საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის დღესასწაულთან დაკავშირებით

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

მსოფლიო მედიის ყურადღება რომ აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპისკენაა მიპყრობილი, გასაკვირი არ არის. გასაკვირი მაშინ იქნებოდა, რომ ამას არ ჰქონოდა ადგილი. ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ყურადღების მიქცევას, რაც შეძლო კიდევაც და შეძლო საკუთარი აზრების ექსტრავაგანტურობით, განსხვავებულობით, საშინაო და საგარეო საკითხებისადმი სრულიად სხვაგვარი მიდგომით.
მსგავსს ნამდვილად არ ჰქონია ადგილი აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში - არც დღეს, გუშინ ან გუშინწინ. რას მოუტანს ყოველივე ეს აშშ-ს და მსოფლიოს - მომავალი გვიჩვენებს, თუმცა უკვე გვიჩვენა - დემონსტრაციების, დაპირისპირების, პრეზიდენტის უმწვავესი კრიტიკის, ზოგ შემთხვევაში პირად შეურაცხყოფაში გადასული ქუჩური ლანძღვის სახით.
ტრამპი არ ჩერდება და აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოთქმული დანაპირების შესრულებას. მისი მატარებელი მიქრის შეუჩერებლად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე - უკან იტოვებს რა ერთმანეთთან დაპირისპირებულ ქვეყანას, ორად გაყოფილ ამერიკულ საზოგადოებას.
ტრამპის პოლიტიკას არც აშშ-ს გარეთ იწონებენ, ვინაიდან მან (პოლიტიკამ) საგონებელში ჩააგდო მშვიდ, გათვლილ ცხოვრებას დაჩვეული ევროკავშირელები, თუმცა უზრუნველყოფილი არსებობის პირველი შემაწუხებელი დარტყმა მათთვის, ბრიტანეთი გამოდგა, თავისი „ბრექსიტით“. მანამდეც იყო მშვიდი ძილის დამაფრთხობელი მომენტები, მაგრამ არა ისეთი, ინსომნია რომ გამოეწვია. ბრექსიტმა უძილობის პირველი სიმპტომები გააჩინა, ხოლო ტრამპის გაპრეზიდენტებამ, მითუმეტეს მისმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გააღრმავა შეყრილი უძილობის სენი და ლამის პერმანენტულად გადააქცია.
მაგრამ განა მარტო ევროკავშირის დედაქალაქია შეშფოთებული? ნამდვილად არა! ბევრი სხვაც დააფიქრა ტრამპის პირდაპირმა განცხადებებმა. განსაკუთრებული გნიასი მოჰყვა ახალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ზოგიერთი ქვეყნის (7 ქვეყნის) მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლაზე დროებითი ბარიერის აღმართვის თაობაზე. პრეზიდენტის განმარტებით - ეს, ის მაჰმადიანური ქვეყნებია, საიდანაც ტერორისტების მოხვედრა ამერიკაში გამორიცხული არ არის.
ამ შვიდეულში პირველი ირანის ისლამური რესპუბლიკაა. დანარჩენი ექვსი - უდავოდ ბადებს ეჭვს - იქ არსებული შიდა პროცესებიდან გამომდინარე (ომები, ტერორისტული აქტები და ა.შ.), მაგრამ სიის სათავეში მყოფი ირანი, უდავოდ იწვევს გაკვირვებას, რამეთუ ეს, ის სახელმწიფოა, რომელიც ცნობილია პოლიტიკური სისტემის სიმტკიცით, წესრიგით, სახელმწიფო ორგანოების ნამდვილი ბრძოლით ტერორიზმის წინააღმდეგ.
ირანი, ის ქვეყანაა, სადაც ნულის დონეზეა დაყვანილი ტერორისტული აქტები, რითაც ის უდავოდ გამოირჩევა არა მარტო მეზობელი თურქეთის ან ერაყისგან (სადაც ყოველდღე თუ არა ყოველკვირას ადგილი აქვს ტერორისტულ აქტებს), არამედ ევროპა-ამერიკისგანაც - თავისი ტერაქტებითა და მსხვერპლით.
ირანის ამ შვიდეულში შეყვანა უფრო სხვა რამითაა განპირობებული, ვიდრე ტერორიზმით. და ეს სხვა, ირანის ბირთვული პროგრამაა. არ მოსწონს ახალ პრეზიდენტს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ წევრს, გერმანიასა და ირანს შორის ობამას პრეზიდენტობის დროს.
