სოხუმის დაცემიდან კიდევ ერთი წელი გავიდა

hamlet chipashvili-politologi

სექტემბრის ბოლოს, თბილისი და სოხუმი სინქრონულად აღნიშნავენ - პირველი, სოხუმის დაცემის, მეორე - სოხუმის გათავისუფლების დღეს. პირველიც და მეორც პატივს მიაგებენ გმირებს, რომლებიც შეეწირნენ საქართველოს ერთიანობისთვის და აფხაზეთის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ორივე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრიოტული სიტყვები არ დაიშურეს 21 წლის წინანდელი ამბების გახსენების და ღირსეული მომავლის მშენებლობისთვის.
დიდი ოპტიმიზმი იყო ჩაქსოვილი ორივე მხარის პოლიტიკოსთა გამოსვლებში, თუმცა უპირატესობის სასწორი მაინც აქეთ იყო გადმოხრილი. რა არ ითქვა იმ დღეს - გმირული და პატრიოტული ბრძოლა ქართველი მეომრებისა, დაღუპულ გმირთა სამარადისო ხსოვნა, საბოლოო ჯამში ქართველებისა და აფხაზების ერთად ცხოვრების გარდუვალობა, ოდესმე გაერთიანება და საერთო ზეიმის სოხუმში აღნიშვნა.
ითქვა ისიც, რომ ქართველები და აფხაზები ისტორიული ძმებია და მათ ერთმანეთთან არ უომიათ, ისინი სხვისი ქმედებების მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ითქვა ისიც, თუკი სამშობლოს დასჭირდება, ქართველები მუდამ მზად იქნებიან კვლავ გაიღონ სისხლი ქვეყნის გამთლიანებისთვის.
ნიუ-იორკში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან მიმართა ქართველთა ძმებს - აფხაზებსა და ოსებს და მოუწოდა გაერთიანებისკენ ახალი საამური ცხოვრების მშენებლობისთვის: - „ძვირფასო ძმებო და დებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენს შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს“.
ერთი სიტყვით, იყო პატრიოტიზმი, ემოციური გამოსვლები, ზენიტში აწეული პათოსი და ყველაფერი ის, რაც უფრო ბრტყელსიტყვაობის დამახასიათებელია და არა პრაქტიკული ყოფის, რეალობის. თუ რეალობას გავუსწორებთ თვალს და ალბათ უნდა გავუსწოროთ - ჩვენ რომ აფხაზებსა და ოსებს ძმებად მოვიხსენიებთ, ისინი რატომღაც არ იღებენ ამას და რბილად რომ ვთქვათ, მტრად მოგვიხსენიებენ. მათ სხვა, მე ვიტყვოდი, მკვეთრად განსხვავებული მიდგომა აქვთ „ძმობისა და დობისადმი“. მათთნ არაერთმა პირადმა შეხვედრამ დამარწმუნა ამაში.
საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთს შორის გადებული ხიდი, ისტორიული ქარტეხილების წყალობით ჩატეხილი, რის ვაი-ვაგლახით აღდგა გასული საუკუნის ოციან წლებში, ზოგიერთთათვის ავადსახსენებელი ბოლშევიკების მმართველობის დროს და თითქმის 70-წლიანი ერთად ცხოვრების პერიოდი უხინჯოდ მოიტანა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისამდე. აი, იქ კი სამივეს ნერვებმა გვიმტყუნა, ვერ გავუძელით ახალი დროების გამოწვევას და ისეთი დავატრიალეთ, დღესაც და მომავალშიც რომ სანანებლად გვექნება.
შეცდომა ყველას მოსდის, ოჯახში, ახლობლებში, მეგობრებში. შეცდომები ხდება სახელმწიფოთა შორისაც და თვით სახელმწიფოშიც, მაგრამ ის, რაც საქართველოში მოხდა, შეცდომის ცნებას აღემატება და დანაშაულში გადადის.
