დღევანდელობა და სტალინი

Hamlet Chipashvili - politologi

ხშირად გვსმენია - “სტალინმა, რომ თვალი გაახილოს და შეხედოს მის დანატოვარ ქვეყანას, გული გაუსკდებოდაო“. გულის გასკდომის რა მოგახსენოთ - ის არც ისეთი გულჩვილი იყო, მაგრამ რაღაცას რომ მოიმოქმედებდა, ფაქტია. ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც სტალინი აღარ არის, მაგრამ მისი სახელი ისე მოიხსენიება, თითქოს ცოცხალია და ჩვენს გვერდითაა. როდესაც, პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოღვაწეს მისი გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ ისე მოიხსენიებენ, როგორც ცოცხალს, აშკარად მიანიშნებს პიროვნების უკვდავობაზე.
სტალინს ლანძღავენ, აგინებენ, ხშირად უშვერი სიტყვებითაც. ქილიკით მოიხსენიებენ მის მიერ გაკეთებულ საქმეებს. ტომებს, ფილმებს უძღვნიან ამ პიროვნებას დასამცირებლად. ის კი ჯიუტად იმტკიცებს სახელს და მასთან ერთად ფართო პოპულარობას. რას შეიძლება მიეწეროს სტალინის პოპულარობის ზრდა მაშინ, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მედია 60 წელია ძალას არ იშურებს მისი სახელის დისკრედიტაციისთვის?
ძნელია ამ ფენომენის ახსნა, მითუმეტეს ზუსტი პასუხის გაცემა საზოგადოებაში, სადაც ამის გამკეთებელს ალმაცრად, დაცინვით, ბრაზით ხვდებიან, შესაძლოა გარკვეული სახის რეპრესიით და მაინც არიან ადამიანები, ვინც ცდილობენ რისკის ფასად, გასცენ პასუხი კითხვას - რა იწვევს სტალინის სახელის აღორძინებას.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით რუსეთის, სტალინის პოპულარობა თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდება. თუ 3-4 წლის წინათ მისი პოპულარობა 35%-ს შეადგენდა, დღეს - 50%-ს აჭარბებს, რაც უდავოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ხალხს არ სჯერა სტალინური ბოროტების და მიიჩნევს, რომ მან ბევრი გააკეთა საბჭოთა სახელმწიფოს ძლიერებისა და კეთილდღეობისთვის. ხალხს სჯერა, თუ რამე იხსნის ქვეყანას (ამ შემთხვევაში რუსეთს), სტალინური მტკიცე ხელით მართვის სისტემაა - დაფუძნებული სამართლიანობასა და პატიოსნებაზე.
ა.წ. 14 მარტს, ალეკ ლუნი გაზეთ „New York Times“-ში წერდა პენზის ერთ-ერთი საშუალო სკოლის მე-11-ე კლასელის ვიქტოროვის შესახებ, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა: - „ის, უდიდესი ადამიანი იყო, უნიკალური, ისტორიაში“. მისმა ჯგუფელმა გოგონამ კურაევამ თქვა: „სტალინის დროს ისე ცუდად არ იყო საქმე, როგორსაც დღეს ხატავენ“.
ჟურნალისტის კითხვაზე სტალინის რეპრესიებთან დაკავშირებით, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ყმაწვილმა უპასუხა: „უდანაშაულოდ არვინ ყოფილა რეპრესირებული“.
ჟურნალისტის მიხედვით, ასეთი მოსაზრება სულ უფრო იკიდებს ფეხს რუსეთში, რაც აისახა კიდევაც „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებშიც. რუსეთის მოსახლეობის 40% თვლის, რომ „სტალინის ეპოქამ მეტი სიკეთე მოიტანა, ვიდრე ბოროტება“. 2012 წელს ასეთი პასუხი ჰქონდა მხოლოდ 27%-ს. შემდეგ ჟურნალისტი ასკვნის: „სტალინის ფიგურის განდიდებით, პუტინის რეჟიმი ცდილობს მაღლა ასწიოს მოსაზრება, რომ კოლექტივის ინტერესები, გაცილებით დიდია, ინდივიდის სიცოცხლეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ნაკლებად არის პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე“.
ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთის კომპარტიის თაოსნობით პენზაში გაიხსნა სტალინის ცენტრი. სკოლის სახელმძღვანელოებსა და სახელმწიფო ტელევიზიის გადაცემებში თუ მოკლედ ეხებიან სტალინის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევას, თვითონ მას, მოიხსენიებენ როგორც უდიდს ლიდერს. „მართალია, პუტინმა მხარი დაუჭირა მოსკოვში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლის ძეგლის დადგმას, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკაა. პუტინს არ სურს თავის საწინააღმდეგოდ განაწყოს ის ადამიანები, ვისთვისაც სტალინი საშინელებაა“. შემდეგ, ავტორი სვამს კითხვას, რა არის მიზეზი სტალინის პოპულარობის ზრდის? და თვითონვე პასუხობს: „ხალხს ნაკლებად ახსოვს სტალინური „წმენდები“ და „ლაგერები“, გარდა ამისა მხოლოდ 1980-იანი წლებიდან დაიწყეს გამოძიება სტალინური რეპრესიების“.
