საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


იაპონიაში პუტინის ვიზიტიდან გამომდინარე

იაპონიაში პუტინის ვიზიტიდან გამომდინარე

პრემიერ-მინისტრი სინძო აბე გულმოდგინედ ისწორებს ჰალსტუხსა და პიჯაკს, შემდეგ მეუღლეს შეხედავს - მიანიშნებს კოსტიუმის შესწორებას. ორივეს გამომეტყველება შინაგანი დაძაბულობის გამომხატველია, ისეთის, საპატიო სტუმრის მოლოდინს რომ ახლავს თან. ცოლ-ქმარი იმდენად არიან საკუთარ თავთან ლაპარაკით გართულნი, ყურადღებასაც არ აქცევენ იქვე მყოფი ჟურნალისტების ფოტო და ვიდეო კამერების მუშაობას.
პროტოკოლისა და მომსახურე პერსონალის გამომეტყველებაც დაძაბულია. ისინი კიდევ ერთხელ ამოწმებენ მათ ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, ასწორებენ იატაკზე დაფენილ წითელ ნოხზე გადაფარებულ ცელოფანს, რომელსაც მაღალი სტუმრის ავტომანქანის მოახლოებასთან ერთად უმალ მოხსნიან.
პრემიერი აბე და მისი მეუღლე დანიშნულ დრომდე ადრე მოვიდნენ, რათა პასუხისმგებელი მასპინძლის თვალი გადაევლოთ იქაურობისთვის. ხუმრობა საქმე ხომ არ არის ისეთი სტუმრის მიღება, რომელსაც „ძვირფასად“ მოიხსენიებენ.
პრემიერი აბე პირველად მასპინძლობს უცხო ქვეყნის მაღალ სტუმარს მშობლიურ ქალაქში. ასეთი პატივი ჯერ არავის რგებია. სასტუმრო, სადაც დახვედრის ცერემონიალია დაგეგმილი და სადაც მაღალმა სტუმარმა უნდა იცხოვროს - გამორჩეულია, ვინაიდან მასპინძლობდა იაპონიის იმპერატორს. სასტუმრო იმითაც არის გამორჩეული, რომ სააბაზანოში ცხელი გეოთერმული წყლებია - ქალაქ ნაგატოს ღირსშესანიშნაობა.
მაღალი სტუმარი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია - ჟურნალ „ფორბსის“ მიერ დასახელებული წლის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე. პუტინის შემდეგ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, მესამე, გერმანიის კანცლერინი ანგელა მერკელი. რაც შეეხება აშშ-ს წარმავალ პრეზიდენტ ბარაკ ობამას - 48-ე ადგილი არგუნეს, გაცილებით დაბალი, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენინს.
იაპონია „დიდი რვიანის“ - ამჯერად „შვიდეულის“ წევრია. რუსეთიც იყო, მაგრამ უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე - უარი უთხრეს. ინიციატორი „რვიანიდან“ რუსეთის დათხოვნისა აშშ-ს პრეზიდენტი გახლდათ. აშშ-ს კარნახით, უფრო სწორად ზეწოლით „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრმა „გააცივა“ რუსეთთან ურთიერთობა და სანქციებიც დაუწესა მას.
