„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

hamlet chipashvili-politologi

ერთი წლის შემდეგ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ისტორიას ჩაბარდება პრეზიდენტ ობამას მმართველობის პერიოდი, მაგრამ მას ხშირად გაიხსენებენ, როგორც პოლიტიკოსს, რომელმაც, მიუხედავად რესპუბლიკური კონგრესის მხრიდან განუწყვეტელი კრიტიკისა, შეძლო მთელი რიგი საკითხების ისე მოგვარება, როგორც ამას აშშ-ს პოლიტიკა მოითხოვდა.
ბევრს, როგორც შიგნით, ისე აშშ-ს ფარგლებს გარეთ მიაჩნია, რომ ბარაკ ობამა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი სუსტი პრეზიდენტია, გაცილებით სუსტი, ვიდრე წინამორბედი ჯორჯ ბუშ უმცროსი; რომ მან ძირითად, საკვანძო საკითხებში თავისი ყოყმანით პოზიციები დათმო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სასარგებლოდ, რითაც აშშ-ს - მსოფლიოს უცილობელი ლიდერის პოზიციებს ზიანი მიაყენა.
ამერიკელი ექსპერტების მიხედვით, ობამამ ვერაფერი მოუხერხა ისეთ ცხელ წერტილს, როგორიც ახლო აღმოსავლეთია - ისრაელ-პალესტინის მრავალწლიანი დაპირისპირებით დაწყებული, სირიის ომით დამთავრებული. ახლო აღმოსავლეთის გახსენებისას ექსპერტთა დიდი ნაწილი ობამას სიტყვას იხსენებს - წარმოთქმულს ქაიროს უნივერსიტეტში, რასაც ადგილი ჰქონდა ობამას პრეზიდენტობის გარაჟრაჟზე.
მაშინ პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის საკითხების მოგვარების ისეთი მოსაზრება გააჟღერა, რომ სკეპტიკოსებსაც პოზიტიურად შეახედა პრობლემის გადაჭრის პრეზიდენტისეული ხედვისთვის. არ გამოვიდა. და არ გამოვიდა უპირველესად იმიტომ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ არ გაიზიარა ობამას მოსაზრება.
ჩავარდნები იყო და არის ერაყ-ავღანეთის მიმართულებით. ორივეგან მაღალია დაძაბულობა. ორივეგან იღვრება სისხლი არა მარტო ადგილობრივების, არამედ ამერიკელების და მასთან ერთად კოალიციაში შემავალი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების.
ბარაკ ობამა ის პრეზიდენტია, რომელმაც, პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე მიიღო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატობა. ავანსად გაცემულ პრემიას ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა შორსმიმავალი გეგმა - ახლადარჩეული პრეზიდენტის პაციფისტურ ჩარჩოებში მოქცევა.
ძნელია იმის მტკიცება, რამდენად შეაკავა ისედაც ნაკლებად „ქორული“ განწყობის ობამა, ისეთივე „ქორული“ გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორითაც მისი წინამორბედი ბუში გამოირჩეოდა, მაგრამ ის, რომ პრეზიდენტ ობამას სახმელეთო ძალები არ გამოუყენებია მსოფლიოს ამათუიმ კუთხეში, ფაქტია. პირიქით, თანახმად საინაუგურაციო სიტყვისა, მან ჯარი გამოიყვანა ერაყიდან. მკვეთრად შეამცირა სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში. არ შეიჭრა ლიბიაში და არც ამ ქვეყნის დაბომბვებში მიიღო მონაწილეობა.
ის, სამხედრო ოპერაციის დირიჟორობას დასჯერდა. ოპერაციაში კი ნატოს წევრი ქვეყნები და სპარსეთის ყურის რეაქციული მონქიები ჩართო.
ობამა არც სირია-ერაყში აპირებს ქვეითების გაგზავნას „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების წინააღმდეგ საომრად. საჰაერო თავდასხმებსაც უგერგილოდ აწარმოებს, მის მიერ მხოლოდ ქაღალდზე შექმნილ კოალიციასთან ერთად.
