რიგის სამიტი

hamlet chipashvili-politologi

როგორც იქნა დასრულდა რიგის სამიტი. შედეგი? - ისეთი, ხელისუფლება და საქმეში ოდნავ ჩახედული ადამიანები რომ ვარაუდობდნენ. დიახ! ხელისუფლებამ კარგად იცოდა რა ვერდიქტს გამოიტანდა სამიტი საქართველოსთვის. იცოდა, მაგრამ „მამაცურად“ გვატყუებდა - შედეგს, თანაც დადებითს, მივაღწევთო. ვერ მიაღწიეს, მაგრამ ხელისუფლების რომელ განცხადებაში, საჯაროდ ნათქვამში ჩანს, რომ ვერ? თქვენ წარმოიდგინეთ - არც ერთში. რაც ჩანს, ისაა, რომ ეტაპი განვლეთ - უხინჯოდ, წარმატებულად და მომავალ სამიტზე უდავოდ მივაღწევთ მიზანს.
ხელისუფლება, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაგვჩიჩინებდა - საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირში უვიზო შესვლის უფლებასო, რიგის შემდეგ სხვაგვარად ჭიკჭიკებს - პროცედურაა, რომელსაც ეტაპობრივი გავლა სჭირდება და ჩვენ გავდივართ ამასო.
ხელისუფლებას, საკუთარი თავისთვის სულაც არ სჭირდება უვიზო მიმოსვლა, ვინაიდან, როგორც ხელისუფლებას, მას დიდი ხანია აქვს ეს პრიორიტეტი მინიჭებული. არც სხვები, ძლიერნი ამა ქვეყნისანნი, უჩივიან უვიზობას. ვისაც ეს აწუხებს, ჩვეულებრივი ადამიანები არიან - შიმშილით რომ სული ხვდებათ და ლუკმაპურის საძიებლად გაშტერებული თვალებით ევროპას შესცქერიან.
ბევრმა მათგანმა სავიზო რეჟიმის პირობებშიც, კორუფციული გარიგების შედეგად, იგივე „პატიოსან“ ევრომოხელესთან, მოახერხა იქ დასახლება და უკან დაბრუნებას არც აპირებს. არ აპირებს, იმიტომ, რომ სავიზო კანონმდებლობის დარღვევით ცხოვრობს იქ.
ოჯახის მოსანახულებლად დაბრუნების შემთხვევაში, ის უკან წასვლის შანს დაკარგავს და ხახვივით შერჩება დაუპურებელ, დაუსაქმელ სამშობლოს. იქ წასასვლელად ახალი პასპორტის აღება მოუწევს და იმ კორუფციული გზის გავლა, რომელსაც ადრე ეზიარა და რომლის წყალობითაც შერჩა ევროპას.
უვიზო მიმოსვლა - მხოლოდ წასვლას ნიშნავს და არა მოსვლას, თანაც შესაძლოა სამუდამოდაც. ამას წინათ რუსეთის საელჩოსთან შეკრებილი ხალხის რაოდენობამ მიიპყრო ჩემი ყურადღება. რუსეთი ევროკავშირში არ არის, მაგრამ ის ქვეყანაა, საითკენაც თავქუდმოგლეჯილი გარბის საქართველოს მკვიდრი, ცხადია იქაც ჩაწყობით, რაღაც მაქინაციებით.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - ხელისუფლება, რომელიც ასერიგად „ზრუნავს“ ევროკავშირთან უვიზო სისტემის შესაქმნელად, ისეთივე მტერია საკუთარი ქვეყნისა, როგორც ევროკავშირი. და რატომ? საქართველო რომ დაპურებულ-დამშვიდებული ქვეყანა იყოს, მაშინ უვიზო მიმოსვლის არსი, მართლაც თავისუფალ მიმოსვლაში იქნებოდა, მაგრამ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ-საფინანსო კოლაფსშია და ასეა ბოლო 23 წელიწადი, მეტნაკლებობით, ქვეყნიდან გაქცევას რომ ექნება და აქვს ადგილი, გასაკვირი არ არის. ხელისუფლება, რომელიც გაქცევას უწყობს ხელს - მოღალატეა. ევროკავშირი კი, რომელმაც გამოიგონა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა და პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლას პირდება - მზაკვარია, შორს მომზირალი ავაზაკი, ქვეყნის დაქცევა-განადგურების შემოქმედი, თან ისეთი, ასჯერ რომ მადლობას გადაგახდევინებს, კეთილშობილური ჟესტისთვის.
