კრიზისის მიზეზი - უმეცრება

hamlet chipashvili-politologi

საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება, რომ მრავალ კითხვას აჩენს, უდავოა. ისიც უდავოა, რომ ყველა კითხვა ერთ პასუხს იმსახურებს - უმეცრებას. მაგრამ უმეცრებასთან ერთად სხვა პასუხებიც გვახსენებს თავს - მომხვეჭელობა, ნეპოტიზმი, კორუფცია, დაუნდობლობა, გაუტანლობა, არაპროფესიონალიზმი და ა.შ. თითოეულის საწყისი - უმეცრებაა, ხოლო უმეცრებისა და ნებისმიერი ჩამოთვლილი თვისების კავშირი ქვეყნისთვის გაუსაძლისი პირობების მყარი ფუნდამენტია.
თვალი გადავავლოთ ბოლო 25 წლის მოვლენებს, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. ობიექტური შეფასების შემთხვევაში, სულაც არ გაგვიკვირდება ის მორღვეული ცხოვრება, რასაც ჩვენში აქვს ადგილი. დღეს, უკვე გამართულად შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სტარტი, ემოციებსა და არა გონიერებაზე დაფუძნებული, არ მოიტანდა თუნდაც უმნიშვნელო წარმატებას, რასაც ე.წ. ახლადგამოჩეკილი პოლიტიკოსები ჩაგვძახოდნენ. ყველას გვახსოვს მაშინდელი პოლიტიკური ლიდერების რიხიანი განცხადებები, რომ საქართველოს აუცილებლად მიიღებდნენ ნატოში; რომ ევროპა ელის საქართველოს ისე, ღამეები რომ არ სძინავს.
მაშინდელმა პოლიტიკამ არაფერი იცოდა ევროკავშირის, ევროსაბჭოს (მათ შორის განსხვავება ბევრმა არც დღეს იცის), ევროპარლამენტის შესახებ, თორემ ნამდვილად არ დაგვამადლიდნენ ამ ორგანიზაციებში შესვლასაც. რით იყო ყოველივე გამოწვეული? უპირველეს ყოვლისა უმეცრებით, ევროპისა და მსოფლიოს უცოდინრობით. და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან 70 წლის განმავლობაში ერთობ კარჩაკეტილმა ცხოვრებამ თავისი დაღი დაასვა საერთო განათლებას. საბჭოთა ცხოვრების დასასრულს ნებისმიერი ქართველი, რომელიც ხმას ანტისაბჭოურად იღებდა, თავს გმირად გრძნობდა და იოლად ფიქრობდა, რომ არსებულის ხელაღებით ნგრევა დიდ წარმატებას მოუტანდა საკუთარ თავს და ქვეყანას.
მაშინ ყველას ერთად ეგონა, რომ „წილხვედრ“ ქვეყანას მსოფლიო აჭმევდა, ასმევდა, ჩააცვამდა, დაახურავდა, თავზე ხელს გადაუსვამდა და ეტყოდა - თქვენისთანა ხალხი, უდავოდ იმსახურებს ჩვენგან ასეთ ყურადღებას და პატივისცემასო.
ეროვნული ხელისუფლების დროს ხარობდა მსგავსი მოსაზრება. არც მაშინდელ მთავრობას აკლდა ვირტუალური ოცნებები, რაც მოკლებული იყო რეალობას. 1991 წლის აგვისტოს, საქართველოს, აშშ-ს კონგრესის 2 დიდი დელეგაცია ეწვია. სწორედ, ხელისუფლებასთან ლაპარაკის დროს ითქვა, გულახდილად და კონკრეტულად, რომ აშშ-ს ძალიან ბევრი ქვეყანა ჰყავს სარჩენი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველოს რჩენა ზედმეტი ტვირთი იქნებოდა მისთვის. სტუმრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, არა დასავლური დემოკრატიის გზით სვლა, არამედ ისეთით, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებმა აირჩიეს.
