საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


მსოფლიო ცვლილებების მოლოდინში

ტრამპი და რუსეთი

რუსების გამონათქვამია - ვიდრე არ გადახტები, ჰოპ არ დაიძახოო, რამდენად თანმიმდევრულად მიჰყვებიან ამ გამონათქვამს ავტორები, სხვა საქმეა, მაგრამ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში რომ წამითაც არ შეუცვლიათ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპისადმი თავიანთი დამოკიდებულება, ფაქტია. ცხადია, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ქოქოლას აყრიდნენ ტრამპს, მაგრამ მათი რაოდენობა ახლოსაც ვერ მივიდოდა „ტრამპისტების“ რაოდენობასთან.
დღეს, აი ეს უკანასკნელნი, ისე ზეიმობენ ტრამპის გამარჯვებას, როგორც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში რუსეთის ნაკრების გამარჯვებას. საზეიმოც აქვთ - ხუმრობა საქმე ხომ არაა მრავალწლიანი, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ლანძღვის, გინების, დამცირების, დასჯის (სანქციები) შემდეგ „თეთრ სახლში“ ისეთი პრეზიდენტის ხილვა, რომელიც მთლად თუ არა, ნაწილობრივ მაინც არ გამოიყენებს ანტირუსულ პოლიტიკას.
რუსეთი დიდი და მძლავრი ქვეყანაა, რომელსაც უდიდესი წიაღისეული სიმდიდრეები გააჩნია. მას მძლავრი სამრეწველო პოტენციალი აქვს, ამასთანავე განსწავლული სამეცნიერო კადრები ჰყავს. ამ ქვეყანაზე მხოლოდ ბრიყვი თუ იტყვის - სუსტი, განუვითარებელი ან რეგიონული ქვეყანააო.
არადა თქვეს - პირველი გამონათქვამი მარგარეტ ტეტჩერს ეკუთვნის - რუსეთი, აფრიკული სახელმწიფო ზემო ვოლტას დარია, ოღონდ ბირთვული რაკეტებით. მეორე - აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას - რეგიონული ქვეყანააო.
არადა, ვერც ერთს ვერ დავწამებთ ბრიყვობას, მაშ, რა იყო მიზეზი იმ დახასიათებისა, მათ რომ რუსეთს მისცეს?
პასუხისთვის დიდი დაფიქრებაც არ არის საჭირო, პირდაპირ ვიტყვი - შური და გაღიზიანება. პირველს, აღიზიანებდა იმჟამინდელი საბჭოეთის წარმატებები შეიარაღების, კოსმოსის, მძიმე მეტალურგიის, მეცნიერების, სპორტის დარგებში. მეორეს, რუსეთის შეუპოვრობა, მძიმე გამოწვევებისთვის შესაბამისი დახვედრა, ჰორიზონტალური პოზიციიდან, რასაც ადგილი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ფეხზე წამოდგომა და წელში გასწორება.
როგორ გაღიზიანდებოდა პირველი ანუ ტეტჩერი რუსეთის წინსვლით თანამედროვე მსოფლიოში, ის რომ ამას შესწრებოდა?! მან კარგახნის წინათ დაიდო ბინა სამარადისო სასუფეველში.
რაც შეეხება მეორეს ანუ პრეზიდენტ ობამას, ისიც მალე დაიდებს ბინას ამქვეყნიურ პოლიტიკურ სასუფეველში. მას ყოველთვის მოიხსენიებენ პრეზიდენტად, არვინ იტყვის ყოფილიო - ასეა აშშ. მაგრამ ის აღარ იქნება აღჭურვილი იმ უდიდესი უფლებებით, რაც აშშ-ს პრეზიდენტობას ახლავს. აშშ-ს პრეზიდენტი არის ის, ვინც მთელი მსოფლიოს საქმეებს განაგებს, ხშირად ვოლუნტარისტულად იმ ქვეყნებისაც, რომელთაც სულაც არ სურთ მსგავსი „დახმარება“.
