"გადაგდებული" საქართველო

hamlet chipashvili-politologi

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ერთობ „დელიკატური“ ურთიერთდამოკიდებულება კარგა ხანია „დელიკატურობის“ ჩარჩოებს გასცდა და ცალმხრივ ლანძღვა-გინებაში გადაიზარდა, ისეთში, რომელიც კაცს სერიოზული განსჯის ნაცვლად, სიმწრის ღიმილს რომ ჰგვრის.
და მართლაც, ერთ დროს ინკოგნიტო ბიზნესმენმა (სიტყვა „ინკოგნიტოს“ იმიტომ ვიშველიებ, რომ აშკარად შეეფერება ბიზნესმენის იმჟამინდელი ცხოვრების წესს), „სხარტი“ გამონათქვამებით ისეთი ყურადღება მიიპყრო, რომ მისი „ინკოგნიტოს“ პერიოდი სჯობდა. მაშინ არც არავინ იცოდა ბიძინას ბიზნესური საქმეები, არც მისი „ფილოსოფიური“ აზრები და თქვენ წარმოიდგინეთ, სახელიც და გვარიც. რაც იცოდა, იყო ის, რომ ვიღაც ბიზნესმენი დიდძალ ფულს ხარჯავდა სამების ტაძრის მშენებლობაში.
მხოლოდ ახალი საუკუნის დადგომასთან ერთად დაიწყო ბიზნესმენ ბიძინას საქმეთა, ფართო საზოგადოებისთვის მიწვდენა. ფორმაც საშური შეირჩია - ცნობილ ქართველთათვის, უმთავრესად კულტურისა და ხელოვნების მუშაკთათვის სამოწყალო ფულის გადახდა (თანამედროვე ტერმინოლოგიით - „ცნობადი“ სახეებისთვის). სწორედ, „ცნობადობაზე“ იყო გათვლილი ბიზნესმენის ქველმოქმედება და იმ იდეაზე, საქართველოში რომ მიზანმიმართულად მოქმედებს - არის ინტელიგენცია შენს გვერდით? - გამარჯვებაც ჯიბეში გაქვს! როგორც ჩანს, ბიძინას კარგად ახსოვდა ცკ-ს პირველი მდივნის შევარდნაძის „შეწირულობა“ ინტელიგენციის მიმართ, რაც ურიგოდ ავტომანქანა „ვოლგის“ გამოყვანას, მიწის ნაკვეთების ჩამორიგებას და ბინების მიცემაში (სხვას არ ჩამოვთვლი) გამოიხატებოდა.
„შეწირულობამ“ თავისი გააკეთა და დამშეული ინტელიგენცია სამარადისო მოვალედ აქცია პირისა, რომელსაც სხვა საქველმოქმედო საქმეც ჰქონდა გაკეთებული. ამ „ქველმოქმედებაში“ ყოფილი „ნაცური“ ხელისუფლების დაფინანსებაცაა. საქართველოს მოსახლეობას რომ ეგონა, სააკაშვილის დამფინანსებელი უნგრული წარმოშობის, ამერიკელი აფერისტი, მილიარდერი ჯორჯ სოროსია, სინამდვილეში - ივანიშვილი ყოფილა.
შევარდნაძის ხელისუფლების მოხელეთა ხელფასებთან შედარებით, სააკაშვილის მოხელეთა მრავალჯერ გაზრდილმა ხელფასებმა, პრემიებმა და სხვა „სიკეთეებმა“, რომ ყოველგვარ ჩარჩოებს გადააჭარბა - ფაქტია. ფინანსურმა დახმარებამ პოლიციას, ჯარს, სააკაშვილის დედას, ბებიას, ცოლს და სხვას, უდავოდ გაამაგრა სააკაშვილის ხელისუფლება.
