ჯამალა, ყირიმი, სტალინი

Hamlet Chipashvili - politologi

სტალინის სახელი ისე ჟღერს, თითქოს ჩვენს გვერდით იყოს. მისი ხსენებით მაისი, სხვა თვეებთან შედარებით სარეკორდოა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მაისში კაცობრიობამ 71-ჯერ იზეიმა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება - ზოგმა გრანდიოზული სამხედრო პარადით, ზოგმა სახალხო სეირნობით.
დიდი პარადი ჩატარდა მოსკოვში - ახალი სამხედრო იარაღის დემონსტრირებით და თითქმის მილიონიანი „უკვდავი პოლკის“ სახალხო მსვლელობით. სამხედრო პარადები გაიმართა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - აზერბაიჯანში, სომხეთში, სხვაგან.
არც ერთ ღონისძიებაში, რომელიც ხელისუფლების ეგიდიდ ჩატარდა, სტალინი არ უხსენებიათ, მაგრამ ეს როდი ნიშნავს მისი სახელის დავიწყებას. ის ახსოვთ, მეტადრე სამზარეულოში, როდესაც ჯერაც შემორჩენილი სამამულო ომის ვეტერანები იხსენებენ ომის პერიპეტიებს. ძალს ისინი და ძალს ხელისუფლება, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს რუსეთში მცხოვრებ ხალხს დაავიწყოს სტალინის სახელი და ომში გამარჯვება მხოლოდ ხალხს მიაწეროს.
რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მოკლე სიტყვაში, რომელიც მან, როგორც მხედართმთავარმა „წითელ მოედანზე“ გარინდული სამხედროებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოთქვა, ნახსენები იყო მხოლოდ გმირი საბჭოთა ხალხი. ვეჭვობ, რომ „წითელ მოედანზე“ შეკრებილები გონების კუნჭულში არ იხსენებდნენ სტალინს. ალბათ იხსენებდნენ, ვინაიდან სხვაგვარად შეუძლებელია მეორე მსოფლიო ომის გახსენება სტალინის, რუზველტის, ჩერჩილის, თუნდაც ჰიტლერის გარეშე. ისე, როგორც წარმოუდგენელია სირიაში რუსეთის სამხედრო შეტევის დაწყება მხედართმთავარ პუტინის გარეშე. და რაც არ უნდა ვიძახოთ საბჭოთა ხალხის გმირობაზე - ის ვერაფერს გახდებოდა მხედართმთავრის გარეშე.
სტალინის სახელი არ უხსენებიათ, თუმცა დოკუმენტურ თუ მხატვრულ ფილმებში, რომლებიც უხვად გადაიცემოდა სადღესასწაულო დღეებში - ის ხშირად ჩანდა, როგორც ტირანი. იშვიათად, როგორც გონიერი, სამშობლოზე ფიქრით გათანგული ადამიანი.
იყო მძიმე შეფასებაც - 9 მაისის პარადისა და „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის კომენტარების დროს ტელეკომპანია „Россия-24“-ზე. ცნობილმა ჟურნალისტმა სოლოვიოვმა შეაფასა რუსი და საბჭოთა ხალხების გმირობა, რომლებმაც გაუძლეს როგორც ჰიტლერის, ისე სტალინის რეპრესიებს. მან ისიც დაამატა, რომ ამისთვის სტალინს პასუხს საიქიოში მოსთხოვენ.
სტალინის სახელმა, მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთხელ გაიჟღერა ევროვიზიის სიმღერის ფესტივალზე შვეციის დედაქალაქ სტოკჰოლმში, როდესაც თათრული წარმოშობის უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ საკუთარი სიმღერა ყირიმელი თათრების გადასახლებას მიუძღვნა. სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებმა თვალი დახუჭეს ჯამალას სიმღერის აშკარა პოლიტიკურ ტექსტზე. არადა მსგავსი პოლიტიკური შეფერილობის სიმღერა აკრძალულია კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ. მაშ, რამ გამოიწვია ჯამალას კონკურსში დაშვება? პოლიტიკამ, რომელმაც სამწუხაროდ კულტურაშიც შეაღწია.
