საქართველოს ხელისუფლებამ გონივრული ნაბიჯი უნდა გადადგას

hamlet chipashvili-politologi

თანამედროვე პოლიტიკა, განსაკუთრებით საერთაშორისო, ბევრი რამით არის გასაოცარი, უპირველესად იმით, რასაც აშშ-ს და რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა ჰქვია. აშშ-ი ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, უკვე მერამდენე წელია, პირველობას ვერავინ შეეცილება რუსეთს, როგორც აშშ-ს ნომერ პირველ მტერს, თუმცა აქაც უმნიშვნელო კორექტირება მოხდა. ბოლო გამოკითხვამ პირველ ადგილზე ჩრდილოეთ კორეა გაიყვანა, ხოლო რუსეთი - მეორეზე.
თითქმის იდენტური სურათია რუსეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, ცხადია აშშ-ან მიმართებაში. მას მხარს უკრაინა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, სხვები უმშვენებენ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ბარომეტრია იმ ურთულესი პოლიტიკური ვითარებისა, რომელიც ორ დიდ სახელმწიფოს, ამერიკა-რუსეთს შორის სუფევს და სერიოზული გავლენით სარგებლობს მათ პოლიტიკურ წრეებზე. და მიუხედავად ამისა, მსოფლიოს საზოგადოება მოწმეა გასაოცარი პარადოქსისა, რასაც ადგილი აქვს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.
დასავლურ-რუსული მედიის მიხედვით, ეს ქვეყნები, ერთმანეთს რომ სტრატეგიულ მტრებად მოიხსენიებენ, სირიის ფრონტზე სტრატეგიულად თანამშრომლობენ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ისეთი საფრთხის წინააღმდეგ, როგორიც „ისლამური სახელმწიფო“, ტერორისტული ორგანიზაცია „ჯებხად ან-ნუსრა“ და სხვები არიან.
უკვე მერამდენე დღეა სირიის ფრონტიდან ჭურვების აფეთქების ნაკლები ხმა ისმის და თუ ამას იშვიათად აქვს ადგილი, უმალ ხდება ერთმანეთის საგანგებო შტაბების მიერ ინფორმაციების გაცვლა, საბრძოლო პოზიციების შეთანხმება, საჰაერო იერიშების კორექტირება. ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია, თუმცა ორთა შეთანხმებით ბრძოლები ტერორისტების წინააღმდეგ - ისეთების, როგორებიც ზემოთაა აღნიშნული, გრძელდება.
ვიმეორებ, სტრატეგიული მტრები (თუ შეიძლება ასე ითქვას), სტრატეგიული თანამებრძოლები არიან სირიის ფრონტზე, რაც მისასალმებელია და ჩემის აზრით, სამაგალითო ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვის. პოლიტიკა მოითხოვს კორექტირებას ისე, როგორც ვითარება გიკარნახებს. გაჯიქება, ბუტიაობა მიუღებელია დიდი პოლიტიკისთვის. სიჯიუტემ გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, ხალხს, ვისთვისაც კეთდება პოლიტიკა.
საქართველოსთვის „დიდი პოლიტიკა“ რუსეთთან ურთიერთობას გულისხმობს, ქვეყანასთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები არსებობს, ხშირად ნეგატიურიც, მაგრამ ჯამში პოზიტიური. ქართულმა პოლიტიკამ ბევრი იღონა მეზობლურ-მეგობრულ-ნათესაური ურთიერთობების გასაცუდებლად და ისეთ დონეზე დასაყვანად, რის ქვემოთ აღარაფერია. და ეს ყველაფერი 20-25 წლის განმავლობაში განხორციელდა - რუსეთის სტრატეგიული მტრის ხელშეწყობით და ძალისხმევით.
არის რამე გასაკვირი იმაში, რაც მოხდა? არის და თანაც არა. გასაკვირია, როდესაც ერთი ქვეყანა, ამ შემთხვევაში საქართველო, ზემოჩამოთვლილ მჭიდრო ურთიერთობებს, ახალ ძმადწოდებულის კარნახით აუარესებს და როგორც დაუნახავი, ივიწყებს ყველა იმ კარგს, რასაც ორთა ურთიერთობაში ჰქონდა ადგილი.