ტოტალიტარული სისტემიდან დემოკრატიულზე გადასვლა, მათ, ღიმილს გვრიდა. შესანიშნავი დიაგნოზი დასვა აშშ-ს კონგრესის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის დელეგაციამ, რომელმაც სპეციალურად მოითხოვა გამსახურდიას ოპოზიციის მონახულება. დიდი პრობლემა ეს არ იყო, ვინაიდან ყველა მათგანი, რუსთაველის პროსპექტზე იყო წამოწოლილი (პირდაპირი მნიშვნელობით), მათ მიერ უკანონოდ ოკუპირებული შენობების წინ - „იმელის“, ყოფილი კინოთეატრ „სპარტაკის“, პირველი საშუალო სკოლის, თავისუფლების მოედნის, სამხატვრო აკადემიის და ა.შ. მთავრობის სახლის წინ კი გამსახურდიას მომხრეებს კარვები ჰქონდათ დაცემული.
ამერიკელ კონგრესმენებს ოპოზიციასთან ლაპარაკმა შემდეგი მოსაზრება შეუქმნა - ხელისუფლებამ ჩამოურიგოს მათ მინისტრების პორთფელები და ბუნტიც აღარ იქნება.
საბჭოთა სისტემის ბოლო წლების მოზღვავებულმა მიტინგებმა, საპროტესტო მარშებმა, გამოსვლებმა, რომლებშიც ახალგაზრდობა იღებდა მონაწილეობას, ნულზე დაიყვანა სწავლა-განათლების დონე, მანამდე არსებული დისციპლინა. სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების კონტიგენტის ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში ჩართვამ, განათლების ხარისხზეც იმოქმედა. დღე-ღამ მიტინგებზე მყოფი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების ცოდნის ხარისხი რომ დაბალი იქნებოდა, მაშინ არავის ანაღვლებდა. არ ანაღვლებდა ხელისუფლებასაც.
შემდეგ იყო თბილისის ომი, შევარდნაძის შემობრუნება, ომი აფხაზეთთან, სიცივე, უგაზობა, უშუქობა, უპურობა, გაყინული სასკოლო ოთახები და აუდიტორიები, დაქცეული ეკონომიკა, ძარცვა-გლეჯვა, ყაჩაღობა, სასწავლო პროცესის სრული დეგრადაცია, მეცნიერების შიმშილი.
ამ წლების ნაყოფს დღეს ვიმკით. განათლების სისტემას ლახვარი ჩასცა სოფლის ორღობეებში გახსნილმა „უნივერსიტეტებმა“, „აკადემიებმა“ და გაჩნდა „ყოველმხრივ განვითარებული“ ახალგაზრდები - „საამაყო“ დიპლომებით, უცხოური სერტიფიკატებით, რაღაც გაუგებარი სახის სიგელებით. ცოდნა? ცოდნა - კი დარჩა ისეთი, ავ თვალს რომ არ ენახებოდა.
უცხოურ დიპლომიანმა ახალგაზრდებმა შეავსეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, დაბალ-მაღალი თანამდებობები. საბჭოეთში მიღებული განათლება აბუჩად იყო და არის აგდებული. მაშინდელ დიპლომიანებს თავი არსად გამოეყოფათ. საბოლოო წერტილი ძველებს და იმჟამინდელ ცხოვრებას სააკაშვილის „ჩარეცხვამ“ დაუსვა წერტილი. ისინი უზომოდ „განათლებულმა“ ახალგაზრდობამ ჩაანაცვლა.
გერმანიაში, საფრანგეთში, აშშ-ი, დიდ ბრიტანეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებში მოკლეკურსდამთავრებულებმა წალეკეს ქვეყანა. იშვიათია თანამდებობის პირი, ვისაც უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების „სერტიფიკატი“ თავისი სამუშაო ოთახის კედელზე არ ჰქონდეს ჩამოკიდებული. უყურებ ოქროსფრად მოვარაყებულ „დოკუმენტს“, მის პატრონს და ვერ გაგიგია, მსგავსმა რეგვენმა როგორ მიიღო ასეთი.
თუმცა არც ეს არის გასაკვირი, ვინაიდან ნებისმიერი ქალაქის ქუჩაში შეგიძლიათ შეიძინოთ „აკადემიური“ განათლება, რომელიც დიდად ფასობს საქართველოში. გახსოვთ ალბათ, „ქოცების“ მთავრობის დამტკიცების დროს, რა მაღალი დახასიათებების კორიანტელი ტრიალებდა პარლამენტში - ამას ოქსფორდში აქვს განათლება მიღებული, იმას - სორბონაში, აი იმას კი - კემბრიჯშიო.