ერთი სიტყვით, მან გაამართლა ნობელის პრემიის ლაურეატობა და ის დაპირება, რომელიც ინაუგურაციის დროს გააჟღერა.
პრეზიდენტ ობამას ორი საპრეზიდენტო ვადა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ პირველში, ის პაციფისტად, ნაკლებ რეაქციულად წარმოაჩენდა თავს, მეორეში - ერთობ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. წინ კიდევ დარჩენილი ერთი წელიწადია და არვინ იცის, საით გადაიხრება აშშ-ს პრეზიდენტი.
პირველი ოთხი წლის განმავლობაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა კონსტრუქციულად წარიმართა და მას „გადატვირთვა“ ეწოდა. ობამას ოთხწლიან მმართველობის დაწყებას რუსეთში ახალი პრეზიდენტის მედვედევის არჩევა დაემთხვა. დაახლოებით ერთი ასაკის პრეზიდენტების მსოფმხედველობა არათუ დაუპირისპირდა, არამედ დაუახლოვდა ერთმანეთს, რამაც გზა გაუხსნა შეზღუდულ, მაგრამ მაინც, კავშირების დამყარებას, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას. ვაშინგტონ-მოსკოვის ე.წ. პარტნიორობაზე ნაკლები გავლენა იქონია ცხინვალის ომის შედეგებმაც.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ გაითვალისწინა „თეთრი სახლის“ რეკომენდაცია, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაშინგტონს არავითარი სურვილი არ ჰქონდა ყოფილი პრეზიდენტი პუტინი ისევ კრემლში ეხილა, რაც დააფიქსირა კიდევაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის მოსკოვში ვიზიტის დროს.
ბაიდენის პირდაპირმა, რომ იტყვიან ნაჯახისებურმა დიპლომატიამ, ნეგატიური შედეგი გამოიღო. მედვედევთან შეხვედრის დროს მან დაუფარავად განაცხადა, რომ „თეთრი სახლი“ მხარს დაუჭერს მას და მხოლოდ მას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში და მოუწოდა მედვედევს მონაწილეობის მიღება. დაახლოებით იმავე შინაარსის მოსაზრება გაუზიარა მან პრემიერ-მინისტრ პუტინს - აშშ-ი არ მიესალმება მის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც ჩანს, ვაშინგტონს აწყობდა რბილ, დამყოლ, ლიბერალ მედვედევთან ურთიერთობა, ვიდრე ჯიუტ „დერჟავნიკთან“ - პუტინთან. იქედან მოყოლებული, დღემდე ნარჩუნდება “გრილი“ ურთიერთობები, რომლებიც ხშირად გადადის ე.წ. „წითელ ხაზებს“ და კონფრონტაციული რიტორიკის საგანი ხდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში რა არ გაისმა ვაშინგტონის „თეთრი სახლიდან“ რუსეთის მისამართით - აგრესიული სახელმწიფო; რეგიონული ქვეყანა სუსტი ეკონომიკით; საფრთხე, რომელიც აჭარბებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსას, არადემოკრატიული ქვეყან, რომელიც სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს და ა.შ.
ვაშინგტონმა, რუსეთი, მსოფლიო ჭირის თვალსაზრისით, ერთ სიბრტყეში დააყენა ებოლას ეპიდემიასა და „ისლამურ სახელმწიფოსთან“. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის გრადუსმა „ცივი ომის“ პერიოდის დაძაბულიბა შეგვახსენა და ისეთი შთაბეჭდილება შეგვიქმნა, უარესს რომ არ ინატრებს კაცი.
ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები რახანია გასცდა ორი ქვეყნის საზღვრებს და მსოფლიო პრობლემად იქცა, რამეთუ გლობალიზირებულ სამყაროში შეუძლებელია ორი გიგანტის ისეთ ჩარჩოებში მოქცევა, სხვას რომ არ შეეხოს. დედამიწაზე არსებული დიდი თუ პატარა ქვეყნები, ათასობით ხილული თუ უხილავი სიმებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. საკმარისია თუნდაც ერთის გაწყვეტა, რომ მან არ იმოქმედოს მეორეზე. სწორედ ამას აქვს ადგილი აშშ-ს მიერ, რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციების პირობებში. ცხადია, იმავე გლობალიზაციის წყალობით აშშ-ა ვერც ისეთი ზარალი აგემა რუსეთს, მაგრამ არც არაფერი დააკლო. მან შეძლო მოკავშირე ქვეყნების მობილიზება, რომლებმაც, ვაშინგტონის კარნახით, საკუთარი სანქციები დაუწესეს რუსეთს.
ერთი წელი დარჩა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე. ერთი წლის შემდეგ აშშ-ი და მსოფლიო ახალ პრეზიდენტს იხილავს, რომელიც შეეცდება საკუთარი პოზიციის, პოლიტიკის, მსოფმხედველობის გავრცელებას არა მარტო აშშ-ი, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში. შეეცდება იმის შეგონებას, რომ აშშ-ი განსხვავებული ქვეყანაა, ყველასგან გამორჩეული, უძლიერესი და უდემოკრატიულესი.
ამერიკული პრიორიტეტულობის თაობაზე არაერთხელ გვსმენია პრეზიდენტ ობამას ბაგეთაგან. იმედია დარჩენილ ერთ წელიწადშიც არაერთხელ მოვისმენთ. მოვისმენთ იმასაც, რომ ობამა სუსტი პრეზიდენტია და ასეთად შევა ისტორიაში, თუმცა სინამდვილე სხვას მეტყველებს.
ობამა არის პრეზიდენტი, რომელმაც აშშ-ს „უნიკალურობას“ ბევრი შესძინა. მის ჰეგემონიზმს მისცა ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იმოქმედებს აშშ-ს სასარგებლოდ. ცხადია, ბევრი მათგანი მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობის, იგივე დემოკრატიის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, მაგრამ ჰეგემონიზმის მიმდევრებს ეს ნაკლებად ანაღვლებთ. მთავარია მსოფლიო ერთპიროვნული ბატონობა, თუ რა გზით და რა ხერხით, განა ანგარიშგასაწევია?! მთავარია, შედეგი და ეს შედეგი მიღწეულია ე.წ. სუსტი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მმართველობის დროს. ამ შედეგს „მართვადი ქაოსი“ ჰქვია, ზოგი მას „Soft power“-საც (რბილ ძალასაც) უწოდებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტები ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებდნენ, თუმცა არც ერთი მათგანი იმ პოლიტიკური ჩარჩოებიდან არ გამოსულა, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას დაემუქრებოდა. ყველა მათგანი მიჰყვებოდა იმ ჟამისთვის შესაფერის პოლიტიკას, ხშირ შემთხვევაში სარისკო გეგმას, რომელიც განამტკიცებდა ქვეყნის ერთმართველობას მსოფლიოში.
თუ ობამას წინამორბედი ბუში, საზღვარგარეთ სამხედრო ჩარევის მოტრფიალე იყო, თვით ობამა ქვეშ-ქვეშურ პოლიტიკას ახორციელებდა და ახორციელებს. მიზანი მისი არის აშშ-ს საზღვრებიდან შორს, თუნდაც მოკავშირეთა ტერიტორიაზე ისეთი ვითარების შექმნა, თავსატკივარი რომ იქნება მათთვის - წამალი კი მხოლოდ აშშ-ს ექნება.
რა შექმნა ბარაკ ობამამ? ბარაკ ობამას ავღანეთში შეჭრა არ უბრძანებია. ინტერვენცია გაცილებით ადრე მოხდა - ობამას „თეთრ სახლში“ შესვლამდე, მაგრამ ობამამ წარმატებით გაართვა თავი წინამორბედის მიერ დაწყებულ საქმეს და დროებისთვის შესაფერის კონდიციამდე აიყვანა ანუ შექმნა ე.წ. მართვადი ქაოსი არა მარტო ავღანეთის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვის.
