საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


თურქეთ-ევროკავშირის კინკლავი და საქართველო

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

თურქეთ-ევროკავშირს შორის დაძაბულობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ანკარა-ბრიუსელს ერთმანეთს შორის რომ კარგა ხანია ფარული ომი აქვთ გამოცხადებული არავის უკვირს, მაგრამ უკვირს ის, რასაც დღეს აქვს ადგილი - შარაზე გამოტანილი ლანძღვა-გინება. ინიციატორი ამ საქმისა, ერთის შეხედვით ანკარაა, მაგრამ ერთის შეხედვით, ვინაიდან ანკარა საჯაროდ აცხადებს იმას, რაც გულში აქვს. ასე იყო გუშინ და გუშინწინ. ანკარის გაღიზიანება გამოწვეულია ბრიუსელის ქვეშქვეშური პოლიტიკით, კულუარული, ანტითურქული გადაწყვეტილებებით, რომლებმაც მოთმინებიდან არა მარტო თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გამოიყვანა, არამედ თურქეთის მთავრობა, სრულიად თურქეთი.
ქვეშქვეშური პოლიტიკა ბრიუსელის ხელწერაა, რასაც სისტემატურად მიმართავს არა მარტო თურქეთის, არამედ რუსეთის, ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებიც მთელ რიგ საკითხებში (ენერგეტიკა, ანტირუსული სანქციები, ლტოლვილები) არ ეთანხმებიან ბრიუსელს, მაგალითად უნგრეთი.
თურქეთს ბევრი წყენა მიაყენა ბრიუსელმა, მათ შორის გამუდმებული დაპირებაა ამ ქვეყნის ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. ათეული წლებია ევროკავშირი ჰპირდება თურქეთს გაწევრებას, მაგრამ ბოლო მომენტში გადავადებას აცხადებს - ზოგიერთი საკითხის შეუსრულებლობის საბაბით. ბრიუსელი პერიოდულად, საშინაო დავალებებს აძლევს თურქეთს შესასრულებლად. როდესაც მუყაითი შრომით ეს ქვეყანა დავალებას ასრულებს, ბრიუსელელი მასწავლებელი ან იწუნებს შესრულებულ დავალებას, ან დამატებით ახალ დავალებას აძლევს მას. ეს პროცედურა ლამის ნახევარი საუკუნეა გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ევროკავშირში სხვა ქვეყნები შეიყვანეს, მათ შორის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც ვერასდროს იფიქრებდნენ ევროკავშირში შესვლას ან ასოცირებას, მაშინ, როდესაც თურქეთი გახდა ასოცირებული წევრი.
ევროკავშირის პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ რომ იტყვიან - დაჟეჟილს, გატეხილი სჯობსო - ერთხელ და სამუდამოდ სიმართლე უნდა თქვას მან, ისეთი, როგორიც თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ - თურქეთი ვერასდროს ეღირსება ევროკავშირის წევრობას.
ბრიუსელს აფიქრებს 80-მილიონიანი მაჰმადიანური თურქეთის თავის რიგებში მიღება, რაც გასაკვირი არ არის, ამიტომაც იგონებს თურქეთისთვის ახალ დავალებებს. ბრიუსელს არ სურს მოიშოროს თურქეთი. მისი მიზანია - ბრიუსელის ზღურბლთან მდგომი, მუდამ კარის გაღების მოლოდინში მყოფი თურქეთი და არა მოშორებული, სხვისკენ გადახრილი, მაგალითად რუსეთისკენ.
პატივმოყვარე ერდოღანისთვის ბრიუსელის პოლიტიკა მიუღებელია და ის აქტიურად ეძებს სხვა გზებს - სხვებთან ურთიერთობებს. ამ ძველ, უკვე ქრონიკულში გადასულ უკმაყოფილებას ემატება ანკარის მიერ დანიშნული რეფერენდუმი, რომელმაც ცვლილებები უნდა შეიტანოს კონსტიტუციაში - საპრეზიდენტო მმართველობის დაბრუნების სახით.