ხელშეკრულების მიხედვით, ირანმა შეაჩერა ურანის გამდიდრების პროცესი, რაც მას არ მისცემს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობას, თუმცა მას ასეთი გეგმები არ ჰქონია. ხელშეკრულებით, რაც მას შეეძლება, ურანის ისეთ დონეზე გამდიდრებაა, ენერგეტიკას და მედიცინას რომ ეყოს. სანაცვლოდ, ირანს მოეხსნა სანქციების ნაწილი, მიეცა დასავლეთთან, სხვა ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენის შესაძლებლობა.
ტრამპი, როგორც ბიზნესმენი, იმთავითვე აცხადებდა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ, ირანთან ხელშეკრულების გაფორმებით, შეცდომა დაუშვა. ძნელია მტკიცება იმისა, მაჰმადიანური ირანი, აღმსარებლობის გამო ჰყავს ტრამპს ათვალწუნებული თუ ტერორიზმის ბუდის გამო, რასაც ნამდვილად არ აქვს ადგილი, რამეთუ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ირანი სწორედ ის სახელმწიფოა, ტერორიზმის წინააღმდეგ, რომ საქმით იბრძვის და არა ობამას ადმინისტრაციის მსგავსად, სიტყვით.
ტრამპს მჭიდრო ნათესაური კავშირი აქვს ებრაელებთან - ირანის ისლამური რესპუბლიკის მტრებთან. მისი სიძე, ქალიშვილის ივანკას მეუღლე ებრაელია. ეს ახალგაზრდა ბიზნესმენი აქტიურად იყო ჩართული ტრამპის წინასაარჩევნო ბატალიებში და, როგორც ამბობენ, კარგ რჩევებსაც აძლევდა მას. სწორედ ეს გახდა მთავარი საბაბი, რომ გაპრეზიდენტებულ ტრამპს ის თავის მრჩევლად დაენიშნა.
ტრამპის პრეზიდენტობა ესესაა დაიწყო და ამ მოკლე პერიოდში მან რიგი წინასაარჩევნო დაპირებებიც შეასრულა - ცხადია ბრძანებულებებზე ხელის მოწერით. თუ როგორ მოხერხდება მათი ცხოვრებაში გატარება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. მომავალი იმასაც დაგვანახებს, რა გზას აირჩვევს პრეზიდენტი (კონფრონტაციულს თუ შემრიგებლურს) ჩინეთთან და ირანთან მიმართებაში.
ის, რომ ტრამპი რუსეთთნ შემრიგებლური პოლიტიკის მომხრეა - მტკიცება არ სჭირდება. ერთი წელიწადია ტრამპი ამის შესახებ ლაპარაკობს. მას პოზიცია არ შეუცვლია. რაც შეეხება ჩინეთ-ირანს, მათზეც ლაპარაკობდა და ლაპარაკობს ტრამპი, თუმცა უარყოფითად. გააგრძელებს ის ამ ჭრილში ლაპარაკს? ძნელი დასაჯერებელია, ვინაიდან ჩინეთიც და ირანიც ის ქვეყნებია, რომლებიც განსხვავებულ ურთიერთობას საჭიროებენ.
პირველი, მეორე ეკონომიკაა მსოფლიოში და დედამიწის ქარხანად არის მიჩნეული. ეს, ის ქვეყანაა, რომელიც უხვად ასაღებს თავის პროდუქციას არა მარტო აშშ-ი, სხვაგანაც. ეს, ის ქვეყანაა, რომელიც ყოველდღიურად ძლიერდება, როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. ეს, ის ქვეყანაა, რომელიც ყოველდღიურად ახსენებს მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესახებ - ჩინეთის ზღვა იქნება თუ სხვა რეგიონი. ჩინეთი ანგარისგასაწევი ძალაა და მასთან დაპირისპირება არაფერს მისცემს ტრამპს, გარდა პრობლემებისა.
