ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის ირგვლივ

hamlet chipashvili-politologi

გასული წლის დეკემბერში აზერბაიჯანულმა პორტალმა “Haqqin.az”-მა შეგვატყობინა ის, რაც ჩვენც კარგად ვიცოდით - საქართველოს სოციალური დეფოლტის თაობაზე. პორტალის ინფორმაციით, ყოველივე, ლარის დევალვაციის და ინფლაციის ზრდის შედეგია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ უმკლავდება საბანკო კრედიტებს. ვადაგასული სესხების რაოდენობა, გასული წლის 11 თვის მონაცემებით, 141,4 მილიონი ლარით გაიზარდა, ე.ი. 56,2%. წლიურმა მატებამ 50% შეადგინა.
ექსპერტთა მიხედვით, კრიზისი საბანკო სექტორსაც ემუქრება, რომლის საფინანსო სტაბილურობა რახანია დარღვეულია. ქვეყანაში შეინიშნება მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება. ყველაზე საგანგაშო ვითარება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია, სადაც ყოველი მეორე ადამიანი ღატაკია და მოსახლეობის 40.9% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა თბილისში - 5.8% და ქვემო ქართლში - 6%.
აზერბაიჯანული პორტალი წუხილს გამოთქვამს ქართული ეკონომიკის თაობაზე, რაც არ არის გასაკვრისი, რამეთუ სტრატეგიული პარტნიორობა წარმატებული მაშინაა, როდესაც პარტნიორების ეკონომიკა და სოციალური ყოფა ჯანმრთელია. აზერბაიჯანი თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს საქართველოს გაზის მოთხოვნებს, საქართველო კი, აზერბაიჯანის გაზის გზას ევროპისკენ.
საქართველო, აზერბაიჯანისთვის ღია ფანჯარაა ევროპაში. თუ საქართველოს არსებობაში აზერბაიჯანულ ტრანსნაციონალურ პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, არც საქართველო რჩება ვალში აზერბაიჯანთან. ეს უკანასკნელი ხომ საკუთარ გეოეკონომიკას საქართველოს სატრანზიტო დერეფანს უნდა უმადლოდეს?!
დამძიმებული ეკონომიკურ-სოციალური რეალობის ფონზე ერთობ პროვოკაციულად გამოიყურება ბუნებრივ აირთან დაკავშირებული წივილ-კივილი. სხვას ვერაფერს დაარქმევ იმ ავანტიურისტულ და პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც ქართულ მედიაში აქვს ადგილი. ინიციატივა ისევ ოპოზიციური „ნაცების“ და მათზე აყოლილი ვაი ექსპერტების, უფრო ვაი ჟურნალისტების ხელშია. მათი „პატრიოტული“ აქტიურობა ყურს აყრუებს, გულს აწვრილებს და საქმეში გაუთვითცნობიერებელ მავანს, ხელისუფლებისა და მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ანწყობს.
მეზობელი იმიტომ ვახსენე, რომ სწორედ მის გაზზეა ერთი დავიდარაბა ატეხილი ანუ „გაზპრომის“ გაზზე, რომლის საქართველოში „შემოშვებას“ ბედავს საქართველოს მთავრობა.
არ შევუდგები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს „გაზპრომთან“ მოლაპარაკების პერიპეტიებზე საუბარს, არც რუსულ გაზთან დაკავშირებით გამართული პოლემიკის დეტალების განხილვას, ვინაიდან ვთვლი, რომ ეს საკითხი სპეციფიკურია, პროფესიონალთა გადასაწყვეტია და არა დილეტანტი, თანაც ავანტიურისტი „ნაციონალების“, მათზე მიწებებული ექსპერტების და უმეცარი ჟურნალისტების.
როდესაც წმინდა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ თემას პოლიტიკას უკავშირებ, აღარც ეკონომიკა გამოდის და აღარც ენერგეტიკა. ხელში შიშველი პოლიტიკა გრჩება - ისეთი, „ვაის“ რომ უწოდებენ. „გაზპრომის“ ოპონენტები პირაქაფებული აცხადებენ, რომ მისი საქართველოში შემოსვლა დააზიანებს ქვეყნის ეკონომიკას, მომავალს, ვინაიდან „გაზპრომი“ სახელმწიფო კორპორაციაა და როდესაც დასჭირდება, შეუძლია ონკანის გადაკეტვა. რუსეთი ჩვენი მტერია და მისი გაზის ჭაჭანება აქ არ უნდა იყოს და ა.შ.
