საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


მოვლენები, რომლებმაც გადარია მოსახლეობა

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

დამოუკიდებლად არსებობის არცთუ ხანგრძივი პერიოდის განმავლობაში საქართველომ მინიმუმ ოთხჯერ იზეიმა საკუთარი ისტორიის დაწყება. პირველი - 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვებულმა ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ დააანონსა. მეორე - 1992 წლის ანალოგიურ, მაგრამ ვადამდელ, არჩევნებში გამარჯვებულმა შევარდნაძის ხელისუფლებამ. მესამე - 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხოლო მეოთხე - მათზე, 2012 წელს გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“.
ამ ისტორიული თარიღებიდან მართლაც მნიშვნელოვანი 1990 წელს დაანონსებული ახალი ისტორიის დასაწყისი იყო, ვინაიდან ქვეყნის 70-წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ცხადია კომუნისტურის, კაპიტალისტურზე გადასვლის მაუწყებელი გახლდათ. ყველა დანარჩენს ქვეყნის ისტორიისთვის მნიშვნელობა კი ჰქონდა, მაგრამ „ისტორიულის“ სახელს ვერ ამართლებდა. მიუხედავად სააკაშვილის დაჟინებული სურვილისა - „მისი“ რევოლუცია, ქვეყნის ისტორიის დასაწყისად აღქმულიყო, წარუმატებლად დასრულდა. ხალხმა არ ჩათვალა 2003 წლის რევოლუცია ახალი ერის დასაწყისად.
წინა სამისგან განსხვავებით, „ისტორიულის დაჩემების“ თვალსაზრისით, 2012 წლის არჩევნები, რომელმაც სააკაშვილის ერთმმართველობას მოუღო ბოლო - ისტორიულად არ ჩაითვლება. მას მეტადრედ შეიძლება მტარვალი ხელისუფლების ჩამომგდების სახელი შემორჩეს, რაც ამ გამარჯვების მომსწრეთათვის ას რევოლუციაზე მეტია, მაგრამ ისტორიისთვის არცთუ ისეთი, განსაკუთრებულის სახელი რომ დაერქვას.
მიუხედავად ამისა 2012 და 2016 წლების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ ბობოლები ამ გამარჯვებას ისტორიულს არქმევენ, თან ისეთს, ქართულ ისტორიაში რომ არ ჰქონია ადგილი, რითაც ქვეცნობიერად მანამდე არსებულ ხელისუფალს და ხელისუფლებას უწევენ რეკლამას, რამეთუ „ისტორიული გამარჯვება“ მოხდა არა სუსტ და უქნარა ხელისუფლებაზე, არამედ ძლიერსა და მზაკვარზე.
სიტყვა „ისტორიულის“ თამაშით იმდენად იყო და არის გართული ხელისუფლება, რომ ნებისმიერ მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო საკითხს (მეტადრე უმნიშვნელოს) ისტორიულად ნათლავს, რითაც უდავოდ ასუსტებს ამ სიტყვის მნიშვნელობას და მის შინაარსს. 25 წელიწადია წამდაუწუმ ამ სიტყვის ტრიალშია გართული ხელისუფლება და წამითაც არ ფიქრობს გაკეთდა თუ არა რაიმე „ისტორიული“ ქვეყანაში.
სისტემატურად ვუსმენ, ვუყურებ, თვალს ვადევნებ დასავლეთის ელექტრონულ და ბეჭვდით მედიას, ისე, როგორც ჩვენი მეზობელი რუსეთის, სხვების და იშვიათად თუ მოხვდება ყურს აღნიშნული სიტყვა - ხელისუფლების მიღწევების შესამკობად. დავიჯერო, მათ ისეთი რამ მაინც არ გაუკეთებიათ, ჩვენმა რომ გააკეთა და უმალ ისტორიულად მონათლა?
მათ გაკეთებულ საქმეებს თუ თვალს შეავლებთ, ისტორიული კი არა, ჩვენი ხელისუფლების გაგებით, ზეისტორიულიცაა, როგორც სააკაშვილი იტყოდა - ნურას უკაცრავად - ისტორიული სხვაა, გაკეთებულ ყოველდღიურ საქმეებზე მაღალი, მართლაც ისტორიული და არა მხოლოდ სიტყვის მასალად ქცეული - „ისტორიული“.
სულ ახლახანს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-პრემიერმა კალაძემ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით თქვა: „ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შედეგად, სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან და საკითხებთან ერთად და ამას, პირველ რიგში, ჩვენი გუნდი არ დათმობს, ვინაიდან ძალიან კარგად გვახსოვს, როგორი იყო ჯიბის სასამართლო და დატერორებული ტელევიზიები. ... სირცხვილია, როცა სრული თავისუფლების პირობებში ყვირიან, რომ იზღუდებიან რამეში“.