მაგრამ არ არის გასაკვირი, ვინაიდან გეოპოლიტიკურ ჭიდილთან გვაქვს საქმე, გავლენის სფეროთა გადანაწილებასთან. ორივე შემთხვევაში არასერიოზულად გამოვიყურებით. პირველში - უმადურად, მეორეში - სხვის თამაშში მოთამაშე ბრიყვად, რომელიც აბსტრაქტულად ფიქრობს, რომ ამ თამაშიდან რაღაც სარგებელს მოიხელთებს.
25-წლიანი „პოლიტიკური მოგზაურობა“ რომ უსარგებლო გამოდგა ქვეყნისა და ხალხისთვის, ფაქტია, მაგრამ წარმატებულ-სარფიანი რომ იყო და არის პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილისთვის, ისიც ფაქტია. საქართველოს პოლიტიკამ ჩიხში შეიყვანა რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ჩიხი მხოლოდ ქვეყანას და მის ხალხს აზიანებს და არა პოლიტიკოსებს. ქართული პოლიტიკა, სწორედ „ჩიხის“ წყალობით, გრძნობს თავს როგორც თევზი წყალში - საჭმელიც აქვს და სასმელიც, რასაც ვერც ხალხზე ვიტყვით და ვერც ქვეყანაზე.
ქართულ ელიტარულ პოლიტიკაში რახანია ფეხი გაიდგა თეზისმა - რაც ცუდი, მით უკეთესი, ანუ რაც უფრო ცუდი ურთიერთობა იქნება რუსეთთან, მით უფრო შეღავათის მომცემია ქართული პოლიტიკისთვის. შეღავათის „მომცემი“ ე.წ. სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ქართული პოლიტიკის ხელით ებრძვის მის (აშშ) სტრატეგიულ მტერს, რუსეთს. განვლილი 25 წელიწადი აღნიშნულის თვალნათელი დასტურია.
ეს ორი, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უპირისპირდება ერთმანეთს, ცნობილი ფაქია. ასეთს აქვს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში. დიდი გავლენის მოპოვებისთვისაა გაჩაღებული ომი, რომელშიც უპირატესობა, როგორც ესტაფეტა, ხან ერთის ხელში გადადის, ხან მეორის.
რუსეთმა, საბჭოეთის მემკვიდრემ, რახანია დაკარგა გავლენიანი პოზიციები ახლო აღმოსავლეთის მუდამ მოგიზგიზე რეგიონში, ობიექტური მიზეზებიდან (სსრკ-ს დაშლა) გამომდინარე, რასაც ვერ ვიტყვით აშშ-ზე. ამ ქვეყანამ, მსოფლიო პოლიტიკის ოლიმპზე მყოფმა, ერთი-ორად განამტკიცა საკუთარი ფუნდამენტი ბობოქარ რეგიონში და როდესაც საბჭოეთის ნანგრევებიდან წამომდგარმა რუსეთმა კვლავ გადახედა ახლო აღმოსავლეთს, შეშფოთება გამოიწვია მასში.
სირია გახდა განხეთქილების ვაშლი ამერიკა-რუსეთს შორის და არა მარტო, არამედ აშშ-რუსეთის მოკავშირეთა შორის. პირველის მოკავშირეთა რაოდენობას, განსაკუთრებით რეგიონიდან - ვინ მოთვლის. ისინი ათი თავით აჭარბებენ მეორის მოკავშირეებს, რომელსაც ერთი ხელის თითებიც ეყოფა ჩამოსათვლელად - თვით სირია, ერაყი, ირანი, ლიბანის „ჰესბოლა“ და მორჩა. მიუხედავად ამისა მეორის პრაქტიციზმი და შეუპოვრობა აშკარად თვალშისაცემია, რაც თავისთავად ქმნის თანაფარდობას, რამაც აიძულა პირველის გარკვეულ დათმობაზე წასვლა.