დანაშაული სამივეს მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ ლომის წილი მაინც ცენტრზე მოდის, ვინაიდან ცენტრი, ცენტრია. ის დიდია და როგორც ცენტრსა და „დიდს“, მეტი მოეთხოვებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა - „ცენტრობამ“ და „დიდობამ“ აგვიხვია თვალი და ხელი გვკრა ძალისმიერი გზით ურჩი რეგიონების დამორჩილებისკენ, რითაც მეორედ მოვახერხეთ ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევა.
პოლიტიკური ამბიციები, ქართველთა უძლეველობა, ფალსიფიცირებული ისტორია და რაც მთავარია „ურა“ პატრიოტიზმი იყო მთავარი მოტივი აფხაზეთში „წარმატებული“ სამხედრო ლაშქრობისა. მაშინდელმა ხელმძღვანელებმა, პირადად ედუარდ შევარდნაძემ, „ბრძენმა“ მმართველმა ვერაფრით გათვალა, რომ თბილისის ომგამოვლილი, ორად გაყოფილი საზოგადოება ვერ განახორციელებდა რკინიგზის დაცვის საბაბით აფხაზეთში შეჭრილი „არმიის“ წარმატებულ ლაშქრობას.
20000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა გაუთვლელ, ქარაფშუტულ, მავნებლურ გადაწყვეტილებას. არადა, სულ სხვაგვარად წარიმართებოდა თბილის-სოხუმის ურთიერთობა, ედუარდ შევარდნაძეს რომ გულდასმით წაეკითხა ვლადისლავ არძინბას მიერ გამოგზავნილი საქართველოს პოლიტიკური მოწყობის პროექტი.
ორჯერ გამოგზავნა არძინბამ უზენაეს საბჭოში ეს პროექტი და ორჯერვე პირადად გადავეცი ბატონ ედუარდს. და როდესაც არძინბამ პასუხი ვერ მიიღო - პროექტი აფხაზეთის პრესაში გამოაქვეყნა. აფხაზთა ლიდერს მოგვიანებით გაეცა პასუხი - ჯარის შესვლის სახით.
მაინც რამ აიძულა შევარდნაძე გვერდი აევლო საქართველოს ფედერაციული მოწყობის თაობაზე არძინბას წინადადებისთვის? უპირველეს ყოვლისა გაუთვითცნობიერებლობამ ევროპის სახელმწიფოთა ფედერაციულ-კონფედერაციულ სისტემაში და უნიტარული სახელმწიფო მოწყობისადმი მონურმა ტრფიალმა. ამ უკანასკნელში ხომ ყველაფერი ცენტრში წყდება, მათ შორის უმნიშვნელო საკითხიც კი.
ერთპიროვნული ხელისუფლების მოყვარულმა შევარდნაძემ რეგიონის დამორჩილების გზა აირჩია და არა მასთან საერთო ენის გამოძებნის, რითაც საფუძველი ჩაუყარა ყოფილი ავტონომიების ცენტრიდან დაშორებას, მათ შორის აჭარის ავტონომიისაც. გახსოვთ ალბათ, თბილის-ბათუმის ხანგრძლივი კინკლავი მთელ რიგ საკითხებში, განსაკუთრებით ფინანსებში, რომელთა მოგვარება არცთუ ძნელი იყო. ნაცვლად მოგვარებისა, თბილისმა კონფრონტაცია აირჩია. იყო თუ არა ეს საბედისწერო შეცდომა მარტო შევარდნაძისთვის დამახასიათებელი?
ცხადია, არა. იმჟამინდელი და არა მარტო იმჟამინდელი პოლიტიკოსები საქართველოს პოლიტიკურ მოწყობას მხოლოდ უნიტარულობაში განიხილავდნენ. დღესაც კი, ზოგიერთი აცხადებს - საქართველო არ უნდა იყოს ფედერალური, უნიტარული უნდა იყოსო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი რახანია წასულია.