„ქართული ოცნების“ ლამის ხუთწლიანი მმართველობის პერიოდში ისეთი წნეხი, როგორიც მედიაზე იყო „ნაცების“ დროს აღარ არის, მაგრამ „ისეთი“ თუ არა, „ასეთი“ მაინც არის, რაც ოპოზიციაში გადაბარგებულ „ნაცებს“ დიდი კრიტიკის საფუძველს აძლევს. ანალოგიური ითქმის მართლმსაჯულებაზეც.
მე არ შევუდგები ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის სიბინძურეთა ჩამოთვლას, სააკაშვილისა და „ნაცების“ დიქტატორულ, აუტანელ მმართველობაზე თვალის დახუჭვას, სიცრუის ტირაჟირებას და ა.შ., რამაც მას ქართული აუდიტორიის თვალში დიდი ნეგატიურობა შესძინა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ტელეკომპანიას დადებითად აღიქვამენ, ხოტბასაც ასხამენ და მზად არიან მის ეზოში გაშლილ კარვებში (ტელეკომპანიის დაცვის და გადარჩენის მიზნით) ღამეც გაათიონ.
„რუსთავი-2“, ის ტელეკომპანიაა, რომელიც უდავოდ გულზე არ ეხატება „ქართულ ოცნებას“ და მის შემქმნელ ივანიშვილს, ვინაიდან ეს, ის ერთადერთი ტელევიზიაა, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას, მილიარდერს, მათ მიერ წამოწყებულ თუ გაკეთებულ საქმეებს. არ მოსწონს მილიარდერის ასწლოვან ხეებთან ჭიდილი, გადატან-გადმოტანის დროს სამანქანო თუ სარკინიგზო კომუნიკაციების შეფერხება და ა.შ.
ივანიშვილსაც არ მოსწონს „რუსთავი-2“, ისე, როგორც სხვა ტელევიზიები. თუ იმ სხვებს, როგორც იქნა უღელი ჩამოადო კისერზე და თავის მორჩილებად აქცია, „რუსთავი-2“-ს ვერაფერი მოუხერხა. საიდან არ უტრიალა და ბოლოს ისევ საკუთრების საქმე არჩია ანუ მესაკუთრე ხალვაშისთვის და მხოლოდ მისთვის დაკარგული ქონების დაბრუნება.
რატომ ხალვაშისთვის და არა სხვა დაზარალებულთათვის? იმიტომ, რომ ხალვაში „რუსთავი-2“-ს უკავშირდება და თუ ის, ივანიშვილის წყალობით დაიბრუნებს ტელეკომპანიას, ვისი კარნახით შეეცდება ივანიშვილისთვის გამაღიზიანებელი ტელევიზიის „გაკეთილშობილებას“?
რა იცის ხალვაშმა ტელევიზიის, საერთოდ ჟურნალისტიკის? არც არაფერი! ამიტომაც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჯაროებისთანავე განაცხადა, რომ გაყიდის ტელეკომპანიას. ამაში გასაკვირი არაფერია. „მეპატრონეს“ აღარ უნდა და ყიდის, თუმცა არის ერთი პატარა ნიუანსი - უზენაესი სასამართლოს განაჩენის შეუვალობაში დარწმუნებული ხალვაში და კიდევ ვიღაც, გაყიდვის თემას უმალ აჟღერებს, რითაც „რუსთავი-2“-ის ირგვლივ აგორებული საქმის სწრაფი მოგუდვა უნდა და ახალი მფლობელის მიერ, ცხადია ივანიშვილის ბანაკიდან, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
არ გამოუვიდათ. „რუსთავი-2“ აჯობა - ამოიყენა რა გვერდში სტრასბურგის ევროპული სასამართლო. საქართველოს საზოგადოებამ ნახა, რა ელვისებური სისწრაფით ამუშავდა „რუსთავური“ მანქანა, რა სისწრაფით ეცნობა „ტელევიზიის დასაქცევი“ გადაწყვეტილება ვაშინგტონს, ბრიუსელს, სტრასბურგს, ვინ იცის კიდევ ვის. რა სწრაფად მოხდა აღნიშნული ადრესატების მიერ რეაგირება და „პრორუსთავური“ განცხადებების გაკეთება, საქართველოს ხელისუფლების მკაცრი გაფრთხილება და ა.შ. ერთობ უხერხულ მდგომარეობაში, უფრო სწორად სტრასბურგისა და ივანიშვილის მიერ აგიზგიზებულ ორ ცეცხლსშუა მოქცეულმა ხელისუფლებამ სულ ის იძახა - რა დემოკრატიულია, როგორ იცავს მედიის თავისუფლებას და გაძლიერებული დაცვის მიზნით „მზად არის დამატებითი გარანტიები შექმნას მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი, ობიექტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის“, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი ინიციატივა ტყორცნა საზოგადოებას - მედია-ომბუდსმენის შექმნის სახით.
