განვლილი წლის „ანგარიში“

hamlet chipashvili-politologi

როდესაც გასული წლის ანგარიშის საწერად მოიმარჯვებ კალამს და დაიწყებ 12 თვის მოვლენების შესაფასებლად ფიქრს, დიდი ტვინის ჭყლეტა არ უნდა გჭირდებოდეს „აღსანიშნავის“, „გამორჩეულის“ გასახსენებლად. არ უნდა გჭირდებოდეს, მაგრამ გჭირდება, ვინაიდან 2015 წელმა, ისე, როგორც წინა წლებმა დიდი ვერაფერი სიკეთე მოიტანა. ისიც ისეთი უღიმღიმო გამოდგა, როგორც სხვები. მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის ხელისუფალთა არაკვალიფიციური, ზერელე დამოკიდებულება სახელმწიფო საქმისადმი.
დიახ! ხელისუფალთა, ვინაიდან ნებისმიერი ჩვენგანი სწორედ მათზეა დამოკიდებული და ასე დარჩება, ვიდრე ნამდვილი საბაზრო ეკონომიკა არ დაისადგურებს ჩვენში. ასეთს კი კარგა ხანს ადგილი არ ექნება. და რახან ადგილი არ ექნება, იმ სიმახინჯეში მოგვიწევს ცხოვრება, როგორიც დღეს არის - ხელისუფალთა მხრიდან მუდამ ძახილით - რა კარგი და საამური ცხოვრებაა და რომ საამური და კარგია - მხოლოდ მისი დამსახურებაა. თუ ჩემი არ გჯერათ, მოვიმარჯვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მიერ წარმოთქმული წლიური მოხსენებიდან ამონარიდები, რომელიც მან რატომღაც თბილისის საკრებულოში წარმოთქვა.
მაინც, რატომ საკრებულოში და არა არცთუ შორს მდებარე პარლამენტის შენობაში? ეს კითხვა შემთხვევით არ დამისვამს. მიზეზი მრავალია, მაგრამ მთავარი „ნაცურ“ ოპოზიციასთან კოჭის გორება. „ნაცები“ ვერ იტანენ პარლამენტის შენობას და აქედან გამომდინარე ბოიკოტს უცხადებენ მას. სამი წელიწადია შენობა ამაოდ ელოდება პარლამენტის ქუთაისიდან, თბილისში გადმოტანას. ვერადავერ მოახერხა ვითომ მმართველმა პარტიამ არცთუ ძნელი საკითხის მოგვარება და სხვას რას მოაგვარებდა?
„საოცნებო“ ხელისუფლებამ ვერაფერი გააწყო „ნაცებთან“, ვერც საზოგადოება დარაზმა ამ მანკიერი პრობლემის მოგვარებისთვის.
გაჭირვებულ საქართველოს იმის ფუფუნების უფლება არ აქვს უამრავი ფული ყაროს ქუთაისის პარლამენტის შენახვაში, დეპუტატთა აქეთ-იქით სიარულსა და იქ საცხოვრებელი ბინების დაქირავებაში. ჩვენდა სამწუხაროდ, ისეთი ხელისუფლება გვყავს, საერთოდ რომ არ ფიქრობს ქარს გატანებულ ხარჯებზე. ამ თვალსაზრისით ბევრი რამ იყო გასულ წელს აღსანიშნავი. თუნდაც ის, რად ღირს, როდესაც გაღლეტილმა საქართველომ „იბიარდის“ სხდომას უმასპინძლა, შესაბამისი ხარჯების საკუთარ თავზე აღებით, ღონისძიებისთვის 60 ახალი ავტომანქანის შესყიდვით, ზღაპრული ბანკეტების გამართვით და ა.შ.
