საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


შემაშფოთებელი ამბები სირიიდან

შემაშფოთებელი ამბები სირიიდან

სანკტ-პეტერბურგის მეტროში განხორციელებულმა ტერაქტმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) შეგვახსენა, რომ 21-ე საუკუნის ჭირი განუკურნებელი სენია, მასთან ბრძოლა არც ისე იოლია და საყოველთაო კონსოლიდაციას, საერთო ძალისხმევას მოითხოვს. სამძიმარი, რომელიც მსოფლიოს ლიდერებმა გამოთქვეს რუსეთის პრეზიდენტისა და ქვეყნის მიმართ გვაფიქრებინებს, რომ საერთო მტერთან საბრძოლველად ისინი მზად არიან ძალ-ღონე არ დაიშურონ, მაგრამ ...
სანკტ-პეტერბურგის აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ სირიის პროვინცია იდლიბის ერთ-ერთი ქალაქის დაბომბვამ დასავლელთა მიერ რუსეთის მიმართ გამოთქმული სამძიმრის სიტყვები, ჩვეულ, ძველებურ რიტორიკაში გადაიყვანა - სისხლისმსმელი, ჯალათი ბაშარ ასადი და მისი მხარდამჭერი რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. არადა, სანკტ-პეტერბურგის ტრაგედია, რამაც თითქოს დააახლოვა (გაჭირვებაში) დასავლეთ-რუსეთი, ილუზია გამოდგა. საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს ინიციატივით სასწრაფოდ მოიწვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელმაც დაგმო სირიის სამთავრობო ავიაციის მიერ ქიმიური ბომბებით ქალაქის დაბომბვა და 72 ადამიანის, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების დახოცვა.
უშიშროების საბჭოს სხდომის დროს აშშ-ს წარმომადგენელმა დამსწრეებს წარუდგინა დაზარალებულთა ფოტოსურათები და ბარბაროსობად შეფასებული თავდასხმა, როგორც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე, ისე რუსეთის ხელისუფლებაზე გადაანაწილა.
მკაცრი და პირდაპირი დადანაშაულების დემონსტრირება მოახდინეს საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა, რაც აისახა კიდევაც რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებას არაფერი აკლდა, მაგრამ რუსეთის წარმომადგენელმა, ყოველგვარი გარეგნული ემოციის გარეშე, აღნიშნა, რომ საკითხი შესასწავლია და ემოციურ ტალღაზე რეზოლუციის მიღება, თანაც ფაქტების გამოკვლევის გარეშე მიუღებელია.
ინიციატორი ახალი ანტირუსული შეტევისა ისევ აშშ-ს მედია იყო. მას უმალ აუბა მხარი მსოფლიოს სხვა მედიასაშუალებებმა და ახალი ძალით აგორდა ანტისირიულ-ანტირუსული კამპანია - ურჩხული ასადი და არანაკლებ ურჩხული პუტინი. ეს კამპანია კარგა ხანს გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე ახალი ანტირუსული პროპაგანდა არ ჩაანაცვლებს ძველს და ასე გაგრძელდება დიდხანს, ვიდრე ერთ-ერთ სუპერსახელმწიფოს კისერი არ მოტყდება.
აშშ-ს პოლიტიკური წრეები, ისე, როგორც მუდამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე აწარმოებენ ანტირუსულ პოლიტიკას, რაც არა მარტო მედიასივრცით შემოიფარგლება, არამედ იმ სივრცითაც, რასაც სამხედრო მშენებლობა ჰქვია. „მტერი რუსეთი“ ხელს ათბობინებს, როგორც ამერიკულ სამხედრო კომპლექსებს, სამხედროებს, ისე პოლიტიკოსებს.
არ იქნებოდა რუსეთის „მოსალოდნელი“ აგრესია და არ იქნებოდა თავდაცვის დარგის გაძლიერებისთვის გამოყოფილი მსუყე საბიუჯეტო თანხები. ვიღაც უნდა იყოს მტერი, რომელიც შიშს მოჰგვრის ამერიკელ გადასახადის გადამხდელს და ნეგატიურად არ განაწყობს მას საბიუჯეტო თანხების შეიარაღებაში დახარჯვაზე.
რამდენი სახელმწიფო ორგანიზაცია „ზრუნავს“ აშშ-ს მოსახლეობის მშვიდობიანი ცხოვრებისთვის? - „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა“.