ყუაზე დასული საქართველოს მოსახლეობა, არა ვიზების ლიბერალიზაციას ითხოვს, არამედ დასაქმებას, საწარმოების შექმნას, მოკრძალებულ ხელფასს და ადამიანურ მოპყრობას, რასაც ამ ქვეყანაში არ აქვს ადგილი. არც იქ აქვს, მაგრამ შავ მუშად, დავრდომილი მოხუცის მომვლელად სამუშაოს შოვნას ახერხებს და იტანს იმ დამცირებას, რაც უკანონო მუშის ხვედრია. აქ, ამ „შავი“ მუშაობის შანსიც დაკარგულია.
და იყო საქართველო სოლიდურად (ცხადია რაოდენობით და არა გონიერებით) წარმოდგენილი რიგის სამიტზე. და იყო ერთობ „შთამბეჭდავი“ განცხადებები დელეგაციის წევრთა მხრიდან. იყო ცინიკოსი ევროპის წამახალისებელი სიტყვები ჩვენი ქვეყნის მიმართ - მარტო იმ მიზნით ნათქვამი, რომ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას არ გადავუხვიოთ, მზერა სხვისკენ არ გავაპაროთ. და ჩვენც, ვითარცა ევროპელები, უფრო სწორად ევროპაში დაბრუნებულები (საინტერესოა, როდის ვიყავით?), ევროპის გარეშე არსებობას შეუძლებლად მივიჩნევთ.
ერთხელ ივანიშვილმა ბრძანა - „ჩვენ ევროკავშირში გვინდა იმიტომ, რომ ამაზე საუკეთესო ჯერ არაფერი შექმნილაო“. ალბათ „საუკეთესო“ რომ არის, იმიტომ ცდილობს დიდი ბრიტანეთი ამ კავშირში დარჩენა-არდარჩენის რეფერენდუმის ჩატარებას ან საბერძნეთი, რომელიც ისეა გამწარებული ბრიუსელის დიქტატით, აღარ იცის ევროზონა დატოვოს თუ ევროკავშირი ან ორივე ერთდროულად.
ევროკავშირი მაშინ იყო ნამდვილი ეკონომიკური კავშირი, როდესაც რამდენიმე ქვეყანა იყო იქ და არა დღეს, როდესაც 28 ქვეყანას აერთიანებს - პოლიტიკურად და არა ეკონომიკურად. ევროკავშირი მაშინ იყო ქმედითი კავშირი, როდესაც პოლიტიკისგან შორს იყო. დღევანდელი ევროკავშირი უდავოდ პოლიტიკური კავშირია, თანაც ერთობ მტრულად განწყობილი რუსეთის მიმართ, მოწადინებული იმით, რომ რუსეთის ყოფილი სატელიტები გადაიბიროს და ახლო ფრონტი გახსნას მის წინააღმდეგ.
ევროკავშირი ისეთივე მონაა გერმანია-საფრანგეთის, როგორც ვაშინგტონის. ვერც ერთი ევროკავშირელი სიტყვას ვერ იტყვის ბერლინ-პარიზის გარეშე, ისე, როგორც ბერლინ-პარიზი, ვაშინგტონის გარეშე. დიდად არ სურდა „ძველ ევროპას“ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება, მაგრამ ვაშინგტონმა დააძალა და მეტი რა გზა ჰქონდა. ევროპის ქვეყნებმა 23 მილიარდი ევროს ზარალი იგემეს ამ სანქციებით, აშშ-ა - არაფერი, მაგრამ, როდესაც „ბატონი“ ბრძანებს, მერკელ-ოლანდი, პატარა გოშიებივით, უკანა თათებზე დგანან.
