საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი

hamlet chipashvili-politologi

არ შევცდები, თუ გასულ წელს მსოფლიოს გარდატეხის წლად მოვიხსენიებ, საბაბს - მსოფლიოში განვითარებული მოვლენები მაძლევს, განსაკუთრებით უკრაინის ამბები. 2014 წელს დასავლეთმა, როგორც იქნა ჩამოიხსნა ნიღაბი და ნამდვილი სახე დაგვანახა, ისეთი, რომლის შესახებაც ექსპერტები კი წერდნენ, მაგრამ შეპარული ეჭვით და იმაზე ვარაუდით, რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს.
ორპოლუსიანი მსოფლიოს დაშლის შემდეგ 20 წელიწადზე მეტი გავიდა - ერთობ მშფოთვარე, დაპირისპირებებით აღსავსე წლები. რა არ იყო ამ ხნის განმავლობაში - საბჭოთა კავშირის, იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიის, საქართველოს, გდრ-ს დაშლა; სეპარატისტული სულისკვეთების გაფართოება; ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის სხვა ქვეყნების ერთიანობისთვის წყლის შეყენება.
ამ ისტორიიდან გამომდინარე ჭირს გერმანიის კანცლერის მერკელისადმი დათანხმება, რომ ევროპა არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიღებული შეთანხმებისთვის ჩრდილის მიყენებას - საზღვრების ურყეობასთან დაკავშირებით. კეთილი განზრახვით, თუმცა ისტორიული ფაქტების იგნორირებით ნათქვამი სიტყვები, მერკელის მიერ საკუთარი პარტიის ყრილობაზე წარმოთქმული, უკრაინის მოვლენებიდან იყო გამომდინარე და უპირველესად უკრაინის სამომავლო ერთიანობას ეხებოდა, ხოლო „საზღვრების ურყეობა“ - რუსეთს, რომელმაც თურმე დაარღვია ევროპაში არსებული საზღვრების ურყეობის პრინციპი. მერკელს მხედველობაში ყირიმის ანექსია ჰქონდა, თუმცა „ყირიმი“ მას არ უხსენებია.
კანცლერს, უფრო სწორად კანცლერინს, როგორც მას გერმანელები უწოდებენ, უდავოდ გამორჩა მთავარი - საზღვრების ურყეობის წინააღმდეგ პირველებმა თვით ევროპელებმა და მათმა დიდმა მოკავშირე ამერიკელებმა რომ გადადგეს ნაბიჯი, რამაც თავდაყირა დააყენა ჰელსინკის აქტი. სწორედ, ამ ნაბიჯების წყალობით, მარტო ყოფილი იუგოსლავიის ნაცვლად შვიდი დამოუკიდებელი სახელმწიფო გაჩნდა. თვით გერმანიამ, შესანიშნავად გადასანსლა სოციალისტური ბანაკის ყველაზე წარმატებული ქვეყანა - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
აღარ არის ჩეხოსლოვაკია. მის ნაცვლად ორი დამოუკიდებელი ქვეყანაა - ჩეხეთი და სლოვაკეთი. და რაც მთავარია, აღარ არის საბჭოთა კავშირი. მისი ყოფილი სამი ბალტიისპირა რესპუბლიკა, არა მარტო დამოუკიდებელი ქვეყნებია, არამედ რუსეთისადმი არცთუ მეგობრულად განწყობილი სამხედრო ბლოკ ნატოს წევრები, ევროკავშირის წევრები. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მინიმუმ სამი - საქართველო, უკრაინა, მოლდოვა აშკარა ანტირუსულ და პროდასავლურ პოლიტიკას აწარმოებენ. დანარჩენები, დსთ-ს წევრები, მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დისტანცია დაიჭირონ.
