შეიცვლება ქართული პოლიტიკის ვექტორი?

hamlet chipashvili-politologi

დიდი ძვრებია ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადადგა თავდაცვის მინისტრი ალასანია და სოლიდარობის ნიშნად, მას მიჰყვნენ ალასანიას პარტიის წევრები, უფრო სწორად, ნათესავ-მეგობარი მინისტრები, თავიანთი გუნდებით.
მაინც რა „საშური“ სიტყვა გამოიძებნა ქართულ პოლიტიკაში - „გუნდი“. „მე, მოვდივარ ჩემი გუნდით“ - და ა.შ. სიტყვა „გუნდისთვის“ პოლიტიკური დატვირთვის მინიჭებამდე - მას (სიტყვას) ძირითადად სპორტში ხმარობდნენ. რით არის პოლიტიკა სპორტზე ნაკლები - იფიქრეს ჩვენმა ყმაწვილმა „პოლიტიკოსებმა“ - სპორტის და არა პოლიტიკისთვის შესაფერის ასაკში მყოფებმა და ლამის გულის ფიცარზე გაიკრეს - „ჩვენ, ჩვენი გუნდი გვყავს“.
თავიანთი გუნდები ჰყავდათ ახლო ნათესავებს - ალასანია-ფანჯიკიძეს და გუნდებიანად გადადგნენ. არავის უკითხავს, ჯერ-ჯერობით, 2 წლის განმავლობაში ამ „ყოჩაღმა“ მინისტრებმა რა შესძინეს საკუთარ ქვეყანას. საკუთარ თავს რომ ბევრი შესძინეს, ვიცით - არა მარტო უზომო ხელფასების, ხელფასზე დანამატებისა და პრემიების სახით, სხვას ალბათ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე შემოწმება-გამოძიება დაადგენს.
თითოეულმა წასულმა მინისტრმა ისე ფართოდ და მგზნებარედ ილაპარაკა ორი წლის განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ საქმეებზე - ყვავს ჩამოაგდებდა ხიდან. ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩახუტება, ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის დოკუმენტზე ხელის მოწერა, ოკეანიაში არსებული მიკრო-სახელმწიფოების დაყოლიება და აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარის თქმის დაძალება (ისინიც „მაგრები“ არიან), ქართული არმიის დეპოლიტიზება, ნატოსთან დაახლოება და ა.შ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზალკალიანმა ისიც თქვა - ასოცირების დოკუმენტის პარაფირებულ ტექსტზე ჩემი ხელმოწერა არის, რომელშიც გული და სული ჩავაქსოვეო. გავა წლები და სანანებლად გაუხდება ნათქვამი, ვინაიდან ნაკლებად სასიამოვნო მაგალითებიდან გამომდინარე - ბალტიისპირა ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების მოსახლეობა სისტემატურად იხსენებს იმ პოლიტიკოსთა მშობლებს, რომლებმაც თავიანთი ხელის მოწერით მძიმე დღეში ჩააგდეს ისინი.
გადამდგარები ერთხმად აცხადებდნენ, რომ მათი დაუღალავი შრომით მოხდა ევროკავშირ-ნატოსთან დაახლოება. რომ არა ისინი - ადგილი არ ექნებოდა ევროპასთან ტუჩებში კოცნას, რუსები რომ „ზასოსს“ უწოდებენ. მაშ, სააკაშვილმა რა თქვას? ისიც ხომ იგივეს იჩემებს, თითქმის 20 წელიწადია?
კაცს უყვარს ტრაბახი, მითუმეტეს ქართველს, მითუმეტეს პოლიტიკოსს, მაგრამ წინასწარმეტყველებაც უყვარს - პროვოკაციაში გადასული, ავის მომასწავებელი. დამოუკიდებლობის წლებში არაერთი ასეთი გავიგეთ - მე წავალ და სოფელი-სოფელს დაერევა, ქალაქი-ქალაქს, დასავლეთი-აღმოსავლეთს ან მე წავალ და იქნება ქაოსი, განუკითხაობა, დიქტატურა.
„ჩვენ მივდივართ და ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სვლას, მაღალი ბარიერები შეექმნება, რაც რუსეთის ინტერესებშია - იყო ალასანიების ნათქვამის ძირითადი მოტივი.
ევროატლანტიკური ვექტორის საკუთარ თავთან გაიგივება არის ის მთავარი რამ, რაც ღიად იკითხება სამივე მინისტრის განცხადებაში. გარდა ამისა არის პრემიერისა და მთავრობის დადანაშაულების მცდელობა ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევისათვის.