აშშ-ი არის ქვეყანა, რომელიც საკუთარი ფინანსებით მსოფლიო ქვეყნებს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახის ინსტიტუტებს და მათი დახმარებით დიდ გავლენას ახდენს ამათუიმ ქვეყნის პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობით მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაცია, საუკუნოვანი ადათ-წესების განქიქება, ძველის დაგმობა და ახლის, ამერიკულის გა-PR-ება. ამ თვალსაზრისით აშშ-ა დიდ წარმატებას მიაღწია - თითქმის ყველგან - რუსეთის გარდა. რომ იტყვიან - სალ კლდესავით დახვდა ამერიკულ „რბილ ექსპანსიას“ პუტინის რუსეთი. ამიტომაც აითვალისწუნეს ობამას და მისი წინამორბედების ადმინისტრაციებმა რუსეთი. ხუმრობა საქმე ხომ არ არის - თავს ყველაზე უკეთესად თვლიდე, ყველაზე ძლევამოსილად, ღმერთის თანატოლად და ამ დროს ვიღაც რუსეთი, რეგიონული ქვეყანა და მისი პრეზიდენტი - კგბ-ს პირმშო გვერდში გიდგება, უსირცხვილოდ გეუბნება - ერთპოლუსიანობას ყავლი გაუვიდა, მრავალპოლუსიანობა უნდა იყოსო. ასეთთან როგორ უნდა მოიქცე?
უნდა დაუწესო ეკონომიკური სანქციები, შიმშილით სული ამოხადო, იქაურ ლიბერალურ ორგანიზაციებს ტომრებით ფული უნდა აჩუქო - „ფერადი რევოლუციისთვის“. ოჰ, ეს ატომური ბომბი, თორემ ომსაც წამოიწყებდა. რა, პირველად ჰქონია ამას ადგილი ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, ვისაც ატომური ბომბი არ ჰქონდათ?! მაგრამ რუსეთი სხვაა. მისი ბირთვული პოტენციალი არათუ აშშ-ს დააუთავებს, არამედ მსოფლიოსაც და თანაც 17-ჯერ. ამდენად, რა გაეწყობა - ისევ შავი ანტირუსული PR-ი, სანქციები, რუსეთის, ნატოს სამხედრო ძალებით შემორკალვა, რუსეთის საზღვრებთან პრობლემების შექმნა უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას დახმარებით.
შავი პოლიტიკური ღრუბლებით დაფარულ ზეცაში ოდნავი გამონათება შენიშნა რუსეთმა - ტრამპის სახით. მისი ნათქვამი, კარდინალურად განსხვავებული, ამერიკული პოლიტიკური ელიტისგან, ეხამუშა რუსეთის ყურს - მომეყურაო იფიქრა, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ანალოგიური არაერთხელ ისმინა წელიწადნახევრის მანძილზე. ისმინა და იფიქრა - აი, ეს თუ იქნება ისეთი (ტრამპი), რომელიც დაუმცირებლად, შეურაცხყოფის გარეშე, თანაბარ პარტნიორად გვიგულებსო.
და თქვა პუტინმა ის, რამაც მთლად გადარია ოკეანისგადაღმელი ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ტრამპი - „მაქებს და კარგად მახასიათებს, მე რატომ უნდა ვაგინებდეო“. ასედაამრიგად, ორ პიროვნებას შორის გაიდო ნდობის ხიდი, რომელსაც სასტიკი კრიტიკა მოჰყვა აშშ-ი. „ტრამპი, პუტინის მარიონეტიაო“, - ბრძანა პრეზიდენტობის მეორე კანდიდატმა კლინტონმა, - „ამიტომ, თუ არ გინდათ რუსეთის ვასალობა - მე ამირჩიეთო“.
არ აირჩიეს და არა იმიტომ, რომ ტრამპს პუტინი მოსწონს, არამედ ტრამპი წავიდა დახავსებული სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ, რომელმაც 20 ტრილიონი ვალი დააგროვა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით, სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყო, გააჩაღა ომები და ა.შ.
ვიმეორებ, პუტინი და რუსეთი იყვნენ ისინი, ვინც ბოლომდე გულშემატკივრობდნენ ტრამპს. დანარჩენი მსოფლიო, მათ შორის ჩვენც, მხარს კლინტონს უჭერდა, თანაც როგორი თავდაჯერებით! არვის ეპარებოდა ეჭვი „მეტიჩარა“ ტრამპის დამარცხებაში. „ჰოპო“ - წინასწარ იყვირეს მერკელმა, ოლანდმა, ჯონსონმა, შტაინმაიერმა, რენცმა, სხვებმა და სხვებმა და ... .
სანანებელი გაუხდათ და არა მარტო, იძულებული შეიქმნენ არჩევნებამდე ინტერნეტში გამოქვეყნებული ანტიტრამპული განცხადებები წაეშალათ. ტვინის ჭყლეტვა დაიწყეს, რა სახით მიელოცათ გამარჯვება ტრამპისთვის. გენახათ, სამგლოვიარო გამომეტყველებით გაკეთებული ნაძალადევი მილოცვები. პუტინი პირველი იყო მიმლოცველთა შორის. საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღების დროს, მან მილოცვასთან ერთად ისურვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა ნორმალურ კალაპოტში ჩაყენება.
