რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?

image

სირიის სამთავრობო ძალების წარმატებულმა იერიშმა, ე.წ. აჯანყებულების წინააღმდეგ, რთულ მდგომარეობაში ჩააყენა აშშ-ი და მისი როგორც ევროპელი, ისე ახლო აღმოსავლელი მოკავშირეები. ვითარებიდან გამოსვლის მიზნით, სასწრაფოდ გამოიძებნა გზებიც - „წითელი ხაზების“ დარღვევის გამო, ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეთათვის იარაღის, მათ შორის მძიმეს, მიწოდება, საჰაერო ბლოკადა. ბაშარ ასადის წარმატება, რაღაც სასწაულად დაემთხვა (იქნებ შეგნებულად?) სამთავრობო ჯარის მიერ, მეამბოხეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის „გამოყენებას“.
ეს თემა, პირველმა, საფრანგეთმა გაახმოვანა - მსოფლიო საზოგადოებას უჩვენა, რა მოწამლული მეამბოხეები, ტელეეკრანზე აღბეჭდილი ტანჯვის სცენებით. თუმცა ძნელია დადგენა იმისა, სად, რომელ ქვეყანაში ხდებოდა ეს, ვინ იყვნენ ტანჯულები და ა.შ., მაგრამ ფრანგმა ჟურნალისტებმა, ხოლო მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ქიმიური იარაღი სახელმწიფო ჯარმა "გამოიყენა".
მოგვიანებით, ამ დასკვნას საკუთარი, ომახიანი დასტური შეაგება ამერიკულმა თეთრმა სახლმაც - წყალი არ გაუვა ამ ამბავსო, ბრძანა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელსაც მოჰყვა თვით პრეზიდენტ ობამას განცხადება - ბაშარ ასადმა „წითელი ხაზები“ უგულებელჰყო, რაც თავისთავად იძლევა შანსს ფართო სამხედრო დახმარება გავუწიოთ სირიელ აჯანყებულებსო.
სირიელ აჯანყებულებს რომ სამხედრო დახმარებას უწევდა და უწევს დასავლეთი - სენსაცია არ არის. აშშ-ი და ნატოს წევრი სახელმწიფოები არა მარტო იარაღით ამარაგებდნენ ამბოხებულებს, არამედ ფინანსებით, სამხედრო სახის ინფორმაციით. ობამას განცხადების შემდეგ - დღის წესრიგში დგება მეამბოხეთა მძიმე იარაღით მომარაგება.
ობამას ინიციატივას უმალ აუბა მხარი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებმა. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ სირიაზე პირდაპირი თავდასხმა თითქმის რეალობად უნდა ქცეყლიყო.
აშშ-ს პრეზიდენტის განცხადება სირიაზე თავდასხმის მოწოდებად იქნა აღქმული, როგორც მოკავშირეების, ისე მოწინააღმდეგეების მხრიდან. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დასავლური ისტერიის წინააღმდეგ გამოდიოდა, რუსეთი იყო. ის ეჭვის ქვეშ აყენებდა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების „ფაქტს“ და კატეგორიულად მოითხოვდა დასავლეთის მიერ ამბოხებულთათვის იარაღის მიწოდებისგან თავის შეკავებას.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ გაეროს სპეციალურ კომისიას სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, რომ ეს იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ხელისუფლება დაედანაშაულებინათ. სპეცკომისიის წევრმა კარლა დელ პონტემ თავის ვრცელ ტელეინტერვიუში აღნიშნა ეს ფაქტი, თან ისიც დაუმატა, რომ კომისიის აზრი არც ვაშინგტონს და არც ბრიუსელს არ აინტერესობსო.
სპეცკომისიის მოსაზრებას ზურგი გაუმაგრა საერთაშორისო წითელი ჯვრის განცხადებამაც. მისი აზრით, ქიმიური იარაღი მეამბოხეებმა გამოიყენეს. მაგრამ "დემოკრატიულ" და "სამართლიან" დასავლეთს, როდესაც უნდა - თეთრი შავად აღიქმება. ვაშინგტონს სურს, რომ ასადი დაისაჯოს, ამდენად არც გაეროს სპეცკომისიის, მითუმეტეს წითელი ჯვრის საწინააღმდეგო მტკიცება მისთვის მიუღებელია. ასეთ მსოფლიოში ჭირს სიმართლის გატანა, სიმართლის დაცვა.
ასეთ „სიმართლეს“ ჰქონდა ადგილი სადამ ჰუსეინის ერაყის მიმართ. სწორედ ქიმიური და ბირთვული იარაღის შექმნის საბაბით დაესხა თავს ერაყს აშშ-ი, რომელმაც აიძულა სხვა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მის გვერდით დამდგარიყო.