„მე, ვარ ევროპა, პროგრესი, სინათლე, გრძელი გვირაბის ბოლოს, ბედნიერება და სიკეთე. არ ვიქნები მე (ჩვენ), არ იქნება ყოველივე ეს. და რახან ასეა, არავინ უნდა შეგვბედოს ჩვენი უწყების შემოწმება, არავინ უნდა დაგვადანაშაულოს „უმნიშვნელო“ გადაცდომაში. ჩვენ თავისუფლად უნდა ვინავარდოთ მსოფლიოში, ვხარჯოთ სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, ვინაიდან ჩვენ ვართ ქვეყნის გადამრჩენლები (იქნებ დამანგრევლები?)“, - დაახლოებით ასეთი იყო გადამდგართა ბოლო სიტყვა.
ალასანიასა და ალასანიების გამოსათხოვარი განცხადებებიდან ჩანს საკუთარი განდიდების მცდელობა, უზომო ამბიციები - მეტიჩრობაში გადასული, არასახელმწიფოებრივი მიდგომა საკითხებისადმი, ზედაპირული ცინიკური დამოკიდებულება მთავრობისადმი და რაც მთავარია ქვეყნისადმი.
თუ სიღრმისეულად შევაფასებთ ბედოვლათი სამი მინისტრის ორწლიან მოღვაწეობას, დავინახავთ აუწყობელ აპარატებს, გამოუცდელი, არაპროფესიონალი ნათესავ-მეგობრების შეყრას აპარატებში, უცხოურ ვოიაჟებში უამრავი ფულის ყრას და ა.შ. და არც ერთ სასიკეთო საქმეს ქვეყნისთვის.
პირიქით, ალასანიას მოუზომავმა, მეტიჩრულმა განცხადებებმა ნატოს საწვრთნელი ბაზის საქართველოში განთავსებასა და საჰაერო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით - შემაშფოთებელი რეაქცია გამოიწვია როგორც შინ, ისე გარეთ.
ალასანია მუდამ გაიძახოდა კოლექტიურ მმართველობაზე, თუმცა საქმით შორს იყო ამისგან. მას თავი ისეთ პოლიტიკოსად, მინისტრად წარმოედგინა, ათი თავით რომ სჯობს ყველა კოლეგას. ასეთები ქვეყნისთვის სახიფათონი არიან. ასეთთაგან ქვეყანა მუდამ უნდა მოელოდეს კინკლავს, ჩხუბს, არაობიექტურობას, დანაშაულის დაფარვას და სხვა.
წასული სამეულის სიტყვით - ევროპისკენ გზა მათ გაკვალეს. არა, პატივცემულო მკითხველო. მათი ნათქვამი შორს არის სინამდვილისგან. და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირების ავტორი და მთავარი შემოქმედი ვაშინგტონ-ბრიუსელია და კულუარებში მყოფი რუსეთი.
ერთი წუთით დავფიქრდეთ და ვთქვათ - მათ რომ ამის სურვილი არ გასჩენოდათ, იქნებოდა სვლა ევროპისკენ? არამცდაარამც. ვინ იყო პროექტ „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ავტორი და შემსრულებელი? - აშშ-ს პრეზიდენტი კლინტონი და მისი ადმინისტრაცია და არა შევარდნაძე ან რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის ლიდერი.
მაინც რა ამოძრავებდა იმჟამინდელ აშშ-ს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნატოსთან დაახლოების საქმეში? რუსეთთან მეტოქეობა, რუსეთის, მტრულად განწყობილი ქვეყნების რკალში მოქცევა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. უკრაინა ამის მაგალითია.
რას მიაღწია აშშ-ა ამ ფრონტზე? რუსეთის ყურადღების გადატანას აღმშენებლობიდან თავდაცვისუნარიაობის გაზრდაზე, ანუ იძულებით ფულის ხარჯვას, რაც საბოლოო ჯამში ისე დაასუსტებს რუსეთს, რომ მოსახლეობას აამხედრებს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ.
ვიდრე ეს მოხდება, რუსეთთან ჭიდილში უკრაინა დაიქცა და თან ისე, მრავალი ათეული წელიწადი რომ დასჭირდება ფეხზე დასადგომად. რუსეთს შეექმნა პრობლემები, მაგრამ არა ისეთი, ვაშინგტონი რომ გეგმავდა.
და ამ დროს ვაშინგტონის პოლიტიკოსების მიერ წაქეზებული ალასანიას მეტიჩრული გამოხდომები - ნატოს სასწავლო ცენტრისა და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით და მათზე მოყოლებული შემაშფოთებელი რუსული პასუხი.
აშშ-ი არის ინიციატორი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და არა ალასანია, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი და მათი „გუნდები“. ასე, რომ, ძვირფასო ყოფილო მინისტრებო, მშვიდად შეგიძლიათ იძინოთ, უთქვენოდ საქართველო არ დაინგრევა, აი თქვენიანად კი - უდავოდ დაინგრეოდა, ვინაიდან თქვენი მენტალიტეტის მატარებელი „პოლიტიკოსები“ სამშობლოს საკუთარი კუჭიდან უყურებენ და არა გულიდან ან გონებიდან.