რა გადაწყვიტა 14 წლის წინათ ბონის სიახლოვეს ჩატარებულმა ნატოს კონფერენციამ და რა მიზნები დაისახა მან? - ნარკობიზნესთან ბრძოლა, ავღანეთის სასამართლო სისტემის რეფორმირება, ბანდფორმირებების განიარაღება, დემობილიზაცია და სოციალური ადაპტაცია, ავღანეთის ახალი არმიისა და პოლიციის ჩამოყალიბება. ერთი სიტყვით, ავღანური სამოთხის შექმნა.
შედეგი? - მძიმე. პირიქით, ავღანელთა ცხოვრება გაუარესდა. ამერიკა-ნატოს ჯარებმა ვერც ერთი დანაპირები ვერ შეასრულა. მდგომარეობა იქ გაცილებით მძიმეა, ვიდრე 7 წლის წინათ. მარტო ა.წ. პირველ ექვს თვეში 1600 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა. ავღანეთის კრიმინალური სტრუქტურების შემოსავალმა ნარკოტიკების წარმოება-გასაღების თვალსაზრისით 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ტრასნაციონალური სტრუქტურების შემოსავალმა - 100 მილიარდს. ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთი წლიურად 6,5 ათას ტონა ნარკოტიკს აწარმოებს, რომელიც მთელს მსოფლიოს ეფინება, მათ შორის რუსეთს.
ავღანეთიდან არა მარტო ნარკოტიკები გაედინება, არამედ ავღანელებიც. გასულ წელს თუ 58000 ავღანელი მიაწყდა ევროპას, წელს 77000, რითაც უდიდესი თავსატკივარი შეიქმნა აშშ-ს მოკავშირე ევროკავშირის ქვეყნებში.
ავღანურ ლტოლვილობას სხვაც დაემატა, განსაკუთრებით სირიული, ჩრდილო აფრიკული, უკრაინული. ყველა მათგანში ჩანს ვაშინგტონის მარჯვე ხელი - ქაოსის შესაქმნელად მიმართული. აღნიშნულ ქვეყნებში შექმნილი პრობლემების ნაწილი ობამას ადმინისტრაციამ შთამომავლობით მიიღო, მაგრამ ერთობ დიდი ნაწილი თვით შექმნა, მაგალითად ლიბია, სირია, უკრაინა გამოდგება.
ობამას ადმინისტრაციის უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა ლიბიის ხელმძღვანელის კადაფის წინააღმდეგ აგრესია, რომელსაც მოჰყვა კადაფის სასტიკი წამებით დასჯა.
ობამას ადმინისტრაციის მეცადინეობით განხორციელდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინააღმდეგ მსოფლიო ტერორიზმის აღზევება და მისი დამასკოზე მისევა; „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტებისთვის სასათბურე პირობების შექმნა; რუსეთის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ძალების აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამრავლება, ევროკავშირთან სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უკრაინის, მოლდოვას, საქართველოს ასოცირება; უკრაინაში ე.წ. რევოლუციის მომზადება-გამხორციელება და ფაშისტურ-ბანდერული ხელისუფლების ჩამოყალიბება, რასაც დონბასში ომი მოჰყვა.
ობამას ადმინისტრაციის პირობებში ხორციელდება ე.წ. სტრატეგიული რკალი რუსეთის წინააღმდეგ - ბალტიის ზღვიდან დაწყებული, შავი ზღვით დამთავრებული. ობამას ადმინისტრაციის მუშაობის შედეგად განხორციელდა სავაჭრო-ეკონომიკურ-ენერგეტიკული მოკავშირეების რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება და ერთმანეთზე ისე გადაკიდება, ლამის იარაღით შეასკდნენ ერთმანეთს.