„დემოკრატიული“ დასავლეთი, რომელიც თითქმის საუკუნეა ებრძვის სტალინს და აქედან გამომდინარე საბჭოთა კავშირს, მის მემკვიდრე რუსეთს, ასეთ შანსს ხელიდან გაუშვებდა?
ყირიმელი თათარი ჯამალა, რომელიც მღერის 1944 წელს სტალინის მიერ გადასახლებულ ყირიმელ თათრებზე, თავისთავად ახსენებს მსოფლიოს საწყალი თათრების გადასახლების საშინელებას და არანაკლებ საშინელ დღევანდელობას - რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. ასეთ პოლიტიკურ საჩუქარზე ნამდვილად ვერ იტყოდა „დემოკრატი“ დასავლეთი უარს.
და მოხდა ის, რასაც მუდამ აქვს ადგილი „დემოკრატიული“ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ - თვით ევროპელ მაყურებელთა რჩეული რუსი მომღერლის ლაზარევის ჟიურის მიერ მესამე ადგილზე გადასროლა და ჯამალას გაპირველება.
ჯამალას გამარჯვება დასავლური „დემოკრატიის“ გამარჯვებაა. მსოფლიოს 200 მილიონმა მაყურებელმა ჯამალასთან ერთად გაიხსენა სტალინის რეპრესიები, ყირიმელი თათრების გადასახლება, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. წარმატებით დაიხატა პუტინის რუსეთის - სტალინის მემკვიდრის, მტარვალური სახე, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყირიმსა და უკრაინაში ყირიმელი თათრების დეპორტაციის დღის, 18 მაისის გახსენებისას. კიევის საოპერო თეატრში ამ ღონისძიების აღსანიშნავ საღამოზე გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ ნეგატიურ კონტექსტში სტალინიც გაიხსენა და პუტინიც და თქვა, რომ უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს.
სტალინის სახელი, როგორც ტირანის, კიდევ ერთხელ გაჟღერდა. კიდევ ერთხელ დააწვა ე.წ. დემოკრატია ადამიანის ტვინს, კიდევ ერთხელ შეეცადა „დემოკრატია“ სტალინის მომხრეთა ბანაკის დალაშქვრას და გადაბირებას. სისტემატური ლანძღვა-გინება ხომ თავისას შვება?!
სტალინმა გადაასახლა უდანაშაულო ყირიმელი თათრები, თურქი-მესხები, სხვები. მარტო 18 მაისს, სატვირთო ვაგონებში 70000 ყირიმელი თათარი შეყარეს და ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. ანალოგიურ მისამართზე გაიგზავნა თურქი-მესხებიც. სტალინის სიკვდილის შემდეგ ეს აქტი დანაშაულად შეფასდა, პუტინმა კი გადასახლებულთა რეაბილიტაციის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ინფორმაცია, რომელიც ხალხს მიეწოდა, ვერაფრით დაიკვეხნის ობიექტურობას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, 1944 წლის 18 მაისს სტალინი ცუდ ფეხზე ადგა და გამოუძინებელმა უბრძანა ბერიას ყირიმელი თათრებისა და მესხეთელი თურქების გადასახლება.
მავანი იოლად დარწმუნდება სტალინის მტარვალობაში, შურისძიებით გამოწვეულ აქტში, რასაც უდანაშაულო ყირიმელი თათრების (200000 ადამიანის) გადასახლება ჰქვია. ცალმხრივი ინფორმაციის პირობებში გინდა თუ არა, დაიჯერებ. ადამიანთა უფლებების დამცველის ალექსეევას ნათქვამსაც დაიჯერებ, რომ - „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“ - სტალინის გამოგონილი სისულელეა და არც ერთი ჯარისკაცი ამ ლოზუნგით მტერს არ შებმია. დაიჯერებ ვოლკოგონოვის ნაწერს, რომ სტალინი ფრონტზე არ გასულა, ვინაიდან მშიშარა იყო. დაიჯერებ „მწერალ“ სუვოროვის ნაბოდვარს, რომ მეორე მსოფლიო ომი სტალინმა დაიწყო.