არც ირანია ხელწამოსაკრავი სახელმწიფო. ის, რომ ამ ქვეყნის შესახებ არაერთხელ თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, აშკარა მანიშნებელია ირანის წონის შესახებ (პოლიტიკური წონა მაქვს მხედველობაში). ეს, ის ქვეყანაა, რომელსაც 1979 წლამდე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა აშშ-ნ, ევროპის ქვეყნებთან, ისრაელთან. შაჰის ირანი აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი იყო რეგიონში. მას ხშირად „ამერიკის ჟანდარმადაც“ მოიხსენიებდნენ. ამას 1979 წლამდე ანუ ირანის ისლამურ რევოლუციამდე ჰქონდა ადგილი.
1979 წლის თებერვალში მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია, რომელმაც არა მარტო ირანის ცხოვრება შეცვალა, არამედ რეგიონისა და მსოფლიოს. 1979 წლის თებერვალში დაბრუნდა ირანში შაჰ რეზა ფეჰლევის მიერ ქვეყნიდან გაძევებული აიათოლა ჰომეინი - ირანელი ხალხის სულიერი ლიდერი, რომელმაც 15 წელი დაჰყო გადასახლებაში. გადასახლების 15 წელი იყო ირანელი ხალხის თავისუფლებისთვის შეწირული წლები, რომლის კულმინაციაც თებერვალი გახდა. ხალხმა, დისტანციაზე მყოფი ლიდერის თაოსნობით, მოაწყო რევოლუცია და აიძულა მუჰამედ რეზა ფეჰლევი ირანს გაცლოდა. 1979 წლის თებერვალს აიათოლა ჰომეინი დაბრუნდა სამშობლოში. მის დასახვედრად მრავალმილიონიანი დედაქალაქი თეირანი ფეხზე დადგა.
სამშობლოში დაბრუნებისთანავე შეუდგა სულიერი ლიდერი ახალი, ისლამური სახელმწიფოს შენებას - ჯერ არნახულის, არგაგონილის. აიათოლა ჰომეინის ძალისხმევით შეიქმნა ქვეყანა, რომელიც მტკიცე რელიგიურ ფუნდამენტზე დგას და მაჰმადიანური მოძღვრებიდან (შიიტური) გამომდინარე აკონტროლებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სისტემას. საყოველთაო არჩევითობა უდგას საფუძვლად სამივე შტოს. თვით ქვეყნის მმართველის, სულიერი მეთაურის ლეგიტიმურობის საყრდენი, არჩევითობაა. აიათოლა ჰომეინიმ სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა შექმნა - ყველა შტო რომ ექვემდებარება მკაცრ კონტროლს. მსგავსი სახელმწიფო სისტემა უნიკალურია - მას ვერც ერთ ქვეყანაში ვერ შეხვდებით.
1979 წლიდან დაწყებული საკმაო დრო გავიდა, თუმცა ისტორიისთვის ერთი პატარა გაელვება, მაგრამ მან უდიდესი გარდაქმნა და წინსვლა არგუნა ირანელ ხალხს. ახალგაზრდა სახელმწიფომ, ისტორიულად უძველესმა, თავისი ახალი ცხოვრება დასავლეთთან, უპირველესად აშშ-ნ კონფრონტაციით დაიწყო. ღმერთია მოწმე, რომ ინიციატორი დაპირისპირებისა ოფიციალური თეირანი არ ყოფილა. აშშ-ა, ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეჰლევის მხარდამჭერმა, ახალ ხელისუფლებასთან სხვა ვერაფერი გამონახა, გარდა დაპირისპირებისა. ამ საქმეს ხან პირდაპირ, ხან სხვისი ხელით ახორციელებდა.
სხვისი ხელით ანუ ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის. სწორედ აშშ-ს წაქეზებით დაიწყო სადამ ჰუსეინმა ომი ირანის ახალგაზრდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ომს ვერაფრით უწოდებთ ორი სახელმწიფოს ომს. ამ ომს მრავალი სახელმწიფოს ომი ჰქვია ერთ ქვეყანასთან. მრავალში - აშშ-ი, ევროკავშირის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთის მონარქიული სახელმწიფოები, ისრაელი და სხვები იგულისხმება. ერთში კი - ირანის ისლამური რესპუბლიკა.