რამდენი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია „იცავს“ მსოფლიო მშვიდობას? რამდენი გაზულუქებული, დამძიმებული გამომეტყველების მქონე ე.წ. პოლიტიკოსი არის მისეული სალაფავს, მაღალი ხელფასების სახით, მშვიდობის დაცვა რომ ჰქვია?! ვინ შეელევა ესოდენ ტკბილ ლუკმას სხვის დადანაშაულებაზე დაფუძნებულს?
არც არავინ! მაგრამ, ხომ შეიძლება სიტყვიერი-სამხედრო დაპირისპირების ზღვარზე მყოფი ვითარება ერთ მშვენიერ დღეს გასკდეს და ქვეშ მოიყოლიოს დამდანაშაულებელ-დადანაშაულებული? უდავოდ შეიძლება და ამიტომაც ცდილობენ ერთმანეთს პირდაპირ კი არ შეასკდნენ, არამედ ირიბად, სხვის ტერიტორიაზე, სხვისი ანუ ე.წ. მოკავშირის ცოცხალი ძალით. ამის დასტურია სირია, სადაც ერთმანეთს უპირისპირდება დასავლეთი და აღმოსავლეთი - რუსეთის, სირიის, ირანის სახით.
7 აპრილის ღამით განვითარებული მოვლენები სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. ჯერ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა განაცხადა, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო არ მიიღებს სირიის ხელისუფლების საწინააღმდეგო რეზოლუციას, ამერიკა ერთპიროვნულად გადადგამს ანტისირიულ ნაბიჯს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ტრამპმა სპეციალური საჯარო გამოსვლის დროს დაადანაშაულა სირიის პრეზიდენტი ასადი და განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სირიის სამთავრობო ბაზების განადგურებას აპირებს, რასაც მოჰყვა ჰომსის ავიაბაზის დაბომბვა, 15-ზე მეტი თვითმფრინავის განადგურება, სირიელი სამხედროების მსხვერპლი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია განიხილავს ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორების საკითხს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ამერიკის ქმედება არის სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა და მისი სუვერენიტეტის გათელვა.
არვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და პოლიტიკური წრეების მიერ აგორებული ანტისირიული სამხედრო აგრესია უდავოდ გამოიწვევს რუსეთის სამხედრო ქმედებას. თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას, როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის ცნობილია. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლების კარიბის ზღვის კრიზისის შემდეგ აშშ-რუსეთი არ ყოფილან ბირთვული ომის წინაშე ისე ახლოს, როგორც დღეს.
არ იქნებოდა სირია, იქნებოდა ჩრდილო კორეა. ამ თემის გააქტიურებაზე რახანია მუშაობს აშშ-ს მედია და პოლიტიკა. დღე ისე არ ჩაივლის, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ არ დაგმოს ფხენიანის მოქმედება, განსაკუთრებით ახალი იარაღის, მათ შორის ბირთვულის გამოცდის დარგში. არვინ კითხულობს, რა აიძულებს ჩრდილო კორეის ხელისუფლებას, საკუთარი მოსახლეობის მოკრძალებული ცხოვრების ფასად, ძვირადღირებული იარაღის შექმნაში. იქნებ ეს ნაბიჯი საკუთარი თავის თავდაცვის ინსტინქტითაა გამოწვეული და არა აგრესიით, რომელსაც მას აწერენ?
დასავლურად, „აგრესია“ ნიშნავს ორი კორეის გაერთიანებას, ჩრდილო კორეის დროშის ქვეშ, მაგრამ რეალურად, ფხენიანს სურს თავი დაიცვას ამერიკა-სამხრეთ კორეის გაერთიანებული არმიის მოსალოდნელი შეტევისგან. სხვას ვერაფერს იფიქრებს ის სისტემატური სამხედრო წვრთნების და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების სამხრეთ კორეაში განლაგების შემხედვარე.
იყო მცდელობა საკითხის დიალოგით მოსაგვარებლად?
იყო, მაგრამ უშედეგოდ. ჩრდილო კორეის ხელისუფლება წავიდა მთელ რიგ დათმობაზე, მაგრამ აშშ-ა აღარ შეასრულეს დანაპირები. ვითარება კონფრონტაციულს დაუბრუნდა. როგორც ჩანს, აშშ-ს აწყობს მუდამ ჯიუტი ფხენიანი, რაც მას კრიტიკულ ვითარებაში ამ რეგიონში სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას აძლევს.