არადა, რუსული გაზი რახანია აქ არის და არა მარტო გაზი, არამედ მსხვილი რუსული ბიზნესი. მარტო ენერგეტიკაში 21 რუსული კომპანია მუშაობს. „ენგურჰესი“, „ჟინვალჰესი“, „რიონჰესი“, „ლაჯანურჰესი“, „შაორჰესი“, ... რუსული კომპანიების ჩამონათვალი გასულ წელს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ და ვისაც სურს, შეუძლია გაეცნოს. მე, კი, ჩემის მხრივ, ვიტყვი, რომ საზოგადოების ყურადღების გადატანა ნაკლებად საყურადღებო საქმეზე, დანაშაულის ტოლფასია. როდესაც საქართველოში მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაა, ნაცვლად იმისა საქმეზე ვილაპარაკოთ, „პატრიოტულ“ გაზზე ვლაპარაკობთ, რითაც ქვეყნის გადარჩენას ვლამობთ.
რუსეთმა რომ ონკანი გადაგვიკეტოსო? - ომახიანად ვარაუდობენ „ნაცები“. აზერბაიჯანმა რომ გადაგვიკეტოს? - ეს ვარაუდიც ხომ შეიძლება? რა უდგას წინ ილხამ ალიევს? ერთ დღესაც, რაღაცაზე გაგვინაწყენდება და გადაგვიკეტავს, მაგრამ პოლიტიკაში, მეზობლობაში ეს რომ ისე არ ხდება, როგორც ე.წ. ქართველ პოლიტიკოსებს, მითუმეტეს „ექსპერტებს“ და მითუმეტეს აშკარად უცოდინარ ჟურნალისებს ჰგონიათ?
„საზიზღარი“ საბჭოთა კავშირიდან დაწყებული, რუსეთით გაგრძელებული, რუსეთს ევროპისთვის რომ გაზი არ გადაუკეტია?! არადა, რამდენი საბაბი ჰქონდა და აქვს ამისთვის კრემლს? ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მარტო ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ევროპაში განლაგება რად ღირს. ეს, ის სისტემებია, რომლებიც მოსკოვსა და სხვა სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას 4-5 წუთამდე ამცირებს.
ავიღოთ თუნდაც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები. რუსეთმა, საპასუხოდ გაზი გადაკეტა?
წლების განმავლობაში გრძელდება უკრაინა-რუსეთის „გაზური“ ომი, უკრაინის ავანტიურისტი ხელისუფლების წყალობით, მაგრამ რუსეთს წარბიც არ შეუხრია კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ის, კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულების მოთხოვნებს და ასეც გააგრძელებდა, რომ არა უკრაინის ხელისუფლების პროვოკაციული გადაწყვეტილება.
არც ჩინეთს და არც რომელიმე იმპორტიორ ქვეყანას საყვედური არ გამოუთქვამს რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და რაღა საქართველოსთან გაუწყრება ღმერთი?
არაერთ გამაღიზიანებელ ფაქტორს ჰქონდა ადგილი ჩვენი მხრიდან რუსეთის მისამართით, მაგრამ შეგვიწყვიტა მან გაზის მოწოდება? მაშ რატომ ვიმყრალებთ პირს, რატომ ვლანძღავთ?
ქართველთა საკმაოდ საგრძნობი ნაწილი ყველა საქმეში დამნაშავედ რუსეთს მიიჩნევს. არც ერთ შემთხვევაში - საკუთარ თავს. ისტორიულს რომ თავი დავანებოთ, გავიხსენოთ 2008 წელი. ფუჭია მტკიცება იმისა, რომ რუსეთმა ჩაგვითრია სამხედრო ავანტიურაში. „ჩათრევა“ თინეიჯერებს ემართებათ და არა სახელმწიფოს ხელმძღვანელებს. იქნებ ჩვენ დავაპირეთ მისი ჩათრევა, უფრო სწორად, ჩვენმა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა, რომელმაც სააკაშვილს ხელი ჰკრა ავანტიურისკენ? მიზანი მათი? - რუსეთის რეაქციის გაგება, კავკასიაში ანტირუსული კოცონის დანთება და ა.შ.
