გაბუტვას სიკეთე არასდროს მოუტანია

hamlet chipashvili-politologi

ორი წელიწადია საქართველოს „ოცნების“ ხელისუფლება ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა მეთქი, რომ ვთქვა, არც არავინ დამიჯერებს და არც საკუთარ თავთან ვიქნები მართალი. ბევრი რამ კი არა, ცოტაც რომ გაკეთებულიყო, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ რა გაეწყობა, რომ იტყვიან - „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა“, ისეა „ოცნების“ საქმე და აქედან გამომდინარე - ჩვენიც.
ორწლიანმა მმართველობამ, თუ ამას მმართველობა ჰქვია, აშკარად დაგვარწმუნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კადრებით ქვეყნის მართვა შეუძლებელია. არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-დან ფინანსდება, დაფრთიანებული ყმაწვილი გოგო-ბიჭები, მხოლოდ ენის ქნევისა და ამერიკული ინგლისურის უადგილო ადგილას ხმარებას მიჩვეულნი, რომ შორს, ძალიან შორს არიან ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებიდან, ცხადია.
მარტო ენის ქნევით კი საქმე არ კეთდება. მას სხვაგვარი მიდგომა ესაჭიროება, საქმის ცოდნა-გამოცდილება რომ ჰქვია. მას პროფესიონალიზმი ესაჭიროება, რომელიც გვიან ასაკში, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად მოდის.
დღევანდელებს ხშირად უყვართ თქმა 25-30 წლის ახალგაზრდა კაცსა თუ ქალზე - გამოცდილი პროფესიონალები არიანო. რაოდენი ზედაპირულობაა ჩაქსოვილი ამ ქარაფშუტულ განცხადებაში, მაგრამ რას ვიზამთ, სწორედ მათ უპყრიათ ქვეყნის მართვის საჭე ხელთ და კბილებით იცავენ მოპოვებულ სამთავრობო სავარძლებს.
მათი მონოპოლია იგრძნობა ყველა დარგში და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც საშუალო და მეტი ასაკის ადამიანები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე ჭყინტი ახალგაზრდები. თინეიჯერმა ხელისუფლებამ კარგად შეითვისა ერთი რამ - ბრტყელ, ბრტყელი ლაპარაკი, ხელისუფლებაში ყოფნის ტკბობა და გამოცდილი ასაკის ადამიანებისგან დისტანცირება. ეს უკანასკნელნი, ისე არიან შერისხულნი არათუ თანამდებობას, სიტყვის თქმის უფლებასაც არ აძლევენ.
მედიაც ახალგაზრდულია და მთავრობაც, ოპოზიციაც და არასამთავრობოებიც და რახან ასეა საქმე, უსაქმურობაც არ უნდა გაგვიკვირდეს, ენის უაზრო ტრიალიც, თანაც ამერიკული ინგლისურის მიბაძვით, გაუკეთებელი საქმეების სიუხვეც, საშინაო და საგარეო პოლიტიკის კოჭლობაც და სხვა.
საშინაო პოლიტიკაში რაც ხდება, ყველამ კარგად ვიცით და ვთვლით, რომ საქმე ცუდათაა, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში რაც ხდება, ყველამ არ ვიცით, თუმცა ვგრძნობთ, რომ არც იქ არის საქმე კარგად. ორი წლის განმავლობაში რაღაც გაკეთდა ამ დარგში და ეს რაღაცა ისაა - რუსეთს რომ უშვერი სიტყვებით არ ლანძღავს ხელისუფლება. სხვა მხრივაც არის წინსვლა - ეკონომიკური კავშირების აღდგენის მცდელობა და რუსეთის ბაზარზე საქართველოს კვების პროდუქტების შეტანა. მაგრამ ვიყოთ გულახდილნი და ვთქვათ - რუსეთს რომ ინიციატივა არ გამოეჩინა, საქართველო გაირჯებოდა ვითარების გამოსწორებისთვის?
დიახ! ხელისუფლება არ კადრულობს იმას, რასაც სააკაშვილი და ნაცები. რომ ეკადრა, ვითომ რას მიიღებდა?
