უძეგლო დაბადების დღე

images

კიდევ ერთი დაბადების დღე ძეგლის გარეშე. 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღე იყო - მსოფლიო ისტორიის უთვალსაჩინოესი ადამიანის, პიროვნების, პოლიტიკოსის, რომელმაც კაცობრიობა იხსნა ფაშიზმის ჭირისგან.
სტალინისადმი დამოკიდებულება განსხვავებულია და შორსაა ცალმხრივი აღტაცებისგან, თუმცა მოიძებნება კი დედამიწაზე მმართველი, რომელსაც სიცოცხლეში ან მის შემდეგ ცალსახად ეთაყვანებოდნენ? სოკრატეც, მმართველობიდან შორს მყოფი და არა მარტო ის, ბევრი მისთანა, ცოდნის გამავრცელებელი, ადამიანებში სიკეთის მთესველი, სასიკვდილოდ გაიმეტა ათენმა.
სტალინის პიროვნებისა და ეპოქის ობიექტური შეფასების ჟამი ჯერ არ დამდგარა. მოვლენ ახალი თაობები, ალბათ უფრო განსწავლულნი, ობიექტურნი და შეაფასებენ რუსეთის ბოლშევიკურ რევოლუციას, ცარიზმის დამხობას, ახალი ცხოვრების დაწყებას - სრულიად განსხვავებულის, უცხოს, ფაშიზმთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომს და ამ ომში გამარჯვებას, საბჭოეთის ომისშემდგომი წლების აღმავლობას, საბჭოური სისტემის დაცემას და ამ ყველაფერში სტალინის როლსა და მნიშვნელობას.
მიუხედავად განვლილი მრავალი წლისა, სტალინის თემა დღესაც აქტუალურია. ის არ ჰკარგავს ინტერესს. გამოცემული წიგნები, დაბეჭდილი სტატიები, გადაღებული ფილმები - ამის დასტურია. მწერლები, რეჟისორები, პუბლიცისტები - სტალინის თემაზე მომუშავენი, მიუხედავათ მათი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა სტალინის მიმართ, ერთხმად აღნიშნავენ „დიდ პიროვნებაზე“.
წიგნი „სტალინის“ ავტორი, რუსი მწერალი ედვარდ რაძინსკი, რუსეთის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გამოსვლის დროს, გულახდილად აღიარებდა, რომ წიგნზე მუშაობისას უამრავი საარქივო მასალის გაცნობამ ისე ჩაფლო იმჟამინდელ ეპოქაში და მისი მთავარი შემქმნელის ცხოვრებაში, ვერცკი წარმოედგინა, როგორ უნდა გამოსულიყო იქიდან. „სტალინის ცხოვრებით ვცხოვრობ, ამ უდიდესი პიროვნების, რომელმაც თავისი ხელი დაატყო მსოფლიოს“, - თქვა მან.
არადა ედვარდ რაძინსკი არ ითვლება მეხოტბედ, პირიქით. სტალინის პიროვნებას, მის ნამოღვაწარს ვერაფერი დააკლო საბჭოეთის ლიდერადწოდებულმა ხრუშჩოვმა, მისმა სხვა თანამებრძოლმა. ვერც მათ მიერ გამოგონილმა ლოზუნგმა „პიროვნების კულტის დაგმობა“ შეცვალა ვითარება, პირიქით, უფრო გააცხოველა ინტერესი სტალინისადმი.
ჩვენ? ჩვენ რაღა დაგვემართა, რამ გვაიძულა ვიყოთ მტრები ისტორიისა. რამ აღგვანთო უსულო, უხორცო ძეგლებთან საომრად? რა ვაჟკაცობაა, შეებრძოლო, დაამარცხო ქვაში ან ბრინჯაოში გამოქანდაკებულ ძეგლს?
შემზარავი იყო უკრაინის დედაქალაქ კიევში „პატარა“ კაცთა ბრბოს მიერ ლენინის ძეგლის ჩამოგდება. და არა მარტო უკრაინაში. გაიხსენეთ გასული საუკუნის 90-იანი წლების „რევოლუციური“ საქართველო - უსულო ძეგლების დამხობა და შეურაცხყოფა. საქართველოს უახლეს ისტორიას თავისმოსაჭრელ ფაქტად შემორჩება სერგო ორჯონიკიძის ძეგლის ჩამოგდება, რუსთაველის პროსპექტზე ჩამოტარება, ჭინკებივით მასზე ახალგაზრდების ხტუნვა და მათ მიერ წაქცეულ ძეგლზე „საზეიმო“ დაშარდვა.
