რუსული „პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლა

hamlet chipashvili-politologi

ბოლო დროს სისტემატურად გაისმის საქართველოში რუსული პროპაგანდის თაობაზე. ერთი დავიდარაბაა ატეხილი ბეჭვდით და ელექტრონულ მედიაში. ინიციატორი, ჭიქაში დატრიალებული ქარიშხლისა, როგორც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობაა“ და რაც არ უნდა საოცრად მოგვეჩვენოს - მედია.
ნამდვილად არ გამიკვირდება „ნაცებზე“ უფრო მწვავე განცხადებების გაკეთება, „ნაცთა“ მიერ დაქირავებული ჟურნალისტების მხრიდან, მაგრამ სამწუხაროდ ამ საკითხში სხვა ჟურნალისტებიც არ აკლებენ ხელს და ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს რუსეთის ყველა არხი ანტიქართული პროპაგანდით იყოს დაკავებული, ხოლო საქართველოში, „მრავლობით“ რიცხვში მოქმედი პრორუსული არასამთავრობოები 24-საათიან რეჟიმში ანტიქართულ პროპაგანდას ეწეოდნენ.
ამ ჟურნალისტების გასაგონად ვიტყვი, რომ რუსული მთავარი არხების, ისე, როგორც „CNN”-ის, „BBC”-ს, „Euronews”-ის, „AlJazeera”-ს სისტემატური მსმენელი ვარ, რაც შესაძლებლობას მაძლევს, მათგან განსხვავებით, ობიექტურად შევაფასო არსებული ვითარება ანუ ეთერში მიმდინარე საინფორმაციო „ომი“, რომელშიც ჯერ-ჯერობით რუსეთი ერთობ ფერმკრთალად გამოიყურება დასავლური მედიის აშკარა პროპაგანდის ფონზე.
ის, რომ აშშ-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობას მეთოდურად უმალავენ უკრაინაში ან სირიაში მიმდინარე მოვლენებს და მთავარ დამნაშავეებად რუსეთს, ირანს, სირიის ხელისუფლებას ასახელებენ, არაერთხელ ითქვა ცნობილი ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტების, ექსპერტების, პოლიტიკოსების მხრიდან.
სულ ახლახანს საფრანგეთის ერთ-ერთმა ცენტრალურმა სატელევიზიო არხმა ფილმი გადაიღო და აჩვენა უკრაინის „რევოლუციისა“ და მის შედეგად მიღებულ ფაშიზმთან დაკავშირებით. აჩვენა ის ამაზრზენი კადრები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოდესის პროფკავშირების შენობის დაწვის დროს, რომელმაც 50-მდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ფილმში სიმართლით იყო ნაჩვენები დონეცკ-ლუგანსკის ამბები, ცენტრის მიერ ე.წ. სეპარატისტების წინააღმდეგ გაჩაღებული ომი და მასში ათასი ჯურის (სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან) „ბოევიკის“ მონაწილეობა.
უკრაინის ხელისუფლება, მუქარით ცდილობდა ფილმის ეთერში გაშვებას წინ აღდგომოდა, თუმცა უშედეგოდ. ფილმის დემონსტრირების შემდეგ, ფილმის შემქმნელმა არხმა პარიზის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ყველა გამოკითხული გაოცებას ვერ მალავდა ოდესის ტრაგედიის, უკრაინის ქალაქებში სვასტიკიანი ახალგაზრდების გამომწვევი ქცევის, ეკლესიების დარბევისა და სხვა „სიკეთეების“ ნახვის შემდეგ. „ნუთუ ყოველივე ეს მართალიაო“, - კითხულობდნენ ისინი. თან იმასაც ამბობდნენ, რომ პირველად გაიგეს ამის შესახებ.