ისტორია მეორდება. მეორდება აშშ-ს პოლიტიკაც, მიუხედავად ამერიკისთვის სავალალო შედეგებისა. ერაყის ომს არაერთი ამერიკელი და მისი მოკავშირეების სამხედროების სიცოცხლე შეეწირა, რომ აღარაფერი ვთქვათ ერაყელებზე, ნანგრევებად ქცეულ ერაყის ქალაქებზე და ა.შ.
ერაყის ომი დამთავრდა, მაგრამ ომი გრძელდება. ერთმანეთს წაკიდებული სუნიტები და შიიტები სხვადასხვა სახის ტერორისტული აქტებით ხოცავენ ერთმანეთს. აშშ-ა ჯარი გაიყვანა ერაყიდან, მაგრამ დაძაბულობა არ განელებულა. შიიტური ხელისუფლება, რომელმაც სუნიტური ჩაანაცვლა, მჭიდროდ თანამშრომლობს შიიტურ ირანთან. ამერიკელთა გათვლა არ აღმოჩნდა გონივრული. არც ერაყში და არც ლიბიაში, რა იქნება სირიაში, თუკი დასავლეთი განახორციელებს იერიშს, ძნელი წარმოსადგენი არ არის.
სირიის პრეზიდენტის მხარეს იბრძვის ლიბანში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლას“ მეომრები. ირანის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კულმინაციის შემთხვევაში, ირანის რევოლუციის დაცვის გუშაგთა ხუთი ათასი მეომარი გვერდში დაუდგება ბაშარ ასადს. არ არის გამორიცხული, რომ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე არაბული ქვეყნები საუდის არაბეთი, ყატარი, არაბული საამიროები ღიად ჩაერთონ კონფლიქტში, ისე, როგორც ამას ჰქონდა ადგილი ლიბიასთან მიმართებაში.
გასათვალისწინებელია ისრაელისა და თურქეთის ფაქტორიც. ორივენი ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან. ყოველივე აღნიშნული აშკარა მანიშნებელია იმისა, რომ სირიაში, ორი წლის წინათ დაწყებული ომი, საერთაშორისო ომში გადაიზარდოს - ახლო აღმოსავლეთის ჩართვით. და არა მარტო ახლო აღმოსავლეთის, ვინაიდან გასათვალისწინებელია რუსეთის ფაქტორიც, რომელიც მხარს უჭერს ბაშარ ასადის ხელისუფლებას და როგორც პუტინმა აღნიშნა, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების გათვალისწინებით, რუსეთი თავდაცვითი იარაღით ამარაგებს სირიის მთავრობას.
აი ასეთი მძიმე ფონი შეიქმნა დიდი რვიანის შეხვედრის წინ. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო, დიდის ყურადღებით ელოდა აგრესიულ გადაწყვეტილებას. ანუ სირიის წინააღმდეგ საერთაშორისო „პროგრესიული“ ძალების დარაზმვას და ჯვაროსნული ომის გაჩაღებას, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის შეუვალმა პოზიციამ ჩააცხრო კოლეგა რვიანის წევრთა ბობოქარი შემართება.
ძნელია ვარაუდი იმისა, რომ დასავლეთი მომავალში არ შეცვლის ჩრდილოეთ ირლანდიის პატარა, საკურორტო ქალაქ, ლოხ-ერნში ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც არც ბაშარ ასადის ჩამოგდებისა და არც მის საწინააღმდეგოდ ერთიანი სამხედრო ძალის გამოყენებაზეა საუბარი. რაზეც საუბარია - სამშვიდობო კონფერენციის გამართვაა.
გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე, სირიის ირგვლივ შექმნილმა, პიკს მიღწეულმა ვითარებამ, განელება დაიწყო და რომ ამ საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პრინციპულმა, თანმიმდევრულმა პოლიტიკამ.
პუტინმა გაუძლო შეტევებს და ისეთ გამონათქვამებს, როგორიც გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჰარპერმა - „შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ“ ან „რვიანში რუსეთს არაფერი ესაქმება“. ამ და სხვა გამონათქვამების მიუხედავად პუტინი იყო თავშეკავებული, კორექტული, კოლეგა წევრების მიმართ პოზიტიურად განწყობილი.
მან ისიც აღნიშნა, რომ სირიის ხელისუფლების მიმართ რბილი დამოკიდებულება დიდი რვიანიდან მარტო მას კი არა, სხვასაც ჰქონდა. რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ დაძაბულობის განელებაში წვლილი ყველას მიუძღვნის. სიმართლე კი მოითხოვს ითქვას - ყველას დამსახურება იყო ვითარების უაღრესად დაძაბვა, რასაც ადგილი ჰქონდა დიდი რვიანის სამიტის წინ.