ძეგლზე მოხტუნავე ახალგაზრდების საქციელი არავინ დაგმო. არადა ეს, ეროვნულ ხელისუფლებას უნდა ეთავა, რამეთუ ეროვნულობა ძეგლის წაბილწვას კი არ ნიშნავს, მისთვის ადგილის მიჩენას, ისტორიის გაფრთხილებას, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა, მის პატივისცემას.
და რომ არავინ დაგმო ჭინკა ახალგაზრდების მაშინდელი საქციელი - 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ ანთებულმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზის მერხებზე ერთი ხტუნვა-ცეკვა ატეხა. ფიზიკურად ისინი სხვები იყვნენ, მაგრამ სულიერად ისეთივე ბრიყვნი და ბილწნი, როგორც მათი წინამორბედნი.
არც მაშინ ითქვა მკაცრად და ობიექტურად, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია. ან ვის უნდა ეთქვა? ცხადია, რევოლუციურ ხელისუფლებას, მაგრამ ისიც ხომ, იმ ჭინკა ახალგაზრდებივით, დახტოდა და ანგრევდა პარლამენტის მერხებს, შემდეგ მთელს ქვეყანას, მის გუშინდელ თუ დღევანდელ ისტორიას, ისტორიულ ძეგლებს, მათ შორის „დიდების მემორიალს“ ქუთაისში, სტალინის ძეგლს გორში და ა.შ.
სააკაშვილისა და ბანდიტი ნაცმოძრაობის მხრიდან ისტორიის უგულებელყოფა რომ მიზანმიმართული ნაბიჯი იყო დასავლეთთან, უპირველესად ამერიკასთან შეთანხმებული, მოგვიანებით გახდა ცნობილი. საქართველოს „კეთილმსურველ“ ამერიკას ერთი მიზანი ამოძრავებდა - უისტორიო ქვეყნის შექმნა, ანუ წარსულის ძალით დავიწყება. და ბრძანა სააკაშვილმა - საქართველოს ისტორია „ვარდების რევოლუციიდან“ იწყებაო. ჩვენც მორჩილად ვუქნიეთ თავი, ვიდრე თავზე არ დაგვაჯდა და გაგვაჭენა.
ერი, რომელიც პატივს არ სცემს თავის ისტორიას - ნაკლებად დასაფასებელია. უისტორიო ამერიკამ გაიგო ეს და ამიტომაც 200-წლიანი ისტორიის უმცირეს მონაკვეთსაც უდიდესი პატივითა და რუდუნებით ეპყრობა. ჩვენ?
ძეგლების ჩამოგდება უცხო არ არის მეტადრე იმ ქვეყნებში, ჩამოუყალიბებლებსა და საკუთარი ისტორიისადმი ავად განწყობილში, მაგრამ მსგავსი ნაკლებად ან საერთოდ არ შეინიშნება ისეთში, სადაც ისტორიას პატივს სცემენ. უფრო მეტიც, სხვის ისტორიასაც აუგად არ მოიხსენიებენ.
ცხადია, ამ კატეგორიაში ვერაფრით შევიყვან ზოგიერთი ქვეყნის, ზოგიერთ დიპლომატსა და პოლიტიკოსს, რომელმაც კატეგორიულად გაიკვირვა გორში სტალინის ძეგლის აღდგენა. და არა მარტო გაიკვირვა, ურჩია, შესაძლოა უბრძანა კიდევაც საქართველოს უმწიფარ ხელისუფლებას - ევროკავშირში სტალინის ძეგლიანად ვერ შეგიყვანთო.
სტალინის ძეგლის ნაცვლად ცოცხალი ოლანდის, მერკელის, კემერონის, ბარუზოს, განსაკუთრებით ეშტონის (მაია ფანჯიკიძის „მეგობრის“) ძეგლები რომ ჩავაყოლოთ რუსთაველის გამზირს, ევროკავშირს არავინ გვაღირსებს. ტყუილად გავირჯებით, იქ არავინ შეგვიშვებს პრობლემებიან საქართველოს.
და კიდევ ერთი რამ - იმ ევროპა-ამერიკაში რომ არის სტალინის ძეგლები. საბჭოთა ჯარისკაცების უზარმაზარი ძეგლებით არის მოფენილი გერმანია, ავსტრია, სლოვაკია, სხვა ქვეყნები - ეს რა, სტალინის შემოქმედების ნაყოფი არ არის?