საინფორმაციო ჭურში ამყოფო საფრანგეთის, სხვა ევროპული ქვეყნის მოსახლეობა - დიდი ვერაფერი მიღწევაა ყბადაღებული დასავლური დემოკრატიისთვის, რომელიც დაბეჯითებული თანმიმდევრობით ლანძღავს რუსეთს, უკრაინის „დამონებაში“, ყირიმის „ანექსიაში“ და ა.შ. აი, ეს გახლავთ პროპაგანდა და არა სატელევიზიო ახალ ამბებში სხვადასხვა მოვლენის მიუკერძოებელი გაშუქება.
პროპაგანდის თვალსაზრისით, თანაც შიშველის, „ცივი ომის“ პერიოდის დამახასიათებლის, ყველას გადააჭარბა „BBC”-ს მიერ შექმნილმა მოდელირებულმა ვიდეო-ფილმმა რუსეთთან და მის აგრესიასთან დაკავშირებით. უმალ გამახსენდა სააკაშვილის კარნახით შქმნილი მოდელირებული ვიდეო-ფილმი, რუსეთის საქართველოში შემოჭრის თაობაზე, რომელმაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით გულები გაუხეთქა საქართველოს მოსახლეობას.
მაშინ, ამ „შედევრის“ გამომგონებლად სააკაშვილი ჩავთვალეთ, მხედველობიდან გამოგვრჩა რა „ცივი ომის“ დროინდელი ამერიკული ტელეკომპანიები, რომლებიც მინიმუმ თვეში ერთხელ მსგავს ვიდეო-ფილმებს ტენიდნენ საკუთარ მოსახლეობას, რათა მათ ტვინში ჩაენერგათ „ეშვებიანი“, „აგრესიული“ რუსული დათვის იმიჯი.
„BBC”-მ ძალიან იაქტიურა და ორი ფილმი გადაიღო „ეშვებიანი“ პუტინის შესახებ. ერთში პუტინს ადანაშაულებენ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, შემდგომში ბრიტანეთის სპეცსამსახურში გადაბარგებული ლიტვინენკოს მკვლელობაში (მოწამლვაში), მეორეში - პუტინის მილიარდებზეა გაკეთებული აქცენტი. მოსამართლე, პუტინს ადანაშაულებს (ცხადია ბოლომდე ვერ), სიტყვა Probably-ს („შესაძლო“-ს) გამოყენებით.
დემოკრატიით სახელგანთქმულმა ინგლისმა, მე-13-ე საუკუნიდან საპარლამენტო ცხოევრებას ნაზიარებმა, თავი დაგვამახსოვრა აშკარა არადემოკრატიული ცილისწამებით.
დიახ! ცილისწამებაა, როდესაც მავანს მკვლელობაში ადანაშაულებ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, თან სიტყვა „Probably“-ს ხმარობ. მაგრამ მსგავსი „უმნიშვნელო“ ნიუანსი რა მოსატანია, როდესაც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის აგრესიულობის გამოხატვა გაქვს გადაწყვეტილი? ფართო საზოგადოება სიტყვა „Probably“-ს არ მიაქცევს ყურადღებას. მის გონებაში პუტინის სადიზმი ჩაჯდება, ისე, როგორც კორუფციონერობა, რომელიც მეორე ფილმშია „აღბეჭდილი“.
ფილმის ავტორების მიხედვით, პუტინს 40 მილიარდი დოლარი აქვს, ცხადია არაკეთილსინდისიერი გზით ნაშოვნი. ფილმის მიზანი არა მარტო ბრიტანეთის და მსოფლიო საზოგადოების („BBC” მთელს მსოფლიოზე მაუწყებლობს), არამედ რუსეთის მოსახლეობის ტვინის გამორეცხვაა. 40 მილიარდი ძალზე დიდი თანხაა და მისი შენახვა „მუთაქაში“ შეუძლებელია. ამ რაოდენობის ფული ბანკში (ბანკებში) ინახება, მეტადრე უცხოეთის, მაგრამ ვის სახელზე?