მოსკოვის მიმართ ნაკლებად ლოიალური პოზიციის დაკავებაში ყოფილ საბჭოელებს 20 წელიწადია დიდ „დახმარებას“ უწევს აშშ-ი. დასაწყისში აშშ-ი თვით რუსეთს უწევდა კონსულტაციას „დემოკრატიის“ შესწავლაში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ მალევე აუღო ალღო ამერიკელთა გულისწადილს და „გაკვეთილებზე“ უარი თქვა.
სოციალისტურ ბანაკსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ჩატარებული „გაკვეთილების“ ძირითადი მიზანი მათი გაამერიკელება იყო. ამერიკელებმა კარგად იცოდნენ და იციან, რომ სხვაგვარად მოაზროვნე ახალი ქვეყნების გაამერიკელება არც 20 წელიწადში მოხდებოდა და არც 50-ში, მაგრამ, „ცდა ბედის მონახევრეა“-ს პრინციპიდან გამომდინარე, ძალას, ფულს და ენერგიას არ იშურებდნენ დასახული მიზნის მისაღწევად.
აშშ-ი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მილიარდებს ხარჯავს არა ამათუიმ ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გონების დასაპყრობად. ამ მხრივ მათ მიერ მოპოვებულ წარმატებას ვხედავთ უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვაში, დსთ-ს ქვეყნებშიც, ოღონდ ნაკლებად. „გადაკეთებულ“ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ხელისუფალთ, არასამთავრობო სექტორს დავალება აქვთ მიცემული - რუსეთისთვის წყლის შეყენება და ამ დიდი სახელმწიფოს დაშლა.
უკრაინის მოვლენები რუსეთის დაშლის მცდელობის აშკარა მაუწყებელია, ამიტომაც აქვს ნეოფაშისტურ კიევის ხელისუფლებას ვაშინგტონის ესოდენი დახმარება.
რეალობიდან გამომდინარე, მერკელის მიერ ნათქვამი დაცინვაა და თვითკრიტიკულობას მოკლებული, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც დასავლეთი, თანამოაზრეთა რაოდენობით, მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთს, სიმართლეს მსოფლიო ვერ ეღირსება. რუსეთი ნამდვილად არ არის საბჭოთა კავშირი, რომელსაც თანამოაზრეები ჰყავდა აზიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ ევროპაში. რუსეთი დღეს იწყებს მოკავშირეთა მოძიებას, ოღონდ ნაკლები ინტენსიურობით. არადა ვითარება არ ითმენს. მის ირგვლივ მტრულად განწყობილი მეზობლების რაოდენობა იზრდება. მარტო უკრაინა რად ღირს, მოლდოვასა და საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ.
ამერიკელთა მეცადინეობით, თვით რუსეთში შეიქმნა ე.წ. ლიბერალთა კასტა, რომელიც აშკარა ანტირუსული და პროდასავლურია. სწორედ ეს ნაწილი - თავისუფლად მოლაპარაკე რუსულ ტელესივრცეში, ანტისახელისუფლებო განწყობას ქმნის ქვეყანაში და რევოლუციური ვითარების წარმოშობის შესანიშნავი გენერატორია.
პროსახელისუფლებო ჯგუფების მიერ ჩატარებული ანტიმაიდნური მიტინგები მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში იმის მანიშნებელია, რომ ლიბერალური მსოფმხედველობა, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი, გააქტიურებულია, ცხადია ჯერ-ჯერობით „იატაკქვეშ“ და ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე ისე ამოტივტივდება, როგორც „ბოლოტნაია“.
ამოტივტივების უდიდესი ხელშემწყობია - ეკონომიკური ვითარების გაუარესება და აქედან გამომდინარე სოციალური ყოფის დაქვეითება, რასაც დიდ დახმარებას უწევს ვაშინგტონის მიერ შემუშავებული ეკონომიკური სანქციები, ნავთობზე ფასების ხელოვნური დაწევა და სხვა.