გულისა და გონების პატრონი პოლიტიკოსი არ გადაჰყვება გადამთიელის ფოჩიან კამფეტებს, ქვეყანას არ შემოდებს ყოფნა-არყოფნის სასწორზე. აგრესიული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთო - აცხადებდნენ სამივენი და წამითაც არ ებადებოდათ კითხვა, შეძლებდა თუ არა საქართველო ამას, მოჰყვებოდა თუ არა ამ ქმედებას დიდი მეზობლის საკადრისი პასუხი.
სამეულის პროვოკაციულ განცხადებას უმალ მოჰყვა სამეულის - ცისკარიშვილის, ლაგაზიძის, ხოშტარიას ისტერიული თავშიცემა და წივილი - ქვეყანაში კრიზისიაო, საქართველო უხვევს გზიდანო და ა.შ. და იყო ივანიშვილ-ღარიბაშვილის ლანძღვა - ხალხის არჩევანი ფეხებზე დაკიდესო. პოლიტოლოგიაც ასეთი უნდა.
ჯერ ერთი, საქართველოს მთავრობას მსგავსი არაფერი უთქვამს - „სანუკვარი“ გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით. პირიქით, სულ იმის ძახილშია - იქით მივდივართო. ისე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, უმჯობესი იქნებოდა დამუხრუჭება.
მეორეც, საქართველომ რომ უარი თქვას, დასავლეთი და კერძოდ აშშ-ი დინჯად და მოთმინებით შეეგუებიან ამ ამბავს? ყველაფერს იღონებენ იმ „თავისუფლების უღელში“ საქართველოს შესაბმელად, რომლის ტერიტორიაც რუსეთისთვის მუდმივი პრობლემების შექმნის წყარო იქნება.
კოალიცია დაიშლებაო და ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნებაო - გაიძახოდნენ ისინი და სხვებიც.
მოდით ნათელი გონებით განვიხილოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი - ის, ვინც პარლამენტშია, ქართველები არიან - უპირველესად მიწიერნი, „ჯერ თაოდათაოს“ კონცეფციის მატარებლები, ერთობ დიდი რეალისტები, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ „ხარაკირს“ ისინი არ გაიკეთებენ. არ დაშლიან პარლამენტს და არ დააყენებენ საკუთარ კეთილდღეობას ეჭვქვეშ.
წინ საპარლამენტო ცხოვრების ორი წელიწადია. რა სჯობს, ქუჩაში ყოფნა და მომავალი არჩევნებისთვის მზადება თუ დაცდა? ცხადია, დაცდა, ვინაიდან ნაციონალების ჩათვლით, არც ერთ მათგანს პარლამენტში მოხვედრის შანსი არ აქვს. დღეს რომ არიან, ივანიშვილის მადლით, ხვალ ეს არ იქნება. მათი პოპულარობა კი ისეთი დაბალია, პარლამენტში კი არა ტუალეტში შესვლაც გაუჭირდებათ. ასე, რომ ნუ იღელვებთ „ძვირფასო პოლიტოლოგებო“, არ დაიქცევა ქვეყანა ანდა მეტად როგორ უნდა დაიქცეს?
დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ცხელ გულზე ამ სამეულის მიერ გაკეთებული განცხადებები, დამშვიდების შემდეგ მწარე მოგონებად დარჩებათ. ბევრს ინანებენ - ეს, რა ვთქვითო. თეთრად გაათენეს ღამე ფანჯიკიძის მოადგილეებმა ბერუჩაშვილმა და ჯალაღანიამ და როგორც კი ინათა, უმალ თქვეს - ვრჩებით, ვინაიდან ევროატლანტიკურთან ჩახუტებას ვესაჭიროებითო .
ქვეყნის ტელევიზიებმა ზედმიწევნით დეტალურად ასახეს ალასანია-ფანჯიკიძესთან გამომშვიდობების სცენა. აპარატის მუშაკების მიერ გაკეთებულ ცოცხალ დერეფანში მიმავალი ალასანიას, ტაშის გრიალში გამომშვიდობებამ, მოსკოვის გამომშვიდობება გამახსენა, სახელგანთქმულ რეჟისორს ლიუბიმოვს, (სხვებს) რომ მოუწყვეს.
იმ გაცილებასა და ამ გაცილებაში არის რაღაც სხვაობაც და მსგავსობაც. სხვაობას თვით მიხვდება მკითხველი, მსგავსებას კი შევახსენებ - სამარადისო წასვლა იმქვეყნად და სამარადისო წასვლა პოლიტიკიდან. ვეჭვობ, რომ ასეთნი დაბრუნდნენ პოლიტიკაში. და თუ ეს მოხდა, ხალხის ბრალი იქნება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
07/11/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.