ხელისუფლება არ კადრულობს „შენი დედაო“-ს ტერმინოლოგიით ლაპარაკს, მაგრამ განცხადებებს მწვავეს აკეთებს, ხშირად მოუზომავს, რითაც ძლიერ აღიზიანებს რუსეთს და აფიქრებინებს, რომ დღევანდელ საქართველოსთან ურთიერთობა უმჯობესია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ დიდი განსხვავება არ არის. ამდენად საქართველოსთან დიალოგი სერიოზულ პოლიტიკურ თემებზე ნაადრევია და ის უნდა წარიმართოს მწვანილ-ღვინო-მინერალური წყლის ჭრილში. ანუ რუსეთს უნდა ჰქონდეს რაღაც ურთიერთობა საქართველოსთან და ეს რაღაცა პრაღის ჩარჩოებში უნდა განთავსდეს.
რუსეთის აზრით, პრაღის ურთიერთობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის დონეზე სრულიად პასუხობს არსებულ რეალობას.
რუსეთს არსად ეჩქარება. მან თავისი მიიღო საქართველოს ხელისუფალთა წყალობით 2008 წლის ცხინვალის ომის შედეგად. ტერიტორიები, რომლებიც მან დაიკავა მცირემიწიანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთს ეს ნაკლებად აწუხებს. ვისაც უნდა აწუხებდეს, ის არ წუხს და რუსეთი თავს რატომ მოიკლავს?
ზემოთ, ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ხელისუფლება თავშეკავებელია რუსეთის ლანძღვაში, მაგრამ ეს არ ითქმის არასამთავრობოებზე, ე.წ. ინტელიგენციაზე, რომელსაც დაუფიქრებლად შეუძლია რუსეთისა და მისი პრეზიდენტის პუტინის უშვერი სიტყვებით ლანძღვა, დედის გინებაც კი ღია სატელევიზიო ეთერში. შეგახსენებთ, ინგა გრიგოლიას „თოქ-შოუს“, რომელიც ქართველი მომღერლების მოსკოვში სიმღერას ეხებოდა და“თოქ-შოუში“ მონაწილე „მწერალ“ დეისაძის პუტინისთვის გაგზავნილ დედის გინებას.
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთს ისე ეპყრობა, როგორც ვიღაც დეისაძე, ნაცი მწერალი ხერხეულიძე ან „ისტორიკოსი“ მასხარაშვილი. სხვათა გვარებსაც ჩამოვთვლიდი, მაგრამ ვგონებ საკმარისია.
ამგვარი „ახალგაზრდული“ შემართებით, ვერ გავფრინდებით და არათუ ვერ გავფრინდებით, მიწაზე ხოხვაც გაგვიჭირდება. ჩემთვის გასაგებია ამერიკული „ენჯეოელების“ „პატრიოტიზმი“, რომელსაც ჭკუა-განათლებასთან ახლოსაც არ გაუვლია, მაგრამ გაუგებარია ერთი რამ - ამერიკელთა საამებლად და მათ მიერ მოცემული ფულის სანაცვლოდ, ამერიკა-ევროპაზე ჩამოკიდება და რუსეთის ლანძღვა მოიტანს სიკეთეს?
მართალია, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომიდან აღარ არის რუსეთის საელჩო, აღარც რაიმე სახის დიპლომატიური წარმომადგენლობაა, მაგრამ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მაინც მიედინაბა რუსეთისკენ. მისთვის კარგადაა ცნობილი რუსეთისადმი საქართველოს საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილის უკიდურესად ნეგატიური განწყობა და რახან ეს ასეა, ისიც შეეცდება მხოლოდ მწვანილის დონეზე იქონიოს ურთიერთობა საქართველოსთან.
თითქმის 2 წელიწადია მიმდინარეობს აბაშიძე-კარასინის პრაღული დიალოგი, თითქოს რაღაც გაკეთდა, მაგრამ მთავარი არ გაკეთებულა და არც გაკეთდება, ვინაიდან აბაშიძისთვის არავის უთქვამს, არავის დაუვალებია პოლიტიკურ თემებზე ლაპარაკი. ისიც დაბეჯითებით აცხადებს - „ჩვენ წითელ ხაზებს ვერ გადავალთო“. არადა, სწორედ „წითელ ხაზებს“ თუ არ გადავაბიჯეთ, არაფერი გამოვა. მწვანილ-ღვინოს თემა ამოიწურება და პრაღის შეხვედრაც ჩიხში შევა.