„დღევანდელ რუსეთში, სადაც კორუმპირებული მოხელეები იპარავენ ბიუჯეტიდან, პოლიციელები ითხოვენ ქრთამს, მოსამართლეები იყიდებიან, ნოსტალგია სტალინურ წესრიგზე აქტუალურია. გარდა ამისა, ხალხში არსებობს ნოსტალგია სუპერ სახელმწიფოზე, ისეთზე, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, რასაც კარგად იყენებს კრემლი, რომელიც გამუდმებით აცხადებს, რომ რუსეთი ალყაშია. და როდესაც რუსეთი „ალყაშია“, ირგვლივ „მტრებია“, რომელთა შორის უკრაინის „ფაშისტური“ ხელისუფლებაც მოიხსენიება - ფაშისტებისგან დამცველი სტალინის სახე აჭარბებს, ტირანი სტალინის სახეს“, - წერს ჟურნალისტი.
პუტინის მთავრობას ხელეწიფება სტალინური დანატოვრიდან სარგებლის მიღება, ვინაიდან რუსეთმა ბოლომდე ვერ დაგმო სტალინიზმი. რუსეთი ვერასდროს შეძლებს ხელისუფლების რეფორმირებას, ვიდრე არ დაგმობს ტირანულ წარსულს. ავტორს მოჰყავს რუსი მწერლის ვიქტორ ეროფეევის სიტყვები: „როდესაც სტალინი მოკვდება უკანასკნელი რუსის სულში, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს მომავალი“.
ამერიკელი ჟურნალისტისა და რუსი მწერლის ეროფეევის გულის დასამშვიდებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო რუსი, რომლის გულში სტალინი აღარ იქნება, ისეთი უტოპიაა, როგორც რუსეთის გაქრობა. პირიქით, რაც დრო გადის, სტალინის სახე მეტ პოპულარობას იძენს, განსაკუთრებით ახალ თაობაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან იმას, ვისაც სამშობლო უყვარს, ვისაც სურს მისი სიკეთე, ვისაც სოციალური თანაფარდობა და პატიოსნება ხიბლავს, მუდამ ხატად ეყოლება სტალინი - პიროვნება, რომელმაც, როგორც სიტყვით, ისე საქმით დაამტკიცა მისი იდეების და პრაქტიკული საქმეების მარადისობა.
დიახ! სტალინი არ უყვართ დასავლეთს აყოლილ რუს ლიბერალებს, რომლებიც რას არ იგონებენ სტალინის სახელის განქიქებისთვის. სტალინი არ უყვარს დასავლეთს, ვინაიდან ჯერაც ვერ მოუნელებია მეორე მსოფლიო ომში დამარცხება. სტალინი არ უყვარს ადამიანის უფლებათა რუს დამცველს ალექსეევას, რომელიც აცხადებს, რომ სამამულო ომის დროს არც ერთ ჯარისკაცს არ უყვირია „სამშობლოსათვის! სტალინისათვის!“ არც ერთ ტანკს არ ჰქონია იგივე წარწერა.
სტალინს მხოლოდ ის დასავლელი აფასებს, ვინც კარგად იცის მისი როლი ფაშიზმზე გამარჯვებაში; ვინც საფუძვლიანად ფიქრობს - რა მოჰყვებოდა ფაშიზმის გამარჯვებას საბჭოთა კავშირზე; რამდენ ხანს გაგრძელდებოდა გერმანულ-იტალიური ფაშიზმი, იაპონური მილიტარიზმი; რას დაემსგავსებოდა მსოფლიო არიული „ცისფერი სისხლის“ ზეობით და მეორე, მესამე ხარისხოვანი სისხლის მატარებელი ადამიანების შევიწროებით.
ჰიტლერის „Mein Kampf“-ში („ჩემი ბრძოლა“) ორი მთავარი დოქტრინაა - პირველი, არიელთა აღმატებულება დანარჩენებზე. მეორე - პირველის გაგრძელება რეალობაში. „რუსეთის თანამედროვე საჭეთმპყრობელები არც კი ფიქრობენ გერმანიასთან „პატიოსანი“ ხელშეკრულების დადებას, მითუმეტეს მის შესრულებას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის მმართველები სისხლში ხელგასვრილი მდაბიო დამნაშავენი არიან“.
მიუხედავად საბჭოეთის სიძულვილისა, ჰიტლერი საკუთარი მიზნების ცხოვრებაში გატარებისთვის მზადაა იქონიოს რუსეთთან სასარგებლო, დროებითი ხელშეკრულება, რომელსაც ის ნებისმიერ, მისთვის შესაფერის დროს დაარღვევს. 1934 წელს ის საჯაროდ ამბობს: „რუსეთი, ჩემს ხელში, ბოლო კოზირი იქნება, მაგრამ ის ვერ შემაჩერებს კურსის შეცვლასა და რუსეთზე თავდასხმიდან, მაშინ როდესაც ჩემი გეგმები დასავლეთში შესრულდება. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია დავიპყროთ გიგანტური სივრცე კონტინენტისა და ჩვენ ამას გავაკეთებთ მარტო. ყოველივე კი გზას გაგვიხსნის მსოფლიო ბატონობისკენ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ გზას რუსეთთან ერთად არ გავივლით, მაგრამ ამას გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ მიზანს“.
