საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა

hamlet chipashvili-politologi

საქართველოს ხელისუფალთა მსუბუქ განცხადებებს არ მივაქცევდი ყურადღებას, განსაკუთრებით შიდა მოხმარებისთვის რომ არის გათვლილი, მაგრამ ხშირად საშინაო თემები საგარეოსაც ეხება, რაც თავისთავად იწვევს სხვა სახელმწიფოთა რეაქციას - ზოგჯერ თავშეკავებულს, დიპლომატიური ტერმინოლოგიით არცთუ იოლად გასაგებს, ზოგჯერ მკაცრს.
პირველი, ფართო მასისთვის არ არის გათვლილი. ის, უფრო დიპლომატებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატიურ ლექსიკაში გარკვეულებს ეხებათ. მეორე კი პირიქით. ის, იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პირველმა შედეგი არ მოიტანა და გამოსაფხიზლებლად დიპლომატიური უკიდურესობა - სილის გაწვნა დარჩა.
საქართველოს „დამოუკიდებელი“ 23 წელიწადის განმავლობაში ვერ ვიხსენებ უცხო ქვეყნის მიერ საქართველოსთვის გაწნილ დიპლომატიურ სილას. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდშიც კი ადგილი არ ჰქონია ამგვარს. დღეს აქვს. ქვეყანა, ბედოვლათი პოლიტიკოსების გამოისობით, იძულებულია უცხო ქვეყნის მიერ გაწნილი სილის შემდეგ, ხელი მოისვას დაზარალებულ ლოყაზე.
სილის გამწნელი მეზობელი ირანია, უფრო სწორად ირანის საელჩო საქართველოში, რაც თავისთავად იწვევს გაკვირვებას არა სილის გაწვნასთან დაკავშირებით, არამედ მოთმინებიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. მაინც რამ აიძულა საქართველოს მიმართ მუდამ დადებითად განწყობილი ირანი მსგავს ქმედებაში?
ირანი ის სახელმწიფოა, რომელმაც პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და საელჩოც გახსნა თბილისში. დიპლომატიაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ირანი ერთადერთი ქვეყანა იყო, ვინც დახმარებას გვიწევდა უშუქობის, უპურობის, გაჭირვების ჟამს. ირანი ის ქვეყანაა, რომელიც მუდამ იცავდა და იცავს საქართველოს პოზიციას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ირანი პირველი იყო, ვინც გაზის კრიზიზის დროს გამოხატა დახმარების მზადყოფნა.
საქართველოს მიმართ ამ ქვეყნის პოზიტიური დამოკიდებულების შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ნაცვლად მადლიერებისა, უმადურობას გამოვხატავთ და არათუ ვერბალურად ვახერხებთ ამას, არამედ საქმითაც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება - გათავხედებული ქართული პოლიტიკა მზადაა შეურაცხყოფის კორიანტელი დაატრიალოს საზღვარგარეთის ქვეყნების თავს. თითქოს, ერთი ციცქნა, უსუსტესი სახელმწიფო, მსოფლიოს ჰეგემონი ყოფილიყოს.
რომ იტყვიან, „ცუდი მაგალითი გადამდებიაო“, ისეა ჩვენი საქმე. „სტრატეგიული პარტნიორის“ უკიდურესად არადიპლომატიური, აგრესიული, ცილისმწამებლური ქცევა, ისეთი მომხიბლველი აღმოჩნდა საქართველოს პოლიტიკოსთათვის, რომ სრულ დავიწყებას მიეცნენ მსოფლიოში საკუთარ როლთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
დიდი „მოკავშირის“ ფაქტორი ცუდად მოქმედებს ჩვენზე და ისეთ განცდას გვიქმნის, რომ დაუსჯელად ვიპარპაშებთ, როგორც ის „მოკავშირე“. პოლიტიკური ალღოს უქონლობამ, გათავხედებამ იცის ყოველივე, თორემ ადგილი არ ექნებოდა პარლამენტის „პირველი ლედის“, თვით პარლამენტარ ხიდაშელის უტაქტო განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის ნათქვამთან დაკავშირებით - საქართველოს ნატოში არმიღების თაობაზე.