„უოლ სთრითი“ (Wall Street), აშშ-ს სპეცსამსახურები, რომლებიც ზედმიწევნით, გულდასმით აკონტროლებენ საფინანსო ოპერაციებს, უმალ მიაგნებდნენ პუტინის კვალს. ვერ მიაგნეს, ალბათ იმიტომ, რომ სხვა გვარებზეა შეტანილი? მაგრამ 40 მილიარდის შესატანად 40 კაცი მაინც არის საჭირო, თუ მეტი არა, თითომ რომ თითო მილიარდი შეიტანოს. დავუშვათ, პუტინმა გამოძებნა 40 ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც თითო-თითო მილიარდის შეტანა ითავეს, ნებისმიერ ბანკს არ გაუჩნდება სერიოზული კითხვა ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით?
დავუშვათ, არც ბანკს გაუჩნდა კითხვა (ფული საიდან?) და მილიარდიც (მილიარდები) მიიღო, ის 40 კაცი რა ისეთი სანდოა, ერთ დღეს პირი არ დააღოს და არ თქვას ამის შესახებ?! ქართული ანდაზაა - „ორმა თუ იცის, ღორმაც იცისო“.
ფილმის მთავარი მოქმედი პირი პუგაჩოვი ყოფილი რუსი ბანკირია, რომელმაც მილიონობით ფული მიითვისა და ინგლისში გაიქცა. სწორედ მას ალაპარაკებენ - რუსეთის მიერ ძებნილად გამოცხადებულს, პუტინის მილიარდებზე. საინტერესოა, რას იტყვიან ფილმის შემქმნელები დღეს, როდესაც ეს პიროვნება ინგლისის მართლმსაჯულებამ დამნაშავედ აღიარა და დაუსწრებლად 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მაგრამ ვინ ჩაეძიება სიმართლეს? არც არავინ. ფართო საზოგადოების თვალში პუტინი კორუფციონერია - ე.ი. „BBC“-ს გადაცემამ მიზანს მიაღწია. აი, ეს გახლავთ პროპაგანდა და არა ახალ ამბებში რაიმეს გაჟღერება რუსულ ტელეეკრანებზე უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან, თურქეთთან, აშშ-თან და ნატოსთან დაკავშირებით. მათში მე პროპაგანდა ვერ დავინახე, ვინაიდან თვით აღნიშნული ქვეყნების ინფორმაციებზე არის დაყრდნობილი.
დიახ! რუსეთის სატელევიზიო არხები სისტემატურად აჩვენებენ ავაკოვ-სააკაშვილის „ცივილიზებულ“ პაექრობას, მაგრამ ეს ხომ სინამდვილეა და არა გამოგონილი ამბავი? ის, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი სააკაშვილი აცხადებს - უკრაინაში კორუფცია დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე იანუკოვიჩის დროსო - სიცრუეა? იგივეს ამბობს უკრაინის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი აბრამავიჩუსი, რომელიც მთავრობის კორუფციის გამო გადადგა. ეს, არ არის პროპაგანდა, ეს სინამდვილის აღწერაა.
სინამდვილე არ იყო სააკაშვილზე მიძღვნილი ერთსაათიანი ვიდეო-ფილმი, სადაც სააკაშვილის „მასაჟისტით“ დაწყებული, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ტრანსვესტიტით დამთავრებული, საკუთარი პირით ყვებოდნენ სააკაშვილის შესახებ? მაშ, რა რუსულ პროპაგანდაზე ვლაპარაკობთ?
რატომ ვთვლით, რომ სააკაშვილზე გაკეთებული ფილმი ან ე.წ. ვიკილიკსის (WikiLeaks) მასალები ფალსიფიკაცია და პროპაგანდაა? რატომღაც სააკაშვილზე გადაღებული ფილმი ჩვენი მედიის მსჯელობის მიღმა დარჩა. მხოლოდ გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ გაამახვილა მასზე ყურადღება, რითაც უდავოდ დიდი სიმპათია დაიმსახურა მკითხველში.
პროპაგანდაა, როდესაც სირიის ქ.ლატაკიის დაბომბვაში რუსეთის ავიაციას ადანაშაულებენ. არადა ქალაქის, სახლებისა და საავადმყოფოების ნანგრევებში, ნგრევის გამომწვევ ბობმებს „Made in USA” აწერია. ჰგავს თუ არა ეს ქართულ ანდაზას - „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“?