ასე რომ, ჩრდილო კორეა სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც იოლად შეიძლება ჩაენაცვლოს სირიას. ჩრდილო კორეის შემთხვევაში აშშ-ი მეორე კონკურენტს - ჩინეთს უპირისპირდება, რომელსაც მოკავშირული ურთიერთობები აქვს ფხენიანთან, ნაწილობრივ რუსეთს. რაც შეეხება სირიას - აქ რუსეთის როლი უმნიშვნელოვანესია. რუსეთის პირდაპირმა ჩართვამ სირიის კონფლიქტში, არა მარტო ბაშარ ასადის ხელისუფლება გადაარჩინა დამხობას, არამედ მსოფლიო იხსნა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სირია-ერაყის ტერიტორიებზე გამაგრებიდან და ფართომასშტაბიანი, გლობალური ტერორისტული შეტევისგან.
რუსეთისა და ირანის დახმარებით სირიის არმიამ გაანთავისუფლა ქალაქები პალმირა და ალეპო, სხვა მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები, მნიშვნელოვნად გაიფართოვა სახელმწიფო კონტროლი მთელ რიგ ტერიტორიებზე. სირიის ხელისუფლება წელში გაიმართა და იმედი გაუჩნდა ტერორისტებისგან ქვეყნის განთავისუფლების. ასაღებია სირიის ქალაქი რაქა, „ჯებხატ ან ნუსრას“ დედაქალაქი და თუ ეს მოხდა, ექვსწლიანი ომი სირიის პრეზიდენტის გამარჯვებით დასრულდება. აწყობს ეს აშშ-ს, კოლექტიურ დასავლეთს და მათ მოკავშირე ზოგიერთ მდიდარ არაბულ ქვეყანას?
პირდაპირ შეიძლება ითქვას - არა! სირიის პრეზიდენტის გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-ირანის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში კარდინალურად განმტკიცდება. რუსეთი გახდება ნომერ პირველი მოთამაშე ირანთან ერთად, რაც დასავლეთისთვის, აშშ-ის მიუღებელია.
ვინ წამოიწყო სირიაში ომი, ვინ მიუსია ამ ქვეყანას მსოფლიოს 80-ზე მეტი სახელმწიფოს ტერორისტები? ვინ აფინანსებდა მათ, ვინ აწვდიდა იარაღს? ვინ შექმნა „ისლამური სახელმწიფო“?
აი, ის კითხვები, რომლებიც სისტემატურად ისმება, მაგრამ მიუხედავად საფუძვლიანი პასუხებისა, ვითარება არ იცვლება. შორს რომ არ წავიდეთ - „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაში ტრამპმა წინამორბედი ობამა დაადანაშაულა და ისიც თქვა, რომ 6 წლის განმავლობაში აშშ-ა 6 ტრილიონი დოლარი დახარჯა ახლო აღმოსავლეთის ომებში. დახარჯა ფუჭად, ვინაიდან აშშ-ს მიერ შექმნილმა ანტიტერორისტულმა 60-ქვეყნიანმა კოლაიციამ წლების განმავლობაში ვერაფერი გააკეთა, უფრო სწორად გააკეთა ტერორისტთა სასარგებლოდ.
მაინც რა ამოძრავებდა და ამოძრავებს დასავლეთს?
ბაშარ ასადის დამხობა და სირიის ტერიტორიის დაყოფა - ქურთებზე, შიიტ-სუნიტებზე; სირიის სიმდიდრეების (ნავთობი და გაზი) ხელში ჩაგდება; ირანის განდევნა სირია-ერაყიდან; ირანის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაცია „ჰესბოლას“ (იორდანია) განადგურება; პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასის“ მორჯულება და ა.შ. საბოლოო ჯამში ერთპიროვნული ხელის ფათური ახლო აღმოსავლეთში.
ამერიკელთა სამწუხაროდ, მოვლენები საწინააღმდეგოდ ვითარდება. რუსეთმა მოახერხა თურქეთის დაყოლიება და მისი ანტიასადური განწყობის პოზიტიურობისკენ შეცვლა, რამაც უბიძგა სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას. რუსეთი, ირანი, თურქეთის თავმჯდომარეობით და გაეროს აქტიური ძალისხმევით ყაზახეთის ქალაქ ასტანაში არაერთი სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც შემდეგ ჟენევაში გაგრძელდა.
