარგულ უკრაინას?
ასე, რომ „ასოცირებული“ წყალობა, გაღებული ევროკავშირის მიერ, სულაც არ იყო წყალობა. ის ანტირუსული დიდი გეგმის ნაწილი იყო, რომელიც უკვე მოძველდა. არ ყოფილიყო დასავლეთისთვის „მტერი“ რუსეთი და არც ასოცირებული წევრობა იქნებოდა და არც უვიზო მიმოსვლა.
რაც შეეხება თვით „ვიზალიბერალიზაციას“ - ის უდავოდ საჭიროებს სისტემატურ განმარტებას, ვინაიდან ხალხს ჰგონია, რომ აიღებს ბიომეტრიულ პასპორტს და გაემგზავრება ევროპაში, სადაც დაიწყებს მუშაობას, სწავლას და ა.შ. რაც შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეს, უამრავ საბუთთან ერთად, რომელიც საზღვარზე ექნება წარსადგენი, უნდა ესმოდეს, რომ 90 დღის შემდეგ თუ არ დატოვებს ქვეყანას, სადაც იმყოფება, დეპორტაციას გაუკეთებენ. ის, იქ ოფიციალურად ვერ დასაქმდება.
ევროპის ქვეყნების ღირსშესანიშნაობების მონახულების მსურველი არის საქართველოში, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტაა. გაცილებით მეტია ისინი, ვინც (ვითომ დროებით) სამუდამოდ აპირებს ქვეყნის დატოვებას. მათ მუშაობა უნდათ, საკუთარი თავისა და ოჯახის გამოსაკვებად. ეს კატეგორია, დიდის გაჭირვებით და ფულით ახერხებდა ევროპის რომელიმე ქვეყნის ტურისტული ვიზის მიღებას, რის შემდეგაც არალეგალურად რჩებოდა იქ. აი, სწორედ ამ კატეგორიის ხალხისთვის არის „ვიზალიბერალიზაცია“. ისინი, ნაცვლად 90 დღისა, ევროპაში სამუდამოდ დარჩებიან, როგორც არალეგალური მუშახელი.
უვიზო მიმოსვლამ არა მარტო მოლდოვას არ შესძინა არაფერი, არამედ გააუარესა მისი მდგომარეობა, ისე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ისე, როგორც ბულგარეთ-რუმინეთის. რა გაუარესებას აქვს ადგილი? - იკითხავს მავანი. პასუხად შეიძლება ითქვას - სახელმწიფოებრიობის გაუარესებას. სახელმწიფო, იქ მცხოვრები ადგილობრივი (აბორიგენი) მოსახლეობის რაოდენობაცაა. მცირემოსახლიანი ქვეყნები არცთუ კომფორტულად გრძნობენ თავს, მიუხედავად ზოგიერთის აწყობილი ცხოვრებისა და ისურვებდნენ უფრო მეტ მოსახლეს.
ზემომოყვანილმა ქვეყნებმა თავისუფალი, უვიზო მიმოსვლით მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაკარგეს. დაკარგული ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებშია გაბნეული და როგორც გამოკითხვები გვაუწყებენ, არ აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. და ამას ადგილი აქვს ევროკავშირის ისეთ წევრ ქვეყნებში, როგორებიც ზემოჩამოთვლილი ქვეყნებია.
იქ, როგორც გუშინ, ისე დღეს გაცილებით უკეთესი ეკონომიკურ-სოციალური პირობები იყო და არის, ვიდრე საქართველოში. სწორედ ცუდი ეკონომიკურ-სოციალური ვითარების გამო მიატოვა საქართველო მილიონზე მეტმა ადამიანმა. მათი უმეტესობა მეზობელ რუსეთში ცხოვრობს, დანარჩენი - ევროპა-ამერიკაში. არც ისინი აპირებენ სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნებას. ბევრმა მათგანმა იქ ოჯახი შექმნა, იშოვა სამსახური, მოქალაქეობაც მიიღო, ფაქტიურად იქაური გახდა. და ეს ყველაფერი მკაცრი სავიზო რეჟიმის პირობებში მოახერხა.
„ვიზალიბერალიზაცია“ ძალაუნებურად უბიძგებს საქართველოში დარჩენილ ხალხს ევროპას მიაშუროს - უკეთესი აწმყოსა და მომავლისთვის, რაც საბოლოო ჯამში მცირერიცხოვანი საქართველოსთვის მძიმედ დასრულდება.
ქვეყნის ხელისუფლებას აქვს თუ არა ბერკეტი იმისა, რომ ამ პროცესს გაუწიოს წინააღმდეგობა?! პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არ აქვს! მან არ იცის, როგორ მოიქცეს. მან არ იცის „ვიზალიბერალიზაციით“ როგორ წყალს უყენებს ქვეყნის არსებობას. ცხადია, ამას ხვალ არ ექნება ადგილი, მაგრამ ზეგ რომ ექნება - უდავოა. დიახ! ხელისუფლება ვერც საზღვრებს ჩაკეტავს და ვერც ხალხს აუკრძალავს უცხოეთში გამგზავრებას, მაგრამ მას ხომ შეუძლია ღრმა ანალიზი გაუკეთოს ამ პროცესს და შედეგიდან გამომდინარე იფიქროს?
როგორც ჩანს არ შეუძლია, რაც განვლილი 25 წლის განმავლობაში დამტკიცდა კიდევაც. ხელისუფლებას თავი მარტო ქუდის დასახურად არ უნდა ჰქონდეს, თავს სხვა ფუნქცია აქვს, ანუ თავში არსებულ ტვინს - და ეს უმთავრესი ფუნქცია ფიქრი და განსჯა, სწორი დასკვნის გამოტანაა. დღესდღეობით ხელისუფალთა თავები მხოლოდ ქუდისთვის გამოიყენება და სხვა არაფრისთვის, თორემ უვიზო მიმოსვლას (უფრო სწორად გამგზავრებას) ისტორიულად არ ჩათვლიდა. არცთუ დიდი დრო დასჭირდება იმის დანახვას, თუ რამდენად „ისტორიული“ გამოდგება ევროკავშირის გადაწყვეტილება ისედაც მცირემოსახლიანი საქართველოსთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
05/02/2017

სტატიების არქივი