საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


დამოკიდებული თუ დამოუკიდებელი ქვეყანა?

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

პარლამენტის არჩევნებით გართულ მოსახლეობას აღარც უცხოეთი ახსოვს და აღარც იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. არადა, საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავიდან ბოლომდე უცხოეთზეა ჩამოკიდებული. ჩემი შეფასება ზოგს რბილად მოეჩვენება, ზოგს უხეშად და მოჭარბებულად, მაგრამ რა გაეწყობა სიმართლის თქმა, მითუმეტეს თვითკრიტიკულის აშკარა წინააღმდეგობას განიცდის, თანაც იმათგან, ვინც ყურადღებით უნდა ისმენდეს და შესაბამისი დასკვნები გამოჰქონდს.
საქართველოს არა მარტო იმ ევროატლანტიკურ სივრცეში მიიჩნევენ დამოკიდებულად საითკენაც ხელისუფლება მიგვაქანებს, არამედ ამიერკავკასიაშიც. მას შემდეგ, რაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, მათ შორის ჩვენმა, მოსკოვიდან დამოუკიდებლობა მიიღო, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა. ვისაც ახსოვს თბილისის ომი, კარგად ემახსოვრება საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის დეკემბრის განცხადება საბჭოეთის დაშლის თაობაზე. სწორედ იქიდან დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის ათვლა.
აქ, უდავოდ შემედავებიან - გაცილებით ადრეო, მაშინო, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე მოვაწერეთ ხელიო. კეთილი, მაგრამ როდესაც ეკონომიკურად, ფინანსურად, მენტალურად ათასი სიმით ხარ დაკავშირებული ცენტრთან; როდესაც შენს დამოუკიდებლობას არც არავინ აღიარებს - განცხადება იმისა, რომ დამოუკიდებელი ხარ - უფრო ფიქციაა, ვიდრე სინამდვილე.
გორბაჩოვის განცხადებას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება, მათ შორის ისეთი ქვეყნის მხრიდან, როგორიც აშშ-ია. ზოგს კარგად ემახსოვრება აშშ-ს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისის ომის დროს - პუჩისტები რომ შეტევაზე იყვნენ გადასული „მთავრობის სახლში“ გამაგრებული კანონიერი პრეზიდენტის და მისი მომხრეების წინააღმდეგ.
აშშ-ს მხრიდან, დამოუკიდებლობის აღიარებას, სხვა ქვეყნების ანალოგიური განცხადებაც მოჰყვა, მაგრამ ომში გართული დაპირისპირებული მხარეების და მოსახლეობისთვის მას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს მოსახლეობამ, ძმათამკვლელი სამოქალაქო დაპირისპირების გადამკიდემ, ჯეროვნად ვერ შეაფასა, გემო ვერ გაუგო საშვილიშვილო ამბავს, რისთვისაც მრავალი წლის განმავლობაში გულში ფარულად და ღიად იბრძოდა.
საქართველოს პრეზიდენტის გაძევებას, ქაოსს და მრავალ უბედურებას მოჰყვა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან სერიოზული შერკინება, სამოქალაქო ომი. არც ომის დამთავრების შემდეგ დადგომია საქართველოს მოსახლეობას მშვიდი ცხოვრების ჟამი. გაუსაძლისმა სოციალურმა ყოფამ, ყოველდღიურმა პრობლემებმა, უპურობამ, უშუქობამ, სიცივემ, შიმშილობამ, ყაჩაღობამ, ძარცვამ დამოუკიდებლობის მცნება უკანა პლანზე გადასწია. მოსახლეობამ გემო ვერ ჩაატანა დამოუკიდებლობას - მას ლუკმა-პურის პრობლემა ჰქონდა. ყოფილი ცენტრი თავისი პრობლემებით იყო დაკავებული. მას აღარაფერი ანაღვლებდა ყოფილ „პატარა ძმებთან“ მიმართებაში.
უპატრონოდ დარჩენილი ქვეყანა უკიდეგანო ოკეანეში მოფარფატე უკომპასო ნავს დაემსგავსა. დამოუკიდებლად არსებობას მიუჩვეველი იმჟამინდელი პოლიტიკოსებისთვის დამოუკიდებლობა ლამის კოშმარად იქცა.
ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან, საქართველო ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდა, თუმცა არც დანარჩენებს ჰქონდათ მშვიდი ცხოვრება. ასეთს - უმწეოს, უსუსურს, რომ სხვაზე, ძლიერზე და დაპურებულზე მიტმასნის სურვილი გასჩენოდა - გასაკვირი არ არის. მას ნაკლებად აღელვებდა სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. მას ყოფითი პრობლემები ჰქონდა, რაც არც თურქეთთან „ძმობის“ ხელშეკრულების სერიოზული გაანალიზების შესაძლებლობას იძლეოდა და არც აშშ-ნ, გერმანიასთან, სხვა ევროპულ ქვეყნებთან პარიტეტულ საფუძველზე კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას. თურქეთმა უმალ აუღო ალღო საქართველოს იმჟამინდელ დაბნეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას და საქართველო-თურქეთის ჩარჩო ხელშეკრულების პრეამბულაში ჩანაწერი გააჩინა, რომ მხარეები ანგარიშს გაუწევენ ყველა იმ ხელშეკრულებას, მათ შორის ყარსისაც, რომელიც იყო გაფორმებული ორ ქვეყანას შორის.
„დამოუკიდებლობის“ დასაწყისში გადადგმული ეს ნაბიჯი არაერთხელ შეახსენებს თავს საქართველოს მოსახლეობას ნეგატიურად, მაგრამ დაშვებულ შეცდომას აღარაფერი ეშველება, ისე, როგორც შემდგომში ჩადენილ დანაშაულის ტოლფას შეცდომებს - 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებას, სხვას. საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ, დასავლურ კანფეტებს მონატრებულმა, ვერაფერი გაუგო დასავლურ პოლიტიკას, მიმართულს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში. მათთვის მთავარი კანფეტი იყო და არა ნაბოძები დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ხელისუფლებისა და საზოგადოების ესოდენ ზედაპირული მიდგომა სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ცნებებისადმი, არც ნაკლები, არც მეტი იმითაც იყო გამოწვეული, რომ ისტორიის ბოლო მონაკვეთზე არც ერთ მათგანს ხანგრძლივად და სისხლისღვრით არ უბრძოლიათ დამოუკიდებლობისთვის.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მათ უბრძოლველად, საჩუქრად მიიღეს დამოუკიდებლობა. ნაჩუქარი კი არცთუ იშვიათად აუქციონზე ან საკომისიო მაღაზიაში იყიდება, დაახლოებით ისე, როგორც შევარდნაძის მიერ გერმანიის ვიცე-კანცლერის და საგარეო საქმეთა მინისტრის გენშერისთვის ნაჩუქარი თეთრი ნაბადი. რომ იტყვიან - ქარის მოტანილს, ქარი წაიღებსო, ისე დაემართა ჩვენს ხელისუფლებას, ხალხს და მოსკოვიდან ნაბოძები დამოუკიდებლობა დაუფიქრებლად გაცვალა ფოჩიან დასავლურ კანფეტებზე.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში (1995) აიღო საქართველოს ხელისუფლებამ მყარი დასავლური კურსი და იმ დღიდან მოყოლებული არც ერთი ამერიკულ-ევროპული „შემოთავაზება“ მიწაზე არ დაუშვია - სიამოვნებით ჰაერშივე იჭერდა და ჰაერშივე დადებითად პასუხობდა შემოთავაზებულ „ბედნიერებას“.
ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო - ისე მოიქცა დასავლეთი, თუმცა მისი ცალსახა დადანაშაულება უსამართლობა იქნება.
დიახ! დასავლეთი ისაა, ვინც ცდილობდა, ცდილობს და შეეცდება საკუთარი გავლენის გაფართოებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. დიახ! ის, სწორედ ისაა, ვინც შეეცდება ისეთად გაქციოს, როგორიც თვით არის. ის მზადაა თავს მოგახვიოს საკუთარი იდეები, გეგმები. დიახ! ის, ასეთია, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ჩვენც, მათ ადგილზე ისევე მოვიქცეოდით, როგორც ისინი იქცევიან.
ასედაამგვარად, ქართული საზოგადოება დასავლეთზე მეტად დასავლურად იქცა, განსაკუთრებით ახალგაზრდები. მათ მოსწონთ იქაური ცხოვრება და ამიტომაც სურთ შეუერთდნენ მას. თუ არ გამოსდით, ცდილობენ იქაური ქუდი დაახურონ აქაურობას. ზოგი სიამოვნებით ირგებს იქაურ ქუდს, ზოგი არა, მაგრამ ვინ უყურებს „არისტებს“? ასეთებს ან ძალით ახურავენ, ან ისე ლანძღავენ, როგორც ქვეყნის დამაქცევრებს.
