საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია

hamlet chipashvili-politologi

რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და პარიზში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა სერიოზულად შეახსენეს მსოფლიოს, რომ არსებობს „ისლამური სახელმწიფო“ ერთობ ძლიერი და ანგარიშგასაწევი, შორსმიმავალი გეგმებით, მიზნებით, ამოცანებით, რომელთა წინასწარ ამოცნობა, მიწისძვრის ამოცნობის ტოლფასია.
თანამედროვე ტერორიზმი თავისი არსით ისტორიულისგან არაფრით განსხვავდება, თუმცა ახალს ისეთი დამახასიათებელი რამ აქვს, რაც მას სხვა ელფერს მატებს - თავის შეწირვა. „ისტორიული“ ტერორისტი, ტერორისტული აქტით „ტკბობას“ ანიჭებდა მნიშვნელობას და სადღეისო, მითუმეტეს სახვალიო ცხოვრებაში თავის თავს ხედავდა.
თანამედროვე ტერორიზმში, რომელიც ექსტრემისტულ ისლამს უკავშირდება და არა ზოგადად ისლამს, მიზნის მისაღწევად ხშირად გამოიყენება თვითმკვლელობა, თავის აფეთქება ან ისეთი თავდასხმის განხორციელება, რომელსაც ტერორისტი ეწირება. პარიზში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა აღნიშნულის დასტურია. იქ, ტერორისტებმა თავიც აიფეთქეს და შეტევაც განახორციელეს, რომლის დროსაც დაიხოცნენ.
პარიზის ტერაქტი „ისლამურ სახელმწიფოში“ წარმატებულად შეფასდა, ვინაიდან 7-მა ტერორისტმა საიქიოს გაისტუმრა 130 ადამიანი, ორი იმდენი დაასახიჩრა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ისეთი შიშის ზარი დასცა მსოფლიოს, განსაკუთრებით საფრანგეთს - უკეთესს ვერც ერთი ტერორისტული ორგანიზაცია რომ ვერ ინატრებდა.
ტერორისტული აქტით შეძრწუნებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა განცხადება გააკეთა და განადგურებით დაემუქრა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს. ტერორისტების მიმართ მუქარის შემცველი იყო რუსეთის პრეზიდენტის პუტინის განცხადებაც. იმუქრებოდნენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მაგრამ რამდენად შეძლებენ ამ მუქარით „ისლამური სახელმწიფოს“ ან სხვა ტერორისტული ორგანიზაციების დაშინებას, ძნელი გამოსაცნობია.
ადამიანი, რომელიც თავს იფეთქებს ან ტერორისტულ შეტევაზე გადადის და სიცოცხლეს სასწორზე დებს, არ შეშინდება, ვინაიდან უკვე უხორცოა. უხორცობა კი ადამიანის ტვინის სხვაგვარი მოქმედების, მასზე ხანგრძლივი მუშაობის შედეგია.
თვითმკვლელებს ანუ შაჰიდებს ზრდიან. პატარა ასაკიდან იწყება გოგონების და ბიჭების თავის ტვინის გადაგვარება, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ამათუიმ ქვეყანის ტერიტორიაზე არსებულ ამათუიმ ტერორისტულ ორგანიზაციაში. ასე იყო და არის ავღანეთ-პაკისტანში გამაგრებულ „ალ-ქაიდასა“ და „თალიბანში“, ნიგერიაში მოქმედ „ბოკო ჰარამში“, სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე შექმნილ „ისლამურ სახელმწიფოში“, „ალ-ქაიდას“ ფილიალ „ჯებხატ ან-ნუსრაში“, ასევე სირია-ერაყის ტერიტორიებზე მოქმედ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებში, რომელთა უბრალო ჩამოთვლა ფურცელს ვერ დაიტევს.
ტერორიზმმა, წინაპართან შედარებით რომ ფერიცვალება განიცადა, ფაქტია. ფერნაცვალი ტერორიზმის აშკარა მაგალითია „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც სახელმწიფოობას იჩემებს და მის მიერ დაპყრობილ სირია-ერაყის ტერიტორიებზე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ლამობს. ტერორისტული ორგანიზაციის მხრიდან სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე ფიქრი სიახლეა ტერორიზმში.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერიტორია საკმაოდ დიდი ზომისაა, თანაც ისეთი სიმდიდრით ცნობილი, როგორიცაა ნავთობი. ათი მილიონი ადამიანი ცხოვრობს „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლს ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. სწორედ ამ ხალხის სამართავადაა შექმნილი სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული სტრუქტურები, შემოღებულია მარეგულირებელი წესები, ფულის ერთეული, მართვის სისტემა.