პრაღის ბოლო შეხვედრა განსაკუთრებული მედიური დაძაბულობის ფონზე წარიმართა. მიზეზი? მოსკოვ-სოხუმის სამომავლო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი იყო.
საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა, მათ შორის პოლიტიკოსებმა ხელშეკრულების პროექტი ლამის რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიად აღიქვეს და ისეთი ცეცხლი დაანთეს, თითქოს აქ აგიზგიზებული ლამპარი იქ, მოსკოვს რამეს დააკლებდა. ეს ლამპარი თუ ხანძარი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებას თავის დროზე რომ დაენთო, არც დამოუკიდებელი აფხაზეთი იქნებოდა და არც სამხრეთ-ოსეთი. ორივენი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ - ფედერაციული ერთეულების შესაბამისი სტატუსით, მუდამ კამათითა და კინკლავით, მაგრამ საქართველოს შემადგენლობაში.
და ამას ყველაფერს ადგილი ექნებოდა, შევარდნაძეს რომ პოლიტიკური გონიერება გამოეჩინა. მან თავის უცოდინრობას, ამბიციურობას გადააყოლა აფხაზეთიც და სამხრეთ-ოსეთიც. ცენტრალიზებული მართვის სურვილმა ჩაკლა მასში რეალურობის გრძნობა და უმწიფარი თბილისური სამხედრო ლაშქარი შეუსია საკუთარსავე მიწას.
დამარცხდა თბილისი ამ ბრძოლაში, მაგრამ შესაბამისი დასკვნები ვერ გააკეთა. ხალხმა არ დასაჯა ავანტიურისტი თბილისელი „პოლიტიკოსები“, პირიქით ყველა მათგანი
გმირებად აღიარა და დამარცხებული მარჯვენაც დაულოცა. პატარა აფხაზეთთან „დიდი“ საქართველოს დამარცხება, სირცხვილის მომგვრელი იყო და უცბათ გამოიძებნა მტერი, რუსეთის სახით, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ.
დავუშვათ ეს ასეც ყოფილიყო, ნუთუ ძნელი იყო იმის გათვლა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაეხმარებოდა?
60 ათასმა აფხაზმა მოახერხა რუსეთის გულის მოგება, 4 მილიონმა ქართველმა - ვერადავერ. რა გამოდის, პატარა აფხაზეთმა ბრძოლის ველზეც ბეჭებზე დაგვადო და დიპლომატიურ მაგიდასთანაც?
ომის წაგების შემდეგაც არაერთი შანსი იყო განდეგილი ავტონომიების შემორიგების, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლება გამოდგა „დედალი“ და ნაცვლად ნამდვილი საქმისა, ტყუილი საქმიანობით შეიქცია თავი - ხან გაუგებარი სამინისტროს შექმნის სახით (დღეს რომ ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობს), ხან აფხაზეთთან სპეცმომლაპარაკებლის დანიშვნის (ასლან აბაშიძე) სახით. და ეს ყველაფერი მიმდინარეობდა თბილის-სოხუმის დისტანცირების ფონზე.
ასე მოვედით 2008 წლის აგვისტომდე, ანუ ცხინვალის ომამდე, რამაც საბოლოო წერტილი დაუსვა ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ერთ სახელმწიფოში ცხოვრების იდეას. ომის შემდეგ რუსეთი იძულებული იყო ეღიარებინა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ვინაიდან მანამდე შემოთავაზებული წინადადება, ავტონომიების სტატუსის განხილვასთან დაკავშირებით - თბილისმა უარყო.
სოხუმ-ცხინვალთან თბილისის მოლაპარაკების დაწყებას, ჯიუტი სახედარივით, სააკაშვილმა ტლინკები ჰყარა.