მოზომილი მილოცვა იმ მოზომილი პროტრამპული განცხადებების გაგრძელება იყო, რასაც მთელი წლის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. პუტინი გულწრფელი იყო, რასაც ვერც ერთ სხვა პრეზიდენტზე ვერ ვიტყვით, მათ შორის პოროშენკოზე, რომელიც ლამის წინასწარ ზეიმობდა კლინტონის გამარჯვებას. დასავლეთმა კი მიულოცა ტრამპს გამარჯვება, მაგრამ თან ჭკუაც დაარიგა, მაგალითად ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა - ახლა ნატოს გაუქმების დრო არ არისო.
დიახ, ნამდვილად, ეს ორგანიზაცია კარგა ხნის წინათ უნდა დაშლილიყო, ვინაიდან მოწინააღმდეგე, რომლის საბაბითაც (საბჭოთა კავშირი) შეიქმნა, გაქრა. თუ ვინმეს არ აწყობს ნატოს დაშლა, მისი გენერალური მდივანი სტოლტენბერგია. ხუმრობა საქმე ხომ არ არის მსუყე ხელფასის და საერთაშორისო გავლენის დაკარგვა?!
„დღეს, ნატოს დაშლის დრო არ არის, ვინაიდან რუსის ჯარი ჩვენს საზღვრებთან არის მომდგარი და როდის გადმოლახავს არ ვიცითო“ - ისევ დაშინება. სინამდვილეში, რუსეთის ჯარი კი არ მიადგა ნატოს საზღვრებს, პირიქით - აშშ-ა და ნატომ მიაყენეს თავიანთი მძიმე ტექნიკა და ჯარი რუსეთის საზღვრებს. ჯარის მიყენება კი ნიშნავს დაფინანსების გაზრდას, ახალ შეიარაღებას და მასში ფულის ყრას, სხვა ისეთ ხარჯებს, რომლებიც მისწრებაა ნატოელი მოხელეებისა და სამხედროებისთვის.
ნატოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან მიმართებაში პუტინმა მოსწრებულად თქვა - 140-მილიონიანი ქვეყნისთვის (რუსეთი) ევროკავშირ-ნატოს (600 მილიონი) წინააღმდეგ ომი აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფიაო.
მართალია რუსეთს მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე ერთად აღებულ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ რატომ უნდა დაიწყოს ომი რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ? აი, ეს კითხვა გაუჩნდა ტრამპს. და ამ კითხვის გარდა სხვა კითხვებიც - ახლო აღმოსავლეთთან და აშშ-ს სამხედრო ბაზებთან უცხოეთში. ტრამპის პროგრამა კარდინალურად განსხვავებულია წინამორბედისგან. ეს არ არის იზოლიაციონიზმი. ეს არის ნაციონალიზმი - ნაკლები დანახარჯებით დიდი საქმის კეთება. „ვერ შეძლებსო“, - აცხადებენ „წინასწარმეტყველი“ ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები. „საარჩევნო რიტორიკა სხვაა და პრეზიდენტობა სხვაო“, - ამბობენ ისინი.
და მართლებიც არიან, ვინაიდან დაპირებათა შეუსრულებლობაზე არიან აღზრდილნი, თანაც ისეთზე, არცერთი ერი რომ არ აიტანდა. ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ აშშ-ის მოსახლეობა ისეთივე „ჯუჯულაა“, როგორც საქართველოსი. იქ, შეუსრულებლობა ისჯება არჩევნებში მხარდაუჭერლობით. ტრამპს კი სურს მეორე ვადითაც გახდეს პრეზიდენტი, ამიტომ დანაპირები უნდა აასრულოს. ეს ჩვენ ვართ, რომ ივანიშვილის დანაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად მაინც მის ე.წ. პარტიას ვაძლევთ ხმას.
ის, რომ ტრამპი მზად არის დანაპირების შესასრულებლად, დაადასტურა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა არალეგალთა ქვეყნიდან დეპორტაციის თაობაზე, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე, თანაც მექსიკის ხარჯებით და სხვა. ილაპარაკა ტერორიზმზე, სირიაზე, ნატოზე და ა.შ.