სოხუმის დაცემის შემდეგაც იყო არაერთი შესაძლებლობა აფხაზეთთან საერთო ენის გამოძებნის, მაგრამ თბილისი იდგა ისე, ვითარცა პიტალო, სალი კლდე. 2003 წლის ჩათვლით იყო შესაძლებლობა ერთად ცხოვრების ფორმულის გამოძებნისა. ეს შეგრძნება გამიჩნდა აფხაზურ მხარესთან ინტენსიური შეხვედრების შედეგად.
აფხაზი პოლიტიკოსები დიდ ინტერესს იჩენდნენ აჭარის ავტონომიის მიმართ, მაგრამ მოვიდა სააკაშვილი და რის ვაი-ვაგლახით შეკოწიწებული ურთიერთობა მიწასთან გაასწორა, ხოლო 2008 წლის ცხინვალის ომით, საბოლოოდ დაუსვა წერტილი „ძმებისა და დების“ ერთად ცხოვრებას.
21 წლის განმავლობაში აფხაზეთში ახალი თაობა გაიზარდა - მეზობელი ქვეყნის, ანუ საქართველოს სიძულვილით. სოხუმს არჩეული აქვს თავისი გზა, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია და რაც არ უნდა ვიძახოთ: „ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს“ (ი.ღარიბაშვილი) - ის მაინც არ გადაუხვევს, ჩვენი უყურადღებობის შედეგად, არჩეული გზიდან.
2008 წლამდე უყურეს აფხაზებმა და ოსებმა თბილისის ზედაპირულობას, დაპირებების შეუსრულებლობას, გაუტანლობას. ახალი ომიც გამოსცადეს საკუთარ თავზე, რაც თავისთავად არწმუნებს მათ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში.
მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში უხვადაა დეცენტრალიცაზიის, ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნის მაგალითები, რაც თავისებური სტიმულია აფხაზთა და ოსთა მიერ არჩეული გზის სიმტკიცისთვის. და ასეთ დროს ქართველ პოლიტიკოსთა ესოდენი „პატრიოტული“ სულისკვეთება - ერთად ცხოვრებასთან დაკავშირებით, თანაც მოჭარბებულად მტკიცედ, ურყევად ნათქვამი, ამ ნათქვამში გაჟღერებული ძველი მოტივები - „აფხაზეთში ვიზეიმებთ გამთლიანებას“, „ქართველები მზად არიან ახალი სისხლი გაიღონ ტერიტორიული მთლიანობისთვის“ და ა.შ.
„სოხუმში ვიზეიმებთ“ - ძალიან ჰგავს იმ მუსიკალურ ვიდეო-კლიპს, სააკაშვილის ბრძანებით რომ გაკეთდა - „წავიდეთ ჩვენთან სოხუმში“ - რამაც სამართლიანი გაცხარება გამოიწვია აფხაზეთში. ტერიტორიული მთლიანობისთვის ახალი სისხლის დაღვრა, ხომ თავისთავად მეტყველებს, რაღაც სხვაზე და არა „ძმებისა და დების“ ერთად ცხოვრებაზე?
21 წლის განმავლობაში არა მარტო აფხაზები და ოსები დაგვშორდნენ, არამედ ჩვენც დავშორდით მათ, თან ისე, არავითარი სურვილი რომ არ გვაქვს, გვქონდეს თუნდაც ელემენტარული ინფორმაცია იქ არსებულ ცხოვრებაზე. სოხუმის დაცემიდან დღემდე საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ნახევარი ნაბიჯიც არ გადაუდგამს სოხუმ-ცხინვალთან ურთიერთობის გამოსწორებისთვის და რაღა დღეს გაუწყრებათ ღმერთი?