არ გამოვიდა. ტერიტორიებიც დავკარგეთ და ცხოვრებაც გავირთულეთ. თან ისიც ვთქვით - რა მოხდა, ისედაც დაკარგული იყო და ერთი-ორი სოფელი, არაფერს წარმოადგენსო“.
რუსეთი ოფიციალურად აცხადებს, რომ ნეგატიურად ეკიდება თავის საზღვრებთან, განსაკუთრებით სამხრეთის, ნატოს მიახლოებას. ჩვენ კი დაბეჯითებით მივიწევთ ნატოსკენ. გასულ წელს ვაშინგტონის საერთაშორისო-სტრატეგიულ ცენტრში გამოსვლის დროს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა განაცხადა - „თუ ნატოს ექნება შემდეგი გაჩერება, ეს საქართველო იქნება“. არის თუ არა ეს გამოწვევა?
როდესაც ნატოს სასწავლო ცენტრს ხსნი - გამოწვევაა; გამოწვევაა, როდესაც საზოგადოებისთვის საიდუმლოებით მოსილ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიას ხსნი; როდესაც საერთაშორისო არენაზე გამუდმებით ლანძღავ რუსეთს და ა.შ.
მიუხედავად ამ გამაღიზიანებელი გამოწვევებისა რუსეთის ხელისუფლებას ანტიქართული ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირიქით, ფართოდ გაგვიღო საკუთარი ბაზრის კარი და ნება დაგვრთო ღვინის, მინერალური წყლის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების შეტანის.
რუსული ბაზარი უკიდეგანო და ნოყიერია, რაც კარგად იცის მსოფლიომ და მაქსიმალურად ცდილობს იქ მოხვედრას. ევროკავშირის სანქციებმა რუსეთის ბაზრის ფართო ათვისების დიდი შესაძლებლობა გაგვიჩინა, მაგრამ ვერ ვივარგეთ, ვერ გამოვიყენეთ. აზერბაიჯანმა და სომხეთმა ივარგეს, გამოიყენეს. აზერბაიჯანულ-სომხური ხილი, ბოსტნეული, ჩაი, ჩირი, ალკოჰოლური სასმელი, სხვა პროდუქცია მიაწყდა რუსულ ბაზარს. ჩვენ? – „გაზპრომი“ არ გვინდაო - ვყვირით. ნაცვლად იმისა, ქვეყანას ვუშველოთ.
რა გვჭირს, რა გვემართება?! რუსეთი არ გვინდა, ვინაიდან აგრესორი და ჩვენი მტერია. არც ირანი გვინდა, ვინაიდან შაჰ აბასმა გაანადგურა საქართველო. მაშ, ვინ გვინდა? - აშშ-ი, რომელმაც „რბილი ძალით“ ყუამდე დაიყვანა ბედკრული ქვეყანა. არა სოფლის მეურნეობა, არა მრეწველობა, არა მეცნიერება - არაფერი არა! მარტო ტურიზმი და ვიღაც გადამთიელთა მომსახურება?
მაგრამ ტურიზმი, რომ განვითარებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება? ტურიზმი, რომ პოლიტიკური ვითარების ბარომეტრია? მითუმეტეს ტერორისტული გამოხდომების დროს?! ღმერთმა დაგვიფარა და ამ უკანასკნელს არ აქვს ადგილი, მაგრამ პოლიტიკურს ხომ აქვს?
თავის დროზე სააკაშვილი ოცნებობდა საქართველოს მსოფლიოს ტურისტულ მექად გადაქცევაზე, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ქვეყნების ტურისტების მოზიდვას. მაგრამ რეალობაში რა გვაქვს? - რეგიონული ტურიზმი.
გასული წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი სომხეთიდან შემოვიდა - 1,46 მილიონი, აზერბაიჯანიდან - 1,392 მილიონი, თურქეთიდან - 1,391 მილიონი, რუსეთიდან - თითქმის ერთი მილიონი. ამერიკა-ევროკავშირის ტურისტთა რაოდენობა გაცილებით მოიკოჭლებს, ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით. საერთო რაოდენობით 5,89 მილიონი ტურისტი საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა საქართველოს ხელისუფლების გაურკვეველი პოლიტიკა ირანის მიმართულებით.