აშშ-ს პრეზიდენტი კმაყოფილია რუსეთის ეკონომიკის გაუარესებით, რის შესახებაც მან არაერთხელ განაცხადა. მას იმედი აქვს, რომ სოციალური პირობების გაუარესებით რუსეთის მოსახლეობა ქუჩაში გამოვა და დაამხობს პუტინის ხელისუფლებას. ობამა და მისი ადმინისტრაცია ვარაუდობენ, რომ პუტინის ნაცვლად პროამერიკელი ლიბერალი მოვა ხელისუფლებაში და რუსეთი ისეთივე დამჯერი, სუვერენიტეტშელახული სახელმწიფო იქნება, როგორებიც გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, სხვები არიან.
უკრაინის მოვლენებმა ნათელი მოჰფინა იმ ფარისიველობას, რასაც ადგილი ჰქონდა დასავლეთის მხრიდან, რუსეთის მიმართ. რუსეთმა დაინახა, რომ აშშ-ი და მისი მოკავშირეები, რომლებთანაც მოსკოვი არცთუ ურიგო ურთიერთობაში იყო, პარალელურად ანტირუსულ გეგმებს ქსოვდნენ. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც აღმოსავლეთით გაფართოებული ნატო, ლამის კრემლს მიებჯინა. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტმა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირს მიაბა, რითაც ფაქტიურად აუკრძალა მათ ევრაზიულ კავშირში შესვლა.
სხვას ვერაფერს იტყვი, რიდესაც ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება გადაწყვიტა, საქართველოში კი - ნატოს სასწავლო-სამხედრო ბაზის დაარსება. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც რუსეთს 7000-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა დაუმიზნა. სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც სისხლით ნათესავი უკრაინელი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა მას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რომ იტყვის - აშშ-მა იარაღი უნდა მოგვცეს, რათა რუსეთს ვეომოთო - ნიშნავს იმას, რომ დასავლეთის ფრონტი რუსეთთან იმაზე ახლოს გადის, ვიდრე რომელიმე საბჭოთა ლიდერი იფიქრებდა.
რუსეთმა დაიბრუნა ყირიმი, შესაძლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაც დაიბრუნოს, მაგრამ დაკარგა უკრაინა, ევროპის და არა ევროპული უდიდესი ქვეყანა, უკრაინის დაკარგვა ისე, როგორც მოლდოვის, საქართველოს, რუსული პოლიტიკის, დიპლომატიის უდიდესი ლაფსუსია, თვით რუსეთში არსებული პოლიტიკის „აჯაფსანდალის“ შედეგი, რაც არ არის გასაკვირი.
თუ ვინმემ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლით იზარალა, რუსეთი იყო. რუსეთის ფარგლებს გარეთ აღმოჩნდა ათასობით ქარხანა, რომელიც რუსეთში არსებულ სათავო ქარხნებს, დამზადებულ კომპონენტებს აწვდიდა. გარდა ამისა, იძალა ამერიკელთა მიერ „ნატრენინგებმა“ ლიბერალურმა ძალებმა. მათი უმრავლესობა დაბეჯითებით მოითხოვდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან ურთიერთობის განელებას, მათთვის დახმარების შეწყვეტას. გაღვივდა მოსაზრება ყოფილების „წურბელობის“ თაობაზე.
ლიბერალთა ნაწილმა ხელისუფლებაშიც შეაღწია და ზემდგომებს მოუწოდა, უპირველეს ყოვლისა, ცივილიზებულ დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობა და არა ყოფილ საბჭოელებთან, მათი გაგებით - ჩამორჩენილებთან და „გოიმებთან“. ლიბერალთა გავლენით, ელცინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო იუგოსლავია და ამ საკითხში აშშ-ს მხარი დაიჭირა, რითაც დაკარგა მყარი სლავური დასაყრდენი შუაგულ ევროპაში.