25 წელიწადია, რაც ქვეყნის ორად გახლეჩილი მოსახლეობა უპირისპირდება ერთმანეთს და ამ ბრძოლაში სულაც ავიწყდებათ, რომ ერის მონაპოვარი - დამოუკიდებლობა იკარგება. როდესაც მეზობელი ქვეყნის პოლიტიკოსი იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ვერაფერს წყვეტს ვაშინგტონის გარეშე და ამიტომაც ვაშინგტონს ველაპარაკებითო - აშკარად მეტყველებს, თუ რაოდენ დამოკიდებულები ვართ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, რუსი კოლეგის წინადადებაზე (შეხვედრასთან დაკავშირებით) განაცხადებს, რომ ჩვენს პარტნიორებს მოველაპარაკებითო, უდავოდ მიგვანიშნებს საქართველოში არსებულ დამოუკიდებლობის ხარისხზე. ესოდენ დამოკიდებული პოლიტიკის წყალობით იძულებულები ვართ ქართველ ჯარისკაცებს თავი ვუკრათ ავღანეთში, ერაყში, აფრიკაში, ხოლო უკრაინაში - დაქირავებულ მებრძოლებს. ყველგან და ყველაფერში მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ პოლიტიკას, ნატოს, ევროკავშირს და ვლანძღოთ რუსეთი.
„ნატოში ჩვენი წევრობა დადებითად აისახება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. საქართველოს წარმატება ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე იქნება შთამბეჭდავი მაგალითი, რომ ჩვენს რეგიონში შესაძლებელია დემოკრატიული ტრანსფორმაცია და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებელი არჩევანის პატივისცემა“.
ეს სიტყვები საქართველოს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა ატლანტიკური საბჭოს სარედაქციო დირექტორის მოადგილესთან აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუს დროს, რითაც კიდევ ერთხელ გამოკვეთილად გაუსვა ხაზი საქართველოს იმ როლზე, რომელიც მას თავს მოახვია ვაშინგტონ-ბრიუსელმა - რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის განხორციელება ანუ მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის დასავლურ რელსებზე შეყენება.
მართალია, ჯერ-ჯერობით საქართველოს მცდელობა წარმატებებს ვერ აღწევს, მაგრამ კვირიკაშვილი იმედს არ კარგავს პერსპექტიული მომავლისთვის. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - ნატოში გაწევრებული საქართველო მურმანის ეკალივით იქნება ამოჩრილი მეზობელ ქვეყნებს - რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. დიდი სიხარულის გრძნობა არც ირანს ექნება. ასეთ გეოპოლიტიკურ გარემოში ცხოვრება არცთუ საამური იქნება იმათთვის (საქართველო), ვინც გადმომბერიებლის როლის შესრულებას შეეცდება.
„საქართველოს სახით აშშ-ს ჰყავს ერთგული მეგობარი, სტაბილური გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც მას აქვს საერთო ღირებულებები და გლობალური უსაფრთხოების პრინციპები. ...“, - აცხადებს კვირიკაშვილი.
რა საერთო ღირებულებებზე ან გლობალურ უსაფრთხოების პრინციპებზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც ჰეგემონიზმიდან გამომდინარე, ფეხქვეშ თელავს დემოკრატიისა და უსაფრთხოების პრინციპებს. ამ ორი მცნებიდან არც ერთს ჰქონია ადგილი იმ 8-წლიან პერიოდში, რომელსაც ობამას საპრეზიდენტო ვადა ეწოდება.
ნობელის პრემიის ლაურეატმა პრეზიდენტმა ყველაფერი იღონა მსოფლიო მშვიდობის დასაძაბად. მისი და მისი წინამორბედის შემოქმედებაა ომები ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში; ომი სირიაში; ომი უკრაინის აღმოსავლეთში და ბანდერიზმის აღორძინება უკრაინაში; ნავთობზე ფასების დაცემა და მსოფლიო ეკონომიკის დეგრადაცია, სხვა მრავალი „სიკეთე“, რაც დამახასიათებელი იყო განვლილი 8 წლისთვის. ობამას ჰეგემონისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია „დიდი ლტოლვილობის“ შექმნა, რამაც წალეკა ევროპა.
