დააჩოქებს რუსეთს სანქციები?

hamlet chipashvili-politologi

აშშ-ა გაბედა და სანქციები დაუწესა რუსეთს, თანაც სანქციები ეტაპებად დაჰყო და ნებისმიერი ახლის ამოქმედების მთავარ გენერატორად კრემლის პოლიტიკა დაასახელა. გამწვავდება უკრაინასთან მიმართებაში საკითხები და ვაშინგტონი ახალ სანქციებს გამოიგონებს, თან დააჯერებს ევროკავშირს ანალოგიურის მიღებაში.
ეს უკანასკნელიც, საკუთარ დამოუკიდებელ პოლიტიკას მოკლებული, მორჩილი მონის როლში, უყოყმანოდ მიიღებს და შეასრულებს ამერიკელი მოკავშირის ნებისმიერ მოთხოვნას. პრობლემები შეექმნება უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს და ამერიკა-ევროპა რუსეთს დასჯის - ახალი სანქციებით.
სიტყვა „გაბედა“ იმიტომ ვახსენე, რომ სუპერსახელმწიფოს მიმართ, მეორე სუპერის მიერ სანქციების დაწესება უნიკალური შემთხვევაა მსოფლიო ისტორიაში, რაც თავისთავად მეტყველებს აგონიაზე, რასაც ადგილი აქვს ვაშინგტონში.
ზოგი მიიჩნევს, რომ ამერიკა-ევროპის მიერ შემოღებული სანქციები ყურებზე ხახვსაც ვერ აჭრის რუსეთს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით. ყველაზე რბილი სანქციებიც კი მოქმედებს სანქცირებულ ქვეყანაზე. აუარესებს მის საინვესტიციო კლიმატს, უარყოფით იმიჯს უქმნის საერთაშორისო არენაზე, იწვევს საერთაშორისო საზოგადოების სიფრთხილეს სანქცირებულთან ურთიერთობაში, აიძულებს ქვეყანას უფრო ფრთხილად მოეკიდოს სანქცირებულთან ურთიერთობას, იმის შიშით, რამე არ აწყენინოს სანქციების შემომღებს, ამ შემთხვევაში აშშ-ს.
სანქციების დამწესებელი აშშ-ი მართლაც დიდოსტატია სანქციების შემოღებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა ის სანქციებით სჯის საზოგადოების განვითარების განსხვავებული კურსის მიმდევარ კუბას. კომუნისტური კუბა აითვალწუნა აშშ-ა და ნორმალური განვითარების ყველა გზა გადაუჭრა. წამით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა კუბა, აშშ-ს რომ არ შემოეღო მის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები?
აშშ-ა აიძულა სხვა ქვეყნები და განსაკუთრებით ბიზნესი, კუბასთან ეკონომიკური კავშირების არ ქონაზე. მიუხედავად ესოდენი მძლავრი შეტევისა, კუბამ გაძლო და განავითარა საკუთარი ეკონომიკა. არც კუბელები დაიხოცნენ უჭმელ-უსმელნი. მაგრამ გაცილებით უკეთესი პირობები იქნებოდა იქ, აშშ-სა და მისი დაძალებით სხვა ქვეყნებს, ნორმალური კავშირები რომ ჰქონოდათ მასთან.
ავიღოთ ირანი, სადაც ამერიკელთა მიერ დაწესებული სანქციები ძალაშია. აკვიატებულმა ბირთვულმა პროგრამამ გადააწყვეტინა ვაშინგტონს სანქციების შემოღება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თუმცა ძაღლის თავი სხვაგანაა ჩამარხული, ანუ ირანის მისწრაფებაში - იყოს რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. ირანის ლიდერობა არ აწყობს ვაშინგტონს, ვინაიდან ეწინააღმდეგება მის გეოპოლიტიკას რეგიონში და არა მარტო მის, არამედ მოკავშირე ქვეყნების - საუდის არაბეთისა და ისრაელის.
ირანის ბირთვული კვლევები და ბირთვული იარაღი რომ ერთმანეთთან შეუთავსებელი რამ არის, კარგად იციან ვაშინგტონში, მაგრამ ამით ვითარება ირანის მიმართ არ მსუბუქდება. ირანის სახით, ვაშინგტონს გამოგონილი აქვს ბუა, როგორც შინ, ისე გარეთ დასაშინებლად.