და იყო საყოველთაო სიამაყე ესოდენ „განსწავლული“ ყმაწვილების მინისტრის პოსტებზე დანიშვნით. და როდესაც გვეგონა, რომ გადავრჩით, თურმე პირიქით. ორი წელი და რამდენიმე თვე გაძლო „უზომოდ“ განათლებული მინისტრების მინისტრობამ. ზოგი იძულებული შეიქმნა წასულიყო, ზოგიც აიძულეს. ასე და ამრიგად ერთ დღეში დავემშვიდობეთ „შესანიშნავ“, „განსწავლულ“ კადრებს, უფრო სწორად ისინი დაგვემშვიდობნენ - ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, თითქოს ქვეყნის მინისტრობა უბრალო რამ იყოს.
უმეცრების ბრალია ყოველივე ეს. სხვას ვერაფერს დაარქმევ მინისტრების, სხვა მაღალი თანამდებობების პირების ესოდენ „უპრაგონო“ მოსვლა-წასვლას. უპასუხისმგებლო ახალგაზრდების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა, ლეიტმოტივივით გასდევს ჩვენს „დამოუკიედებელ“ ცხოვრებას. შედეგიც შესაბამისია.
საზოგადოებამ არ იცის, რა დამსახურებისთვის ინიშნება ესა თუ ის პირი მინისტრად. მითუმეტეს, არ იცის, რისთვის მიდის ის თანამდებობიდან. არავითარი ანგარიში გაწეული მუშაობისა, არავითარი განმარტება, რით არის გამოწვეული მათ მიერ თანამდებობის დატოვება.
„დამოუკიდებლობის“ წლებში რაც გაკეთდა - ხელისუფლების მაღალი თანამდებობების გაუფასურებაა. ძნელია დაიჯერო თინეიჯერი მინისტრის წარმატებული მუშაობა, როდესაც სასწავლებლის მერხიდან პირდაპირ მინისტრობას ეზიარა. მითუმეტეს ძნელია, როდესაც სულ სხვა სპეციალობის პირი, სხვა დარგს ხელმძღვანელობს. მსგავსი „ნოვაცია“ სააკაშვილის ხელწერაა, რომელსაც წარმატებით იყენებს დღევანდელი ხელისუფლება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრს დიპლომატობას აბრალებენ. და თუ ასეა, უმჯობესი იქნებოდა გაპარტახებული საგარეო უწყების გამაგრება, ვიდრე სოფლის „აყვავება“.
უმეცრებაა ყოველივე ეს. სრულიად ვეთანხმები ივანიშვილის ნათქვამს: „ჩვენი განათლების ხარისხი, კარგად მოგვეხსენება. რამდენიც არ უნდა ვიამაყოთ, დონე ძალიან დაბალი გვაქვს. აუცილებელია განათლება, რადგან გაუნათლებელ ადამიანს შორი გზა არ აქვს...“
დიახ! საქართველო გაუნათლებელია და ამ საქმეში ლომის წილი სწორედ პოლიტიკოსებისაა, იმათი, ვინც ყოველგვარი ცოდნის გარეშე კარდინალურად შეაბრუნა ქვეყნის განვითარების გზა დასავლეთისკენ - არ გაუწია რა ანგარიში უცოდინარ საზოგადოებას. ფასადურმა დასავლეთმა მოხიბლა უნახავი ახალგაზრდობა, რომელთა უდიდესმა ნაწილმა სწავლის ნაცვლად, „ფასადურობას“ დაუთმო ადგილი და რაც მთავარია, იოლი გზით „სერტიფიკატის“ მოპოვებას. და გაჩნდნენ ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო მინისტრები, უცხოური „ქაღალდებით“, განსაკუთრებული მენტალიტეტით, ერთობ შეუფერებლით შინაური ყოფისთვის.