ჩვენმა „რაფინირებულმა პოლიტიკოსმა“ საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამი სოფლის ორღობის ჭორებს შეადარა. შეადარა და მერე რა? მოჰყვა ხიდაშელის ნათქვამს საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს საჯარო აღშფოთება? არც არაფერი, რაც ჩემს გულისწყრომას იწვევს თვით ამ საელჩოს მიმართ. რატომ არ გასცა პასუხი საფრანგეთის საელჩომ ხიდაშელს? არის ორი ვარიანტი - პირველი, თვით ხიდაშელი არაფრად ჩააგდო და განცხადების ღირსადაც არ ჩათვალა და მეორე - მოერიდა პასუხის, ვაშინგტონი არ გავანაწყენოო.
აქ აკრედიტებულმა საელჩოებმა კარგად იციან ვაშინგტონის „მამობა“ საქართველოს მიმართ და, აქედან გამომდინარე, ქართული პოლიტიკის თავგასულობაც. ორივე მიუღებელია. ერთიც და მეორეც დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და მყარ ფუნდამენტს - ახალი დანაშაულის ჩასადენად. არადა გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყანის აღვირახსნილ პოლიტიკას, უცხოეთის მხრიდან, უმალ რომ მოჰყოლოდა ჭკუის სასწავლი სწრაფი ქმედება.
წლების განმავლობაში, ვიდრე თბილისში ფუნქციონირებდა რუსეთის საელჩო, მასპინძელთა მხრიდან შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და ქმედების კორიანტელი იყო მის მიმართ. მაშინ არც ერთ დიპლომატიურ მისიას, დიპლომატიური სოლიდარობის ნიშნად, სიტყვა არ დაუსველებია რუსი კოლეგების დასაცავად. პირიქით, გულში სიხარულით, შესცქეროდნენ ქართველთა მიერ დადგმულ ცირკს - აშშ-ს საელჩოს მიერ წახალისებულს.
ისინი ასეთივე „სოლიდარულები“ იყვნენ 2008 წლის ცხინვალის ომის წინ. არადა, ვალდებულნი იყვნენ სააკაშვილის ჭკუის სასწავლებლად რაღაც ნაბიჯები გადაედგათ. გადადგეს, მაგრამ ომის შემდეგ, ურმის გადაბრუნებისთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის დიპლომატიური აქტიურობა მაქვს მხედველობაში. არადა ომამდე, რომ მომხდარიყო ყოველივე, საქართველო ნაწილებად არ დაიშლებოდა.
არ მითხრათ, მოულოდნელი იყო სააკაშვილის ქმედებაო. ცხინვალის ომამდე სააკაშვილის ცილისმწამებლურ განცხადებებს რუსეთის მიმართ, საზღვარი არ ჰქონდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, დღეს თუ არა ხვალ ომი იფეთქებდა.
საფრანგეთის საელჩომ გადაყლაპა ხიდაშელის ნათქვამი, მაგრამ არ გადაყლაპა ირანის საელჩომ, რომელმაც იუსტიციის მინისტრის წულუკიანის განცხადება ნეგატიურად შეაფასა და საჯაროდაც დაგმო ის. ყველაფერი ცუდ თარგმანს გადაბრალდა ანუ წულუკიანმა ბრძანა - „მე ასე არ მითქვამსო“.
მაგრამ, რა ვუყოთ - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“ - საკამათო თემას - ირანისთვის მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესება რომ ჰქვია და ავტორი წულუკიანია?
არადა, რა შუაშია წულუკიანი? სავიზო საკითხები საგარეო უწყების პრეროგატივა უნდა იყოს. ის უნდა იყოს ამ საქმეში მთავარი მამოძრავებელი და არა იუსტიციის სამინისტრო. მაგრამ აბურდული სახელმწიფო სისტემის პირობებში, მიკვირს წულუკიანი, კაბებს რომ არ კერავს (იქნებ კერავს კიდევაც და არ ვიცით). სააკაშვილის დროს ხომ თავდაცვის მინისტრ ოქრუაშვილს ხორცით მომარაგება ჰქონდა ჩაბარებული?!