ლიბერალური გავლენა დღესაც იგრძნობა რუსეთის ხელისუფლებაში. სწორედ, ამ გავლენის შედეგად ხელისუფლება მერყეობს სტალინის რეაბილიტაციის საქმეში და ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე გაუგებრად აცხადებს, რომ გამარჯვება საბჭოთა ხალხმა მოიპოვა, ლიდერის გარეშე. ვერადავერ დაკმაყოფილდა სამამულო ომის ვეტერანთა თხოვნა ვოლგოგრადისთვის ძველი სახელის, სტალინგრადის დაბრუნების შესახებ. თუ არსებობს კალინინგრადი, რატომ არ უნდა იყოს სტალინგრადი?!
რუსეთის ხელისუფლება აჰყვა ლიბერალთა მოთხოვნებს და კატინის ამბები (პოლონელი ოფიცრების დახვრეტასთან დაკავშირებით) სტალინს გადააბრალა, რითაც პოლონელთა გულისმოგებას შეეცადა. პოლონეთმა მიიღო რუსეთის ხელისუფალთა აღსარება, თუმცა ისეთივე მტრულად განწყობილი დარჩა, როგორიც იყო. არადა რუსი მკვლევარების განმარტებით, საარქივო დოკუმენტაცია ხრუშჩოვის ბრძანებით იქნა ფალსიფიცირებული. რუსი ისტორიკოსები მოითხოვენ, ამ საკითხის ობიექტურ შესწავლას.
რუსი ლიბერალების წყალობით, გაეროს უშიშროების საბჭოზე, რუსეთმა თავი შეიკავა კადაფის ლიბიასთან დაკავშირებით, რითაც გზა გაუხსნა აშშ-ს და ნატოს ლიბიის დაბომბვებში, კადაფის სადისტურ მკვლელობაში.
რუსი ლიბერალების წყალობით ვერადავერ ჩამოყალიბდა კავშირები რუსეთსა და ირანს შორის, არადა მოკავშირეშემოცლილ რუსეთს ისე სჭირდება ირანის მხარში დგომა, როგორც წყალი და ჰაერი.
ტელეკომპანია „ობიექტივის“ ღამის ეთერში გამოსვლისას, პროგრამის წამყვანს ვალერი კვარაცხელიას და თქვენს მონა-მორჩილს ბელგიაში მცხოვრებმა ქართველმა, რუსეთთნ მიმართებაში, რუსთაველი გაიხსენა - „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. მართალია რესპონდენტი. რაღაც არ ჩანს რუსული აქტივობა ამ მიმართულებით. მაგალითად ირანიც კმარა. ვიდრე რუსეთი, შენელებული კინოკადრების მსგავსად მოქმედებს, დრო მიდის.
თვით ირანში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს. ერთი ნაწილი ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობას, მეორე - დასავლეთთან. რუსეთის მხრიდან სტრატეგიული პოლიტიკური კურსის უქონლობა ხელს აძლევს ირანის იმ ძალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ ქვეყანაში და საერთოდ რეგიონში რუსული გავლენის გაფართოებას.
მიუხედავად ამისა, რეგიონში შექმნილი ვითარება და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები აიძულებს ირანის ხელისუფლებას მიჰყვეს ძველ კურსს. ცხადია, მსგავსი რამ არ მოსწონთ ე.წ. ლიბერალებს, რომლებიც ხელისუფლებისგან მოითხოვენ დასავლეთთან სრულმასშტაბიანი კავშირების აღდგენას.
რაც შეეხება კონსერვატორებს - ისინი აკრიტიკებენ პრეზიდენტ როუჰანის შერბილებულ პოლიტიკას დასავლეთის მიმართ და მიიჩნევენ, რომ ყოველივე ეწინააღმდეგება ირანის ნაციონალურ ინტერესებს. კონსერვატორებს არ მოსწონთ ქვეყნის მეთაურის აიათოლა ჰამენეის მხარდაჭერა პრეზიდენტის დასავლური პოლიტიკისადმი.
ირანელ ლიბერალთა პოზიციები ფართო გასაქანს პოულობს რუს ლიბერალებში, რომლებიც სერიოზულად ამუხრუჭებენ ორი ქვეყნის ფართომასშტაბიან ურთიერთობებს, იმის შიშით, რომ არ გააბრაზონ აშშ-ი.