ერთი სიტყვით, ფინანსური ინექციებით ივანიშვილმა „ნაცთა“ პოლიტიკური ცხოვრებაც გაახანგრძლივა, საკუთარი ბიზნესური მდგომარეობაც და სააკაშვილის კარის მრჩევლობაც. მაგრამ სიამტკბილობის პერიოდი შავმა ღრუბლებმა დაფარა. წამოვიდა „ნაცური“ წვიმა - თავსხმა საზარელი და წალეკა ქვეყანა ბოროტებითა და ავკაცობით. მძიმე შედეგი - დაუფასებლობის და უმადურობისა, ბიზნესმენმაც იწვნია.
იწვნია და უცბათ დაინახა, რომ „სამშობლოს კარგავდა“ – „ნაცთა“ გამოისობით, სწორედ იმ „ნაცთა“, ვინც დააპურა და ფეხზე დააყენა. პოლიტიკაში ჩართულმა, გეზი პატრიოტიზმზე აიღო, სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავე ყოფილთა დასჯაზე. იმათ დასჯაზე, ვინც გაუსაძლის ყოფასა და შიშში მოაქცია ქვეყანა. „ნაცთა“ მიერ გამწარებულმა ხალხმა უმალ მხარი აუბა მხსნელ ბიზნესმენს. საპარლამენტო არჩევნებიც მოიგო, საპრეზიდენტოც და ახალი ცხოვრების აშენებაც დაიწყო.
პოლიტიკაში მოსულმა ბიზნესმენმა, პოლიტიკოსთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ნაკრები ჩამოაყალიბა, რომელთა დიდი ნაწილი საზოგადოებისთვის ცნობილი, მაგრამ მიუღებელი იყო, ნაწილი კი - უცნობი, მაგრამ გაცნობისთანავე - მიუღებელი. ასე და ამრიგად შეიქმნა გუნდი, მაშინ ნაკლებად, დღეს კი უკვე კარგად ცნობილი თავისი უნიათო შემოქმედებით.
ორწელიწადნახევრის განმავლობაში „ახლებმა“ ისე გამოიჩინეს თავი, საკუთარი ქვეყნისა და საქმის მიმართ, მტერიც ვერ ინატრებდა, რამაც ერთობ დიდი თავსატკივარი გაუჩინა პოლიტიკურ ჩრდილში გადასულ ივანიშვილს. გაუჩინა, მაგრამ ნირწაუმხდარად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ყველაფერი კარგად მიდის ანუ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც მან შექმნა, ოღონდ უმნიშვნელო შავი ლაქებით (იმ პრინციპიდან გამომდინარე, მზესაც შავი ლაქები აქვს).
„შავლაქოსანთა“ სიაში პირველობას ვერავინ წაართმევს პრეზიდენტ მარგველაშვილს, თავის დროზე ივანიშვილის ყველაზე დიდ კრიატურას. კაცს, ფილოსოფოსს, „გონებაგახსნილს“ და ა.შ. - აღმოჩენილს ივანიშვილის მიერ. „შავოსნებში“ ისეთებიც არიან, მაგალითად ალასანია, თავისი გუნდით, რომლებიც დასაწყისიდანვე აშკარად ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა ხალხზე (რესპუბლიკელებთან ერთად).
ალასანიას შემთხვევაში, ივანიშვილ-ხალხის აზრი უმალ დაემთხვა ერთმანეთს, რასაც ვერ ვიტყვით მარგველაშვილზე. თუ რამე იყო ცნობილი მის შესახებ, როგორც განათლების მინისტრზე, უსუსურობა იყო, რაც გაცილებით სჯობს ალასანიას ავანტიურისტობას. თუმცა ქვეყნისთვის ეს თვისებები დამღუპველია.
მინისტრი მარგველაშვილის უსუსურობა, პრეზიდენტ მარგველაშვილის „ხასიათის“ გამოვლინებამ ჩაანაცვლა, რაშიც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაც არის. რომ არა ბიზნესმენის ესოდენი ყურადღება პრეზიდენტის სასახლეში მარგველაშვილის გადასვლასთან დაკავშირებით, არც არავინ მიაქცევდა პრეზიდენტს ყურადღებას. ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა მარგველაშვილის გადაწყვეტილება სააკაშვილის მიერ აშენებულ სასახლეში გადასვლის გამო. რატომ? ალბათ, მისი ცუდი განწყობისა ამ შენობის მიმართ და არა იმ „ობიექტური“ მიზეზების გამო, რასაც ბიძინა ამბობს დღიდან, მარგველაშვილის სასახლეში შესვლისა.
