საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


პრემიერის დანაპირებმა „კეთილდღეობამ“ მოქმედება დაიწყო

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

„ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“ ჰქვია იმ პროგრამას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. მისი მიხედვით, აიკრძალება Online-სესხების გაცემა; მომავალი წლის იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხის გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში განხორციელდება; თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე აქციზები გაიზრდება; გაიზრდება ავტომობილებზე იმპორტის გადასახადი. ამავდროულად მთავრობა 10%-ით შეამცირებს სახელფასო ბიუჯეტის ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
პრემიერმა თქვა, რომ რადიკალური ცვლილებების გარეშე სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ვერ მოხერხდება.
რეაქცია პრემიერის გეგმებზე:
„გამოდის სახელმწიფომ ბანკს უნდა დაუდგინოს - რამდენ პროცენტში გასცეს სესხი, რაც დაუშვებელია. მთავრობას არ აქვს გაანალიზებული, რა შედეგი მოჰყვება ამას. დედოლარიზაციის გეგმა კი არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა.“ - კომპანია „პირადი ბანკირი“-ს აღმასრულებელი დირექტორი ბერძენაძე.
„დედოლარიზაცია უდიდესი შეცდომაა. მისი გადაწყვეტის გზაც ასევე შეცდომაა და შედეგები იქნება უარესი. ლარი, როგორც დამოუკიდებელი ფულადი ერთეული, არავის სჭირდება. არავის აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდოს უფლება გამოიყენონ ის ვალუტა, რომელიც მას სჭირდება. მსგავსი რამ მხოლოდ დიქტატორულ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს.“ - „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი შეშელიძე.
„ეს რეალურად პოპულისტური საუბარია. ფიქრობენ, რომ ბევრი ადამიანის გულს მოიგებენ ასეთი განცხადებებით. ვერანაირი ტიპის ბიზნესის აკრძალვა სიმდიდრეს ვერ მოიტანს.“ - ეკონომისტი ხორგუაშვილი.
„რაც გააკეთეს უმსხვილესმა მოთამაშეებმა, ამის გამო უმწვავესად და უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ისინი უნდა დაისაჯონ. რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს და სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ.“ - ეკონომისტი, „საზოგადოება 20/30“-ის წევრი დუნდუა.
ყველა უარყოფითი გამონათქვამების მოყვანა შეუძლებელია. დადებითი - მხოლოდ მთავრობას მიწეპებული ე.წ. ეკონომისტების მხრიდან ისმის. მათ შორის უმრავლესობის წევრი კოვზანაძეცაა. მისი თქმით, ემოციები უკვე ჩაცხრა და ყველაფერი რიგზეა ანუ მთავრობას შეუძლია გეგმა ცხოვრებაში გაატაროს. ეჭვი მეპარება, რომ ემოციები ჩაცხრა. კოვზანაძეს რახანია ბაზარში არ გაუვლია, არც რიგით მოქალაქეებს შეხვედრია. შავი ჯიპის ფანჯრებიდან კი არ ჩანს მათი აღშფოთება - გამოხატული პრემიერის დედის ხშირ ხსენებაში, ივანიშვილის წყევლა-კრულვაში, „ოცნების“ ლანძღვა-გინებაში, რაც მოსალოდნელი ქარიშხლის მსგავსი ვითარების სადარია.
პრემიერ კვირიკაშვილს, ისევე, როგორც მის ბოსს ივანიშვილს ჰგონია, რომ თვალთმაქცური ლოზუნგი - „ქვეყნის სწრაფი განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა“ - საწვავზე ფასების მომატებაზე არის მიბმული. ნუთუ ასეთი ბრიყვია პრემიერი, რომ ზემომოყვანილი ლოზუნგით ხალხს მოატყუებს?
მან კარგად იცის, რომ ლოზუნგი - არც საკვებს იძლევა და არც სასმელს, თუ ის ცხოვრებისეულ და ცხოვრებისთვის საჭირო ნაბიჯს არ გულისხმობს. ასეთად ნამდვილად ვერ ჩაითვლება საწვავზე ფასების მატება, სხვა არაპოპულარული გადასახადების დაწესება.
„საწვავის ზრდა არ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციასო“, - ამბობენ „ოცნებელები“ და თვითონაც არ სჯერად თავიანთი ნათქვამის. გამოიწვევს და მერე როგორ! კვების პროდუქტებიდან დაწყებული, პირველადი მოხმარების საგნებით დამთავრებული. უკვე ლაპარაკობენ სამარშრუტო ავტობუსებზე მგზავრობის საფასურის ერთ ლარამდე გაზრდაზე.