სირიის ელჩმა რუსეთში, ერთსაათიანი ინტერვიუს დროს, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ დაბომბვაში რუსეთი არაფერ შუაშია - აშშ-ს ავიაციამ დაბომბაო.
მიუნხენის კონფერენციაზე არაერთხელ გაიჟღერა სირიაში რუსეთის აგრესიის თაობაზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ქერიმ ისიც თქვა - თუ რუსეთი არ შეწყვეტს შეტევას, აშშ-ი იძულებული იქნება სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს სირიაშიო.
რუსეთი სირიაში სულ რამდენიმე თვე იმყოფება, თანაც სირიის კანონიერი ხელისუფლების მიწვევით. აშშ-ი და მისი მოკავშირეები უკვე ხუთი წელიწადია სირიის ირგვლივ ტრიალებენ. თვით ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, ისინი ეხმარებიან „ისლამურ სახელმწიფოს“ - საქმით, სიტყვით - იბრძვიან მის წინააღმდეგ.
რომ არა საქმიანი დახმარება, გაძლებდა ე.წ. ისლამური სახელმწიფო? გაძლო იმიტომ, რომ დასავლეთი ეხმარება. სულ ახლახანს, ანკარაში ჩასულმა გერმანიის კანცლერმა მერკელმა თურქეთის პრეზიდენტის მხარე დაიკავა და მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი. თითქოს, ლტოლვილების რაოდენობის გაზრდა რუსეთის ავიაციის ბრალია.
მერკელმა მხარი ერდოღანს დაუჭირა, პრეზიდენტს, რომლის საოჯახო ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება „ისლამურ სახელმწიფოს“, განსაკუთრებით ნავთობით ვაჭრობაში. მერკელმა დაბეჯითებით მოითხოვა სირიის ცაში ფრენების შეწყვეტა. ამ წინადადებით კარგა ხანია ერდოღანი გამოდის, რაც რუსეთის თვითმფრინავების სამხედრო ოპერაციების შეწყვეტას ნიშნავს. საჰაერო იერიშების გარეშე სირიის არმიის წინსვლა და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი ტერიტორიების უკან დაბრუნება შეუძლებელია.
არის თუ არა ეს ანტირუსული განცხადება „ისლამური სახელმწიფოსთვის“ დახმარების გაწევა? სიტყვით ყველა ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს“, საქმით მხოლოდ ირანი, რუსეთი, ერაყი, „ჰესბოლა“ (ლიბანური დაჯგუფება) და სირიელი ქურთები.
გასულ წელს რუსეთის მიერ გადაღებული ვიდეო-კადრები ბენზინმზიდებთან დაკავშირებით სირია-თურქეთის საზღვარზე, აშშ-ა პროპაგანდად შეაფასა. წელს, თვით განაცხადა, რომ ბენზინმზიდები აშშ-ს ავიაციამ გაანადგურა, რითაც რუსეთის ნახელავი მიიწერა.
ზემოთ აღვნიშნე ე.წ. რუსული პროპაგანდის გამომზეურებაში ქართული მედიის წვლილი. სულ ახლახანს, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან, რომელმაც გაუძლო ჟურნალისტ გვანცა ფიფიას შეტევას, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით და არ აყვა გამოწვევას. კითხვები ასეთი იყო: „რამდენად რეალისტურად აფასებს ხელისუფლება ამ გამოწვევას (რუსულ პროპაგანდას), რუსული პროპაგანდის გაძლიერება...; ევროკავშირის ქვეყნებშიც აშკარად აცნობიერებენ რუსული პროპაგანდის საფრთხეს...; საქართველო, უკრაინა და მოლდოვა რუსეთისთვის სამიზნეებს წარმოადგენენ...; არსებობს ევროსტრუქტურების მხრიდან შემოთავაზებული რაიმე ინიციატივები და კონკრეტული პროექტები საქართველოში რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად?“
ძვირფასო გვანცა, ევროკავშირი არათუ „აცნობიერებს რუსული პროპაგანდის საქმეს“, არამედ რახანია გაჰყვირის მის შესახებ და შესაბამის თანხებს ჰყოფს, ისე, როგორც აშშ-ი რუსული „პროპაგანდის“ ასალაგმად. აშშ-ს მიერ საქართველოში ჩადებული ფულის უდიდესი ნაწილი ე.წ. დემოკრატიის განვითარების საქმისთვის და რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის 80% მხარს ნატოში გაწევრებას „უჭერს“.