დღეს, აფხაზეთიც და სამხრეთ-ოსეთიც დამოუკიდებელი ქვეყნებია. მერე რა, რომ ცოტა აღიარებს მათ დამოუკიდებლობას? მათთვის მთავარი რუსეთის აღიარებაა. დამოუკიდებელ ქვეყნებს კი ვერაფრით შემოვიტყუებთ საქართველოს შემადგენლობაში, ვერც ფედერაციულში და ვერც კონფედერაციულში. ვერც სამომავლო კარგი, საამური ცხოვრებით შემოვიტყუებთ, რასაც ევროკავშირთან ასოცირება გვპირდება, ვინაიდან მათ არც ევროკავშირი უნდათ და მითუმეტეს არც ნატო.
ჩვენ თვითონ, ამ 21 წლის განმავლობაში, რაც ავაშენეთ, სულაც არ არის მოსახიბლი, მითუმეტეს სანატრელი. რომელი გიჟი ინატრებს უკანალში ცოცხის ტარს?!
არც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგმულა ნაბიჯი ურთიერთობის დასალაგებლად და არც რუსეთთან მიმართებაში თქმულმა ისეთი, ვითარება, რომ კარდინალურად შეცვალოს. ისევ ისმის: „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია“ (ი.ღარიბაშვილის გაეროში წარმოთქმული სიტყვიდან);
კვლავ ისჯებიან ისინი, ვინც თბილისის თანხმობის გარეშე შედიან აფხაზეთში; კვლავ უარს ვაცხადებთ ურთიერთშორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე; კვლავ არაფრისმომტანი ჟენევის ფორმატი და ჯიქურ იმაზე ლაპარაკი, ვიდრე სოხუმ-ცხინვალში რუსეთის დიპლომატიური მისიები და სამხედრო ბაზები იქნება, მოსკოვთან პოლიტიკური დიალოგი არ გაიმართება; კვლავ დაყვედრებით ლაპარაკი - ჩვენ ხომ აღვადგინეთ ღვინო-მწვანილის რუსეთში შეტანა. ახლა რუსეთმა გადმოდგას ნაბიჯი და დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი. მწვანილსა და ღვინოში? ისე, კაცმა რომ თქვას, რუსეთმა ჩამოგვახია კალთები ღვინო-მწვანილი შემოიტანეთ, თორემ ვიღუპებითო?
ცხადია, ბოლო 2 წლის განმავლობაში რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არის ის, რომ ხელისუფლება უფრო თავშეკავებულია რუსეთის ლანძღვაში. ის აღარ ახორციელებს პროვოკაციებს, რასაც სისტემატურად მიმართავდა სააკაშვილი. მაგრამ არის თუ არა საკმარისი ყოველივე აღნიშნული? ნამდვილად არა!
სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც მოსკოვიდანაც გვაშორებს და სოხუმ-ცხინვალისგანაც. ასოცირებული წევრობით, ნატო-ნატოს ძახილით და აშშ-ს მიერ სამხედრო-სასწავლო ბაზის გახსნაზე ლაპარაკით, ურთიერთობა არათუ გამოსწორდება, გაუარესდება. გონივრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და არა უსაგნო ლაპარაკი.
და კიდევ ერთი რამ. სოხუმის დაცემის დღე გმირთა მემორიალთან აღინიშნა - ერთობ უსახურ და შეუფერებელ ადგილას. მაინც რამდენად ზერელედ უნდა იყოს ხელისუფლება განწყობილი, რომ რაღაც პრიმიტიულ კედელთან, აუარება ავტომანქანის გზაჯვარედინზე, უსახური ესტაკადის ლაბირინთში, გვირგვინებით შეამკოს „რაღაც კედელი“.
გაცილებით უმჯობესი იქნებოდა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალის სრულყოფილი აღდგენა და იქვე, აფზახეთში დაღუპულ გმირთა მემორიალის გაკეთება. გმირთა გახსენება სიმშვიდის, სიწყნარის ატმოსფეროში უნდა ხდებოდეს და არა ტრანსპორტის ზრიალში, უზომოდ მოჭარბებულ გამონაბოლქვში, რითაც გაჯერებულია ე.წ. გმირთა მოედანი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
29/09/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.