„ისლამური სახელმწიფო“ იზიდავს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს, სწავლულებს, რომლებიც უზრუნველყოფენ „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ მებრძოლთა ფიზიკურ და რაც მთავარია სულიერ წრთობას.
უწმინდურებასთან ბრძოლაა „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგია. უწმინდურები კი ქრისტიანები, შიიტები, ალავიტები, იუდეველები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან, ზოგ შემთხვევაში დაუმორჩილებელი სუნიტებიც. „ისლამური სახელმწიფოს“ უმთავრესი მიზანი, დიდი სახალიფოს შექმნაა - გიბრალტარიდან, ჩინეთის კედლამდე. ამ ერთობ ამბიციურ გეგმაში კავკასია და კერძოდ საქართველოც მოიაზრება.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ სხვა ვილაეთებთან ერთად, რომელიც რუსეთში შექმნა, საქართველოს (გურჯისტანის) ვილაეთიც დააარსა, რომელიც მჭიდრო კავშირში იქნება, ჩრდილო კავკასიაში შექმნილ ვილაეთთან. ცხადია, ყოველივე აღნიშნული სამომავლო გეგმაა (იქნებ სადღეისოც), მაგრამ რომ იტყვიან - სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ექსტრემისტული ისლამისთვის საქართველოს ტერიტორია ნაცადი ადგილია და ისეთივე „მშობლიური“, როგორიც „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქი რაქა (სირიის ტერიტორია).
საქართველო რახანია მჭიდროდაა დაკავშირებული ექსტრემისტულ ისლამთან. გავიხსენოთ პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი, მისი კავშირები ჩეჩნეთის ლიდერებთან - დუდაევთან, მასხადოვთან, მოგვიანებით გელაევთან; ჩეჩენი ლტოლვილებისთვის პანკისის კარის ფართოდ გაღება და ჩეჩენი ბავშვების, ქალების, მოხუცების შემოსვლასთან ერთად „ბოევიკების“ შემოდინება. და არა მარტო ჩეჩენი, არამედ არაბი, სხვადასხვა ქვეყნის ჯიჰადისტებით ქვეყნის გავსება.
საქართველო იყო სატრანზიტო გზა ჩრდილო კავკასიაში საბრძოლველად მიმავალი ათასი ჯურის და იქიდან საქართველოში „დასასვენებლად“ ჩამოსული „ბოევიკებისთვის“. პანკისში შესვლა ისე იყო გაძნელებული ნებისმიერი სახელმწიფო მოხელისთვის, როგორც მასონთა თათბირზე დასწრება. და ეს ყველაფერი აშშ-ს, დასავლეთის სხვა ქვეყნების საელჩოების „მახვილი თვალის“ ქვეშ ხდებოდა. მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ადგილი ამერიკელი დიპლომატების „გამოღვიძებას“, ელჩის მაილსის სახით, რომელსაც მოჰყვა სამთავრობო ოპერაცია და პანკისის „გაწმენდა“, მაგრამ ეს იყო და ეს.
სააკაშვილის ხელისუფლებამ მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ექსტრემისტული ისლამის წარმომადგენლებთან, როგორც ადგილობრივებთან, ისე უცხოელებთან, რის შესახებაც წერს თავის წიგნში ამერიკელი ექსპერტი ჯეიმს ჯატრასი. ტერორისტებთან ურთიერთობას კურატორობას უწევდა შს მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად სააკაშვილთან ერთად იმყოფება ოდესაში. იმჟამად არაერთ შეხვედრას ჰქონდა ადგილი თბილისში, რომელშიც მონაწილეობას „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლებიც იღებდნენ.
სააკაშვილი ოდესაშია, მაგრამ ხარბი თვალით უმზერს საქართველოს და დასაბრუნებლად ხან რას გეგმავს და ხან რას, მათ შორის „ბოევიკების“ გამოყენებას. ვისაც კარგად აქვს წაკითხული სააკაშვილ-მაკკეინის (აშშ-ს სენატორის) სატელეფონო საუბრები - პრესაში გამოქვეყნებული, იოლად მიხვდება რა „შავ-ბნელს“ უმზადებს „ნაცთა“ ლიდერი საქართველოს, „ბოევიკთა“ გამოყენებით და არა მარტო საქართველოს, რუსეთსაც. ასე, რომ საქართველოს და მის ხელისუფლებას უდავოდ დიდი დაფიქრება და რაც მთავარია ქმედითი ზომების მიღება სჭირდება.
