ტერაქტებიდან, ამერიკის სოციალურ გამოღვიძებამდე

hamlet chipashvili-politologi

ბრიუსელის ტერორისტულმა აქტმა მნიშვნელოვანი კორექცია შეიტანა, როგორც მედიის, ისე პოლიტიკის მუშაობაში. ბელგიელები შეშინდნენ, ისე, როგორც ფრანგები, გერმანელები, ევროპის სხვა ქვეყნების მოსახლეობა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ყველა მათგანმა იგრძნო რეალური საფრთხე - საკუთარ ზღურბლზე მომდგარი, მანამდე რომ შორეულად, მითუმეტეს ვირტუალურად თვლიდდნენ.
როდესაც შორს, ავღანეთში, აფრიკის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთში, თუნდაც ერაყში დღეგამოშვებით მომხდარ ტერაქტებს სხვისად მიიჩნევ და მათში დაღუპულ ასობით ადამიანს სტატისტიკურ მსხვერპლად, ვერაფრით დაიჯერებ მსგავსი აქტების ევროკავშირ-ნატოს დედაქალაქ ბრიუსელში განხორციელებას. ევროკავშირის კომისარ მოგერინის, რომ ცრემლი „შორეულ“ ტერაქტებზე ჩამოგორებოდა, არც პარიზის და არც ბრიუსელის ტერაქტები იქნებოდა. მოგერინის ცრემლი, რომ ოდესის პროფკავშირების სასახლეში, ფაშისტების მიერ გამომწვარი ადამიანების გამო ჩამოგორებოდა, ევროპული ტერაქტები არ იქნებოდა. რომელიმე ევროკომისრის ცრემლი, რომ ყოფილიყო არც პაკისტანის ქალაქ ლაჰორის ტერაქტი იქნებოდა - ორჯერ დიდი მსხვერპლით, ვიდრე ბრიუსელის.
ევროპამ, ამერიკელთა კარნახით, ის დარგო, რამაც ტერორისტული ნაყოფი გამოისხა. „ისლამური სახელმწიფო“ იმუქრება ახალი ტერორისტული აქტებით - „რაც ნახეთ, ჟურნალია, კინოს ახლა იხილავთო“, - აცხადებს ის და თითს აშშ-კენ იშვერს - ერთ დროს მამად წოდებულისკენ. ტერორიზმმა, რომელმაც საკუთარი თავის დანდობა არ იცის - დედ-მამას დაინდობს?
ისე, როგორც ყოველთვის, შეცდნენ აშშ-ს სპეცსამსახურები, მაგრამ შეცდნენ კი? იქნებ ქაოსი, შიში იყო მიზანი მათი და არა მშვიდი ცხოვრება?
პოლიტიკური ნიშნით შექმნილი „ისლამური სახელმწიფო“, მანამდე „ალ-ქაიდა“, სხვა ტერორისტული ორგანიზაციები უდავოდ ამართლებენ მიზანს - არასასურველი ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა. ერთ-ერთი ასეთი რუსეთის ხელისუფლებაა, რომელმაც დროულად გამოიცნო დასავლური გეგმები და ტერორიზმს, საკუთარ ბუდეში ეკვეთა.
დაბნეულმა დასავლეთმა, ნაცვლად მხარდაჭერისა, დაგმო რუსეთის ქმედება და სირიაში შესვლა აგრესიად მოიხსენია. უფრო მეტიც, მისმა მედიამ თავს უფლება მისცა რუსეთის დადანაშაულებაში - მისი (რუსეთის) განცხადება ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით ნაკლებად გულწრფელია და ეჭვებს ბადებსო. დასავლური „სიბრძნე“ უმალ აიტაცეს უკრაინელმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა და ბრიუსელის ტერაქტების ორგანიზატორად რუსეთი დაასახელეს.
რომ იტყვიან, დასავლური უკანალის ლოკვას საზღვარი არ აქვს. მართალია, უკრაინულ-ქართულმა „აღმოჩენამ“ ვერ გაიხარა, მაგრამ ხინჯი დატოვა, უპირველესად რუსეთში, რომელიც უდავოდ იტყვის ამის შესახებ, შესაბამის ვითარებაში, ისე, როგორც კარასინმა, სულ ახლახანს. და იქნება თუ არა ამ შემთხვევაში რუსული პოლიტიკა მართალი? ცხადია, იქნება, ვინაიდან ცილისწამებას ამხელს, ისე, როგორც კარასინმა ამხილა ქართველ „პოლიტიკოსთა“ ავსიტყვაობა რუსეთის მიმართ.
დასავლეთი ვერადავერ ხვდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ერთი ქვეყნის პრობლემა არ არის. ის, ყველას პრობლემაა და გაერთიანებას მოითხოვს. ბრიუსელის ტერორისტულმა აქტმა მთლად გააშიშვლა დასავლური ზედაპირულობა, მზაობა ტერორიზმთან ბრძოლაში და რაც მთავარია უსუსურობა, საკუთარი მოსახლეობის დაცვის საქმეში. ბრინჯივით დაიბნა ევროპა. დაბნეულობა დღესაც გრძელდება. იძახონ ახლა „ადამიანის უფლებები“, „ცივილიზაციათა თანაცხოვრება“, „ლტოლვილთა ასიმილაცია-სოციალიზაცია“.