ეკონომიკურმა სანქციებმა იმოქმედა ირანზე, გააუარესა რა მოსახლერობის სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მან ვერ მოახერხა ირანელთა ამხედრება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ და რაც მთავარია აიათოლების რეჟიმის დამხობა.
სანქციებმა, პირიქით, შეაკავშირა ირანი და მისი ბრძოლა ნომერ პირველი მტრის აშშ-ს წინააღმდეგ. სულ ახლახანს დასრულდა მორიგი მოლაპარაკება ირან- „ექვსეულს“ (გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) შორის ვენაში. საგრძნობი შედეგები ჯერ არ ჩანს, თუმცა საკითხი მეტად რთულია და მოთმინებას მოითხოვს. წესისდა მიხედვით, მოლაპარაკება ივნისის ბოლოს უნდა დასრულდეს. წარმატების შემთხვევაში, ირანს მოეხსნება რიგი სანქციებისა, რაც პოზიტიურად იმოქმედებს მისი ეკონომიკის განვითარებაზე.
წააქცია თუ არა ეკონომიკურმა სანქციებმა ირანი? ცხადია, ვერა, მაგრამ უსანქციო ირანი თითით საჩვენებელი ქვეყანა იქნებოდა რეგიონში. სანქციებმა აიძულეს ირანი შეექმნა „თავისი“, საკუთარი ძალებითა და მუყაითი შრომით. ირანმა შეძლო, რითაც ყველას დაუმტკიცა, რომ მასთან თითის ქნევა უშედეგოდ დასრულდება.
და, აი, ისევ ახალი სანქციები, ამჯერად რუსეთის წინააღმდეგ. როგორც ვხედავთ, სანქციების საკითხი აღმასვლით მიდის. ჯერ იყოდა სუსტი, პატარა ქვეყნები, შემდეგ საშუალო სიძლიერის და ბოლოს სუპერსახელმწიფოობის ტიტულთან მოთამაშე რუსეთი. ეს ქვეყანა პირველია იმ დიდ ქვეყნებს შორის, ვინც, ამერიკელთა წყალობით, სანქციებით „დაჯილდოვდა“. რას გამოიწვევს ყოველივე ეს? განადგურდება რუსეთი ეკონომიკური თვალსაზრისით? დაიჩოქებს ის აშშ-ს წინაშე, როგორც ეს ვაშინგტონს სურს? ბოდიშს მოუხდის უკრაინის გამო და ახალ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, ანუ მეორეხარისხოვანი ქვეყნის სახით?
ცხადია არა. რუსეთის პრეზიდენტისა და ხელისუფლების რეაქციიდან გამომდინარე, ის არ აპირებს ამერიკის მიერ შექმნილ ვითარებასთან შეგუებას, პირიქით, მზადაა იბრძოლოს საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის. რუსეთი მზადაა კიდევ უფრო გააღრმაოს ურთიერთობები სამხრეთით - ირანის, ინდოეთთან, ე.წ. „ბრიქსის“ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან.
ირანთან დაკავშირებით განიხილება ენერგეტიკული შეთანხმება, რომლის მოცულობამ შეიძლება გადააჭარბოს 10 მილიარდ დოლარს. ამ და სხვა თემაზე გაიმართა აზრთა გაზიარება რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ნოვაკის ირანში ვიზიტის დროს. რუსეთის მინისტრს მოლაპარაკება ჰქონდა არა მარტო თავის ირანელ კოლეგასთან, არამედ პრეზიდენტ როუჰანისთან.
მაინც რაზე იყო საუბარი? ნავთობის მიღების სანაცვლოდ რუსეთი ირანში ააშენებს თბო- და ჰიდროელექტროსადგურებს, გაიყვანს ელექტროენერგიის მიწოდების ქსელს, მიაწვდის ირანს 500 მეგავატ ელექტროენერგიას, რაც მთლიანობაში მოიცავს 8-10 მილიარდი დოლარის სამუშაოებს.
მხარეებმა განიხილეს აგრეთვე მცირე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის, რკინიგზის ელექტრიფიკაციის, მანქანათმშენებლობაში თანამშრომლობის, რელსების შესყიდვის საკითხები. და ყოველივე ნავთობის მიღების ფასად. რუსეთი სამხრეთ ირანიდან, კასპიის ზღვის გავლით, მიიღებს დღე-ღამეში 500 ათას ბარელ ნავთობს. ირანი კი - ბარტერით, მიიღებს ხორბალს, სხვადასხვა სახის საქონელს, მათ შორის ტექნიკურ მოწყობილობებს. მთლიანად გარიგების მოცულობა 20 მილიარდი დოლარისა იქნება.