ვაშინგტონ-ევროკავშირის ურთიერთობები არ ეფუძნება დემოკრატიას, ის უფრო ვერტიკალურ დიქტატურას ეფუძნება. თვით ევროკავშირიც ცენტრალიზმის პრინციპს ექვემდებარება. ეს რომ ასე არ იყოს, ევროკავშირის 12 ქვეყანა დღესვე გააუქმებდა რუსეთთან შემოღებულ სანქციებს და ააღორძინებდა მანამდე არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თანაც სტაჟიანი წევრები, ბალტიისპირა სამი ქვეყანა, ბულგარეთი, რუმინეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, მაკედონია, სხვები - რძის მდინარეების ლოდინში, წუმპიდან სვამენ წყალს. საკმარისი იყო ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრება, რომ ერთ დროს წარმატებული ეკონომიკა ნულს გატოლებოდა. ბალტიისპირეთი დაცარიელდა მოსახლეობისგან. დახურული საწარმოებისა და დაწესებულებების მუშაკებმა, თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის წყალობით, სკანდინავიის ქვეყნებს, ინგლისს მიაშურეს, რითაც მასპინძლებსაც დაუფთხეს მშვიდი ცხოვრება და საკუთარი მამული უკაცრიელად აქციეს.
სადღაა ბალტიისპირული სამრეწველო თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია. უწინდელი სამამულო პროდუქცია, ევროპის ვადაგასულმა პროდუქციამ ჩაანაცვლა. ბალტიისპირელთა მიტოვებულ ადგილებს აფრიკის ჩრდილოეთიდან ლტოლვილების ჩასახლება ემუქრება. მართალია აღმოსავლეთ ევროპის ევროკავშირის წევრი ქვეყნები წინააღმდეგნი არიან სომალელი, ლიბიელი, სხვა ქვეყნების ლტოლვილების ჩასახლების, მაგრამ თუ ევროკავშირელი ხარ, საერთო პრობლემა, საერთო ჭირი უნდა გაიზიარო.
ევროკავშირმა არაერთი საათი დაუთმო აფრიკიდან მოზღვავებული ლტოლვილების მიღების სკითხს. არაკანონიერი გზით, მეტადრე ნავებით ლიბიიდან და სომალიდან, იემენიდან გამოქცეული ხალხის შეჩერება შეუძლებელი გახდა. ევროკავშირი ფაქტის წინაშე დადგა თავისსავე ბინძური პოლიტიკის შედეგად, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა აფრიკის კონტინენტზე და არა მარტო იქ. მძიმე ფაქტის წინაშე დამდგარი ბრიუსელი უსუსურად ასავსებს ხელებს. არ იცის რამდენი შავის მიღება დასჭირდება. ბოლო მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობამ სამას ათასს მიაღწია.
რამ გამოიწვია ესოდენი მოზღვავება? იმ არაჰუმანურმა პოლიტიკამ, რომელსაც ევროპელი კოლონისტები ათეული წლების განმავლობაში აწარმოებდნენ აფრიკაში. აფრიკის მდიდარი წიაღისეულის უმოწყალო ძარცვა, ადგილობრივთა მონური შრომა, დამცირება, ინფრასტრუქტურის ჩამოუყალიბებლობა არის თავიდათავი. მაგრამ არის სხვაც, თანამედროვე ცინიზმი, სხვისი წარმატების შური.