მიზანი ამ არათანაბარი ომისა იყო ისლამური ირანის ხელისუფლების დამხობა და რაც მთავარია დიდი ჰომეინის მიერ შექმნილი სახელმწიფო მართვის სისტემის პირიაგან მიწისა აღგვა. აშშ-ა, კოლექტიურმა დასავლეთმა, სადამ ჰუსეინმა, სხვებმა დათმეს პოზიციები. ისინი დამარცხდნენ ახალგაზრდა ირანთან უთანასწორო ომში. ირანის ისლამურმა ხელისუფლებამ, რომელმაც გაუძლო უმკაცრეს გამოცდას, ახალი ძალით შეუტია მის წინაშე არსებულ პრობლემებს და დაანახა მსოფლიოს, რომ ირანელი ხალხის რევოლუციური შემართება, საგარეო თუ საშინაო გამოწვევებს ქედს არ შეუხრის.
დასავლეთმა მეორე გზა აირჩია - ეკონომიკური სანქციების გზა. და ის, რაც ომით ვერ მოახერხა, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით შეეცადა ირანის დაჩოქებას. მეორე გამოწვევასაც გაუძლეს ირანელებმა და შექმნეს არა სხვაზე, არამედ საკუთარ თავზე დამოკიდებული ეკონომიკა.
თანამედროვე ირანი ის სახელმწიფოა, რომელიც ამზადებს ფოლადსა და კბილის პასტას, ტანკსა და პამპერსს, სარეცხ ფხვნილსა და ავტომანქანას. ამ ქვეყანას ერთობ განვითარებული სამეცნიერო კადრები ჰყავს. მისი მედიცინა სანიმუშოა რეგიონში და არა მარტო. არც ერთი მსოფლიო კინო-ფორუმი ისე არ ტარდება, რომ ირანელი კინორეჟისორის სახელმა არ გაიჟღეროს.
ირანი ცნობილია ნავთობითა და გაზით. 2012 წელს ევროკავშირმა, ირანისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, აუკრძალა თავის წევრ სახელმწიფოებს ირანული ნავთობის იმპორტი. წელს კი, „ირან-„ხუთეულის“, პლუს გერმანია“ ხელშეკრულების დადებიდან გამომდინარე, ირანმა ნიდერლანდების პორტში, საკუთარი ტანკერებით ჩაიტანა 317367 ტონა (ტანკერი „Huge“) და 318021 ტონა (ტანკერი „Snow“) მძიმე და მსუბუქი ხარისხების ნავთობი. ირანი დღიურად ამზადებს 3,9 მილიონ ბარელ ნავთობს, რითაც ირანი უახლოვდება მიზანს - 4 მილიონი ბარელი (დღეში). სწორედ ამ რაოდენობის ნავთობს ამზადებდა ირანი სანქციებამდე.
ფოლადის მსოფლიო წარმოების ასოციაციის მონაცემებით, ირანის მეტალურგიულმა ქარხნებმა 2016 წელს გამოიმუშავეს 17,89 მილიონი ტონა ფოლადი, რაც 10,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ფოლადის გამოდნობით ირანი მეექვსე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან ამ სფეროში: სერბეთი (22,7%), პაკისტანი (22,8%), საბერძნეთი (31,8%), ლიბია (39,8%) და მაკედონია (62,2%).
ცნობისთვის, ფოლადს მსოფლიოს 66 ქვეყანა ადნობს.
ჩინეთი და ინდოეთი ის ქვეყნებია, სადაც ფოლადის წარმოება უწინდებურად იზრდება. 2016 წელს ჩინეთზე მოდიოდა მსოფლიო ფოლადის წარმოების ნახევარი. მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ჩინეთი - 808,37 მილიონი ტონა, იაპონია - 104,77 მილიონი ტონა, ინდოეთი - 95, 61 მილიონი ტონა, აშშ-ი - 78,61 მილიონი ტონა, რუსეთი - 70,8 მილიონი ტონა, სამხრეთ კორეა - 68,56 მილიონი ტონა, გერმანია - 42,08 მილიონი ტონა, თურქეთი - 33,16 მილიონი ტონა, ... ირანი მე-14 ადგილზეა.
ირანის მეტალურგებმა საექსპორტოდ გაიტანეს 4,12 მილიონი ტონა ნედლი ფოლადი და ფოლადის ნაწარმი. წლის ბოლომდე მათ განზრახული აქვთ ექსპორტის 5,7 მილიონ ტონამდე გაზრდა.