დიახ! ევროპა აშშ-ს მოკავშირეა, მაგრამ ამერიკელთა პროექტი როდი ითვალისწინებს ნამდვილ თანაბრობას. ევროპა რამდენიმე საფეხურით ქვევით უნდა იყოს. ევროკავშირის ეკონომიკური პოტენციალი, მოსახლეობის სიდიდე (500 მილიონი) აშშ-ს არ აძლევს დამშვიდების შესაძლებლობას.
დიახ! ევროკავშირი აშშ-ს მოკავშირეა, მაგრამ არის თუ არა ვაშინგტონისთვის ხელსაყრელი ესოდენ ძლიერი მოკავშირის ყოლა? აშშ-ს არ სჭირდება მასზე აღმატებული მოკავშირე, ვინაიდან მაშინ ის უნდა იქცეს ევროკავშირის მოკავშირედ.
აშშ-ს არც რუსეთთან პარიტეტული ურთიერთობა აწყობს თუნდაც ერთ კონკრეტულ საკითხში, როგორიც სირიაა. ამიტომაც არის მზად დაარღვიოს მოსკოვთან ხელმოწერილი შეთანხმება და ყოველივე, რუსეთის მცდარ პოლიტიკას მიაწეროს.
მოსკოვ-ვაშინგტონს შორის გაფორმებულმა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ მხოლოდ 7 დღე იარსება. ამ ხნის განმავლობაში აშშ-ს რუსეთისთვის უნდა გადაეცა სირიაში მებრძოლი ტერორისტული ორგანიზაციების სია, რათა მათზე, და არა შედარებით ზომიერ ისლამისტებზე, განხორციელებულიყო შეტევა. ვაშინგტონმა არ შეასრულა ხელშეკრულების მოთხოვნა, რითაც ხელი შეუწყო სამშვიდობო პაუზის გახანგრძლივობას, რამაც ტერორისტებს ახალი ძალებითა და იარაღით აღჭურვის შანსი გაუჩინა. ისინი გადავიდნენ შეტევაზე დაკარგულის დაბრუნების მიზნით.
რა გზა აირჩია აშშ-ა? რუსეთის დადანაშაულების გზა - ისე, როგორც ყოველთვის. ოფიციალური ვაშიმგტონი რუსეთს არა მარტო სირიის საკითხში ადანაშაულებს, არამედ უკრაინის საკითხშიც და ამერიკის პრეზიდენტობისთვის კლინტონ-ტრამპის ბრძოლაშიც.
რუსეთის თემა არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში, როგორიც დღეს არის. ამერიკის პოლიტელიტა ტრამპს პუტინის აგენტად მოიხსენიებს და ისეთ ქოქოლას აყრის მას, თითქოს ტრამპი არა ამერიკელი, არამედ რუსი პოლიტიკოსი იყოს. აშშ-ს ისტორიას არ ახსოვს პრეზიდენტობის კანდიდატზე ისეთი ბინძური თავდასხმა, რასაც ადგილი აქვს ტრამპთან მიმართებაში. ამერიკის პოლიტელიტას საკუთარი ვერ აუტანია და ვინმეს სხვას, გარეშეს აიტანს?
ის გადაუვლის ყველას - შინაურს და გარეულს, სტრატეგიულ თუ ჩვეულებრივ მოკავშირეს, თუკი ისინი ირიბად, სხვაგვარად ანუ კრიტიკულად შეხედავენ მას. ევროატლანტიკურ სივრცეს, განსაკუთრებით მის მთავარ მამოძრავებელ ძალას აშშ-ს არაფრად ადარდებთ სხვისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. მას საქმით დამოკიდებული, ოღონდ სიტყვით დამოუკიდებელი პარტნიორი აწყობს - მორჩილი, დამჯერი, დავალებების უყოყმანო შემსრულებელი, ისეთი, როგორიც საქართველოა. ასეთობა საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკასაც აწყობს, ვინაიდან პოლიტიკაში ხანგრძლივად ყოფნის შანსს იძლევა. ქვეყანას რა? ქვეყანას - „დამოკიდებულება“ ანუ ე.წ. დამოუკიდებლობა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
30/09/2016

სტატიების არქივი