წინადადება, ქვეყნის პრეზიდენტის, ერდოღანისაა, რომლის მიზანია ძლიერი ერთმმართველობის ჩამოყალიბება. თურქეთის პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება არცთუ გულმხურვალედ ეთანხმება პრეზიდენტის სურვილს, რამაც შესაძლოა ნეგატიურად იმოქმედოს რეფერენდუმის შედეგზე. ერდოღანისთვის თითოეულ ხმას მნიშვნელობა აქვს. ის და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მთელ თურქეთს არიან მოდებული და მოსახლეობას მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში. თურქეთის მთავრობას არც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები გამორჩა მხედველობიდან. ამდენად იქ, სადაც მეტნაკლებად დიდი თურქული დიასპორაა, მინისტრები იქნენ მივლინებული - შესაბამისი მიტინგებისა და შეხვედრების გასამართავად.
გერმანია, საფრანგეთი, ჰოლანდია, ევროპის სხვა ქვეყნები ერდოღანის პროპაგანდის ცენტრში მოექცნენ, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად გერმანიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, თურქული დიასპორის მიერ გამართულ მიტინგში მონაწილეობის მისაღებად და სიტყვის წარმოსათქმელად თურქი მინისტრები არ შეუშვეს, რასაც მოჰყვა აღშფოთებული ერდოღანის გაწიწმატება და აღნიშნული ქვეყნების ხელმძღვანელების ლანძღვა-გინება, ფაშისტურ პოლიტიკაში დადანაშაულება და სხვა.
ევროკავშირის ხელმძღვანელობამ, ისე, როგორც გერმანიის, ჰოლანდიის, დაგმეს ერდოღანის ავსიტყვაობა და ნორმალური ლექსიკისკენ მოუწოდეს მას. ასედაამრიგად, ძველ ჭრილობას, ახალიც დაემატა, რამაც ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა.
ერდოღანის განაწყენების კიდევ ერთი საფუძველი, გასული წლის ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალებაა. მასში მონაწილე სამხედროების ნაწილი თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ნატო-აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზა ინჯირლიკზე მსახურობდნენ, რაც თავისთავად უჩენს ეჭვს, ისედაც ეჭვიან თურქეთის პრეზიდენტს, რომ ნატოსა და აშშ-სთვის ასე თუ ისე ცნობილი იყო ამ ანტისახელმწიფოებრივი გადატრიალების მზადება.
სწორედ აქედან გამომდინარე ანკარა-ვაშინგტონს შორის გარკვეული დაძაბულობა შეიქმნა, რასაც ემატება აშშ-ი მცხოვრები თურქი ფეთჰულა გიულენის თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნა. ოფიციალური ანკარა თვლის, რომ ჩაშლილი გადატრიალების მოთავე ის იყო, რასაც არ იზიარებს აშშ-ი და ანკარისგან შესაბამის დამადანაშაულებელ დოკუმენტაციას ითხოვს. ვეჭვობ, რომ თურქეთის მიერ წარდგენილი მასალების შემდეგ, აშშ-ა გიულენი თურქეთს გადასცეს.
აღნიშნულ პრობლემებს ლტოლვილების თემაც ემატება. 6 წლის წინათ სირიის ომის დაწყებასთან ერთად, სირიელი ლტოლვილების დიდი ნაკადი მიაწყდა თურქეთს, მათ დაემატათ ერაყელი ლტოლვილებიც. რაოდენობამ თითქმის 2 მილიონს გადააჭარბა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა თურქეთის ეკონომიკას. ხუმრობა საქმე არ არის ვრცელ ტერიტორიაზე გაშლილ კარვებში მცხოვრები ლტოლვილებისთვის მინიმალური პირობების შექმნა. ლტოლვილთა გარკვეულმა ნაწილმა, უკეთესი ცხოვრებისთვის პირი ევროპისკენ მიაპყრეს, რითაც უდიდესი პრობლემები გააჩინეს ევროკავშირის ქვეყნებში, დააპირისპირეს წევრი სახელმწიფოები ერთმანეთს.
