საიტის კოსტომიზაცია გაკეთებულია www.webarti.ge-ის მიერ 2016 წლის ივნის-ივლისში!

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი

ოცი წელიწადია, რაც დემოკრატიას ვაშენებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვა ჯერ კიდევ ვერ განთავისუფლდა გარეგანი თუ შინაგანი ცენზურისგან. საზოგადოების დიდმა ნაწილმაც ვერ გამოიმუშავა განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაანალიზების კულტურა. საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ მრავალი შაბლონი და სტერეოტიპი არსებობს, რომელიც მხოლოდ წარსულიდან კი არ არის გადმოყოლილი, არამედ ახალი შექმნილია და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა აქვს.
ქართლ პრესასა და ინტერნეტსივრცეში, აგრეთვე, თვალშისაცემია ანალიტიკური (მითუმეტეს, პროფესიონალური) მასალების სიმწირე.
საიტი სწორედ ამ ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად, პირველ რიგში, მკითხველების თანადგომის იმედით...


წინასაარჩევნო ციებ-ცხელება გრძელდება

ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი

წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედის. პარტიები დაუნდობლად ებრძვიან ერთმანეთს, ისე, როგორც მომავალი პოტენციური თუ ნაკლებად, პარლამენტარები. ყველა პარტიაში მიმდინარეობს ერთმანეთთან დაპირისპირება, ჩხუბი, კინკლაობა, ლანძღვა-გინება. სახეზეა პარტიის დატოვების და სხვა პარტიაში გადასვლის ფაქტები. და რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო აქტიურდება პარტიიდან-პარტიაში მიგრაციის პროცესი. იქმნება და იშლება გუშინდელი ბლოკები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს არჩევნების შემდეგ ცხოვრება შეჩერდება.
წინასაარჩევნო ბრძოლებს ზედმიწევნით დაწვრილებით აშუქებს ქართული მედია - განსაკუთრებით “ბინძური საცვლების“ გამომზეურების მიზნით. ჭორიკანა და სენსაციის მოყვარული საზოგადოების ინტერესი გათვალისწინებულია, ცხელ-ცხელი ფაქტებით - არცთუ სასიამოვნოთ იმათთვის, ვინც კრიტიკისა და ლანძღვა-გინების არეალში მოხვდა. რას არ იხსენებენ - ძველს თუ ახალ ცოდვებს, „ისტორიულს“ თუ თანამედროვეს.
სულ ახლახანს, ბურჭულაძესაც გაუხსენეს ისტორიული ფაქტი - ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ტარიელ ონიანის შვილის მონათვლის ამბავი, რამაც გააღიზიანა ბატონი პაატა და ცხელ გულზე საჯაროდ თქვა - რა მოხდა, 20 წლის წინათ მოვნათლე და ამით რა დავაშავეო. შემდეგ სიმწრით იხუმრა - ყველას ვნათლავ, ვინც მთხოვს. თუ ინებებთ, თქვენც მოგნათლავთ - უთხრა შეკრებილებს.
ვერ გეტყვით, გამოჩნდებიან თუ არა ბურჭულაძის ნათლიობის მსურველები დღეს. ერთი წლის წინათ უდავოდ იქნებოდნენ, მაგრამ დღეს, პერსონალური „გაშიფრვის“ შემდეგ, ნაკლებად.