რაც შეეხება ირანელ კონსერვატორებს, მათ კარგად იციან, ნებისმიერი კავშირი აშშ-ნ თანდათან გამოიწვევს რეჟიმის შეცვლას და ირანის ისლამური რესპუბლიკის პროდასავლურ ტრანსფორმაციას. ამ შემთხვევაში ირანის სუვერენიტეტი შეიზღუდება. რასაც ირანი დასავლეთისგან მიიღებს - რეგიონის ჟანდარმობა იქნება. გადასავლეთებული ირანი გადაიქცევა აშშ-ს ანტირუსულ არენად და პლაცდარმად ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში. კონსერვატორებში გამოკვეთილი პოზიცია უკავიათ აიათოლა მესჰაბ იაზდისა და ისლამის რევოლუციის გუშაგებს.
ირანელი ლიბერალების მიზანია აშშ-ს მხრიდან სანქციების მოხსნა და მასთან სრულმასშტაბიანი ურთიერთობის აღდგენა. ირანელ ლიბერალებს არ სჯერათ, რომ რუსეთი შეძლებს ამ სანქციების წინააღმდეგ ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას. ირანელ ლიბერალებს არ სჯერათ რუსეთის, რაშიც მათ ხელს უწყობს არცთუ დავიწყებული ისტორია. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა აშშ-ს პოზიცია დაიკავა. იგივეს ჰქონდა ადგილი ირან-ერაყის ომის დროს. მოსკოვი მხარს უჭერდა (ისე, როგორც აშშ-ი და ევროპა) სადამ ჰუსეინს.
ცხადია, ვითარება მკვეთრად შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით გამოირჩევა ენერგეტიკული ურთიერთობები, თუმცა ირანელებს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ამ თხუთმეტწლიანი კავშირების დროს, მოსკოვი ვაშინგტონისკენ იყურებოდა იმის შიშით, რამე ისეთი არ გაეკეთებინა, მას რომ წყენოდა. რუსული კომპანიები შეშინებულები მოქმედებდნენ და ხშირად უარს ამბობდნენ ირანში ინვესტიციების ჩადებაში. თვით ბუშერის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაც კი რუსული მხარის მსგავსი ორჭოფული პოლიტიკის გამო მნიშვნელოვნად შეფერხდა.
რუსეთმა, ამერიკის წინაშე კოჭის გაგორებით, უარი თქვა ირანთან დადებულ ხელშეკრულებაზე ანტისარაკეტო სისტემა C-300 მიწოდებასთან დაკავშირებით. რუსულმა ბანკებმა სწრაფად შეწყვიტეს ფინანსური კავშირები ირანულ სტრუქტურებთან, აშშ-ს სანქსიების შიშით. ირანმა ვერაფრით გაიგო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რუსეთი ყოველთვის რატომ იჭერდა აშშ-ს მხარს.
ირანი ნეგატიურად აფასებს 2006-2012 წლებში რუსეთის დამოკიდებულებას სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. ეს ქვეყნები, საუდის არაბეთის მეთაურობით, ირანისადმი ერთობ მტრულად იყვნენ და არიან განწყობილნი. ამ პოლიტიკური თამაშიდან რუსეთი დიდ მოგებას ელოდა, როგორც იარაღის მათთვის მიყიდვის, ისე რუსეთში ჩადებული მილიარდიანი ინვესტიციების თვალსაზრისით. რუსეთის სამწუხაროდ, არც ერთი პროგრამა არ განხორციელდა.
რუსეთის მიმართ ირანელ ლიბერალებს განსაკუთრებული ეჭვი გაუჩნდათ ლიბიის მოვლენების დროს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა თავი შეიკავა, ნაცვლად რეზოლუციის პროექტისთვის ვეტოს დადებისა. ამით რუსეთმა გზა გაუხსნა ამერიკა-ნატოს და სპარსეთის ყურის ვაჰაბიტურ მონარქიებს, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევაში.
