მთავარია - „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდე“

hamlet chipashvili-politologi

„ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კარიერა იმით გაიკეთა, რომ საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა: გაიარა სინჯები როლზე, მიიღო როლი, შეასრულა როლი, თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეჟისორთან მოლაპარაკებებსაც ახერხებდა“ - ასე იწყებს თავის სტატიას პატივცემული თედო ჯაფარიძე პიროვნებაზე, რომელმაც შეძრა საქართველო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არა მარტო ის, არამედ რეგიონიც, იქნებ თანამედროვე პოლიტიკაც?!
სააკაშვილის პიროვნების აჩრდილი, რომ კარგა ხნის განმავლობაში გაჰყვება მისგან შეწუხებულ საქართველოს მოსახლეობის ნაწილს, შესაძლოა უმრავლესობას, ფაქტია. მაგრამ იქნება თუ არა ის აჩრდილი და არა რეალობა - ჯერაც გასარკვევია. სააკაშვილის პოლიტიკური აწმყოსა და მომავლის გამოცნობა ისეთივე ძნელია, როგორც მისი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყისში იმის განჭვრეტა, რომ ის ოდესმე გახდებოდა არათუ მინისტრი, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი - ქვეყნის და არა ესოდენ მომრავლებული შპს-ს პრეზიდენტი.
მე თუ მკითხავთ, სააკაშვილის გაპრეზიდენტებამ, მანამდე კი გამინისტრებამ მძიმე დაღი დაასვა სახელმწიფოებრიობის ამ ორივე ინსტიტუტს, გამოიწვია დევალვაცია ანუ იმ დონეზე გაუფასურება, რომ ქართველ კაცს მრავალი წლის განმავლობაში ალმაცერი, დამცინავი დამოკიდებულება ექნება აღნიშნული თანამდებობებისადმი. ამასთანავე გააჩინა ისეთი რამ, რასაც სააკაშვილამდე არც იფიქრებდა - თუ ის იყო, მე რატომ ვერ ვიქნები?!
სააკაშვილის მიდგომა სახელმწიფო ინსიტუტებისადმი იყო თითქოს ზერელე, ფუქსავატური, მაგრამ ოდნავი ჩაფიქრებისა და გაანალიზებისთანავე - შორსმიმავალი, მზაკვრული, ერთმმართველობისთვის გამიზნული. ყოფილი პრეზიდენტის მიერ გატარებული რევოლუციური გარდაქმნები სიღრმისეულად იყო შესწავლული მისი და მისი გუნდის მიერ (მოდით ნუ დავუკარგავთ ამას) და გამიზნული იყო არსებულის ძირფესვიან შეცვლაზე.
2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად არ იყო სისხლიანი გადატრიალება, მაგრამ ის იყო მართლაც რევოლუცია - თავისი შედეგებით და შემართებით, რომელიც დღესაც გრძელდება. ვერ დავეთანხმები იმათ, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მათი აზრით, „რევოლუცია“ სისხლს უკავშირდება, რასაც 2003 წელს ადგილი არ ჰქონია. და რახან ადგილი არ ჰქონია, „ვარდების რევოლუცია“ რევოლუცია კი არა, სამთავრობო გადატრიალება იყო და მეტი არაფერი. 2003 წელს სისხლი არ დაღვრილა, მაგრამ რევოლუციურმა რეფორმებმა ხომ სისხლიც გამოიწვია, ომიც და ტერიტორიების დაკარგვაც, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ?!
სააკაშვილის დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი რომ დამანგრევებელი იყო, მტკიცება არ სჭირდება. მის მიერ მინისტრებად, სხვა მაღალ თანამდებობებზე დანიშნული გოგო-ბიჭები - ერთობ უსწავლელნი, გამოუცდელნი, მაგრამ ერთგულნი პრეზიდენტისა, ემსახურებოდნენ ერთს - პრეზიდენტის პიროვნების კულტის შექმნას, მის თაყვანისცემას და რაც მთავარია პრეზიდენტის მიერ ნებისმიერი დარგის პირდაპირ მართვას, რამეთუ უმეცარი მინისტრი ან თანამდებობის პირი, მუდამ სააკაშვილის თვალებში შემციცინე, რომ უსააკაშვილოდ თითს არ გაანძრევდა, იმთავითვე იყო ცნობილი.