ვაშინგტონს სერიოზულად აშფოთებს რუსეთ-ირანის კავშირების გაფართოება, ვინაიდან მის მიერ სანქცირებული 2 ქვეყანა თავს აღწევს ეკონომიკურ მოგუდვას.
ირანთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყოველთვის ხასიათდებოდა გარკვეული თავისებურებებით, რომელთა შორის აღსანიშნავია 2006 წელი, როდესაც დაწესდა პირველი ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ. მაშინ რუსეთმა, აშშ-ს პოზიცია გაიზიარა და მხარი დაუჭირა სანქციებს.
ძნელად თუ წარმოიდგენდა რუსეთი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, თვით, ის აღმოჩნდებოდა ამერიკული სანქციების ტყვეობაში. რუსეთ-ირანის სავაჭრო მოცულობა წლიურად 5 მილიარდ დოლარს შეადგენს და თუ ახალი კონტრაქტი ამოქმედდა ეს რიცხვი ოთხჯერ გაიზრდება, რაც აშშ-ვის მიუღებელია.
მეორე მიმართულებას ჩინეთი შეადგენს. ეკონომიკურმა სანქციებმა გაააქტიურა რუსეთის მზერა ჩინეთისკენ. ამას თავისთავად ხელი შეუწყო ჩინეთის პოზიციამ უკრაინასთან მიმართებაში. ჩინეთს არ გაუკრიტიკებია რუსეთი, ისე, როგორც ეს გააკეთეს სხვა ქვეყნებმა. რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაში არა მარტო უკრაინის ამბებიდან არის გამომდინარე, არამედ იმ პოლიტიკიდან, რომელიც მან შეიმუშავა გაცილებით ადრე, ვიდრე უკრაინის მოვლენებს ექნებოდა ადგილი, მაგრამ არც ისე ადრე, როგორც საჭირო იყო.
აღმოსავლეთი, კერძოდ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია - ევრაზიაში განლაგებული, კარგა ხანია უნდა ყოფილიყო ჭარბი ყურადღების ზონა. ვლადივოსტოკში გამართული აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების სამიტამდე ოფიციალური მოსკოვის განცხადებამ - გეოგრაფიულად და ისტორიულად რუსეთი აზია-წყნარი ოკეანის განუყოფელი ნაწილია, თავისებური სტიმული მისცა აღმოსავლური პოლიტიკური ვექტორის განვითარებას. ამ ჭრილში ჩინეთთან დაახლოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
რუსეთ-ჩინეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების განმავლობაში მრავალ ქარტეხილს ჰქონდა ადგილი. ჩვენი თაობის ხალხს კარგად ახსოვს დამანსკის პრობლემა და აქედან გამომდინარე ორი კომუნისტური გიგანტის დაპირისპირება. მანამდე კი იყო იდეოლოგიური განსხვავება ჩინეთ-საბჭოთა კავშირის მიდგომებს შორის, ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა სტალინი და მისი პიროვნების კულტი.
პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მაო ძედუნი და ჩინელი პარტიელი ლიდერები არ იზიარებდნენ საბჭოთა კომუნისტების, განსაკუთრებით ხრუშჩოვის მოსაზრებას სტალინთან დაკავშირებით. სტალინი დღესაც დაფასებულია ჩინეთში, ისე, როგორც ჩინეთის კომპარტიის ყოფილი ლიდერები, მათ შორის მაო ძედუნი.
დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქვეყნისთვის დამახასიათებელია წასული ლიდერებისადმი პატივისცემა. ჩინეთის ახალ ხელისუფლებას, იმას, ვინც მაო ძედუნის მმართველობა ჩაანაცვლა, წუთითაც არ უფიქრია მაო ძედუნის განქიქება, მისი სახელის ტალახით მოსვრა, შეურაცხყოფა, ისეთი, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს საბჭოთა კავშირში, რუსეთში უდიდესი რუსული იმპერიის შემქმნელის იოსებ სტალინის მიმართ. არადა დენ სიაოპინი, მაო ძედუნის კულტურული რევოლუციის მსხვერპლი, მზად უნდა ყოფილიყო შურის საძიებლად.