სარწმუნო წყაროების მიხედვით, პუტინს, ობამასთან ორსაათიანი შეხვედრის დროს, სიტყვა არ დასცდენია 2009 წელს, ინგლისში გამართული დიდი რვიანის შეხვედრაზე, ამერიკა-ინგლისის სპეცსამსახურების მიერ კოლეგა წევრების, მათ შორის რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მედვედევის სატელეფონო მოსმენების მცდელობასთან დაკავშირებით.
ეს ცნობა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა მუშაკმა სნოუდენმა გამოაქვეყნა ინგლისურ გაზეთ „გარდიანში“. და ისიც დაუმატა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ობამასა და დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერის გორდონ ბრაუნის დონეზე. სნოუდენის ინფორმაციამ სერიოზული ზიანი მიაყენა ნობელის პრემიის ლაურეატის ობამას იმიჯს არა მარტო აშშ-ი, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
უნებლიედ იბადება კითხვა - რამდენად შეიძლება ენდო სახელმწიფო მოღვაწეს, რომელიც გაღიმებული ხელს გართმევდეს, თან ზურგს უკან თქვენს სატელეფონო საუბრებს უსმენს?
აშშ-ი სატელეფონო საუბრების მოსმენა კარგა ხანია ჩვეულებრივი რამ არის. ჩემში ყოველთვის გაოცებას იწვევდა იმ გულუბრყვილო პოლიტიკოსთა ჩივილი, რომელითაც ისინი ამერიკას მიმართავენ - საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის სატელეფონო საუბრებს უსმენსო.
რომ იტყვიან არცოდნა, არცოდვაა, მაგრამ, როდესაც თავდავიწყებით ეტრფი „სტრატეგიულ პარტნიორად“ აღქმულ ქვეყანას, ცოტა რამ მაინც უნდა იცოდე მისი ცხოვრების წესის, თვალი უნდა გქონდეს შევლებული აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალბერტ გორის წიგნისთვის, სადაც ავტორი ხაზგასმით წერს იმ უწესობაზე, რომელსაც საყოველთაო მოსმენა ჰქვია.
"თუ ფედერალურ მთავრობას სურს, მას შეუძლია აკონტროლოს ინტერნეტის საიტები, რომელსაც სტუმრობთ, მიიღოს ხალხის სია, ვისაც უგზავნით ან ვისგანაც იღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, მოისმინოს სატელეფონო საუბარი. მთავრობა ვალდებული არ არის ანგარიში ჩააბაროს მოსამართლეს, თუ რაში იყენებს ამ ინფორმაციას", - წერს გორი თავის წიგნში "შეტევა გონებაზე".
ლოხ-ერნის სამიტის დროს და მანამდე, ლონდონში პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ჟურნალისტის შეკითხვას, სირიისთვის რაკეტსაწინააღმდეგო C-300 სისტემის მიწოდების თაობაზე, უპასუხა, რომ რუსეთი საერთაშორისო სამართლის სრული გათვალისწინებით ხელმძღვანელობს. ის არ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, არ გადის დაწესებული ჩარჩოებიდან.
სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გააორმაგა სამხედრო იარაღით ვაჭრობა, რაც თავისთავად მეტყველებს რუსეთში დამზადებული სამხედრო ტექნიკის ხარისხზე. აღსანიშნავია ისიც - თუ აშშ-ი და რუსეთი აწარმოებენ ბირთვულ განიარაღებას, დანარჩენი ქვეყნები პირიქით. მაგალითად, ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა 2012 წელს გაზარდეს თავიანთი ბირთვული ქობინების რაოდენობა. გარდა ამისა, ჩინეთი შევიდა იარაღით მოვაჭრეთა ხუთეულში.
სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემათა კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით - 2013 წლისთვის აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პაკისტანს, ინდოეთს, ისრაელს 17 265 ბირთვული ქობინი ჰქონდათ. მოსკოვმა შეამცირა თავისი არსენალი 10-ათასიდან 8.5-ათასამდე, ვაშინგტონმა - 8.5-ათასიდან - 7.7-ათასამდე. დანარჩენი ქვეყნები არ ამცირებენ ბირთვულ იარაღს, პირიქით ჩინეთმა 240-დან 250-მდე, ხოლო ინდოეთმა 80-100-დან 90-110-მდე გაზარდეს.