ოოო! აი, აქ უდავოდ გვიჩნდება მინიმუმ ორი შეკითხვა - პირველი, ვისგან უნდა დაიცვას ომბუდსმენმა მედია და მეორე - ფული საიდან? სერიოჟას ანეკდოტისა არ იყოს, არ მითხრათ - „ტუმბოჩკიდანო“.
„რუსთავი-2“ შევიწროებაში ივანიშვილსა და ხელისუფლებას ადანაშაულებს და თუ ხელისუფლება შემოიღებს მედია-ომბუდსმენისა და მისი აპარატის საშტატო ერთეულს და დაფინანსების საკითხებს გადაწყვეტს, ვის დაიცავს მთავრობაზე დამოკიდებული ომბუდსმენი? ნუ ჩაერევა ხელისუფლება მედიის საქმეში და არ იქნება საჭირო მედია-ომბუდსმენის შემოღებაც.
სულ ახლახანს ხელისუფლებამ, რთული ეკონომიკურ-ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, მოუწოდა ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას ქამრების შემოჭერა და საშტატო ერთეულების შემცირება, რასაც მოჰყვა სამინისტროების მხრიდან პატაკი - არათუ საშტატო ერთეულებს შევამცირებთ, ზოგიერთ სამსახურსაც გავაუქმებთო. შემდეგ საზოგადოებას ამცნეს (თუ ეს სინამდვილეს შეეფერება), ვინ რამდენი საშტატო ერთეული შეამცირა და ამ დროს ახალი, სრულიად გაუგებარი მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება.
აი რა ბრძანა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თალაკვაძემ: „საჭირო დაფინანსება შესაძლებელია მოვიძიოთ. ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან. არ ვფიქრობ, რომ ეს არის იმდენად ძვირი ინსტიტუტი, რომ დაფინანსების მოპოვება გაჭირდეს“.
დიახ! ასეა, პენსიების მომატება და სოციალური საკითხების მოგვარება უჭირთ. ახალი სამსახურის შექმნა, თანაც გაურკვეველი - არ უჭირთ. რამდენ ნათესავს დაასაქმებენ ალბათ?!
და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც პენსიების ოდენობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების დონეს საგრძნობლად ჩამორჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ საზღვარგარეთის სახელმწიფოებზე. მოვიყვან გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელიც ნიკა კორიანთელს ეკუთვნის: „რუსეთში საშუალო პენსია 237 დოლარია ანუ 616 ლარი; ბელარუსში - 175 დოლარი ანუ 475 ლარი; ყაზახეთში - 250 დოლარი ანუ 650 ლარი; აზერბაიჯანში - 210 მანათი ანუ 300 ლარი; სომხეთში - 85 დოლარი ანუ 221 ლარი; თურქეთში - 465 დოლარი ანუ 1200 ლარი. აშშ-ი საშუალო პენსია 1500 დოლარია; გერმანიაში - 1200 ევრო; ბულგარეთში - 140 ევრო; რუმინეთში - 175 ევრო; ისრაელში - 1500 დოლარი“.
ამ სტატისტიკის შემყურეს არ უნდა გაუჩნდეს პარლამენტარ თალაკვაძის მსგავსი ფუქსავატური მოსაზრება ახალი სამსახურის შექმნის თაობაზე, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც მშვიდად უყურებს საპარტნიორო ფონდის უფროსის (საგანელიძე) თვიურ ხელფასს 31000 ლარი ანდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მარეგულირებელი კომისიების, რკინიგზის ხელმძღვანელობის, სხვათა და სხვათა უკიდეგანო ხელფასებს, ხელფასზე დანამატებს და პრემიებს, სულაც იოლად შეხედავს ახალი სამსახურის შექმნისთვის გადაყრილ თანხებს.
პარლამენტარების, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბანკირების, სხვა მაღალჩინოსანთა რეაქციას არ იწვევს ნავთობზე ფასების კატასტროფული მატება. 2017 წლის იანვრიდან აქციზის ღირებულებამ ერთ ლიტრ საწვავის ფასში 15%-ით მოიმატა. 2016 წლის დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე საწვავის ფასი 18.26%-ით გაიზარდა, მაშინ, როდესაც თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში მსოფლიოს ბაზარზე 10%-ით შემცირდა ნავთობის ფასი.
ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით მოქმედებენ, სახელმწიფო კი მშვიდად უყურებს ამ საშინელებას, რამაც კატასტროფულად გაზარდა ფასები კვების პროდუქტებზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე, პამპერსებზეც კი და ა.შ.
ხელისუფლებას ხალხისთვის რაიმე დასამშვიდებელი სათქმელი არ აქვს და ნაცვლად ამისა ცირკს სთავაზობს „რუსთავი-2“-ის, საპატრიარქოს ისტორიების სახით.