უცხოური განათლება - ნამდვილი და არა „სერტიფიკატული“, მხოლოდ მაშინ გაიხარებს მშობლიურ მიწაზე, როდესაც ასეთი მრავლობით რიცხვში იქნება; როდესაც დაბალ და საშუალო დონეზე და არა მარტო მაღალზე, ასეთთა ყოფნა გამონაკლისი შემთხვევა არ იქნება. ავიღოთ ჩინეთის მაგალითი. დენ სიაოპინის რეფორმებს მოჰყვა ათასობით ჩინელი ახალგაზრდის (სახელმწიფო ფულით) აშშ-ი, სხვა ქვეყნებში განათლების მიღება. მართალია, ზოგი დარჩა იქ, მაგრამ უმრავლესობა დაბრუნდა და ჩვეულებრივ საქმეში დასაქმდა და არა მინისტრად. პარალელურად განვითარდა ადგილობრივი უმაღლესი სასწავლებლები. შედეგი - უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. თითო-ოროლა „სერტიფიკატიანი“ ყმაწვილი, მითუმეტეს მინისტრად დასაქმებული, გაზაფხულს ვერ მოიყვანს.
დამოუკიდებლობის ჟამს თაობათა ძალისმიერი ცვლა, განსაკუთრებით სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი, უმეცრება იყო და მეტი არაფერი. ცხადია, ამ საქმეში ლომის წილი აშშ-ს და მის მოკავშირეებს ეკუთვნით, ვინაიდან სწორედ მათი დაჟინებული რჩევით მოხდა ძველი, გამოცდილი თაობის, უცოდინარი, გამოუცდელი ახალგაზრდებით ჩანაცვლება. უცბათ მოხდა ყოველივე და უცბადაც დაინგრა ქვეყანა. გამოცდილები, „ჩაირეცხა“. გამოუცდელები აღზევდა. „ჩარეცხილებს“ თან წაყვათ ქვეყნის მართვის ანბანი. ახლებს, ძველებისთვის არც კი უკითხავთ, როგორ, რა გზით ემართათ ქვეყანა. არის თუ არა ეს უმეცრება?!
და კიდევ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი რამ სტარტი რომ ჰქვია ანუ ახალი ცხოვრების დასაწყისი. როგორც თავში აღვნიშნე, ჩვენ რევოლუციურად განწყობილები, ჩვენივე უცოდინრობით ისეთ ნაბიჯებს ვდგამდით, რაც ემოციებზე იყო დაფუძნებული და არა გონიერებაზე. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ცოტამ თუ აირჩია ასეთი გზა.
უმეტესობამ დინებას მისდია და არა დინების საწინააღმდეგო ცურვას. და ცხოვრებისეულმა წესებმა თავისთავად მიიყვანეს ისინი იმ ვითარებამდე, რომელიც დღეს აქვთ. მაგალითად, ბელარუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი მაქვს მხედველობაში. იქაურმა პოლიტიკოსებმა შეძლეს დიდი კატაკლიზმების გარეშე პრობლემების დაძლევა და ისეთად ჩამოყალიბება, დღეს რომ სხვაში შურს იწვევს.
მავანი მეტყვის, ისინი დემოკრატიულები არ არიანო. მაგრამ რა არის დემოკრატია?
ყველას თავისი დემოკრატია აქვს. ჩვენ რომ დემოკრატიის სავანედ მივიჩნევთ აშშ-ს, იქ თითქმის ყოველ კვირას თეთრკანიანი პოლიციელები ტყვიით „უმასპინძლდებიან“ შავკანიან მოსახლეობას, რაც შავკანიანთა პროტესტით, ავტომანქანების დაწვით, მაღაზიების დარბევით, პოლიციელებზე თავდასხმით თავდება. ის, რომ შავკანიანი ან ლათინური წარმოშობის ისეთი არ არის, როგორც მათ სურთ ანუ თეთრთან გათანაბრებული, ჩვეულებრივი რამაა. არის გამონაკლისი - პრეზიდენტიდან დაწყებული, მაგრამ ეს უფრო ხელოვნურია, ვიდრე ბუნებრივი.
დიახ! ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავი ყველაზე დემოკრატიულად მიგვაჩნია, დასავლეთიც ამით გვახალისებს. მაგრამ, ამ „დემოკრატიულობით“, რომ ცხოვრება ვერ ავაწყვეთ? ვიძახით - ლუკაშენკო დიქტატორია, ნაზარბაევი - უარესი, მაგრამ შედეგი მათი დიქტატორული მოღვაწეობისა ხომ წარმატებული ქვეყნებია?! მაღალი ხელფასები, მაღალი პენსიები, აშენებულ-დამშვენებული ქალაქები და სოფლები, წესრიგი და შემოქმედებითი შრომა, რაც ჩვენთვის, ეგზომ „დემოკრატიულთათვის“ საოცნებოა.