თავის ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო გამოსვლაში მან აღნიშნა“ - „რამდენად აქვს მარგველაშვილს უფლება 16000 კვ.მ ფართობის სასახლეში იყოს, როდესაც მას მხოლოდ 6000 კვ.მ სჭირდება, რომელიც მთავრობამ გაურემონტა (იგულისხმება ათონელის ქუჩაზე მდებარე სახლი). რას ჰქვია ეს? 10000 კვ.მ არის ჭარბი მისთვის. მე უკვე გავაკეთე მინიშნება და არავის აინტერესებს. ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ცდილობს ხიდები ააგონ და კრიტიკაში არ ჩაერთონ, მთავრობა ვერ ბედავს, უმრავლესობა კეკლუცობს. აბა ნახეთ, 10000 კვ.მ ისეთ ადგილზე, სადაც ის სასახლე დგას, თვეში მინიმუმ 15-20 დოლარი ღირს კვ.მ გაქირავება, გადაამრავლეთ და ეს 5 მილიონი ლარია. ამას ემატება კომუნალური ხარჯები - 900000, 5-6 მილიონი ლარია, რომელსაც ეს კაცი თავისი ფუფუნებისთვის არ თმობს და აქვს ამის უფლება?“, - განაცხადა ივანიშვილმა.
რომ იტყვიან, ახია მასზე! არც მარგველაშვილმა გაუმართლა, ვინაიდან ივანიშვილის დაუკითხავად შერგო თავი პრეზიდენტის სასახლეში; არც მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობამ, ვინაიდან ჯერაც ვერ მოახერხეს ივანიშვილის ახირების შესრულება და პრეზიდენტის, პრეზიდენტის სასახლიდან გამოგდება. და რახან ივანიშვილმა „თავისები“ ვერაფრით დარაზმა, ახლა ხალხს მიადგა თხოვნით - თქვენ გამოდით და გამოაგდეთ „საკუთარ ფუფუნებას“ აყოლილი პრეზიდენტი სასახლიდანო.
პრეზიდენტი, რომ „პიონერთა სასახლეში“ შევარდნილიყო, სხვაა, მაგრამ ის პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. მერე რა, რომ სასახლე სააკაშვილმა ააშენა?
სააკაშვილმა ააშენა საპრეზიდენტო სასახლე და არა საკუთარი. და ის, რომ სასახლე არა თავისთვის იყო და იყო პრეზიდენტისთვის, იმითაც დაამტკიცა, რომ საპრემიერო სასახლე ათონელის ქუჩაზე დაიგულა, ივანიშვილი, მარგველაშვილისთვის რომ იმეტებს.
ნათქვამიდან ჩანს, რომ ივანიშვილს შურს მისი „ხელის ბიჭის“ (როგორც ის გეგმავდა) დიდ სასახლეში ყოფნას და კაპიკ-კაპიკ უთვლის ხარჯებს, რითაც სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის პოზაში დგება. კაცმა რომ თქვას, რით არის ნაკლები საქართველოს პრეზიდენტი (მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ის) ბიზნესმენზე? თუ ბიზნესმენს შეუძლია „კომკავშირის ხეივნის“ შესყიდვა (სხვაზე არაფერს ვამბობ), იქ მინის სასახლის წამოჭიმვა, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტს სასახლე?