ანდა გავიხსენოთ პატრულისთვის ახალი და ძვირი ამერიკული სპეცმანქანების შეძენა; გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ორი სახელმწიფო დელეგაციის მივლინება; საზღვარგარეთ დაოთხილი სირბილი და ამ მივლინებებში სახელმწიფო ფულის განიავება. საქართველოში სტუმრად მყოფთა პატივსაცემად გამართული ბანკეტები - თითო-ოროლა სტუმარზე მასპინძლების გადამეტებული მონაწილეობით და სხვა მრავალი. ასეთს, უდავოდ არ გაუჭირდებოდა საკუთარი თავისთვის მაღალი ხელფასების და მათზე დანამატების დაწესება, „კეთილსინდისიერი“ და „მუყაითი“ შრომისთვის პრემიების გამოწერა.
ყოველივე აღნიშნული უხვად იყო გასულ წელს, ისე, როგორც მთლიანად „საოცნებო“ ხელისუფლების მუშაობის სამწლიან პერიოდში. მაგრამ იყო გაბრაზებული პრემიერის განცხადებაც ამ განუკითხაობისთვის წერტილის დასასმელად. იყო მისი განკარგულებაც - მსგავსი „შეცდომების“ ასალაგმავად, მაგრამ იყო „შეცდომების“ გამეორებაც - განკარგულების გამოსვლიდან სულ რაღაც ერთ კვირაში რაიონის გამგებლების მიერ ახალთახალი „ჯიპების“ შეძენის მაგალითებით.
გასული წელი არა მარტო ამ „სიკეთეებით“ იყო აღსანიშნავი, არამედ იმითაც, როგორ ებრძოდა ერთმანეთს პრეზიდენტი და პრემიერი. მათი „ჭიდილი“ მომავალშიც გაგრძელდება, რაც კარგად არ იმოქმედებს ისედაც გაპარტახებულ ქვეყანაზე. პრემიერს არ მოსწონდა პრეზიდენტის „საპრეზიდენტო“ ანუ „საპირველო“ ამბიციები, ვინაიდან თვითონაც „პირველობის“ ამბიციები აქვს, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო ის, რომ ივანიშვილს ჰქონდა მტრული განწყობა პრეზიდენტისადმი - დაწყებული მისი პრეზიდენტის სასახლეში ყოფნით, დამთავრებული პრეზიდენტის ვეტოებით.
გასული წლის სენსაციად უნდა ჩაითვალოს ხიდაშელის გამინისტრება. თავდაცვის მინისტრობის მისთვის გადაცემას არაერთი კრიტიკული შეფასება მოჰყვა, უდავოდ რომ საჭიროებდა მთავრობის მხრიდან დასაბუთებულ განმარტებას, მაგრამ ამაოდ. მთავრობა, ისე, როგორც ზემოჩამოთვლილ მანკიერებებთან მიმართებაში, ამჯერადაც მუნჯად დარჩა.
დაინიშნა რა თავი თავდაცვის მინისტრად ხიდაშელმა, რკინის ქალამნები ჩაიცვა და მას შემდეგ აქ აღარავის უნახავს: იქიდან ანუ აშშ-დან, გერმანიიდან, იაპონიიდან, ნატოს შტაბ-ბინიდან და კიდევ საიდან (ღმერთმა იცის) გვესმოდა მისი „დაჯერებულ-დამამშვიდებელი“ განცხადებები, ხშირად მოუზომავი, გამაღიზიანებელი, გამომწვევი და აშკარად შეუფერებელი არშემდგარი ქვეყნისთვის.
მინისტრის თითქმის ყველა გამოსვლა მიმართული იყო მეზობელი რუსეთის წინააღმდეგ, რაც აშკარად მიგვანიშნებდა ხელისუფლების ანტირუსულ განწყობასა და შემართებაზე.
გასულ წელს, ისე, როგორც გასულ სამ წელიწადში ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია დაპირებების შესასრულებლად. ამ დანაპირებში გამოკვეთილი ადგილი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას ეკავა. ხელისუფლებამ ვერადავერ გადალახა ამერიკულ-ევროკავშირული შიში და ოდნავ თავშეკავებული, მაგრამ არა დაპირებული კარდინალური, ნაბიჯი გადადგა რუსეთისკენ.