ხელისუფლებას არც იმის ახსნა შეუძლია, რა ხდება ლართან მიმართებაში, რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა, ხოლო შემდეგ თავბრუდამხვევი გამაგრება და მოქმედებს თუ არა ესოდენ სწრაფი აწევ-დაწევა ეკონომიკაზე. მაგრამ ხელისუფლება იქნებ სულაც არ არის თავში?
იქნებ თავში ისაა, ვინც ეს ხელისუფლება მოიყვანა ქვეყნის სათავეში, თვითონ კი დროს ხეების გადარგვა-გადმორგვაში, მოშინაურებულ ცხოველებთან თამაშში კლავს?! იქნებ მან წამოიწყო მისთვის მიუღებელი „რუსთავი-2“-ის საქმე? იქნებ მას სურს მედიის ისე მოთოკვა, რომ ვერვინ გაბედოს მისი სახელის აუგად ხსენება?
თუ როგორ ღიზიანდება ივანიშვილი ჟურნალისტის მიერ დასმულ არასასიამოვნო კითხვაზე, საქართველოს ტელემაყურებელმა არაერთხელ იხილა.
ზემომოყვანილი სიტყვა „იქნებ“ მოვაშოროთ წინადადებას და მივიღებთ იმ რეალობას, რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი. აღნიშნულ მოსაზრებას ძალაუნებურად გვიმტკიცებს „GDS”-ელი“ მაღლაფერიძის კონკურსში „გამარჯვება“, რამაც მას და მის „მშობელ“ ბიძინას საზოგადოებრივი ტელევიზია ჩაუგდო ხელში.
ჯერი „რუსთავი-2“-ზე მიდგა, მაგრამ არ გამოუვიდა, ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით. მაგრამ მას არ გამოუვიდა? არა, ის ჩრდილშია. არ ჩანს. ვინც ჩანს - ხელისუფლებაა. ასეც დაფიქსირდა სტრასბურგში - „ბრძოლა „რუსთავი-2“-სა და ხელისუფლებას (საქართველოს) შორის“. არადა უნდა ამ ხელისუფლებას ასეთი თავსატკივარი?
როდესაც მათ გასუქებულ ლოყებს უყურებ - ჭარბი ჭამის შედეგს და ქონში ჩაფლულ თვალებს, უმალ იფიქრებ, რომ მათ მშვიდად ყოფნა უნდათ, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. კონფლიქტის, ტვინის ჭყლეტვის, ფიქრისა და განსჯისთვის არ მოსულან ისინი ხელისუფლებაში. ისინი მშვიდი ცხოვრებისთვის მოვიდნენ, კაპიტალის დაგროვებისა და უცხოეთში მოგზაურობისთვის. ბიძინა კი, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ხან რას გამოიგონებს და ხან რას, რითაც აიძულებს ხელისუფალთ იმოძრაონ, ცუდათ, მაგრამ იმოძრაონ.
და ისინიც მოძრაობენ და მოძრაობაში უხეშ შეცდომებსაც უშვებენ, რამაც გააუარესა, ისედაც მძიმე სოციალური ყოფა. ერთმანეთს წაჰკიდა „რუსთავი-2“-ის მომხრე და მოწინააღმდეგეები, ხოლო საპატრიარქოსთან დაკავშირებულმა ამბავმა ხომ გადარია, ისედაც წონასწორობადაკარგული მოსახლეობა. და ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის დასაწყისში. წინ კი 4 წელიწადია. რამდენი ასეთი ბრძოლის გადატანა მოუწევს ხალხს?
რამდენ ექსპერიმენტს უნდა გაუძლოს მან? იქნებ, ვიდრე გვიან არ არის, თავი დაგვანებოს და წავიდეს, თვითონაც დაისვენოს და ხალხიც დაასვენოს. მაგრამ ახალიც რომ ბიძინას დასანიშნი იქნება და უეჭველად ისეთივე „ყოჩაღი“ აღმოჩნდება, როგორც „ვუნდერკინდი“ ღარიბაშვილი ან „გაწონასწორებული“ კვირიკაშვილი?
არ ყოფილა ჩვენი საშველი. არისო - იტყვის მავანი - ბიძინა წავიდესო. კი ბატონო, წავიდეს, მაგრამ საიდან? არავითარი თანამდებობა მას რომ არ აქვს? ქვეყნიდან კი ის წამსვლელი არ არის. ანდა რატომ უნდა წავიდეს? ნუთუ სხვაგან მას ისეთი განსაკუთრებული მდგომარეობა ექნება, როგორც აქ?! უგვირგვინო, გვირგვინოსანია ის და ამ პოზიციას დათმობს?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი - დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004 წწ.), პოლიტოლოგი.
10/03/2017

სტატიების არქივი