როდესაც არსებობს შურისძიების გრძნობა, როდესაც ლტოლვილი თვლის, რომ მის გაუბედურებაში ევროპას მიუძღვის წვლილი - „ცივილიზაციათა თანაცხოვრება“ ვერ შედგება. როდესაც ლტოლვილი თვლის, რომ დასავლურმა პოლიტიკამ აიძულა სამშობლო მიეტოვებინა და ევროპას შესეოდა - „თანაფარდობაზე“, „ადამიანის უფლებებზე“ ლაპარაკი მხოლოდ ფიქციაა.
საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი, ტერორიზმის მსხვერპლი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, შესაბამის ნაბიჯებს დგამს ამ სენთან საბრძოლველად. მან გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია და მზადაა გაუზიაროს დასავლეთს. დასავლური რეაქცია - ნული. „ყველასთან ურთიერთობა, მაგრამ არა რუსეთთან!“ - დასავლეთის პასუხი.
25 წელიწადია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. იმჟამინდელი პოლიტიკა, ცხოვრების წესი, ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ სახელმწიფო მართვის სისტემა მეტნაკლებად შენარჩუნდა. ცხადია, ნაკლებად, ვიდრე მეტად, მაგრამ თუნდაც ის ძველი სახელმწიფო მანქანა, რომელსაც ვითომ ყავლი გაუვიდა, იძლევა ქვეყნის დაცვის საშუალებას. სწორედ მან უზრუნველყო ჩეჩნური ტერორიზმისთვის წერტილის დასმა. არადა, ის (ტერორიზმი) ხომ ჩეჩენი ხალხის „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის“ ბრძოლად იყო შეფასებული ამერიკელ-ევროპელების მიერ? განა ტეტჩერი, სხვა დასავლელი პოლიტიკოსები თავზე ხელს არ უსვამდნენ დუდაევს, მასხადოვს, სხვებს?
მაშინაც და დღესაც დასავლეთის პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტები მოქმედებს, რასაც თვით აშშ-ს ექსპერტები, პოლიტიკოსთა ნაწილი არ უარყოფს. სულ ახლახანს, აშშ-ს პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა მილიარდერმა ტრამპმა თქვა, რომ გაუგებარია ორმაგი ბრძოლის წარმოება ანუ ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ და იმავდროულად სირიის პრეზიდენტ ასადთან. ასადი ნაკლები ბოროტებაა და ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
ტრამპი - პირველია რესპუბლკელებს შორის და მეტად განსხვავებული. მისი განცხადება, რომ ევროპისთვის რუსული ენერგომატარებლები უფრო ფასეულია, ვიდრე უკრაინისთვის მხარდაჭერა, განა სიახლე არ არის ტრადიციულ ამერიკულ პოლიტიკურ აზროვნებაში? ავიღოთ თუნდაც ის, რასაც ტრამპი ამბობს პუტინთან მიმართებაში - საერთო ენას გამოვნახავთო. მას მოსწონს პუტინი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, პოლიტიკოსი, მაგრამ არ მოსწონს აშშ-ს პოლიტიკა. და დაუფარავად აცხადებს, რომ შეცვლის.
ტრამპი პოლიტიკოსი არ არის. მას თავისი ცხოვრების 69 წელი ბიზნესში აქვს გატარებული. მისი სიტყვა არ არის დატვირთული ამერიკული პოლიტიკური ვირეშმაკობით, ორმაგი სტანდარტით. მისი სიტყვები ხალასია, სწორედ ამიტომაც მოსწონს ის ხალხს. ხალხს მოსწონს, მაგრამ „რესპუბლიკელ მამებს“ სძულთ. რას არ უწოდებენ მას - გიჟს, გადარეულს, უცოდინარს, დილეტანტს და ა.შ. და რაც უფრო აგინებენ, მით უფრო მეტ ხმებს იზიდავს მილიარდერი.
ეს, ის კანდიდატია, რომელიც საკუთარ ფულს ხარჯავს წინასაარჩევნო კამპანიაში, რითაც მკვეთრად განსხვავდება სხვებისგან. ეს, ის კანდიდატია, რომელიც მხოლოდ 25 მილიონი დოლარის ხარჯვას აფიქსირებს - ჯერ-ჯერობით ანუ ყველაზე ცოტას, ყველა დანარჩენ კანდიდატთან შედარებით.