იზრდება იარაღით ვაჭრობაც. 2008 წლიდან 2012 წლამდე იარაღით ვაჭრობა 17%-ით გაიზარდა. მსხვილ მოვაჭრეებად იქცნენ აშშ-ი, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი, ჩინეთი. სწორედ მათზე მოდის იარაღით ვაჭრობის 75%. იარაღით ვაჭრობაში წარმატებებს აღწევენ ისეთი ქვეყნებიც, როგორებიცაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური. აზიის ქვეყნებში სამხედრო მშენებლობის სექტორის წარმატება უკავშირდება საერთო ეროვნული პროდუქტის და სამრეწველო წარმოების ზრდას.
დიდი რვიანის სამიტის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიას ეწვია. ეს იყო გერმანიაში ობამას პირველი ვიზიტი, პრეზიდენტის რანგში. ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან უამრავი ხალხის წინაშე გამოსვლის დროს მან მოუწოდა რუსეთს ბირთვული იარაღის კარდინალური შემცირებისკენ.
ჩემს მეხსიერებას პრეზიდენტ რეიგანის ბერლინის გამოსვლა შემორჩა. მაშინ მან, კარიბჭესთან, ზურგით მდგომმა მოუწოდა საბჭოთა კავშირის კპ გენერალურ მდივან გორბაჩოვს - "გორბაჩოვ, დაანგრიე ეს კედელი (კედელი, რომელიც ბერლინს ორ ნაწილად ჰყოფდა და რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ხრუშჩოვმა ააშენა აღმოსავლეთ გერმანიის დასავლეთიდან "დასაცავად"). რეიგანამდე კი ბერლინს პრეზიდენტი კენედი სტუმრობდა, რომელმაც გაყოფილ გერმანელთა მხარდასაჭერად განაცხადა: "მე ბერლინელი ვარ".
მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. დაინგრა ბერლინის კედელი. დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია გაერთიანდა. დაინგრა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა ვარშავის მოლაპარაკების სახელმწიფოთა ორგანიზაცია, საერთოდ, კომუნისტური იდეოლოგია. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთში ისეთივე კაპიტალიზმია, როგორც აშშ-ი. მარტო ის რად ღირს, რომ რუსეთის მილიარდერთა რაოდენობა, აშშ-ს შემდეგ, მეორეა მსოფლიოში. და მიუხედავად ამისა დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება ლამის "ცივი ომის" პერიოდის მსგავსია.
აშშ-ი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა და ამ პირველობის დათმობას არ აპირებს. პირიქით, პირველობის შესანარჩუნებლად ხშირად ბრძოლისთვის მიუღებელ ხერხებსაც ხმარობს - ერაყი, ავღანეთი, ახლო აღმოსავლური პოლიტიკა, ირანის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები, ფერად-ყვავილოვანი რევოლუციები და სხვა მრავალი ამის დამადასტურებელია.
პრეზიდენტი ობამა მოითხოვს ამერიკა-რუსეთის ბირთვული არსენალის შემცირებას, მაგრამ რა ვუყოთ იმ ბირთვულ იარაღს, რომელიც საფრანგეთში (300 ბირთვული ქობინი) და დიდ ბრიტანეთშია (225 ბირთვული ქობინი)?
ზემოთაღნიშნული ინსტიტუტის წარმომადგენლის შენონ კაილის მიხედვით, არც ერთ მათგანს ბირთვული იარაღის შემცირების პერსპექტივა არ ხიბლავს. არადა დატოვების შემთხვევაში მოსკოვის მიდგომა ამ საკითხისადმი სამართლიანია. კონფლიქტის დროს, ისინი ხომ ვაშინგტონის მხარეს დადგებიან და არა მოსკოვის?!
"თუ რომელიმე ერი ცდილობს აწარმოოს დომინირება სხვა ერის მიმართ, მას ყოველთვის ექნება წინააღმდეგობა", - წერდა ნიუტონი.
რაც შეეხება ალბერტ გორს, ის ასე განიხილავს ბუშის ადმინისტრაციის მოქმედებას: "მსოფლიო არენაზე დომინირების სურვილმა აიძულა ბუშის ადმინისტრაცია მოეხდინა გაეროს იგნორირება, დაერღვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, გაეღვივებინა ზიზღი და არასასურველი განწყობა ამერიკელთა მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში".
როგორც პრაქტიკა გვიკარნახებს, არც დემოკრატები წასულან შორს რესპუბლიკელებისგან. დღევანდელ ამერიკასაც ისე ამოძრავებს ჰეგემონიზმის სურვილი, როგორც ბუშის და მანამდე არსებული სხვა პრეზიდენტების ადმინისტრაციებს. დიდი განსხვავება ამ დარგში არ ჩანს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.