სირიის ფრონტზე ბოლო დღეებში განხორციელებული პოლიტიკური ნაბიჯები თავისთავად მეტყველებენ რუსული პოლიტიკის, დიპლომატიის წარმატებაზე, ისე, როგორც აშშ-ს პოლიტიკის, დიპლომატიის საზრიანობაზე, რაც გულისხმობს მთავარს - კომპრომისის სიბრძნეს.
დიახ! კომპრომისის და არა მარცხის. ბევრი თვლის, რომ რუსეთმა თავისი პირდაპირი, ღია დიპლომატიით გამოიჭირა აშშ და აიძულა დათმობაზე წასულიყო, მაგრამ ხომ შეეძლო აშშ-ს არ დაჰყოლოდა რუსეთს, გაეგრძელებინა არჩეული პოლიტიკური კურსი? ცხადია შეეძლო, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია - ჩაყოლა. დიახ! ის ჩაყვა რუსეთს და ამ ნაბიჯით გაამარტივა დაძაბულობა.
დიახ! გაამარტივა და არა გააბათილა, ვინაიდან გაბათილებამდე ბევრია გასაკეთებელი. ასე, და ამრიგად, სტრატეგიული მტრები, სტრატეგიულ მოთანამშრომლებლად იქცნენ, თუნდაც ერთ საკითხში, მაგრამ მნიშვნელოვანში - სირია რომ ჰქვია. არის თუ არა ეს მაგალითი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, საქართველო?
უკრაინა და მოლდოვა თავს მიხედავენ, მითუმეტეს მათ ნაკლები აქვთ გასაკეთებელი იმ დარგში, რასაც დიპლომატიური ურთიერთობები ჰქვია. საქართველოს კი საქმე თავიდან აქვს დასაწყები ანუ 2008 წელს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, აღსადგენი. მაგრამ არის მრავალი მაგრამ, რაც ხელს უშლის საქმის კეთებას და უპირველეს ყოვლისა მას, აშშ-ნ სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია - სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე ვალდებულებები, რომლებიც საქართველოს პოლიტიკამ თვით აიღო თავის თავზე.
ქართული პოლიტიკისთვის „სტრატეგიული პარტნიორის“ გულის გასახარად რუსეთთან არათუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ, რაც გვაქვს იმის გაუარესებაც მისასალმებელია. გაუარესების ინიციატორებიც ისინი არიან, ვინც 2008 წელს გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, ვინც ახალი საუკუნის დასაწყისში შემოიღეს სავიზო რეჟიმი და შემდეგ რუსეთს დააბრალეს; ვინც უამრავ ავტოპროვოკაციას (ავტოპორტრეტის მსგავსად) უწყობდა თავს და რუსეთს აბრალებდა.
მიხვდით ალბათ, ისინი „ნაცები“ არიან, მაშინ ხელისუფლებაში მყოფნი, ამჯერად ოპოზიციაში, მაშინ სახელისუფლებო რესურსების პატრონნი და მისი გამოყენებით, რუსეთთან ურთიერთკავშირების დამაქცევარნი. დღეს, ოპოზიციაში მყოფნი და იმავე ანტირუსული პოლიტიკის მქადაგებელნი. რა არ გაისმის მათი პირიდან - საქართველოში რუსული სატელევიზიო მაუწყებლობის დახურვა, ჟენევისა და პრაღის ფორმატების გაუქმება, რუსეთთან არავითარი კავშირი, მათ შორის იქ ქართველთა სიმღერის აკრძალვა და სხვა მრავალი - აშკარად მიუღებელი, „ნაცისტური“ იდეოლოგიით გაჟღენთილი. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა 2012 წელს „ნაცებს“ რომ არჩევნებში გაემარჯვათ?! წარმოიდგინეთ, რა კავშირები დამყარდებოდა „ყავისფერ“ უკრაინასა და „ნაცისტურ“ საქართელოს შორის - ანტირუსული, ანტიპუტინური, რაც მთავარია, ანტიქართული.