ორი ქვეყნის ლიდერი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, თვლის, რომ 400-წლიანი ურთიერთობებიდან, ყველაზე ნორმალურად აღიქმება ორი ქვეყნის თანამედროვე ისტორიული პერიოდი. რა არის დამახასიათებელი ამ პოზიტიური ურთიერთობებისთვის? უპირველესად მშვიდობა საერთო საზღვარზე; საერთო განვითარებისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა; საერთაშორისო არენაზე ურთიერთობისთვის დახმარების გაწევა. 2001 წელს ხელი მოეწერა ფუნდამენტურ ხელშეკრულებას, კეთილმეზობლობასთან, მეგობრობასთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
2008 წელს მხარეებმა მოახერხეს საერთო საზღვრის დემარკაცია, რითაც მოხსნეს ორ ქვეყანას შორის საუკუნის განმავლობაში არსებული გამაღიზიანებელი ფაქტორი.
ურთიერთ ვაჭრობა 2001-2013 წლებში ცხრაჯერ გაიზარდა და 90 მილიარდ დოლარს მიაღწია. თითქმის ყველა დარგში მიმდინარეობს თანამშრომლობა. ასეთ ვითარებაში შეიძლება დავსვათ კითხვა, რა იქნება მომავალი 15 წლის განმავლობაში?
ამჯერად ჩინეთის მმართველია კომპარტიის მეხუთე თაობა, რომელიც 2020 წლების შუამდე იქნება ქვეყნის სათავეში. სწორედ ის, დაბეჯითებით აცხადებს რუსეთთან თანამშრომლობის კურსის განვითარებას. ჩინეთის ხელმძღვანელი სი ძინპინი არაერთხელ აღნიშნავდა რუსული კულტურისადმი, ლიტერატურისადმი ღრმა პატივისცემას. მან კარგად იცის პუშკინის, ჩერნიშევსკის, შოლოხოვის, ოსტროვსკის შემოქმედება. რაც შეეხება თანამედროვე პოლიტიკას, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე, ჩინეთის ხელმძღვანელობა დიდის სიფრთხილით ეკიდება, რაც არ არის გასაკვირი ტიბეტიდან, სინძიანიდან, ტაივანიდან გამომდინარე.
ოფიციალურ დონეზე ჩინეთმა დაიკავა თავშეკავებული პოზიცია და მხარი დაუჭირა საერთაშორისო სამართალს, მშვიდობიანი გზით საკითხის მოწესრიგებას. ამასთანავე უარი თქვა მოსკოვის გაკიცხებაზე. რაც შეეხება არაოფიციალურ დონეს, თუნდაც პრესაში გაისმა მოწოდება რუსეთისთვის მხარის დაჭერის თაობაზე და დასავლეთის პოზიციის დაგმობაზე.
მიუხედავად ზემოთაღნიშნული პოზიტიური მომენტებისა, როგორც რუსეთს, ისე ჩინეთს აქვს საკუთარი ინტერესები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, მაგალითად ცენტრალური აზია და იქ გავლენის სფეროები. დაუპირისპირდება თუ არა ორი პროექტი - „ევრაზიული კავშირი“ და „ახალი აბრეშუმის გზა“ ერთმანეთს?
ერთს ლიდერობს რუსეთი, მეორეს - ჩინეთი. ის, რომ ამ პროექტებს შორის ჯახი მოხდება, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მოლაპარაკება ხანგრძლივი და რთული იქნება, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ჩინეთისთვის გაზის მიწოდების საქმეში. წლების განმავლობაში ვერა და ვერ მოხერხდა რუსული გაზის ფასზე შეთანხმება. ამჯერად მიდის კონსულტაციები და როგორც ამბობენ შეთანხმებასაც მიაღწევენ ჩინეთში პუტინის ვიზიტის დროს. ეს ვიზიტი უკვე მიმდინარეობს
ჩინელი სპეციალისტების გათვლით, ეს ქვეყანა მომავალი 15 წლის განმავლობაში სამჯერ გაზრდის გაზის მოხმარებას. ჩინეთის გაზის მოთხოვნების 30%-ი იმპორტულ გაზზე მოდის. რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტით ძირითადად დასავლეთი მარაგდება. რუსეთის გაზის 70-75%-ი მიდის ევროპაში, ნავთობის - 70%-ი, მაშინ, როდესაც რუსული ნავთობის ექსპორტს ჩინეთში მხოლოდ 9%-ი უკავია, ხოლო გაზს - უაღრესად მცირე მოცულობა.