შური და სხვისი ენერგომატარებლების დაუფლების სურვილი ემსახურებოდა გუშინდელი ლიბიის ანუ კადაფისეულის წინააღმდეგ ნატოელთა გალაშქრებას - საფრანგეთის, იტალიის, ინგლისის გამანადგურებელი თვითმფრინავების სახით და ვაშინგტონის დირიჟორობით. კადაფი ჯალათურად მოკლეს. აყვავებული ქვეყანა მიწასთან გაასწორეს. ერთმანეთს წაჰკიდეს ლიბიის ტომები, დააქციეს ცენტრალური მმართველობა და აიძულეს ომით შეშინებული ლიბიელები გაქცეულიყვნენ საკუთარი ქვეყნიდან.
უფასო განათლება, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ბინები, მრავალი სოციალური შეღავათი ვერ აიტანა ცივილიზებულმა, „ტოლერანტულმა“ ევროპამ და ისეთი ორომტრიალი დაატრიალა, რომ მტერს. აი, სწორედ, ის ლიბიელები მიადგნენ ევროპას. აი, ის ლიბიელები, სომალელები, იემენელები ჩასახლდებიან ბალტიისპირა ქვეყნების ობლად მიტოვებულ მიწა-წყალზე.
რა მოგველის ჩვენ? რომელი ერთია ამ ხელისუფლებაში ისეთი ვაჟკაცი, შეეწინააღმდეგოს ბრიუსელს? შეწინააღმდეგების რა მოგახსენოთ, მაგრამ რომ შეეხვეწებიან: „ჩვენთან ჩამოასახლეთო“, - ეჭვი არ მეპარება.
განა, ალასანია არ დარბოდა ბრიუსელში - ჩვენი სამხედროები სამხრეთ აფრიკაში წესრიგის დასაცავად გაუშვითო? განა, სააკაშვილი არ თხოვდა ვაშინგტონს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები საქართველოში განალაგეთო. განა, დღევანდელები არ მიმართავენ ბრიუსელს ანალოგიური თხოვნით?
სამწუხაროდ, 23 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია ხელისუფლება, რომელსაც აზრიანად, ქვეყნის სასიკეთოდ ემუშაოს.
როდესაც უკრაინის საზარელ მაგალითს ყურადღებას არ მიაქცევ და განაგრძობ - ჩვენი მიზანი ევროკავშირი და ნატოაო, რბილად რომ ვთქვათ, უდავოდ გზას ხარ აცდენილი. ნუთუ ჩვენთვის მაგალითი არ არის ის, რაც ევროპა-ამერიკამ უკრაინას დამართა? ერთ დროს წარმატებული ქვეყანა, ცნობილი თავისი მრეწველობითა და სოფლის მეურნეობით, დღეს გაჩანაგებულია - არა სოფელი, არა ქარხანა. რაც არის - ტყუილი, ძმათამკვლელი ომი, 50 მილიარდი ევროს ვალია. და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში.
უკრაინა ისეთად მოაქცია ამერიკა-ევროპამ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, სხვა პარამეტრებით მსოფლიო ქვეყნებში ბოლო ადგილზეა. თქვენ წარმოიდგინეთ, მასზე წინ ლიბია და იემენია. ჩვენ კი ისევ ევროპა გვინდა. „ჩვენ“, როდესაც ვამბობ, ხელისუფლება და მის ირგვლივ შემოკრებილი ხალხი მყავს მხედველობაში და არა თითო-ოროლა ნორმალურად მოაზროვნე. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ - დღევანდელი ევროპა ის არაა, გუშინ და გუშინწინ რომ იყო, ლიტერატურის, მეცნიერების, კულტურის საყდარი. ის, სხვამ ჩაანაცვლა, ე.წ. ადამიანის „თავისუფლებისთვის“ მებრძოლმა ევროპამ - თავისი ერთსქესიანი ქორწინებით, სხვა გადაქანებით, ცინიზმით, გაუტანლობით.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტის პერიპეტიებში გართულ ევროპას „მიავიწყდა“ ცივილიზაციასა და ბარბაროსობას შორის გამართული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, რასაც ადგილი აქვს სირია-ერაყში და რასაც თავის დროზე მწვანე შუქი აუნთეს ევროპელებმა და ამერიკელებმა. სწორედ მათი ფინანსური და სამხედრო დახმარების წყალობით შექმნილი „ისლამური სახელმწიფო“ - „გასუქებული“, მომძლავრებული, მუსრს ავლებს სირია-ერაყის სამთავრობო ძალებს და ქალაქს-ქალაქზე იკავებს.