დიახ, რუსეთის ბაზარზე გაჩნდა ქართული ღვინო, ბოსტნეული, მინერალური წყალი, მაგრამ არა იმ რაოდენობის, შვება რომ მოეტანა საქართველოსთვის. ამას, მარტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით ვერ ახსნი. როდესაც მარჯვენა ხელმა არ იცის მარცხენა რას აკეთებს, შედეგი სავალალოა. როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთთან სურს ურთიერთობების ქონა და იმავდროულად თავდაცვის მინისტრს ათქმევინებს, რომ რუსები ყველაფრს იტანენ, ისინი ლენინგრადის ბლოკადის დროს თაგვებს და კატებს ჭამდნენო, ოფიციალურ მოსკოვს შენს მიმართ დადებითად ვერ განაწყობ.
ხიდაშელის უტაქტო განცხადებაზე - რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის კარასინის აღშფოთებული პასუხი აშკარად მეტყველებს საქართველოს ხელისუფლებისადმი არცთუ სასურველ დამოკიდებულებაზე.
გასული წელიწადი ხიდაშელის წელი იყო. ის, უდავოდ ღირსია, რომ ამერიკულმა ჟურნალმა („თაიმმა“) საქართველოს წლის „პოლიტიკოსად“ დაასახელოს. თუ „თაიმმა“ არა, ლელა კაკულიას გაზეთმა მაინც.
გასულ წელს, ისე, როგორც წინა წლებში ადგილი ჰქონდა საზღვარგარეთის ქვეყნებში სისტემატურ მგზავრობას. საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებოდ არ დაუტოვებია არც ერთი ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის დანა-ჩანგლის ჩხაკუნი. „გიჟი სოფელს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა“-ს სადარი იყო ქართველი მოხელეების აქეთ-იქით ხეტიალი. „აუცილებელი იყოო“, - იტყვიან ხელისუფლების წარმომადგენლები, - „ ამით ქვეყნისთვის დიდ საქმეებს ვაკეთებთო“. მაგრამ, გაკეთებული რომ არ ჩანს?!
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც არვინ კითხულობს, რა შედეგი მოიტანა მივლინებამ ან მივლინებულმა შეადგინა თუ არა სამივლინებო ანგარიში. მივლინებებზე კაცი ხმასაც არ ამოიღებდა, მივლინებული რომ საკუთარ ფულს ხარჯავდეს, მაგრამ ის ხომ ქვეყნის ბიუჯეტის ფულს ხარჯავს, ესოდენ ძნელად ამოღებულს ჩვენი გაფხეკილი ჯიბეებიდან?!
აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს საბიუჯეტო ხარჯების გაუმართებული ფლანგვის კიდევ ერთი მაგალითი. საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების სიუხვე. საქართველოს 75 დიპლომატიური წარმომადგენლობა „ამშვენებს“, თანაც ისეთ ქვეყნებში, რომელთა არსებობაც იქ გასაგზავნმა „დიპლომატებმა“, გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე რომ შეიტყვეს.
საქართველოს, დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვა რომ ძვირი უჯდება, ფაქტია. მაშ, რისთვის ვიტკივებთ თავს? მარტო იმისთვის, რომ ვიღაცამ ქვეყნად ჩაგვთვალოს? ზოგი ე.წ. დიპლომატი ჭარბი წარმომადგენლობების არსებობას მარტივად ხსნის - ადგილსამყოფელმა ქვეყნებმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რომ არ აღიარონო. რა პრიმიტივიზმია.
აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა მათთან ლაპარაკი და მოსკოვთან - უმწვანილო დამოკიდებულება. სამწუხაროდ, მსგავსს ადგილი არ ჰქონია არათუ გასულ, არამედ სამი წლის განმავლობაში. რასაც აქვს, ხიდაშელის ნათქვამიდანაც ჩანს. ისე, კაცმა რომ თქვას, ზოგი რას ჭამს და ზოგიც რას, მაგრამ ქალბატონი მინისტრი რომ მენიუს შერჩევაში, დიდ რევოლუციონერ კამოს ჰგავს, წყალი არ გაუვა.
ჰოდა, გასულ წელს, ისე, როგორც წინა 2 წელიწადში, რუსეთთან ურთიერთობის დაწყების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთის გამაღიზიანებელი გადაწყვეტილებების მიღება იტაცებდა, ფაქტია. სხვას ვერაფერს იტყვი ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასა და საფრანგეთში ანტისაჰაერო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით. ორივე, არაფერში წაადგება საქართველოს. ორივე ხარჯიანია და რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაკონტროლებული. როდესაც თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა, რა ანტისაჰაერო სისტებაზეა საუბარი?!
გასულ წელს, როგორც იქნა ყურადღება მიექცა ტერორიზმს და აქედან გამომდინარე ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. როგორც იქნა ვაღიარეთ, რომ იქ საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან, რომელთა შემობრუნება კარგს არაფერს უქადის ქვეყანას. უნებლიედ გახსენდება რუსეთის პრეზიდენტ ელცინის დროს სამხედრო ბაზების გაყვანის ისტორია. მაშინ რუსული მხარე გვთხოვდა ანტიტერორისტული ორმხრივი ცენტრის შექმნას. ქართული მხარე დაპირდა, მაგრამ არ შეასრულა. არადა ცენტრი, ტერორიზმის წინააღმდეგ ფართო ღონისძიებების გატარებაში დაგვეხმარებოდა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ შეძლებს ტერორიზმთან გამკვლავებას, რაშიც მე, პირადად ეჭვი მეპარება.
გასული წელი აღსავსე იყო არაპროფესიონალური გადაწყვეტილებებითა და ქმედებით, თუმცა ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს. „კარგად გვესმის, რომ თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პასუხისმგებლიანი პროფესიონალი ადამიანები“ ანუ ისეთები, როგორებიც დღეს არიან - უნდოდა დაემატებინა პრემიერს, მაგრამ იგულისხმა...
თუ როგორი პროფესიონალები და პასუხისმგებლიანები არიან დღევანდელნი, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობიდანაც ჩანს: დანგრეული გზები; მოუწყობელი ინფრასტრუქტურა; დაბინძურებული ჰაერი; უკონტაქტო ხელისუფლება, თუნდაც გამგებლობების უმდაბლეს დონეზე; ხშირ შემთხვევაში შუქის და წყლის გამორთვა; საქალაქო ტრანსპორტის გაუმართავი მუშაობა; გაუმართავი-ამორტიზებული საქალაქო ტრანსპორტი; გალექსილი, მაგრამ უშინაარსო გოგო-ბიჭების მიერ ინგლისური სიტყვების „უპრაგონო“ ქნევა; ახალგაზრდების მიერ საშუალო და დიდი ასაკის ადამიანთა მიმართ ამჩატებული, დამცინავი დამოკიდებულება; ე.წ. ბიზნესის მხრიდან ხალხის ყვლეფა.
ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ბიზნესს აღარ აშანტაჟებენო, მაგრამ არაფერი უთქვამს ბიზნესის მხრიდან ხალხის დაშანტაჟებაზე. არადა, ჩემი აზრით, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაშანტაჟებული ხალხი - ქვეყნის გაღატაკება და ერთი მუჭა ბიზნესმენების ჯიბეში არაკეთილსინდისიერი გზით ფულის ჩადინებაა.