სააკაშვილის ინიციატივით შეიქმნა მოჭარბებულად ვერტიკალური - ერთი კაცის მმართველობის სისტემა. იყვნენ მინისტრები, მაგრამ იყვნენ იმისთვის, რომ უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან ასეა მთელს მსოფლიოში - დემოკრატიულშიც და ნაკლებდემოკრატიულშიც. იყო მინისტრი, მაგრამ არ იყო, ვინაიდან არ იყო მის მიერ გაკეთებული საქმე. მინისტრებს, რომლებსაც ჰქონდათ ოდნავი მოქმედების უფლება - ელიტარულ მმართველობაში შედიოდნენ და პრეზიდენტთან ერთად „ჭრიდნენ“ საჭირბოროტო საკითხებს.
სააკაშვილის „რეფორმა“ არა მარტო სახელმწიფო სტრუქტურას შეეხო, არამედ ყველა დარგს. არაკომპეტენტურობამ, უცოდინარობამ, გამოუცდელობამ, ამასთანავე გაუგონარმა ამბიციურობამ გაანადგურა ქვეყანა, თუმცა მედიის დახმარებით, ის ისეთად იყო წარმოჩენილი, თითქოს მთელი მსოფლიო საქართველოზე ფიქრობდა, ლაპარაკობდა - საქართველოთ ხარობდა.
შეკვეთილი, ფულიანი სტატიების ბეჭდვა უცხოურ პრესაში, წინათ ჩვენ რომ სიმართლისა და დემოკრატიის სავანე გვეგონა, ჩვეულებრივ ამბვად იქცა. პრესას, არც საქვეყნოდ ცნობილი ტელეკომპანიები „CNN”-ი, “Euronews”-ი, „BBC“-ი, სხვები ჩამორჩებოდნენ. ვინ მოთვლის რამდენჯერ დამოძღვრა მსოფლიო, „დემოკრატიის შუქურად წოდებულმა“ სააკაშვილმა? უცხოეთში ყოფნისას, როდესაც მეკითხებოდნენ - საიდან ვარ? პასუხზე, ისინიც - ააა! საქართველოდან, სააკაშვილი. იშვიათად მესმოდა - ეს, რომელია, რუსეთის შემადგენლობაში რომ იყო?
გვინდა თუ არა - უნდა ვთქვათ, რომ სააკაშვილის პიროვნებას დიდი წვლილი მიუძღვის თვითრეკლამის შექმნის საქმეში. დიახ! ის „აპიარებდა“ საქართველოს არა საქართველოსთვის, არამედ საკუთარი თავისთვის, ვინაიდან საქართველოს რეკლამა იყო მისი რეკლამა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის.
დიახ! „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა“, მაგრამ ხომ აღმოჩნდა? და რომ აღმოჩნდა, მისი დამსახურებაა, მისი მცდელობის ნაყოფია, მისი თავდადებაა. ბევრი ვიცი, ვისაც ლამის ლანგარით მიართვეს წინსვლა, მაგრამ ვერ გამოიყენა, ვერ გაამართლა ნდობა. ავიღოთ თუნდაც ალასანია. მასშიც საკმაო ფული დახარჯა აშშ-ს სპეცსამსახურებმა, მასაც სასათბურე პირობები შეუქმნა და დიდი პოლიტიკისთვის აშკარად შეუფერებელი ჭიაღუა, პოლიტიკოსად აქცია, მაგრამ ვერ გაამართლა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით.
სააკაშვილმა გაამართლა. გაამართლა თავისი სიგიჟით, არაადეკვატურობით, ყურმოჭრილი მონობით (ამაში მას არც ალასანია, არც უსუფაშვილი, არც მარგველაშვილი და არც ერთი სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსი არ ჩამოუვარდება), საკითხის სწრაფი გადაჭრით, თავხედობით, რუსეთისადმი დაუძინებელი მტრის იმიჯის წარმოსახვით.