მოიმატებს „მარშრუტკა“, მოიმატებს საქალაქო ტრანსპორტი, გაიზრდება ტვირთების გადაზიდვის ფასები, გაიზრდება ტრანსპორტირების ხარჯები - გაიზრდება პროდუქტების ფასებიც და ა.შ. ესეც დანაპირები - „კეთილდღეობა“.
პრემიერის მიხედვით, ლარი უნდა გამყარდეს, თუმცა ბრძანებით და მისეული გეგმით ლარი ვერ გამყარდება. გამყარებისთვის გადაუდებელი ღონისძიებებია გასატარებელი, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯების შემცირება. გეგმის მიხედვით, შემცირება მხოლოდ 10%-ს ითვალისწინებს. არადა რეალობა მეტს მოითხოვს. სახელმწიფო ორგანოების შემცირება არის ერთ-ერთი გზა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთის, დიასპორის სამინისტროს გაუქმების ნაცვლად, მინიმუმ 3-4 სამინისტროა გასაუქმებელი, ასევე საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობაც.
შესამცირებელია დარჩენილი (შემცირების შემდეგ) სამინისტროებისა და უწყებების საშტატო ერთეულებიც. გასაუქმებელია სახელფასო დანამატები და პრემიები. სასწრაფოდ შესატანია ცვლილება კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით. პარლამენტი თბილისში უნდა იყოს და ეს პარლამენტის პირველსავე სხდომაზე უნდა გადაეწყვეტა საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ „ოცნებას“.
არ გადაწყვიტა. საკონსტიტუციო კომისიას შევქმნი, ამ და სხვა საკითხებს ერთად განვიხილავო - თქვა მან. მაშინ, ვიდრე საკონსტიტუციო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, „ოცნების“ შემქმნელმა ივანიშვილმა დაფაროს ის ხარჯები, რომელიც უაზროდ, უყაირათოდ იფლანგება ქუთაისში პარლამენტის არსებობაზე. ივანიშვილმა დაფაროს თითო დეპუტატზე თვიურად გამოყოფილი 800 ლიტრი ბენზინის თანხები, სხვა ხარჯები, რომლებიც ქუთაისში ბინის დაქირავებაში და წვრილმან-მსხვილმან საქმეში იხარჯება.
ქუთაისში პარლამენტის გადატანა სააკაშვილის ახირებული იდეა იყო და ამ ქალაქის არავითარ განვითარებასთან არ იყო დაკავშირებული. სააკაშვილს არ სურდა ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგების ხილვა რუსთაველის პროსპექტზე - პარლამენტის შენობის წინ. ეს იყო და ეს. სხვა მიზანი მას არ ჰქონდა. როგორც ჩანს არც „ოცნებას“ აწყობს პარლამენტი თბილისში იმავე მიზეზით და სააკაშვილის მსგავსი შიშით.
ლარის გამყარებას უპირველესად - ფაბრიკა-ქარხნების ამუშავება სჭირდება, რაც ჩანასახშიც არ ჩანს. ნაცვლად ამისა ივანიშვილი 200-მილიონიან საკონცერტო დარბაზს აშენებს შეკვეთილში, „პანორამა თბილისს“ - ქალაქის ძველი უბნის თავზე, ხეებს თხრის და თავის შეკვეთილის ბახჩაში რგავს. ფულს ფლანგავს იმაში, რაც ქვეყანას და ხალხს არ წაადგება. საქართველომ უნდა აწარმოოს და საექსპორტოდ გაიტანოს საქონელი, რომელიც იქ გასაღდება. და თუ გასაღდება, ლარსაც სასიკეთოდ დაეტყობა. მაგრამ, როდის შეძლებს ამას ქვეყანა, რომელსაც გამოუცდელი არაპროფესიონალები მართავენ? ქვეყანამ უნდა მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, რაც ასევე იმოქმედებს ქვეყნის ბიუჯეტზე. მაგრამ, როგორ მოხიბლავს ინვესტორს ხელისუფლება, როდესაც ესოდენ უმწიფარ ეკონომიკურ რეფორმას სთავაზობს საკუთარ ხალხს?