ქვეყანას განზრახული აქვს ფოლადმწარმოებელთა შორის მე-6 ადგილის დაკავება ანუ 2025 წლამდე, წლიურად 55 მილიონი ტონის წარმოება. აშშ-ს ანალიტიკური პორტალის „The American Interest”-ის მიხედვით, „2016 წლის მსოფლიო უდიდეს ქვეყნებში“ რუსეთმა გერმანიას გაუსწრო, ირანმა კი მე-7 ადგილი დაიკავა აშშ-ს, ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, გერმანიის, ინდოეთის შემდეგ.
ირანის სხვა მიღწევების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ირანის ისპაჰანის მეტალურგიული და ავტომშენებელი ქარხნების დათვალიერების შედეგად უდავოდ შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ევროპის ან იაპონიის მოწინავე ქარხნებში ვიმყოფებოდი. აღნიშნული საწარმოები, უფრო სწორად გიგანტები, ისეა ორგანიზებული და განლაგებული, სიმწვანეში ჩაფლული, ხელოვნური ტბებით და მუშა-მოსამსახურეთა რეკრიაციული ზონებით, უდავოდ ხიბლავს მნახველს.
სამწუხაროდ, თანამედროვე ირანის შესახებ საქართველოში ნაკლებად იციან. 25 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფალთა დასავლეთისკენ ორიენტაციამ არათუ მეზობლები, არამედ საკუთარი თავიც დაგვავიწყა. ირანი, 80-მილიონიანი სახელმწიფო, განვითარებული ეკონომიკითა და მეცნიერებით, ხელოვნებით და კულტურით საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს, ის ქვეყანაა, რომელმაც პირველმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი დამოუკიდებელი ცხოვრების გაუსაძლის წლებში. სწორედ მაშინ, საქართველოში ჩამოსულმა ირანის პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა საქართველოს ფეხზე დგომის საქმეში. ყოფილი პრეზიდენტი სულ ახლახანს გამოეთხოვა ამ წუთისოფელს, მაგრამ მის მიერ გაკვალულ გზას სხვები აგრძელებენ.
კიდევ ერთი პიროვნება, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, საქართველოს პირველი ელჩი ირანში, წავიდა ამ ქვეყნიდან - ჯემშიდ გიუნაშვილი, ირანში დაბადებული და გაზრდილი, საქართველოს სამსახურში გამორჩეული პიროვნება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული 2004 წლამდე - ის, ირანში საქართველოს ელჩის რანგში, ასრულებდა საქმეს, რომელსაც 2 ქვეყნის ერთმანეთთან თანამშრომლობა ჰქვია.
საქართველოს სჭირდება ისეთი მეზობლები, რომლებთანაც ურთიერთობა ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას. ქართული პოლიტიკა, ცალსახად ევროატლანტიკური სივრცისკენ მიმართული, გაცილებით წამგებიანია, ვიდრე მრავალმხრივი ურთიერთობა. შორეულ ნათესავს, თუმცა ასეთი საქართველოს დასავლეთში არ ჰყავს, მეზობელი სჯობს, რაც კარგად უნდა იცოდეს ქართულმა პოლიტიკამ. მან ისიც უნდა იცოდეს, რომ ვიღაცის კარნახით კარის მეზობლის განაწყენება ქვეყანას კარგს არ მოუტანს. აკი არ მოუტანა? როდესაც აშშ-ს კარნახით „საოცნებო“ ხელისუფლებამ ისე დაძაბა ირანთან (რუსეთთან არაფერს ვამბობ) ურთიერთობა, რომ აწყობილი ორმხრივი კავშირები ლამის ქარს გაატანა. შედეგი - მილიონობით დაკარგული დოლარი, ტურიზმის შემცირება და სხვა. მოგვიანებით (3 წლის შემდეგ), ირანთან დაკავშირებით მსოფლიო კონიუნქტურის ცვლამ უბიძგა ქვეყანას ძველი კავშირების აღდგენისკენ.
დღეს, სხვა ვითარებაა და უნდა ვიმედოვნოთ, რომ მსგავს ნეგატიურ მომენტს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ადგილი არ ექნება. უნდა ვიმედოვნოთ, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის კონფრონტაციულ ნაბიჯს ირანთან მიმართებაში, „საოცნებო“ ხელისუფლება ფეხს არ აუბავს და ერთხელ მაინც დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ისე, როგორც ამას ირანის ისლამური რესპუბლიკა აკეთებს 1979 წლიდან დაწყებული დღემდე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
04/02/2017

სტატიების არქივი