„დემოკრატიულ“ აშშ-ს ყველა დონის არჩევნები, მითუმეტეს საპრეზიდენტო, რომ ფულის ტომრების შეჯიბრია, ფაქტია. არ გექნება ფული - მილიონები, მილიარდები, ვერ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში. მსუყე შემოწირულობა - დაშვებულია. ამჯერად, ამ მხრივ პირველი, ჰილარი კლინტონია. მას ბევრი ფულის ტომარა უჭერს მხარს. და თუ გაიმარჯვა - ვალში არ დარჩება - ჩამოურიგებს რა მათ სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის „დიპლომატობას“ ანუ ელჩობას ამათუ იმ ქვეყანაში.
აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის 40% ხომ სწორედ უვიცი ელჩებითაა გაჯერებული. მათ უმრავლესობას, ელჩად დანიშვნამდე არა თუ რამე აკავშირებდა მასპინძელ ქვეყანასთან, მარტივი წარმოდგენაც არ ჰქონდა მის შესახებ.
ძნელია თქმა იმისა, ვინ გაიმარჯვებს. ზოგი კლინტონს გაიძახის, ზოგიც ტრამპს. მაგრამ ტრამპის გამარჯვებას რომ სხვა პოლიტიკური აზროვნება მოჰყვება, ფაქტია. სწორედ ეს აშფოთებს რესპუბლიკელებს - ტრადიციული ამერიკული პოლიტიკისთვის წყლის შეყენება. ტრამპმა (გაიმარჯვებს თუ არა) თავისი გააკეთა. მან შეცვალა ამერიკული აზროვნება, უფრო სწორად სხვა კალაპოტისკენ მიმართა, რაც უდავოდ გამოიღებს შედეგს.
არანაკლები ძვრები მოახდინა „დემოკრატმა“ სანდერსმა. ის საერთო ჯამში აგებს არჩევნებს, მაგრამ ზოგ შტატში მოგებული „პრაიმარისი“ უდავოდ მიანიშნებს ამერიკის გამოღვიძებაზე. ამ ამერიკას „სოციალური“ უფრო ჰქვია. უპოვართა, დაჩაგრულთა, ღარიბთა საკითხების გულწრფელმა გამოაშკარავებამ ხელი შეუწყო 75 წლის კანდიდატის პოპულარობას. და თუ ის დამარცხდება კლინტონთან ბრძოლაში, მაინც გამარჯვებული იქნება.
მან ის ამერიკა გამოაფხიზლა, რომელიც სოციალური საფეხურის ქვევითაა. ამერიკა, რომელიც წუხს სოციალური ფენების უთანაბრობაზე. წუხს ერთი მუჭა მილიარდერების მიერ დიდი ფულის კონტროლზე. შტატები, რომელშიც სანდერსმა გაიმარჯვა, ცოტაა, მაგრამ დღეს. ხვალ კი მათი რაოდენობა გაიზრდება.
სანდერსი, ისე, როგორც ტრამპი - პოლიტიკური პიონერები არიან. ისინი „თეთრ ყვავებად“ მიიჩნევენ. მაგრამ ხალხი, რომელიც მათ უჭერს მხარს - ისინიც „თეთრი ყვავებია“?
ნამდვილად არა! ისინი, აშშ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მოწინააღმდეგენი არიან. ადამიანები, რომლებსაც გარდაქმნა სურთ. მათ კარგად იციან, რომ ძველებური ცხოვრება - მეტადრე სიცრუეზე აგებული, არ უნდა გაგრძელდეს. მხოლოდ შეცვლილი ამერიკა იქნებოდა შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკის საწინდარი, ახალი საერთაშორისო ურთიერთობების წყარო, რაც საქართველოსაც გამოადგებოდა - გაცილებით მეტად, ვიდრე დღევანდელი.
იქნებ, მაშინ ვიგრძნოთ თავი ნამდვილ „სტრატეგიულ პარტნიორად“, დღეს რომ ბატონმყობის სუნი ასდის. იქნებ მაშინ იფიქროს აშშ-ს ადმინისტრაციამ, რომ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, გარდა ხელისუფლებისა, მისი ოპოზიციისა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მისი (აშშ-ს) მეხოტბე მედიისა, სხვაც ცხოვრობს - ანუ მოსახლეობის 90% - მშიერი და მწყურვალე, ბიზნესისა და პოლიტიკის მიერ დაბეჩავებული.
ვგრძნობ კალამი გამექცა - აუხდენელი ოცნების დევნაში. მაგრამ მართლაც აუხდენელია ჩემი, ჩვენი, ხალხის (ზემომოხსენებულთა გამოკლებით) სურვილი? იქნებ ორმაგ სტანდარტებში ცხოვრებას, ისეთში სჯობს, სადაც სიმართლე ითქმის, მარტივად და გასაგებად. იქნებ ჩახუჭუჭებულ მზაკვრულ გეგმებს - მარტივი და გასაგები გეგმები სჯობს? სწორედ ასეთი, წერტილს დაუსვამს სოციალურ უთანაბრობას და მისგან გამომდინარე „თეთრთა“ და „შავთა“ დაპირისპირებას, ტერორიზმს და ყოველივე უხამსობას, რასაც დღეს აქვს ადგილი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
28/03/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.