საქართველოში არ იყო ჩამოყალიბებული პრეზიდენტის ინსტიტუტი. რაც იყო, დიდი სრულყოფილებით არ გამოირჩეოდა და აქედან გამომდინარე არც სასახლე იყო. მერე რა, რომ ყოველივე ამას სააკაშვილმა დაადგა თავი?! მერე, რა, რომ სწორედ მას მოუწია, მისსავე აშენებულ სასახლეში ყოფნა?! იმჟამად პრეზიდენტის ინსტიტუტი მთლიანად იქ, იმ შენობაში იყო განთავსებული და თვით ამ ინსტიტუტს, კონსტიტუციით უზენაესი უფლებები ჰქონდა. ცხადია, დღეს, პრეზიდენტიც და მისი ინსტიტუტიც ისეა დაკნინებული, რომ გლდანის სამოთახიან ბინაშიც დაეტევა, მაგრამ ეს დღეს.
ხომ შეიძლება, რომ ისევ შეიცვალოს ვითარება და დღევანდელ გაუგებარ პოლიტიკურ სისტემას, პოლიტიკოსებმაც და ხალხმაც, გუშინდელი ანუ საპრეზიდენტო მმართველობა ამჯობინოს? გამორიცხული არაფერია. და თუ გამორიცხული არაფერია, საქართველომ ახალი სასახლე უნდა ააშენოს? სასახლის აშენება (თუკი დღევანდელი გაიყიდებოდა) აუცილებელი გახდებოდა, რაც მილიონობით ლარს შთანთქავდა.
ივანიშვილი მოჭარბებულად ხელმომჭირნედ იხილავს პრეზიდენტის სასახლის ხარჯებს და თვლის, რომ პრეზიდენტს (კონსტიტუციიდან გამომდინარე) ამ ზომის სასახლე არ სჭირდება. მაგრამ, რა ვუყოთ პრეზიდენტის პროტოკოლს ანუ ქვეყნის? ის, მიუხედავად უფუნქციობისა არ ითვალისწინებს საპროტოკოლო ნიუანსების შეზღუდვას, თუნდაც ისეთის, რასაც ჰქვია სტუმრისთვის საპატიო ყარაულის მოწყობა, ბანკეტების, დაჯილდოების ცერემონიალების გამართვას და სხვა. მიუხედავად უფუნქციოდ დატოვებისა, პრეზიდენტს დარჩა წარმომადგენლობითი ფუნქცია, რომელსაც ვერ გააუქმებ, ხოლო ამ ფუნქციების შესრულობას სწორედაც სასახლე სჭირდება და არა სორო.
პრეზიდენტის სასახლეში, ცხადია პრეზიდენტთან შეთანხმებით, სხვა სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გამართვაც შეიძლება, რომელშიც პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად, მინსკის მოლაპარაკების გახსენებაც შეიძლება.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სააკაშვილის მიერ აშენებული პრეზიდენტის სასახლე უდავოდ მოკრძალებულია. ვისაც თვალი მოუკრავს აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელორუსიის, სხვა ქვეყნების პრეზიდენტების სასახლეთათვის, ასეთი შთაბეჭდილება დარჩებათ. მაშ, რას ჩააცივდა ივანიშვილი ამ სასახლეს და აქედან გამომდინარე მარგველაშვილს? იქნებ მას სასახლიანი ბიზნესმენის კულუარული პრეზიდენტობა უფრო ხიბლავს, ვიდრე სასახლიანი პრეზიდენტის? იქნებ მხოლოდ მას, საქართველოს უგვირგვინო მეფეს, უნდა ჰქონდეს სასახლე და არავის სხვას?
დიახ! სასახლის შენობის შენახვა ძვირი ჯდება, მაგრამ გაცილებით ძვირი დაჯდება ფუნქციებაღმდგარი პრეზიდენტისთვის ახალი სასახლის აშენება, თუკი დღევანდელი გაიყიდება. ის, რომ საპრზიდენტო სისტემა საქართველოსთვის ისეთია, როგორც ძროხისთვის უნაგირი, ნათელია. ისიც ნათელია, რომ ამ მოუქნელ სისტემას მოუწევს ისევ საპრეზიდენტოზე გადასვლა.