სააკაშვილი იყო ის პიროვნება, რომელსაც აშშ-ი წლების განმავლობაში უძებნიდა საქართველოს და არა მარტო მას, მაგრამ ის, რომ ჩახუტება მოხდა, ამაში უდიდესი წვლილი თვით სააკაშვილს მიუძღვნის. მან ყველაფერი გააკეთა „მიეღო როლი“, შემდეგ წარმატებით შეესრულებინა ის. მართალია, საქართველოს არ მოსწონს მის მიერ შესრულებული როლი, მაგრამ ეს სულაც არ აღელვებს რეჟისორს, პროდიუსერს, და რომ არ აღელვებს - სწორედ სააკაშვილის დამსახურებაა.
დედამიწის ზურგზე იშვიათად მოიძებნება პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირი, რომელიც აღვირახსნილი მრუშობით იყოს ცნობილი, როგორც შინ, ისე გარეთ. მერე რა? ვერც იქ და მითუმეტეს ვერც აქ - ამის გამო სააკაშვილი არავის შეურისხავს საჯაროდ, საქვეყნოდ არავის შეურცხვენია. მის მიერ ჩადენილი აღვირახსნილობა ხომ ჩვეულებრივი მოქალაქის გარყვნილება არ იყო.
პრეზიდენტს რომ თავშეკავება მართებს, კარგად იცის აშშ-ა. ისიც კარგად იცის, რომ ოჯახის სიწმინდის წამბილწველი პრეზიდენტი ვერ იპრეზიდენტებს და ალბათ ასეც იქნებოდა ბილ კლინტონის სქესობრივი ისტორიის შემთხვევაშიც, რომ არა დარჩენილი საპრეზიდენტო ვადის სიმცირე, რამაც ის იხსნა იმპიჩმენტისგან.
რა იქნება დღეს - ძნელი სათქმელია, ვინაიდან ერთსქესქორწინებადაშვებული ქვეყანა რომ ერთ მშვენიერ დღეს „მტკიცე კაცური“ ოჯახის მქონე პრეზიდენტს ეღირსოს, არ გამიკვირდება. რითაა აშშ-ი ლუქსემბურგზე უარესი? იქ ხომ პრემიერმა მამაკაცმა, მამაკაცზე დაიწერა ჯვარი?!
აშშ-ა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა პრეზიდენტ სააკაშვილის მრუშობა - არაფრად ჩააგდო ეს. არც ჩვენ ჩავაგდეთ - გავიძახოდით რა - ახალგაზრდა კაცია და ეპატიებაო. ეპატია და სწორედ მრუშობის გზით ერს თავზე წამოასვა მისსაწოლგავლილი გოგონები - ზოგი მინისტრად და ზოგიც რად.
სააკაშვილს მარტო ეს ეპატია? სააკაშვილს ეპატია დემონსტრანტების უმოწყალო დარბევა, ცემა-ტყეპა, მკვლელობა, სახელმწიფო ქონების მითვისება, ომის დაწყება, დამარცხება, ტერიტორიების დაკარგვა, უამრავი რამ, რისთვისაც ნებისმიერ პოლიტიკოსს აშშ-ი სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდა, სხვა ქვეყანაში - სამუდამო პატიმრობა. ის კი თავისუფლად ნავარდობს - აშშ-ს მხრიდან ზურგგამაგრებული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რომ თავის ანგარიშში სააკაშვილსა და მის გუნდს დაიცავს - სააკაშვილის მარიფათია, მისი შრომის ნაყოფია, რამაც შეძლო აშშ-ს გარკვეული პოლიტიკური წრეების მოხიბლვა.
დიახ, სააკაშვილმა მოახერხა ყოფილი პრეზიდენტი ბუშის, იმჟამინდელი და ამჟამინდელი ამერიკელი პოლიტიკოსების, დიპლომატების მოხიბლვა და ეს გააკეთა გაცილებით უკეთ, მიზანმიმართულად, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. გავიხსენოთ არჩევნებში გამარჯვებული იანუკოვიჩის დაბადების დღეზე სააკაშვილის გამოჩენა იალტაში, მილოცვა და უკან დაბრუნება. არ დაგავიწყდეთ, ეს, ის იანუკოვიჩი იყო, ვისაც გამარჯვებამდე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა და უფრო მეტიც - გადაცმულ პოლიციელებსაც აგზავნიდა უკრაინის ბუნტის დასაწყებად, იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში. რომელი თავმოყვარე პოლიტიკოსი იკადრებდა ამას?!