ტრამპის ფენომენი სხვაა და არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვართ შეჩვეული. 70 წლის მილიარდერს, რომელიც პრეზიდენტობაში ხელფასსაც არ აიღებს, თავის ქვეყნის სამსახურში უნდა ყოფნა და იმ დაპირების შესრულება, რომელიც მან მრავლობით რიცხვში გააკეთა წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ტრამპი, როგორც ჩანს იოლად დასაყოლიებელი პიროვნება არ არის, მითუმეტეს ისეთი, ადმინისტრაციამ რომ გაიჯირითოს. ის იქნება წამყვანი, აპარატი კი შემსრულებელი, ვინაიდან მან კარგად იცის - შეუსრულებლობა ნიშნავს, მეორე ვადით არ არჩევას.
ვიმეორებ, ტრამპი - მილიარდერი, დიდი ოჯახით, წარმატებული ბიზნესით, არ მოსულა აშშ-ს სათავისოდ გამოსაყენებლად. მას სურს თავისი თავის გამოყენება ქვეყნისთვის. ასეთი რამ კი დიდი ხანია დავიწყებას მიეცა საქართველოში, ევროპაში, მსოფლიოში.
პოლიტიკოსები მოდიან ქვეყნის მოსაწველად და არა საკუთარი თავის ქვეყნისთვის შესაწირად. რომელი ერთი იტყოდა უარს საპრეზიდენტო ხელფასზე - 400 000 დოლარზე? - არც ერთი შეძლებული სახელმწიფოს მეთაური.
„ტრამპის გამარჯვებამ რევოლუციური ძვრა გამოიწვია მსოფლიოში“ - ეს სიტყვები საფრანგეთის მემარჯვენეთა ლიდერს მარინ ლე პენს ეკუთვნის. სწორედ ის იყო პირველი, ვინც ტრამპს ტელეფონით მიულოცა გამარჯვება. ტრამპმაც არ დააყოვნა და უმალ მიიღო ლე პენის ზარი, ისე, როგორც ბრიტანელი ნაიჯელ ფარაჯი - ბრექსიტის მთავარი შემოქმედი, თავის რეზიდენციაში - „ტრამპ ტაუერში“ („Trump Tower“). აი, რაც შეეხება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის, დაპირდა, რომ ინაუგურაციის შემდეგ (20 იანვარს) შეხვდება.
ლე პენი და ფარაჯი მემარჯვენე პოლიტიკოსებია, ნაციონალური იდეებით გაჟღენთილი, ევროკავშირის არსებობის მოწინააღმდეგენი, ნატოსადმი სკეპტიკურად განმსჭვალულნი. ორივე მათგანმა უმალ მიიღო ტრამპის თანხმობა - ერთმა სატელეფონო საუბარზე, მეორემ - პირად მიღებაზე, რაც უდავოდ ნიშანდობლივია.
ბრექსიტის რეფერენდუმამდე ტრამპი იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში და მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გამოყოფას, რაც ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა საშინაო საქმეებში ჩარევად მიიღეს.
ტრამპის გამარჯვებამ, როგორც ჩანს გარკვეული გავლენა იქონია ბულგარეთ-მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, რაზეც მიანიშნებს ამერიკული „უოლ სტრიტ ჯორნელი“ („The Wall Street Journal“) – „ბულგარეთის ტრამპი, მოლდოვას ტრამპი“ - ასე შეარქვა ჟურნალმა ამ ქვეყნებში არჩეულ პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტებს.
ევროპა კი ელოდება „ნაჩალნიკისგან“ რაღაც სიგნალს, მაგრამ ამაოდ. ტრამპი დუმს. ის თავისი ადმინისტრაციის დაკომპლექტებით არის დაკავებული. ევროპას სული დაელია მოლოდინში და როგორც გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრ რარი აღნიშნავს - ის უმამლოდ დარჩენილ საქათმეს დაემსგავსა, რომელმაც არ იცის რა გზას დაადგეს.
ასე იცის სუვერენიტეტის დაკარგვამ, საკუთარი საქმეების სხვაზე გადაბარებამ. ევროპამ რახანია ლამის საშინაო საქმეები, არათუ საგარეო, ვაშინგტონს გადააბარა. ამ უკანასკნელმაც არ დააყოვნა და აქტიურად ჩაერთო ევროპაზე სრული დომინირების საქმეში. ასე იყო მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ასე აღარ იქნება. ტრამპის მიხედვით, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს და თუ მაინცდამაინც სურთ აშშ-ს დახმარება - შესაბამისი ფინანსური ხარჯები უნდა გაიღონ.
დამშვიდებული ცხოვრება - ფული ღირს, რაც უფრო მალე შეიგნებენ ევროპელები და ჩვენც ამ მარტივ ჭეშმარიტებას, მით უკეთესი მათთვის და ჩვენთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
16/11/2016

სტატიების არქივი