გარდა ეკონომიკური საკითხებისა პუტინი შეეცდება აუხსნას ჩინეთის ხელისუფლებას, რომ რუსეთი ვერ გაიზიარებს ჩინეთის დაახლოებას აშშ-ნ. ამ მხრივ მისი პოზიცია დაახლოებით ისეთი იქნება, როგორც აშშ-ს პრეზიდენტის ობამას.
იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, მალაზიასა და ფილიპინებზე ყოფნის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ჩინეთს, მაგალითი არ აიღოს პუტინისგან და, სამხედრო ძალის გამოყენებით, არ გადაჭრას აღნიშნულ ქვეყნებთან საკამათო ტერიტორიული საკითხები. ობამა შეპირდა ამ ქვეყნების ლიდერებს დახმარებას, თუ ჩინეთი გადადგამს მათ წინააღმდეგ სამხედრო ნაბიჯს. იმავდროულად მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს დასავლეთს რუსეთის შესაჩვენებლად.
ობამას გამოსვლებიდან ჩანს, რამდენად შეფიქრიანებულია ის ჩინეთ-რუსეთის დაახლოების პერსპექტივით. რაც შეეხება ჩინური აგრესიისგან აღნიშნული ქვეყნების დაცვას ამერიკის მხრიდან, ამ ეტაპზე არარეალურად გამოიყურება. ჩინეთი, მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, არ გადადგამს სამხედრო ნაბიჯს, თუნდაც ტაივანის შეერთების მიზნით.
ჩინეთმა იცის მოთმენა,. ჯერ-ჯერობით ის კმაყოფილია, თუნდაც იმ მოლაპარაკებით, რასაც ადგილი აქვს ჩინეთის კომპარტიას და ტაივანის მმართველ გომინდანის პარტიას შორის. ჩინეთი დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან, დამწიფებული ტაივანი ხეს მოწყდება და ჩინეთის ხელში აღმოჩნდება. მოთმინების პოლიტიკის მატარებლები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე მაო ძედუნის მომხრე მემარცხენეები, რომლებიც მარჯვენას უქებენ პუტინს ყირიმთან მიმართებაში.
დასავლელი ექსპერტების აზრით, პუტინის ვიზიტი ჩინეთში არის ამ ორ ქვეყანას შორის ახალი თანამშრომლობის დასაწყისი, გარდა ამისა აღმოსავლეთისკენ შებრუნება, ანუ დასავლური ვექტორის აღმოსავლეთზე შეცვლა. დასავლეთის სანქციებით გაღიზიანებული პუტინი, ზურგს აქცევს ევროპას და ჩინეთს ეხუტება.
ჩახუტებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ის, რომ ევროკავშირთან რუსეთს აღარ ექნება გულახდილი, მჭიდრო თანამშრომლობა, ცხადია. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები გაგრძელდება. ხუმრობა ხომ არ არის, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ტვირთბრუნვის ერთის ხელის მოსმით გაწყვეტა?
რუსეთი გააგრძელებს როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან ურთიერთობას და თუ საით გადაიხრება სასწორის ისარი, უფრო მეტად დასავლეთზეა დამოკიდებული, ვიდრე რუსეთზე. არ მოუნდება ევროკავშირს რუსეთთან ურთიერთობა, დიდი არაფერი დანაკარგი იქნება. ირანი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის ქვეყნები შეავსებენ დანაკარგს.
ზოგი ქართველი „პოლიტიკოსი“ სიხარულით მეასე ცაზეა, როდესაც ამერიკა-ევროპის ანტირუსულ განცხადებებს ისმენს. სანქციებზე ხომ სულ გადარეულები არიან, თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ - რუსეთი იოლად დასაჩოქებელი ქვეყანა არ არის და საერთოდ რატომ უნდა გვიხაროდეს ვიღაცის, ამ შემთხვევაში, რუსეთის დაჩოქება? ჩვენ ხომ აქედან ვერავითარ სარგებელს ვერ მივიღებთ? რაც შეეხება ნეგატიურ მომენტებს - უხვად იქნება, თანაც იმდენად უხვად, გავართმევთ თუ არა თავს, ძნელი სათქმელია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
19/05/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.