საბჭოთა ხელისუფლებისა და პირადად სტალინისთვის არც „Mein Kampf“-ი იყო უცნობი და არც ჰიტლერის ნებისმიერი განცხადება. სტალინმა კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა ჰიტლერული გერმანია და რა ამოძრავებდა მას, მაგრამ იძულებული იყო გადაედგა პრაგმატული ნაბიჯი და გაეფორმებინა მასთან ხელშეკრულება, რომელიც ცნობილია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით.
ეს ხელშეკრულება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს შორის. ბევრი თვლის, რომ საბჭოთა კავშირს ხელი არ უნდა მოეწერა ფაშისტურ გერმანიასთან ხელშეკრულებაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა გერმანიის აგრესია ევროპაში და მთელი რიგი ტერიტორიების ანექსია.
საქმეში ჩახედული და ობიექტურად მოაზროვნე ექსპერტები კი თვლიან, რომ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი, საბჭოთა დიპლომატიის ტრიუმფია, რომელმაც ხელი შეუწყო ფაშისტური გერმანიის თავდასხმის გადადებას.
კრემლისთვის დრო იყო საჭირო თავდასხმის მოგერიებისთვის, გარდა ამისა საბრძოლო თეატრის რუსეთის საზღვრებიდან შორს გადატანა - ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიერთებული ტერიტორიების მიღმა. მხოლოდ ზერელედ მოაზროვნეს შეუძლია თქვას, რომ სტალინი არ მოელოდა ფაშისტური გერმანიის თავდასხმას.
სულ ახლახანს, კაცობრიობამ, უპირველეს ყოვლისა რუსეთმა აღნიშნა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი. რუსეთში გამართული გრანდიოზული სამხედრო აღლუმი და „უკვდავი პოლკი“-ს მსვლელობა აშკარა მაგალითია კაცობრიობის ფაშიზმზე გამარჯვების. ამ გამარჯვებას თავისი სულის ჩამდგმელი ჰყავდა, მისი სახელი სტალინია. და რაც არ უნდა ეცადოს დასავლეთი, მასზე აყოლილი რუსი ლიბერალები და მეტიჩარა ევროატლანტიკოსი ქართველები ამ გამარჯვების გაფერმკრთალება შეუძლებელია, ისე, როგორც შეუძლებელია მსოფლიო ისტორიის ფალსიფიცირება.
სტალინი არა მარტო ომში იყო დიდი, არამედ მშვიდობიან აღმშენებლობაშიც. თვალი გადაავლეთ მის 30-წლიან მმართველობას - ეკონომიკურ, სოციალურ წარმატებებს, სოციალურ თანაფარდობას, რომელიც ესოდენ დიდ ინტერესს იწვევს დღევანდელებში, იმათში, ვინც არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად ეცნობა და აფასებს მის ნამოღვაწარს.
დღეს, სტალინზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ის ჩვენი თანამედროვე იყოს და არაფრად აგდებენ ეპოქას, რომელშიც მას მოუწია მოღვაწეობა. „სტალინი რეპრესიების ავტორი იყოო“, - ურცხვად აცხადებენ ის რუსი ლიბერალები, რომლებსაც, ობიექტურობიდან გამომდინარე, ის მაინც უნდა ახსოვდეთ, რომ მაშინდელი საბჭოეთის „გულაგში“ გაცილებით ნაკლები პატიმარი იყო, ვიდრე დღევანდელ რუსეთში.
ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმასაც, რომ მაშინდელი საბჭოეთი გაცილებით ჩამოუვარდებოდა ადამიანის უფლების დარღვევაში გერმანიას, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთს, იაპონიას და ა.შ.; რომ საბჭოთა კავშირში არასდროს ყოფილა ერთა ჩაგვრა, დამცირება, შეურაცხყოფა ისეთი, რასაც ადგილი ჰქონდა აშშ-ი შავკანიანთა მიმართ. გავიხსენოთ, როგორ ექცეოდნენ კომუნისტებს აშშ-ი და აქედან გამომდინარე შევაფასოთ საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ.
თანამედროვე გადასახედიდან საბჭოეთის 70-წლიანი ისტორიის შეფასება ვერ იქნება ობიექტური. იმ ეპოქას ობიექტური შესწავლა-შეფასება უნდა და არა ქარაფშუტულად ნასროლი სიტყვები. დღე ისე არ ჩაივლის, სტალინი არ ვახსენოთ - ცუდათ თუ კარგად, მას ისე ვიხილავთ, თითქოს ჩვენი თანამედროვე იყოს. არადა 63 წელია, რაც აღარ არის და როდესაც 63 წლის წინ გარდაცვლილს ცოცხალივით ვახსენებთ, მის უკვდავებას ვადასტურებთ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
10/05/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.