იაპონია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დადებითად გამოეხმაურა ობამას ინიციატივას, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას ისე არ გაუმძაფრებია რუსეთთან ურთიერთობა, რომ უკან დასახევი გზა დაენგრია. იყო კრიტიკა, იყო ერთმანეთის კენწვლა, მაგრამ „შენი დედაო“, ისე, როგორც ქართული პოლიტიკა მიმართავს რუსეთს, ადგილი არ ჰქონია. არც ვინმეს უთქვამს „პუტინი-ლილიპუტინი“, ისე, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
სააკაშვილის მდარე ლექსიკა მიუღებელია საერთაშორისო პოლიტიკაში, ისე, როგორც მისი ქცევა, მაგრამ გაცილებით მიუღებელია, როდესაც ქართული პოლიტიკის მხრიდან, ისე, როგორც საზოგადოების, კრიტიკული რეაქცია არ ჩანს. ქვეყნის მეთაურები ადამიანები არიან, მათზეც ისევე მოქმედებს დაცინვა, აბუჩად აგდება, როგორც ნებისმიერ ჩვენგანზე. ჩანს 25-წლიანი „დამოუკიდებლობა“ საკმარისი არ არის იქაური ქუდის დახურვისთვის. არადა, ისე, როგორც იაპონიის პრემიერ აბეს, სააკაშვილსაც აქვს სათხოვარი (უფრო სწორად ჰქონდა) პუტინისთვის, მას ტერიტორიების დაბრუნება ჰქვია.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და იაპონიის სრული კაპიტულაციიდან დაწყებული დღემდე, იაპონია დაჟინებით მოითხოვს კურილის კუნძულების დაბრუნებას. ეს, ის კუნძულებია, სსრკ ხელმძღვანელმა სტალინმა რომ დასავლეთის ფრონტზე გამარჯვების შემდეგ იაპონიის წინააღმდეგ ომის გაჩაღების საფასურად მოსთხოვა აშშ-ს მაშინდელ პრეზიდენტს რუზველტს.
„ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე რუზველტმა სტალინის წინაშე დასვა საკითხი იაპონიის წინააღმდეგ ომში დახმარების თაობაზე. ნათელი გახდა, რომ მოკავშირეები მეორე ფრონტის გახსნას იაპონიის წინააღმდე საბჭოთა კავშირის მიერ ომის დაწყებას უკავშირებდნენ. თეირანში საერთო ურთიერთგაგება იქნა მიღწეული, მაგრამ ეს არ იყო შეთანხმება. თეირანში ამ საკითხზე პროტოკოლური ჩანაწერიც არ გაკეთებულა. საბოლოო სიტყვა მხარეებმა იალტაში თქვეს. მაშინ რუზველტმა წერილი გაუგზავნა სტალინს, სადაც აღნიშნული იყო, რომ იაპონიის მიერ ოკუპირებული სახალინის ნაწილი და კურილის კუნძულები საბჭოთა კავშირს უნდა დაბრუნებოდა.
აი, რატომ გამოხატავდა სტალინი დიდ კმაყოფილებას რუზველტის წერილზე. წერილით ხელში მან რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში, თითქოს არ სურდა წერილის ხელიდან გაშვება“, - წერს სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი გრომიკო თავის წიგნში.
გრამიკო იხსენებს, გამოძახებისთანავე როგორ შევიდა სტალინის ოთახში. „მისალმებისთანავე სტალინმა გამომიწოდა ქაღალდის ფურცელი - ეს არის რუზველტის წერილი და მინდა, რომ თქვენ ზეპირად მითარგმნოთ, ვინაიდან სხდომის დაწყებამდე უნდა ვიცოდე წერილის შინაარსი. მე იმწუთას ვუთარგმნე. სტალინმა რამდენჯერმე მთხოვა ამათუიმ ფრაზის ხელმეორედ თარგმნა. წერილი კურილის კუნძულებსა და სახალინს ეხებოდა. რუზველტი იტყობინებოდა აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან თანხმობას აღნიშნული ტერიტორიების საბჭოეთისთვის დაბრუნებაზე.
როგორც ჩანს, აშშ-ს ხელისუფლება ცდილობდა ჩვენს თვალში მოეხდინა რეაბილიტაცია იმისა, თუ როგორ უჭერდა მხარს ის 1905 წელს იაპონიას პორტსმუტში. რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ იქ ადგილი ჰქონდა ორთა მოლაპარაკებას, მაშინ აშშ-ა მხარი იაპონიას დაუჭირა, რის შედეგადაც რუსეთს წაგლიჯეს ტერიტორიები.