დაიჯერებ ათას სხვა სიყალბეს, მაგრამ არ დაიჯერებ სინამდვილეს, ვინაიდადნ იშვიათობაა, ლიბერალთა მიერ გადმოფრქვეული ანტისტალინური ქმედების საპირისპირო ფაქტია. მის შესახებ არსად იწერება, არსად ითქმის, მითუმეტეს ელექტრონულ მედიაში, მაგრამ საკმარისი იქნება პუტინის მიერ რაღაც დადებითის თქმა სტალინთან დაკავშირებით, უმალ ყველა რუსული არხი აქოთქოთდება, ყველა ერთხმად „იმღერებს“ სტალინის ოდას.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - იმჟამინდელი ეპოქის თანამედროვე საზომით გაზომვა შეცდომაა. ის ეპოქა მიუკერძოებელმა ისტორიკოსებმა, ექსპერტებმა, მეცნიერებმა უნდა შეაფასონ - საარქივო მასალებზე, სტალინის თანამებრძოლთა და იმ ეპოქაში მცხოვრებ პოლიტიკოსთა, მწერალთა, სამხედროთა, ხელოვანთა, დიპლომატთა ნაწერებზე დაყრდნობით. რამეთუ სტალინი უდავოდ მეოცე საუკუნის მოვლენაა და მას სიღრმისეული შესწავლა სჭირდება.
მაინც რით იყო გამორჩეული 1944 წელი და რამ გამოიწვია სტალინის მკვეთრი გადაწყვეტილება ხალხთა გადასახლებასთან დაკავშირებით?
დიდი სამამულო ომის დამთავრებამდე ერთი წელი იყო დარჩენილი. საბჭოთა არმია წარმატებით აწარმოებდა ომს ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ. ქალაქს-ქალაქზე, სოფელს-სოფელზე ათავისუფლებდა და დაბეჯითებით მიიწევდა წინ ბერლინისკენ. ფაშისტების ოკუპაციიდან გათავისუფლებულ ტერიტორიათა შორის ყირიმიც იყო. „წითელი არმიის“ მიერ ყირიმის გათავისუფლებას სიხარული არ გამოუწვია იქაურ თათრებში. იყო ამის საბაბიც - ოკუპაციის დროს კოლაბორაციონიზმი ფაშისტურ გერმანიასთან.
მკითხველი უდავოდ იკითხავს - გათავისუფლებული ყირიმიდან თათრების გადასახლება რაღა საჭირო იყოო. და უმალ დაუმატებს - მოღალატე თათრების მიმართ სტალინის შურისძიებას.
ცხადია, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, ისე, როგორც სხვას. აი, თუნდაც ასეთს - საბჭოთა არმიის წინსვლამ თავისთავად გააჩინა „დიდი სამეულიდან“ ორში ეჭვი - საბჭოთა დომინანტობისა ევროპასა და მსოფლიოში. ეს მოსაზრება ძილს უფრთხობდა ინგლისის პრემიერ-მინისტრ ჩერჩილს, რაც კარგად ჩანს მის ნაწერებში. მისი აზრით, შეტევაზე გადასული „წითელი არმია“, მოკავშირეთა დაუხმარებლად, თავისუფლად გავიდოდა ატლანტიკის ოკეანემდე.
ჩერჩილის მოსაზრებამ, „წითელი არმიის“ შეჩერებასთან დაკავშირებით, მოკავშირეც იპოვა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ტრუმენის სახით და მესამე მსოფლიო ომის წამოწყების იდეას - ყოფილ მოკავშირეებს შორის, ფრთები შეესხა. ამ საქმისთვის „გადანახულ“ იქნა ტყვედ ჩავარდნილი გერმანელი სამხედროების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მათი დიდი ნაწილი აშშ-ა შეიფარა. მათ შორის იყვნენ უკრაინელი ფაშისტები-ბანდერელები.