ლტოლვილებით გამოწვეული კრიზისი დღესაც გრძელდება. ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირში შესული ლტოლვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და მძიმე ტვირთად დააწვა მასპინძელი ქვეყნების ეკონომიკას. გაუარესდა კრიმინოგენური ვითარება, გაიზარდა ტერორისტული აქტები და ა.შ. ბრიუსელმა სთხოვა ანკარას ლტოლვილების თურქეთის ტერიტორიაზე დამაგრება, რისთვისაც საკომპენსაციო თანხასაც, 3-5 მილიარდ ევროს დაჰპირდა. ანკარა წავიდა დათმობაზე. შეაკავა ლტოლვილთა ნაკადი, მაგრამ დაპირებული კომპენსაციის სრულ პაკეტს ვერადავერ ეღირსა, რასაც მოჰყვა ერდოღანის მუქარა - ლტოლვილების გაშვებასთან დაკავშირებით. ზემომოყვანილი საკითხების გარდა სხვა მრავალი, შედარებით წვრილმანი საკითხიცაა, რომლებიც ანკარა-ბრიუსელის ურთიერთობებს სერიოზულად ძაბავს და თურქეთის ევროკავშირში მიღებას არათუ აჭიანურებს, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ევროკავშირ-ნატო-აშშ-ზე უკმაყოფილი ერდოღანი რუსეთთან აღდგენს ურთიერთობას - გაუარესებულს რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად.
ანკარა ბოდიშს იხდის და იწყებს ინტენსიურ ქმედებას რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობების აღსადგენად, რომელთაგან გამოსაყოფია ენერგეტიკა და სამხედრო თანამშრომლობა. კვლავ გააქტიურდა „სამხრეთის ნაკადის“ თემა ანუ რუსული გაზსადენით თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის მიწოდება, აქიუს ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა, თურქეთის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის C-400 შეძენა და სხვა.
რუსეთ-თურქეთის დიპლომატიის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს სამხედრო თანამშრომლობა სირიაში, რასაც მოჰყვა თანამშრომლობა მოსალაპარაკებელი დიპლომატიური მაგიდის ირგვლივ. შეიკრა კავშირი მოსკოვის, თეირანის და ანკარის სახით, რომელმაც დასაბამი მისცა სირიის საკითხში ხელისუფლება-ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დაწყებას ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში. მართალია მოლაპარაკებაში აშშ-ც იღებს მონაწილეობას, მაგრამ დომინანტები რუსეთი-თურქეთი და ირანი არიან.
არის თუ არა ეს ამ ქვეყნების დიპლომატიური გამარჯვება? უდავოდ, არის. მათ როლს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვერვინ დააკნინებს. სირიის ომში ჩართვით, რუსეთმა არათუ დაიბრუნა მსოფლიოში და ამ რეგიონში დაკარგული პრესტიჟი, არამედ გააორმაგა კიდევაც.
რუსეთ-თურქეთის დაახლოებას შეშფოთებით უმზერენ ევროკავშირსა და ნატოში და არვინ იცის, რას მოიფიქრებენ ისინი მოსკოვ-ანკარას შორის ურთიერთობის გასაფუჭებლად. დასავლეთს აღელვებს მოსკოვ-თეირანის კავშირებიც და ყველანაირად ცდილობს მის გაუარესებას.
ამ ფონზე მოსკოვ-ვაშინგტონის კონსტრუქციული ურთიერთობები არცთუ მტკიცედ ჟღერს. ვაშინგტონმა, პირადად პრეზიდენტმა ტრამპმა ირანი ნომერ პირველ ტერორისტად, მტრად გამოაცხადა და ახალი სანქციებითაც „დააჯილდოვა“. და ეს მაშინ, როდესაც ირანის წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში ფასდაუდებელია. ტრამპის ადმინისტრაცია ძველი სტერეოტიპებით სარგებლობს, რაც ეწინააღმდეგება ერთიანი ძალით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.
ვაშინგტონ-მოსკოვის სამომავლო ურთიერთობები ჯერაც გაურკვეველია. ტრამპის გამოუცდელი გუნდი სწავლობს და არ არის მზად მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. ყოველივე ამას ართულებს და ხელს უშლის თვით აშშ-ი აგორებული ანტიტრამპული კამპანია. მას ადანაშაულებენ რუსეთისადმი ლოიალური განწყობისთვის. როგორც ჩანს, ამერიკული პოლიტიკური ელიტა რუსეთისგან მუდმივი მტრის ხატს ქმნის.