ამბობენ - ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. რამდენჯერ გადაბრუნდა ჩვენი ურემი, მაგრამ გზა არ ჩანს. და არ ჩანს იმიტომ, რომ ცუდი სტარტი ავიღეთ, მოჭარბებულად ემოციური, რევოლუციური, საწყისიდან წაგებაზე გათვლილი. არადა სხვა გზა უნდა აგვერჩია, ისეთი, როგორც მეზობლებმა. უნდა გაგვეთვალა, რომ ე.წ. ცივილიზებულ ევროპას ჩვენნაირი უცხო, გამოუცნობი ხილი არ მოხიბლავდა და რომც მოეხიბლა, ქართული მენტალიტეტით ვერ ჩავჯდებოდით იმ სამყაროში.
ჩვენ, ჩვენი გზა უნდა აგვერჩია, ჩვენთვის დამახასიათებელი, საუკუნეებგამოვლილი და არა ის, რაც შორს არის ჩვენგან. საკუთარი გზა აირჩიეს სამხრეთ კორეამ, სინგაპურმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის „ვეფხვებად“ (ეკონომიკური თვალსაზრისით) მონათლულმა სახელმწიფოებმა. მათ ყოველთვის უწუნებდნენ დემოკრატიას, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ ეკონომიკურ წინსვლა-განვითარებაზე. რა წააგო ერთპარტიულმა, ცენტრალიზებულმა მმართვის სისტემამ ტაივანზე? მხოლოდ რამდენიმე წელია სინგაპურსა და ტაივანზე დაუშვეს ოპოზიციური პარტიები. დაუშვეს მაშინ, როდესაც ეს ქვეყნები „ვეფხვებად“ გადაიქცნენ. დღეს, მათ ოპოზიციური პარტიების არსებობა ვერაფერს დააკლებს.
ჩვენ, ვითომ დემოკრატია ვამჯობინეთ; ვატარეთ ვითომ არჩევნები, რომლებიც დანიშვნებს უფრო ჰგავს; ვიქეთ და თავი ვაქებინეთ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რას არ იტყვიან საკუთარი მიზნებისა და გეგმების განსახორციელებლად. საკუთარი მიზნები კი შორსმავალია - საქართველო, ქართველების გარეშე, რასაც სამწუხაროდ ჩვენი უზომოდ გაევროპელებული ახალგაზრდობა ვერადავერ ხედავს.
დემოკრატობანას თამაშმა მოგვიყვანა ისეთი „დემოკრატი“ და „გუგული“ პრეზიდენტები, როგორებიც იყვნენ შევარდნაძე, სააკაშვილი და როგორიც დღეს გვყავს, მარგველაშვილის სახით; „დემოკრატიულად“ არჩეული პარლამენტი, საკრებულოები, მერები და ა.შ.
დემოკრატიულობის ნიშანწყალი არ აქვს ერთი კაცის მიერ შერჩეულ პარლამენტს, პრეზიდენტს, დედაქალაქის მერს, ადგილობრივ ხელისუფლებას. ერთის შერჩეული გაცილებით სარკასტული აღმოჩნდა, ვიდრე ადრე ჩატარებული მსგავსი რამ. ხალხმა ყველა არჩევით თანამდებობაზე ივანიშვილი აირჩია, ვინაიდან ხალხის დემოკრატიულობის ხარისხი, მითუმეტეს განსწავლულობა ისეთია - ივანიშვილის რეცეპტს რომ ემთხვევა.
უმეცრება და უმეცრება, მაგრამ რა ვუყოთ არჩეულებს, რომლებიც უფრო ივანიშვილის არჩეულები არიან - ფაქტიურად, მაგრამ იურიდიულად - ხალხის? არჩეულს კი თავისი საარჩევნო ვადა აქვს - კანონით განმტკიცებული, ჰოდა, მამაზეციერიც კი სიტყვას ვერ შეჰბედავს თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით. არადა ზოგიერთების „მოღვაწეობა“ ერთ წელიწადსაც ვერ ავსებს, მაგრამ თუ რა უმწიფარი ხილია, უკვე იგრძნო საზოგადოებამ.