ობამას ადმინისტრაციის ძალისხმევით დაუპირისპირდა ერთმანეთს ევროკავშირი და რუსეთი. ურთერთის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები ანგრევს ორივეს და არა აშშ-ს. ობამას პერიოდში ადგილი აქვს ევროკავშირის, სხვა მოკავშირე ქვეყნების ისეთ ზომბირებას, რომ ვერც ერთი მათგანი ხმის ამოღებას ვერ ბედავს ვაშინგტონის უგონო პროექტებთან დაკავშირებით. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყანა, ფაქტიურად სუვერენიტეტდაკარგული და დაკოდილი, მორჩილად ასრულებს ამერიკელთა ნებისმიერ დავალებას. მსგავსი იშვიათად ახსოვს მსოფლიო ისტორიას. ამას არ ჰქვია დემოკრატია, აზრის გამოთქმის თავისუფლება, მაგრამ ეს დემოკრატ აშშ-ს არაფრად მიაჩნია.
ობამას ადმინისტრაციის მეცადინეობით ისე დაუპირისპირდა ორი მოძმე ხალხი რუსი და უკრაინელი ერთმანეთს, რომ მრავალი წელიწადი არ ეყოფა მათ შერიგებას. აშშ-ს ძალისხმებით ნეიტრალურმა ფინეთმა ლამის ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს - ნატოში შესვლის თვალსაზრისით, მოსკოვს რომ გაანაწყენებს.
ობამას აშშ-ი მსოფლიო ეკონომიკური ვითარების გამწვავებაზეც წავიდა. შემოიღო რა ნავთობის წარმოების გრანდიოზული პროგრამა, რითაც გამოიწვია ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირება. ამ პროგრამამ ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა რიგი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა. მზაკვრული პროექტი თვით აშშ-საც შეეხო, მაგრამ მეტადრე მეტოქე რუსეთს. არანაკლებ საზიანო იქნება ამერიკა-ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მის მიხედვით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ისედაც მონად ქცეული ევროკავშირი, ეკონომიკური თვალსაზრისითაც აშშ-ს მიებმება, რაც საბოლოოდ დაუსვამს წერტილს ე.წ. ევროკავშირულ დამოუკიდებლობას.
ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდების დიდოსტატი აშშ-ი ქმნის ქაოსს, თანაც ისეთს - მართული რომ ჰქვია. ობამას 7-წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველას შეექმნა პრობლემები, მაგრამ ნაკლები, მოშორებით მდებარე აშშ-ს. მისი ეკონომიკა გაცილებით უკეთესად გამოიყურება, ვიდრე 7 წლის წინათ. “თეთრმა სახლმა“ მეზობლებისკენაც გაიხედა - აღადგინა რა დიპლომატიური კავშირები კუბასთან. მისი ძალისხმევით ვენესუელაში გაიმარჯვეს ოპოზიციონერმა მემარჯვენეებმა, ისევე, როგორც არგენტინაში, რითაც დიდი დარტყმა იგემა რუსეთმა.
მიდის შეტევა ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის წინააღმდეგ და თუ მისი ხელისუფლება დაემხო, წყალი შეუდგება „ბრიკსს“ - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კავშირს - ვაშინგტონის მიერ მოწინააღმდეგე კავშირად აღქმულს.
მრავალი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლის საშუალებითაც აშშ-ა გაიმაგრეს პოზიციები მსოფლიოში.
ერთი წლის შემდეგ დასრულდება „სუსტი“ პრეზიდენტის 8-წლიანი მოღვაწეობა. მის მშობლიურ ჩიკაგოში გაიხსნება უკვე ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ჰუსეინ ობამას მემორიალური სახლი, რომელიც უდავოდ ასახავს მისი მოღვაწეობის ისტორიას - ისტორიას, რომელმაც მსოფლიოს შესძინა მოჭარბებული ქაოსი, მაგრამ აშშ-ს სიდიადე და ძლიერება და რაც მთავარია, დასუსტებული მეტოქეების ფონზე, ერთპიროვნული ლიდერობა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
15/12/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.