21 მაისს „ისლამური სახელმწიფოს“ „ჯარმა“, ბრძოლების შედეგად, ხელში ჩაიგდო სირიის ქალაქი პალმირა, 18 საუკინის წინათ შექმნილი სასწაული, მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების, უძველესი ისტორიის მატარებელი. რა ბედი ეწევა მას, ალბათ წინასწარ უნდა ვიცოდეთ.
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები პალმირას ისეთ რეცეპტს გამოუწერენ, როგორც ძველი ქალაქის მოსულის არტიფაქტებს. საუკუნეების წინათ ადამიანის ხელით შექმნილი უნიკალური ხელოვნების ნიმუშები, ბარბაროსთა ხელით ნაკუწებად იქცა. ვინ არის დამნაშავე ყოველივე ამაში? უპირველესად ის (ისინი), ვინც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის დასამხობად კვებავდა, აიარაღებედა, თავზე ხელს უსვამდა ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ ფილიალს სირიაში -„ჯებხატ ან ნუსრას“ – „ისლამური სახელმწიფოს“ ფუნდამენტს.
ჩვენ კი ჯიქურ მივიწევთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. მივიწევთ და აინუნშიც არ ვაგდებთ, იგივე ევროპის ლიდერების, ბრიუსელის განწყობას ჩვენს მიმართ. რიგის სამიტის წინ ევროკავშირის ლიდერმა ტუსკმა საჯაროდ განაცხადა: „ასოცირებული წევრობა არ იძლევა ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობას, არც დღეს და არც მომავალში. უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას ევროკავშირში შესვლის ოცნების უფლება აქვთ, მაგრამ სინამდვილე სხვაა“.
ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც საწინააღმდეგოს ჩაგვჩიჩინებს, არც გერმანიის კანცლერის განცხადებისთვის მოუსმენია. უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მან თქვა: „მართალია უკრაინა-საქართველომ რაღაც გააკეთეს ჩვენი დავალების შესრულებისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“. სხვას რას იტყვის, როდესაც დავალებული 13 პუნქტიდან, მხოლოდ 2-ს შეასრულებ?
ის, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტს 6 ადრესატი ქვეყნიდან, ორის ბელარუსის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები არ დაესწრნენ, ხოლო სომხეთ-ბელარუსის დელეგაციებმა კატეგორიული უარს განაცხადეს საერთო დოკუმენტის ხელისმოწერაზე, ვინაიდან იქ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იყო დაფიქსირებული - სამიტის წარმატებაზე ნამდვილად არ მეტყველებს და არა მარტო სამიტის, არამედ თვით ამ პროგრამის - შვედეთ-პოლონეთის მიერ შექმნილის, რომელსაც ნულის დონეზე უნდა დაეყვანა რუსეთის არსებობა ყოფილ საბჭოთა 6 რესპუბლიკაში.
არ გამოვიდა. არც ჩვენთვის შეპირებული „გაბედნიერება“ გამოვიდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება, ვითარცა ჯიუტი თხა რქებით ასკდება დაკეტილ კარს, ღიააო რომ გვეუბნებიან. რას ნიშნავს ეს, თუ არა გონების სიჩლუნგეს, თავხედობას, ძალით შეეტენვას, უთავმოყვარეობას, მაგრამ ასეთები რომ არ არიან საქართველოში მცხოვრებნი? ასეთი ხელისუფლებაა, რომელიც უთავმოყვარეობისა და ტყუილისთვის უდავოდ იმსახურებს ხალხის რისხვას.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
22/05/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.