გადავრჩით, თუმცა მსგავსი განწყობა არ ამოძირკვულა - აქაიქ, დროდადრო თავს იჩენს. ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსი ზუსტად ან დაახლოებით იმავეს იმეორებს რუსეთთან მიმართბაში. ზოგიც თავგადაკლულად აცხადებს - არავითარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, ვიდრე ის არ გააუქმებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას; არ გაიყვანს ამ ყოფილი ავტონომიებიდან სამხედრო ბაზებს და არ დახურავს საელჩოებს.
საქართველოს პოლიტიკა ვერ გრძნობს, რომ მსგავსი მოთხოვნა - ულტიმატუმია. ულტიმატუმი კი მხოლოდ იმის პრეროგატივაა, ვინც ომს იგებს ან მოიგო. საქართველოს ომი არ მოუგია. უფრო მეტიც, მას არავითარი შანსი არ აქვს, ოდესმე რუსეთთან ომის მოგების. რუსეთთან ომის მოგების ერთაერთი შანსი - დიპლომატიური მაგიდაა და ისიც მაშინ, როდესაც ისეთი კვალიფიციური მომლაპარაკებელი გყავს, ვინც დაარწმუნებს ოპონენტს, რომ მის მიერ 2008 წელს გადადგმული ნაბიჯი აგრესიაა.
საქართველოს მსგავსი მომლაპარაკებელი არ ჰყავს, ვინაიდან ასეთს, ორთა ისტორიის ცოდნის, განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილების „ტვირთი“ აწვეს მხრებზე. თინეიჯერულ ხელისუფლებაში მსგავსი, წარმოუდგენელია.
სააკაშვილის ნებისმიერი საგარეო საქმეთა მინისტრით დაწყებული, ივანიშვილის მინისტრებით დამთავრებული, ყველა რაღაც გაუგებარ „წითელ ხაზებზე“ ლაყბობს - „წითელი ხაზების“ გადაკვეთამდე გვექნება რუსეთთან ურთიერთობაო, ანუ ქართული ნიახურის, „ბორჯომის“, ღვინის რუსეთის ბაზარზე შეტანაზე და არა ისეთ სერიოზულ საკითხზე, როგორიც დიპურთიერთობების აღდგენაა.
ქართული პოლიტიკის თავდავიწყებულ დამცველად „მეოცნებე“ ფანჯიკიძეც იყო, რომელიც ცრემლმორეული, სიხარულს ვერ მალავდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს - შალახოს ჰანგებზე. ძნელია დარწმუნდე მის ან ნებისმიერი ალასანიების ან სხვათა გადმოფრქვეულ მოწოდებებში, ქვეყნის კეთილდღეობასთან დაკავშირებით, როდესაც მათი პირადი ცხოვრების მაგალითები საწინააღმდეგოზე ღაღადებენ. ხალხმა იცის, რომ მათი „მტკიცე“ ნათქვამი საქართველოსთან დაკავშირებით, მხოლოდ მათ კეთილდღეობაზეა გათვლილი ანუ ამერიკულ შეღავათებზე. და რაც უფრო „პიტალო კლდესავით“ დაიცავენ საქართველოს „პრესტიჟს“, მით უკეთესი მათი ჯიბისთვის.
არადა საქართველოს სხვა პოლიტიკა ესაჭიროება, ისეთი, როგორიც აშშ-ა გადადგეს სირიასთან მიმართებაში - კონსტრუქციული, პრაგმატული, გონიერი. გონიერებაა, როდესაც ჩიხურ მდგომარეობაში შესული, გამოსავალს პოულობ და ნაცვლად ვითარების დამძიმებისა, შემსუბუქებისკენ მიდიხარ. გონიერებაა, როდესაც გამოსავლის გზას ეძებ და შეთავაზებულ წინადადებას ბანზე არ აგდებ.
რახანია რუსეთის ხელისუფლება აცხადებს - მზად ვარ საქართველოსთან ვილაპარაკოო. რა ხანია საქართველოს პოლიტიკური ელიტა ფეხზე იკიდებს საყურადღებო მოწოდებას.