ომის ზღვრამდე მიყვანილი პოლიტიკა უპირველესად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესებს ემსახურება, ისე, როგორც გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი. ევროკავშირში, ნატოში, ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში შექნილი ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მსოფლიო მოსალოდნელი სერიოზული აფეთქების წინაშე იმყოფება. ასეთ დროს ნებისმიერმა ქვეყანამ, ეპიცენტრთან ახლოს მდებარემ, ყველაფერი უნდა იღონოს თავის გადასარჩენად. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს, ჩვენია. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის საერთაშორისო არენაზე ხანმოკლე ყოფნა, გამოუცდელობა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა, სხვისი (აშშ-ს, ევროკავშირის, ნატოს) მოიმედეობა, დაუბალანსებელი პოლიტიკა.
ამიერკავკასიაში მდებარე პატარა საქართველო ჯერ ვერ ითავისებს, რა ვითარებაში, რა მეზობლობაში უწევს ცხოვრება. ჯერაც ვერ მიმხვდარა, რომ ორ დიდ მეზობელს შორის (რუსეთ-თურქეთი) დაპირისპირების საგნად კი არა, თანამშრომლობის ხიდად უნდა იყოს. ზომიერი ურთიერთობა ორივესთან - პოლიტიკა იქნება თუ ეკონომიკა, ვაჭრობა თუ კულტურა. წამიერი გადახრაც კი ერთი მიმართულებით, მეორის ეჭვს აღძრავს და აქედან გამომდინარე - ქმედებას.
25 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკამ მხოლოდ ის მოახერხა თურქეთს ჩახუტებოდა, აქაოდა ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირში შესვლის კანდიდატიაო და რუსეთს ლანძღვა-გინება არ მოაკლო. 2008 წელს, მშვიდობისმყოფელებიც დაუხოცა და ლამის პირისპირ იარაღითაც ეკვეთა. შედეგი - სავალალო და მრავალი წლის განმავლობაში გამოუსწორებელი.
წარსულში დაშვებული შეცდომები დღესაც მეორდება. „საოცნებო“ ხელისუფლება დაბეჯითებით მიუყვება „ნაციონალების“ მიერ ამოჩემებულ ევროატლანტიკურ გზას. თუმცა ეს გზა თავის დროზე, „ნაცთა“ მიერ დამხობილმა შევარდნაძის ხელისუფლებამ გაკვალა.
„საოცნებო“ ხელისუფლება სწორედ იქ ყოფს თავს, საიდანაც საფრთხე არის მოსალოდნელი. ავიღოთ თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების თემა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა, ხრუშჩოვის მიერ, უკრაინისთვის ნაბოძები ყირიმი დაიბრუნა, გამწარებულმა დასავლეთმა ახალი ანტირუსული კამპანია ააგორა. სანქციებიც დააწესა რუსეთის წინააღმდეგ. დასავლეთი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ხელისუფლება ყირიმის ნახევარკუნძულს უბოძებდა სამხედრო ბაზების შესაქმნელად, მაგრამ მოსალოდნელ გარიგებას რუსეთმა დაასწრო.
შავ ზღვაზე ნატოს სამი წევრი ქვეყანაა - თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. თურქეთის ნატოსადმი დამოკიდებულების თაობაზე ზემოთ აღვნიშნე. უკრაინა და საქართელო თავგასაპნული ეტენებიან ნატოს და წინადადება-წინადადებაზე აყრიან თავს ამ ორგანიზაციას, მოსახიბლად. მაგალითად, ფოთის პორტიც გამოდგება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელგაშლილად სთავაზობს ნატოს, სანაპირო დაცვის ბაზის შესაქმნელად.
დავუშვათ, თურქეთი გავიდა ნატოდან, რა მოჰყვება ამას? - მონტროს 1936 წლის ხელშეკრულების უპირობო დაცვა, რომლის მიხედვით შავი ზღვის არაწევრი ქვეყნების გარკვეული ზომის ხომალდებს, მხოლოდ 21 დღით შეუძლიათ ამ ზღვაში ყოფნა. თუკი ეს ხელშეკრულება დღესაც სრულდება, შესაძლოა ზერელედაც კი, თურქეთის ნატოდან გასვლის შემთხვევაში ზედმიწევნით მკაცრად შესრულდება.