2004 წლის არჩევნებში გამარჯვების დროს მას - ერთადერთ ავტონომია დარჩენილს, ესაჭიროებოდა აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ნეგატიური განწყობის განეიტრალება, რისთვისაც მან შემდეგი ნაბიჯი გადადგა - მოიწვია პარლამენტის ფრაქციათა ხელმძღაველები, მედია და ღია, პირდაპირ ეთერში ისე აქო აბაშიძე და მისი მართველობა, თითქოს არასდროს ეგინებინოს. მან, მაშინ მოსკოვის მერი ლუჟკოვიც შეაქო - აჭარასთან თანამშრომლობისთვის. ამ ამბებიდან სამი თვის შემდეგ ლაშქრით მიადგა ჩოლოქს, აბაშიძის ჩამოსაგდებად.
დიახ! სააკაშვილს შეეძლო და შეუძლია გააკეთოს ის, რაც სხვას არა. ამიტომაც მოსწონს ის აშშ-ს და აქედან გამომდინარე ევროკავშირსაც. ორთა სიყვარული კომუნისტურ ლოზუნგს მაგონებს - „ვამბობთ ლენინს, ვგულისხმობთ პარტიას, ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ ლენინს“.
ბატონმა თედომ ობიექტურად, ზედმიწევნით ოსტატურად დახატა სააკაშვილის პორტრეტი, მაგრამ ჩემი აზრით ერთი შტრიხი გამორჩა თუ გამოტოვა. ეს შტრიხი - აშშ-ს როლია პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით საქართველოში. არ იქნებოდა აშშ-ი ისეთი, როგორიც არის და არ იქნებოდა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი.
აშშ-ი იყო და არის სააკაშვილის აღმზრდელი, წამქეზებელი, სულიერი დამრიგებელი, აშშ-ს ჰეგემონიზმის გამტარებელი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მცდარია იმათი მოსაზრება, ვინც თვლიდა და თვლის (ბევრმა თავი დააღწია ამერიკულ ჯადოს), რომ ეს დიდი ქვეყანა ისეთი პატარა ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა, უდავოდ იქნებოდა და იქნება ქართველთა ინტერესების დამცველი, მისი ისტორიისა და ტრადიციების დამფასებელი.
აშშ-ი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იცავდა და იცავს მხოლოდ საკუთარ ინტერესებს და ამისთვის არც ფულს და არც ენერგიას, არც ფარულ და არც ღია მოქმედების განხორციელებას არაფრად აგდებს. აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც მუდმივ ძებნაშია სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისა, მათი გადაბირება-მოთვინიერებისთვის.
დიახ, სააკაშვილი „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა“, მაგრამ აშშ-იც ხომ ასეთივე პოზიციაში აღმოჩნდა?! სწორედ მან აღმოაჩინა შიზოფრენულ პიროვნებაში ის, რამაც წარმატება მოუტანა ამერიკას, შესაბამისად - დაქცევა საქართველოს. მაგრამ აღელვებს საქართველოს დაქცევა ამერიკას?
ზოგი ქართველი, აშშ-ზე ბრმად შეყვარებული, დღესაც თვლის, რომ ამერიკა არის საქართველოს ერთადერთი მხსნელი. ამ კატეგორიას ბინდი აქვს გადაკრული თვალებზე, დახშული აქვს ყურები და თუ მათ ხსნის, მხოლოდ ამერიკული „რუსთავი-2“-ს მოსასმენად. ცხადია, ამ კატეგორიას ვერადავერ მიეკუთვნება დღევანდელი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პოლიტიკური ელიტა. ისინი აშშ-ს მეხოტბეები არიან და ასეთად დარჩებიან, ვიდრე აშშ-ი არ შეუწყვეტს მათ დაფინანსებას.
ამერიკული ძუძუნაჭამი ხელისუფლებისთვის საკუთარი პოზიციის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გამოხატვა ისეთივე აბსურდია, როგორც სააკაშვილის პრორუსულობა. ბატონ თედოს უჭირს ამის აღიარება, ვინაიდან იმ ტოტის მოჭრის ტოლფასი იქნება, რომელზედაც დღევანდელები (ხელისუფლება) სხედან.