მსგავსი შეთავაზება, უფრო სწორად ბრძანება, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში სახალხო აჯანყებას გამოიწვევს. ხალხი ქუჩაში გამოვა და მთავრობასა და პარლამენტს კინწისკვრით გაყრის. აქ ეს არ ხდება. ხალხი ყველაფერზე თანახმაა. იყვირებს და გაჩერდება. სწორედ ეს აღნიშნა კოვზანაძემ. სწორედ ამას ვარაუდობდა ხელისუფლება, ვიდრე გეგმას გააჟღერებდა, მაგრამ უცხოელმა ინვესტორმა ხომ არ იცის საქართველოს მოსახლეობის დაბეჩავებული სულისკვეთების შესახებ? მას ჰგონია, რომ აქაც ისეთივე ხალხია, როგორც იქ და ქუჩაში გამოვა. ბიზნეს კი შფოთი, რევოლუცია არ უყვარს.
დიახ, ჩვენც ისეთივე ვართ, როგორც ისინი - ორი ხელით, ორი ფეხით, ერთი თავით, სხეულის სხვა ნაწილებით, მაგრამ მსგავსება ამით თავდება. მათ სხვა აზროვნება აქვთ, ჩვენ სხვა. ისინი იცავენ საკუთარ თავს. ჩვენ არცკი ვიცით, როგორ დავიცვათ. მათი პროტესტი - სოციალური ხასიათისია - მეტადრე. ჩვენ - სოციალურზე მიტინგის მოწყობა გვეთაკილება, რითაც აქაურ პოლიტიკოსებს ვათქმევინებთ ხოლმე - ქართველი პურისთვის არასდროს გამოვა ქუჩაში საპროტესტოდო. სამათხოვროდ ხომ გამოდის?
იქნებ სწორედ პოლიტიკოსთა უცოდინრობის შედეგია, ქართველი რომ სოციალურ პროტესტს არ აწყობს?!
რომელი ბიზნესმენი ჩადებს საქართველოში ინვესტიციას, როდესაც წამდაუწუმ ისმენს ვაი პოლიტიკოსთა განცხადებებს რუსეთის არარსებულ აგრესიასთან დაკავშირებით?
წავლენ უცხოეთში ხელისუფლება-ოპოზიცია და იქაურთა თავის შესაცოდებლად საჯაროდ გაჰყვირიან - გვიშველეთ, რუსი გვიტევსო. ისინიც თავზე ხელს გვისვამენ, გვამშვიდებენ და თვითონაც ყვირიან - რუსეთი ავიწროვებს საქართველოსო. მათი მიზანი - რუსეთის გაშავებაა. ჩვენიც - ასევე. მაგრამ მათი მიზანი გამართლებულია. ჩვენი - გაუმართლებელი, ვინაიდან რუსეთის აგრესიით დაშინებული ევროპელი ფულს არ გვიდებს, საწარმოს არ გვიშენებს, ხალხს არ გვისაქმებს და ა.შ. ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა, რომ პროვოკაციული წივილ-კივილი ისევ ჩვენ გვიბრუნდება?
ხელისუფლებაში მყოფნი სიტყვის წარმოთქმის ხელოვნებას უნდა ფლობდნენ. რიტორიკა არ მაქვს მხედველობაში. რა და რის თქმა შეიძლება, თან როდის, მაქვს მხედველობაში. კვირიკაშვილმა რაც თქვა - იყო სხვასთან (მხედველობაში ეკონომისტები და ფინანსისტები მყავს) შეუთანხმებლად. გარდა ამისა საჯაროდ არ იყო განხილული და შეჯერებული. ასე, ის ხელისუფლება იქცევა, ვინც დარწმუნებულია საკუთარი, თუნდაც მცდარი, მავნე პროგრამის იოლად გატანაში.
რა ჰქვია ამას, თუ არა ხელისუფლების დიქტატი?! ანუ ახდა იმათი ვარაუდი, ვინც არჩევნების დამთავრებისთანავე აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა - ერთპიროვნული მმართველობის ტოლია. არაო! - აცხადებდნენ „ოცნების“ გულშემატკივრები, მაგრამ პირველივე ნაბიჯები ახალი ხელისუფლებისა გვაფიქრებინებს ამას.
კვირიკაშვილმა მოილაპარაკა რა თავის მინისტრებთან და კიდევ იმასთან, ქვეყნის რეალური მმართველი რომ ჰქვია და უსერიოზულესი საკითხი გაასაჯაროა - თანაც მენტორული ტონით - ვითომ „კეთილდღეობისთვის“. იაფფასიანი უმეცრება ძვირი გამოდგა სწორედ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც „მოწამებრივად“ „მოღვაწეობს“ პრემიერი.
მარტივად რომ ვთქვათ, კვირიკაშვილის დაუფიქრებელმა ნათქვამმა ლარიც დაწიხლა - კატასტროფული გაუფასურების თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე ლარზე ძალაუნებურად ჩამოკიდებული ხალხიც - სწორედ ის, ვისი „კეთილდღეობაც“ მიზნად აქვს პრემიერს დასახული.