მუდმივი პროვოკაციებისთვის წერტილის დასასმელად აღიარა რუსეთმა ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა. რუსეთი მართალი გამოდგა. აღიარების შემდეგ არც ერთ სამხედრო პროვოკაციას საქართველოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს ხელისუფლებამ, ისე, როგორც 1992 წელს, 2008 წელსაც საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ეს შეცდომა უფრო დანაშაულია, ვიდრე შეცდომა. ქართველმა ხალხმა, ისე, როგორც შევარდნაძეს, სააკაშვილსაც აპატია დანაშაული. თუ 1992 წლის ავანტიურას არ მოჰყოლია საქართველო-რუსეთს შორის პოლიტიკურ-დიპლომატიური განხეთქილება, 2008 წელს მოჰყვა და მოჰყვა ქართული მხარის ინიციატივით - დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, დსთ-დან გამოსვლა და ა.შ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომელსაც 2008 წლის ომამდეც მკვეთრი ევროატლანტიკური კურსი ჰქონდა აღებული, მთლად დასავლეთისკენ გადაიხარა - ანტირუსული განცხადებებითა და ქმედებით. საქართველო გადაიქცა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ აშშ-სა და ნატოს მტკიცე პლაცდარმად.
არც რუსეთმა დააყოვნა და ყოფილ ავტონომიებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად, სამხედრო ბაზებიც გახსნა.
ომის შემდეგ ინტენსიურად წარიმართა თბილის-ვაშინგტონ-ბრიუსელის ურთიერთობები. ქართული საჯარისო ნაწილები აქტიურად ჩაერთნენ ავღანეთის ომში, ამერიკელ-ევროპელ ექსპერტების მიერ ქართული ჯარის წვრთნას აქტიური სახე მიეცა.
პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთიდან და მასთან ერთად სოხუმ-ცხინვალიდან დაშორების პროცესი. სააკაშვილის დაპირება - განდეგილი ავტონომიების შემობრუნებასთან დაკავშირებით, მივიწყებას მიეცა, ანუ აუსრულებელ ოცნებათა ჩამონათვალში გადაინაცვლა. საქართველოს საზოგადოებას ნელ-ნელა შემოაპარეს მოსაზრება - აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი მაინც ფაქტიურად წასულები იყვნენ და ცხინვალის ომით დიდი არაფერი დაშავებულაო.
2008 წელს, ისე, როგორც 1992 წელს, საქართველოს ებრძოდა რუსეთი - ასეთია ოფიციალური ხელისუფლების, როგორც გუშინდელის, ისე დღევანდელის განცხადება. ომის დამთავრების პირველსავე წუთებიდან, საქართველო იბრძვის „აგრესორი“ რუსეთის წინააღმდეგ - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ორმხრივი შეხვედრების დროს. და არის „აგრესორი“ რუსეთის სახელის წაღმა-უკუღმა ტრიალი.
გარდა ამისა, დაბეჯითებული თხოვნა აშშ-სა და ნატოსადმი საჰაერო თავდაცვითი იარაღის საქართველოში განთავსების თაობაზე. ამას ემატება თხოვნა ნატოს საწვრთნელი, სამხედრო ბაზის საქართველოს ტერიტორიაზე გახსნის ინიციატივაც.
„ოცნების“ ხელისუფლებას მიეკუთვნება აღნიშნული წინადადებები, განსაკუთრებით პატივცემულ ალასანიას, რომლის ქარაფშუტობას საზღვარი არ აქვს. და ეს პიროვნება არის „ოცნების“ მიერ დანიშნული თავდაცვის მინისტრი.
„ოცნებაც“, ისე, როგორც „ნაცები“, დაკარგული ავტონომიების დაბრუნების დაპირებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ნანატრი შემობრუნება არ ჩანს. „ოცნების“ შემქმნელ ივანიშვილს რომ ოდნავი ცოდნა ჰქონოდა განდეგილ ყოფილ ავტონომიებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა ან თუნდაც საზღვარგარეთ ამ სფეროში (სეპარატიზმი) არსებული ვითარებისა, თავს უფლებას არ მისცემდა მამალი ტყუილის გაგორებისთვის. „აუცილებლად დავიბრუნებთ“, - განაცხადა მან და შემდეგ იუარა, ცხადია ხელისუფლებაში მოსვლა-წასვლის შემდეგ.