არ იქნებოდა სტალინი, არ იქნებოდა ფაშიზმისგან განმანთავისუფლებელი წითელი არმიელის ძეგლი. იქნებოდა ფაშიზმი, მრავალი ათეული წლით და შესაძლოა საუკუნით. მასთან ერთად იქნებოდა იაპონური მილიტარიზმი, მუსოლინის, ფრანკოს, სალაზარის, ბევრი ევროპული ქვეყნის ყავისფრად შეფერილი იდეოლოგია და იქედან გამომდინარე ცხოვრება - არიელთა ბატონობით, დამონებულ, მეორეხარისხოვან ერებზე.
ძნელად დასაჯერებელია, რომ ქართველობა და არა მარტო ქართველობა, პირველ კატეგორიაში მოხვედრილიყო. ფაშიზმის იდეოლოგიის მამები სხვაგვარ გეგმას გვიმზადებდნენ. ისტორიას წაკითხვა უნდა. წაკითხულს გააზრება, გაანალიზება და არა სააკაშვილ-ბოკერიას დონეზე დაყვანა.
ისტორიის პატივისცემის ნიშნად, ლონდონის ცენტრში, ჩინგიზ ყაენის ცხენზე ამხედრებული ძეგლი დაიდგა. იყო საწინააღმდეგო ჟივჟივიც, მაგრამ ისტორიული პიროვნებისადმი დამოკიდებულებამ გადაძალა. კაცმა რომ თქვას, სად ლონდონი და სად მონღოლი ჩინგიზ ყაენი, მაგრამ ეს ერთის შეხედვით. ჩინგიზ ყაენი მსოფლიოს უდიდესი იმპერიის შემქმნელი, თანაც მრავალსაუკუნოვანის, არა მარტო უკიდეგანო დაპყრობით არის ცნობილი, არამედ იმ ნოვაციითაც, რაც ამ იმპერიამ მოუტანა მსოფლიოს. ჩინგიზ ყაენს, როგორც ისტორიულ პიროვნებას სცა პატივი შეგნებულმა ინგლისმა.
ჩვენ? ჩვენს ისტორიულ პიროვნებას, საკუთარს არ ვცემთ პატივს. ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას - სტალინისა და ძერჟინსკის ძეგლების დადგმის თაობაზე, სხარტად უპასუხა - თუ ლონდონში არის ოლივერ კრომველის ძეგლი, რატომ არ შეიძლება იყოს სტალინის ძეგლი? ეს ისტორიააო.
პუტინი მართალია. სტალინი ისტორიაა - ისტორიას კი ვერ წაშლი. ის მუდამ იქნება ხალხში, მის მეხსიერებაში. და რომ ეს ასეა, განვლილი წლები მეტყველებენ. სტალინმა არა მარტო ფაშიზმი დაამარცხა, არამედ ჩამორჩენილი საბჭოთა კავშირი მოწინავედ აქცია.
რომ არა სტალინი, დასავლეთს, უდავოდ სული წაძლევდა საბჭოეთის დასაჩოქებლად. იაპონიაში გამოცდილი ატომური ბომბი, საბჭოეთის დასაშინებლად უფრო იყო გამიზნული, ვიდრე ისედაც დამარცხებული იაპონიისთვის. სწორედ სტალინურმა ბირთვულმა პროგრამამ შექმნა მსოფლიოში ძალთა პარიტეტი, ხელი ააღებინა აშშ-ს საბჭოეთზე თავდასხმისგან. სწორედ სტალინურმა გეგმამ შეაძლებინა საბჭოეთს ბალისტიკური რაკეტების დამზადება, საბოლოო ჯამში მსოფლიოში პირველი კოსმონავტის კოსმოსში გაფრენა.
სტალინურმა გეგმამ გადაარჩინა მსოფლიო მესამე ომისგან. სტალინურმა გეგმამ შეუწყო ხელი მსოფლიოს პირველი საერთაშორისო ორგანიზაციის - გაეროს შექმნას. სტალინურმა გეგმამ შექმნა გაეროს უშიშროების საბჭო, ხუთი მუდმივი წევრითა და ვეტოს უფლებით. არ იქნებოდა ვეტოს უფლება და იქნებოდა მუდმივი კინკლავი, ლოკალური ომებითა და უბედურობებით.
სტალინურმა გეგმამ ააყვავა საქართველო - აგრარული ქვეყანა, აგრარულ-ინდუსტრიულად აქცია. ვინ იფიქრობდა, დიდი ომის წინ საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის შექმნას? არც არავინ. ვინ იფიქრებდა ომისშემდგომ წლებში, დანგრეულ საბჭოეთში მეტალურგიული ქარხნის და მასთან ერთად ახალი ქალაქის - რუსთავის აშენებას? მეტალურგიასთან ერთად ქიმიური მრეწველობის დანერგვას?