„გაშიფრვა“, პოლიტიკაში გადასვლამ გამოიწვია, მითუმეტეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობამ. პროფესიის გაგრძელების შემთხვევაში, პაატას ცხოვრების საჩოთირო მომენტები არასდროს გამომზეურდებოდა, არვის გაუჩნდებოდა დიდი მომღერლის ჭუჭყიან საცვლებში ქექვის სურვილი. დღეს, პირიქით, პოლიტიკოსის სტატუსი თავისთავად მოითხოვს ქექვას, ხშირ შემთხვევაში ცილისწამების კორიანტელის დაყენებას. პოლიტიკოსიც მზად უნდა იყოს ამისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ჩადენილი დანაშაულს ან გადაცდომას ობიექტური, დასაბუთებული პასუხი სჭირდება. სიჩუმე - თანხმობად აღიქმება. ბურჭულაძის პასუხი უსუსურად ჟღერდა, ვინაიდან ქურდული სამყაროს ავტორიტეტი ონიანი 20 წლის წინათაც ქურდი იყო, ხოლო ბურჭულაძე ცნობილი მომღერალი, რომელსაც არავითარი კავშირი მასთან არ უნდა ჰქონოდა. სწორედ ეს კავშირი აფიქრებს ჟურნალისტს - ბურჭულაძის გამარჯვების შემთხვევაში გაგრძელდება თუ არა.
20 წლის წინათ ონიანმა ბურჭულაძის დამოყვრებით იცოდა, რას გამოკრავდა ხელს, მაგრამ არ იცოდა ბურჭულაძემ. მაშინ ის პოლიტიკაზე არ ფიქრობდა. როდესაც პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას იღებდა, მაშინ უნდა გადაეხედა განვლილი ცხოვრებისთვის - „ისტორიულის“ თუ სააკაშვილის დროინდელი პერიოდისთვის, საქველმოქმედო ფონდ „იავნანაში“ მოღვაწეობისთვის, რაც უამრავ კითხვებს აჩენს და შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. „მე იმდენად დიდი ვარ, ცუდს არვინ მომახლის პირში“, - იფიქრა ალბათ.
ბურჭულაძის თემა არაერთხელ გაჟღერებულა მედიაში - თანაც ნეგატიური კუთხით, რაც ცხადია უარყოფითად იმოქმედებს ამომრჩეველზე. ამომრჩეველზე ნეგატიურად მოქმედებს ახალდაჩეკილი პარტიების უნიათო მოქმედებაც. მათ შორის აღნიშვნის ღირსია „ცენტრისტების“ პარტია - ხაჩიშვილ-ბედუკაძის ლიდერობით. რა არ გაიხსენეს პარტიის „ბელადების“ მიმართ - „მხედრიონელობა“ (ხაჩიშვილი), ციხის დაუნდობელი პერიოდი (ბედუკაძე) და სხვა მრავალი, მაგრამ ყველაზე მეტად რუსეთისადმი მონური დამოკიდებულება და საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება.
„ბელადთა“ სამწუხაროდ უნდა ითქვას - მათი პოლიტიკური განცხადებები ნაჯახით ტორტის ჭრას გვაგონებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთთან ურთიერთობის საკითხების თავისებური ხედვა - საქართველოს მოსახლეობისთვის რუსული პენსიების დანიშვნა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, საქართველოში რუსული სამხედო ბაზების გახსნა და სხვა მრავალი.
„ცენტრისტების“ განცხადებამ რუსული პენსიების დანიშვნის თაობაზე და „ბელადთა“ მტკიცება, რომ საკითხი შეთანხმებულია რუსეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, ეჭვი და კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოებაში. პარტიისადმი უნდობლობის პროცესი გაღვივდა და რომ არა პარტიის საარჩევნო სიიდან ამოღება, მარცხი გარანტირებული იქნებოდა.
საქართველოს „ხსნის“ გრანდიოზული პროექტის ავტორებმა ერთობ პრიმიტიულ, ტექნიკურ საკითხს (პარტიის რეგისტრაცია) წამოკრეს ფეხი და ისე დაიშალნენ - იყო და არაიყოს მსგავსად, თუმცა საზოგადოებაში ხინჯიც დატოვეს - ხინჯი შიშის. რა შიშზეა ლაპარაკი? - საქართველოში რუსეთის შემოსვლაზე.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 30%-ზე მეტი რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა, მაგრამ ეს როდი ნიშნავს ისეთ ურთიერთობას, როგორსაც „ცენტრისტები“ გულისხმობენ. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში ევროატლანტიკური კურსისადმი ნეგატიური დამოკიდებულება თვალში საცემია, მაგრამ ეს არ იძლევა რუსეთთან ჩახუტების მტკიცე შეგრძნებას.