ახლა, რაც შეეხება იმ „ფუფუნებას“, რაზეც ივანიშვილი არ მსჯელობს. დავიწყოთ თუნდაც რეცეპტებისთვის ქაღალდის შეძენა-დამზადებაში უამრავი ფულის ხარჯვით; ექიმებისა და ფარმაცევტების მიერ რეცეპტების ჭრა-კერვაში დახარჯული ენერგიით, ნერვებით და იძულებითი მოთმინებით და რაც მთავარია, ისედაც გაწამებული მოქალაქეების მხრიდან დაკარგული დროით, ხარჯებით და გაუმართლებელი პროცედურული ლოდინით. ივანიშვილის ხელისუფლებამ, ყველაფერ ამას ხალხის ჯანმრთელობისთვის ზრუნვა დაარქვა და ამ „ზრუნვამ“ ზოგი რომ დააავადა, ზოგიც ნაადრევად გაისტუმრა იმ ქვეყნად - ხელისუფლება და ივანიშვილი ჯიუტად ვერ ხედავს.
დავუმატოთ ამას საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტებისა და კანონების, სხვა ნორმატიული აქტების ფერად-ფერად ქაღალდებზე ბეჭვდა, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე თეთრი ქაღალდის. თვით თეთრი ქაღალდის შეკვრა კი 9 ლარს აჭარბებს. ახლა დაჯდეს ივანიშვილი და გამოთვალოს, რა უჯდება საქართველოს პარლამენტს ფერად-ფერად ქაღალდებში დახარჯული თანხა.
აღარაფერს ვამბობ, უკვე მწარე ანეკდოტად ქცეულ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებზე, ხელფასზე დანამატებზე; საზღვარგარეთ ყოველგვარი მოთხოვნილების (ქვეყანა მაქვს მხედველობაში) გარეშე ხეტიალზე; ახალთახალ პერსიონალურ „ჯიპებზე“; თუნდაც ქუთაისში სხდომის ჩატარებაზე და იქაური პარლამენტის შენობის შენახვაზე.
ხელმომჭირნე კაცი, ისეთად, როგორადაც ივანიშვილს მოაქვს თავი, მხოლოდ მარგველაშვილთან დაკავშირებით, სხვა სახელმწიფო ხარჯებზეც ილაპარაკებდა და შესაბამის ზომებს მიიღებდა. ვერადავერ შეეშვა საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბანკეტებში ფულის უზომო ხარჯვას, სადაც ორ სტუმარზე 20 მასპინძელი მიდის.
არავინ აქცევს ყურადღებას თუნდაც ისეთ „უმნიშვნელო“ საკითხს, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ბრიუსელში რეგიონული (ევროპის) ამბასადორიალის ჩატარება. უსაქმოდ დარჩენილმა მინისტრმა, საქმე გაიჩინა და ევროპის ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს ელჩებთან თათბირი გამართა. საინტერესოა, რა დაუჯდა ქვეყანას მინისტრის „ნოვაცია“?
ელჩების იქით-აქეთ მგზავრობა, შესაბამის სასტუმროში, ცხადია ხუთვარსკვლავიანში ცხოვრება, ავტომანქანების და სასტუმროს დარბაზის დაქირავება, თანაც ბრიუსელში, ძვირი ფუფუნებაა. ამაზე არავინ ამბობს, ისევე, როგორც არავინ ამბობს - რაში სჭირდება საქართველოს თითქმის 70 ქვეყანაში და საერთაშორისო ორგანიზაციაში გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობები.
აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის ზაფხულში საგარეო უწყება ე.წ. ამბასადორიალებს (ანუ ელჩების შეხვედრას) მართავს თბილისში. მინისტრმა ამ წლიურ ღონისძიებას ახალი დაუმატა - რეგიონული, ცხადია სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.