სააკაშვილის გასააკაშვილებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიოს „დიპლომატიის ვარსკვლავის“ შევარდნაძის ხელისუფლებას. სწორედ, ის იყო უპირველესი შემოქმედი ჟვანიასა და მისი გუნდის აღზევებაში. სწორედ, შევარდნაძემ გაასპიკერა ჟვანია, ხოლო სააკაშვილი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარედ განამწესა, შემდეგ უმრავლესობის ლიდერად, მინისტრად და ა.შ.
ისე, როგორც ყოველთვის, მან (შევარდნაძემ) საკადრო საკითხში შეცდომა დაუშვაო, - მეტყვის მავანი. მე კი მგონია, რომ მან შეგნებულად გააკეთა, ვინაიდან აწყობდა ასეთი პოლიტიკოსი, ცხადია ვიდრე კონტროლს ექვემდებარებოდა. „დიდმა პოლიტიკოსმა“ ვერ გათვალა, რომ ესოდენ დაულაგებელი პიროვნება, თანაც ამბიციური, დიდხანს არ დარჩებოდა შევარდნაძის „უღელქვეშ“. ასეც მოხდა.
სააკაშვილის აღზევებაში არა მარტო შევარდნაძეს, არამედ მთელ მის მთავრობას, საქართველოს მოსახლეობას მიუძღვნის წვლილი. დიახ! სააკაშვილმა მოახერხა ხალხის, იმჟამინდელი ხელისუფლების მონუსხვა იმიტომ, რომ არც ერთი მათგანი, პოლიტიკური თვალსაზრისით არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ეს მაშინ, მაგრამ რა გვაქვს დღეს? თითქმის იგივე, ნაკლები ცვლილებებით. ხელისუფლება - უსუსური, უმწეო, წინა ხელისუფლების დანაშაულებათა გამომზეურება-დასჯაში, ხალხი - უკმაყოფილო ხელისუფლების დაპირების შეუსრულებლობისთვის. ხალხის ნაწილი (თანაც საკმაო) სააკაშვილის ქებათა-ქებაში.
ხელისუფლების უნიათო მოქმედებამ სააკაშვილისა და მისი „ნაცების“ რეიტინგი გაამყარა და შესაძლებლობა მისცა მათ საჯაროდ განაცხადონ, რომ დაბრუნდებიან. ისე, კაცმა რომ თქვას - დაბრუნებულები არ არიან. პარლამენტში, მედიაში თუ ვინმე აქტიურობს, ისინია. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ოდესის ამბების მიმოხილვა ქართულ ტელევიზიებში - სააკაშვილის მრავალწუთიანი გამოსვლებით. ოდესა ისე დაგვიახლოვდა, თითქოს დაკარგული აფხაზეთი ან სამხრეთ-ოსეთი იყოს. მოსახლეობა დუმს და ერთ საპროტესტო აქციასაც ვერ აწყობს სააკაშვილის გამპიარებელ ტელეკომპანიებთან.
დიახ! სააკაშვილი აქტიურობს, მაგრამ რას უპირისპირებს მას ხელისუფლება, საზოგადოება? არც არაფერს. მერე, როდესაც სააკაშვილი შემობრუნდება და ამ საქმეში, როგორც ყოველთვის ამერიკა დაუჭერს მხარს - ვიტყვით: „სააკაშვილი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდაო“.
ის, რომ სააკაშვილი ოდესაშია, აშშ-სა და პოროშენკოს პოლიტიკური შემოქმედებაა. იქ სხვებიც არიან, თანაც მრავლობით რიცხვში. და თანაც იმისთვის, რომ „გამოიზამთრონ“. პოლიტიკური „გამოზამთრება“ ჰქვია ამას. მას უდავოდ მოჰყვება დროებითიდან ნამდვილ სამშობლოში კატაპულტირება და ამაშიც უდიდეს წვლილს ჩვენი „საყვარელი“ აშშ-ი შეიტანს.