წერილი მნიშვნელოვანია. აშშ-ა მხოლოდ ახლა აღიარა ჩვენი პოზიციების სისწორე კურილის კუნძულებთან და სახალინთან დაკავშირებით. თავის მხრივ ამერიკელები დაბეჯითებით მოითხოვენ ჩვენგან იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩართვას! მაგრამ ეს სხვა საკითხია - თქვა სტალინმა.“
ასედაამრიგად საბჭოთა კავშირს დაუბრუნდა კურილის კუნძულები. იაპონია - უსიტყვო კაპიტულაციით დათანხმდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებს, მაგრამ შემდგომში ფართო კამპანია გააჩაღა დაკარგულის დასაბრუნებლად.
70 წელზე მეტი გრძელდება იაპონია-რუსეთის კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ 1956 წელს საბჭოეთის მაშინდელი ხელმძღვანელის ხრუშჩოვის ინიციატივით იაპონიას აღუთქვეს 2 კუნძულის დაბრუნება, რაზეც იაპონია დათანხმდა, მაგრამ აშშ-ს კატეგორიული თითის ქნევის შემდეგ, მან უარი თქვა მოსკოვის შეთავაზებაზე. იაპონიამ ყველა კუნძულის დაბრუნება მოითხოვა.
კუნძულების საკითხი კვლავ იდგა დღის წესრიგში პრეზიდენტ პუტინის ამჟამინდელი ვიზიტის დროს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე გააგრძელებდნენ მოლაპარაკებას. მაგრამ ვიდრე ეს საკითხი გადაწყდება დაიწყებენ მჭიდრო ეკონომიკურ-საფინანსო თანამშრომლობას, რაც თავისთავად წაადგება პოლიტიკური პრობლემების მოგვარებას.
იაპონიის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია. ჩემის აზრით, პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს გულითადი მასპინძლობა აღმოსავლური დიპლომატიის კლასიკური მაგალითია. დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მსურველი იაპონია გაბუტობანას კი არ თამაშობს, არც „დიდი შვიდეულის“ წევრებს ხვეწნა-მუდარით აწუხებს - დამეხმარეთო, თვით აპირებს საკითხის მოგვარებას და ამისთვის ისეთ ნაბიჯებს დგამს - პრაგმატული რომ ჰქვია. იაპონიის პრემიერი, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული აშშ-ს პრეზიდენტთან და ადმინისტრაციასთან და აშშ-ს ნამდვილი და არა ისეთი, როგორიც საქართველოა, სტრატეგიული პარტნიორია, არ ითვალისწინებს თეთრი სახლის კატეგორიულ მითითებას რუსეთის პრეზიდენტის იაპონიაში მიწვევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ობამამ ლამის აუკრძალა იაპონიას პუტინის იაპონიაში მიწვევა.
ოფიციალური ვაშინგტონის ამგვარი ქმედება ბევრი რამით არის განპირობებული. მათში განსაკუთრებული ადგილი უკავია „დიდი შვიდიანის“ მონოლითურობას. იაპონიის გადაწყვეტილებამ (პუტინის მიწვევასთან დაკავშირებით) წყალი შეუყენა „შვიდიანს“, მაგრამ თვით იაპონიას უდავოდ მომგებიანი ქულები შესძინა.
დიახ! სინძო აბემ - აშშ-ს სტრატეგიულმა პარტნიორმა, არ გაითვალისწინა აშშ-ს პრეზიდენტის ობამას მითითება და საკუთარი ქვეყნის ინტერესები მაღლა დააყენა. არის თუ არა ეს მაგალითი საქართველოს ხელისუფლებისთვის გასათვალისწინებელი? ჩემი სუბიექტური აზრით - არის!