აი, სწორედ ესოდენი აბურდულობის დროს, საქართველომ ცალმხრივად დაუწესა ვიზები ირანელებს, მაშინ, როდესაც ირანმა ქართველებს უვიზო შეღავათი დაუტოვა. დაუწესა და უთხრა - „ვიზის მისაღებად ჩვენს საელჩოს მიმართეთ თეირანშიო“. ირანელებმა მიმართეს და ნაცვლად საქმიანი მასპინძლობისა, პანღური მიიღეს საელჩოს თანამშრომელთა მხრიდან (ამის შესახებ თვით ირანელები ყვებიან).
საელჩომ ირანელები ინტერნეტზე გადაამისამართა - იმის მეშვეობით გამოგზავნეთ თქვენი მონაცემებიო. ასე და ამრიგად, ერთობ მარტივი საქმე - მრავალკვირიან პრობლემად იქცა. დავუმატოთ ამას თბილის-თეირანს შორის წლების განმავლობაში კვირაში ორი-სამი საჰაერო რეისის გაუქმება, ირანელთათვის საქართველოს ბანკების მომსახურების აკრძალვა, ირანული ბიზნესისა და ტურიზმის კატასტროფული შემცირება და ირანული მხარის მიერ მრავალმილიონიან პროექტებზე უარის თქმა და მივიღებთ დიპლომატიურ დუღილს ისეთს, გულისწყრომა რომ ჰქვია.
თავის მართლების მიზნით ნათქვამი წულუკიანისეული განმარტება დიპლომატიაში გაუთვითცნობიერებლობის მწვერვალია. მინისტრი, რომ იმას იტყვის: - „ირანთან, ჩინეთთან, ერაყთან და სხვა ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შემოღებით, არასასურველი პირების შემოსვლისგან ვიცავთ ქვეყანაო“, - ნიშნავს მინისტრის ჩაუხედაობას საერთაშორისო ვითარებაში.
ყველასთვის ცნობილია, რომ დასავლეთის მიერ ანტირუსული სანქციების დაწესებას მოჰყვა რუსი ტურისტების მკვეთრი შემცირება ევროპის ქვეყნებში - 25%-დან 4-5%-მდე, რაც მათთვის დიდი შემოსავლის დაკარგვაა. ცხარე ცრემლით მოთქვამენ ესპანელები, იტალიელები, ავსტრიელები, სხვები რუსი ტურისტების ნაკადის შემცირებას და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეცვალონ ვითარება. გარდა ამისა, დაოთხილი დარბიან ჩინეთში, რათა ჩინურმა ტურისტულმა ფირმებმა გაზარდონ ტურისტული მოგზაურობები ევროპის ქვეყნებში.
წულუკიანი კი პირიქით იქცევა და არა მარტო ჩინელებს ურთულებს საქართველოში შემოსვლას, არამედ ირანელებს, ერაყელებს, ეგვიპტელებს. მისი გაგებით „იცავს“ საქართველოს არასასურველი პირებისგან. არადა მინისტრის გასაგონად ვიტყვი - ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტერორისტები, რომლებიც „ისლამურ სახალიფოში“ იბრძვიან, იმ ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეები არიან, ვისზეც მზე და მთვარე ამოსდის მინისტრს, და ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა აქვთ.
ირანი დაბეჯითებით იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ. ირანი ის ქვეყანაა, ვისი დახმარებითაც ერაყის არმიამ საგრძნობ წარმატებას მიაღწია ტიკრიტის ბრძოლებში „სახალიფოს“ წინააღმდეგ. ირანი არამცდა არამც არ არის ტერორიზმის ბუდე, ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ სტრატეგიული პარტნიორი. შიიტური ირანი მუდამ იყო და არის ექსტრემისტული სუნიტური ძალების სანიშნე. „ისლამური სახალიფოს“ მიერ გამოცხადებულ მტრებს შორის შიიტებს და ირანს პირველ ადგილი აქვს მიკუთვნებული, ქრისტიანების წინ.