როდესაც სახელმწიფო ხარჯებზე ვლაპარაკობთ, უმჯობესია სპილოზე ვილაპარაკოთ, ვიდრე ბუზზე. ბუზზე ლაპარაკმა წალეკა ქვეყანა, რასაც ბიზნესმენი ვერ ხედავს. ან შეიძლება ხედავს, მაგრამ გაგულისებული საზოგადოების ყურადღება უმნიშვნელო თემებზე გადააქვს? არც ერთი სიტყვა იმ უსახო მშენებლობებთან დაკავშირებით, რასაც თბილისში აქვს ადგილი. ქუჩაში რომ ცოტა ხნით დგომა მოგიწიოთ, უმალ მოგაშენებენ სახლს.
ივანიშვილს თვალში ეცა მარგველაშვილის სასახლეში ყოფნა, მაგრამ ვერ დაინახა სპორტის სასახლის ირგვლივ, ტროტუარზე წამოჭიმული საშაურმეები, სუპერ-მარკეტები, საცხოვრებელი სახლები. მშენებლობა მიმდინარეობს და სულ მალე სასახლეში შესასვლელი საცალფეხო ბილიკიც არ დარჩება.
ივანიშვილს არ აინტერესებს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ქვემოთ არსებული უნიკალური სოლოლაკის ბედი. უყურადღებოდ მიტოვებული რაიონისთვის მას და მის „ხელის ბიჭებს“ არ სცალიათ. არადა იკარგება თბილისის ისტორია.
ივანიშვილს არ აინტერესებს დაუმთავრებელი შენობების ბედი, რომელთა რაოდენობა ულევია; არც დოლბანდჩამოფარებული „თბილისის უნივერმაღი“, „იმელის“ შენობა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა, „მაუდ-კამვოლის ფაბრიკა“, სხვა შენობა-ნაგებობების ბედი. ისევე, როგორც ეკონომიკის, ლარის კურსის, ხალხის დასაქმების, სოციალური პირობების გაუმჯობესების ბედი. მას მარტო მარგველაშვილის კრიტიკისთვის სცალია - მარტივი მიზეზის გამო - მარგველაშვილმა არ დაუჯერა.
ნეტავ რას უზამდა პრეზიდენტის სასახლეს პატივცემული ბიზნესმენი, მარგველაშვილი რომ არ შესულიყო იქ? გაჰყიდდა? დღეს, რომ არაფერი იყიდება ეკონომიკურად დაქცეულ საქართველოში?
„საინტერესოა“ ივანიშვილის განცხადებაც ხარძიანის მკვლელობასთან დაკავშირებით. „ვერსია ერთია - სათავე ბოროტებისა იყო იმ სისტემაში. ნახეთ, ძალით გააღებინეს პირი და ნარკოტიკები ჩაუყარეს. ეს კატასტროფაა. რომელი საუკუნეა, ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან , არ ვიცი. უახლოეს ასწლეულებში შეიძლება ვერცკი გაიხსენოთ ... მთავარი დამკვეთი გახლავთ ის ძალადობრივი სისტემა, რომელიც დაინერგა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს“ - აფერუმ შენს ვაჟკაცობას, გულახდილობისთვის.
თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ნათქვამში, მაგრამ ის ხომ ჩვენსავით უბრალო მომაკვდავი არ ბრძანდება? „ქოცთა“ შემქმნელია და არა მარტო. მესაჭე, კულისებიდან. თქვენ, ჩვენსავით გულდათუთქულად კი არ უნდა გვიზიარებდეთ აზრებს, არამედ საქმით გვიმტკიცებდეთ, რომ ებრძვით მანკიერებას. თქვენ კი, ნაცვლად ამისა, ჩვენ გვაქეზებთ. არადა თქვენ არ დაგვპირდით სამართლიანობის აღდგენას?!
არ გააკეთეთ! ანდა როგორ გააკეთებდით, თქვენსავე დაპურებულებს ხომ არ მოსპობდით?! ახალაია, მერაბიშვილი, უგულავათ არ იწყება და თავდება „ნაცმოძრაობა“. მათ გვერდში ბევრი სხვაც უნდა იჯდეს, მაგრამ . . .