აღნიშნულის შემხედვარეს უნდა გაჭირვებოდა ისეთი განცხადების გაკეთება, როგორიც პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ გააკეთა - დაახლოებით ასეთი შინაარსისა - ტერორი დიდ ქვეყნებს ემუქრება და არა ისეთ პატარას (ალბათ უნდა ეთქვა უსუსურსა და არაფრის მქმნელს), როგორიც საქართველოა, მაგრამ გააკეთა, ვინაიდან „ფერადი“ სათვალეებით უმზერს მეგობრი გიულის შვილის სამომავლო გეგმებს.
შეძლებს საქართველო ტერორისტებისგან თავის დაცვას? ალბათ, არ ღირდა ისეთი კითხვის დასმა, წინასწარ გამზადებული პასუხი რომ არის. საფრანგეთმა ვერ შეძლო და საქართველო შეძლებს?! როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი აცხადებს, რომ მარტო საფრანგეთი, რუსეთის, აშშ-ს დახმარების გარეშე ვერ შეძლებს ტერორიზმთან გამკვლავებას და ვაშინგტონ-მოსკოვს „უკაკუნებს“, სუსტი, ჩამოუყალიბებელი საქართველო რას გახდება?
„დასავლეთი ყველანაირად დაგვეხმარება, თუკი საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურება შეიმჩნევა“, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ მაისაია და მას სჯერა თავისი ნათქვამისა, თუმცა ბევრი კითხვის ნიშანი ისმება „დასავლეთის“ ხსენებისას.
ორ წელიწადზე მეტია, რაც საფრანგეთმა სტრატეგიული საინფორმაციო საშუალებები აშშ-ს სპეცსამსახურებს გადააბარა. შედეგი? - სავალალო. საფრანგეთის ხელისუფლებას არავითარი ინფორმაცია არ მიუღია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ პარტნიორისგან. რაც მიიღო, ერაყიდან იყო, რომელიც პარიზმა არაფრად ჩათვალა. საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს სპეცსამსახურების მიდგომა რომ უფრო უყურადღებო იქნება, დაუჯერებელია?!
გარდა ამისა, აშშ-ს დამოკიდებულება „ისლამური სახელმწიფოსადმი“ ისეთია (ყოველ შემთხვევაში პარიზის ტერორისტულ აქტამდე), როგორც მამის მხრიდან შვილის მიმართ. აშშ-ს „მზრუნველი ხელის“ შედეგია „ისლამური სახელმწიფო“ - შექმნილი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ჰეგემონიის გასაძლიერებლად და სხვათა, მათ შორის რუსეთის დასასუსტებლად. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტული მუხტი, მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, ისეთივე ძალისაა, როგორიც „ფერადი“ რევოლუციები, აღმოსავლეთის პარტნიორობა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და სხვა.
ცხადია, ტერორიზმი ან ნებისმიერი ზემომოყვანილი და უკვე განხორციელებული მაგალითები რუსეთს უცბათ ვერ დაანგრევს, მაგრამ ეკონომიკურად დაასუსტებს. სირიის ტერიტორიის დაბომბვაში რუსეთი დღე-ღამეში 5 მილიონ დოლარს ხარჯავს (რუსული ტელეარხის „ლაიფნიუსის“ მიხედვით). არანაკლებ ფული იხარჯება ნატოს გაფართოების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმაში, მტრადქცეული უკრაინის საზღვრების (რუსეთის მხრიდან) გამაგრებაში და ა.შ.
რუსეთი იძულებულია შეამციროს სოციალური ხარჯები, აგრეთვე სხვაც და ეს თანხები გადაისროლოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად. ტერორიზმი ისეთივე იარაღია აშშ-ს ხელში, როგორიც ეკონომიკური სანქციები ან თუნდაც ანტისარაკეტო სისტემა - ევროპაში განლაგებული, ოღონდ უფრო მკვეთრი და ბარბაროსული.