შემუშავებულ იქნა საბჭოთა ქალაქების ატომური ბომბებით დაბომბვის გეგმაც, პარალელურად სახმელეთო შეტევაც სამხრეთიდან, თურქეთის მიერ, მაგრამ კრემლის დაუღალავმა დიპლომატიურმა სვლებმა, აღნიშნული გეგმის დროულმა გამომზეურებამ და უკვე ყოფილი მოკავშირეებისთვის თქმამ, შეაფერხა, მოგვიანებით კი ხელი ააღებინა „მოკავშირეებს“ მისი განხორციელებისგან.
მოსალოდნელი საფრთხე აიძულებდა კრემლს გადაედგა კარდინალური ნაბიჯები. ყირიმი და საქართველოს სამხრეთი სტრატეგიულ ზონებად მოიაზრებოდა და ამდენად იქ მცხოვრები მოსახლეობის ლოიალურობა საბჭოთა ხელისუფლების მიმართ მყარი უნდა ყოფილიყო, არა ისეთი, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი. აი, რასაც მანამდე ჰქონდა ადგილი სიტყვა ლოიალურობას სულაც არ მიესადაგება. თუ რას მიესადაგება, მკითხველმა განსაზღვროს.
მაშ ასე, „მესამე რეიხის“ ინტერესი ისლამის მიმართ გამოწვეული იყო ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანური ქვეყნების უაღრესად აგრესიული დამოკიდებულებით კომუნისტებისა და ებრაელების მიმართ. ნაცისტთა განსაკუთრებული ყურადღება გამოვლინდა მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ირანის მიმართ. ამ ქვეყნის სახელწოდება „ერან-ვეჯ“ ანუ „არიელთა ქვეყანა, 1934 წელს შაჰ რეზა ფეჰლევის მიერ იქნა შემოღებული, ირანში გერმანიის დიპლომატიური მისიის რჩევით. გერმანიის ხელისუფლება ნებას რთავდა „წმინდა არიული სისხლის“ მატარებელ გერმანელ გოგონებს ცოლად გაჰყოლოდნენ ირანის ელიტარული წრეების მამაკაცებს.
გერმანელებმა შიიზმი გამოაცხადეს „წმინდა არიულ“ რელიგიად, პრიორიტეტულად სემიტურ-სუნიტურ არაბულ ისლამზე. გარდა ამისა, ფაშისტებმა გაავრცელეს მოსაზრება ჰიტლერის დაბადებასთან დაკავშირებით, თითქოს მას დაბადებისას წელზე მწვანე ზოლი ჰქონდა ანუ მუსლიმი წმინდანის ნიშანი. გერმანელი პროპაგანდისტები აცხადებდნენ, რომ ჰიტლერი (ამ ნიშნით დაბადებული) არის მაჰდი - მე-12 იმამი, წინასწარმეტყველი მუჰამედის შთამომავალი, რომელიც უხელმძღვანელებს მუსლიმანებს და აღადგენს სამართლიანობას დედამიწაზე. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ ჰიტლერმა მიიღო მუსლიმანობა და სახელად დაირქვა ჰეიდარი.
პროპაგანდასთან ერთად გააქტიურდა გერმანელთა მოქმედება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. მიზანი მათი იყო მუსლიმანთა გადაბირება, სამხედრო ჯგუფების შექმნა და მათი დაპირისპირება ინგლისელებთან. ირანის შაჰ რეზა ფეჰლევის არ სურდა ნეიტრალიტეტის გზიდან გადახვევა და გერმანიის მხარეზე გადასვლა, რამაც სერიოზული გულისწყრომა გამოიწვია ფაშისტურ გერმანიაში. პასუხად, გერმანიის აგენტებმა რამდენჯერმე სცადეს ირანის შაჰის დამხობა, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა ამას არ გაუნელებია გერმანელთა ძალისხმევა ანტიშაჰური ირანული ჯგუფების წახალისებაში.