წასული ავტონომიების დაბრუნება, რომ აბსტრაქციის ნაყოფია, მტკიცება არ სჭირდება. საქმეში ოდნავ ჩახედულებმა კარგად იციან, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების დამოკიდებულად გადაქცევა მხოლოდ ძლიერი სამხედრო ძალისა და საერთაშორისო საზოგადოების უკიდგანო მხარდაჭერის შედეგად თუ განხორციელდება. დღევანდელ საქართველოს არც ერთი აქვს და არც მეორე. რჩება ერთი ვარიანტი - საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური ცხოვრების ისე წარმართვა, რომ ეს ქვეყანა ედემის ბაღად იქცეს, რაც ისეთივე უტოპიაა, როგორც წინა ორი.
წერილის დასაწყისში აღვნიშნე, თუ ვინ მართავს საქართველოს. მათი შემხედვარე, ეს ქვეყანა ვერასდროს გაიხარებს. ასე, რომ წარმატებული საქართველოს მიერ განდეგილთა მაგნიტით მოზიდვის საკითხიც აბსტრაქტულად გამოიყურება. ან როგორ უნდა მოხდეს მოზიდვა, როდესაც არავითარ მოლაპარაკებას ადგილი არ აქვს არც აფხაზეთთან, არც სამხრეთ-ოსეთთან და არც რუსეთთან.
როდესაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე ბრძანებს - „საქართველო ვერ დაილაპარაკებს რუსეთთან, ვიდრე სოხუმ-ცხინვალში რუსული დიპმისიები და სამხედრო ბაზები იქნება“ - ყველაფერი ნათელია. და ისიც ნათელია, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკება მწვანილის დონეზე დარჩება.
„ოცნების“ ხელისუფლებას 2 წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად. ან როგორ წარმოგიდგენიათ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან მსხდომი ფანჯიკიძე-ლავროვი, ღარიბაშვილ-პუტინი?
ქართული მხარე აშკარად გრძნობს საკითხის უცოდინრობას, გამოუცდელობას, მომავალი პარტნიორის პრიორიტეტს და აქედან გამომდინარე შიშს. დიპლომატიური მოლაპარაკების დასაწყისში თუ მხარე შიშს გრძნობს, გამოწვეულს მოწინააღმდეგის პროფესიონალიზმიდან, მოლაპარაკება წაგებულია. სამწუხაროდ, დიპლომატიური თვალსაზრისით, მოსკოვი დიდ კოზირებს ფლობს. ასე იყო სააკაშვილის დროს და ასე იყო გამოცდილი შევარდნაძის პირობებშიც. ასეა გამოუცდელ „ოცნების“ დროსაც.
„დამოუკიდებლად“ არსებობის 23 წლის განმავლობაში საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას მოლაპარაკება არ უწარმოებია რუსეთთნ, თუ არ ჩავთვლით შევარდნაძის პუტინთან შეხვედრას ქ.სოჭში. ქართულმა მხარემ არც იცის, როგორ უნდა მომზადდეს მსგავსი მოლაპარაკება. არც ის იცის, რომ მაღალ დონეზე მოლაპარაკებას წინ უსწრებს დაბალ დონეზე მოლაპარაკებები, ექსპერტთა შეხვედრები და სალაპარაკო საკითხების წინასწარ შეთანხმება.
რუსეთი დიდი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე დიდი პრობლემებით. მისი დიპლომატიურ-სახელმწიფოებრივი არეალი მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. ამდენად პატარა საქართველოსთვის მან საკუთარ, დაძაბულ გრაფიკში დრო უნდა გამონახოს. სწორედ ეს არ ესმოდა სააკაშვილს. მას ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე საუბარი, რასაც მოლაპარაკება ვერ დაერქმევა და ყველა მათგანი იყო უგეგმო, არაფრის მომტანი, არავითარი ხელშეკრულების გაფორმების მაუწყებელი.