იაპონია - მსოფლიოს მესამე ეკონომიკა, დიდი რევერანსით ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ჩვენ კი ნაცვლად ამისა 25 წლის განმავლობაში ქოქოლას ვაყრით რუსეთს და მის პრეზიდენტს. განსაკუთრებულ სიძულვილს ვავლენთ დღევანდელის მიმართ. სხვას ვერაფერს ვიტყვით რუსეთის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო მიტინგიდან გამომდინარე. მომიტინგეებმა რუსეთი ფაშისტურ სახელმწიფოდ მოიხსენიეს და მოითხოვეს რუსეთის აგრესიის სასწრაფო შეჩერება ალეპოში.
როგორც ჩანს, მომიტინგეებმა, ასევე საქართველოს პოლიტიკამ არ იცოდნენ, რომ ალეპოს აღება ასადის არმიის მიერ უკვე დასრულებული იყო. ისიც არ იცოდნენ, რომ სწორედ ასადის, რუსეთის და ირანის ძალისხმევით არა მარტო მოხუცები და ბავშვები გამოიყვანეს ტერორისტების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან, არამედ თვით ტერორისტებსაც გაუხსნეს დერეფანი სამშვიდობოზე გასასვლელად.
მაგრამ სინამდვილე უდავოდ არ აწყობს აშშ-ს და ევროპას, რომლებმაც ვერაფერი გააკეთეს ტერორიზმთან ბრძოლაში. ისინი დამარცხდნენ და როგორც წაგებულები სიცრუეს ავრცელებენ რუსეთის ბარბაროსობასთან დაკავშირებით. თითქოს გული ეთუთქებათ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილზე. რა ცინიზმია ჩადებული იმ დასავლურ პროპაგანდაში, რომელმაც დემონსტრანტები გამოიყვანა ევროპის ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც მოწოდებით - „შეწყდეს რუსეთის აგრესია.“
არადა, სამხედრო ოპერაცია რახანია შეწყვეტილია. დასავლეთი აღნიშნული პროპაგანდით ცდილობს გადაფაროს საკუთარი მზაკვრული მოქმედება, რის შედეგადაც ხუთი წლის წინ გაჩაღდა ომი სირიაში. ქართველი მომიტინგეები, გარდა იმისა რომ შეცდომაში არიან შეყვანილი, არაფრად აგდებენ რუსეთის დაუმსახურებელ ლანძღვას. ასე ქართული საქმე არ გაკეთდება.
ჩვენ დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ დასავლეთის მხარდაჭერით დავიბრუნებთ დაკარგულს. ეს პროცედურა ასე გვესახება - საქართველო სთხოვს დასავლეთს დახმარებას - ყოველთვის და ყველა დონეზე და ისიც გაითვალისწინებს რა „მედასავლეთე“ ქვეყნის თხოვნას, ცეცხლს ააგიზგიზებს და ისე გაავარვარებს მიწას რუსეთის ხელისუფალთა ფეხქვეშ, რომ იძულებულს გახდის დასავლეთის „ბრძანება“ შეასრულოს.
მაინც რა პრიმიტიული აზროვნებაა?! და ამ პროცედურას ლამის 25 წლის განმავლობაში მივმართავთ, თანაც ერთი წუთითაც არ ვფიქრობთ შედეგზე. რა მოაქვს ასეთ თხოვნას? არც არაფერი, გარდა ტრაფარეტული წინადადებისა - „ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“. როგორც ჩანს, ჩვენ და მათაც გვსიამოვნებს პოლიტიკური ონანიზმი, მაგრამ ის (ონანიზმი) რომ შთამომავლობას არ იძლევა?
ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ დასავლეთს უნაყოფოდ ვთხოვთ, ვინაიდან შინ მოგვაქვს თავი შეუპოვარი მებრძოლის - ისინიც კმაყოფილები არიან, რომ სიტყვით მაინც დააკმაყოფილეს ჩვენი თხოვნა. ორივემ ვიცით, რომ თხოვნაც და დეკლარაციაც (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასთან დაკავშირებით) თავის მოტყუებაა, მაგრამ მეტი რა გზაა?