ფიურერის აგენტები მჭიდრო ურთიერთობებს ამყარებდნენ ირანის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილო კავკასიის ისლამური რელიგიის წარმომადგენლებთან. სწორედ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, პროპაგანდისტულ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოლები. 1942 წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების ტყვე ჯარისკაცებისგან ჩამოყალიბებულ თურქესტანის ლეგიონში, ფაშისტებმა მოლები შეგზავნეს. თითო როტაზე ერთი მოლა. ფრონტზე წასვლის წინ ისინი ფიცს დებდნენ ალაჰის წინაშე. მოლები მათ უქადაგებდნენ, რომ ალაჰი ულოცავს გზას და მოუწოდებს ყველაფრში დაემორჩილონ გერმანელებს.
მუსლიმანი ღვთისმსახურების მუშაობა მარტო ამით არ შემოიფარგლებოდა. ნაცისტები ავალდებულებდნენ მათ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობის გადაბირებას. 1942 წელს ყაბარდინო-ბალყარეთში გავრცელდა „მოწოდება მუსლიმი ხალხებისადმი“ ყადი ჰაჯი ხოზე ხოტეკოვის ხელის მოწერით: „ყოვლისშემძლე ალაჰმა გამოგვიგზავნა მხსნელი, ფიურერის სახით, რომელმაც გადაარჩინა ყაბარდინო-ბალყარელი ხალხი მონობისა და ურწმუნოებისგან. შევევედროთ ყოვლისშემძლე ალაჰს უწმინდურობისა და უსამართლობის აღსაგველად, ბოლშევიზმის საბოლოო დამარცხებისთვის, ჩვენი ფიურერის ადოლფ ჰიტლერისთვის“.
ლეგიონერთათვის გერმანელები ჩრდილო კავკასიაში გამოსცემდნენ გაზეთს სახელწოდებით „გაზავატ“, რომელიც გამოდიოდა ლოზუნგით - „ალაჰი ჩვენს თავზეა, ჰიტლერი ჩვენთან არის“.
ოკუპირებულ ყირიმში გამოდიოდა გაზეთი „აზატ ყირიმი“ („თავისუფალი ყირიმი“), რომელიც იყო სიმფეროპოლის მუსლიმური კომიტეტის ორგანო. აი, რას წერდა 1942 წლის 10 მარტს ეს გაზეთი: „მუსლიმანური კომიტეტის კრებაზე, მუსლიმებმა მადლობა გადაუხადეს დიდ ფიურერს ადოლფ ჰიტლერ - ეფენდის მუსლიმანთათვის მიცემული თავისუფლებისთვის. შემდეგ აღავლინეს ლოცვა ეფენდი ჰიტლერის დღეგრძელობისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც გაათავისუფლა ყველა ხალხი და რელიგია“.
იქვე მოხსენიებული იყო სოფელ კოკოზიდან 2000 მუსლიმის ლოცვის შესახებ, გერმანელ ჯარისკაცთა პატივსაცემად. მთელი თათარი ხალხი ყოველწლიურად ლოცულობს და თხოვს ალაჰს მისცეს გერმანიის ჯარს გამარჯვება მთელს მსოფლიოში. “ო, დიდო ბელადო, ჩვენ მოგმართავთ წრფელი გულით, გვენდეთ. ჩვენ, თათრები გაძლევთ სიტყვას, რომ ვიბრძოლებთ ებრაელთა ხროვის და ბოლშევიკების წინააღმდეგ, თქვენ ჯარისკაცებთან ერთად, ერთ რიგში. დალოცვილი იყავით, ჩვენო უდიდესო ბატონო ჰიტლერ!“
1942 წლის 20 მარტის ნომერში ხაზგასმით იყო აღნიშნული შემდეგი: „სახელოვანი გერმანელი ძმების გვერდში, რომლებიც მოვიდნენ აღმოსავლეთის გასათავისუფლებლად, ჩვენ, ყირიმელი თათრები, მთელ მსოფლიოს ვუცხადებთ, რომ არ დაგვიწყებია ჩერჩილის საზეიმო დაპირება ვაშინგტონში, რომელიც ეხება „ჟიდური“ მმართველობის აღდგენას პალესტინაში. მისი სურვილია გაანადგუროს თურქეთი, ხელთ იგდოს სტამბოლი და დარდანელი, მოაწყოს აჯანყება თურქეთსა და ავღანეთში.