რუსეთ-ირანის და დასავლეთის მიერ ათვალწუნებული თურქეთის ძალისხმევით მიღწეულმა წარმატებამ შეაშფოთა დასავლეთი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდიდან გარიყული აღმოჩნდა და ნაცვლად იმისა, თვით გამოეჩინა ინიციატივა საერთო საქმის (ტერორიზმი) წინ წასასწევად, ფეხის დადებას მიჰყო ხელი. რა არ დაბრალდა რუსეთს - საავადმყოფოებისა და სკოლების დაბომბვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი და ა.შ. ბოლო თავდასხმაც, ცხადია ცილისმწამებლური და ფალსიფიცირებულ ვიდეო, ფოტო მასალაზე დაყრდნობილი, ამის დასტურია.
ტერიტორიას, რომელიც სირიის თვითმფრინავებმა დაბომბეს, ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებხატ ან ნუსრა“ აკონტროლებს. როგორ აღმოჩნდნენ იქ ამერიკელი, დასავლელი ჟურნალისტები?
არც ერთი მათგანი იქ არ ყოფილა. მაშ რას ეყრდნობა მათი მასალები? - ინტერნეტში ტერორისტული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მასალას? ხომ შეიძლება მათ მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოთო მასალები ტყუილი იყოს? - დასავლეთისთვის ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია კომპრომატული მასალა ასადისა და პუტინის გასაშავებლად და მსოფლიოს თვალში მათი მტარვალებად წარმოსაჩენად. მთავარია პოლიტიკა.
დასავლურ პროპაგანდას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზახაროვამ ამ უწყების მოსაზრება შეაგება. დავუშვათ, ის ტყუის. გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსული ამერიკელი, ინგლისელი და ფრანგი დიპლომატებიც ტყუიან, ვინაიდან დიდი პოლიტიკა მოითხოვს ამას. რომელი მხარე ტყუის უფრო? ამის სწრაფად დადგენა შეუძლებელია.
მანამდე კი ამერიკულმა და მასზე აყოლილმა მედიამ თავისი ბინძური საქმე გააკეთა, რითაც არა მარტო ასადი და პუტინი გააშავა, არამედ ტრამპიც, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკა აღარ მოითხოვს ასადის დაუყოვნებლივ გადადგომას. ეს პოზიცია კარდინალურად განსხვავდებოდა ობამას ადმინისტრაციის პოზიციიდან.
რახან არცერთი მხარის არ გვჯერა, უბრალო ლოგიკას მივდიოთ - თუ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ის მწვავე გაკიცხვას იმსახურებს, მაგრამ რატომ უნდა გამოეყენებინა მას ეს იარაღი?
ჯერ ერთი, რამდენიმე წლის წინ, თვით აშშ-ს ჩართულობით, განადგურებული იქნა სირიის სამხედრო ძალებში არსებული ქიმიური იარაღი, რის შემდეგ ასადის იმიჯი მსოფლიოში გამოსწორების გზას დაადგა და ასეთ დროს ისევ, იმ იარაღის გამოყენება, რომელიც მას ცუდზე მეტს არაფერს მოუტანს?
იდლიბის ტერორისტებისგან განთავისუფლება დროთა ვითარებაში რომ მოხდება, გარდაუვალია. ვითომ ქიმიური იარაღის გამოყენებით ასადმა დააჩქარა პროცესი? არამცდაარამც. თუ ვინმეს არ სჭირდებოდა ასეთი „გამარჯვება“, ასადი იყო.
რაც შეეხება რუსეთს, არც მას სჭირდება სახელის გატეხვა, ვინაიდან თითქმის დასასრულს მიახლოვებული სირიული ეპოპეა - სირია, ირან, რუსეთის წარმატების ამსახველი იქნება. ასეთ ვითარებაში მხოლოდ სულელს, გონებიდან გადასულს შეეძლო ქიმიური იარაღის გამოყენება. ასეთად არც ასადი მესახება, არც პუტინი და არც ირანის სულიერი ლიდერი ხამენეი.
ტერორისტების მიერ განხორციელებული ავტოთავდასხმა (ავტოპორტრეტის მსგავსი) არაერთხელ ვიხილეთ, ცხადია სხვაზე გადაბრალებით, რასაც ამ შემთხვევაშიც აქვს ადგილი. მათ დრო იხელთეს და აშშ-ს მიერ სირიის პოზიციების დაბომბვის შემდეგ შეტევაზე გადავიდნენ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
07/04/2017

სტატიების არქივი