და ისევ სირიის მაგალითი. აშშ-ი და რუსეთი მტკიცედ დგანან ასადთან დაკავშირებულ საკუთარ პოზიციაზე. რუსეთი თვლის, რომ ომის დამთავრების შემდეგ სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ასადის ბედი, მანამდე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის წასვლა ქაოსს გამოიწვევს. აშშ-ი კი თვლის, რომ ასადი დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს, რომ მისი ადგილი სირიულ პოლიტიკაში არ არის. უდავოდ, ურთულესი საკითხია, მაგრამ მხარეებმა ოსტატურად აუარეს მას გვედრი და სხვა საკითხებში მიაღწიეს შეთანხმებას. არის თუ არა აღნიშნული სამაგალითო საქართველოსთვის? არის!
დიახ! საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი მოლაპარაკებისკნ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ მთელ რიგ საკითხებში, რომლებიც არ იწვევს ეჭვს და საერთო დოკუმენტში უნდა აღვნიშნოთ ჩვენი პოზიცია დაკარგულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ისინიც დააფიქსირებენ თავისას, მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის დოკუმენტის ხელმოწერას და ურთიერთობათა ახალ ფაზაში გადაყვანას. ის, რაზეც დღეს ვდგავართ, ბერწია-უშთამომავლო, რაც მხოლოდ იმათ აწყობთ, ვინც რუსეთს სამარადისო მტრად განსაზღვრავს. რუსეთის სამარადისო მტრობა კი მძიმე ასატანი იქნება საქართველოსთვის.
სირიაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე შეიძლება მარტივად დავასკვნათ, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთის არმიას, თავისი შეიარაღებით უდავოდ დიდი ძალა გააჩნია და მასთან ერთად შესაძლებლობა ხანგრძლივ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობისა. მსოფლიოს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მისცა თავს უფლება ესოდენ ინტენსიურად მოეწყო საჰაერო იერიშები სირიაში. მხოლოდ საფრანგეთმა გადაწყვიტა და ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ მიაცურა სირიის სიახლოვეს.
სულ რამდენიმე დღე „იომეს“ ფრანგულმა თვითმფრინავებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ და შემდეგ ... უკან გაცურეს. თითო თვითმფრინავის გაფრენა მილიონობით დოლარი ჯდება. საფრანგეთმა ვერ გაუძლო ესოდენ მძიმე საფინანსო ტვირთს, რუსეთმა გაძლო.
დასავლური წყაროების მიხედვით, თითო სირიული დღე, რუსეთს 5 მილიონი დოლარი უჯდება. თითქმის ნახევარი წელიწადია ამ საფინანსო რეჟიმში მუშაობს რუსეთი. არ დაიღალა. განა ასეთს დააშინებს ხიდაშელის მიერ 80 მილიონ ევროდ შეკვეთილი ჰაერსაწინააღმდეგო ფრანგული სისტემები?! ან ნატოს მიერ გახსნილი საწვრთნელი ცენტრი? არ შეაშინებს, მაგრამ სამიზნედ კი აქცევს.
ქართული სამხედრო პოლიტიკა მშიერ-მწყურვალი, გამხმარი კაცის მიერ კუნთების თამაშს ჰგავს, ისეთის, კუნთების ნასახიც რომ არ აქვს. ვათამაშებთ „კუნთებს“, სიტყვებს, მოსაზრებებს - ერთი მეორეზე მიუღებელს რუსეთისთვის, რითაც საშვილიშვილოდ ვაუარესებთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის მდგომარეობას, მაგრამ ვაუმჯობესებთ პოლიტიკური ელიტის ყოფას.
ამერიკულ ცურდაწაფებული ხელისუფლება, საკუთარი კუჭური მოთხოვნილების გამო, ვერ გადადგამს საწინააღმდეგო ნაბიჯს, რაც არ არის გასაკვირი. მაშ, რა გზა გვრჩება, რა უნდა მოვიმოქმედოთ ვითარების შესაცვლელად? ზეწოლა ხელისუფლებაზე, სახალხო ზეწოლა და ხელისუფლების დარწმუნება, რომ მის მიერ არჩეული გზა არაფრით ემთხვევა ხალხის სურვილს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
02/03/2016

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი

2012 წელი. 2013 წელი. 2014 წელი. 2015 წელი. 2016 წელი.