გავიხსენოთ სამი წლის წინანდელი ტურისტული დინამიკა - ირანიდან ჩარტერული რეისები ბათუმში, რეგულარული საჰაერო რეისები თბილისსა და თეირანს შორის, აღმავალი ბიზნეს-კავშირები. სამწუხაროდ, არც ერთ ჩამოთვლილს დღეს ადგილი არ აქვს.
საქართველო ლაპარაკობს ირანულ გაზზე, მაგრამ არაფერს ამბობს საჰაერო კავშირების, ბიზნეს-ურთიერთობების, ტურიზმის, საბანკო მომსახურების აღდგენაზე. არადა, ყოველივე აღნიშნულის ამოქმედებას ჩვენი მხარე დაპირდა ირანს. ამ დაპირებიდან დღემდე ერთი წელიწადი გავიდა.
ნაცვლად იმისა გაფაციცებით თვალი ვადევნოთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებს - „გაზპრომი“ არ გვინდაო გავიძახით. არადა, თვით აზერბაიჯანმა ხელი მოაწერა „გაზპრომთან“ გაზის მიღებაზე, რუსეთი და ირანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ირანი, რუსეთიდან შეიძენს გაზს, ქვეყნის ჩრდილოეთისთვის და იგივე რაოდენობის გაზს დაუთმობს რუსეთს ქვეყნის სამხრეთში.
ირან-აზერბაიჯანს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს ენერგეტიკულ-ეკონომიკური კავშირების გაფართოება. საცაა დასრულდება აზერბაიჯან-ირანს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ე.წ. სამხრეთ-ჩრდილოეთის ცნობილი კომუნიკაციის შესაძლებლობებს. რკინიგზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საავტომობილო გადაზიდვებს, სარკინიგზოც დაემატება. სპარსეთის ყურიდან წამოსული ტვირთები ირან-აზერბაიჯან-რუსეთის გავლით ევროპა-ცენტრალური აზიისკენ წავა და პირიქით, რაც დიდ შემოსავალს მისცემს ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს.
ჩვენ? - არც რუსეთი გვინდა და არც ირანი. ამერიკა გვინდა, ვისაც მარტო საქართველოს ტერიტორია უნდა ანტირუსულ-ანტიირანული პლაცდარმისთვის. არადა, არსებობს პროექტი, რომელსაც ტრანსკავკასიური ჰქვია. პროექტის შესახებ ბევრი მოსაზრება გამოითქვა, ცხადია რუსეთში. ნაწილი ალბათ განხორციელდება სამხრეთ-ოსეთის მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება ამ ხაზის სრულ ამოქმედებას, ჯერაც ბევრი ბარიერია - განსაკუთრებით ქართული.
უნდა ვიმედოვნოთ, რომ ხვალ თუ არა ზეგ, კავკასიაში არსებული პოლიტიკური ვითარება კარდინალურად შეიცვლება და შექმნილი მდგომარეობა, განსაკუთრებით ეკონომიკური, გვაიძულებს გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც არა მარტო ქვეყნის სოციალურ ყოფას და ეკონომიკურ გაჯანსაღებას წაადგება, არამედ პოლიტიკურსაც.