სახელმწიფო უნდა იცავდეს როგორც ბიზნესს, ისე ხალხს, რაც მივიღეთ - გაღატაკებულ - გაღლეტილი მოსახლეობაა, რომელსაც ერთი გზა რჩება, სხვაგან გადახვეწა. ამ თვალსაზრისით ხელისუფლებამ ბევრი „იჩალიჩა“ და ვიზალიბერალიზაციასაც გამოჰკრა ხელი. თუ რას მოიტანს ის, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
გასული წელი რომ იატაკქვეშა მმართველობის წელი იყო, ფაქტია. ხალხში მოარული აზრით, ხელისუფლებაში განხორციელებული ყველა გადაადგილება, მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა ერთ პიროვნებას, ივანიშვილს უკავშირდება, რაც თვით ივანიშვილის საჯარო განცხადებებიდანაც ჩანს.
დიახ! საქართველოში მიმდინარე პროცესებს ივანიშვილი აკონტროლებს. ადამიანი, რომელიც ოფიციალურად არც ერთი თანამდებობას არ ფლობს, მაგრამ არის პირველი პირი. „პრეზიდენტი ალიევი საქართველოს პატრონმა მიიღო“, - წერდა ივანიშვილზე აზერბაიჯანული პრესა. რას ამბობს ხალხი? ხალხს მოსწონს ივანიშვილი, მეტადრე მისი მილიარდები და აქედან გამომდინარე ეთაყვანება მას. ივანიშვილს ადიდებენ არა მარტო რიგითი მოქალაქეები, არამედ „ინტელიგენტებიც“, უფრო სწორად, ისინი და შემდეგ ხალხი.
ივანიშვილის მიერ დაპურებული ინტელიგენცია სწორედ მასზე ილაპარაკებს, ხოტბას შეასხამს, მარჯვენას დაულოცავს დიდი ქველმოქმედებისთვის და სულაც ვერ წარმოიდგენს, რომ „ქველმოქმედების“ გაღება მილიარდერისთვის აუცილებელი რამაა, მილიარდერთა წრეში - დაუწერელი კანონია. შორს რომ არ წავიდეთ, გადავხედოთ რუსი მილიარდერების უსმანოვის, პოტანინის, სხვების მიერ გაწეულ ქველმოქმედებას. მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ამერიკელი მილიარდერები, მაგრამ მათ ხოტბას ვერსად წააწყდებით.
ჩვენ განსაკუთრებულები ვართ და ამით ისეთ მმართველობას ვუწყობთ ხელს - მსგავსს რომ ვერსად იხილავთ. ღმერთის წილხვედრი ქვეყანა, ბიძინას წილხვედრად არის ქცეული და ასეც იქნება, თუკი „ოცნება“ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში. ხალხი თავს იმართლებს - „ნაცებს“ ხომ ჯობიანო. დიახ! ჯობიან, მაგრამ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი რომ კარგი არ არის - მტკიცება არ სჭირდება.
„ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი. მისი კეთილდრობა, მისი უფლებები და თავისუფლებები. მშვიდობიანი გარემო მისთვის. განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის...“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, რამაც უმალ გამოიწვია კითხვა - ნეტავ, ვინ უწერს მოხსენებას პრემიერ-მინისტრს ან რით განსხვავდება ეს მოხსენება სხვა პრემიერების, მეთაურების მოხსენებიდან?
ვის სჭირდება ესოდენი ლოზუნგურობა, ტყუილი, გაცვეთილი სიტყვებისა და აზრების რახარუხი, როდესაც ქვეყანა თავზე გვექცევა? ოდესმე ვეღირსებით ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც ყოველგვარი ზედმეტსიტყაობის, ენის ფაღარათის გარეშე ილაპარაკებს გასაკეთებელზე და არა ვითომ გაკეთებულზე.
ზომაზე მეტს ვნატრულობ. რა გაეწყობა, ასეთია ნებისმიერი ადამიანის სურვილი და ჩემის, მათ შორის. ყოველთვის რაღაცაზე ვოცნებობთ.
ოცნება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა ახალ, 2016 წელს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
23/12/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.