დავუბრუნდეთ საქართველოს და მას სააკაშვილ-მაკკეინის პრიზმიდან შევხედოთ. როგორც ერთი, ისე მეორე ოცნებობს საქართველოს ხელისუფლებაში „ნაცების“ დაბრუნებას. რა გზით შეიძლება მიზნის მიღწევა? როდესაც არჩევნების გზით გამორიცხულია, რჩება ბუნტი ანუ ხელისუფლებაზე უკმაყოფილო ხალხის აჯანყება და ამ ჯანყში „ბოევიკთა“ გამოყენება.
ასე, რომ, აშშ-ს მხრიდან დახმარება საეჭვოდ მოსჩანს. ვისაც ნამდვილი დახმარების გაწევა ძალუძს - რუსეთი და ირანია. ისინი ნამდვილად და არა ყასიდად ებრძვიან ტერორიზმს, „ისლაურ სახელმწიფოს“. ორივე მათგანი უდავოდ გაგვიწევს დახმარებას, ვინაიდან ორივე მათგანის სურვილია ამიერკავკასიის სიმშვიდე, რაც მათი სიმშვიდის გარანტიაა.
საქართველოს ხელისუფლებას მართებს ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების გვერდზე გადადება და რუსეთთან სტრატეგიული, ანტიტერორისტული ურთიერთობების ჩამოყალიბება. თუ საფრანგეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, ცდილობს ამას, ჩვენ რა გვიდგას წინ - ნატოს არაწევრ ქვეყანას, ევროკავშირთან მხოლოდ ასოცირებაში მყოფს და არა წევრს?
ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევწყვიტოთ იმ ტერმინოლოგიის გამოყენება, რასაც ექსპერტი გიორგი მჭედლიშვილი იყენებს: „თუ გავითვალისწინებთ რუსეთის სტრატეგიას - ყველანაირად დაასუსტოს საქართველო...“. ისედაც დასუსტებულს და გავერანებულს, მეტი რაღა დასუსტება უნდა? და დავადგეთ „რეალპოლიტიკის“ გზას, წინააღმდეგ შემთხვევაში განსაცდელი არ აგვცდება.
მაგრამ, რა პირით უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ ან ერთს, ან მეორეს, როდესაც პირშავად არის მათთან?
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, „ოცნების“ მმართველობის სამი წლის განმავლობაში საქართველო-ირანის ურთიერთობები პრობლემების ქარცეცხლშია. არადა, სააკაშვილის, მითუმეტეს შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში ორ ქვეყანას შორის, გაცილებით საქმიანი, პრაგმატული კავშირები იყო. ურთიერთობის „გაცივებაში“ ირანის დადანაშაულება, წაწყმენდაა. გამოდის, საქართველოს ხელისუფლებაა „სიცივის“ შემტანი ადრე არსებულ ერთობ „თბილ“ ქართულ-ირანულ ურთიერთობებში.
აღნიშნულის შესახებ ილაპარაკა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა აბას თალები ფარიმ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს. მრავალ ქვეყანაში ნამუშევარ, გამოცდილ, კარიერის დიპლომატს, საქართველოში თავისი მოღვაწეობის პერიოდში მცდელობა არ დაუკლია ორი ქვეყნის ურთიერთობათა გასაუმჯობესებლად. როგორც იტყვიან, სანთელ-საკმეველი გზას არ კარგავს და საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან ირანის გაუცხოების თემას შესაძლოა წერტილი დაესვას.
საქართველოს ხელისუფალთ, ირან-„ექვსეულს“ (გაეროს 5 მუდმივი წევრი და გერმანია) შორის ვენაში მიღწეულმა შეთანხმებამ, აშკარად დაანახა, რომ ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის და მასთან ურთიერთობა შესაძლებელია. გარდა ამისა, მას არავინ დასჯის ამ ურთიერთობისთვის, არც აშშ-ი და არც ევროკავშირი. სწორედ მათი „დამრიგებლური“ თითის ქნევის შედეგად გაუარესდა რეგიონის დიდწონიან ქვეყანასთან ურთიერთობა.
მაინც რა გაუარესებაზეა ლაპარაკი?
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გაუქმებაზე; საქართველოში ირანული ბიზნესისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნაზე; საბანკო ოპერაციების გაუქმებაზე; ტურიზმის კატასტროფულ დონემდე დაყვანაზე; უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე და მის ნაცვლად მკაცრი სავიზო სისტემის შემოღებაზე და სხვა.