აღმოსავლეთი ელის თავის მხსნელს ჰიტლერის სახით, მატყუარა დემოკრატების და აფერისტებისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ შევფიცეთ, თავი შევწიროთ ასეთ საღვთო და სამართლიან საქმეს“.
ფაშისტების მიერ ყირიმის ოკუპაციის დროს ყირიმელმა თათრებმა ყველაფერი იღონეს ჩრდილო კავკასიაში ფაშისტთა ძალაუფლების განმტკიცებაში, რაც უყურადღებოდ არ დარჩენილა კრემლში.
თურქეთის ლოიალური დამოკიდებულება ფაშისტური გერმანიის მიმართ, მისი მზაობა სამხრეთიდან დაერტყა საბჭოთა კავშირისთვის - სტალინგრადში ფაშისტური არმიის გამარჯვების შემთხვევაში, აიძულებდა მოსკოვს საჭირო რაოდენობის ჯარის ყოლას თურქეთის საზღვართან. რომ არა მოსალოდნელი ხიფათი სამხრეთიდან, კავკასიაში მყოფი სამხედრო ნაწილები დასავლეთის ფრონტზე იქნებოდა გამოყენებული.
1944 წელს მკვეთრად შეიცვალა ვითარება ფრონტზე. „წითელი არმიის“ გამარჯვებაში ეჭვი არავის შეჰქონდა. სწორედ მაშინ დადგა დრო თურქეთთან ანგარიშსწორებისა, რაც გამოიხატა ჩვენთვის ცნობილი 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებიდან გამოსვლის მცდელობაში. სტალინმა უსამართლოდ მიიჩნია ხელშეკრულება და ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოტოვის პირით გააფრთხილა თურქეთი, რომ ხელშეკრულება უნდა შეცვლილიყო და თურქეთის მიერ მითვისებული ტერიტორიები სომხეთს და საქართველოს უნდა დაუბრუნებოდა.
სტალინის განცხადებამ შეაშფოთა თურქეთი, რომელმაც საზღვარგარეთ შეეცადა თანამგრძნობათა შეკრებას. სრული შესაძლებელი იყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის ომიც, რაც თავისთავად მოითხოვდა ანტისაბჭოთა მუსლიმი დასახლებების სავარაუდო საომარი თეატრის ზონიდან მოშორებას.
რა იყო მთავარი - შურისძიება თუ მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტის გამო ყირიმელი თათრებისა და თურქი-მესხების გადასახლება? იქნებ ორივე ერთად ან მეორე, ვინაიდან გამყიდველები არა მარტო ყირიმში, უკრაინასა და ბალტიის რესპუბლიკებშიც უხვად იყვნენ. რომ არაფერი ვთქვათ რუსებზე (ვლასოვის არმია).
ზემომოყვანილი მაგალითები დასტურია იმისა, რომ სტალინს ყირიმელი თათრები მარტო შურისძიების გამო არ გადაუსახლებია. ამ ერთი შეხედვით სასტიკ აქტში ჩადებული იყო მოსალოდნელი ომის საფრთხეც, რაც უდავოდ არსებობდა და რასაც აშშ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ხდის ფარდას.
მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხება უდავოდ „დიდი სამეულის“, განსაკუთრებით სტალინის დამსახურებაა, რამაც გარკვეული შიში გააჩინა ყოფილ მოკავშირეებში და მასთან ერთად მოსაზრება ახალი ომის გაჩაღების თაობაზე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
22/05/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.