რუსეთის მხარემ არაერთხელ განაცხადა - გინდათ მოლაპარაკება, მზად ვართ, მაგრამ მოსალაპარაკებელ საკითხთა წინასწარი განხილვით (ექსპერთა დონეზე) და მოლაპარაკების დღის წესრიგის შედგენით. სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ეს ნათქვამი ვერ გაიგეს, უბრალო, მარტივი მიზეზის გამო - დიპლომატიური პროტოკოლის უცოდინრობით.
არის აგრეთვე ერთობ დელიკატური მომენტიც, რასაც რუსეთი კარგად ხედავს, ქართული მხარე - ვერა. მოსკოვმა კარგად იცის, სადამდე მიდის საქართველოს დამოუკიდებლობა, ანუ აქვს თუ არა საქართველოს, ვაშინგტონის გარეშე, სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკების წარმართვის მანდატი.
ეს, რომ ასეა, უმალ გამოჩნდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოკლე განცხადებიდანაც, როდესაც მას ჟურნალისტმა ჰკითხა - პუტინმა არ გამორიცხა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობაო, მარგველაშვილმა მიუგო - წინასწარ მოველაპარაკებით ჩვენს პარტნიორებსო.
ე.წ. პარტნიორებს კი ქართულ-რუსული მოლაპარაკება არ აწყობთ, ვაითუ რამე არ მივქაროთ ამერიკელთა საზიანოდ. ასეთ შემთხვევაში, რა რჩება რუსეთს - მხოლოდ კონტაქტი, რასაც ადგილი აქვს პრაღაში და საქართველოს უკეთესი ხელისუფლების ლოდინი.
რუსეთს დიდი მოთმინება აქვს. აი, რაც შეეხება საქართველოს - მას უნდა ეჩქარებოდეს. ყოველი გასული დღე მისთვის წამგებიანია, რის გათავისება „ოცნების“ ხელისუფლებას არ შეუძლია. რაც მას შეუძლია - ნატო, ნატოს ყვირილი და ევროკავშირის ასოცირებული წევრობაა. თუმცა დასავლეთს რომ არ ჰქონოდა საქართველოს საკუთარ ფეხზე მიბმის სურვილი, ქართველ პოლიტიკოსთა მცდელობა კრახს განიცდიდა.
საქართველო, რომელიც რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების არავითარ სურვილს არ გამოთქვამს, მოუწოდებს დასავლეთს ანტისაჰაერო სარაკეტო სისტემების საქართველოში განთავსებისკენ, მზადაა დღესვე შევარდეს ნატოში და მთელი საქართველო წაასხას ავღანეთში საომრად; მხარს უჭერს უკრაინის ფაშისტურ ხუნტას, ნეგატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს კრემლზე და აიძულებს მას გადადგას ნაბიჯი საკუთარი ინტერესების განსამტკიცებლად აფხაზეთთან თუ სამხრეთ-ოსეთთან მიმართებაში.
ჩვენ გვწყინს და ვბობოქრობთ, არ ვაანალიზებთ რა რუსეთის წყენასა და ბობოქრობას. არადა ერთმანეთის მიზნებისა და სურვილების შეჯერების გარეშე ვითარების გამოსწორება შეუძლებელია. იქნებ მართლაც, ხელი აგვეღო რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ-ოსეთთან ურთიერთობის ჩამოყალიბების ვერბალური ტაქტიკიდან და მომავალი თაობებისთვის გადაგველოცა ყოველივე?
როგორც ჩანს, ამ თაობას ამის გაკეთების არც თავი და არც გამოცდილება არ აქვს. იქნებ ახალს ჰქონდეს?
დიდი რისკია - მეტყვის მავანი. გეთანხმებით, მაგრამ რა ვქნათ, როდესაც „ჭრელო პეპელასავით“, არც გაფრენა გვინდა და არც მოფრენა, არც ლაპარაკი და არც თავის შეწუხება. ის, რაც გვინდა - გაბუტულ პოზაში დგომაა, რომელსაც სიკეთე არასდროს მოუტანია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
19/10/2014

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.