დასავლეთი, პატარა საქართველოსთვის თავს არ გასწირავს და რუსული დათვის ხახაში არ გადაეშვება. დასავლეთმა ვერ გაბედა სირიასთან მიმართებაში და ჩვენთან მიმართებაში გაბედავს? რასაც დასავლეთი ბედავს - პერმანენტული ცეცხლის აგიზგიზებაა - ისე, როგორც სირიაში, ერაყში, ავღანეთში, ლიბიაში, სხვაგან.
2008 წელს შეეცადა ის, ნაცადი სცენარი საქართველოსთვისაც მოერგო, მაგრამ რუსეთმა ივაჟკაცა და ხანგრძლივ დაპირისპირებაზე გათვლილი ომი 5 დღეში მოამთავრა. არადა, როგორ ნატრობდა ვაშინგტონი ხანგრძლივ ხანძარს - რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან? აქ ვერ შეძლო, მაგრამ უკრაინაში შეძლო. შედეგი? - დაქუცმაცებული, გავერანებული, კორუმპირებული, ნაცისტური უკრაინა.
წლების განმავლობაში აშშ-ის დირიჟორობით ადგილი აქვს სამხედრო ავანტიურიზმით წყლის ამღვრევას და ამღვრეულში თევზის ჭერას. როგორც არჩეული პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს - ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ა 6 ტრილიონი დოლარი დახარჯა ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებში. ძვირი ჯდება ავანტიურა, თუნდაც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც აშშ-ია, ამიტომაც ტრამპის განმარტებით მისი პრეზიდენტობის დროს ფულის უყაირათო ფლანგვას ადგილი არ ექნება.
20 იანვრიდან (აშშ-ში პრეზიდენტის ინაუგურაცია) დაიწყება ახალი ერა, რომელიც საქართველოზეც იმოქმედებს. როგორც ჩანს ვაშინგტონისთვის პრიორიტეტულად აღარ ჩაითვლება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, არც აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ბალტიის ზღვის ქვეყნებისთვის რევერანსული კოჭის გორება იქნება წახალისებული. აშშ-ს მომავალმა ადმინისტრაციამ გასაგებ ენაზე თქვა, რომ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი (ომის შემთხვევაში ყველა ერთისთვის) მიუღებელია, ვინაიდან ბალტიისპირა ქვეყნების ავანტიურისტულმა პოლიტიკამ აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში შეიძლება გადაჩეხოს. მომავალ ადმინისტრაციას სურს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არა დაპირისპირება.
ნეტავი ისმენს ვინმე საქართველოს ხელისუფლებიდან იმ განცხადებებს, რომლებიც არჩეული პრეზიდენტის გუნდიდან გაისმის? და თუ ამ „სასწაულს“ აქვს ადგილი, რატომ გაიძახიან - ნატო-ნატოო?
ტრამპი არა მარტო ნატოს, არამედ ევროკავშირსაც ალმაცრად უყურებს. და თუ ბოლტონი დაინიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ, ევროკავშირის საქმეც ვერ იქნება ისეთი, როგორსაც ბრიუსელი ისურვებდა. ბოლტონი (აშშ-ს ყოფილი წარმომადგენელი გაეროში) ამრეზით უყურებს ევროკავშირს და მიიჩნევს, რომ ასეთი ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს.
ძნელია გათვლა იმისა, ახდება თუ არა ბოლტონის სურვილი, მაგრამ ის, რომ ევროკავშირი და ნატო ისეთი არ იქნება, როგორიც დღეს, ფაქტია. ასეთ ვითარებაში ევროკავშირისა და ნატოს ძახილი სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, ისე როგორც რუსეთისა და მისი პრეზიდენტის აუგად მოხსენიება.
საქართელოს ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პოლიტიკურ სანაგვეზე გაიმყარებს ადგილს, სადაც რახანია ვართ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
19/12/2016

სტატიების არქივი