ზოგჯერ თქმას, ართქმა სჯობსო - ამბობდნენ ჩვენი წინაპრები. თქმასა და განხორციელებას შორის დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდი ზღვარია. დიქტატორულში - მოკლე. ბრძანებ და გაკეთდება. რა სჯობს ასეთ ქვეყანას, სადაც ზემდგომის ბრძანება ქვემდგომთა მიერ უყოყმანოდ სრულდება. ხალხი? კოვზანაძისა არ იყოს - იყვირებს და გაჩერდება.
პრემიერმა სამომავლო ეკონომიკურ-საფინანსო გეგმა გაგვაცნო და ბრიუსელს გაუტია - იქაურ ბოსებთან შესახვედრად. არის რამე გასაკვირი ამაში? არც არაფერი. ხალხი მიეჩვია ხელისუფალთა დროსსატარებელ უცხოურ ვოიაჟებს, რომელსაც თვით ხელისუფლება და ჟურნალისტიკა საქმიანი მოლაპარაკებების საბურველით ფუთავს.
არ მობეზრდათ ერთი-მეორის მსგავსი შეხვედრები, მასპინძელთა ტრაფარეტული სიტყვები, ყალბი ღიმილი და მხარზე ხელის მოთათუნება და რაც მთავარია საკუთარი ხალხისთვის მტვრის შეყრა თვალში?
ეს ვიზიტიც ხომ ამ საქმეს ემსახურება და კიდევ იმას, ვიზიტორის გუნება-განწყობილების გალაღება რომ ჰქვია! უკაცრავად, შემეშალა ვიზიტორის კი არა ვიზიტორების. კვირიკაშვილმა ლამის ნახევარი მინისტრთა კაბინეტი, მინისტრების და მათი თანაშემწეების, პირისფარეშების სახით წაასხა ბელგიას. ძვირი ღირს მხოლობით რიცხვში მაღალი კლასის ვიზიტი. მრავლობითზე ხომ ლაპარაკიც ზეტმეტია, მითუმეტეს ისეთი ბიუჯეტგაღლეტილი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.
მარტო ამ ვიზიტიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, სიცრუედ მოგეჩვენებათ კვირიკაშვილის ფიცი საბიუჯეტო ფულის ყაირათიანად ხარჯვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს საარჩევნო მარათონით „გადაღლილ“ ყმაწვილებს ორგანიზმის გალაღება მოუნდათ და გაილაღეს კიდევაც - ხალხს კი სერიოზული სახეებით აუწყეს ბრიუსელში ჩატარებული დიპლომატიური მოლაპარაკებების თაობაზე, რომელიც უდავოდ „გააბრწყინებს“ საქართველოს. სხვა მინისტრებთან ერთად პრემიერს გვერდს უმშვენებდა ყოფილი ალასანიელი დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრი. კვირიკაშვილის განცხადებით - ეს ის „პოლიტიკოსია“, რომელსაც თურმე კარგად იცნობენ ბრიუსელში. რას ნიშნავს კარგად ცნობა? კვირიკაშვილის აზრით - საქმის ჩაწყობას. ნეტავ, რა საქმე უნდა ჩაუწყოს დოლიძემ საქართველოს?
ქვეყანა ასოცირებული წევრია და ეს დოლიძის გარეშე მოხდა. ის, ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულებით მსგავსი რამ არ არის გათვალისწინებული. და რომც იყოს, ევროკავშირს წყალი აქვს შემდგარი. იქ მყოფები გამოსვლაზე ფიქრობენ. ეკონომიკურ კრიზისში მყოფი ბრიუსელი მსუყე წერტილს სვამს გაფართოების საკითხზე.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სერიოზული მსჯელობაა რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი ძვრებია მოსალოდნელი საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, სხვა ქვეყნებში და ეს ძვრები რუსეთის სასარგებლო იქნება. ჩვენ კი ისევ ბრიუსელისკენ ვიმზირებით, რომელმაც თვით არ იცის რას მოიმოქმედებს, როდესაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტი და ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას.
შეხვედრები, რომელიც კვირიკაშვილმა და მისმა „გუნდმა“ ჩაატარა ბრიუსელში, ისეთივე უნაყოფო გამოდგება, როგორც ყველა სხვა, მანამდე ჩატარებული. მაგრამ მიზანი ხომ შეხვედრების ნაყოფიერება არ იყო?! მიზანი გასეირნება გახლდათ - ძვირი ფუფუნება მშიერი ქვეყნისთვის.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
05/12/2016

სტატიების არქივი