„ჩემი შეშფოთება უკრაინის მომავალს უკავშირდება, რამდენადაც მძიმე შედეგები გავლენას ახდენს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვის დამოუკიდებლობაზე“, - წერს პატივცებული თედო, რაშიც ვეთანხმები. მაგრამ ვინ შეუქმნა უკრაინას ესოდენ „წარმტაცი“ აწმყო, რომელიც ვერადავერ შობს ჯანსაღ მომავალს?! - სააკაშვილის აღმომჩენმა აშშ-ა! მან ისე მოაოხრა 45-მილიონიანი უკრაინა, რომ მისი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც უკრაინელზე დღეში1,5 დოლარი მოდის; როდესაც ქვეყანას 70 მილიარდი დოლარის ვალი აქვს.
ის, რომ მაიდანი და სისხლიანი გადატრიალება აშშ-ს სპეცსამსახურების მუშაობის შედეგად განხორციელდა, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ უკრაინას დღეს კრიმინალები, ქურდები მართავენ. ასეთ მღვრიე წყალში რომ პოლიტიკურ თევზებს იჭერს აშშ-ი, ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ აზელილ უკრაინაში, კიდევ უფრო ასაზელად სააკაშვილი და მისი გუნდია საჭირო.
დღევანდელი უკრაინა - გაყავისფრებული, ფაშისტური სვასტიკებით მორბენალი, საკუთარ ტერიტორიაზე ძმათამკვლელი ომის მწარმოებელი, გაქურდებული, ნოყიერი ნიადაგია სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტების გასახარად. სააკაშვილის სახით უკრაინამ, აშშ-ს წყალობით, ის პიროვნება შეიძინა, რომელიც მას ჰაერივით სჭირდებოდა. ასეთს სჭირდება სააკაშვილი და არა ნორმალურ ქვეყანას. დასანანია, რომ ასეთია უკრაინა, მაგრამ არის გასაკვირი? ნამდვილად არა, ვინაიდან ბანდერა-შუხევიჩების შთამომავალთაგან სხვას არ უნდა ველოდეთ.
სააკაშვილი უკრაინისთვის ახალი ამერიკული პროექტია, რის შესახებაც სულ ახლახანს ემცნო საზოგადოებას. ამ პროექტს მთელი რიგი ამერიკული ფონდები აფინანსებენ. თვით ამერიკის ადმინისტრაცია თვლის, რომ სააკაშვილის ოდესურმა პროექტმა დიდი წარმატება უნდა მოუტანოს უპირველესად ამერიკას.
ოდესა ზღვისპირა ქალაქია, დიდი საზღვაო პორტითა და შესაძლებლობებით, სადაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ფეხის მოკიდება სააკაშვილის მარიფათზეა დამოკიდებული. ახალი ინსტრუქციების მისაცემად უკრაინაში აშშ-ს ელჩი პაიტი აპირებს ოდესის მონახულებას და სააკაშვილთან შეხვედრას. ვიძახოთ ახლა სააკაშვილი კრიმინალიაო.
საქართველოს ხელისუფლება კი ელოდება. ელოდება უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას. დელეგაციას-დელეგაციაზე აგზავნის კიევში - ვითანამშრომლოთო. ის კი წიხლს გვთავაზობს და ნაცვლად დამნაშავე სააკაშვილის, სხვათა ექსტრადირებისა, თანამდებობას-თანამდებობაზე აცვლევინებს. ისე, კაცმა რომ თქვას, ასეთი საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორი უკრაინა, ნამდვილი მისწრებაა.
ჩვენ, ორივემ შესანიშნავად ჩავაბარეთ გამოცდა საერთო მასწავლებელ ამერიკას. მუყაითად ვასრულებთ და შევასრულებთ მის ნებისმიერ დავალებას. ჩვენ ხომ ორივენი სააკაშვილების, პოროშენკოების, იაროშების, ადეიშვილების, თარგამაძეების, იაცენიუკების, ტიმოშენკოების, სხვა ტვინგარეცხილ, ურცხვ პიროვნებათა სავანე ვართ - სავანე, რომელიც სააკაშვილივით „საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა“. ერთია - ეს საჭირო ადგილი უბედურებად არ გვექცეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
05/07/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.