რომ იტყვიან, „არცოდნა, არცოდვააო“, თუმცა ეს ჩვეულებრივი მომაკვდავისთვის, მაგრამ მინისტრისთვის, მითუმეტეს იუსტიციის, ცოდვაა და მერე როგორი. სწორედ ამ ცოდვის შედეგად საქართველომ დაკარგა მილიონობით დოლარი - ირანული ტურიზმისა და ბიზნესის აკრძალვით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, თუ რამე იხსნის საქართველოს ეკონომიკას - „ტურიზმი, უცხოური ინვესტიციები და საწარმოებია“. ამ სამივეს ჰქონდა ადგილი წულუკიანის სავიზო რეჟიმის შემოღებამდე, ირანის მხრიდან. ვინ დარჩა მოგებული? - ცხადია წულუკიანი - მინისტრებს შორის ყველაზე დიდი ხელფასით გამორჩეული და აშშ-ი-ისრაელი, ირანელთა დაუძინებელი მტრები, რომლებმაც მარჯვენა შეუქეს წულუკიანს დისკრიმინაციული კანონის დაწესებისთვის.
თვით მინისტრმა ბრძანა - „ევროატლანტიკურმა სივრცემ დადებითად შეაფასა ჩემი მეცადინეობაო“. მინისტრი კმაყოფილია, ქვეყანა - უკმაყოფილო და ტურიზმის შემოსავლებს მოკლებული.
და კიდევ ერთი რამ წულუკიანისა და მის მსგავს გამოუცდელ პოლიტიკოსთა მიმართ. საქართველოში ტურიზმი ნიშნავს არა ამერიკელ, ფრანგ, ესპანელ, იტალიელ, შვეიცარიელ, ... ტურისტებს, არამედ ირანელ, სომეხ, რუს, აზერბაიჯანელ, ერაყელ, ჩინელ ტურისტებს.
ჩინეთში საშუალო ფენის ჩამოყალიბებამ მკვეთრად გაზარდა ჩინელი ტურისტების ნაკადი მსოფლიოს ქვეყნებში. საზღვარგარეთ ტურიზმის თვალსაზრისით, ეს ქვეყანა პირველია მსოფლიოში. ჩვენ კი რას ვშვებით? ვიზებს ვამკაცრებთ იმათ მიმართ, ვისაც ნებისმიერი ქვეყანა დიდი სიხარულით უღებს კარს.
იქნებ ყველასთვის ჩაგვეკეტა კარი და ისეთი ქვეყნის მაგალითი გადაგვეღო, როგორიც გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ალბანეთი იყო - ენვერ ხოჯას ალბანეთი. მაშინ ალბანეთს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან, ჩინეთთან ჰქონდა ურთიერთობა. ჩვენც ვიქონიოთ ურთიერთობა მხოლოდ აშშ-ნ, მითუმეტეს წულუკიანის მოქმედება თუ ვინმეს მოსწონს, აშშ-ს ელჩია საქართველოში.
სხვაზე აყოლა, რაც არ უნდა ძლიერი და დიდი იყოს ის, არ ეგების. საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი, სუვერენიტეტი. უაზრობამ, აშშ-ს პოლიტიკაზე აყოლამ ბევრი დააკარგვინა ქვეყანას - ტერიტორიები, უცხოური ინვესტიციები, ტურისტები.
ის, რომ ირანი ტერორისტების ბუდე და მფარველია - აშშ-ს მიერ გავრცელებული ჭორებია. სულ ახლახანს რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხზე თოქ-შოუში ვიხილე უკრაინელი პოლიტოლოგები, მასპინძელი რუსები და ამერიკელი ჟურნალისტი შუსტერი, რომელმაც დიდი სეროზულობით და „უტყუარი ფაქტების“ დამოწებით ილაპარაკა - რუსეთის დუმის დელეგაციის (პუშკოვის ხელმძღვანელობით) ხარკოვში ჩასვლა და იქ უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრა. თითქოს ეს ამბავი ერთი წლის წინათ მოხდა. იანუკოვიჩს უნდა გამოეცხადებინა ხარკოვი უკრაინის დედაქალაქად, რითაც მოხდებოდა უკრაინის ორად გაყოფა - პრორუსულ-აღმოსავლეთად და პროდასავლურ კიევად.