ნებისმიერი სახის ეკონომიკური კავშირი რომ ერთმანეთთან დაახლოების ნაცადი გზაა - მტკიცება არ სჭირდება. გარდა ამისა, ეს არის უმუშევრობის შემცირების, დასაქმების, აღმასვლის გზაც. ის, ძალაუნებურად გაიძულებს ურთიერთში მეტი პოზიტივის, ვიდრე ნეგატივის ძებნას. შორს წასვლა არ დაგვჭირდება, სამხრეთ ოსეთთან ჩვენი ურთიერთობები გავიხსენოთ, რომელთაც ერგნეთის ბაზრობიდან ჰქონდა საწყისი. ვერ გამოვიყენეთ. სააკაშვილის შლეგმა ბუნებამ და ხელისუფლებამ, ძალისმიერად მოსპო ერგნეთი და მასთან ერთად ქართულ-ოსური ურთიერთობების აღორძინების კერაც.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ მოქმედი თბილის-სოხუმის რკინიგზა და მასთან ერთად ქართულ-აფხაზური საქმიანი კავშირები, დამატებული, რუსულ-ქართულ-სომხური თანამშრომლობა, რკინიგზით გადატანილი ტვირთები, ტრანზიტით შემოსული თანხები და რაც მთავარია, იმ გაუცხოების ხაზის გადაკვეთა, რომელიც ჩვენსა და აფხაზებს შორის დევს. თუ ამას დავუმატებთ სომხურ-ირანულ რკინიგზას და სპარსეთის ყურიდან წამოსული ტვირთების გატარებას არა მარტო რუსეთის, არამედ ევროპის მიმართულებით, ჩვენს ეკონომიკას ძაღლიც არ დაჰყეფს.
ჩვენ კი პოზაში ვართ და სანგრიდან ვყვირით - რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოკიდებულება გააუქმოს და ყოფილები დაგვიბრუნოსო. არ მოხდება ეს, ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში. რაც მოხდება - კიდევ უფრო მძიმე იქნება საქართველოსთვის, თუკი გონს არ მოვეგებით.
ანტინატოური განწყობა, რომელიც 4 მეზობლიდან სამში საფუძვლიანად არის გამჯდარი, უდავოდ ნეგატიურად იმოქმედებს მეტიჩარა ქართულ პოლიტიკაზე, მეტადრე ევროატლანტიკურზე. მხედველობაშია მისაღები ირანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მსოფმხედველობაც ევროატლანტიკურ ლიბერალიზმთან და ნატოსთან მიმართებაში. ასეთ ანტურაჟში სხვა ორიენტაცია უფრო სჯობს, ვიდრე დღევანდელი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს თავზე ვიწვნიეთ აღებული ვექტორის „სიკეთეები“.
დავუბრუნდეთ ტრანსკავკასიის რკინიგზას და ამჟამად მის აბსტრაქტულობასთან ერთად, ხვალინდელ რეალობაზეც მივატანოთ გულისყური. 140 კილომეტრის რკინიგზის ხაზის მშენებლობა ჩრდილოეთ ოსეთის სადგურ ალაგირიდან ცხინვალამდე, რუსეთ, სამხრეთ ოსეთ, საქართველო, სომხეთის რკინიგზის მაგისტრალი, შემდეგ სომხეთ-ირანის - ტვირთბრუნვას 40%-მდე გაზრდის და გააიაფებს სამხრეთ-აზიის, ოკეანიის ქვეყნებიდან წამოსული ტვირთების გადაზიდვას რუსეთ-ევროპაში, გარდა ამისა, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
დიახ! სოხუმ-თბილისის რკინიგზის აღდგენა ისე, როგორც ტრანსკავკასიის რკინიგზის მშენებლობა აბსტრაქციის საგანია, მაგრამ დღეს. ხვალ?
რეგიონში შექმნილი ვითარება აიძულებს კავკასიის ქვეყნებს მეტი ინტეგრაციისკენ, სარკინიგზო, საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო მარშრუტების ამოქმედებისკენ, რაც თავისთავად გადაგვადგმევინებს ნაბიჯს, დღეს რომ შეუძლებლად მივიჩნევთ. რომ იტყვიან - ჩათრევას, ჩაყოლა სჯობსო და რაც უფრო სწრაფად მოხდება „ჩაყოლა“, მით უკეთესი ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური ყოფისთვის, მითუმეტეს დამოუკიდებელი პოლიტიკისთვის.
დიახ! საქართველოს პოლიტიკამ ძალა უნდა მოიკრიბოს „რეალპოლიტიკის“ განსახორციელებლად და უკუაგდოს გიგი თევზაძის და მისთანების მოსაზრება, რომელიც ერს სამარეში ექაჩება: „საქართველოში შობის აღნიშნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ“.
რა დამოუკიდებლობაც გვარგუნა დასავლეთმა უკვე ვიცით. ახლა სხვაც გამოვცადოთ, იქნებ გაგვიმართლოს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
16/01/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.