ჩახუტებამდე დიდი გზაა გასავლელი - პროპაგანდით, საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის დარწმუნებით, რომ რუსეთთან ბუტიაობა - ვისაც ხელს არ აძლევს - საქართველოა; რომ საქართველოს ჰაერივით სჭირდება რუსეთის ბაზრები, მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები, უცხოური ვალუტა, თუნდაც რუსული; რუსეთთან ერთად ანტიტერორისტული საქმიანობის წარმოება და ა.შ.
რუსეთი ის მეზობელია, რომელთანაც საქართველოს 200-წლიანი და მეტი ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს და მათი მოშლა მძიმედ იმოქმედებს (მოქმედებს) საქართველოზე. რუსეთი, ის მეზობელი ქვეყანაა, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს დაკარგულ ტერიტორიებთან ნორმალური კავშირების აღდგენაში. ვერც ერთი „დასავლეთი“ ვერ გამოდგება ტერიტორიული საკითხების მოგვარებაში, ისე, როგორც რუსეთი. ყოველივე აღნიშნულს ხანგრძლივი, მეთოდური მუშაობა სჭირდება. ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, მედიის ფართო გამოყენება, სტუდენტებთან აქტიური მუშაობა და არა ისეთი „ნაჯახური“ პოლიტიკა, „ცენტრისტებმა“ რომ შესთავაზეს საზოგადოებას.
„ცენტრისტებმა“ თავისი დაუფიქრებლობით ისეთი ანტირუსული საქმე გააკეთეს, რასაც ვერც ერთი დასავლური ანტირუსული ორგანიზაცია ვერ გააკეთებდა. „ცენტრისტების“ რუსული პროექტის საპირისპიროდ კვლავ აღორძინდა რუსულ პროპაგანდაზე ლაპარაკი - კატეგორიული მოთხოვნით - აიკრძალოს რუსული ტელევიზიების გადაცემები საქართველოში. ნაწილობრივ ეს „საშური“ საქმე მიღწეულია. ახალი ტალღაც არ დააყოვნებს, რითაც საქართველოს მოსახლეობას აღეკვეთება რუსული ინფორმაციის მიღების პატარა წყაროც კი.
რაც შეეხება რუსეთის სამხედრო ბაზების გახსნას საქართველოში - უდავოდ გამაღიზიანებელი საკითხია, განსაკუთრებით ცხინვალის ომის შემდეგ. საქართველოს მოსახლეობა ჯერაც კი დარწმუნებულია იმაში, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რასაც მოჰყვა ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება, სამხედრო ბაზების გახსნა. და ასეთ დროს წინადადება - ახალი რუსული სამხედრო ბაზების შექმნასთან დაკავშირებით.
გარდა „ცენტრისტებისა“ ამ საკითხს სხვა პრორუსული პარტიებიც უჭერენ მხარს, მათ შორის ახალი ბლოკი „სოციალისტები“. ყველა მათგანის განცხადებით რუსული სამხედრო ბაზების გახსნა ხელს შეუწყობს ქვეყნის გამთლიანებას. უნებლიედ იბადება კითხვა - როგორ? ამ კითხვას ღრმა და საფუძვლიანი პასუხის გაცემა სჭირდება, რისი შესაძლებლობაც ნამდვილად არ არის ქართულ ელექტრონულ მედიაში.