რა გიშლიდათ და გიშლით ხელს დამნაშავე „ნაცების“ დასჯაში?
არც არაფერი. ბურთიც თქვენ გაქვთ და მოედანიც. მაგრამ თქვენს მიერ დანიშნულ ბავშვებს უფრო სხვა აინტერესებთ - დროს ტარება. სამწუხაროდ, ისინიც ნელ-ნელა ეფლობიან კორუფციისა და ნეპოტიზმის ჭაობში, რითაც საბოლოო განაჩენი გამოაქვთ ქვეყნისთვის.
„ასეთი ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან არ ვიცი“, - აცხადებთ თქვენ. თუ არ იცით, არ უნდა თქვათ. მარტო უკრაინაში, ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა სადამსჯელო მოქმედებამ, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ გამოავლინა ის უსასტიკესი მეთოდები, რომელსაც ფაშიზმის შემდეგ ადგილი არ ჰქონია (გერმანული ფაშიზმი მაქვს მხედველობაში). უკრაინულმა ფაშიზმმა გერმანულს გადააჭარბა. ნუთუ ცალი თვალით არ მოგიკრავთ ორმოში ჩაყრილი, ხელ-ფეხ გაკოჭილი, დახოცილი დონბასელი ორსული ქალებისთვის?
არ მითხრათ, არაო. და თუ არ გინახავთ, არც თანამედროვე პოლიტიკის გურუდ უნდა მოგქონდეთ თავი. და მუდამ არ უნდა გაიძახოდეთ - ჩვენი მეგობარი უკრაინაო.
ფაშისტური უკრაინა ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. თუ ვისი მეგობარიც არის - ნათელია - სააკაშვილისა და ყოფილი „ნაცური“ ხელისუფლების. უკრაინის ხელისუფლება თავს არ იკლავს საქართველოს მეგობრობაზე და თქვენ ან თქვენს მთავრობას რაღა დაემართა, თავი რომ გაისაპნეთ ოფიციალური კიევის მიმართ?
თქვენმა მთავრობამ ისე დაკარგა თავმოყვარეობა, რომ არაფრად ჩააგდო ორი ვიცე-პრემიერის კიევში ვიზიტის დროს უკრაინის ხელისუფალთა სრული იგნორირება. თქვენ კი თავი წაგვჭამეთ - უკრაინა, ჩვენი მეგობარიაო.
ვიმეორებ - უკრაინა არის „ნაცთა“ მეგობარი და აშშ-ს მოჯამაგირე, მისი დავალების შემსრულებელი, ამიტომაც ხომ არ გვტენით უკრაინის „მეგობრობას“? „ვირს ცხვირში პიტნას ტენიდნენო“ - ისეა ჩვენი საქმე.
იქნებ, იმაზე გეფიქრათ, როგორ გააუმჯობესოთ საქართველოს მდგომარეობა და არა იმაზე, რა ფული უჯდება ქვეყანას მარგველაშვილის სასახლეში ყოფნა.
იქნებ, ქვეყნის მასშტაბურ გადარჩენაზე დახარჯოთ ფული და გონება, ვიდრე 200 სერიანი ფილმის გადაღებაზე?!, რომელიც ისეთივე აბრაკადაბრა იქნება, როგორც თქვენი სატელევიზიო გამოსვლები. ან ვის სჭირდება „თბილისის პანორამა“, რომელიც დამთავრებისთანავე, ძველ ქალაქში გადებული უხამსი ხიდის მსგავსი იქნება?!
ჩვენი ცხოვრება წამების, წუთების, საათების, დღეების, თვეებისა და წლებისგან შედგება და რაც მთავარია - ოცნებისგან. „ოცნებათა“ ასრულებას დაგვპირდით, მაგრამ დაბეჯითებით, მტკიცედ არ აპირებთ მის შესრულებას. ასეთს, ხალხში „გადამგდები“ ჰქვია. არადა, რა იმედი ჰქონდა ხალხს?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
09/04/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.