შუსტერის ნათქვამმა დიდი ეჭვი დაბადა, მითუმეტეს, როდესაც თარიღების მიხედვით, იანუკოვიჩი - კიევიდან გაქცეული, ხარკოვ-დონეცკის გავლით, ყირიმში ჩავიდა (ჩაიყვანეს), ხოლო შემდეგ რუსეთში. მდევარდადევნებულ იანუკოვიჩს, თავის გადარჩენის გარდა აღარაფერი აინტერესებდა. მიუხედავად ამისა შუსტერი - ჭორის გამავრცელებელი, წამითაც არ შედრკა და გააგრძელა თავისი ტყუილები.
აი, ასე ავრცელებს ჭორებს აშშ-ი ირანზე, რუსეთზე, ჩინეთზე. პარალელურად ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ კვლევებთან დაკავშირებით. ჩვენ კი, მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში გაუთვითცნობიერებლები, უმალ ავიტაცებთ უხამს სენსაციას (მთავარია ამერიკა-ევროპიდან მოდიოდეს) და ტელევიზიით ტვინს ვუმღვრევთ საქართველოს მოსახლეობას.
ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ტელევიზიები ცინცხალ „სინამდვილეს“ სთავაზობდნენ მაყურებელს - რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ავადმყოფობის შესახებ. ეს, რომ არ გავიდა, უმალ აიტაცა დასავლური „ნიუსი“ - შვეიცარიაში მოლოგინებული ყოფილი სპორტსმენის კობაევას შესახებ და იქ პუტინის ინკოგნიტოდ ჩასვლა, ვინაიდან დაბადებული ბავშვის მამა პუტინია.
პრესას, რომელიც მსგავს ჭორებს თხზავს, სულაც არ აინტერესებს, რამდენად დამაჯერებელია „სიმართლე“. პუტინი უხილავი არ არის და მისი შვეიცარიაში ჩასვლა, თანაც მალულად, შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია ქართული მედიის დარწმუნება აბსურდულობაში. ქართულ ჟურნალისტიკას, პრეზიდენტ სააკაშვილის უცხოურ ყიალში აღზრდილს, ავიწყდება მთავარი, სააკაშვილი ერთი პატარა, მსოფლიოსთვის არცთუ ცნობილი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რომლის გადაადგილება (ოფიციალურ-არაოფიციალური) არავითარ ინტერესს არ იწვევდა. რუსეთი კი სხვაა და რომ სხვაა, კარგად უნდა შეიგნოს.
ეს უბრალოდ ცნობისთვის და არა მარტო, რამეთუ მსგავსი აზროვნება გამოსჭვივის საქართველოს ხელისუფალთა ზოგიერთი განცხადებიდან, რასაც კრიტიკულად ხვდება ირანი - სუვერენული ქვეყანა, რომელიც ყურადღებას არ აქცევს ვაშინგტონის რეაქციას. ვინც აქცევს - საფრანგეთია. მან ყურში გაატარა ხიდაშელის დაცინვა.
ირანმა ვერაფრით გაიგო, რას ნიშნავდა თეირანში ოფიციალურად მყოფი უსუფაშვილის დაპირება კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ცვლილება არ ჩანს.
ცვლილება არ ჩანდა კვირიკაშვილის გამოსვლაშიც, პარლამენტის კომიტეტში, სადაც მან აღიარა სავიზო შეცდომა, თუმცა რატომღაც ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც უკეთესობისკენ შეიცვლება სავიზო ურთიერთობა, ირანი არ იყო ნახსენები.
ირანი არ იყო ნახსენები ინვესტიციების მოზიდვის მხრივაც. პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ჩინელ ინვესტორებზე, მაგრამ არაფერი თქვა ირანზე. იქნებ გამორჩა? ანდა, როგორ უნდა გამორჩენოდა „პირველ“ ეკონომისტს, ირანის მიერ თითქმის ერთი წლის წინათ წარდგენილი საინვესტიციო პროექტების შესახებ?
საქართველოს ხელისუფლება არაერთ სილას იმსახურებს, როგორც საკუთარი მოსახლეობისგან, ისე უცხოელებისგან და თუ დროულად არ გამოფხიზლდა, ტვინის შერყევით რეანიმაციაში აღმოჩნდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
17/03/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.