გარდა ამისა, საქართველოს პოლიტიკის უდიდესი უმრავლესობა გამოკვეთილი ევროატლანტიკელია. მათ ხელშია ხელისუფლება, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და მედია. მათი ხმა ყველგან ჟღერს, ყველა წამსა და წუთში. მათ საბურთოდ აიტაცეს ბაზების საკითხი და ისე ატრიალებენ, რომ ბაზების მსურველსაც კი ხასიათი გაუფუჭდება. ნაცვლად ამისა უმჯობესი იქნებოდა ანტიტერორისტული ქართულ-რუსული ცენტრის შექმნის თაობაზე ინიციატივის გაჟღერება, მითუმეტეს, საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების დროს (სტამბოლის შეხვედრის შემდეგ), იყო ამ თემაზე მსჯელობა. მაშინ ქართული მხარე დაპირდა რუსეთს ანტიტერორისტული ქართულ-რუსული ცენტრის დაფუძნებაში. დაპირდა და არ შეასრულა, რაც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო.
ტერორიზმთან ბრძოლა ისეთი თემაა, რომელიც მეტნაკლებად იტანს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეას, მაგრამ მისი ცხოვრებაში გატარება მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ თუ იქნება შესაძლებელი, თან აშშ-ს თანხმობით. სხვაგვარად მისი შექმნა, ისე, როგორც სამხედრო ბაზების - უტოპიაა. გარდა ამისა, უტოპიურად მოსჩანს ქართულ-რუსული ურთიერთობების გააქტიურებაც, ვინაიდან ასეთი არ სურს ქართულ პოლიტიკას და არ სურს იმიტომ, რომ არ სურს აშშ-ს.
25 წლის განმავლობაში საქართველომ ყველაფერი იღონა ისე გაჩხერილიყო ევროატლანტიკურ სივრცეში, როგორც თხა ღობეში. ძირფესვიანად დასავლეთზე დამოკიდებული ქვეყანა ვერც ერთ დამოუკიდებელ ნაბიჯს ვერ დგამს. მას არ შეუძლია ვაშინგტონის გარეშე დათანხმდეს მაღალ დონეზე რუსეთთან მოლაპარაკებას, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. ასეთ უსუსურობის ჟამს ღიმილის მომგვრელია არჩევნებში მონაწილე პარტიების ომახიანი განცხადებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. საქართველოს შიდა და გარე პოლიტიკური ვითარება ისეთია, უარესს რომ ვერც მტერი ინატრებდა.
მიმდინარე წინასაარჩევნო ბატალიები აღნიშნულის დასტურია. ქართული პოლიტიკა გაჯერებულია პოლიტიკური პარტიებითა და „პოლიტიკოსებით“, რომელთა მთავარი მიზანი ფულის კეთებაა - ანუ პარლამენტში მოხვედრა ფულის საკეთებლად. არავითარი იდეა, არავითარი პოლიტიკური მრწამსი მათ არ გააჩნიათ. მთავარია ფული - ფული არჩევნებისთვის და არა მარტო, საკუთარი ჯიბისთვის.
ფულისთვის მისვლა პარლამენტში და არა საქვეყნო საქმისთვის, რომელიც შველას ითხოვს. ბრეგაძემ და მოროშკინამ მეჭიაური მიატოვესო - გვაუწყა მედიამ. ვითომ იდეოლოგიურად ვერ შეთანხმდენენ?
ჟურნალისტ ზედელაშვილის მიერ დაწერილი სტატიიდან ჩანს, რომ იდეოლოგია არაფერ შუაშია. ფულია შუაში. საარჩევნო ფულთან „გათამაშება“ - დღევანდელი კვერცხის „ისტორიიდან“ გამომდინარე. რა იდეოლოგია, რის იდეოლოგია - მოგცლიათ!
ერთიანდებიან და იშლებიან პარტიები, ბლოკები, თვით პარტიებში ერთმანეთს ებრძვიან პირველობისთვის და მაინც მთავარი - ფულისთვის. ქვეყანა ვის ახსოვს. ქვეყანას მაშინ იხსენებენ, როდესაც „წველიან“ და არა მაშინ, როდესაც მას (ქვეყანას) „ჭამა“ სჭირდება. რა გამოვა აქედან, მკითხველმა განსაჯოს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
24/08/2016

სტატიების არქივი