ჩავატაროთ ახალი საყოველთაო გამოკითხვა და დავადგინოთ საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ევროკავშირს?
ის, რომ 25-წლიანმა ნატო-ნატოს ძახილმა ტერიტორიებიც დაგვაკარგვინა და ცხოვრებაც გაგვიღატაკა, განა ხალხმა არ იცის?! რაში სჭირდება მას (ხალხს) რუსეთის პროპაგანდა? ანალოგიურ დღეშია უკრაინა და მოლდოვა. გირჩევთ, თვალი ადევნოთ იქ მიმდინარე პროცესებს - მიუკერძოებლად, სამართლიანად და თუ გაგიჩნდებათ კითხვა რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებით, მაშინ ის სხვა რამეს უნდა მივაწეროთ.
როდესაც ტრანსვესტიტი იტყვის სააკაშვილთან ვცხოვრობდიო - პროპაგანდაა? ის, რომ ოდესის პროფკავშირების სახლი დაწვეს შიგ მყოფი ადამიანებით - პროპაგანდაა? ის, რომ ათასობით ბენზინმზიდი მიემართებოდა თურქეთისკენ - პროპაგანდაა?
ყველა ამ „სიკეთესთან“ ერთად ხშირად გაისმის მოწოდება შეწყდეს ტელევიზიებში რუსეთის პროპაგანდა ქართველთა მხრიდან. ყმაწვილმა „მეცნიერმა“ თორნიკე შარაშენიძემ პარლამენტსაც მოუწოდა, ისეთი კანონის მიღება, რომელიც აკრძალავს რუსეთზე პოზიტიურ ლაპარაკს, უფრო მეტიც გააუქმებს რუსული ტელეარხების გადაცემებს და ა.შ.
სამაგალითოა ახალგაზრდა კაცისგან - აშკარა რეაქციული სულისკვეთების მატარებლისგან გაკეთებული განცხადება. ასეთი აკრძალვები, წიგნების დაწვა, ჩვეულებად იყო ქცეული გასული საუკუნის 30-ანი წლების გერმანიაში. მას ფაშიზმი ერქვა. როგორც ჩანს, მისი სავალალო გაკვეთილები კარგად ვერ აღიქვეს ყმაწვილმა „მეცნიერმა“ და მისთანებმა, რომლებიც დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და არა სამამულო ომშიო. ზოგი იმასაც ამბობს - მერე რა გერმანიას გაემარჯვა, „მერსედესებით“ ვივლიდითო.
„ავლაგმოთ რუსული პროპაგანდა“ - კიდევ უფრო გავაღრმაოთ, ისედაც გაწყვეტილი კავშირები, ვლანძღოთ რუსეთი და ვაქოთ ევროპა, რომელმაც კარგი ვერაფერი არგუნა საკუთარ წევრებს - რუმინეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს, ბალტიისპირეთს, სხვებს და რომ ეს ასეა, კარგად ჩანს ინგლის-ევროკავშირის მწვავე დაპირისპირებიდან.
ინგლისი ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, რაც ევროკავშირის პრეზიდენტის ტუსკის განცხადებით, დაშლის ამ კავშირს. დაშლა ემუქრება შენგენის უვიზო ხელშეკრულებასაც. ჩვენ ევროპას გავიძახით და იქითკენ მიგვიხარია - კავშირისკენ, რომელსაც დიდი დღე არ უწერია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
17/02/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.