აქვე აღვნიშნავ ირანის მხარის კეთილ განწყობაზეც. მან, მიუხედავად ქართული მხარის ამჩატებული მოქმედებისა, არ შემოიღო საქართველოს მოქალაქეებისთვის ირანში შესასვლელი ვიზები. ერთი სიტყვით, საქართველოს ხელისუფლება აჰყვა დასავლელთა და ისრაელის მოწოდებას, გააუარესა ირანთან ურთიერთობა, რითაც თვით გაიუარესა ეკონომიკური მდგომარეობა.
სამწლიანი გაუცხოების შემდეგ ვითარება იცვლება, როგორც გვპირდებიან, უკეთესობისკენ, თუმცა ზემომოყვანილ ნეგატიურ საკითხებს პრაქტიკულად ჯერ-ჯერობით არაფერი დატყობია, მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი დაპირებისა.
საქართველო, აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორია“, ასე თვლის ქართველობა. ამდენად მისი პოლიტკური კურსი ვაშინგტონზეა დამოკიდებული, მაგრამ, როდესაც ხედავს, რომ ამ უსიტყვო მორჩილებას თან ახლავს ნეგატიური მოვლენებიც, იმის თავიც არ აქვს ოდნავი კორექტივები შეიტანოს საკუთარ გადაწყვეტილებებში, ცხადია თავის სასარგებლოდ.
საქართველოს ხელისუფლებას რომ ჯეროვანი ყურადღება დაეთმო ირანის მიერ შემოთავაზებული გეგმის განხორციელებისთვის, არაერთი მილიარდი დოლარი ჩაიდებოდა საქართველოს ეკონომიკაში. კონკრეტული პროგრამები იყო შემოთავაზებული სოფლის მეურნეობის, ენერგორესურსების, წყლის რესურსების, გაზით მომარაგების, სატრანსპორტო კომუნიკაციების დარგებში.
ირანი აქტიურადაა ჩართული ანტიტერორისტულ ომში. ის მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს და რუსეთთან ერთად მტკიცედ აცხადებს ამის თაობაზე. ირანს რეგიონში უძლიერესი სამხედრო ძალები ჰყავს.
ირანის შეიარაღებული ძალები გამოირჩევა მაღალი პატრიოტიზმით, პროფესიონალიზმით, სამხედრო საქმის ცოდნით. გარდა ამისა, მას დიდი რეზერვიც ჰყავს. ირანის შეიარაღებული ძალები ორ მთავარ კომპონენტს მოიცავს. ესენია - შეიარაღებული ძალები, რომელიც შედგება სახმელეთო, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, სადაც არის როგორც ქვეითი, ისე საზღვაო და საჰაერო ძალები. თავის დროზე აიათოლა მონთეზარიმ განსაზღვრა ამ კორპუსის ფუნქცია - რევოლუციის დამცველი. მას აქვს ფართო რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო უფლებამოსილება.
კორპუსის უმაღლეს მხედართმთავრად მიჩნეულია - ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაური აიათოლა ხამენეი. კორპუსის უშუალო მეთაურია (2007 წლიდან) გენერალ-მაიორი მოჰამედ ალი ჯაფარი.
კორპუსი არის ირანის ისლამური რესპუბლიკის სახე - კარგად აღჭურვილი, ჩაცმული და შესაბამისი ფინანსებით უზრუნველყოფილი. კორპუსის ფრთებქვეშ არის სახალხო ლაშქარი „ბასიჯი მოსტოზაფანი“ (უპოვართა სამობილიზაციო ძალა) – 300000 კაცის შემადგენლობით. ლაშქარი აერთიანებს 12-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს. ომის შემთხვევაში, სწორედ ისინი ჩადგებიან პირველ რიგებში. ოფიციალური წყაროს მიხედვით, ირანს შეუძლია იარაღქვეშ 20 მილიონი ადამიანის დაყენება.
ირანის შეიარაღებულ ძალებს ანგარიშს უწევენ არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოში. რუსეთთან ერთად სწორედ ის მიიჩნევა ძალად, რომელმაც წელში უნდა გადატეხოს „ისლამური სახელმწიფო“. ღირს, ასეთი ძალის იგნორირება საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან?
„ისლამური სახელმწიფოდან“ გამოქცეული ტერორისტები რომ ახლომდებარე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს შეაფარებენ თავს, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაართმევს თავს მათთან ბრძოლას, რეალური დახმარების გარეშე. ასეთებად დღეს-დღეობით რუსეთ-ირანია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
20/11/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.