დიახ! საზოგადოებამ და არა მავანმა პოლიტიკოსმა, ისეთმა, როგორიც თბილისის მერია. უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს, ნამდვილად არ არის ის, მერი რომ ჰქვიოდეს. ჩანს ის ვერ აწევს იმ უზარმაზარ ტვირთს, ქალაქის მეურნის სახელი რომ ჰქვია. ვერ აწევს და რა? არც არაფერი. ვიქნებით ასე ნომინალური მერით, მერობის ვადის ამოწურვამდე.
კიდევ არაერთი უნაყოფო წელიწადის გაძლება მოგვიწევს, უკეთესის მოლოდინში. სამწუხაროდ, სწორედ მსგავსმა ლოდინმა წაიღო ჩვენი ცხოვრების საუკეთესო 23 წელიწადი. მას ვერვინ დაგვიბრუნებს, ვერც ივანიშვილი, ვერც ე.წ. დემოკრატიული პოლიტიკური ელიტა.
დიახ! სინგაპურმა, სამხრეთ კორეამ, ტაივანმა შეძლეს დიდი ნახტომის გაკეთება, მაგრამ იქ სხვა ხალხი ცხოვრობს, რომლისთვის შრომა მოთხოვნილებაა და არა დემოკრატობანას თამაში. ჩვენმა ყოფილმა თანასისტემელებმაც შეძლეს რაღაცის გაკეთება, ჩვენზე მეტის და საინტერესოს, ვინაიდან არ აჰყვნენ ვაი პოლიტიკოსების ქარაფშუტულ ლოზუნგებს და გააგრძელეს საკუთარი ცხოვრების შენება არა ე.წ. დემოკრატიის წესებით, არამედ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით.
არც ერთ მათგანს ისეთი გადატყლარჭული პოლიტ-ელიტა არ ჰყავს, როგორც საქართველოს, მაგრამ მათ ჩვენთან შედარებით, აშენებული ქვეყნები აქვთ. რა უფრო უკეთესია, მეტიჩარა პოლიტიკოსები თუ ჩამუყალიბებული ქვეყანა? ალბათ, ამ კითხვაში, საკითხავიც არაფერია.
საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. არ გაამართლა მილიარდერის საკადრო პოლიტიკამ და აღებულმა კურსმა. პანტი-პუნტით იცვლებიან მინისტრები. ძველ თინეიჯერს, ახალი ცვლის, რომელმაც წინასწარ იცის, მისი ვადა უკეთეს შემთხვევაში, პარლამენტის არჩევნებამდე გაგრძელდება. მან წინასწარ იცის, რომ თავი არ უნდა მოიკლას შრომით და ვიდრე თანამდებობაზეა, აქტიურად ეძებოს მშვიდი ნავთსაყუდელი, თანაც შემოსავლიანი. ზოგი ამ ვითარებას რას აბრალებს და ზოგიც რას, მაგრამ უცოდინრობის გამო, გვერდს უვლის მთავარ პრობლემას თოთო ყმაწვილებში „პროფესიონალთა“ დაჩეკვის თემას.
პროფესიონალიზმი თეორიული და ცხოვრებისეული სწავლა-განათლების ნაყოფია. იმ ასაკის მინისტრები, რომლებიც საქართველოს ჰყავს, ვერაფრით იქნება პროფესიონალი. გარდა ამისა, საქართველოს განათლების სისტემა ნამდვილად არ იძლევა სრულყოფილ სწავლა-განათლებას. არც არასამთავრობო ორგანიზაციებია ისეთი, ახალგაზრდამ რომ შესაბამისი სამუშაო თვისებები შეიძინოს.
ახალგაზრდა კადრების სამჭედლო აუცილებელია. ამ საქმეს ვერც ერთი პოლიტიკურ პარტიასთან არსებული ახალგაზრდული ფლანგი ვერ შეცვლის. ქვეყანას ესაჭიროება სიღრმისეული რეფორმები ყველა დარგში, ყველა სფეროში. რეფორმატორებად უცხოელთა მოწვევა არ წაადგება ქვეყანას. შენი საქმე, შენვე უნდა აკეთო.
გამკეთებელი შენ უნდა მოიძიო და შესაბამისი პირობებიც შეუქმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მრავალი წლის გასვლის შემდეგაც, დღევანდელი პრობლემების წინაშე ვიქნებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
01/05/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.