ირანისთვის მოსკოვის განმარტება, რომ ის არ მოელოდა ამერიკა-დასავლეთის მზაკვრულ ნაბიჯებს, ერთობ მიამიტურად ჟღერს. ირანის პოლიტიკოსებმა პარალელიც გაავლეს საკუთარ ქვეყანასთან და შემდეგი სახის კითხვაც დასვეს - რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი, ამერიკა-ისრაელის ირანზე თავდასხმის შემთხვევაში?
არადა 2011-12 წლებში მსგავსი თავდასხმა რომ მზადდებოდა ფაქტია. ორჯერ ჰქონდა ადგილი კულმინაციურ მომენტს, როდესაც აშშ-ნ შეთანხმებით ისრაელის გამანადგურებელი თვითმფრინავები, მძიმე ბომბებით შეიარაღებული და სტარტზე შემდგარი, მოულოდნელმა მსოფლიო ვითარებამ შეაჩერა. მსგავსი თავდასხმა არც დღეს არის გამორიცხული. აშშ-ი, მისი ევროპელი და არაბი მოკავშირეები არ მოისვენებენ, ვიდრე ირანის ხელისუფლება არ გაიზიარებს დასავლურ ფასეულობებს.
ბევრი ირანელი ეჭვს გამოთქვამს რუსეთთნ ეკონომკური კავშირების წარმატებულობაში. ისინი შემდეგ კითხვებს სვამენ - მისცემს თუ არა რუსეთი ირანს ენერგეტიკული რესურსების ათვისებისთვის შესაბამის ტექნოლოგიებს; დააბანდებს თუ არა რუსული ბიზნესი ფულს ირანის ეკონომკაში; მისცემს თუ არა რუსეთი ირანს ანტისარაკეტო სისტემას და ა.შ.
ირანში, მოსკოვის მიმართ დამოკიდებულება ნაწილობრივ შეცვალა სირია-უკრაინის საკითხებში კრემლის მყარმა პოლიტიკამ. ირანელ კონსერვატორებს გაუჩნდათ აზრი, რომ მოსკოვს ძალუძს საკუთარი პოზიციებისთვის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვაშინგტონს.
ირანს სურს რუსეთთან მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის გარანტიები საერთო მტრის აშშ-ს საპირისპიროდ; რუსეთის მხარში დგომა სპარსეთის ყურის მონარქიებთან მიმართებაში; რუსეთის მხარდაჭერა შანხაის ორგანიზაციის წევრობისთვის. რახანია ირანი ამ ორგანიზაციის დამკვირვებელია და თუ კრემლის მხარდაჭერა ექნება, ის გახდება ორგანიზაციის წევრი.
აღნიშნულ საკითხებში რუსეთმა უნდა იჩქაროს, მას ცოტა დრო აქვს დარჩენილი „ექვსეულისა“ და ირანის ივნისის მოლაპარაკებამდე, რომლის დროსაც სავარაუდოდ გადაწყდება ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი. ამას ელოდებიან დასავლური ნავთობკომპანიები. რუსეთმა მანამდე უნდა მოახერხოს ე.წ. ლიბერალიზმის დაძლევა და ირანთან საქმიანი კონტაქტების დამყარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანი შეიძლება დასავლეთისკენ გადაიხაროს, რაც არ არის გამორიცხული, ვინაიდან ახალგაზრდა ირანელების გარკვეული ნაწილი ევროპა-ამერიკაში არიან განათლებას ნაზიარები.
ირანის მისამართით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები იძლევა იმის საფუძველს, რომ ირანთან ურთიერთობამ უფრო ინტენსიური სახე შეიძინოს, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ირანის იმ პოზიციის განმტკიცებას, რისთვისაც იღვწიან ირანის კონსერვატიული ძალები.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
25/02/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.