მონტროს ხელშეკრულებით, თურქეთს აქვს ბოსფორისა და დარდანელის გასაღები. და ამის ინიციატორი თავის დროზე საბჭოთა კავშირი იყო. მაშინ მოსკოვი და ანკარა მოკავშირეები იყვნენ. რა ვითარება გვაქვს დღეს? მოსკოვ-ანკარას შორის სამოკავშირო ურთიერთობების აღდგენა. არის თუ არა ეს ჩვენი ხელისუფლების მიერ გასათვალისწინებელი? პასუხი მკითხველისთვის მიმინდვია.
და კიდევ ერთი რამ. სულ ახლახანს, ართვინში სააგიტაციოდ ჩასულმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ილდირიმმა ბათუმშიც შემოიარა და საათნახევრის განმავლობაში, ვახშმობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს ეჭუკჭუკა. თუ რაზე - ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.
ართვინში რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ჩასულ ილდირიმს, რომ იგივე საკითხი გაეჟღერებინა ბათუმში, გასაკვირი არ არის, ვინაიდან აჭარასა და მთლიანად საქართველოში მრავალი თურქი ცხოვრობს და მათი რეფერენდუმში მონაწილეობა, რაღაცას ნიშნავს ერდოღანისთვის. ილდირიმის ჩამოსვლაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ ბალანსისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ასეთივე „უცაბადი“ ჩასვლა აჭარაში. რუსეთი ხომ ყარსის ხელშეკრულების ინიციატორია?! მაპატიეთ ფანტაზიისთვის. ვერც მედვედევი და ვერც პუტინი საქართველოში ვერ ჩამოვლენ, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და ლამის რუსეთის პრეზიდენტის 3 განცხადება, მოლაპარაკების დაწყებასთან დაკავშირებით უკან ამოვისვით. არადა, თურქეთის გავლენის დასაბალანსებელი წამალი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთი, ვინაიდან სხვა - აშშ-ი, ევროკავშირი სწორედ რუსეთის რიდით ვერ გააკეთებს ამას. მცდელობას არ დააკლებს, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევს, ვინაიდან რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, ძალაა. ძალას კი ყველა თავს უხრის. ასეა - „შიში შეიქმს, სიყვარულსა“.
და ბოლოს, ერდოღანის ერთობ „დამამშვიდებელი“ განცხადება, რომლითაც მან ევროპაში მცხოვრებ თურქებს მიმართა: „მე, მივმართავ ჩემს ძმებს და დებს ევროპაში მცხოვრებთ. დაბადეთ 5 შვილი, სამი კი არა - ხუთი. თქვენი ქვეყანა (სამშობლო) იქ არის, სადაც ცხოვრობთ, დამაგრდით ამ ტერიტორიაზე; გააფართოვეთ ბიზნესი, ასწავლეთ შვილებს საუკეთესო სასწავლებლებში, ჩასახლდით კარგ რაიონებში, იარეთ საუკეთესო ავტომანქანებით. თქვენ ევროპის მომავალი ხართ“.
გერმანიაში 4 მილიონი თურქი ცხოვრობს, არანაკლები ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. თუ ევროკავშირი არ დაიშლება, რისი იმედიც არ მაქვს, 20-30 წლის შემდეგ გამაჰმადიანებული ევროპა იქით დაუწყებს თურქეთს ხვეწნას - შემოდითო.
წამით, მზერა ჩვენს მცირემოსახლიან ქვეყანას მივაპყროთ, სადაც მაჰმადიანიც ცხოვრობს, მითუმეტეს თურქი სუნიტიც და სხვაც. ერდოღანის მოწოდებას აქ მაცხოვრებელი თურქებიც გაიგებენ და შეასრულებენ კიდევაც. შედეგი რა იქნება? ვიფიქროთ ამაზე და არა რაღაც სისულელეებზე, „ნაც-ქოცები“ რომ ტვინს გვიბურღავენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
25/03/2017

სტატიების არქივი