სტალინურმა გეგმამ ხელი შეუწყო ქართული მწერლობის, მეცნიერების, კულტურის, კინემატოგრაფის, ხელოვნების განვითარებას. საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად ყოფილ საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში.
„სტალინი ბევრს და ეფექტურად მუშაობდა. ასობით-ათასობით, მილიონობით ადამიანის შრომის ნაყოფის მიღებისთვის საჭირო იყო რკინისებური დისციპლინა. გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ქვეყნის სამართავად სხვა გზა იყო. ქვეყანას, რომლის ათი მოსახლიდან ცხრამ, ხელის მოწერაც კი არ იცოდა. 30-იანი წლების რუსეთი 50-100 წლით ჩამორჩებოდა დასავლეთ ევროპას. და თუ ეს ჩამორჩენა 10 წლის განმავლობაში არ აღმოიფხვრებოდა, რუსეთი დაიღუპებოდა.
1930 წლისთვის საბჭოთა კავშირი არ აწარმოებდა ალუმინს, ფოლადს, ცინკს. სამხედრო მრეწველობა არ არსებობდა. ტანკების რაოდენობით საბჭოთა კავშირი პოლონეთსაც კი ჩამორჩებოდა. მოძველებული თვითმფრინავების რაოდენობა 1000 აღწევდა, ავტომობილების - 20 ათასს (აშშ-ში 20 მილიონს).
თვალი გადაავლეთ მე-20 საუკუნეს. არც ერთ ქვეყანას არ განუცდია იმდენი თავდასხმა, რამდენიც განიცადა რუსეთმა. მსოფლიო ბატონობის მსურველი ქვეყნები რუსეთს გასრესით ემუქრებოდნენ. და ჩვენ არ მოგვწონს სტალინი?
დიახ, სტალინის მართვის მეთოდები მკაცრად მოსჩანს. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ყველაფერს თავისი დრო აქვს, როგორც ამბობენ ყველა დროს თავისი კანონები აქვს. ბრძენი ჩერჩილი ამბობს - სტალინი იყო პიროვნება ყველაზე უფრო მისადაგებული სასტიკ და ცვალებად მეოცე საუკუნესთან“, - წერს მიხეილ ოშლაკოვი, რუსი მწერალი და ისტორიკოსი.
და იქვე ამატებს: „ვინ ამართლებს სვიატოსლავ და ალექსანდრე ნეველის, იური დოლგორუკის, ივანე კალიტას , ივანე IV, პეტრე დიდის, ეკატერინეს და სტალინის მართვის მეთოდებს? მაგრამ ჩვენთვის ისინი არ არიან დესპოტები, კომუნისტები, არამედ რუსეთის ბელადები არიან. ყოველივე ეს ჩვენი ისტორიის ცოცხალი ქსოვილია, რომელსაც ჩვენი წინაპრები ქმნიდნენ. ჩვენი ვალია, შევაფასოთ ის, თუ რამდენად შეუწყო ხელი თითოეული მათგანის მმართველობამ რუსეთის უდიდეს ისტორიას, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა“.
თვალი გადავავლოთ საქართველოს ისტორიას, განსაკუთრებით მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისს - რა შეგვრჩება ხელში? დაქუცმაცებული ქვეყანა, ერთმანეთში აზელილი ათასი ჯურის ადამიანით, დედაქალაქსა და პატარა ქალაქებში მომძლავრებული უცხოტომელებით, მეწარმეთა რიცხვში თითო-ოროლა ქართველით. თბილისის ხელმძღვანელთა (მერთა) არაქართული წარმოშობა მიმანიშნებელია იმ აბურდული ვითარებისა, სადაც ქართული ფაქტორი სუსტად გრძნობდა თავს.
რევოლუციურმა გარდაქმნებმა დაუსვა წერტილი მოჭარბებულ ინტერნაციონალს, ააღორძინა ქართული თვითშეგნება და მასთან ერთად ქვეყანაც - საქართველოდ წოდებული. ვეჭვობ, სტალინის გარეშე შესაძლებელი ყოფილიყო მეზობელი ქვეყნების მიერ საქართველოს ტერიტორიების, მათ შორის თბილისის დაჩემების მადის გაქრობა. შეიქმნა ქვეყანა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ჩვენ კი. . .?
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
24/12/2013

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.